განა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში განის შესახებ წერს, რომ 1992 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ტარდება კონკურენტული მრავალპარტიული არჩევნები, რასაც ახლავს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესები ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის. ქვეყანაში დაცულია სამოქალაქო თავისუფლებები, თუმცა დისკრიმინაციული მიდგომები ქალებისა და ლგბტ პირების მიმართ გრძელდება. ასევე, სახეზეა მცირე სისუსტეები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის კუთხით; მთავრობის საქმიანობის გამოწვევად რჩება ასევე პოლიტიკური კორუფცია. ორგანიზაცია განას თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. თავისუფლების ხარისხი შეფასებულია 1.5 ქულით, პოლიტიკური უფლებების ხარისხი 1 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხი 2 ქულით (შეფასების სისტემაში 1 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე უარესი).

2017 წლის იანვარში გაიმართა პრეზიდენტ ნანა აკუფო-ადდოს (ახალი პატრიოტული პარტია) ინაუგურაცია, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების რიგით მესამე შემთხვევა იყო ახალ პატრიოტულ პარტიასა და ეროვნულ დემოკრატიულ კონგრესს შორის. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის დეკემბერში გაიმართა. ნოემბერში პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ნორმები სპეციალური პროკურორის ოფისის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ოფისი პრეზიდენტის ანტი-კორუფციული პროგრამის საკვანძო კომპონენტია.

2017 წლის მარტში თვითგამოცხადებულმა სამართალდამცავმა ჯგუფმა (vigilante group), რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ახალ პატრიოტულ პარტიასთან, პრეზიდენტის მიერ აშანტის რეგიონის უსაფრთხოების კოორდინატორად ჯორჯ ადჯეის დანიშვნას იმით უპასუხა, რომ ადჯეის ფიზიკურად დაესხა თავს.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში განის შესახებ წერს, რომ იმატა შეშფოთებამ სიკვდილმისჯილთა მიმართ არასამართლიანი სასამართლო პროცესებისა და ცუდი საპატიმრო პირობების გამო; ასევე, ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირთა ბორკილებში ჩასმის გამო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გრძელდებოდა ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაცია, ძალადობა და პოლიციის მიერ შევიწროვება. 2017 წლის ივლისში განამ ხელი მოაწერა აფრიკის კავშირის კონვენციას კიბერ-უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; ასევე, ადამიანის უფლებათა აფრიკული ქარტიის მოხუცებულთა უფლებების დაცვის პროტოკოლს.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) განის შესახებ წერს, რომ განა არის კონსტიტუციური დემოკრატია ძლიერი პრეზიდენტით და 275 მანდატის მქონე, ერთპალატიანი პარლამენტით. 2016 წლის არჩევნები ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა შეაფასეს როგორც მშვიდობიანი, გამჭვირვალე, სანდო და ინკლუზიური. არჩევნებში გაიმარჯვა ახალი პატრიოტული პარტიის კანდიდატმა; თავად პარტიამ კი პარლამენტის 169 მანდატი მოიპოვა. სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებდა უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ეფექტურ კონტროლს.

ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენდა პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება, რაც მოიცავდა მათ შორის წამების შემთხვევებს, რაც სრულდებოდა ფატალურადაც კი; პოლიციის მიერ გაუპატიურებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; თავდასხმები ჟურნალისტებზე; კორუფცია მთავრობის ყველა შტოში; ნაკლები პასუხისგება ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრების შემთხვევებისას; ნაადრევი და იძულებით ქორწინებები. ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოკვდინება; ტრეფიკინგი; ბავშვთა იძულებითი შრომა. ერთსქესიანთა კავშირი დასჯადია, თუმცა კანონი იშვიათად აღსრულდება. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები დანაშაულის ჩამდენი ოფიციალური პირების – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ასევე, მთავრობის სხვა შტოებში დასაქმებული პირები – პასუხისგებაში მისაცემად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩება.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ განის კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და ადგენს, რომ ადამიანები არიან თავისუფალნი თავიანთი რელიგიური რიტუალების აღსრულებისას. სამართლებრივი სტატუსის მისაღებად რელიგიური ინსტიტუტებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია.

მუსლიმი ლიდერები პერიოდულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზოგიერთი კერძო ქრისტიანული სკოლა აიძულებდა მუსლიმ გოგონა მოსწავლეებს ჰიჯაბის მოხსნას და მუსლიმებისგან მოითხოვდა ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობას. თავის მხრივ, ქრისტიანი ლიდერების თქმით, ისლამური სასწავლებლები აიძულებდნენ ქრისტიან გოგონა მოსწავლეებს ჰიჯაბის ტარებას. ასეთი შემთხვევები ხდება იმის მიუხედავად, რომ განათლების სამინისტროს დირექტივა მსგავს ქმედებას კრძალავს.

მიუხედავად მცირე ინციდენტებისა, როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი ლიდერები მუდმივად მხარს უჭერენ რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობას და ყოველთვის ავრცელებენ აღნიშნულ თემებზე განცხადებებსა და მოწოდებებს.[4]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Ghana, 15 March 2018, available at:

[accessed 24 September 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Ghana, 22 February 2018, available at:

[accessed 24 September 2018]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Ghana, 20 April 2018

 (accessed on 24 September 2018)

[4] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Ghana, 29 May 2018

 (accessed on 24 September 2018)

განა. ინცესტისთვის განსაზღვრული სასჯელის აღსრულება პრაქტიკაში. იანვარი, 2018

განის სისხლის სამართლის დარღვევათა აქტში, რომელიც 1960 წლით თარიღდება, 29-ე მუხლის 105-ე სექციით განმარტებულია ინცესტი და განსაზღვრულია აღნიშნული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა.

105-ე სექციის პირველი ქვეპუნქტით დადგენილია, რომ 16 წლის და ზევით ასაკის მამაკაცი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს ქალთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეორე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს კაცთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

105-ე სექციის მესამე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის კაცი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს ქალს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეოთხე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს კაცს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

ამავე სექციის მეხუთე ქვეპუნქტით დაზუსტებულია, რომ „და“ მათ შორის გულისხმობს ნახევარდასაც და „ძმა“ მათ შორის გულისხმობს ნახევარძმასაც.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში განის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს გარყვნილ ქმედებას (ნებით თუ ნების გარეშე სექსუალური კავშირი 16 წელზე პატარა ასაკის ბავშვთან), ინცესტს და არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებას.[2]

„Quora“ ფორუმზე ერთერთი კითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული – „რა არის განაში კულტურული ტაბუ?“ აღნიშნულ კითხვაზე პასუხებში ნახსენებია ინცესტიც. კუმასში მცხოვრები ქალბატონი ელორმ ტაგბორი 2016 წლის 9 მაისს წერს, რომ კულტურული ტაბუ განაში ეთნიკური ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. უნივერსალური ტაბუა ინცესტი, რომელიც მიუღებელია თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, თუმცა სხვადასხვა სახით. მაგალითად, აკანებისთვის, რომლებიც მემკვიდრეობას დედის ხაზით აგრძელებენ, სექსუალური კავშირი აკრძალულია დედის მხრიდან ნათესავებთან (cousins). თუმცა ტაბუს არ წარმოადგენს მამის მხრიდან ნათესავებთან (cousins) კავშირი. სხვა მიდგომა აქვს ევის ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც მემკვიდრეობას მამის ხაზით აგრძელებს; მათთვის ოჯახის ნებისმიერ წევრთან კავშირი მიუღებელია.

აკრაში მცხოვრები სტუდენტი ნანა უირეკო 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ განა მშვენიერი ქვეყანაა, სადაც უამრავი ეთნოსი და ტომია, რომელთაც თავიანთი შეხედულებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე. აკანებს შორის, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ნათესავთან ქორწინება ან ინცესტი მიუღებელია. ასეთი რამ დაშვებულია ჩრდილოეთ განაში მცხოვრები ზოგიერთი ჯგუფისთვის.

აკრაში მცხოვრები მამაკაცი ჰარი ტაკეი 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ ერთნაირი სქესის ხალხთა ქორწინება მკაცრად აკრძალულია ნორმებით, ტრადიციებითა და კანონით. ინცესტი ანუ ქორწინება დედმამიშვილებს შორის ტაბუა. კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებში ერთი ოჯახის ორ წარმომადგენელს შორის ქორწინება ასევე წარმოადგენს ტაბუს.[3]

საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშებში ინცესტის შესახებ საუბარი არ არის, თუმცა გლობალური საძიებო სისტემებით იძებნება სხვადასხვა ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციები ინცესტის ბრალდებით დაპატიმრებულ და გასამართლებულ ხალხზე.

2017 წლის 4 მარტს Ghanaweb წერს, რომ 45 მამაკაცი აკრას რაიონული სასამართლოს წინაშე წარსდგა ინცესტის ბრალდებით. იგი ყოფილმა ცოლმა დაადანაშაულა საკუთარ შვილთან სექსუალურ კავშირში, როს შედეგადაც გოგონა დაფეხმძიმდა. ქალბატონი მტკიცებით, მისი ყოფილი ქმარი სექსუალურ კავშირს ამყარებდა საკუთარ შვილთან, როდესაც ის შაბათ-კვირის გასატარებლად მასთან ჩადიოდა. გოგონას დაფეხმძიმების შემდეგ კი კაცმა იგი კლინიკაში წაიყვანა და აბორტი გაუკეთა. საბოლოოდ, მამაკაცი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ინცესტის ბრალდების ნაწილში, თუმცა დააკისრა სამივე შვილისთვის 40 ათასი ცედის გადახდა.[4]

2017 წლის 23 აგვისტოს News Ghana წერს, რომ მამაკაცს ინცესტისა და გარყვნილი ქმედებისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამასამანთან მდებარე დასახლება მანჰიაში მამაკაცმა თავის 12 წლის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. თავად ჯეიმს დებრა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან აღნიშნული ქმედება არაერთხელ ჩაიდინა. საბოლოოდ, ბავშვის დედამ, რომელმაც იეჭვა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, პოლიციას მიმართა.[5]

2016 წლის 8 სექტემბერს Ghana News Agency წერს, რომ 36 წლის აბუბაკარ ბედიაკოს 16 წლის შვილთან სექსუალური კავშირის გამო, ინცესტის ბრალდებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახი, მათ შორის მსხვერპლი და მისი დედა აღნიშნულს ცრემლებით შეხვდნენ. ბედიაკო პოლიციაში მისმა ცოლმა დაასმინა, რომელმაც ერთხელაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ფეხმძიმედ იყო. როგორც გაირკვა მამა სექსუალურ კავშირს ამყარებდა შვილთან ყოველთვის, როდესაც მისი ცოლი სამსახურში ღამის სმენაში მუშაობდა. კაცმა ჩადენილი აღიარა.[6]

2017 წლის 9 თებერვალს Ghana Business News წერს, რომ 41 წლის ბიზნესმენი დესმონდ ოვუსუ ინცესტის და ასევე თავდასხმისა და მოკვლით მუქარის ბრალდებით კუმასის სასამართლოს წინაშე წარსდგა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფდა, ხოლო ძიება ამტკიცებდა, რომ მან თავის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. გამოძიების ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ, მსხვერპლი დედასთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც სასწავლებელში ერთერთი გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუხდა, მამას ფინანსური დახმარება სთხოვა, გამოცდაზე დაშვების საფასურის გადასახდელად. მამა მას დათანხმდა იმ პირობით, რომ გოგონა მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. გოგონა აღნიშნულ პირობას დათანხმდა. მამასთან გადასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გოგონა მამამ გააუპატიურა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა მასთან სექსუალური აქტი. ის ასევე მოკვლით დაემუქრა მსხვერპლს თუ ვინმეს გაუმხელდა მომხდარს. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია, დედასთან გაიქცა და ყველაფერი დედას და ბიძას მოუყვა.[7]

[1] Ghana Legal; Criminal Offences Act – 1960 (Act 29); Section – 105 – Incest; available at: http://laws.ghanalegal.com/acts/id/19/section/105/Incest [accessed 17 January, 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ghana, 3 March 2017, available at:

[accessed 17 January 2018]

[3] Quora Forum; what are some cultural taboos in Ghana? 15 answers; available at: https://www.quora.com/What-are-some-cultural-taboos-in-Ghana [accessed 17 January, 2018]

[4] Ghanaweb; Man, 45, charged with incest; 4 March, 2017; available at: https://www.ghanaweb.com/GhanaHomePage/NewsArchive/Man-45-charged-with-incest-515762 [accessed 18 January, 2018]

[5] News Ghana; Farmer handed 15-years sentence for incest & defilement; 23 August, 2017; available at: https://www.newsghana.com.gh/farmer-handed-15-years-sentence-for-incest-defilement/ [accessed 18 January 2018]

[6] Ghana News Agency; Family in tears as father goes to jail over incest; By Joyce Danso; 8 September, 2016; available at: http://www.ghananewsagency.org/human-interest/family-in-tears-as-father-goes-to-jail-over-incest-107674 [accessed 18 January, 2018]

[7] Ghana Business News; Businessman in trouble over alleged incest; 9 February, 2018; available at: https://www.ghanabusinessnews.com/2017/02/09/businessman-in-trouble-over-alleged-incest/ [accessed 18 January 2018]

განა – ქალაქ აკრაში არსებული ზოგადი მდგომარეობა; ინცესტი – ნოემბერი, 2017

Freedom House-ს კატეგორიზაციით, განას აქვს თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ განას შესახებ 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო უფლებების დაცვის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და LGBT თემის წევრების დაცვის კუთხით განას გააჩნია კარგი რეპუტაცია.[1]

გაერთიანებული სამეფოს მონაცემების მიხედვით, ჩვეულებრივ, დემონსტრაციები დედაქალაქ აკრაში არის მშვიდობიანი, მოწესრიგებული და პოლიციის მიერ დაცული, თუმცა, ზოგჯერ მათი ორგანიზება ხდება მოკლე დროში და შეიძლება გამოიწვიოს დესტრუქცია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, წელს, აკრაში გაიზარდა ქუჩაში კრიმინალის დონე. გაერთიანებული სამეფო, ამ ქალაქში მოგზაურებს ურჩევს იყვნენ ყურადღებით, განსაკუთრებით ღამით. გაზრდილია ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებიც, როგორიცაა ჯიბეების ჩხრეკა, ჩანთების გატაცება და ქურდობა აკრას კონკრეტულ გზებზე. სხვა მხრივ, უსაფრთხოების კუთხით, გაერთიანებული სამეფო არ გამოყოფს რაიმე სახის პრობლემას და არ უკრძალავს მოქალაქეებს აკრაში მოგზაურობას.[2]

განაში ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დიდი აკრას, აშანტის, ცენტრალურ, ვოლტისა და დასავლეთ რეგიონებში დაფიქსირდა განელი გოგონების სექს-ტრეფიკინგის ფაქტები.[3]

გაერთიანებული სამეფოს მიხედვით, აკრაში არიან LGBT თემის წევრები. ურბანული ზონები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან LGBT თემის წევრების მიმართ, ვიდრე სასოფლო ოლქები. აკრას და კუმასის ნაწილები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან LGBT თემის წევრების მიმართ. აკრაში, გეებისთვის ფუნქციონირებს ბარები, რესტორნები და  შეხვედრების სხვა ადგილები.[4] Amnesty International-ის მიხედვით, 2015 წლის სექტემბერში, პოლიციამ დააკავა დაჯგუფება: „Safety Empire“-ის ლიდერი სულეი ფუისენი (Sulley Fuiseni), რომელსაც ბრალი ედებოდა აკრაში, ნიმას დასახლებაში, LGBTI თემის წარმომადგენლებზე თავდასხმაში.[5]

ინცესტი

განაში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა კრძალავს გარყვნილ ქმედებას (16 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა მისი თანხმობით, ან თანხმობის გარეშე), ინცესტს და სექსუალურ ძალადობას არასრულწლოვნებზე.[6]

სისხლის სამართლის კოდექსი ეხება გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებას, ინცესტს, გატაცებას და იძულებით ქორწინებას.[7] ოჯახის წევრებს შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობას ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 105A სექციის (1), (2) და (3) მუხლები.[8] აღნიშნული მუხლების მიხედვით, 16 წლის ან 16 წელზე ზემოთ ასაკის მქონე პიროვნებას, რომელიც ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს, მიესჯება 3-დან 25-წლამდე პატიმრობა.[9]

პიროვნება ითვლება ღირსეულად (პატიოსნად) თუ ის არ არის ნასამართლევი ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონო სქესობრივი კავშირი (Zina), ჰომოსექსუალობა, გაუპატიურება, ინცესტი ან პროსტიტუცია.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ghana, 23 May 2017, available at:

[accessed 16 November 2017]

[2] GOV.UK, Ghana. Ghana Travel Advice, available at: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/ghana/safety-and-security [accessed 16 November 2017]

[3] United States Department of State, 2017 Trafficking in Persons Report – Ghana, 27 June 2017, available at:

[accessed 16 November 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance Ghana: Sexual orientation and gender identity, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 16 November 2017]

[5] Amnesty International, Amnesty International Report 2015/16 – Ghana, 24 February 2016, available at:

 [accessed 16 November 2017]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ghana, 3 March 2017, available at:

[accessed 16 November 2017]

[7] Ireland: Refugee Documentation Centre, Ghana: The availability of state protection against parental abuse in Ghana, 16 July 2010, Q12465, available at:

[accessed 16 November 2017]

[8] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Ghana: Legislation against sexual assault by a family member; the penalty if convicted of sexual assault and the availability of state protection to the victim, 19 September 2002, GHA39605.E, available at

[accessed 16 November 2017]

[9] Ghana CRIMINAL CODE, 1960 (ACT 29), Available at:

accessed 16 November 2017]

[10] International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (ILGA), State-Sponsored Homophobia, A world survey of laws: Criminalisation, protection and recognition of same-sex love, May 2016, available at:

[accessed 16 November 2017]