არაბთა გაერთიანებული საამიროები. პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2019

ავსტრიის წარმოშობისა და თავშესაფრის საკითხთა კვლევების და დოკუმენტირების ცენტრი – ACCORD 2018 წლის 25 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პალესტინელთა ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

1.1 მდგომარეობა გადაადგილების თავისუფლების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, მოქალაქეობის არმქონე პირებს გარკვეული შეზღუდვები ექმნებათ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რაც ხშირად გამოწვეულია პასპორტისა თუ სხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონით. თუმცა, დუბაის ერთ-ერთი იურიდიული ფირმის უფროსმა წარმომადგენელმა კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითების საბჭოს (შემდგომში – IRB) განუცხადა, რომ „პალესტინელებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ პალესტინის მიერ გაცემული შესაბამისი ვიზა“.

1.2 განათლებაზე, ჯანდაცვასა და დასაქმებაზე წვდომა.

დუბაის ბინადრობისა და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორატის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა შვილებს, „სპარსეთის ყურის ურთიერთანამშრომლობის საბჭოს“ (Gulf Cooperation Council) წევრთა შვილებს და იმ პირთა შვილებს, რომლებიც ფლობენ ქვეყნის პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის მიერ გაცემულ დეკრეტს. კერძო სკოლებში განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, ხოლო სწავლის წლიური ღირებულება მერყეობს 5000-დან 70 000 დირჰამამდე (1164-დან 16 296 ევრომდე).

IRB პალესტინურ არასამთავრობო ორგანიზაცია BADIL-ის მკვლევარზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულ საამიროებში იმ პალესტინელებს, რომელთაც გააჩნიათ სამუშაო ნებართვა, არ აქვთ წვდომა ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, შესაბამისად, ამ კუთხით, ისინი დამოკიდებულნი არიან კერძო სექტორზე. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევეს უცხო ქვეყნის საჯარო სექტორში მომუშავე პირის ორ შვილს, უფასოდ ისწავლონ საამიროების საჯარო სკოლებში.

რაც შეეხება დასაქმებაზე წვდომის კუთხით მდგომარეობას, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დასაქმების ბაზარზე პირის წვდომა, მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირებს, ასევე იმათ, ვისაც გააჩნიათ დროებითი ან ვადაგასული ვიზა, ზოგადად, შეზღუდული წვდომა აქვთ შრომით ბაზარზე. ამას გარდა, განათლებასა და სხვა საჯარო სერვისებზე, მათ შორის – ჯანდაცვაზე წვდომა, ასევე დამოკიდებულია პირის, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. შესაბამისად, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ზოგიერთ ერაყელ ან სირიელ ლტოლვილს და მათ ოჯახებს, არ გააჩნდათ წვდომა ჯანმრთელობის დაცვასა თუ განათლებაზე. მთავრობა, ხშირად გლუკი-ს ჩარევის შემდეგ, ნებას რთავდა ზოგიერთ ოჯახს, ესარგებლა კონკრეტული სერვისებით, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა. ზოგიერთი საავადმყოფო მზად იყო, ემკურნალა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დაზღვევა არ გააჩნდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, პაციენტებს მკურნალობის თანხა წინასწარ, სრულად უნდა გადაეხადათ.

ორგანიზაცია Gulf  Labour Markets and Migration (GLMM) მიხედვით, ფედერალურ დონეზე, სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ხოლო აბუ დაბის საამიროში, დამსაქმებელი ვალდებულია ჯანმრთელობის დაზღვევით დააზღვიოს მასთან მომუშავე ყველა დასაქმებული და მათი ოჯახის წევრებში, რომელშიც შედის მეუღლე და 18 წელს ქვემოთ მაქსიმუმ სამი შვილი.

2013 წლის კანონი N11 მიხედვით, დუბაის საამიროში დამსაქმებელი ვალდებულია მის მიერ დასაქმებული უცხოელებისთვის უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. ამას გარდა, დასაქმებულის გარანტორიც ასევე ვალდებულია, მიაწოდოს მას სადაზღვევო სერვისები, იმ შემთხვევაში, თუ მას დამსაქმებლისგან აღნიშნული დაზღვევა უკვე არ აქვს.[1]

[1] ACCORD – Query response on the United Arab Emirates: 1.) Residence status and possibilities of return; 2.) General situation of Palestinians [a-10656] available at

[accessed 13 February 2019]