ავსტრალია – ადამიანის უფლებები; პოლიცია; კონვერტირებული მუსლიმები – სექტემბერი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს  ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ავსტრალია კონსტიტუციური დემოკრატიაა თავისუფლად არჩეული ფედერალური საპარლამენტო მმართველობით. 2016 წლის ივლისში ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ლიბერალური პარტიისა და ეროვნული პარტიის კოალიციამ მოიგო, 150-კაციან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და ჩამოაყალიბა მთავრობა პრემიერ მალკოლმ ტურნბულის მეთაურობით. სამოქალაქო უფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. ადამიანის უფლებების ძირითად დარღვევებს წარმოადგენდა ოჯახში ძალადობა ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ძირძველ საზოგადოებაში;  მკვიდრი მოსახლეობის არახელსაყრელი პირობები და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ არსებული პოლიტიკა. მთავრობამ გადადგა ნაბიჯები თანამდებობის ბოროტად გამომყენებელი ოფიციალური პირების დასჯისთვის; ასევე, ომბუდსმენი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანოები და შიდა სამთავრობო მექანიზმები ეფექტურად პასუხობდნენ საჩივრებს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ არ ყოფილა ცნობები თვითნებური და უკანონო მკვლელობების შესახებ; ასევე, არ ყოფილა ცნობები პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარებების შესახებ. ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული ვითარება ზოგადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი კრძალავს თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს და მთავრობა ზოგადად იცავდა ამ აკრძალვას. კანონმდებლობით წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მთავრობა ზოგადად იცავდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. არ ყოფილა ცნობები პოლიტიკური პატიმრების ან პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებული ძალები, რომლებიც მოქმედებენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, პასუხისმგებელნი არიან საგარეო უსაფრთხოებაზე. ავსტრალიის ფედერალური პოლიცია (იუსტიცის სამინისტროს დაქვემდებარებაში) და შტატებისა და ტერიტორიული საპოლიციო ძალები პასუხისმგებელნი არიან შიგა უსაფრთხოებაზე. ფედერალური პოლიცია აღასრულებს ეროვნულ კანონებს, შტატებისა და ტერიტორიული საპოლიციო ძალები აღასრულებენ შტატებისა და ტერიტორიული ორგანოების კანონებს. იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ავსტრალიის სასაზღვრო ძალები პასუხისმგებელი არიან მიგრაციულ პროცესებსა და საზღვრის დაცვაზე. სამოქალაქო უფლებამოსილი პირები ახორციელებენ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ეფექტურ კონტროლს და მთავრობას აქვს მექანიზმები ეფექტურად გამოიძიოს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტები და დასაჯოს შესაბამისი პირები. არ ყოფილა ცნობები უსაფრთხოების ძალების დაუსჯელობის შესახებ.[1]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ავსტრალიის შესახებ წერს, რომ ავსტრალია ძლიერი მრავალკულტურული დემოკრატიაა, სადაც მკაცრადაა დაცული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს – საუბარია მთავრობის დრაკონულ პოლიტიკაზე თავშესაფრის მაძიებლების მიმართ (თავშესაფრის მაძიებელთა გადაყვანა მანუს კუნძულზე პაპუა ახალ გვინეასა და ნაურუში). ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობა არათანაბარ პირობებშია სისხლის სამართლის სასამართლო სისტემის კუთხით. შეზღუდულია შშმ პირების უფლებები და ანტიტერორისტული კანონი ძალიან ფართოა.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ავსტრალიის შესახებ ქვეყანას თავისუფალის სტატუსს ანიჭებს. ანგარიშის მიხედვით, ავსტრალიას მინიჭებული აქვს 98 ქულა (0 არის ყველაზე უარესი შედეგი, ხოლო 100 ყველაზე საუკეთესო). თავისუფლების ხარისხი 7-ქულიანი სისტემით, სადაც 1 ყველაზე კარგს, ხოლო 7 ყველაზე უარესს ნიშნავს, შეფასებულია 1 ქულით; ასევე 1 ქულითაა შეფასებული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. ამავე ანგარიშში წერია, რომ ავსტრალიას აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომლის განმავლობაშიც პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები დაფასებულია. მიუხედავად ამისა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანონი, რომელიც მთავრობის ონლაინ კომუნიკაციების თვალთვალის უფლებას აძლევს და ასევე, ქვეყნის მკაცრი პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებლების მიმართ.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავსტრალიაში, დაახლოებით, 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი 61% ქრისტიანია (მათ შორის, 25% რომაული კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი და 17% ანგლიკანური ეკლესის მიმდევარი). ბუდისტები 2.5%-ს შეადგენენ, ხოლო მუსლიმები მოსახლეობის 2.2% არიან. 1.3% – ინდუსები არიან და 0.5 ებრაელები. 8 პროცენტმა საკუთარი თავი „სხვა“ რელიგიურ მიმდინარეობებს მიაკუთვნა, ხოლო 22.3% საკუთარ თავს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის მარტში დაახლოებით 10 ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენეს სამ მულიმ სკოლის მოსწავლე გოგოს. ინციდენტი ვიქტორიაში, გელონგის ადგილობრივ პარკში მოხდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას – ვანდალები ორ გოგონას ძალით ხდიდნენ ჰიჯაბს. 2016 წლის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა სალოცავ ადგილებზე ვანდალურ თავდასხმებს და ებრაელებისა და მუსლიმების სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს ფედერალურ მთავრობას ისეთი კანონის მიღებას, რომელიც შემოიღებს სახელმწიფო რელიგიას ან რაიმე შეზღუდვას დააწესებს რელიგიის თავისუფლებაზე. რელიგიის თავისუფლებას გარკვეული სამართლებრივი ზღვარი დაწესებული აქვს და აღნიშნული გულისხმობს საჯარო უსაფრთხოების დაცვას, საჯარო წესრიგის, ჯანმრთელობის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. პირები, რომლებიც ჩათვლიან, რომ განიცდიან დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე, აქვთ რესურსი, ფედერალური ანტი-დისკრიმინაციული კანონის გამოყენებით, მიმართონ სასამართლოს ან ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისიას. კანონმდებლობა კრძალავს პირის დისკრიმინაციას მისი რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილების გამო. რელიგიურ ჯგუფებს არ მოეთხოვებათ რეგისტრაცია. მთავრობა უშვებს რელიგიურ სწავლებებს სკოლებში; სწავლებას ძირითადად მოხალისეები უძღვებიან დადგენილი სასწავლო გეგმის გამოყენებით და მშობლები თავად წყვეტენ, დაესწრებიან თუ არა მათი შვილები აღნიშნულ გაკვეთილებს.[4]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Australia, 3 March 2017, available at:

[accessed 22 September 2017]

[2] Human Rights Watch, World Report 2017 – Australia, 12 January 2017, available at:

[accessed 22 September 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Australia, 1 September 2017, available at:

[accessed 22 September 2017]

[4] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Australia, 15 August 2017, available at:

[accessed 22 September 2017]