ნეპალი – სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა – იანვარი, 2017

2016 წელს, „Freedom House“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ეხება მსოფლიოში თავისუფლების შეფასებას, ნეპალში თავისუფლების მაჩვენებელი შეფასებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი. პოლიტიკური უფლებები ფასდება 3 ქულით, სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი 3 ქულით და თავისუფლების ხარისხი 3.5 ქულით (1 არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი).[1]

ნეპალში, სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოიპოვა სიძლიერე და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი გარემოს გამო, რომელსაც წინ უძღვოდა, 1990 წელს არსებული, მრავალპარტიული დემოკრატია, სწრაფად გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs)  რიცხვი.

ნეპალის ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ვალდებულება ასახულია პოლიტიკის დოკუმენტებში, რომელიც არა ერთხელ უსვამს ხაზს განზრახვას იმის შესახებ, რომ ნეპალელ ხალხს ჰქონდეს ღია და თავისუფალი გარემო, სადაც ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით, მათ შორის შეკრების, ასოციაციის, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წინა სამეფო რეჟიმის მაკონტროლებელი მემკვიდრეობის გატარების გამო.

ნეპალის სამართლებრივი ჩარჩო მიყვება საერთო სამართლის ტრადიციას. ქვეყნის კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2015 წლის 20 სექტემბერს. შესაბამის კონსტიტუციური დებულებები მოიცავს შემდეგს:

ნეპალის კონსტიტუციის მე-3 ნაწილის, მე-17 მუხლი სამოქალაქო საზოგადოებისათვის  ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად უზრუნველყოფს მთელ რიგ თავისუფლებას. მუხლში 17(1) ნათქვამია, რომ „კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას მისი პირადი თავისუფლება“. მუხლი 17(2)-ის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს აქვს შემდეგი სახის თავისუფლება:

  • აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • შეუიარაღებელი და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • პოლიტიკური პარტიების შექმნის თავისუფლება;
  • გაერთიანებებისა და ასოციაციების შექმნის თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში საქმიანობის, დასაქმების, მრეწველობის, ვაჭრობისა და ბიზნესის ჩამოყალიბებისა და წარმოების თავისუფლება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნეპალში, აღნიშნულია, რომ კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას, თუმცა სასამართლო კვლავ რჩება მოწყვლადი ისეთი საკითხების მიმართ როგორებიცაა პოლიტიკური ზეწოლა, მექრთამეობა და დაშინება. უზანეასი სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს კანონების კონსტიტუციურობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში გამოავლინა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისინი მაინც რჩებიან პოლიტიკური წნეხის ქვეშ. 27 მაისს, მთავრობამ დანიშნა უზენაესი სასამართლოს რვა მოსამართლე, რომლებიც ადრე შემჩნეულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში. დანიშვნამდე, უზენაესი სასამართლოს სამმა შტომ გასცა განკარგულება, რომ დაწყებულიყო დისციპლინარული დევნა ერთ-ერთი დანიშნული მოსამართლის წინააღმდეგ, იმ გამამრთლებელი ვერდიქტის გამო, რომელიც მან ერთ-ერთ საქმეში გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა არანაირი მოკვლევა ამ მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არ იცავს და არ ასრულებს სასამართლოს ბრძანებებს, მათ შორის, არც უზენაესი სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტური პერიოდის საქმეეთან[2].

„Freedom House“-ის 2016 ანგარიშში ნეპალის შესახებ, კანონის უზენაესობას მინიჭებული აქვს 16-დან 5 ქულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2015 წლის კონსტიტუციისა, რომელიც უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობას, სასამართლოები კვლავ ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ბევრ ნეპალელს შეზღუდული აქვს მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გასაჩივრების პროცესის გაჭიანურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნელი ტემპის გამო, ეჭვმიტანილები ხშირ შემთხვევაში, წინასწარი დაკავების საკანში რჩებიან იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიესაჯოთ[3].

[1] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2016 [accessed 17 January 2017]

[2] United States Department of State, 2014 Country Reports on Human Rights Practices – Nepal, 25 June 2015, available at:

[accessed 17 January 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2016/nepal [accessed 17 January 2017]

ირანი – მთავრობის მიერ სოციალური ქსელების კონტროლი – იანვარი, 2017

„Freedom House“ ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ 2016 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი საერთო სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, რომელსაც ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ეძახიან, ირანში ინტერნეტის თავისუფლების და ფართოდ გავრცელების იმედი გაჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ ტექნოლოგიების განვითარების კუთხით განხორციელებული ინვესტიციების და რეგლამენტირებული ნორმების მიღების შედეგად ინტერნეტი მართლაც გახდა ბევრად სწრაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში მოქმედ ძირითად კომპანიებს აკონტროლებენ სასამართლოს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ლიდერები. საინფორმაციო საიტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის ცენზურას ექვემდებარებიან.

რეფორმისტებსა და კონსერვატულ მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა აისახება ციფრულ სფეროში, რასაც ხშირად დამანგრეველი შედეგები მოაქვს უდანაშაულო ინტერნეტმომხმარებლებისთვის. კონსერვატორები ყველა სახის ლიბერალიზაციას ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან ყველაფერს უმაღლესი მობილური ინტერნეტის სიჩქარიდან დაწყებული ტელეგრამის წერილებით დამთავრებული. მათი აზრით ბირთვული მოლაპარაკებები ირანში დასავლური იდეების შეღწევას შეუწყობს ხელს. კონსერვატორები გამუდმებით უსწორდებიან ტექნიკურ მეწარმეებს და ინსტაგრამის მოდელებს.

უსაფრთხოების რამდენიმე სააგენტო აგრესიულად უწევს მონიტორინგს სოციალურ მედიას და აკონტროლებს ყველაფერს, რომ არ დაუშვან საჯარო ლიდერების და კონსერვატიულ-რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფა. ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს შიშის დანერგვას ინტერნეტის მომხმარებლებში.

შეზღუდვების მიუხედავად, ინტერნეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება ირანში. ინფორმაციაზე წვდომას აუმჯობესებს კერძო ვირტუალური კავშირები და სხვა ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი ხდება დაბლოკილი გვერდები. ირანელები ერთამენთს ეკონტაქტებიან უპრეცედენტო დონეზე. დაშიფრული წერილებით ინფორმაციის გაცვლის მოწყობილობა ხელს უწყობს გარკვეული ხარისხით ჩვეულებრივი მომხმარებლების კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. თუმცა, ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს ამ კონფიდენციალურობის დარღვევას ჯაშუშობის და მონაცემთა ლოკალიზაციის კანონის მეშვეობით. ხშირ შემთხვევაში, ირანში ინტერნეტის მოხმარება კვლავ წააგავს კატისა და თაგვის თამაშს, რომელშიც ტექნიკურად საზრიანი ინდივიდები ცდილობენ გვერდი აუარონ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

2009 წელს მნიშვნელოვნად იზღუდებოდა ინტერნეტზე წვდომა. სოციალური ქსელები Facebook და Twitter კვლავ დაბლოკილია, ახალი სოციალური ქსელები ტელეგრამი და ინსტაგრამი ჯერჯერობით ხელმისაწვდომია. ცენზურა კვლავ პოლიტიზებულია, როგორც კონსერვატული, ისე რეფორმისტული საინფორმაციო საიტები განიცდიან ცენზურას. მკაცრად არის განსაზღვრული წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პოლიტიკური, სოციალური და საერთაშორისო საკითხების გაშუქების დროს. თვითცენზურა კვლავ ფართოდაა გავრცელებული და ციფრულ სფეროში აქტიურობა შეზღუდულია.

ირანი მიმართავს ადმინისტრაციულ ზომებს, რომ მისთვის არასასურველი ინფორმაცია ინტერნეტ გვერდებიდან წაიშალოს. ვებ-გვერდების მფლობელებმა თავიანთი საიტი უნდა დაარეგისტრირონ კულტურის სამინისტროში, რის შემდეგაც მათ ხშირად უწევთ მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციიის წაშლა.

ოპერაცია „Spider II“-ის შედეგად პოლიციამ გამოაშკარავა 170 მოდელი, ფოტოგრაფი და მაკიაჟის სპეციალისტი, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ იმ ქალების პოტოებს, რომლებიც  თავსაბურავის გარეშე იყვნენ. ბევრ მათგანს მოუწია თავისი Facebook ან  Instagram გვერდის წაშლა და გაუქმება. სოციალურ ქსელს Telegram ასევე მოუწია დათანხმებოდა მთავრობასთან თანამშრომლობას.

რამდენიმე ქალი იქნა დაკავებული, მათ ჩაცმულობასთან დაკავშირებით არსებული  კონსერვატული პრინციპების დარღვევაში ედებოდათ ბრალი. 2016 წლის მაისში რვა ქალი დააკავეს თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტოების გამო, რომლებიც Instagram-ზე ჰქონდათ ატვირთული.

2015 წლის ნოემბერში, მსახიობმა ჰადი ჰეიდარმა პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით Facebook-ზე ატვირთა კარიკატურა, რის შემდეგაც დააკავეს და 2016 წლის აპრილამდე არ გაუთავისუფლებიათ. 2015 წლის ოქტომბერში, ინტერნეტ-გვერდის Ruwange რედაქტორი ჰასან შიხაგაი დააკავეს, რომელიც 2015 წლის დეკემბრამდე საპატიმროში იმყოფებოდა.[1]

BBC 2016 წლის მაისში აქვეყნებს ინფორმაციას ირანში ისლამის წესების საწინააღმდეგოდ ფოტოების გადაღების და სოციალურ ქსელში განთავსების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის პროკურორი ჯავად ბაბაეი ამბობს, რომ „ის პირები, რომლებიც გაფრთხილების მიღების შემდეგ ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას, აღარ ექვემდებარებიან სამართლებრივ დევნას“.[2]

[1] Freedom House, Freedom on the Net 2016 – Iran, 14 November 2016, available at:

  [accessed 23 January 2017]

[2] BBC NEWS: Iran arrests eight for ‘un-Islamic’ Instagram modeling; 16 May 2016http://www.bbc.com/news/world-middle-east-36302405 [accessed 26 January 2017]

ინდოეთი – რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება – იანვარი, 2017

„Freedom House“ 2016 წლის ანგარიშში ინდოეთის შესახებ წერს, რომ ინდუისტები ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს შეადგენენ, თუმცა ქვეყანა ფორმალურად სეკულარულია. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და აღნიშნული უფლება ზოგადად აღიარებულია, ასევე, პრაქტიკაშიც.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ნათქვამია, რომ ინდოეთის კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას, ადგენს სეკულარული სახელმწიფოს მანდატს და მოითხოვს სახელმწიფოსგან, რომ ყველა რელიგიის მიმართ მიდგომა იყოს თანაბარი და ადგილი არ ჰქონდეს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას. კონსტიტუცია, ასევე, ადგენს, რომ მოქალაქეებმა უნდა აღასრულონ თავიანთი მრწამსი ისე, რომ არ დაარღვიონ საჯარო წესრიგი და უარყოფითად არ იმოქმედონ მორალსა და ჯანმრთელობაზე.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ინდოეთში რელიგიური უმცირესობების ჯგუფების შესახებ 2015 წლის ანგარიშში წერს, რომ ზოგადად, რელიგიურ უმცირესობებს საშუალება აქვთ თავიანთი რწმენა აღასრულონ თავისუფლად, ეწვიონ სალოცავ ადგილებს და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ აქტივობებში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რელიგიური უმცირესობების მიმართ საფრთხე რეალურია, სახელმწიფოს შეუძლია ეფექტური დაცვა უზრუნველყოს.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2016 – India, 10 May 2016, available at:

[accessed 3 October 2016]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – India, 10 August 2016, available at:

[accessed 3 October 2016]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – India: Religious minority groups, April 2015, available at:

[accessed 3 October 2016]

ეგვიპტე – მარტოხელა დედების მდგომარეობა ქვეყანაში – იანვარი, 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედევად კონსტიტუციის 25-ე მუხლისა, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს თანაბარ უფლებებს ანიჭებს სქესის მიუხედავად, ქალები ეგვიპტეში კვლავაც არიან როგორც კერძო, ისე საჯარო დისკრიმინაციის მსხვერპლნი. სახეზეა დაუსჯელი გაუპატიურების უამრავი ფაქტი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ქალების დაახლოებით 45 პროცენტი. გაეროს ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 99 პროცენტმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილან რაიმე ტიპის სექსუალური ძალადობის მსხვეპლნი (ზოგჯერ, პოლიციის მხრიდან), ქორწინება მიბმულია მეუღლეების რელიგიასთან და მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მაგალითად, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია არა მუსლიმი ცოლის მოყვანა, ხოლო მუსულიმი ქალი ვერ დაქორწინდება არამუსულიმ მამაკაცზე. ქალს არ შეუძლია განქორწინება ქმრის ნებართვის გარეშე, ან თუ მაინც სურს, უარი უნდა განაცხადოს საერთო ქონებაზე, ალიმენტზე, მზითევზე, ყველა ტიპის ფინანსურ ვალდებულებაზე, მემკვიდრე ქალი იღებს მემკვიდრე მამაკაცის წილთან შედარებით ნახევარ წილს საერთო სამკვიდროდან. მუსლიმი მამაკაცის ქრისტიან ქვრივს საერთოდ არ აქვს არანაირი უფლება მემკვიდრეობაზე. მამაკაცის მიმართვა განქორწინების შესახებ სასამართლოში დასაშვებია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ხოლო ქალის მიმართვის შემთხვევაში, ცალკე განიხილება დასაშვებობის ეტაპი და ა.შ. ყოველივე  ამაში, დიდ როლს თამაშობს ტრადიციები და შარიათის კანონი.[1]  2014 წელს გაერომ ეგვიპტეში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დარღვევების აღმოფხვრის შესახებ 300 რეკომდენაცია გამოაქვეყნა. სახელმწიფომ გაითვალისწინა და დანერგა 283 რეკომენდაცია, ხოლო უარი თქვა 17-ზე კონსტიტუციასთან და შარიათთან შუასაბამობის გამო, მათ შორის იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ მე-2 და მე-16 მუხლები, განსაკუთრებით მე-16 მუხლი, რომელიც ეხება უშუალოდ ქალის საოჯახო ურთიერთობებისა და ქორწინების უფლებებს.[2] სხვა საერთაშორისი წყაროებიც ერთხმად მიუთითებენ, რომ ქალები ეგვიპტეში განიცდიან დისკრიმინაციას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქორწინება-განქორწინებას, ბავშვზე მეურვეობას, მემკვიდრეობას და ა.შ.[3] [4]

ეგვიპტეში პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი რეგულირდება პლურალიზმის და პერსონალური კანონის პრინციპებით, რელიგიური კუთვნილების საფუძველზე. არამუსლიმ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი რელიგიური კუთვნილების შესაბამისი კანონმდებლობა ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ სფეროში სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით. არამუსლიმი საზოგადოება, რომელიც ოფიციალური სტატუსით არ სარგებლობს, ხელმძღვანელბს მუსლიმთა საოჯახო სამართლით, რომელიც წარმოადგენს ძირითად კანონს ეგვიპტეში. თუ რომელიმე მხარე მუსლიმია, მუსლიმთათვის არსებული პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი  მიესადაგება ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ზოგ შემთხვევაში, კონკრეტული აღმსარებლობის კანონები შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ გამონაკლისს: არამუსლიმი წყვილი, რომელიც მიეკუთვნება ოფიციალური სტატუსის მქონე საზოგადოებას, დაექვემდებარება პერსონალური სტატუსის შესახებ არსებულ იმ კანონმდებლობას, რომელიც ამ საზოგადოებას გააჩნია (თუ ისინი ერთი და იგივე რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან). მაგალითად, ორი კოპტი ორთოდოქსი პერსონალური სტატუსის შესახებ არსებულ კოპტურ ორთოდოქსულ კანონმდებლობას დაექვემდებარება. იგივე წესი ეხება სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობასაც. მიუხედავად ამისა, თუ წყვილი არ მიეკუთვნება ერთსა და იმავე საზოგადოებას, ან რელიგიურ მიმდინარეობას, ისინი ეგვიპტის ძირითად კანონს-პერსონალური სტატუსის შესახებ მუსლიმთა კანონმდებლობას – დაექვემდებარებიან. (მაგალითად კოპტ ორთოდოქსსა და სომხური ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარს შორის ქორწინების შემთხვევაში, თუნდაც ორი ორთოდოქსის ქორწინების შემთხვევაში(ერთი კოპტი და მეორე ბერძენი)).

უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის ასაკი, რომელზე მეურვეობაც დედიდან მამაზე გადადის, საერთო უნდა იყოს როგორც მუსლიმთა ისე არამუსლიმთათვის. მუსლიმ დედას შეიძლება მიეცეს მეურვეობის უფლება სანამ 15 წელს მიაღწევს ბავშვი (გოგოც და ბიჭიც), ასეთივე წესი ვრცელდება არამუსლიმ დედაზე.

პერსონალური სტატუსის შესახებ 1938 წლის კოპტურ ორთოდოქსული და 1902 წლის ანგლიკანური  კანონმდებლობის რეგულაციებით, ბავსვებზე მეურვეობის უფლება მხოლოდ ქრისტიანი მეურვეს უნდა მიეცეს. კოპტი კათოლიკეების შემთხვევაში მეურვეობის უფლება უნდა მიენიჭოს კათოლიკე მშობელს და შვილებიც უნდა გაიზარდონ კათოლიკური რელიგიის მიხედვით.

1938 წლის კოპტურ ორთოდოქსული რეგულაციებით, განქორწინებაზე პასუხისმგებელი მეუღლეს არ აქვს ბავშვზე მეურვეობის უფლება.

ბავშვები (გოგოც და ბიჭიც) დედის კანონიერი მეურვეობის ქვეშ იქნებიან სანამ 15 წლის გახდებიან. აღნიშნული ასაკის შემდეგ, მოსამართლემ  მეურვეობის ვადა შეიძლება გაახანგრძლივოს  ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე.

კანონი არ ანსხვავებს მუსლიმ და ქრისტიან დედას. სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილებით, ქრისტიან დედას მუსლიმ შვილებზე  მეურვეობაზე უერი ეთქვა მას შემდეგ რაც ბავშვებს 7 წელი შეუსრულდათ, რადგან მიიჩნევენ რომ აღნიშნული ასაკში ბავშვებში  „რელიგიური სიმწიფის“ ეტაპი იწყება და  მუსლიმთა რელიგიური პრინციპებით უნდა გაიზარდონ, აღნიშნულ აღზრდას კი ქრისტიანი დედისგან ვერ მიიღებენ.[5]

კანადის იმიგრაციის ცენტრის თანახმად, ეგვიპტელი ქალბატონების შვილებს, რომელთაც არ აქვთ ეგვიპტის მოქალაქეობა, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ დედასთან ერთად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.[6] ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის თანახმად, კანონი, რომელიც დედებს ავალდებულებს იქონიონ ქმრის ნებართვა ბავშვის გადაადგილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს, თუმცა ესეთი რამ დამკვიდრებული პრაქტიკაა. ერთადერთი კანონიერი გზაა, მშობლის უფლება, მიმართოს სასამართლოს და მისი გადაწყევტილების საფუძველზე, გამოიყენოს სპეციალური სასამართლო ორდერი, რომლის მეშვეობითაც აუკრძალავს მეორე მეუღლეს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას.[7] იგივე ინფორმაციაა, ამ დარგის ცნობილი ექსპერტის, ჯერემი მორლის  კომპანიის ვებ გვერდზე , რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ – „ამჟამად,  მამის ნებართვა აღარ არის საჭირო ბავშვის ეგვიპტიდან გასამგზავრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  არსებობს კონკრეტული სასამართლო ორდერი, რომელიც ბავშვზე მეურვეობას მამას ანიჭებს[8]“.

ეგვიპტეში მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი კერძო იურიდიული ფირმის ინფორმაციის მიხედვით, ქმარს დაშორებულ დედას შეუძლია შვილებთან ერთად გადაადგილდეს:

  • როდესაც ქორწინება მოხდა სხვა მესამე ქვეყანაში.
  • თუ ქორწინება მოხდა იგივე ქვეყანაში სადაც ქმარი ცხოვრობს, დედას არ შეუძლია შვილები წაიყვანოს სხვა ქვეყანაში ან ისეთ ადგილას, სადაც ქმარი ვერ მოახერხებს ჩასვლას და ბავშვების მონახულებას მისი მუდმივი საცხოვრებლიდან ერთი დღის განმავლობაში.
  • მესამე ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო და იქ უზრუნველყოფილ უნდა იყოს არანაკლები საცხოვრებელი პირობები ბავშვისთვის, ვიდრე ეს იყო მამის ქვეყანაში.[9]

ამ საკითხზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, როდესაც საქმე ეხება დაუქორწინებლ წყვილს, სასამართლომ შეიძლება მიანიჭოს დედას ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება.ასევე, თუ მანამდე 21 წლამდე ბავშვებს, ქვეყნის დატოვებისას, სჭირდებოდათ მამის სპეციალური ნებართვა, დღევანდელი მდგომარეობით, ამ ნებართვის ქონა საჭირო არაა.[10]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 13 April 2016, available at:

 [accessed 27 December 2016]

[2]  UN Human rights Office of High Commissioner, available at http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/Pages/EGSession20.aspx accessed 27 December 2016)

[3] Human Rights Watch, World Report 2014 – Egypt, 21 January 2014, available at:

 [accessed 27 December 2016]

[4]Freedom House, Freedom in the World 2016 – Egypt, 7 June 2016, available at:

 [accessed 27 December 2016]

[5] German Federal Ministry for Economic Cooperation and Development/ eutsche Gesellschaft für Technische Zusammenarbeit (GTZ) GmbH; PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) PERSONAL STATUS LAWS IN EGYPT

[accessed on January 10, 2017]

[6] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Egypt/Lebanon: Egyptian mother’s right to custody of her Egyptian-born children in case of divorce with a Lebanese national; children’s right to citizenship if mother is granted custody; permission required for these children to travel outside of Egypt; risk that these children would be deported to Lebanon, 15 March 2004, ZZZ42479.E, available at:

 [accessed 27 December 2016]

[7] UK government “Child abduction – Egypt”, available at

[accessed 27 December 2016]

[8] “The Law office of Jeremy D. Morley, „Egypt and children abduction”, available at http://www.international-divorce.com/State-Department-Report:-Egypt-and-Child-Abduction [accessed 27 December, 2016)

[9] Ayman Sultan Law Firm, “The right of guardianship and custody for children (Egypt family law)” available at http://lawyer-egy.com/law-projects/the-right-of-guardianship-and-custody-for-children-according-to-egypt-family-law.html [accessed December 29 2016]

[10] Reunite International Child Abduction Center, “Egyptian Family Law” available at

[accessed December 29 2016]

ეგვიპტე – ქრისტიანი კოპტების მდგომარეობა ქვეყანაში – იანვარი, 2017

დიდი ბრიტანეთის საშიანო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბრის ანგარიშში ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ წერს, რომ ზოგადად, ტერმინი „კოპტი“ ყველა ეგვიპტელი ქრისტიანის აღსანიშნავად გამოიყენება და მოიცავს, როგორც კოპტური მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ეკლესიის წევრებს, ასევე, ევანგელისტებსა და კათოლიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლხავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ზოგადად ეს ადგილებია: ა) ტერიტორიები დიდი ქალაქების გარეთ; ბ) ადგილები, სადაც რადიკალ ისლამისტებს აქვთ მყარი პოზიციები და გ) სადაც, ბოლო დროს თავს დაესხნენ კოპტ ქრისტიანებსა და მათ ეკლესიებს, ბიზნესსა და საკუთრებას. ტრიბუნალის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოცემულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც დევნის ან მესამე მუხლის დარღვევის რეალური რისკის ქვეშ ექცევიან, სულ მცირე საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე:

1) კოპტურ ქრისტიანობაზე კონვერტირებულები;

2) ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ეკლესიების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში ან გარემონტებაში, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმა;

3) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან პროზელიტიზმში და როდესაც ბრალდება სერიოზულია და არა შემთხვევითი;

4) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან მუსლიმ ქალთან ფიზიკურ ან ემოციურ კავშირში, როდესაც ბრალდება არის სერიოზული და არა შემთხვევითი.

ზოგადად, კოპტი ქრისტიანი ქალები ეგვიპტეში დევნის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან – გაუჩინარება და იძულებითი კონვერტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები განიცდიან სოციალურ დისკრიმინაციასა და ძალადობას, ზოგადად, კოპტებისა და მათი ქონების მიტაცება-განადგურების ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ ქრისტიანებისთვის ეფექტური სახელმწიფო დაცვა არ არსებობს, მას შემდეგ ეგვიპტეში მდგომარეობა გამოსწორდა და არის შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, რომ სახელმწიფოს სურს და გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია კიდეც აღმოუჩინოს დაცვა ქრისტიანებს! ზოგადად კი, ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ექსტრემისტები არ არიან ძლიერად წარმოდგენილნი.[1]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაზე; აღნიშნული კანონი ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია.

ახალი კანონი უფლებას აძლევს მმართველებს, არ გასცენ ეკლესიების მშენებლობის ნებართვა გასაჩივრების წესის მითითების გარეშე; კანონის თანახმად, ეკლესიები უნდა აშენდეს ქრისტიანთა შესაბამისი რაოდენობის ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღწერის სტატისტიკა არ არსებობს; ამასთან, მმართველებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე, თუკი აღნიშნული დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

მაისი-ივლისში, ანტი-ქრისტიანულმა ძალადობამ, რომელიც გამოიწვია ზოგიერთ ადგილობრივ მუსლიმში ეკლესიის რეალურმა თუ სავარაუდო მშენებლობამ, გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ქრისტიანთა გარკვეული საკუთრება კი დაზიანდა. ოფიციალური პირები ვერ ახერხებენ ქრისტიანი უმცირესობის დაცვას ხანდახან ფატალური თავდასხმებისგან და იძულებითი „შემრიგებლური სესიებისგან“, რომლებიც მუსლიმ დამნაშავეებს აძლევს საშუალებას გაექცნენ სისხლის სამართლებრივ დევნას და აძლიერებს დაუსჯელობას.

თებერვალში არასრულწლოვანთა მცირე დანაშაულების სასამართლომ ოთხ ქრისტიან ბავშვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ დამცინავი ვიდეო განათავსეს. ბიჭებმა ეგვიპტე აპრილში დატოვეს (გაიქცნენ ქვეყნიდან). მარტში, სააპელაციო სასამართლომ, მწერალ ფატმა ნაოუტს, რელიგიის შეურაცხყოფისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან მან საქონლის ხოცვის მუსლიმური ტრადიცია გააკრიტიკა, რომელიც ეიდ ალ-ადჰას მსხვერპლშეწირვის სახელით არის ცნობილი.

ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა დააფიქსირეს სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების, დამცირების ფაქტებიც – გადაადგილების შეზღუდვა და დაკითხვებზე გამოძახება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ეგვიპტეში კონსტიტუციის თანახმად, რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა, თუმცა მხოლოდ ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრებს აქვთ თავიანთი რელიგიის თავისუფლად გამოხატვისა და სალოცავი სახლების მშენებლობის უფლება. მთავრობა არ ცნობს დაბადებით მუსლიმი მოქალაქეების კონვერტაციას ნებისმიერ სხვა რელიგიაზე და აწესებს, სამართლებრივ სასჯელს დაბადებით მუსლიმი მოქალაქეების კონვერტაციისთვის.

აშშ-ს მთავრობის სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 88.4 მილიონია (2015 წლის ივლისის მონაცემები). მოსალეობის დაახლოებით 90% სუნიტი მუსლიმია, ხოლო 10% – ქრისტიანი (მონაცემები მერყეობს 5-დან 15%-მდე). ქრისტიანთა დაახლოებით 90% კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება.

პრეზიდენტ აბდელ ფატტაჰ ალ-სისის ქმედებები ქრისტიანმა ლიდერებმა პოზიტიურ სიგნალებად შეაფასეს და აღიქვეს ნიშნად, რომ ქრისტიანები ეგვიპტური მოსახლეობის სრულყოფილი წევრები არიან. პრეზიდენტის ქმედებები მოიცავდა მოწოდებებს იმამებისა და მკვლევარებისათვის, ხელი შეეწყოთ ტოლერანტული ისლამური სწავლებისათვის, ასევე, ვიზიტს კოპტურ მართლმადიდებლურ ტაძარში შობის ღამეს. 7 იანვარს, მართლმადიდებლური შობის ღამეს, პრეზიდენტი სისი წმინდა მარკოზის კათედრალში, რომელიც მართლმადიდებელი კოპტების მნიშნელოვანი ტაძარია, დაესწრო წირვას და გახდა ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც ასე მოიქცა. აღნიშნული პოზიტიურ სიგნალად იქნა აღქმული ქრისტიანების მიერ. ვიზიტის დროს სისიმ განაცხადა, რომ ყველა ეგვიპტელი თანასწორია. მთავრობის ხარჯებით სამხედროებმა დაასრულეს 78-დან 26 ეკლესიისა და ქრისტიანთა სხვა საკუთრებების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, რომლებიც 2013 წელს, „მუსლიმთა საძმოს“ მიერ კონტროლირებადი მთავრობის ჩამოგდების შემდგომ ისლამისტებმა დაწვეს. პრეზიდენტმა სისიმ საჯაროდ მოიწონა იდეა და განაცხადა ლიბიაში მოკლული 20 ეგვიპტელი კოპტის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ.[3]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 16 January 2017]

[2] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 16 January 2017]

[3] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 16 January 2017]