ალჟირი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2017

ალჟირი წარმოადგენს მრავალპარტიულ რესპუბლიკას, რომლის მეთაურიც არის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ხალხი, 5 წლის ვადით. კონსტიტუციით, პრეზიდენტს, რომელიც მთავრობის მეთაურს წარმოადგენს, უფლება აქვს დანიშნოს და მოხსნას მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი.[1]

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ 3 პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვები შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ, სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობა და შეზღუდვები პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ეხება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, მათ შორის წამების ბრალდებებს, შეზღუდვას მოქალაქეების უფლებაზე, აირჩიონ თავიანთი მთავრობა, მთავრობის ნაკლებად გამჭვირვალობასთან ერთად ფართოდ გავრცელებულ კორუფციას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აივ ინფექციით დაავადებული და LGBTI პირების სოციალურ დისკრიმინაციას. ქალები ასევე განიცდიან ძალადობასა და დისკრიმინაციას; დაფიქსირდა ბავშვთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტი. გარდა ამისა, მთავრობამ შეინარჩუნა შეზღუდვები მომუშავეთა უფლებებზე.[2]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, არ ფიქსირდებოდა მთავრობისა და მისი აგენტების მხრიდან თვითნებური ან უკანონო მკვლელობების ფაქტები, ასევე არ ფიქსირდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარების ფაქტებიც. მდგომარეობა ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კანონმდებლობით აკრძალულია წამება, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა ადგილობრივი აქტივისტები ეჭვობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ, აღიარების მისაღებად, იყენებდნენ წამებასა და ძალადობრივ ქმედებებს. მთავრობამ უარყო აღნიშნული ბრალდებები. აღნიშნული ქმედებების ჩადენისთვის მთავრობის აგენტებს ემუქრებათ 10-დან 20-წლამდე პატიმრობა და 2016 წლის განმავლობაში, ამ მხრივ იყო ორი მსჯავრდებული. არ ფიქსირდებოდა სამოქალაქო ან უსაფრთხოების სამსახურის პირების მიმართ დევნის, წამებისა და ძალადობრივი ქმედების ჩადენის სხვა ფაქტები. 2016 წლის 12 მაისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ალჟირი დაადანაშაულა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის[3] დარღვევაში, გადაწყვეტილება დამყარებული იყო მთავრობის წარუმატებლობაზე, დაეცვა თავისი პოზიციები ფინანსური კონსულტანტის ჩანი მეჯოუბის (Chani Medjoub) საქმეში, რომელიც დაიჭირეს 2009 წელს კორუფციის გამო და რომელიც ამტკიცებდა, რომ დაზვერვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრებმა იგი აწამეს.[4]

უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩებოდა წინასწარი პატიმრობა. უსაფრთხოების ძალები აკავებდნენ პირებს, რომლებიც ჩადიოდნენ სახელმწიფო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებებს, როგორიცაა მიტინგები, გაფიცვა, აჯანყება. დაკავებულები იტყობინებოდნენ, რომ ბრალდების წაყენების გარეშე, გათავისუფლებამდე ისინი დაკავებულები იყვნენ 4-დან 8-საათამდე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩებოდა დაუსჯელობა. კანონმდებლობა უზრუნველყოფს ძალადობისა და კორუფციის ფაქტების გამოძიების მექანიზმებს, თუმცა, მთავრობა ყოველთვის არ ასაჯაროებს ინფორმაციას  პოლიციის, სამხედროების ან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია თვითნებური დაკავება ან დაჭერა, ხელისუფლება, იმ პირების დასაჭერად და დასაკავებლად, ვინც აკრიტიკებს მთავრობას და მიიჩნევა საჯარო წესრიგის დამრღვევად, ზოგჯერ იყენებს ბუნდოვან დებულებებს, როგორიცაა: „შეუიარაღებელი შეკრებების წაქეზება“ და „სახელისუფლებო უწყების შეურაცხყოფა“. ანგარიშის მიხედვით, სერიოზულ პრობლემად რჩებოდა ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ვადა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ვარაუდობდნენ, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილს შეადგენენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ამ მხრივ სპეციფიკური სტატისტიკა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 2016 წლის სექტემბრისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებულების რაოდენობა, მთლიანად დაკავებულთა და პატიმართა რაოდენობიდან, შეადგენდა პროპორციულად 13.85%-ს, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელს იგივე პერიოდში შეადგენდა 15.02%-ს და პოლიციის პატიმრობაში იმყოფებოდა – 5.66%.[5]

პირად ცხოვრებაში უკანონო და თვითნებური ჩარევის ფაქტები

კონსტიტუციით დაცულია ადამიანთა პირადი ცხოვრება, მათ შორის კომუნიკაციის და კორესპონდენციის კონფიდენციალურობა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევდნენ მოქალაქეებისთვის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მიხედვით, მოქალაქეებს აქტიურად სჯეროდათ, რომ მთავრობა ხშირად აწარმოებდა ელექტრონულ მეთვალყურეობას კონკრეტულ მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებზე და ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებზე. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები ორდერის გარეშე ჩხრეკდნენ სახლებს და მოულოდნელად მიდიოდნენ სახლებში.[6]

სამოქალაქო უფლებები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სიტყვისა და პრესის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია საშუალებები აკრიტიკებენ მთავრობის წევრებსა და პოლიტიკას, თუმცა, მთავრობამ შეზღუდა ეს უფლებები. მთავრობის ქმედებები შეიცავდა ზოგიერთი კრიტიკის შეზღუდვას, ბუნდოვანი კანონების თვითნებურ აღსრულებას, არაფორმალურ ზეწოლას გამომცემლებზე, რედაქტორებზე, რეკლამის დამკვეთებსა და ჟურნალისტებზე და ქვეყანაში სარეკლამო ფინანსებსა და საბეჭდ შესაძლებლობებზე კონტროლს. ინდივიდებს შეზღუდული ჰქონდათ საჯაროდ მთავრობის კრიტიკის შესაძლებლობა. ხელისუფლება, ასეთი ქმედებისთვის, იჭერდა და აკავებდა მოქალაქეებს და მათ, საჯარო კრიტიკისას უწევდათ თვითკონტროლი. კანონმდებლობით იკრძალება და დასჯადია 1990-იან წლებში შიდა კონფლიქტის დროს უსაფრთხოების ძალების ქმედებების შესახებ მოხსენება/სიტყვით გამოსვლა, თუმცა, 2016 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა ამ ნიშნით დაკავების ან დევნის შემთხვევა. კანონმდებლობა ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას ბროშურებისთვის, ბიულეტენისთვის ან ფლაერებისთვის, რამაც “შეიძლება ზიანი მიაყენოს ეროვნულ ინტერესს”, ან ერთ წლამდე პატიმრობას იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ცილს დასწამებს ან შეურაცხყოფას მიაყენებს პრეზიდენტს, პარლამენტს, არმიას ან სახელმწიფო ინსტიტუტებს. მთავრობის წარმომადგენლები აკვირდებიან პოლიტიკურ მიტინგებს. ორგანიზაციებმა, რომელთაც სურთ რეგულარული პუბლიკაციების გამოქვეყნება, მთავრობისგან უნდა მიიღონ ავტორიზაცია, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პუბლიკაციის დირექტორს გააჩნდეს ალჟირის მოქალაქეობა. ადგილობრივ გამოცემებს კანონმდებლობით ეკრძალებათ უცხოური წყაროებისგან პირდაპირი ან ირიბი მატერიალური დახმარების მიღება.[7]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ შეაფერხა ინტერნეტზე წვდომა და აკვირდებოდა კონკრეტულ ელექტრონულ ფოსტებსა და სოციალური მედიის გვერდებს. კანონი კიბერდანაშაულზე ადგენს ელექტრონული მონაცემების გამოყენების პროცედურებს და სერვისის პროვაიდერებს აკისრებს მთავრობასთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონით მთავრობას, სასამართლოდან წერილობითი ნებართვის საფუძველზე, შეუძლია ჩაატაროს ელექტრონული დაკვირვება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე შეტევის თავიდან ასაცილებლად.[8]

Amnesty International – ის მიხედვით, ალჟირის ხელისუფლება განაგრძობდა ჟურნალისტების, ბლოგერების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების დაკავებას, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ შეხედულებებს. მათ შორის იყო ბრიტანელ-ალჟირელი ჟურნალისტი მოჰამედ ტამალტი (Mohamed Tamalt), რომელიც პატიმრობაში გარდაიცვალა 2016 წლის დეკემბერში.[9]

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს შეკრებისა და გაერთიანების უფლებას, რამდენიმეჯერ მთავრობამ შეზღუდა ეს უფლებები. ძალაში რჩებოდა ალჟირში დემონსტრაციების აკრძალვა. ქვეყნის მასშტაბით მთავრობა, მოქალაქეებისა და ორგანიზატორებისგან, საჯარო მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვამდე ითხოვდა ნებართვის მიღებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მთავრობამ შეზღუდა პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის აქციების მოწყობის ლიცენზიების გაცემა ან აგვიანებდა მათ გაცემას, რითაც ხელს უშლიდა ღონისძიების ორგანიზებას.[10] Amnesty International – ის მიხედვით, ხელისუფლება რეგულარულად არ გასცემდა ავტორიზაციას საჯარო მიტინგებსა და შეკრებებზე.[11]

Human Rights Watch – ის 2017 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მთავრობამ გაზარდა სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტები ბლოგერების, ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო მუხლები, რომლითაც ისჯება „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“, „სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფა“ ან „ისლამის დაძრახვა“. მთავრობა ასევე ავიწროებს მშრომელ აქტივისტებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ და მოუწოდებენ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, იმ ბრალდებით, რომ ახორციელებენ „არასანქცირებულ შეკრებას.“[12]

პოლიტიკური უფლებები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები, ლეგალურად მოქმედებების დაწყებამდე, უნდა დაამტკიცოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთავრობა ინარჩუნებდა მედიაზე გავლენას და ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათ არ ჰქონდათ საჯარო ტელევიზიებსა და რადიოში წვდომა. უსაფრთხოების ძალები არბევდნენ ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებს და ერეოდნენ ორგანიზების უფლებაში. ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიამ, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა მიიღოს ამომრჩეველთა 4% ან საარჩევნო ოლქში უნდა შეაგროვოს 250 ხელმოწერა. ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს აღნიშნული კანონი და აღნიშნეს, რომ ამით უფრო გამკაცრდა მათთვის საკვალიფიკაციო ბარიერი, ასევე გააკრიტიკეს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანოს შექმნა, რომლის წევრებსაც დანიშნავს პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აკონტროლებს კოალიცია. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა კრძალავს რელიგიაზე, ეთნიკურობაზე, გენდერზე, ენაზე ან რეგიონზე დაფუძნებულ პარტიებს, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც შეიქმნა ისლამზე დაფუძნებული რამდენიმე პარტია, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია მწვანეთა ალიანსის წევრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის აგვისტოში ფიქსირდებოდა 71 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია. არალეგალური იყო ისლამური ხსნის ფრონტის (Islamic Salvation Front) წევრობა, რომელიც ქვეყანაში აკრძალულია 1992 წლიდან. კანონმდებლობა ასევე კრძალავს პოლიტიკური პარტიის კავშირებს არაპოლიტიკურ გაერთიანებებთან და არეგულირებს პარტიის დაფინანსების მოთხოვნებს. კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მიიღონ უცხოური პარტიებისგან პირდაპირი ან ირიბი ფინანსური ან მატერიალური დახმარება.[13]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ოფიციალურად კორუფციისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 10-წლამდე, თუმცა, მთავრობა ძირითადად ამას ეფექტურად არ ახორციელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის ინდექსის მიხედვით, ალჟირში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.[14]

დისკრიმინაცია, სოციალური ძალადობა და ტრეფიკინგი

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფიქსირდებოდა გაუპატიურების ფაქტები, მათ შორის მეუღლეებს შორის. კანონმდებლობით გაუპატიურება დასჯადია, თუმცა, ეს არ ეხება მეუღლეებს შორის გაუპატიურების ფაქტებს. გაუპატიურება ისჯება 5-დან 10-წლამდე და ხელისუფლება ძირითადად იცავს ამ კანონს. სოციალური და ოჯახისგან მომავალი წნეხის გამო, ბევრი ქალი არ აფიქსირებს გაუპატიურებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს. ფართოდაა გავრცელებული ოჯახური ძალადობა. კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, წავიდეს ექსპერტიზაზე გამოკვლევისთვის, რათა აღირიცხოს დაზიანებები/ტრავმები და შემდგომ ექსპერტმა უნდა განსაზღვროს, რომ მსხვერპლს გააჩნია დაზიანებები, რომელიც მას ხდის უუნაროს 15 დღის განმავლობაში. კანონმდებლობა ასევე მოითხოვს, რომ ექსპერტმა დაზარალებულზე გასცეს „ქმედუუნარობის სერთიფიკატი“, რომლითაც დასტურდება დაზიანებები და რომელსაც დაზარალებული წარუდგენს ხელისუფლებას, როგორც საჩივრის საფუძველს. მთავრობამ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ჩაატარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, რათა ქალებისთვის გაეცნოთ მათი უფლებები, წაეხალისებინათ ოჯახური ძალადობის დაფიქსირების ფაქტები და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე სასაუბროდ ჩაერთოთ კაცები. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 14 366 შემთხვევა, საიდანაც 12 804 შემთხვევაში მოძალადე იყო მამაკაცი. მთავრობის განცხადებით, აქედან უმრავლესობა მსჯავრდებულია და ასევე მიიღეს ჯარიმები. ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს დაახლოებით 100-დან 200-მდე ქალი იღუპება ოჯახური ძალადობის გამო.[15] ქალები დისკრიმინაციას განიცდიდნენ დასაქმების კუთხითაც, ქალთა ორგანიზაციების ლიდერები აცხადებდნენ, რომ ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალები ნაკლებად იღებდნენ მსგავს ანაზღაურებას.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა  მამაკაცს მრავალცოლიანობის ნებას რთავს. კანონმდებლობით პოლიგამია დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ცოლი თანახმაა და მოსამართლე ჩათვლის, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ქმნის დამატებითი ცოლის ყოლის საშუალებას. 2013 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი კვლევის საფუძველზე დაყრდნობით, პოლიგამიური ოჯახები ქვეყანაში ქმნიან დაახლოებით 3%-ს. [16]

არალეგალურია ბავშვთა მიმართ ძალადობა, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რაზეც მთავრობამ გაზარდა რესურსები და ყურადღება. 2016 წლის ივნისში მთავრობამ დანიშნა ეროვნული ომბუდსმენი, რომელიც პასუხისმგებელია დააკვირდეს და ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ანგარიში ბავშვთა უფლებებზე. ქორწინების მინიმუმი ასაკობრივი ზღვარი არის 19 წელი როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის, მაგრამ არასრულწლოვნებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლის თანხმობით, განურჩევლად სქესისა. კანონმდებლობა უკრძალავს მეურვეებს იძულებით ქორწინებას, თავიანთი მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების სურვილის გარეშე. რელიგიურ საქმეთა სამინისტრო, რელიგიური საქორწილო ცერემონიის ჩატარებამდე, ითხოვს წყვილებისგან მთავრობის მიერ გაცემულ საქორწინო მოწმობას.[17]

კანონმდებლობა კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაციას დასაქმების, განათლების მიღების, ჯანდაცვის მიღების, ან სხვა სახელმწიფო მომსახურებით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა, მთავრობა ეფექტიანად არ ასრულებს ამ დებულებებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან ფართოდ გავრცელებულ სოციალურ დისკრიმინაციას, მათთვის მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო შენობა იყო ხელმისაწვდომი.[18]

კანონმდებლობით დასჯადია ერთსქესიანთა სექსუალური ურთიერთობები და ითვალისწინებს 6 თვიდან 3-წლამდე პატიმრობას და ჯარიმას 9$-დან 92$-მდე. LGBTI პირები განიცდიდნენ სოციალურ და რელიგიურ დისკრიმინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გახსნილად ცხოვრობს, უმრავლესობა მაინც ვერ ააშკარავებს თავიანთ თავს და ბევრ მათგანს ეშინია ოჯახის ან ხელისუფლების მხრიდან სასჯელის. LGBTI პირებს უარს ეუბნებიან დამსაქმებლები, ძირითადად კაცებს, რადგან ისინი სუსტ არსებებად აღიქმებიან.[19] მიუხედავად იმისა, რომ „ამორალური საქციელისთვის“ დაკავებული იყო რამდენიმე LGBTI პირი, ძალიან იშვიათია დევნა ერთსქესიანთა შორის სქესობრივი აქტის გამო. გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დასჯადია ერთსქესიანთა შორის სქესობრივი აქტი, ძირითად შემთხვევებში LGBTI პირები სახელმწიფოს მიერ არ იდევნებიან.[20]

ალჟირში ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ალჟირის მთავრობა სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა, მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევა ამისათვის. უკანასკნელი 5 წლის ანგარიშების მიხედვით, ალჟირი არის სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყანა და ძალიან გამონაკლის შემთხვევებში, საწყისი ქვეყანა ბავშვების სექსუალური ტრეფიკინგის და კაცების იძულებით შრომისთვის. დოკუმენტების არმქონე სუბ-საჰარელი მიგრანტები ალჟირში, ძირითადად მალიდან, ნიგერიდან, ბურკინა ფასოდან, კამერუნიდან, გვინეიდან, ლიბერიიდან და ნიგერიიდან არიან ყველაზე მეტად მოწყვლადები შრომისა და სექსუალური ტრეფიკინგის მიმართ, ძირითადად მათი არარეგულარული მიგრაციის სტატუსიდან, სიღარიბიდან და ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე. მარტოხელა ქალები და ის ქალები, რომლებიც მოგზაურობენ შვილებთან ერთად ასევე გადიან მოწყვლად კატეგორიაში.[21]

რელიგიური თავისუფლება

ალჟირში რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რწმენისა და წირვა-ლოცვის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო რელიგია არის ისლამი და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის აკრძალულია ისლამთან შეუსაბამო ქცევები. კანონმდებლობა ყველა მოქალაქეს აძლევს თავისი რელიგიის პრაქტიკის უფლებას მანამ, სანამ ისინი პატივს სცემენ საჯარო წესრიგსა და რეგულაციებს. სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება ნებისმიერი რელიგიის შეურაცხყოფა. დანაშაულია ასევე არამუსლიმის მიერ მუსლიმის თავის რწმენაზე მოქცევა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პოლიციამ, არაავტორიზებული რელიგიური აქტივობებისთვის, როგორიცაა ლოცვა და ბეჭდვითი რელიგიური წიგნები, დააკავა აჰმადიის მიმდევარი მუსლიმები. ასევე, სასამართლომ ქრისტიანობაზე გადმოსულ პირს მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის. ასევე იყო ოჯახის წევრებისგან იმ მუსლიმების შევიწროების ფაქტები, რომლებიც გადავიდნენ ან ინტერესი გამოიჩინეს ქრისტიანობის მიმართ. სუნიტური ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ისინი იღებდნენ მუქარებს. საოჯახო კოდექსი უკრძალავს მუსლიმ ქალს დაქორწინდეს არა-მუსლიმ მამაკაცზე მანამ, სანამ ის არ მიიღებს ისლამს. იგივე კოდექსი არ უკრძალავს მუსლიმ მამაკაცს ქრისტიან ან ებრაელ ქალზე დაქორწინებას. კანონის მიხედვით, პირს, რომელიც ისლამიდან გადავიდა სხვა რელიგიაზე, არ აქვს უფლება მიიღოს მემკვიდრეობა. კანონი უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისგან ან უცხოური  ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღებას. კონსტიტუციით იკრძალება რელიგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის შექმნა.[22]

Amnesty International – ის ცნობით, უკანასკნელი წლის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა და პრესამ გააჟღერა სიძულვილის შემცველი ან დისკრიმინაციული კომენტარები აჰმადიის წევრების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში  აჰმადიის დაახლოებით 280 წევრის მიმართ დაიწყო გამოძიების ან დევნის ფაქტები, მას შემდეგ, რაც აჰმადიის მიმდევრებმა წარუმატებლობა განიცადეს დარეგისტრირებისას და ახალი მეჩეთის ინაუგურაციის დროს.[23]

ტერორიზმი

გაერთიანებული სამეფოს 2017 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ალჟირში მოქმედებენ ისლამისტური ტერორისტული ჯგუფები, ისინი  შეზღუდული რაოდენობის არიან და გააჩნიათ მთავრობის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობები. ალჟირის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეები ძირითადად არ წარმოადგენენ სამიზნეს. სოფლებში რამდენიმე შეტევა განხორციელდა უსაფრთხოების ძალებზე, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. თუ გავითვალისწინებთ ზოგადად მოსახლეობის რაოდენობას ტერორისტული ჯგუფების შესაძლებლობების ფონზე და თავდასხმების შედარებით მცირე რაოდენობას, სტატისტიკურად ძალიან დაბალია რისკი, რომ მოქალაქე დაექვემდებარება ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან სერიოზულ ზიანს. მთავრობას აქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და სურვილი, რომ უზრუნველყოს ეფექტიანი დაცვა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევებში გონივრულ გამოსავალს წარმოადგენს შიდა გადაადგილება.[24]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[2] Ibid

[3]  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი: არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.“

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[5]  Ibid

[6]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[7]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017

[8]  Ibid

[9]  Amnesty International, Algeria: Submission to the United Nations Human Rights Committee, List of Issues, 24 July 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[10]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[11]  Amnesty International, Algeria: Submission to the United Nations Human Rights Committee, List of Issues, 24 July 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[12]  Human Rights Watch, World Report 2017 – Algeria, 12 January 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[13] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[14]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[15]  Ibid

[16]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017

[17] Ibid

[18] Ibid

[19] Ibid

[20]  United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Algeria: Sexual orientation and gender identity, September 2017, v 2.0, available at:

[accessed 22 October 2017]

[21]  United States Department of State, 2017 Trafficking in Persons Report – Algeria, 27 June 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[22]  United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Algeria, August 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[23]  Amnesty International, Algeria: Wave of arrests and prosecutions of hundreds of Ahmadis, 19 June 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[24]  United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Algeria: Fear of Islamic terrorist groups, August 2017, v 1.0, available at:

[accessed 22 October 2017]