გამბია. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2018

დედაქალაქი: ბანჯული; მოსახლეობა: 1.9 მილიონი; ენები: ინგლისური (ოფიციალური), მანდინკა, ვოლოფი, ფულა; მთავარი რელიგიები: ისლამი და ქრისტიანობა; გამბია წარმოადგენს აფრიკის ერთერთ პატარა ქვეყანას და დასავლურ აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, გამბიაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული სტაბილური მდგომარეობაა.

პრეზიდენტი იაჰია ჯამმაჰი მართავდა ქვეყანას 1994 წელს მომხდარი უსისხლო გადატრიალების შემდეგ. მისი 22 წლიანი მმართველობა 2016 წლის ბოლოს დასრულდა, როდესაც იგი დამარცხდა არჩევნებში მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატთან, ადამა ბარროუსთან. ჯამეჰმა ოფისი დატოვა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების შუამავლობის და შეიარაღებული ინტერვენციის მუქარის შემდეგ.

სტაბილურობამ არ გამოიწვია ქვეყნის აყვავება. მიუხედავად გამბიის მდინარის არსებობისა, რომელიც ქვეყნის შუაში გაედინება, ქვეყნის მხოლოდ ერთი მეექვსედია სახნავ-სათესად გამოსადეგი; მიწის უხარისხობიდან გამომდინარე, გამბიაში მხოლოდ მიწის თხილი მოდის.

ტურიზმი წარმოადგენს უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები გამბიელების გზავნილები. ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ატლანტის ოკეანის ნაპირებზე მდებარე კურორტებისკენ მიემართება.[1]

„Human Rights Watch“-ის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ეხება გამბიაში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა, ადამა ბარროუმ და მისმა მთავრობამ ჩაანაცვლა ყოფილი პრეზიდენტის იაჰია ჯამეჰის ავტორიტარული და ძალადობრივი მმართველობა.

2016 წლის დეკემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვების და იანვარში მმართველობის ხელში აღების შემდეგ, ბარროუ სწრაფადვე შეუდგა თავისი მთავრობის გათავისუფლებას ჯამმეჰისგან, რომლის 22-წლიანი მმართველობის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალები უკანონოდ აკავებდნენ ადამიანებს, აწამებდნენ და თვითნებურად კლავდნენ განსხვავებული აზრის მქონე პირებს და  დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს. ახალმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გამბიას „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფრიკის დედაქალაქად“ აქცევდა. ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა უამრავი პოლიტიკური პატიმარი და დაიწყო სასამართლო სისტემის გაძლიერება და უსაფრთხოების ძალების რეფორმირება. მან ასევე გააუქმა ჯამმეჰის მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება.

დასავლურ აფრიკული სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) დიდი როლი ითამაშა ჯამმეჰის დარწმუნებაში, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამარცხდა. ანგარიშის წერის პროცესში, გამბიაში კვლავ იდგა 500 მშვიდობისმყოფელი.

საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ბარროუს მთავრობას, რაც მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების კუთხით და უსაფრთხოების და სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში დახმარებას.

2017 წლის 6 აპრილს გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები; ადგილების უმეტესობა გაერთიანებულმა დემოკრატიულმა პარტიამ (UDP) დაიკავა. ბარროუ იყო გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის წევრი, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კოალიციას ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური პატიმრები

არჩევნებში ჯამმეჰის დამარცხების შემდეგ, გამბიის სასამართლოებმა და საპატიმროებმა ჯამმეჰის დროს შეცდომით დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათ შორის იყო ოპოზიციის ლიდერი უსაინუ დარბოე, რომელიც 2016 წლის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს დააკავეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2016 წლის დეკემბერში ის ოპოზიციის 40 მხარდამჭერთან ერთად გაათავისუფლეს.

სასამართლო და საპატიმრო რეფორმები

პრეზიდენტ ბარროუს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის, რომელიც ჯამმეჰის დროს მეტად პოლიტიზებული იყო. ბაროუმ დანიშნა ახალი მოსამართლეები და უზენაესი სასამართლოს მეთაური. საპატიმროებში არსებული ვითარება საზარელი იყო, პატიმრებს არ ქონდათ ცხოვრების ნორმალური პირობები, სანიტარული მდგომარეობა და საკვებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენდა. პატიმრებს არ ჰქონდათ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე. მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა გადატვირთულ საკნებში პატიმრების რაოდენობა. 2017 წლის თებერვალსა და მარტში მთავრობამ 250 პატიმარზე მეტი შეიწყალა. 21 სექტემბერს, ბარროუმ ხელი მოაწერა გაეროს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გამბიამ გააუქმა ადამიანთა სიკვდილით დასჯა.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება

2017 წლის განმავლობაში, ბაროუს მთავრობა იცავდა მედიის და ოპოზიციის თავისუფლებას და პირობას დებდა, რომ გააუქმებდა კანონებს, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და დანაშაულად თვლიდა ამბოხებას, „ყალბი ინფორმაციის“ გამოქვეყნებას. ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც გამბიიდან გაიქცნენ ჯამმეჰის დროს, თვითნებური დაკავების და წამების მსხვერპლნი იყვნენ, კვლავ დაბრუნდნენ ბანჯულში. მთავრობამ ბოდიში მოიხადა, მას შემდეგ, რაც 5 მარტს გამართული პრეს-კონფერენციის მმართველი კოალიციის მომხრეთა მიერ ჟურნალისტ კებბა ჯაფანგის ცემის შემდეგ.

გამბიის მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუტანია ცვლილებები კანონში, რომელიც საჯარო შეკრებებისთვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის წინასწარი ნებართვის აღებას მოითხოვს. 12 ნოემბრის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის და წყლის დეფიციტთან დაკავშირებით, რომლის ჩატარებისთვისაც ნებართვა თავდაპირველად ხელისუფლებამ გასცა, თუმცა შემდეგ პოლიციის მიერ იქნა დაშლილი.[2]

თვითნებური მკვლელობები და სხვა სახის პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსჯელი მკვლელობები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამბიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ეხება 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა მთავრობის ან მათი წარმომადგენლების მხრიდან ადამიანთა თვითნებური მკვლელობის ფაქტები. გამბიის გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსი, სოლო სანდეგის მკვლელობა კვლავ გამოუძიებელია. იგი 2016 წლის მშვიდობიანი აქციის მსვლელობისას დააკავეს და სახელმწიფო საპატიმროში იმყოფებოდა. მისი გვამის ექსჰუმაცია ჩატარდა, რომ დაედგინათ მისი გარდაცვალების მიზეზი. ეროვნული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები წარუდგინეს სასამართლოს, რომელთაც 2016 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წამება და სანდეგის მკვლელობა ბრალდებოდათ.

იძულებითი გაუჩინარება

მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ადამიანთა იძულებით გაუჩინარების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. წინა რეჟიმის დროს გაუჩინარებულთა ოჯახები კვლავ მოითხოვდნენ ინფორმაციას მათი ახლობლების მდებარეობის შესახებ. 2013 წელს გაუჩინარებული პირების, ამერიკის შეერთებული შტატების და გამბიის მოქალაქეობის მქონე, ალჰაგიე კეესაის და ებრიმა ჯობეს ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია.

ადამიანთა წამება და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა და დასჯა

კონსტიტუცია და კანონი კრძალავს ამგვარ მოპყრობას და არ ვრცელდება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ადამიანთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაზვერვის სამსახური, თავისივე მანდატის ფარგლებში, შეიზღუდებოდა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის დროს. დაზვერვის სამსახურს დაკავების და დაპატიმრების უფლება ჩამოერთვა.

თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება

კონსტიტუცია კრძალავს თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას და ადგენს, რომ ხელისუფლებამ 72 საათის განმავლობაში ან უნდა წარუდგინოს ბრალი დაპატიმრებულს ან უნდა გაათავისუფლოს. თუმცა, პოლიციის და უსაფრთხოების ძალების მხრიდან 72 საათზე მეტ ხანს ბრალის წარდგენის გარეშე ადამიანთა თვითნებური დაკავების და ადამიანთა დაპატიმრების ფაქტები მრავლად დაფიქსირდა. ივლისში დააკავეს ათობით სამხედრო პირი თითქოსდა „შეურაცხმყოფელი ქმედებების, ცილისმწამებლური, სკანდალური და არაეთიკური ქცევის“ გამო, მათ ოფიციალურად ბრალი ნოემბერში წარედგინათ.[3]

[1] BBC News: The Gambia country profile; 14 February 2018

http://www.bbc.com/news/world-africa-13376517 [accessed May 30, 2018]

[2] Human Rights Watch: World Report 2018: Gambia; Events of 2017 https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/gambia [accessed May 30, 2018]

[3] U.S. State Department/Bureau of Democracy, Human Rights and Labor Country Reports on Human Rights Practices for 2017 https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm?year=2017&dlid=277003#wrapper [accessed May 30, 2018]