გვინეა-ბისაუ. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2020

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია გვინეა-ბისაუში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ, შედარებით მწირი იყო. ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, გვინეა-ბისაუში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House გვინეა-ბისაუს შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) ქვეყანაში ზოგადი თავისუფლებების კუთხით არსებულ სიტუაციას 100-დან 42 ქულით აფასებს, რაც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანათა კატეგორიაში გადის.

ანგარიშის მიხედვით, გვინეა-ბისაუში 2014 წელს გამართულმა არჩევნებმა ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე დააბრუნა, რადგან მანამდე 2012 წელს, ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების შედეგად შეიცვალა. თუმცა, მას შემდეგ, პოლიტიკური სისტემა თითქმის მუდმივად პარალიზებული იყო, რაც ძირითადად განპირობებული იყო პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, ასევე – მმართველ პარტიაში არსებული შიდა  დაპირისპირებებით. საბოლოოდ, 2018 წელს კონსესუსი შედგა და შეიქმნა დროებითი მთავრობა, თუმცა, არჩევნების თარიღმა 2019 წლისთვის გადაიწია. ანგარიშის მიხედვით, მედიისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებების კუთხით შეზღუდვები გარკვეულწილად შემსუბუქდა, თუმცა, ზოგჯერ, პოლიცია კვლავ შლიდა ზოგიერთ დემონსტრაციებს. ქვეყანაში ყველაზე დიდ გამოწვევას  მზარდი კორუფცია წარმოადგენდა, რასაც განსაკუთრებით ამწვავებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი აქტივობები, მათ შორის – ნარკო-ტრეფიკინგი.

რაც შეეხება უშუალოდ იძულებით ქორწინებებს, ანგარიშის მიხედვით, გოგონების ადრეულ ასაკში და იძულებითი ხასიათის ქორწინებები,  გვინეა-ბისაუში კვლავ გავრცელებულია.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გვინეა-ბისაუში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობის პერიოდი დგას. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი – არისტიდეს გომესი 2015 წლის შემდგომ პერიოდში რიგით მეშვიდე პირია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას იკავებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ორი არჩევნები ჩატარდა – საკანომდებლო ორგანო „ეროვნული ასამბლეის“ და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთაგან ორივე, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებით, იყო სამართლიანი და თავისუფალი.

გვინეა-ბისაუში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ეროვნული პოლიციაა. ამას გარდა, არსებობს სპეციალური „იურიდიული პოლიციის“ ინსტიტუტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფია და ძირითადად ისეთი ხასიათის დანაშაულებს იძიებს, როგორიცაა – ნარკო-ტრეფიკინგი, ტერორიზმი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებაზე ეროვნული არმია ზრუნავს, თუმცა, მას შინაგანი უსაფრთხოების კუთხითაც აქვს გარკვეული უფლებამოსილებები. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სამოქალაქო სამსახურები და საჯარო სტრუქტურები ინარჩუნებენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს კუთხით არსებულ მდგომარეობას, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს, აღნიშნული მიმართულებით ყურადსაღებო საკითხები იყო: მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; სამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული პრობლემები; სამთავრობო კორუფცია, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობდა ჩინოვნიკების ჩართულობა ნარკო-ტრეფიკინგის დანაშაულებში, ასევე – მათი დაუსჯელობის შემთხვევები; პირთა ტრეფიკინგი; ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, მათ შორის – ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (FGM).

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მართალია, მთავრობა ზოგჯერ დგამდა სათანადო ნაბიჯებს კონკრეტული დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის კუთხით, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინებისთვის აუცილებლი მინიმალური ასაკი, ორივე სქესის შემთხვევაში -16 წელია. ადრეულ ასაკში და იძულებითი ქორწინებების შემთხვევები ფიქსირდებოდა ყველა ეთნიკურ ჯგუფში. გოგონები, რომლებიც გაურბოდნენ წინასწარ შეთანხმებული ქორწინებების, ზოგჯერ ხდებოდნენ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, ადგილი ჰქონდა ბავშვი პატარძლების ყიდვა-გაყიდვის ფაქტებსაც. მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა გადაეჭრა ზემოხსენებული პრობლემები. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, გოგონათა 6 % დაქორწინებული იყო 15 წლამდე, ხოლო 24 % – 18 წლამდე.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გვინეა-ბისაუში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აწესებს სეკულარიზმის პრინციპს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის, ასევე, ავალდებულებს მთავრობას, პატივი სცეს კანონით აღიარებულ რელიგიურ ჯგუფებს და უზრუნველყოს  მათი დაცვა.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით,  ქვეყნის მოსახლეობა 1.9 მილიონს წარმოადგენს, რომელთაგან 45 % მუსლიმია; 31 % ადგილობრივ ტრადიციულ რელიგიებს მისდევს, ხოლო 22 % კი – ქრისტიანია.

მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, იმამები გამოხატავდნენ შეშფოთებას ისეთ საკითებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ისლამის  სალაფიტური სკოლის მიმდევართა ზრდა; ახალი მეჩეთების გახსნა, სადაც არაღიარებული იმამები მოღვაწეობენ; ახალგაზრდათა მიმართ რელიგიური რადიკალიზმის შესახებ ონლაინ მოწოდებები და ა.შ. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ აღნიშნული გამოწვევები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყანაში ტრადიციულად დამკვიდრებული რელიგიური ტოლერანტობის კულტურისთვის.

ანგარიშის მიხედვით, ასევე აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა ისიც, რომ გასულ წელს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ზოგიერთი კანდიდატი იყენებდა რელიგიურ სიმბოლოებს და რიტუალებს. ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ სათანადოდ არ იმოქმედა გაბუს გუბერნატორის 2018 წლის მოთხოვნაზე, გაეზარდათ მონიტორინგი რეგიონში ისლამის შედარებით რადიკალური მიმდინარეობების მზარდი მიმდევრების მიმართ. [4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 10 July 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2019 – Guinea-Bissau; published on 4 February 2019; available at

[accessed 10 July 2020]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Guinea-Bissau; published on 11 March 2020; available at

[accessed 10 July 2020]

[4] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Guinea-Bissau”; published in June 2020; available at

[accessed 13 July 2020]