ჯაბარი თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გადაწყვეტილების თარიღი: 11/07/2000

სუფი და ელმი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გადაწყვეტილების თარიღი: 28/06/2011

ახალი ამბების დაიჯესტი – 24-30 ივნისი, 2017

მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს – ერაყის თავდაცვის სამინისტრომ მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან სრული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „ისლამურ სახელმწიფოს“ მოსულში ერთი უბანიც არ დარჩა. „ბოევიკებს“ სხვა გამოსავალი არ აქვთ გარდა კაპიტულირებისა. „ისლამური სახელმწიფოს“ ერაყში ყოფნა სამუდამოდ დასრულდა“, – ნათქვამია ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ერაყის სახელმწიფო ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გამოქვეყნა კადრები, რომელშიც ერაყის დროშა ალ-ნურის დიდ მეჩეთზეა აღმართული. „ფსევდოსახელმწიფო დაეცა: ალ-ნურის მეჩეთი გათავისუფლებულია“, – ასეთი ტიტრებით გამოეხმაურა ერაყული მედია მოსულის გათავისუფლებას. ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციაც მონაწილეობდა.[1]

სამართალდამცველებმა მექაში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს – საუდის არაბეთის სამართალდამცავმა უწყებამ მექაში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში მდებარე ალ-მასჯიდ, ალ-ჰარამის მეჩეთი იყო. ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილმა პირმა მეჩეთის გვერდით მდებარე, ალყაშემორტყმულ შენობაში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ხუთი ადამიანი აიყვანეს.[2]

თალიბებმა ავღანეთში ათამდე პოლიციელი მოკლეს – ასაფეთქებელი მოწყობილობა გერათის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ამოქმედდა. საგუშაგოს თავს თალიბები გამთენიისას დაესხნენ და 10-მდე პოლიციელი მოკლეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცეს.[3]

სტამბოლში „სიამაყის მარში“ დაპატიმრებებით დამთავრდა – დარბევითა და დაპატიმრებებით დასრულდა სტამბოლში ე.წ. სიამაყის მარში. მსვლელობას ლგბტ პირები და მათი მხარდამჭერები, სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად ყველა პირისთვის, სამოქალაქო უფლებების დაცვის მოთხოვნით ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავენ. არასანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეთა შესაჩერებლად ტაქსიმზე რამდენიმე ასეული სამართალდამცველი გამოვიდა. მათ აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ის პირები დააკავეს, ვინც ცდილობდა მსვლელობას შეერთებოდა.[4]

თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილები უზურ ბაირამის აღსანიშნავად სამშობლოში ბრუნდებიან – თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების ნაწილი სამშობლოში ბრუნდება. თურქეთის ხელისუფლებამ ბანაკებში განთავსებულ სირიელ მოქალაქეებს ურაზ ბაირამის დღესასწაულის საკუთარ ქვეყანაში აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა. მათ უკან დაბრუნება სექტემბრის ბოლომდე შეუძლიათ. ვინც ვადას გადააცილებს, მას როგორც ახალ მიგრანტს ისე განიხილავენ. ზოგიერთი მესაზღვრის განცხადებით, სირიელ ლტოლვილთა ნაწილმა სარეგისტრაციო დოკუმენტები ჩააბარა და სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნდა. საზღვარი 110 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც, რომელთაც საკუთარი სამშობლო არასდროს უნახავთ. სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თურქეთში განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკებში 170 ათასი ბავშვი დაიბადა.[5]

აშშ-მა ექვსი მუსლიმური ქვეყნისთვის და ყველა ლტოლვილისთვის ვიზების გაცემის ახალი კრიტერიუმები დააწესა – ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ექვსი ძირითადი მუსლიმური ქვეყნისთვის და ყველა ლტოლვილისთვის ვიზების გაცემის ახალი კრიტერიუმები დააწესა. აღნიშნული ზომები სირიის, სუდანის, ლიბიის, სომალის, ირანისა და იემენის მოქალაქეებზე ვრცელდება. ამ ქვეყნების მოქალაქეები შეერთებულ შტატებში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ აშშ-ის ტერიტორიაზე ოჯახის წევრები ჰყავთ. ამასთან, ოჯახის წევრად მხოლოდ მშობლები, შვილები, მეუღლე ან და-ძმა განიხილება. დადგენილება არ ვრცელდება სხვა ნათესავებზე. ახალი წესები უკვე დაეგზავნათ შესაბამის დიპლომატიურ უწყებებს აღნიშნულ ქვეყნებში. ახალი კანონი სავიზო შეზღუდვის შესახებ 30 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების დროით 20:00 საათზე შედის ძალაში.[6]

[1] ინტერპრესნიუსი; მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს; 29/06/2017; ხელმისაწვდომია: http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/440644-mosuli-islamuri-sakhelmtsifos-teroristebisgan-gaathavisufles.html?ar=A

[2] The Guardian; Saudi security foils terror plot targeting Mecca Grand Mosque and pilgrims; 24 June 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/jun/24/saudi-security-foils-terror-plot-targeting-mecca-grand-mosque

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; თავდასხმა ავღანეთში – თალიბებმა 10-მდე პოლიციელი მოკლეს; 25/06/2017; ხელმისაწვდომია: http://1tv.ge/ge/news/view/166831.html

[4] The Guardian; Turkish police break up gay pride protest in Istanbul; Agence France-Presse in Istanbul; 25 June 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/jun/25/turkish-police-break-up-gay-pride-protest-in-istanbul

[5] Euronews; Syrian refugees return home from Turkey for Eid; Tokunbo Salako; 26/06/2017; available at: http://www.euronews.com/2017/06/26/syrian-refugees-return-home-from-turkey-for-eid

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ-მა ექვსი მუსლიმური ქვეყნისთვის და ყველა ლტოლვილისთვის ვიზების გაცემის ახალი კრიტერიუმები დააწესა; სალომე თორაძე, ქეთი თუთბერიძე; 29/06/2017; ხელმისაწვდომია: http://1tv.ge/ge/news/view/167349.html

ირანი – ხელოვანი ხალხის მდგომარეობა და გამოხატვის თავისუფლება – ივნისი, 2017

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ხელოვნების სხვადასხვა ფორმა აკრძალვებს აწყდება. ბეჭდვის ლიცენზიის მისაღებად, ყველა წიგნი უნდა დამტკიცდეს ირანის კულტურის სამინისტროს მიერ. უამრავი წიგნი დაიბლოკა და ავტორებს დაბრალდათ დივერსია. ფილმის შემქმნელები ასევე აწყდებიან ცენზურას და ზეწოლას. 2016 წლის ივნისში ფილმის შემქმნელი ჰოსეინ რაჯაბიანი, მისი ძმა, მუსიკოსი მეჰდი რაჯაბიანი და ასევე მუსიკოსი იუსეფ ემადი 2015 წელს დააპატიმრეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მიწისქვეშა (undergroud) მუსიკის გავრცელებისთვის. ოქტომბერში მწერალი და აქტივისტი გოლროხ ებრაჰიმი ირაე 6 წლით ჩასვეს ციხეში ირანში ჩაქოლვის შესახებ დაწერილი და გამოუქვეყნებელი მოთხრობის გამო.[1]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება კვლავ ზღუდავდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ბრალდებებით დაკავებებისა და მშვიდობიანი კრიტიკოსების დაპატიმრებების გზით. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, ბლოგერები, სტუდენტები, სავაჭრო კავშირების აქტივისტები, ფილმის შემქმნელები, მუსიკოსები, პოეტები, ქალთა უფლებების აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა აქტივისტები და გარემოსდაცვითი და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კამპანიების მონაწილეები. ხელისუფლება ასევე ზღუდავდა მუსიკალურ ექსპრესიას წარმოდგენების ძალით ჩაშლის გზით, მათ შორის კულტურისა და ისლამური სწავლების მიერ ლიცენზირებული კონცერტების ჩაშლითაც. ადგილი ჰქონდა ისეთი აქტივობების ჩახშობას, როგორიცაა შერეული სქესის წვეულებები; ასობით ადამიანი დააპატიმრეს და მიუსაჯეს გაშოლტვა.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თავისუფალი სიტყვა მკაცრად შეზღუდულია და ხელისუფლება აგრძელებს ჟურნალისტების, ბლოგერების და ონლაინ მედია აქტივისტების დაპატიმრებებს მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის. 2016 წელს, სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ და სასამართლომ ათობით მუსიკალური კონცერტი დაბლოკა, კერძოდ ისეთი კონცერტები, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალ შემსრულებლებს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მთავრობა ინარჩუნებს კონტროლს კინოზე, მუსიკაზე, თეატრზე, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებზე და აწესებს ცენზურას ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება ისლამურ ღირებულებებს. ხელისუფლება მძიმე მეტალს და უცხოენოვან მუსიკას რელიგიურად ძალადობრივს უწოდებს. კულტურის სამინისტრომ უნდა დაამოწმოს, რომ სიმღერის ტექსტი და ალბომის გარეკანი შეესაბამება ისლამურ ღირებულებებს. მიუხედავად ამისა, ბევრი მიწისქვეშა მუსიკოსი უშვებს ალბომებს ასეთი ნებართვის გარეშე.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ მეჰდი რაჯაბიანი, ჰოსეინ რაჯაბიანი და იუსეფ ემადი არალიცენზირებული მუსიკის გავრცელებისთვის დამნაშავედ ცნეს ისლამური სწავლების შეურაცხყოფის, სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისა და უკანონო აუდიო-ვიდეო აქტივობების ბრალდებებში და მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დააკისრეს ჯარიმა 6,178 აშშ დოლარი. ხელისუფლებამ დახურა მათი ვებ-გვერდი და „Amnesty International“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ცემეს დაკავებისას და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ელექტრო-შოკი. ირანის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის ინფორმაციით, რაჯაბიანებმა დაიწყეს შიმშილობა საპატიმროში მათი დაცალკევებისა და მეჰდი რაჯაბიანისთვის სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ რეპერი ამირ „ტატალუ“ ჰოსეინ მაგჰსუდლუ 2016 წლის 23 აგვისტოს პოლიციამ დააკავა თეირანში „ახალგაზრდებში გარყვნილების გავრცელების“ გამო. 2016 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სხვადასხვა პროვინციაში ჩაშალა კონცერტები, რადგან ისინი მიიჩნია „შეუსაბამოდ“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაშალა მომღერალ სალარ აგჰილის, მუსიკოს შაჰრამ ნაზერის და კაივან კალჰორის კონცერტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ ჰქონდა აღებული ნებართვა კულტურის სამინისტროში. ხორასან რაზავის პროვინციის პროკურორმა გოლამალი სადეგიმ განაცხადა 2016 წლის აგვისტოში, რომ პროვინციაში მუსიკალური კონცერტების ჩატარება ამიერიდან აღარ დაიშვებოდა.[4]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის დოკუმენტში „ქვეყნის პოლიტიკა და საინფორმაციო ანგარიში: ირანი – ჟურნალისტები და ინტერნეტ მედია“ წერია, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ისინი, ვინც ზიანს აყენებენ საჯარო მორალს, მათ შორის ჟურნალისტები, სოციალური მედიის მომხმარებლები და ბლოგერები, შეიძლება ირანის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, თვითნებური დაკავების, გამათრახების, არასამართლიანი სასამართლოსა და წამების ობიექტები გახდნენ. ასეთი მოპყრობის მსხვერპლთ არ მიუწვდებათ ხელი ეფექტურ სახელმწიფო დაცვასა და შიგა გადაადგილებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში არასათადანადო მოპყრობის რისკის ქვეშ დგებიან ოჯახის წევრებიც.[5]

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iran, 15 April 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Journalists and internet based media, 24 October 2016, Version 2.0, available at:

[accessed 10 June 2017]

ეგვიპტე – ლგბტ პირების უფლებები და მდგომარეობა – ივნისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 1961 წლის მე-10 კანონის მიხედვით, გარყვნილების ბრალდებით, აპატიმრებენ, აკავებენ და ასამართლებენ პირებს მათი რეალური თუ მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის საფუძველზე.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ლგბტ პირები აწყდებიან მძიმე დევნას და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება პრეზიდენტ სისის რეჟიმის ქვეშ. ეგვიპტეში ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა მკაფიოდ არაა აკრძალული და ამიტომ, ლგბტ პირების დასჯა ხდება პროსტიტუციისა და გარყვნილების ბრალდებებით. 2016 წლის აპრილში სასამართლომ გარყვნილების ბრალდებით 11 კაცს მიუსაჯა 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე ანგარიშში წერია, რომ რეიდები და დაპატიმრებები გრძელდებოდა 2016 წლის განმავლობაში.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა დასჯადია. 2013 წლიდან ხელისუფლება ატარებს კამპანიას, რათა დააშინოს და დაიჭიროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები; მათ შორის ხდება სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით მახის დაგებით დაჭერა.

საკონსულტაციო ჯგუფის „Solidarity With Egypt LGBTQ+“ ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოდან 2016 წლის ნოემბრამდე 114 სისხლის სამართლის გამოძიება დადასტურდა, რომელიც მიმართული იყო 274 ლგბტ პირის მიმართ; მათგან 66 მოიცავდა ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა სექსუალური კავშირს კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს დანაშაულად, მაგრამ აძლევს პოლიციას უფლებას, დააპატიმროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ინტერსექსები ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიის სწავლებების შებღალვა“ და აწესებს სასჯელს 10 წლამდე პატიმრობის სახით. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით 2013 წლიდან მოყოლებული მინიმუმ 250 დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი. ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. ლგბტ საზოგადოება განიცდის სერიოზულ სოციალურ სტიგმას და დისკრიმინაციას. ანგარიშში წერია, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერის ნიადაგზე დასაქმებისას, სამსახურში, განსახლებისას, განათლებაზე ან ჯანდაცვაზე წვდომისას დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული. აქვე აღნიშნულია, რომ პოტენციური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან რაიმე ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს ლგბტი პირების წინააღმდეგ ძალადობის მცირე რაოდენობის ინციდენტი დაფიქსირდა; აქვე აღნიშნულია, რომ დაპატიმრების რისკმა და შიშმა შეამცირა დანაშაულის გაცხადების ფაქტები და გაზარდა თვითცენზურა. მთავრობას აქვს უფლებამოსილება, რომ გააძევოს ქვეყნიდან ან არ შეუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალი უცხოელი. ხელისუფლება იყენებს სოციალურ მედიას, გაცნობა-პაემნის ვებ-გვერდებს და სატელეფონო აპლიკაციებს, რომ მახეში გააბან პირები, ვიზეც აქვთ ეჭვი, რომ ჰომოსექსუალები არიან.

2016 წლის 24 აპრილს აგოუზას ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 11 პირი დამნაშავედ ცნო გარყვნილებაში და სამ მათგანს 11-12 წლით, სამს 9 წლით, ერთს 6 წლით და ოთხს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული წარმოადგენდა პოლიციის ორკესტრირებულ კამპანიას ლგბტი პირების წინააღმდეგ. 29 მაისს სააპელაციო სასამართლომ ერთერთი ბრალდებული გაამართლა და დანარჩენების სასჯელის ვადა ერთ წლამდე შეამცირა.

2016 წლის იანვარში გაამართლეს სატელევიზიო წამყვანი მონა ირაქი, რომელსაც ბრალად ედებოდა „გარყვნილებისა“ და „უხამსი საჯარო ქმედების“ ბრალდებით დაკავებული 26 პირის მიმართ ცილისწამება. 2014 წელს პოლიციამ რეიდი განახორციელა ქაიროში მდებარე ტრადიციულ აბანოში, რომელიც ცნობილია როგორც „ჰამამი“ (hammam) და დააპატიმრა აღნიშნული პირები; თუმცა, მოგვიანებით, 2015 წლის იანვარში, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 26-ვე მათგანი გაამართლა. მონა ირაქმა სოციალურ ქსელში „Facebook“ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახული იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ჰამამის მიმდებარედ და 2015 წლის ნოემბერში დადანაშაულებულ იქნა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. მოგვიანებით იგი ქაიროს სასამართლომ გაამართლა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გარყვნილების ბრალდებით დაპატიმრებულებს აიძულებს ანალურ კავშირს.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

ეგვიპტე – ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული არაბების მდგომარეობა – ივნისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტის კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აღწერს, თუმცა თავიანთი რელიგიის თავისუფლად მსახურებას და სალოცავების აშენების უფლებას აძლევს მხოლოდ ისლამის, ქრისტიანობის და იუდაიზმის მიმდევრებს. ქვეყნის მთავრობა არ აღიარებს მუსლიმად დაბადებულთა კონვერტაციას ისლამიდან ნებისმიერ სხვა რელიგიაზე და აწესებს სამართლებრივ სასჯელებს მუსლიმად დაბადებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონვერტირდებიან სხვა რელიგიაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთმა მუსლიმურმა ოჯახმა კონვერტაციის ბრალდებით ოჯახის ერთერთი წევრი მოკლა. 2008 წლის სასამართლოს დადგენილებით, ისლამიდან კონვერტაცია განდგომაა (Apostasy) და აკრძალულია შარიათის კანონით. 2008 წელს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან სდევდა მეორე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ისლამიდან კონვერტაცია ნებადართულად გამოცხადდა მათთვის, ვინც დაბადებით არ იყო მუსლიმი და შემდეგ კონვერტირდა ისლამზე. იმ შემთხვევაში, როდესაც არა მუსლიმად დაბადებული მუსლიმი კონვერტირდება ისლამიდან, მისი არასრულწლოვანი და ხანდახან სრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად რჩებიან მუსლიმებად.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობას ბრალის წაყენების გარეშე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული ბიშოი არმია ბულუსი (Bishoy Armia Boulous) კანონით დადგენილ 6 თვეზე მეტ ხანს. მთავრობა კრძალავს მუსლიმად დაბადებული პირის ისლამიდან კონვერტაციას. სექტური დაპირისპირების ნიადაგზე ეგვიპტეში ადგილი ჰქონდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მკვლელობებს ოჯახის წევრების მხრიდან. 2015 წლის 18 ნოემბერს მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა 26 წლის გოგო მოკლეს იმის გამო, რომ ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცს ცოლად გაყვა. პროკურატურამ და პოლიციამ ძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, უსაფრთხოების თანამშრომლები, მსხვერპლის ოჯახი და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახი შეიკრიბა, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი სექტური დაპირისპირება სოფელში.[1]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაციული კანონმდებლობა და პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება და ნეგატიურ გავლენას ახდენს ქრისტიანებზე; მათ შორისაა ღვთისგმობის კანონი და ისლამიდან კონვერტაციაზე დაწესებული შეზღუდვები. მუსლიმად დაბადებულ პირს, რომელიც კონვერტირდება ქრისტიანობაზე, კვლავ შეზღუდული აქვს რელიგიური კუთვნილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანის საშუალება; ხშირ შემთხვევაში, ისინი აწყდებიან საზოგადოებისგან მტრულ დამოკიდებულებას.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არ არის ნორმატიული აქტი, რომელიც ისლამიდან კონვერტაციას კრძალავს, მაგრამ ოფიციალური პირები, მათ შორის მოსამართლეები ხშირად ახდენენ შარიათის კანონების ინტერპრეტაციას და მუსლიმების სხვა რელიგიაზე კონვერტაციას კრძალავენ და ასეთ კონვერტაციას კანონიერად არ აღიარებენ. საპირისპირო შემთხვევაში პირიქითაა და ისლამზე კონვერტირებულები როგორც წესი, იღებენ კონვერტაციის ფაქტის აღიარებას და არც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე რელიგიური კუთვნილების ასახვის პრობლემა ექმნებათ.[3]

[1] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians , 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 26 June 2017]

ეგვიპტე – ათეისტების მდგომარეობა და სახელმწიფო დაცვის შესაძლებლობა – ივნისი, 2017

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ღვთისგმობის მუხლით აღძრულმა საქმეების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო. აღნიშნული ბრალდება უმეტესად მიმართულია სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ, თუმცა დაპატიმრებულთა შორის ასევე არიან ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ათეისტები. სასჯელის სახით კანონში გათვალისწინებულია პატიმრობა 5 წლამდე ვადით და ჯარიმა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში ეგვიპტელი ათეისტების წინააღმდეგ ღვთისგმობის ბრალდებებმა იმატა, ისევე როგორც იმატა საზოგადოების მხრიდან ძალადობამ და ათეიზმთან ბრძოლისკენ მიმართულმა ეგვიპტის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა ინიციატივამ. 2016 წლის თებერვალში ონლაინ აქტივისტს მუსტაფა აბდელ-ნაბის სოციალურ ქსელში „Facebook“ ათეიზმის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო დაუსწრებლად შეუფარდეს 3 წლით პატიმრობა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რელიგიის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროებმა ერთობლივად დააფინანსეს ეროვნული კამპანია ეგვიპტელ ახალგაზრდებში ათეიზმის გავრცელების წინააღმდეგ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება იყენებდა ანტი-შიიტურ, ანტი-ბაჰაისტურ და ანტი-ათეისტურ რიტორიკას. ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ათეისტების რაოდენობა 4 მილიონია, ზოგიერთის ინფორმაციით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ზოგიერთმა სამთავრობო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ალ-აზარში, თავიანთ პუბლიკაციებსა და გამოსვლებში შეურაცხმყოფელი წესით ისაუბრეს შიიტებსა და ათეისტებზე.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ელ-ბანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არის ათეისტი, დააპატიმრეს 2014 წლის ნოემბერში, მაშინ როდესაც ცდილობდა საჩივარი შეეტანა პოლიციაში თავისი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც მის წინააღმდეგ ძალადობდნენ მისი რწმენის გამო. პოლიციამ იგი დააკავა, როგორც განიმარტა პოლიციის მიერ, იმ ბრალდებით, რომელიც მისთვის საჩივრის შეტანის მცდელობამდე იყო წაყენებული პოსტების გამო. ელ-ბანას მამამ ოჯახისა და მეგობრების ზეწოლით ჩვენება მისცა შვილის წინააღმდეგ. „Human Rights Watch“-ის ინფორმაციით, ელ-ბანას ადვოკატებმა გაასაჩივრეს ვერდიქტი და სასამართლომ იგი გაათავისუფლა და დააკისრა 1000 ეგვიპტური გირვანქის (145$) გადახდა. ელ-ბანას აპელაციის პროცესი 2015 წლის ბოლოსთვის მიმდინარეობდა. ელ-ბანა საინფორმაციო სააგენტომ „Al Bawaba“ მოიხსენია, როგორც ერთერთი მათ შორის, ვინც საჯაროდ გამოხატა თავისი რწმენა სოციალურ ქსელში „Facebook“ იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს ათეისტებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი რწმენა.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წლის 15 მარტს რელიგიის მინისტრმა ათეიზმი ტერორიზმთან გააიგივა და თქვა, რომ ორივე მათგანი მოიტანა „უხილავმა ძალამ“, რომლის მიზანია არაბული საზოგადოების ინტელექტუალური სტრუქტურის, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების განადგურება.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. ქრისტიანი კოპტები ქმნიან არსებით უმცირესობას და გარდა ამისა, ქვეყანაში არის მცირე ჯგუფები ებრაელების, შიიტი მუსლიმების, ათეისტებისა და ბაჰაისტების.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღბეჭდეს უკანონო ძალადობის ფაქტები რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე გამოძახებებს.[4]

„უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი“ 2016 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2015 წლის იანვარში სტუდენტს მიუსაჯეს 3-წლიანი პატიმრობა ღვთის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელში „Facebook“ პოსტების გამოქვეყნების (ეგვიპტის ხელისუფლების აზრით, მზარდი ხასიათის საშიში აქტივობის) გამო.[5]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[5] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2016 – Egypt, 12 July 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

ეგვიპტე – 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა – ივნისი, 2017

„6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ არის ეგვიპტელი აქტივისტების ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის გაზაფხულზე. ჯგუფი შეიქმნა პატარა ინდუსტრიული ქალაქის ელ-მაჰალა ელ-კუბრას მუშების მხარდასაჭერად, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას 6 აპრილს. მოძრაობა დააარსეს მოჰამედ ადელმა (Mohammed Adel), ასმა მაჰფუზმა (Asma Mahfouz) და აჰმედ მაჰერმა (Ahmed Maher). აქტივისტებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ჩაეცვათ შავი მაისური და გაფიცვის დღეს დარჩენილიყვნენ სახლში – მათ გაფიცვის გაშუქებისთვის გამოიყენეს სოციალური მედია (Facebook, Twitter, Flickr). „The New York Times“-მა მოძრაობას ეგვიპტის პოლიტიკური „Facebook“ ჯგუფი უწოდა ყველაზე დინამიური დებატებით. 2009 წლის იანვრისთვის ჯგუფი აერთიანებდა 70 ათასზე მეტ წევრს, ძირითადად ახალგაზრდებს.[1] მოძრაობამ თავის სიმბოლოდ გამოიყენა მაღლა შემართული მუშტის გამოსახულება შავ ფონზე თეთრად, როგორც ეს ჰქონდა სერბულ მოძრაობას „ოტპორი“, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დამხობას. მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა ეგვიპტეში 2011 წლის ნოემბრის რევოლუციაში ავტოკრატი ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ.[2] ეგვიპტის სასამართლომ 2014 წლის 28 აპრილს მოძრაობა კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა. „Human Rights Watch“-მა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისუფალი და მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.[3]

„6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ მოძრაობა არის სხვადასხვა ასაკის, სოციალური კლასის, გეოგრაფიული მდებარეობის და ინტელექტუალური და პოლიტიკური  შეხედულებების ეგვიპტელი ახალგაზრდების ჯგუფი; ისინი გააერთიანა საერთო იდეამ – სამშობლოს სიყვარული და მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა. „ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების არ არსებობის პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა კორუმპირებულ რეჟიმს და წვლილს შეიტანდა მის დამხობაში.“ – წერია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფის მუშაობა დაფუძნებულია ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ სურვილზე. პირველი დევიზი იყო შემდეგი: „ჩვენი თაობის უფლებაა სცადოს… ან გავიმარჯვებთ, ან ჩვენი გამოცდილებით ისარგებლებენ მომავალი თაობები.“ ამ მიზნით, მოძრაობამ დაიწყო თანამედროვე საშულებების გამოყენება, როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, ასევე ხდებოდა ტრადიციული მეთოდების გამოყენება – დემონსტრაციები, გაფიცვები და მჯდომარე აქციები. „ყოფილი რეჟიმის მხრიდან ვაწყდებოდით ძალადობის და რეპრესიების ყველა სახის მეთოდს მანამ, სანამ ხელი არ შევუწყვეთ მის დამხობას.“ – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაარსების დღიდან დღემდე, დაფინანსების კუთხით მოძრაობა ეყრდნობა მხოლოდ მოძრაობის წევრების მხრიდან გაღებულ ფინანსურ შემოწირულობებს და უარს ამბობს ყველა სახის გარე დაფინანსების წყაროზე. შესაბამისად, მოძრაობა არ არის რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის და ინტერესების გამტარებელი და არც რომელიმე პარტიის კუთვნილება, მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ეს არის ქვეყნის საზოგადო სიკეთე, რომელიც დაცლილია ფარული მიზნებისა და პირადი ინტერესებისგან. მოძრაობის ხედვაა – უზრუნველყოს დემოკრატია და ქვეყნის მმართველობის გადასვლა არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლების მოდელზე.

ჯგუფის მიზანია, ნებისმიერი სახის დიქტატორული რეჟიმის ან სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგობა და რაიმე სახის ახალი დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ჯგუფის მიზანია, ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის, აგრესიის ან ოკუპაციის ხელშეშლა და ერის იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.[4]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 1-ელ მაისს პოლიციამ უპრეცედენტო რეიდი მოაწყო პრეს სინდიკატის სათაო ოფისზე, რა დროსაც 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის წევრობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრა.[5]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ოპონენტები აწყდებოდნენ თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ტერორიზმი“ და აკრძალული ჯგუფების წევრობა, როგორებიცაა მაგალითად მუსლიმთა საძმო და 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 29 თებერვალს ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის კოორდინატორს ამრ ალის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროტესტის პროვოცირებისა და მთავრობის ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. 30 ივლისს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ერთი წლით შეამცირა.[7]

„Amnesty International“ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ პოლიტიკური აქტივისტი და 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი აჰმედ მაჰერი პოლიციის პრობაციონერთა სიაში გადავიდა. 2013 წლის 22 დეკემბერს სასამართლომ მაჰერს პოლიტიკურ აქტივისტებთან მოჰამედ ადელთან და აჰმედ დოუასთან ერთად 3-წლიანი პატიმრობა, 3-წლიანი პრობაცია და 50 ათასი ეგვიპტური გირვანქის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პატიმრობის შემდეგ, 2017 წლის 5 იანვრიდან მაჰერმა პრობაციის მოხდა დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ყოველ ღამე, 12 საათს ატარებს პოლიციის განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ, დამატებით წელიწადნახევარს საპოლიციო პატიმრობაში გაატარებს.[8]

[1] The New York Times Magazine; Revolution, Facebook-Style; Samantha M. Shapiro; Jan 22 2009; available at: http://www.nytimes.com/2009/01/25/magazine/25bloggers-t.html [accessed 23 June 2017]

[2] Ahram Online; We will not be silenced: April 6, after court order banning group; 28 Apr 2014; available at: http://english.ahram.org.eg/NewsContent/1/64/100015/Egypt/Politics-/We-will-not-be-silenced-April-,-after-court-order-.aspx [accessed 23 June 2017]

[3] Daily News; Banning 6 April movement is a clear violation of citizens’ rights: HRW; April 30, 2014; available at: https://dailynewsegypt.com/2014/04/30/banning-6-april-movement-clear-violation-citizens-rights-hrw/  [accessed 23 June 2017]

[4] April 6 Youth Movement Official Web-Page; About Us; available at: https://6april.org/english/about-us/ [accessed 23 June 2017]

[5] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[6] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[7] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[8] Amnesty International, Egypt: Punitive probation measures latest tactic used to harass activists, 6 March 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

ახალი ამბების დაიჯესტი: 16-23 ივნისი, 2017

გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის ლიდერი რაქაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა – საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რაქაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ინფორმაცია სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით დასავლურ მედიაში გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ალ ბაღდადის გარდაცვალების ფაქტი საბოლოოდ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, დიდი ალბათობით, ის რაქაში რუსეთის საჰაერო ოპერაციას ემსხვერპლა. ცხელ წერტილში ავიაიერიშებს საერთაშორისო კოალიცია და რუსეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ.[1]

კაიროს სასამართლომ გენპროკურორის მკვლელობის საქმეზე 31 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა – კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ქვეყნის უმაღლეს მუფტს განსახილველად გადასცა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 31 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ ისინი ორი წლის წინ, გენერალური პროკურორის ჰიშამ ბარაკატას მკვლელობისთვის გაასამართლა. ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენი აუცილებლად უნდა დაადასტუროს მუფტმა. საბოლოო გადაწყვეტილება 22 ივლისს იქნება გამოტანილი. პროკურორის მკვლელობის საქმეში სულ 67 პირია ბრალდებული. ჰიშამ ბარაკატი 2015 წლის ზაფხულში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.[2]

ავღანელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ბაზას თავს დაესხა – ავღანელი ჯარისკაცი მაზარი-შარიფში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას თავს დაესხა. ბრიტანული მედია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა ოთხი ამერიკელი სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.  დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.[3]

ერთი დაღუპული, ექვსი დაშავებული – სარაკეტო იერიში თურქეთის სამხედრო კოლონაზე – ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაშავდა თურქეთის სამხედრო კოლონაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. სამხედროები ვანის პროვინციაში მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებული სამხედროები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, მეამბოხეთა თავდასხმებს 900-ზე მეტი სამხედრო და სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 300-მდე სამოქალაქო პირიც არის.[4]

ისლამურმა სახელმწიფომ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქა – დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს. მეჩეთი ქალაქის დასავლეთით მდებარეობს, სადაც ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს – ააფეთქეს მეჩეთი ან-ნური და მისი მინარეთი“, – განაცხადა ერაყის არმიის პრესსამსახურმა. ექსპერტების თქმით, აღნიშნული ქმედება მარცხის დეკლალირებაა. 2014 წელს, სწორედ აღნიშნულ მეჩეთში გამოაცხადა ისლამური სახელმწიფოს შექმნა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა.[5]

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ქუეტაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 4 პოლიციის თანამშრომელია. ხოლო დაჭრილთა შორის 9 ადამიანი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან. აფეთქების შედეგად 15-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ბალუჩისტანის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ტერაქტი პოლიციის განყოფილებასთან მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერეს.[6]

არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ყატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით. მოთხოვნების შესასრულებლად ყატარს 10 დღიან ვადას აძლევენ. ოფიციალურ დოჰას შეთავაზება კუვეიტის მთავრობამ გაუგზავნა, რომელიც დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს.[7]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის ლიდერი რაქაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა; 16/06/2017; ხელმისაწვდომია: http://1tv.ge/ge/news/view/165649.html

[2] Reuters; Egyptian court recommends death penalty for 30 over assassination of prosecutor; Jun 17, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-court-idUSKBN198096

[3] BBC; Afghan soldier attack US troops at Camp Shehhen; 17 June 2917; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-40314612

[4] Daily Sabah; One soldier killed, six wounded in PKK terror attack on convoy in southeastern Turkey; June 20, 2017; available at: https://www.dailysabah.com/war-on-terror/2017/06/20/one-soldier-killed-six-wounded-in-pkk-terror-attack-on-convoy-in-southeastern-turkey

[5] The Guardian; Destroying Great Mosque of al-Nuri is ISIS declaring defeat; Martin Chulov and Kareem Shaheen; 22 June 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/jun/21/mosuls-grand-al-nouri-mosque-blown-up-by-isis-fighters

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა; გიგი ბარამიძე; 23/06/2017; ხელმისაწვდომია: http://1tv.ge/ge/news/view/166565.html

[7] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს; გივი ბარამიძე; 23/06/2017; ხელმისაწვდომია: http://1tv.ge/ge/news/view/166569.html

ერაყი – უსაფრთხოება და ეკონომიკური მდგომარეობა ქურთისტანში – ივნისი, 2017

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა – „Iraq Body Count“ წარმოადგენს ლონდონში დაფუძნებულ, კონფლიქტების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთა მონიტორინგის ბაზას, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით იძლევა ერაყის სხვადასხვა პროვინციაში კონფლიქტების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთა რაოდენობას. 2016 წლიდან 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდში, ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის სამ პროვინციაში: დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში,  მომხდარი ინციდენტების და მსხვერპლთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

2016 წლის განმავლობაში დაჰუკის პროვინციაში დაფიქსირდა 5 გარდაცვლილი, ხოლო 2017 წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი. ინციდენტების კუთხით, დაჰუკში, 2016 წელს, ადგილი ჰქონდა ოთხ ინციდენტს, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის დაღუპვა. 2017 წლისთვის არ ფიქსირდებოდა უსაფრთხოების კუთხით არსებული რაიმე სახის ინციდენტი.

2016 წლის განმავლობაში, ერბილის პროვინციაში დაფიქსირდა 95 დაღუპული მოქალაქე, ხოლო 2017 წელს არც ერთი. „Iraq Body Count“-ის მიხედვით, 2016 წელს, ერბილის პროვინციაში ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ თორმეტ ინციდენტს, რამაც სულ მცირე ერთი ადამიანი იმსხვერპლა, მსგავსი სახის ინციდენტები 2017 წელს არ დაფიქსირებულა.

2016 წელს, სულეიმანიას პროვინციაში დაფიქსირდა 5 დაღუპული ადამიანი, ხოლო 2017 წელს – ერთი. რაც შეეხება, უსაფრთხოების კუთხით არსებულ ინციდენტების რაოდენობას, რამაც სულ მცირე ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, „Iraq Body Count“-ის მიხედვით, 2016 წელს სულეიმანიაში ადგილი ჰქონდა სამ ასეთ ინციდენტს, მსგავსი სახის ერთი ინციდენტი დაფიქსირდა 2017 წელს.[1]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2017 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში „ერაყი: კირკუკის უსაფრთხოების ძალები აძევებენ თურქმენ დევნილებს“ აღნიშნულია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მხრიდან კირკუკზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქურთისტანის ხელისუფლებამ აიძულა ასობით სუნიტი არაბი ოჯახი, დაეტოვებინათ ქალაქი. „Human Rights Watch“-ს არ გამოუვლენია ქურთების ან შიიტი მოქალაქეების კირკუკიდან გაძევების არც ერთი შემთხვევა.[2]

„Amnesty International“-ის მიერ, 2017 წელს, ერაყის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყის ხელისუფლებამ და ქურთისტანის ნახევრად ავტონომიურმა რეგიონულმა მთავრობამ (KRG) სუნიტ არაბ დევნილებს აუკრძალა გადაადგილების თავისუფლება. ათი ათასობით სუნიტი დარჩა ბანაკებში ისე, რომ  არ ჰქონდათ დასაქმებაზე წვდომა, ვინაიდან მათ არ ჰყავდათ ადგილობრივი სპონსორები. შესაბამისად, ქალაქში შესასვლელად არ შეეძლოთ მოეპოვებინათ ოფიციალური ნებართვები.

ასაიშმა და სხვა ქურთულმა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათასობით პირი, ძირითადად არაბი სუნიტი ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც არ მისცეს საშუალება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოენახულებინათ ოჯახის წევრები.  ოქტომბერში, KRG-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასაიშ ღიშთიმ (გენერალური უსაფრთხოების სააგენტო) და ასაიშის ფილიალებმა ერბილში დააკავეს 2,801 ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.[3]

2001 წელს დაარსებული და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული არაკომერციული ფედერაცია „openDemocracy.net“, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ გლობალურ მედია პლატფორმას, 2017 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეკუთვნის სულეიმანიას უნივერსიტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების თეორიის ასისტენტ პროფესორს, ჰავრე ჰასან ჰამას, აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ქურთისტანი და მისი მოსახლეობა დაცულია ISIS-გან მომავალი საფრთხისგან, ვინაიდან პეშმერგას ძალები წარმატებით ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს, მაგრამ ქურთი ხალხისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მარცხი.

მწვავედ დგას კორუფცია და ეკონომიკური უთანასწორობა, KRG საჯარო მოხელეებს  ვერ უზრუნველყოფს ხელფასებით. ბოლო დროს გამოცხადებული გეგმის „დაზოგვის პროცესის“ ფარგლებში, ხარჯების შემცირების მიზნით, KRG-მ შეამცირა ხელფასები. სახელმწიფო მოხელეების ხელფასები, მათ მიერ დაკავებული პოზიციების მიხედვით, შემცირდა 15%-დან 75%-მდე.

გარდა ამისა, KRG-ს ჯანდაცვის სისტემა ცუდ მდგომარეობაშია. თეორიულად, საავადმყოფოები სთავაზობენ უფასო მომსახურებას, მაგრამ რეალურად მათ ცუდი აღჭურვილობა და მომსახურება აქვთ. არ არის რეგულირებული წამლების ბიზნესი და არ ხდება ხარისხის შემოწმება. ბევრ ქურთ იმპორტიორს, მეზობელი ქვეყნებიდან, შეაქვს ვადაგასული წამლები.[4]

სოციალურ-ეკონომიკური კუთხით არსებული ვითარება

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ცენტრის (ACCORD) მიერ მომზადებულ ინფორმაციაში, რომელიც ეხება ქურთისტანში დაბრუნებულების ეკონომიკურ სიტუაციას და დასაქმების კუთხით არსებულ რაიმე შეზღუდვებს, აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ მოიძებნა. ACCORD დაუკავშირდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისებს დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში, მაგრამ ინფორმაციის მომზადების დროისთვის, აღნიშნულ საკითხზე, პასუხები არ მიუღია.

ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მოქმედი ქურთული მედია საშუალება „Rudaw“-ის მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიუხედავად 2010 წლიდან დაწყებული უმუშევრობის ზრდის საპასუხოდ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა, ქურთისტანში, ათიდან ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანიდან 680,000 პირი თვეში 105,000 ერაყულ დინარზე (დაახლოებით $87) ნაკლები შემოსავალით ცხოვრობს, რაც მსოფლიო ბანკის სტანდარტების მიხედვით, სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელია ერაყსა და ქურთისტანში. უკიდურესი სიღარიბე განსაკუთრებით გავრცელებულია მრავალშვილიან ოჯახებში.

2010 წლიდან უმუშევრობის მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა – 4.8 %-დან 13.5%-მდე. შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით უმუშევრობის დასაძლევად იწყებს რეფორმებს.

ერბილის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სიღარიბის და უმუშევრობის ასეთი საგრძნობი ზრდა გამოიწვია, ქურთისტანის რეგიონში 1.8 მილიონი ლტოლვილის შედინებამ. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ქალებში და ახალგაზრდებში.

მსოფლიო ბანკთან ერთად 2017 წლის მაისში დაწყებული 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს კერძო სექტორის გაძლიერებას, რამდენადაც ქურთისტანის მოსახლეობის 53%-ის შემოსავლის წყარო საჯარო სექტორზე მოდის. KRG-ს სურს შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დააარსოს ფონდი, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულ მუშა ხელს გადაუხდის სოციალური დაცვის თანხას და პენსიებს. სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებს შორის 29.4%-ს შეადგენს, ხოლო კაცებს შორის – 9.7%-ს.

„Rudaw“-ს მიერ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში, დაგეგმარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქურთისტანის მოსახლეობის თითქმის 2% ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს დღეში სამჯერად კვებას. აღნიშნული გამოწვეულია ბოლო წლებში განხორციელებული ხელფასების შემცირებით.

ჟენევაში დაფუძნებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კონსორციუმის „შესაძლებლობების შეფასების პროექტის“ (ACAPS) თემატურ ანგარიშში, რომელიც ეხება KRG-ს მასპინძელ თემსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არსებულ ურთიერთობას აღნიშულია, რომ დევნილების დიდმა ნაკადმა გამოიწვია ფასების ზრდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბინის ქირის საშუალო მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა. ბინის ქირის გადახდის კუთხით, დევნილების დაახლოებით 80%, ხოლო მასპინძელი თემის 50% აწყდება სიძნელეებს.

ACCORD-ის მიხედვით, ერაყის ქურთისტანში დაბრუნებულებისთვის სოციალური ან სხვა სახის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მოიძებნა. ACCORD დაუკავშირდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისებს დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში, მაგრამ ინფორმაციის მომზადების დროისთვის, აღნიშნულ საკითხზე, პასუხები არ მიუღია.

სხვადასხვა დახმარებისა და განვითარების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის „Oxfam International“- ის მიერ 2016 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ერაყის მასშტაბით არსებულ „საზოგადოებრივი განაწილების სისტემაზე“ (PDS). PDS წარმოადგენს მთავრობის სუბსიდიების სქემას, რომელიც 1991 წელს შეიქმნა ადგილობრივად წარმოებული საკვების გასანაწილებლად. მას ხელმძღვანელობს ვაჭრობის სამინისტრო და რაციონის ბარათების გამოყენებით, უზრუნველყოფს ერაყის მოსახლეობის უმრავლესობას სუბსიდირებული საკვები პროდუქტებით.

PDS-ის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ მხოლოდ ღარიბები, არამედ ერაყში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე. თეორიულად, რაციონის ბარათები შემდეგი სახის პროდუქტებს უზრუნველყოფს (რაოდენობა შეესაბამება თვეში ერთ კაცზე გასაცემ პროდუქტს): ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფქვილი (9კგ), ბრინჯი (3კგ), შაქარი (2კგ), მცენარეული ზეთი (1 ლ.) და რძის ფხვნილი (450 გრამიანი სამი პაკეტი).

„Oxfam“-ის მიხედვით, PDS რამდენიმე წელია აწყდება სირთულეებს, რამდენადაც ის ძალიან ძვირი ჯდება და გარდა ამისა, არ არის გამჭვირვალე მისი განაწილების მეთოდები. საკვების დარიგება დაგვიანებულ ვადებში ხორციელდება. 2016 წლის იანვარში ბრინჯი სამი თვის, ხოლო ზეთი შვიდი თვის დაგვიანებით დარიგდა, რაც შეეხება შაქარს და რძის ფხვნილს, სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე არ დარიგებულა. თეორიულად, თუ PDS-ის რაციონის დარიგება სამი თვით დაგვიანდა, დაზარალებულებს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა აუნაზღაურდეთ  ზიანი.

ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები მიზნად ისახავენ მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად PDS-ის ხარვეზების ამოვსებას. PDS-ის კვების კალათების დარიგება რეგულარულად არ ხორციელდება და ყოველთვის სრულად არ არის წარმოდგენილი. დაგვიანების მიუხედავად, დაჰუკსა და ზახოში PDS შედარებით ფუნქციურია, თუმცა აღნიშნული არ ეხება ჩრდილოეთ ნინევას (თილკაიფ და თელაფარ).[5]

 

 

[1] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zum Irak: Sicherheitslage in der autonomen Region Kurdistan-Irak: Kampfhandlungen, Anschläge und Zielgruppen [a-10126-1], 10 May 2017 (available at ecoi.net)  http://www.ecoi.net/local_link/340483/470890_en.html  (accessed 21 June 2017)

[2] Human Rights Watch, Iraq: Kirkuk Security Forces Expel Displaced Turkmen, 7 May 2017, available at:

 [accessed 19 June 2017]

[3] Amnesty International – Annual Report Iraq 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/iraq/report-iraq/ (accessed 20 June 2017)

[4] Open Democracy  – Do the people of Kurdistan live in security?, 30 January 2017, available at : https://www.opendemocracy.net/north-africa-west-asia/hawre-hasan-hama/do-people-of-kurdistan-live-in-security (accessed 21 June 2017)

[5] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zum Irak: wirtschaftliche Lage in der autonomen Region Kurdistan-Irak für RückkehrerInnen [a-10126-3 (10128)], 10 May 2017 (available at ecoi.net)

http://www.ecoi.net/local_link/340485/470892_en.html  (accessed 21 June 2017)