გერმანია – ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირი UETD – ოქტომბერი, 2017

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირი არის მოხალისეობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს „ევროპელი თურქების“ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, განსაკუთრებით მათ აქტივობებს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იმყოფებიან.

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის 2 ძირითად ინიციატივას წარმოადგენს: 1. ევროპელი თურქების სოციალური სტატუსის ამაღლება; 2. პოლიტიკური ლობირების აქტივობების განხორციელება.

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის ძირითადი მიზნებია:

  • პირველ რიგში ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თურქი საზოგადოების ჰარმონიზაციის პროცესს, შემდგომში ევროპულ საზოგადოებასა და ევროპაში თურქ საზოგადოებას შორის კავშირების გასაფართოებლად;
  • გახადოს ევროპელი თურქები საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი სხვადასხვა სფეროში, რათა ისინი იყვნენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მონაწილეობას და ხელი შეუწყოს ევროპის მულტიკულტურული, პლურალისტული და მშვიდობიანი იმიჯის ჩამოყალიბებას;
  • წაახალისოს და ხელი შეუწყოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებში მათ ეფექტურ ჩართულობას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათი იდენტობისა და ღირებულებების გაუცხოების გარეშე;
  • უზრუნველყოს ევროპელი თურქების პრობლემების გადაჭრის გზები და გააადვილოს ინტეგრაციის პროცესი თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებში.

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის ამოცანას წარმოადგენს გახადოს ევროპელი თურქები უფრო წარმატებული/შეძლებული იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, რომ უფრო და უფრო ჩაერთონ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში და ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტები. ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის სამიზნეს წარმოადგენს ევროპელი თურქები და ევროპისა და თურქეთის ურთიერთობები. [1]

მეცნიერებისა და პოლიტიკის გერმანული ფონდის მიერ (Stiftung Wissenschaft und Politik, SWP) 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირი მიიჩნევა, როგორც თურქეთის სამთავრობო პარტიის (AKP) ლობისტურ ორგანიზაციად, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამას უარყოფენ. კვლევაში მოყვანილია იმ დროისთვის ორგანიზაციის თავმჯდომარის სულეიმან  ჩელიკის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირს არ აქვს „ორგანული კავშირები“ თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან (AKP), თუმცა, ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას სამთავრობო წრეებში და ამით ასრულებს მნიშვნელოვან „გადაცემის ფუნქციას“.[2]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, გერმანულ მედიაში ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირს ბრალი ედება თავისი ნამდვილი  გეგმების შენიღბვაში და თავისი მიზნებისთვის მიგრანტების გამოყენებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ, თურქეთში არჩევნებამდე უზრუნველყო თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერდოღანის შეხვედრები: კიოლნში 2008 წელს, დიუსელდორფში 2011 წელს და 2014 წელს ბერლინსა და კიოლნში.[3]

ამავე წყაროს მიხედვით, ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირი მიზნად ისახავს პირველ რიგში თურქი ხალხის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, ხოლო შემდგომში – მათ კულტურულ პროცესებში მონაწილეობას. 2013 წლის ზაფხულში ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირმა ორგანიზება გაუწია მიტინგს დიუსელდორფში, რომლის სლოგანი იყო „პატივისცემა დემოკრატიას“ და რომლის მიზანიც იყო ერდოღანის მხარდაჭერა თურქეთში დემონსტრაციების მასშტაბური ტალღის წინააღმდეგ.[4]

2016 წელს ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის ახალი თავმჯდომარე გახდა ზაფერ სარიკაია (Zafer Sarıkaya), რომელმაც შეცვალა მისი წინამორბედი სულეიმან  ჩელიკი. სარიკაია მანამდე იყო ბრიუსელში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელი (AKP). დღეს, აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს 250 ფილიალი ევროპის 15 ქვეყანაში.[5]

ორგანიზაციაში გაწევრიანება შესაძლებელია მისი ოფიციალური საიტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: http://uetd.org/ueye-ol/

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის წევრთა მდგომარეობა გერმანიაში

2017 წლის იანვარში ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირმა გამოაქვეყნა გერმანიაში მათზე განხორციელებული თავდასხმების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მოყოლებული სულ ფიქსირდება 12 თავდასხმის ფაქტი:

1) პირველი თავდასხმა განხორციელდა 2014 წლის ივლისში კიოლნში, მთავარი ოფისის წინ დატოვებულ იქნა გვირგვინი და კედლებზე ეწერა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) შეურაცხმყოფელი სიტყვები;

2) ამავე წლის 29 ივლისს თავს დაესხნენ ლევერკუზენის ოფისს;

3) 2015 წლის 16 სექტემბერს მოლოტოვის კოქტეილით თავს დაესხნენ ჰამის ოფისს;

4) 2016 წლის 24 იანვარს დაუდგენელმა პირებმა ქვები ესროლეს  ლევერკუზენის ოფისს;

5) 2016 წლის 31 იანვარს ქვები ესროლეს ესენის ოფისს;

6) ამავე წლის 19 თებერვალს თავდამსხმელებმა, რომლებიც იყვნენ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერები, ჩაამტვრიეს მიუნხენის ოფისის ფანჯრები;

7) 21 მარტს დინსლაკენის ოფისს თავს დაესხნენ მოლოტოვის კოქტეილებით;

8) 29 მარტს თავს დაესხნენ ჰამბურგის ოფისის ხელმძღვანელის ავტომობილს;

9-10) 23 აპრილსა და 25 ოქტომბერს შეტევა დაფიქსირდა გელზენკირხენში, კედელზე ეწერა ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი წარწერები;

11) 28 ნოემბერს გრევენბროხის ფილიალს თავს დაესხნენ ნიღბიანი პიროვნებები;

12) 2017 წლის 25 იანვარს თავს დაესხნენ კიოლნის ოფისს, რის შედეგად დაზიანდა ზოგიერთი ფანჯარა  და შესასვლელი კარი. [6]

აღნიშნულ სტატისტიკაში არ იძებნება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ეს თავდასხმები წარმოადგენს ტერორისტულ თავდასხმებს. მისი თქმით, „ეს ტერორისტული ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენენ გერმანიის საზოგადოებისთვის, ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენ მიგვაჩნია ეს ქვეყანა სამშობლოდ…მე მჯერა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების თვალსაზრისით, სახელმწიფო დაცვის სამსახურებმა და სამართალდამცავებმა უნდა წარმოადგინონ მკაფიო პოზიცია.“[7]

[1] UETD NEDİR?” Avrupa Türkmen Gazetesi, 17 Dec. 2015, Available at: http://www.avrupaturkmengazetesi.com/2015/12/18/uetd-nedir/ [accessed 29 September 2017]

[2] The New Turkish Diaspora Policy, September 2014. Available at: 

[accessed 29 September 2017]

[3] Ibid

[4] Ibid

[5] Avrupalı Türk Demokratlar Birliği’nin yeni başkanı Zafer Sarıkaya oldu, October 2016, Available at: http://www.hurriyet.com.tr/avrupali-turk-demokratlar-birliginin-yeni-baskani-zafer-sarikaya-oldu-40061754 [accessed 29 September 2017]

[6] Avrupalı Türk Demokratlar Birliğine yönelik saldırılar, January 2017, available at: http://aa.com.tr/tr/dunya/avrupali-turk-demokratlar-birligine-yonelik-saldirilar/735404 [accessed 29 September 2017]

[7] Avrupalı Türk Demokratlar Birliğine yönelik saldırılar, January 2017, available at: http://aa.com.tr/tr/dunya/avrupali-turk-demokratlar-birligine-yonelik-saldirilar/735404 [accessed 29 September 2017]

გერმანია – ეთნიკურად თურქი მოსახლეობის მდგომარეობა – ოქტომბერი, 2017

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის ჩაატარა ტრენინგები სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა უკეთ მოხდეს რასიზმით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. 2016 წლის მარტში რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამ პირს, რომელთაც ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელს; აღნიშნული ქმედების მოტივად სასამართლომ ქსენოფობია და რასიზმი დაადგინა.[1]

„Minorities Rights Group International“ 2013 წლის ანგარიშში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ჯანდაცვის სფეროში. თურქები, როგორც წესი, ამჯობინებენ ჰოსპიტალებში ვიზიტს, რადგან ზოგადად არ ენდობიან ზოგადი პროფილის ექიმებს. 2012 წელს მიუნხენის ერთერთ სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვიზიტორების 68%-სთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება; მხოლოდ 8%-ს გააჩნდა სამედიცინო დაზღვევა. ენობრივი ბარიერი არის მთავარი პრობლემა უმცირესობებისთვის სამედიცინო მომსახურების კუთხით. პრევენციულ მედიცინაზე წვდომა ასევე პრობლემური საკითხია. უმცირესობების გერმანის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრული ჩართულობა მუდმივი და გადაუჭრელი საკითხია.[2]

„Amnesty International“ 2016/17 წლების ანგარიშში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან კვლავ ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების პირადობის დისკრიმინაციული შემოწმების შესახებ.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მემარჯვენე ექსტრემიზმი და ქსენოფობია ადამიანის უფლებათა კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. დამნაშავეების მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმებს ეთნიკურად არა გერმანელ მოსახლეობაზე, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და მიგრანტების საცხოვრებლებზე. უცხოელთა და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა კვლავ რჩება პრობლემურ საკითხად. უცხოელებისთვის რთულია საცხოვრებლის პოვნა. ბერლინში დაფუძნებულმა ქსელმა დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის წინააღმდეგ გაავრცელა ინფორმაცია სამსახურში გასაუბრებების დროს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ.[4]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – European Union, 12 January 2017, available at:

[accessed 29 September 2017]

[2] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2013 – Germany, 24 September 2013, available at:

[accessed 29 September 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Germany, 22 February 2017, available at:

[accessed 29 September 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Germany, 3 March 2017, available at:

[accessed 29 September 2017]