ბაჰრეინი. სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის ეფექტურობა. მარტი, 2018

„Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ბაჰრეინის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა დაუსჯელობის პრაქტიკა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო, დაეყენებინა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აწამებდა და სხვა გზებით არღვევდა ადამიანის უფლებებს 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს და შემდეგაც. ძიება არ დაწყებულა უსაფრთხოების ძალების მიერ 2017 წლის იანვარი-მაისის პერიოდში მოკლული ექვსი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის საქმეზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სტუდენტი ალი მოჰამედ ჰაკიმ ალ-არაბი აწამეს დაკითხვისას, რომელიც 26 დღეს გრძელდებოდა; ის ცემეს, მის წინააღმდეგ გამიყენეს ელექტროშოკი და აიძულეს ხელი მოეწერა დანაშაულის აღიარებითი ჩვენებისთვის. 2017 წლის მაისში ებტისამ ალ-საეგი და 7 სხვა მშვიდობიანი კრიტიკოსი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საპატიმროში აწამეს.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ბაჰრეინის შესახებ წერს, რომ 2017 წლის 23 მაისს, სოფელ დირაზში მჯდომარე საპროტესტო აქციის რეიდისას, უსაფრთხოების ძალებმა გაიყენეს გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც  5 დემონსტრანტი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელეკომუნიკაციების კომპანიის თანამშრომელი სეიდ ალავი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 24 ოქტომბერს დააპატიმრეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი ოჯახის წევრებს განყოფილებიდან განყოფილებაში ამისამართებდნენ, მაგრამ ალავის კვალს ვერ აგნებდნენ. კონტაქტი გაუჩინარებულს და ოჯახს შორის რამდენჯერმე შედგა მოკლე სატელეფონო ზარის საშუალებით. ოჯახმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ომბუდსმენის ოფისს, სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებას და მთავარი პროკურორის ოფისს. ომბუდსმენის ოფისიდან ოჯახმა მიიღო წერილი, სადაც ეწერა, რომ სეიდ ალავი იმყოფებოდა იმ უწყებაში, რომელზე წვდომაც ოფისს არ აქვს. მოგვიანებით, ერთერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალავი და კიდევ სამი პირი იმყოფებოდნენ სამხედრო საპატიმროში და რომ მათ სამხედრო სასამართლო გაასამართლებდა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ბაჰრეინის შესახებ წერს, რომ მეფე ნიშნავს ყველა მოსამართლეს და სასამართლო განიცდის ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ქვეყნის სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული და მიკერძოებული და სამეფო ოჯახისა და მათი მოკავშირეების ინტერესების სასარგებლოდ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიცია 2016 წლის განმავლობაში მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმების ობიექტი იყო. 2016 წლის აპრილში, მანამასთან ახლოს თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს პატრულს, რის შედეგადაც ერთი ოფიცერი დაიღუპა და ორი დაშავდა. დეკემბერში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სამ პირს, რომელთაც ბრალი ედებოდათ 2014 წელს განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის დროსაც საამიროების ოფიცერი და ორი ბაჰრეინელი პოლიციელი დაიღუპა. ამავე საქმეზე კიდევ 7 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების განცხადებით, აღნიშნული პირების მიმართ დაირღვა საპროცედურო საკითხები და მათი აღიარებითი ჩვენება წამების გამოყენებით იქნა მიღებული. 2016 წლის მონაცემებით, ბაჰრეინს 2010 წლის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოუყვანია.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ბაჰრეინის შესახებ წერს, რომ შიგა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს საჯარო უსაფრთხოების ძალებს და სპეციალიზებულ უსაფრთხოების დანაყოფებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიგა წესრიგზე. ბაჰრეინის თავდაცვის ძალები პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ქვეყნის დაცვაზე გარეშე საფრთხეების დროს; ხოლო ბაჰრეინის ეროვნული გვარდია პასუხისმგებელია ქვეყნის დაცვაზე როგორც საგარეო, ასევე შიგა საფრთხეებისას. უსაფრთხოების ძალები ეფექტურად იცავენ წესრიგს და ზოგადად, სათანადო გზებით რეაგირებენ ძალადობრივ იერიშებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ხელისუფლება უსაფრთხოების ძალებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, თუმცა დაუსჯელობა რჩება პრობლემად. 2012 წელს მთავრობამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო განყოფილება, რომელსაც დაევალა უსაფრთხოების ძალების გადაცდომებზე რეაგირება. 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, ციხეში იყო პოლიციის 41 ოფიცერი, კიდევ 9 დაკავებული ელოდებოდა სასამართლო პროცესის დაწყებას; 190 ოფიცერს გამოუცხადეს საყვედური. როგორც წესი, სამინისტრო არ აქვეყნებს იმ ოფიცრებს სახელებს, რომელთაც გადაცდომების გამო აპატიმრებენ, თანამდებობრივად აქვეითებენ ან ათავისუფლებენ. ბევრი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი აცხადებდა, რომ პოლიციის მხრიდან გადაცდომების გამოძიება იყო ნელი და არაეფექტური.

დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს პოლიციელებზე, რაც გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს. აღნიშნულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და სხვა ხელნაკეთ იარაღს პოლიციის მანქანებისა და განყოფილებების წინააღმდეგ. პოლიციამ მოახერხა და საპასუხო ქმედებებისას თავიდან აირიდა მომაკვდინებელი ძალის გამოყენება.

2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა პოლიციის მოქმედების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ოფიცრებს მოეთხოვებათ 10 პრინციპის დაცვა, მათ შორის ძალის გამოყენების მინიმუმამდე შემცირება და ნულოვანი ტოლერანტობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ. წესი კრძალავს ძალის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალის გამოყენება „აბსოლუტურად აუცილებელია“. სამეფო პოლიციის აკადემიამ ახალი წესი კურიკულუმში ჩასვა და ახალწვეულებს ინგლისურ და არაბულ ენებზე დაურიგა. სამინისტროს ინფორმაციით, წესის დამრღვევების მიმართ გატარებული იქნება დისციპლინური სანქციები. ომბუდსმენის ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი მოქალაქეებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ პოლიციის მხრიდან გადაცდომების ან ძალის გადამეტების შესახებ განაცხადონ; ბევრი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მოქალაქეები ერიდებიან ამ საშუალების გამოყენებას, რადგან შურისძიების ეშინიათ. 2016 წლის სექტემბერის მონაცემებით, პოლიციის ცხელ ხაზზე შესული იყო 260 ზარი.

ანგარიშში ასევე საუბარია დემოგრაფიულ შემადგენლობაზე. ადგილობრივი აქტივისტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ პოლიცია და უსაფრთხოების ძალები არაა საკმარისად წარმომადგენლობითი. აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად და საპოლიციო ძალებში შიიტი მოქალაქეების ჩართულობის გასაზრდელად, მთავრობამ დაიწყო თემის პოლიციის პროგრამა, რომელიც პირებს სთავაზობს დასაქმებას თავიანთსავე უბანში; 2012 წელს პოლიციის აკადემიამ 577 ახალი პოლიციელი მოამზადა; მთავრობის ინფორმაციით, ისინი ძირითადად თემებში იმუშავებენ. იგივე პროგრამით 504 თემის პოლიციელი მომზადდა 2015 წელს. 2016 წელს ახალი პოლიციელების დაქირავება არ მომხდარა – თემის პოლიციელთა რაოდენობა დაახლოებით 1400-ია, მათგან 320 – ქალი. თემის წევრებმა დაადასტურეს, რომ პროგრამაში შიიტებიც იყვნენ ჩართული; მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Bahrain, 22 February 2018, available at:

[accessed 26 March 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Bahrain, 18 January 2018, available at:

[accessed 26 March 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Bahrain, 15 April 2017, available at:

[accessed 26 March 2018]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Bahrain, 3 March 2017, available at:

[accessed 26 March 2018]

ბაჰრეინი – ქრისტიანების მდგომარეობა – ოქტომბერი, 2017

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიის (USCIRF) მიერ, ბაჰრეინის შესახებ, 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის (დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი) ნახევარი ბაჰრეინის მოქალაქეა, ხოლო მეორე ნახევარი ემიგრირებულ მუშა ხელს წარმოადგენს, ძირთადად სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან. ემიგრანტთა თითქმის ნახევარი  არამუსლიმია (დაახლოებით 250,000-300,000). მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, ბაჰრეინის მოსახლეობის სულ მცირე 60% შიიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 35% – სუნიტი მუსლიმი. მოსახლეობის 1-2% კი არამუსლიმი, მათ შორის არიან ქრისტიანები, ინდუსები, სიქჰები, ებრაელები და ბაჰაები. რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამუსლიმ  რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში,   ბაჰრეინი ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა. მთავრობა ოფიციალურად აღიარებს სულ მცირე 19 ქრისტიანულ დენომინაციას (მიმდინარეობას), მცირე ებრაულ თემს, ინდუსებს და სიქჰებს. ბაჰაის მცირე თემი აღიარებულია, როგორც სოციალური გაერთიანება. ბაჰრეინელების უმრავლესობა აღიარებს, რომ ისტორიულად ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდათ ყველა რწმენისა და რელიგიის მიმართ.[1]

აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის მიერ ბაჰრეინის შესახებ, 2017 წლის აგვისტოში, გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით, ისლამი გამოცხადებულია ოფიციალურ რელიგიად, ხოლო შარიათი კანონმდებლობის ძირითად წყაროდ. იგი ითვალისწინებს სინდისის თავისუფლებას, თაყვანისცემის ადგილების ხელშეუხებლობას და რელიგიური რიტუალების შესრულების თავისუფლებას. კონსტიტუცია იძლევა აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების უფლებას, თუ აღნიშული არ ზღუდავს „ისლამური დოქტრინის ფუნდამენტურ რწმენებს“. კანონი კრძალავს ისლამის საწინააღმდეგო პუბლიკაციებს და „სახელმწიფო ოფიციალური რელიგიის შეურაცხყოფისა და კრიტიკის“ შემთხვევაში, აწესებს თავისუფლების აღკვეთას.

აშშ-ს მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 1.4 მილიონ ადამიანს (2016 წლის ივლისის მონაცემებით). მთლიანი მოსახლეობის 585,000 ადამიანი ბაჰრეინის მოქალაქეა (2015 წლის მონაცემები). აშშ-ს ინფორმაციით, მუსლიმები მოსახლეობის 70%-ს შეადგენენ, ქრისტიანები – 14.5%, ინდუსები – 9.8%, ბუდისტები – 2.5%, ხოლო ებრაელები 0.6%. ადგილობრივი წყაროების მიხედვით კი, მოქალაქეთა 99% მუსლიმია, ხოლო დარჩენილ 1%-ს ქრისტიანები, ინდუსები, ბაჰაები და ებრაელები შეადგენენ.

მთავრობა რეგისტრირებულ არამუსლიმურ საზოგადოებებს ნებას რთავდა, შეენარჩუნებინათ ღვთისმსახურების ადგილები, მოეწყოთ რელიგიური შეკრებები და გამოეჩინათ რელიგიური სიმბოლოები. შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური თემების, მათ შორის არამუსლიმების, მიერ ორგანიზებულ მასშტაბური ღონისძიებების დროს, უზრუნველყოფდა უსაფრთხოების ზომებს. უსაფრთხოების ძალების განცხადებით, უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ახორციელებდნენ რელიგიური შეკრებებისა და დაკრძალვის რიტუალების მონიტორინგს.

რელიგიური უმცირესობათა ჯგუფის მიმდევრების განცხადებით, მათ შეეძლოთ რელიგიური ხასიათის ინფორმაციისა და პუბლიკაციების გამოქვეყნება და მათი როგორც ეკლესიებში, ისე წიგნის მაღაზიებში დარიგება, თუმცა მთავრობა ისეთი პუბლიკაციების გამოქვეყნების ნებას რთავდა, რომელიც არ აკრიტიკებდა ისლამს.

ქრისტიანული თემის ლიდერების განცხადებით, მთავრობის მუდმივი მცდელობის კუთხით, რათა მოხდეს ქრისტიანული სასაფლაოების გაფართოება, მცირე პროგრესი შეინიშნება.

შურას საბჭოს (პარლამენტის სახლი) 40 წევრი შედგება 15 შიიტისგან, ერთი ებრაელისა და ერთი ქრისტიანისაგან, ხოლო 23 წევრი არის სუნიტი მუსლიმი.[2]

საინფორმაციო საშუალება Gulf News -ის მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ექსპატრიანტთა ასოციაციების ბაჰრეინული ფედერაციის (BFEA) გენერალური მდივნის, ბეტსი მატიესონის, განცხადებით, მსოფლიოში და ასევე, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, მშვიდობიანი რელიგიური თანაარსებობა ბაჰრეინის მთავარი მახასიათებელია.

ბაჰრეინი, რომელიც უმეტესად მუსლიმებით არის დასახლებული, ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ქრისტიანების და ებრაელების სამშობლოს. ქრისტიანი ოჯახების უმრავლესობა ბაჰრეინში მე-19 საუკუნის ბოლოსკენ დასახლდა, რომლებიც ძირითადად ერაყიდან და თურქეთიდან ჩავიდნენ. 1940 წელს კი, უფრო მეტი არაბი ქრისტიანი ჩავიდა ბაჰრეინში, ძირითადად სირიიდან, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, პალესტინიდან და იორდანიიდან. მათი მიზანი იყო, ემუშავათ მასწავლებლებად, ექიმებად და ბიზნესმენებად.

ქრისტიანული თემის მიხედვით, ბაჰრეინელი ქრისტიანები მთლიანი მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, თუმცა სხვა ეროვნების ქრისტიანების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ბაჰრეინში, 100,000-ზე მეტია. ბაჰრეინში 19 რეგისტრირებული ეკლესიაა. პირველი ქრისტიანული ეკლესია 1905 წელს აშენდა ამერიკელი მისიონერების მიერ. 1906 წელს, ეროვნული ევანგელისტური ეკლესია იყო პირველი ეკლესია, რომელმაც დაიწყო მსახურება.

რომის კათოლიკეებს აქვთ ორი ეკლესია, „Sacred Heart“-ის სახელობის ეკლესია მანამაში და „Our Lady of the Visitation“-ის სახელობის კათოლიკური ეკლესია ავალიში (ცენტრალური ბაჰრეინის ყოფილი ნავთობ-ქალაქი). „Sacred Heart“ აშენებულია 1940 წელს და ემსახურება 140,000 ადამიანს, ძირითადად ინდოელებს, ფილიპინელებს, პაკისტანელებს, ბანგლადეშელებს და შრი-ლანკელებს.[3]

 

[1] USCIRF – US Commission on International Religious Freedom: United States Commission on International Religious Freedom 2017 Annual Report; 2017 Country Reports: Tier 2 Countries: Bahrain, 26 April 2017 (available at ecoi.net)

 (accessed 26 September 2017)

[2] USDOS – US Department of State: 2016 Report on International Religious Freedom – Bahrain, 15 August 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/345216/476367_en.html (accessed 26 September 2017)

[3] Gulf News – Religious freedom is what makes life great in Bahrain, 7 July 2017, available at: http://gulfnews.com/news/gulf/bahrain/religious-freedom-is-what-makes-life-great-in-bahrain-1.2054476 (26 September 2017)