ბელარუსი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ბელარუსის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ ბელარუსი არის ავტორიტარული ტიპის სახელმწიფო, სადაც საარჩევნო პროცესები მმართველი ძალის მიერ იმართება, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით მდგომარეობა მინიმალურია. გასული წლების განმავლობაში, მთავრობის მიერ ნებადართული იქნა განსხვავებული აზრის გამოხატვა (შეზღუდულად), რაც იმით იყო განპირობებული, რომ მეზობელ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რეგიონში ვითარება დაძაბულია და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უბიძგებს მთავრობას, ევროპულ კავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთოებები დაალაგოს.

შესაბამისად, ბელარუსში პოლიტიკური უფლებების კუთხით  რეიტინგი  მცირედით გაუმჯობესდა (7-დან 6 ბალამდე, სადაც 1 ბალი ყველაზე მეტად თავისუფალს აღნიშნავს, ხოლო 7 – ყველაზე ნაკლებად თავისუფალს). აღნიშნული გაუმჯობესება განპირობებული იყო სამთავრობო სააგენტოების ახალი ინიციატივით, გაესაჯაროვებინათ ოფიციალური ინფორმაცია ონლაინ გვერდებზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ბელარუსის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს ქვეყანაში 2017 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობა აგრძელებდა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებისა და სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას. შესაბამისმა სამსახურებმა განახორციელეს ყველაზე დიდი დაკავებათა და დაპატიმრებების ტალღა 2010 წლის შემდეგ, რომლის ძირითადი ობიექტები მშვიდობიანი პროტესტანტები იყვნენ. პირველად 10 წლის განმავლობაში, ოფიციალური რეგისტრაციის საშუალება მიეცა ოპოზიციურ პოლიტიკურ მოძრაობას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა დღემდე არ აძლევს უფლებადამცველ ჯგუფებს რეგისტრაციისა და თავისუფალი ოპერირების საშუალებას. ამას გარდა, 2000 წლიდან მოყოლებეული, ქვეყანაში არ დარეგისტრირებულ არც ერთი ახალი პოლიტიკური პარტია.

ბელარუსი არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც კვლავ გამოიყენება სიკვდილით დასჯა და 2017 წელს მთავრობას მისი გაუქმების კუთხით ნაბიჯები არ გადაუდგამს.

მიუხედავად უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობისა, ევროპული ქვეყნები და ინსტიტუტები განაგრძობენ ბელარუსთან ურთიერთობების გაღრმავებას.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ბელარუსის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017-2018 წლები) წერს, რომ თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში, სამთავრობო ძალებმა ძალადობრივი გზით დაშალეს რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეების პრეზიდენტის 2015 წლის ბრძანებით შემოღებულ „უმუშევრობის გადასახადს“ (გადასახადი, რომლის გადახდაც ეკისრებათ უმუშევარ პირებს) აპროტესტებდნენ. მარტში, „უცხოური ფინანსების დახმარებით მასობრივი არეულობის დაგეგმვის“ ბრალდებით დააკავეს 35 პირი და მიანიშნეს, რომ აღნიშნული დაკავებები კავშირში იყო დემონსტრაციებთან. დაკავებები ფართოდ იქნება გაშუქებული ტელე-მედიის მიერ. ივლისის მდგომარეობით, ყველა დაკავებული გათავისუფლებული იყო.

მთავრობა კვლავაც არ აღიარებდა ბელარუსში გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალური რეპორტიორის მანდატს. ამას გარდა, საერთაშორისო დაცვის მაძიებელი რამდენიმე პირი დაბრუნებულ იქნა ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობდა წამებისა და სხვა, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის რისკი. მოქმედებდა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო შეკრებების მიმართ. მიმდინარე წელს ერთი პირი სიკვდილით იქნა დასჯილი, ხოლო სხვა 4 პირს მიესაჯა სიკვდილით დასჯა.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ ბელარუსი არის ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალებით. 1994 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარ გავლენას დაუქვემდებარა ყველა სახელისუფლებო ინსტიტუცია და სხვადასსხვა მეთოდის, მათ შორის – გაყალბებული არჩევნებისა და თვითნებური ბრძანებების, მეშვეობით, ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობას ქვეყანაში. მას შემდეგ ჩატარებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნები შორს იდგა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

სამოქალაქო სამსახურები, განსაკუთრებით კი – პრეზიდენტი ლუკაშენკო, ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებათა კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო: წამება; სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეებში; თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები; „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების შეზღუდვა, გამომდინარე სასამართლო პროცესებეში აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან; ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში; მნიშვნელოვანი ჩარევა გამოხატვის თავისუფლების და პრესის უფლებების კუთხით, მათ შორის – მთავრობის მაღალჩინოსნების დეფამაციის (განზრახი ან უსაფუძვლო ზიანის მიყენება სხვა პირის სახელისა და რეპუტაციისათვის) სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის შემოღება; ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მათი დაკავებები; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვები; შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით – ყოფილი პოლიტიკური პატიმრების შემთხვევაში.

სამოქალაქო უფლებები კვლავაც ფართოდ იყო შეზღუდული, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ვერ ახერხებდა დაეყენებინა პასუხისმგებლობის საკითხი პოლიტიკურად მოტივირებული პირთა გაუჩინარებების საქმეებთან მიმართებით. ხელისუფლების ყველა განშტოებაში სახეზე იყო კორუფცია; ვრცელდებოდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქალებს აიძულებდნენ მიემართათ აბორტისთვის; ამას გარდა, აკრძალული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები.[4]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Belarus, 1 August 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5b7bcca14.html [accessed 12 December 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Belarus, 18 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a61ee9ba.html [accessed 12 December 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Belarus, 22 February 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a9939484.html [accessed 13 December 2018]

[4] United States Department of State – BELARUS 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 12 December 2018]