ავსტრია – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ავსტრიის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც კონსტიტუციური ძალაუფლება განაწილებულია სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტსა და ორპალატიან პარლამენტს შორის. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მთავრობის ან მისი აგენტების მხრიდან ჩადენილი თვითნებური ან უკანონო მკვლელობის ფაქტები; ასევე, არ დაფიქსირებულა პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარების ფაქტები.

ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს პოლიციის მხრიდან დაკავებულებისა და ფსიქიატრიული პაციენტების მიმართ. მთავრობამ გამოიძია ასეთი ფაქტები და იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები არსებობდა, დამნაშავეები დასაჯა.

საპატიმრო და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მთავრობა უშვებს დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ვიზიტებს მონიტორინგების მიზნით.

კანონით აკრძალულია თვითნებური დაკავება და დაპატიმრება და ხელისუფლების მხრიდან დაცულია აღნიშნული აკრძალვა. კანონი ადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მთავრობის მხრიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა აღიარებული და დაცულია. არ დაფიქსირებულა პოლიტიკური დაპატიმრებების ფაქტები. მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. ქვეყანაში, ასევე, ზოგადად აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის ძირითადი პოლიტიკური და სოციალური უფლებები და თავისუფლებები.[1]

უმცირესობათა და მკვიდრი მოსახლეობის მსოფლიო დირექტორატის მიერ ავსტრიაში თურქების შესახებ უკანასკნელი ანგარიში გამოქვეყნებულია 2008 წელს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ავსტრიაში 127,226 თურქი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 1.6%-ია. ბევრი თურქი ნატურალიზებულია და თურქული თემის საერთო რაოდენობა  200-დან 300 ათასამდეა. თურქები ავსტრიის უდიდესი იმიგრანტი ჯგუფია და წამყვანი ავსტრიის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა შორის.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ფედერალური კანონი ეროვნულ უმცირესობებად აღიარებს ხორვატებს, ჩეხებს, უნგრელებს, ბოშებს, სლოვაკებს და სლოვენიელებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ბოშები აწყდებიან დისკრიმინაციას დასაქმებისა და განსახლების კუთხით.[3]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[2] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Austria : Turks, 2008, available at:

[accessed 22 March 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]