ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ავღანეთში ამერიკული ჯარის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ სონი ლეჯეტის განცხადებით, ავღანელ და ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაუხსნა. მისივე განცხადებით, ინციდენტის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.[1]
5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ქაბულში, მარშალ ფახიმის სახელობის უნივერსიტეტთან მომხდარი აფეთქების დროს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები სამხედროები და რიგითი მოქალაქეები არიან. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.[2]
აშშ და თალიბანი დროებით ზავზე შეთანხმდნენ. აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 10 დღეში ავღანეთთან დიალოგი დაიწყება, სადაც მხარეები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხზე იმსჯელებენ. მოლაპარაკების თემა ასევე ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა იქნება.[3]
სირიის კრიზისი – თურქმა სამხედროებმა სირიის არმიაზე იერიში მიიტანეს და დარტყმები 115 მიზანზე განახორციელეს. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია 3 ტანკი და 1 ვერტმფრენი. როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, იერიშის მიზეზი იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა. თებერვლის განმავლობაში იდლიბში დაღუპული თურქი სამხედოების რიცხვმა 12-ს მიაღწია.[4]
2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 800 ათასზე მეტ სირიელს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს რუსეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. გაეროში ვარაუდობენ, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ათასობით ადამიანი საბრძოლო მოქმედებებს თავს თურქეთში შეაფარებს.[5]
ერაყში არსებული ვითარება – ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. K1 ბაზის მიმართულებით, საერთო ჯამში, სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს. ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკელ სამხედროებს შორის დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან. თავის მხრივ, პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდასხმა პრო-ირანულმა ძალებმა განახორციელეს, რაზეც მკაცრად უნდა აგონ პასუხი.[6]
[1] NY Times; Two American soldier killed in shootout with Afghan forces; 8 February, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/02/08/world/asia/afghan-us-soldiers-shooting-deaths.html
[2] იმედის ახალი ამბები; ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა; 11 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/127484/qabulshi-universitettan-apetqebas-khuti-adamiani-emskhverpla
[3] AP; Us and Taliban agree to truce, way forward in Afghanistan; 15 February, 2020; available at: https://apnews.com/fa41245d47d48332b10c8aeadcd6cb73
[4] იმედის ახალი ამბები; თურქეთმა სირიის არმიაზე იერიში მიიტანა; 10 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/127454/turqetma-siriis-armiaze-ierishi-miitana
[5] Reuters; Over 800,000 Syrians, mostly women and children, flee Russian-backed offensive: UN; 13 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-displaced/over-800000-syrians-mostly-women-and-children-flee-russian-led-offensive-u-n-idUSKBN2072ID
[6] Al Jazeera; Rocket attack hits northern Iraq base hosting US troops; 14 February, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/02/rocket-attack-hits-northern-iraq-base-hosting-troops-200213183836910.html