აზერბაიჯანი. ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება. ივნისი, 2019

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, აზერბაიჯანის მთავრობა წერს, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ABAD“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური პროექტების განხორციელება და დასაქმების წახალისება კონკურენტუნარიანი ოჯახების ფორმირებისთვის. პრიორიტეტს ოჯახური ბიზნესების, განსაკუთრებით ქალთა და სოფლის მეურნეობის აქტივობების ხელშეწყობა. პირველ ეტაპზე შეირჩა 63 ოჯახი მასალიდან, ბალაკანიდან, ისმაილიდან, შაკიდან და ბაქოდან; ასევე, 30 ოჯახი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან დაფუძნდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო. სააგენტოს მიზანს ქვეყანაში წარმოების წახალისება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს შემადგენლობაში იფუნქციონირებს მცირე და საშუალო ბიზნესის სახლები. აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ სააგენტოს შექმნა წვლილს შეიტანს ქვეყნის რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა მეწარმეობითი საქმიანობის განვითარებაში.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, აზერბაიჯანში შეიქმნა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს. დაახლოებით 1400 ოჯახმა წარმატებით განახორციელა საკუთარი ბიზნეს იდეა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულებთ მუშაობა გრძელდება. 2017 წელს 303 ახალგაზრდა მონაწილეს თვითდასაქმების პროგრამის ფარგლებში, საკუთარი ბიზნეს იდეების შესაბამისად, გაეწიათ დახმარება საჭირო აქტივებით. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის 2016-2020 წლების პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საცდელმა პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

აზერბაიჯანის მთავრობა ზემოაღნიშნულ ანგარიშში წერს, რომ მათ წარმატებით განახორციელეს ფისკალური მდგრადობის და სტაბილური მონეტარული ეკონომიკის პოლიტიკა, სახელმწიფო წარმოების რეფორმა; შექმნეს ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის, გააუმჯობესეს სამართლებრივი ბაზა მცირე და საშუალო წარმოებებისთვის; შექმნეს ხელსაყრელი და ეფექტიანი გარემო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე და საგარეო ბაზრებზე წვდომის კუთხით და ა.შ. მიღწეულმა სტაბილურობამ, თავის მხრივ, უზრუნველყო ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რეგიონებისა და მეწარმეობის განვითარება და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ საკუთრების უფლებასა და განსახლების არჩევის თავისუფლებაზე ნეგატიურად მოქმედებს სამთავრობო განვითარების პროექტები, რომლებიც ხშირად იწვევს იძულებით გამოსახლებას, უკანონო ექსპროპრიაციას და ნგრევას, მცირე ან საერთოდ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოელების, ინტერნეტში აქტიური ცნობილი ახალგაზრდების, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული პირების  სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგს. რიგი სამართლებრივი ნორმები აძლევს ქვეყნის მთავრობას პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ჯგუფების, ბიზნესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების რეგულირების საშუალებას. კანონით აკრძალულია ბიზნესის მფლობელთა სახელებისა და მათი სახელმწიფო ინვესტიციების გასაჯაროება. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული კანონის მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამთავრობო ოფიციალური პირების ბიზნეს ინტერესებით, ხელის შეშლა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ როგორც ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანა, აზერბაიჯანი ხასიათდება ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით მმართველი ელიტის გარშემო, რაც აქრობს ხაზებს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. მმართველი ოჯახი აფართოებს თავის ქონებას და პატრონაჟის ქსელს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში და ამით აფერხებს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. არსებული კავშირი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ართულებს ფირმების განვითარებას პოლიტიკური კავშირების გარეშე, რადგან ასეთი კავშირების არ არსებობის შემთხვევაში, ისინი აწყდებიან მრავლობით უკანონო ინსპექტირებას, რასაც ხშირად ახლავს არაოფიციალური გადასახდელები (ქრთამი) ინსპექტორებისთვის, რათა შენარჩუნდეს „კარგი ურთიერთობა“. მონოპოლიების დომინანტობა საფრთხეს უქმნის კონკურენციას, ნოვატორობას, ფასების სტაბილურობას, მომსახურების ხარისხს და ახალისებს კორუფციას.

2017 წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში აზერბაიჯანი, საგარეო ვაჭრობის სიმარტივის კუთხით, 190 ქვეყანას შორის 184 პოზიციას იკავებდა. აღნიშნული პრობლემა კავშირშია და ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებულ დროსა და მაღალ გადასახადებთან. კომპანიები აწყდებიან ბევრ ბარიერს ვაჭრობისას, მათ შორის ტრანსპორტირების მაღალ გადასახადებს; მაღალ ტარიფებს, კორუფციას და ბიუროკრატიას, დამატებით ხარჯებს ნებართვებისა და სტანდარტიზაციის პროცესში.[4]

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2019 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, 190 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. 2018 წელს ქვეყანა 57-ე პოზიციაზე იყო.[5]

[1] Government of Azerbaijan (Author), published by CESCR – UN Committee on Economic, Social and Cultural Rights: Fourth periodic report submitted by Azerbaijan under articles 16 and 17 of the Covenant, due in 2018 [27 December 2018] [E/C.12/AZE/4], 29 January 2019

 (accessed on 13 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Azerbaijan, 4 February 2019

 (accessed on 13 June 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Azerbaijan, 13 March 2019

 (accessed on 13 June 2019)

[4] TI – Transparency International: Azerbaijan: Overview of Corruption and Anti-Corruption, 9 July 2018

 (accessed on 13 June 2019)

[5] World Bank; Doing Business 2019; available at:

(accessed on 13 June 2019)

აზერბაიჯანი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ივნისი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ 2018 წლის ივლისში ევროსაბჭოს წამების და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა აზერბაიჯანში 2004-2017 წლებში განხორციელებული ექვსი ვიზიტის ანგარიში. კომიტეტის განცხადებით, წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და აღნიშნული ქმედებებისთვის დაუსჯელობა კვლავ სისტემური და ენდემური ხასიათის მატარებელია. დაკავებულებს ხშირად უზღუდავენ მათთვის სასურველ ადვოკატზე წვდომას.

„Human Rights Watch“ წერს, რომ 2018 წლის თებერვალში, ელგიზ სადიგლი – ცნობილი გაქცეული აქტივისტის ძმა, გაიტაცეს და იზოლირებული ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში ოთხი დღის განმავლობაში. მისი მტკიცებით, პოლიცია მას სცემდა და მის წინააღმდეგ იყენებდა ელექტროშოკს; პოლიციის აღნიშნულ ქმედებას სადიგლი მისი ძმის აქტივობებს უკავშირებს. ამის შემდეგ ელგიზ სადიგლის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება სადიგლის მიერ წამების შესახებ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე.

წინსვლა არ ყოფილა, ასევე, 2017 წელს ბლოგერი მეჰმან გალანდაროვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამოძიების პროცესში. იგი საპატიმროში ჩამომხრჩვალი იპოვეს და სწრაფად დამარხეს მოწმეების გარეშე.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაციები აღიარების მიზნით წამების გამოყენების შესახებ. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები სტანდარტზე დაბალია; სამედიცინო ზრუნვა, ზოგადად, არა ადექვატურია და ციხეები გადატვირთულია. 2018 წლის მაისში მთავრობამ შეიწყალა კონსერვატიული შიიტური ჯგუფის „მუსლიმთა გაერთიანებული მოძრაობა“ 17-დან 7 წევრი, რომელთაც მთავრობის გადაგდების მცდელობაში ედებოდათ ბრალი. ჯგუფის ზოგიერთი წევრი ციხეში აწამეს.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით წამება აკრძალულია და ასეთი ქმედებისთვის სასჯელი 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, წამების და სხვა ძალადობის შესახებ სარწმუნო ცნობები მაინც ვრცელდება. ყველაზე მეტი არასათანადო მოპყრობის ფაქტი პოლიციის დაკავების იზოლატორებში ხდება, სადაც აღიარებითი ჩვენების მისაღებად ძალას იყენებენ. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები ციხეებში წამების ფაქტების შესახებ.

მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის, რომელიც ციხეების მონიტორინგით არის დაკავებული, ინფორმაციით, ციხეებში არსებული პირობები ხანდახან მძიმე და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არა სათანადო კვებით, გათბობის და ვენტილაციის ნაკლებობით და ცუდი სამედიცინო დახმარებით. დაკავებულები, ასევე, ჩივიან წინასწარი დაკავების ცენტრებში არსებული არა ადამიანური პირობების გამო. მათი მტკიცებით, ასეთი ტიპის დაწესებულებებში არის ვენტილაციის და სათანადო სანიტარული პირობების ნაკლებობა.

ქალები და კაცები წინასწარი დაკავების პერიოდში ერთად არიან წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, სხვადასხვა ბლოკში და მსჯავრის დადების შემთხვევაში, ქალების მოთავსება ხდება ცალკე ციხეებში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ქალი პატიმრები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე მამაკაცი პატიმრები. ქალთა ციხეების მონიტორინგი უფრო ხშირად ხდება და მათ აქვთ უფრო დიდი წვდომა სწავლებსა და სხვა აქტივობებზე; თუმცა, ქალთა ციხეებში ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელთაც მამაკაცთა ციხეებშიც აქვს ადგილი. აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 2018 წლის განმავლობა 5 სამ წლამდე ბავშვი ცხოვრობდა საპატიმრო დაწესებულებაში თავიანთ პატიმარ დედებთან ერთად. არასრულწლოვანი დამნაშავეები შეიძლება არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში იყვნენ 20 წლის ასაკის მიღწევამდე.

ხელისუფლება განაგრძობს ახალი საპატიმრო დაწესებულებების მშენებლობას. საბჭოთა დროინდელი დაწესებულებები, რომელთა გამოყენება ახლაც ხდება, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ყველაზე ცუდი პირობები გობუსტანის ციხეში, #3 და #14 ციხეებსა და ტუბერკულოზის სამკურნალო პენიტენციურ ცენტრშია.

ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მტკიცებით, ბადრაგი ხანდახან ცემით ან სამარტოო საკანში გამწესებით სჯის პატიმრებს. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მტკიცებით, ყველაზე ცუდი პირობები გობუსტანის მკაცრი რეჟიმის ციხეშია.

დროდადრო პატიმრები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ფიზიკური აქტივობის საკმარისი შესაძლებლობა . ისინი ასევე აცხადებენ სივიწროვის, გადატვირთულობის, არა ადექვატური ვენტილაციის, ცუდი სანიტარული პირობები, საჭმელად უვარგისი საკვების და არასათანადო სამედიცინო ზრუნვის შესახებ. ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტი“ მრჩეველს მაჰამმად იბრაჰიმს დროულად არ გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია თვალზე, რამაც მისი მხედველობის სამუდამოდ დაზიანება გამოიწვია. 2018 წლის 19 სექტემბერს, როდესაც მომდევნო დღეს მას საპატიმრო დაწესებულება უნდა დაეტოვებინა, ბრალი დასდეს დანის უკანონო ტარებაში და კიდევ ექვსი თვით დატოვეს ციხეში. აღნიშნული პარტიის კიდევ ერთი წევრი ელნურ ფარაჯოვი, მისი ციხიდან გამოშვების შემდეგ მალევე, სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ოჯახის მტკიცებით, ფარაჯოვს სათანადოდ არ უმკურნალეს პატიმრობაში ყოფნის დროს.

ყოფილი პატიმრები და დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრებს ხშირად უწევთ ქრთამის გადახდა იმისთვის, რომ შეხვდნენ ოჯახის წევრებს, უყურონ ტელევიზორს, გამოიყენონ საპირფარეშო და საშხაპე ოთახები და მიიღონ საკვები საპატიმრო დაწესებულების გარედან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი უფლებას აძლევს პატიმრებს დღიურად გამოყოფილ რაციონზე დამატებით მიიღონ საკვები, ხშირად ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს ოჯახებისგან საკვების მიღებას უზღუდავს. ზოგიერთ ციხესა და დაკავების ცენტრებში არ არის სასმელი წყალი.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების უმეტესობის თქმით, მათ ცენზურის გარეშე შეუძლიათ საჩივრები შეიტანონ სასამართლოსა და ომბუდსმენის ოფისში, ციხის ადმინისტრაცია რეგულარულად კითხულობს პატიმრების კორესპონდენციას, აკვირდება შეხვედრებს ადვოკატებსა და კლიენტებს შორის და ზოგიერთ ადვოკატს უკრძალავს დოკუმენტაციის დაკავების დაწესებულებაში შეტანას ან იქიდან გამოტანას. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, ისინი რეგულარულად ახორციელებენ ციხეების მონიტორინგს და გამოძიებას პატიმრების საჩივრებზე, აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ომბუდსმენის ოფისის არასაკმარისად აქტიურია პატიმრების საჩივრებზე რეაგირების მხრივ და ვერ იძიებს პატიმრების საჩივრებს წამების და ძალადობის თაობაზე; როგორც ეს იყო მუსლიმთა ერთიანი მოძრაობის თავმჯდომარის აბბას ჰუსეინოვის და „N!DA“ აქტივისტის ილკინ რუსტამზადეს შემთხვევაში.

ციხის ადმინისტრაცია ზღუდავს ადვოკატისა და ოჯახის წევრების ვიზიტებს, განსაკუთრებით იმ პატიმრებისთვის, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკური მიზეზებით დაპატიმრებულად.

მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, მოინახულოს საპატიმრო დაწესებულებები. ხელისუფლება, როგორც წესი, ნებას რთავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოინახულოს სამხედრო და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ხალხი, რომლებიც საპატიმროში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით არიან დაპატიმრებულები; მათ ასევე უშვებენ იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მოქმედი ციხეების პატიმრებთან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს ვიზიტებს რათა დაიცვას პატიმართა უფლებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების შესაბამისად და რეგულარულად ეხმარება პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს კონტაქტის დამყარებასა და შენარჩუნებაში.

მთავრობისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოების ციხეების მონიტორინგის ერთობლივი ჯგუფი, რომელის საჯარო კომიტეტის სახელითაა ცნობილი, სარგებლობს უფლებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მოინახულოს ციხეები. რიგ შემთხვევებში, მიუხედავად ამისა, სხვა ჯგუფები, რომლებიც წინასწარ ატყობინებდნენ ვიზიტის თაობაზე, აწყდებოდნენ რიგ სირთულეებს.

2018 წლის 18 ივლისს, წამების პრევენციის კომიტეტმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო აღმასრულებელმა ბრძანებამ გარკვეულწილად გააუმჯობესა არსებული სიტუაცია, ძირითად, ციხეებში გადატვირთულობის შემცირების მიმართულებით. თუმცა, კომიტეტი ასევე აღნიშნავდა, რომ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მოქმედი სტანდარტი პატიმრების საცხოვრებელი ფართის შესახებ, ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტს; განსაკუთრებით, შუვალანსა და განჯაში.[3]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Azerbaijan, 17 January 2019

 (accessed on 11 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Azerbaijan, 4 February 2019

 (accessed on 11 June 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Azerbaijan, 13 March 2019

 (accessed on 11 June 2019)

აზერბაიჯანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა. მარტი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობას. მეტიც, მინისტრთა კაბინეტში ერთი ქალი წევრია, ხოლო პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 16.8 პროცენტს სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იკავებენ.

ანგარიშის მიხედვით, ქალთა უფლებების კუთხით არსებული პრობლემები იკვეთებოდა შემდეგ ასპექტებში:

  • გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა – აზერბაიჯანის კანონმდებლობით, გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას გარდა, დასჯადია ქმრის მიერ ქალის გაუპატიურებაც, თუმცა, დამკვირვებლების განცხადებით, პოლიცია აღნიშნულ საკითხზე საჩივრებს სათანადოდ არ იძიებდა.

კანონითაა  განსაზღვრული ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივრების გამოძიების ჩარჩო, ასევე, შემაკავებელი ორდერის  გამოცემისთვის დადგენილ პროცესი და მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების განთავსების საკითხები. თუმცა, ზოგიერთი აღნიშნულ კანონს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მკაფიოდ განსაზღვრული საიმპლემენტაციო სახელმძღვანელო პრინციპების არ არსებობა ზღუდავდა მის ეფექტურობას. ეროვნული ასანბლეის ქალი წევრები და „ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის“ (SCFWCA) ხელმძღვანელი აგრძელებდნენ აღნიშნული მიმართულებით აქტივობების გამართვას. კომიტეტი ასევე მართავდა  კამპანიებს ცნობიერების ამაღლების კუთხით.

თუმცა, სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის მხოლოდ შეზღუდულ დაცვას უზრუნველყოფდა.

  • სექსუალური შევიწროება – კანონით სექსუალური შევიწროება დასჯადია, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა აღსრულებას იშვიათად ექვემდებარებოდა. SCFWCA აქტიურად მართავდა ღონისძიებებსა და კონფერენციებს, რათა აემაღლებინა საზოგადეობის ცნობიერება აღნიშნული საკითხის გარშემო.
  • ზოგადი დისკრიმინაცია – მართალია, ქალები ფორმალურად იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც მამაკაცები, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მომავალი დისკრიმინაცია პრობლემას წარმოადგენდა. ამას გარდა, ქალების დისკრიმინაციას განიცდიდნენ დასაქმების კუთხითაც. კანონი კრძალავს ქალთა დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც აშკარად სახიფათო პირობებს ითვალისწინებს (მაგალითად, მაღარო). ქალების არასათანადოდ არიან წარმოდგენილი მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, ბიზნეს სექტორში. ამას გარდა, ქალების ანაზღაურება ჩამოუვარდებოდა მამაკაცებისას. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანელი ქალის საშუალო ხელფასი შეადგენდა 317 მანათს (185 $), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – 630 მანათს (368 $) SCFWCA მართავდა ღონისძიებებს, რათა აემაღლებინა საზოგადეობის ცნობიერება ქალთა უფლებების საკითხის გარშემო.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ტრადიციული საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებები და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ზღუდავს ქალთა როლს პროფესიულ დონეზე. ამას გარდა, პრობლემას წარმოადგენს როგორც ქალთა, ასევე – ბავშვთა მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობა.[2]

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აზერბაიჯანში გოგონათა და ქალთა დისკრიმინაციის საკითხის შესახებ 2018 წლის  დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საოჯახო კოდექსის მიხედვით, დაქორწინებული ქალი აბსოლუტურად იგივე უფლებებს ატარებს, როგორსაც დაქორწინებული ქალი და ქმართან ერთად, მიიჩნევა ოჯახის უფროსად. ამას გარდა, კონსტიტუციის მიხედვით, ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ბავშვზე მეურვეობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს ყველას, გავრცელებული ცნობებით, ქალები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია ქმრებს იმის შესახებ, რომ სახლიდან წასვლას აპირებენ. ამას გარდა, ქალის მიერ ქმრისადმი დაუმორჩილებლობა ან ქმრისთვის შეუტყობინებლობა იმაზე, რომ ქალი სახლიდან გასვლას აპირებს, საზოგადოების მიერ აღქმული იყო, როგორც ფიზიკური ძალადობის გამამართლებელი მიზეზი.

ქალთა როლის დისკრიმინაციული წარმოჩინება, ისევე როგორც გენდერული სტერეორიპები (სახლის დალაგება, ბავშვების მიხედვა, ა.შ.)  აზერბაიჯანში ფართოდაა გავრცელებული. ისეთი მიდგომები, როგორიცაა  პატრიარქალური დამოკიდებულება და ოჯახური ღირსების შენარჩუნება, განსაზღვრავს ქალებსა და გოგონებზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო უფლებების და სასამართლოზე წვდომის კუთხით მდგომარეობას, ანგარიშის მიხედვით, კანონი თანაბარ საშუალებას როგორც ქალებს, ასევე – მამაკაცებს, შეიტანონ სარჩელი სასამართლოში. ქალთა მიერ მიცემული ჩვენებები ისეთი სამართლებრივი ძალისა, როგორიც კაცთა. ამას გარდა, კანონი საშუალებას აძლევს ქალებს, სრულფასოვნად ისარგებლონ სასამართლოზე წვდომის უფლებით, რაც განპირობებულია იმით, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა ადვოკატზე, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ფარავს. ასევე, ქალთა და გოგონათა კონკრეტული ინტერესები  გათვალისწინებულია მათ შორის ისეთი ნორმებით, როგორიცაა მაგალითად, დახურული სასამართლო პროცესი, როდესაც საკითხი ეხება პირად ან ოჯახურ ცხოვრებას.

ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზოგჯერ ქალები აწყდებიან გარკვეულ ბარიერებს სასამართლოზე წვდომის კუთხით, რისი მიზეზიც ყველაზე ხშირად არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საქმეების სათანადო ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა (Underreporting), მაღალი საზოგადოებრივი თმენა გენდერული ძალადობის მიმართ, შესაბამისი ორგანოების არასათანადო რეაგირება და მოსამართლეების და პროკურორების მხრიდან შეუსაბამო ენისა და მიმართვების გამოყენება. წარმომადგენლის თქმით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა აღქმულია, როგორც პირადი, საოჯახო საკითხი, რომელიც ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს.

ამას გარდა, 2014 წლის ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო წერდა, რომ „ყველაზე მეტად ქალთა წინააღმდეგ დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებს ხელს უწყობდა ღრმად გამჯდარი პატრიარქალური დამოკიდებულება პოლიციის, სასამართლოს, სხვა რელევანტური საჯარო მოხელეების თუ ადგილობრივი თემის ლიდერების მხრიდან. შედეგად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საქმეებში სისხსლისამართლებრივი დევნა ხშირად არ იწყება, ქალებს სისტემატურად არ ანიჭებენ დამცავ ორდერებს და ზოგიერთი ქალი აწყდება სირთულეებს განქორწინების დროს, ზოგჯერ ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროსაც კი.[3]

[1] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 6 March 2019]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 6 March 2019]

[3] OECD – Organisation for Economic Co-operation and Development – Country profile on discrimination of women and girls (laws, social norms and practices) Azerbaijan – available at

[accessed 7 March 2019]

აზერბაიჯანი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. თებერვალი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო         პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ საპატიმროების სამონიტორინგო ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიხედვით, ციხეებში პირობები ზოგჯერ იყო მკაცრი და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში, რისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებიც იყო გადავსებულობა, არაადეკვატური კვება, დეფექტური გათბობა და ვინტილაცია და დაბალი ხარისხის ჯანდაცვა. დაკავებული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი სასამართლოების წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც, რომლებიც მიწისქვეშ იყო მოწყობილი, აღინიშნებოდა არადამიანური პირობები და გადავსებულობა. ისინი ასევე საუბრობდნენ ვინტილაციისა და სათანადო სანატარიის კუთხით პრობლემებზე.

მამაკაცი და ქალი ბრალდებულები ერთად იყვნენ განმწესებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში, თუმცა ერთმანეთისგან იზოლირებულად. მსაჯვრდების შემდეგ, ქალი პატიმრები გადაჰყავდათ სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ საპატიმროებში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ როგორც წესი, ქალი პატიმრები ცხოვრობდნენ შედარებით უკეთეს პირობებში, მონიტორინგს ექვემდებარებოდნენ უფრო ხშირად და გააჩნდათ შედარებით უკეთესი წვდომა ვარჯიშსა თუ სხვა სახის აქტივობებზე, ვიდრე მამაკაცი პატიმრები. მიუხედავად ამისა, ქალთა ციხეებშიც ისეთივე პრობლემები ფიქსირდებოდა, როგორიც მამაკაცთა საპატიმროებში. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც 7 წლამდე ბავშვი მსჯავრდებულ დედასთან ერთად, ციხეში ცხოვრობდა.

მართალია, მთავრობა აგრძელებდა ახალი საპატიმროების შენებას, თუმცა, ზოგიერთი საბჭოური დროის საპყრობილე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, არ იყო თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან. ყველაზე ცუდი პირობები ფიქსირდებოდა გობუსტანის; N3; N14 და ტუბერკულოზის სამკურნალო პენიტენციაური ცენტრის საპატიმროებში.

ადამიანს უფლებათა დამცველები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ბადრაგის მიერ პატიმრების ცემის, ასევე, მათი იზოლირებულ საკანში, განმარტოებით განთავსების  ფაქტებს. ადგილობრივი და საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ განსაკუთრებით მძიმე პირობებს გობუსტანის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში.

ვრცელდებოდა ცნობები ციხეებში პატიმრების წამების შესახებ. მაგალითად, მედია და ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, აგვისტოში, გობუსტანის საპატიმროში წამებას დაექვემდებარნენ „მუსლიმთა საძმოს მოძრაობის“ წევრები აბბას ჰუსეინოვი და ჯაბბარ ჯაბბაროვი. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებები არ დაწყებულა.

პატიმრები ჩიოდნენ, რომ ზოგჯერ უწევდათ ხანგრძლივი პერიოდის საკანში გატარება და ამ პერიოდის განმავლობაში არ შეეძლოთ ფიზიკური აქტივობით დაკავება. ისინი ასევე საუბრობდნენ პრობლემებზე ძირითადად გადავსებულობის, ვინტილაციის, სანიტარიის და ჯანდაცვის კუთხით. მართალია, აზერბაიჯანის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, მას მედიკამენტები მიაწოდეს, მაგრამ ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს –  გოზელ ბაირამლის, ბაქოს ციხის ადმინისტრაციამ არ მიაწოდა სათანადო წამალი, რამაც მისი ჯანმრთელობის საგრძნობი გაუარესება გამოიწვია.

ყოფილი პატიმრები და დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმრებს ხშირად უწევდათ სააბაზანოს ან საპირფარეშოს სარგებლობისთვის, ასევე, საკვების მისაღებად –  ქრთამის გადახდა. მართალია, კანონი იძლევა საშუალებას, პატიმარმა ოჯახისგან დამატებითი საკვები ყოველდღიურად მიიღოს, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაცია კონკრეტულ პატიმრებს არ რთავდა ნებას, მიეღოთ ოჯახების მიერ გაგზავნილი საკვები. ზოგიერთ საპატიმროსა და დაკავების ცენტრში პატიმრებს არ გააჩნდათ წვდომა სასმელად ვარგის წყალზე.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევებში, პატიმრებს უპრობლემოდ, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, შეეძლოთ შეეტანათ საჩივრები სასამართლოებსა თუ სახალხო დამცველის ოფისში, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ციხის ადმინისტრაცია ხშირად კითხულობდა აღნიშნულ დოკუმენტებს. ამას გარდა, უფლებადამცველი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში ზოგიერთი პატიმარი აწყდებოდა გარკვეულ სირთულეებს საჩივრის შეტანასთან მიმართებით.

მართალია, ომბუდსმენის ოფისი ატარებდა მრავალჯერად ვიზიტებს და იძიებდა აღნიშნულ საჩივრებს, მაგრამ აქტივისტები აცხადებნენ, რომ აღნიშნული ორგანო არ იჩენდა შესაბამის აქტიურობას და  არასათანადო ყურადღებას უთმობდა პატიმართა საჩივრებს, მაგალითად, სავარაუდო წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს, როგორც იყო მოძრაობა „მუსლიმთა ერთობის“ თავმჯდომარის მოადგილის, აბბას ჰუსეინოვის და N!DA აქტივისტის – ბაირამ მამადოვის შემთხვევებში.

ციხის ადმინისტრაცია, ზოგჯერ, ზღუდავდა ადვოკატების ან ოჯახის წევრების ვიზიტებს, განსაკუთრებით იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც საზოგადოების მიერ აღქმული იყვნენ, როგორც პოლიტიკური პატიმრები.

მთავრობა ნებას რთავდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოანახულებინათ ციხეები და გაცნობოდნენ მდგომარეობას. მათ შორის იყო: წითელი ჯვარი, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტარები და დიპლომატები. შესაბამისი ორგანოები ასევე ნაბას რთავდნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, მოენახულებინათ ომის ტყვეები და სამოქალაქო დაკავებულები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით იმყოფებონდნენ საპატიმროებში.

უფლებადამცველთა და მთავრობის საერთო, საპატიმროთა სამონიტორინგო ჯგუფი, სახელწოდებით საჯარო კომიტეტი უფლებამოსილი იყო, ციხეებში ვიზიტი განეხორციელებინა პენიტენციალური სამსახურისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ჯგუფებს, რომლებმაც სამსახურს წინასაწარი შეტყბინება გაუგზავენს, საპატიმროში შესვლისას ექმნებოდათ გარკვეული დაბრკოლებები.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საპატიმროებში პირობები, ზოგადად, მიღებულ სტანდარტებს ქვემოთაა. ჯანდაცვა ხშირად არაადეკვატური, ხოლო გადავსებულების პრობლემა – რუტინულია.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ყოვეწლიური ანგარიშის მიხედვით, წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ დაუსჯელად მიმდინარეობდა. 17 დაკავებულმა პირმა გააჟღერა საფუძვლიანი ბრალდებები დაკავების იზოლატორებში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მათი განცხადებით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების სათავო ოფისში ოფიცრებმა მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ხელკეტების გამოყენებით ცემეს. ასევე, ზოგიერთის თქმით, მათ მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკი და ემუქრებოდნენ ცოლებისა და დების გაუპატიურებით. დაკავებული პირების განცხადებით, უშუალოდ დაკავებისას ისინი ასევე ცემეს პოლიციის მანქანაში. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017-2018 წლები) წერს აქტივისტისა და ბლოგერის – მეჰმან ქალანდაროვის შესახებ. ის 28 აპრილს, კურდახანის ციხეში, საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებით, ქალანდაროვი აწამეს და შემდეგომ ფარულად დაასაფლავეს, რათა მტკიცებულებები დაემალათ. წლის დასასრულისთვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.[4]

[1] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 1 February 2019]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 4 February 2019]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Azerbaijan, 18 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a61eea14.html [accessed 4 February 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Azerbaijan, 22 February 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a99394e4.html [accessed 4 February 2019]