ეგვიპტე. ინფორმაცია კოპტების მდგომარეობის შესახებ. ივლისი, 2022.

აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ეგვიპტის მოსახლეობა დაახლოებით 105 მილიონი ადამიანს შეადგენს, რომელთა 90% სუნიტი მუსლიმია. ითვლება, რომ კოპტები ყველაზე დიდი ქრისტიანული საზოგადოებაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. კოპტების 90%-ზე მეტი მიეკუთვნება კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხოლო კოპტი კათოლიკეები, ევანგელისტები, პროტესტანტები წარმოადგენენ, პატარა, მაგრამ გამორჩეულ ქვესაზოგადოებებს.

წყაროს თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს „ზეციური რელიგიების შეურაცხყოფას“. აღნიშნული კანონი ეგვიპტეში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მსგავსი კანონების ამოქმედებით ეგვიპტის ხელისუფლება ცდილობს რელიგიური უმცირესობებისა და ადამიანის უფლებათა აქტივისტების შესუსტებას. სასამართლოები, რომლებიც საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი საგანგებო კანონების მიხედვით მოქმედებენ, ხშირად გამოსცემენ ბრძანებებს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების განახლების შესახებ. კოპტი პატრიკ ზაკი და რამი კამელი, რომლებიც დაკავებიდან 2 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისევ წარსდგებიან მოსამართლის წინაშე. დაკავებულებს ბრალი ედებათ ვიდეოს გასაჯაროებისთვის, რომელშიც ისინი ეგვიპტელი კოპტების მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.

აშშ-ის კომისია გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა კოპტებზე ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლებში.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ  კანონის თანახმად ეგვიპტეში ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალები და ააგონ სალოცავები, რადგან სახელმწიფოში მხოლოდ აღნიშნული სამი რელიგია არის ოფიციალურად აღიარებული. კანონმდებელი კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და ადგენს, რომ ეგვიპტის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, კანონის წინაშე თანასწორია.

წყარო ასევე იუწყება, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ 2017 წლის 21 ივნისს აჰმად საიდ იბრაჰიმ ალ-სობატი სიკვდილით დასაჯა კოპტი მღვდლის განზრახ მკვლელობის გამო. 2020 წელს, კოპტი ქრისტიანის მკვლელობის ბრალდებით თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯათ ძმებს ნაზირ და ალი ალ-სამბოებს. გარდა ამისა, მინიას სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა იმ პირებს, რომლებიც ანადგურებდნენ, წვავდნენ კოპტების სახლებს (10 პირს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა).

საანგარიშო პერიოდში  ეგვიპტელი კოპტები რამდენჯერმე გახდნენ ტერორისტული დაჯგუფებების თუ ზოგადად სხვა პირთა თავდასხმის სამიზნე. კერძოდ, 2021 წლის აპრილში, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ (ISIS-SP) გამოაქვეყნა კოპტი ქრისტიანის მკველელობის ამსახველი ვიდეო, ხოლო ამავე წლის 27 ივლისს კოპტი სალაჰ ასადი, სავარაუდოდ სალაფიტმა მეზობელმა, ცივი იარაღით მოკლა.

2020 წლის სექტემბერში ადგილი ჰქონდა კოპტებსა და ეგვიპტის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებას, რომლის გამომწვევი მიზეზიც სოფელ ბასტარში მშენებარე კოპტური ტაძრის ნგრევა იყო. აღნიშნული შეტაკებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 პირი, ხოლო 21 კოპტი კი დააპატიმრეს. დამკვირვებლები, მათ შორის კოპტი წარმომადგენლები, ადგილობრივ სასულიერო პირებს ადანაშაულებდნენ, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების გავლაზე უარი განაცხადეს.[2]

„Freedom House“-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ კოპტები ეგვიპტეში წარმოადგენენ რელიგიურ უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის 64-ე მუხლის თანახმად, რელიგიის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს, ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობები, მათ შორის კოპტები, ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის, დაბომბვისა თუ განზრახ გაჩენილი ხანძრის მსხვერპლნი.[3]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2022 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების წერია, რომ ხელისუფლება რეგულარულად ვერ იცავს ქრისტიანებს სექტანტური თავდასხმებისგან. ხშირად ეგვიპტის ხელისუფლება მართავს „შერიგების სესიებს“, რომელიც ხელს უწყობს მუსლიმებს თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის.

2019 წელს, შობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე, კოპტურ ეკლესიაში დამონტაჟებულმა ბომბმა ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი წლით ადრე, დიმშაუ ჰაშიმის სოფელში კოპტი ქრისტიანების სახლები გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდება ხმები, რომ ქრისტიანები სოფელში ტაძრის აშენებას გეგმავდნენ. წყაროს თანახმად, 29 კოპტი ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 2017 წლის მაისში,  ავტობუსზე განხორციელებულ შეტევას. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]

„Amnesty International“ -ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ 2022 წლის 30 იანვარს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ელ-მინიას პროვინციაში 9 კოპტი ქრისტიანი დააკავეს. აღნიშნული პირები დაკავებამდე ერთი კვირით ადრე შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ, რადგან აღნიშნული იქნებოდა სოფლის კოპტი მაცხოვრებლებისთვის ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ღვთის დიდებას აღასრულებდნენ.

წყარო იუწყება, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნას ქრისტიანული ეკლესიის აშენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ელ-მინიას პროვინციის ამ სოფელში დაახლოებით 800-მდე კოპტი ცხოვრობს. ხელისუფლება ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს კოპტი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი.

წყაროს შეფასებით, ეგვიპტეში მოქმედი დისკრიმინაციული კანონმდებლობა წლებია ძირს უთხრის ქვეყანაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების თავისუფლებას. კოპტი ქრისტიანებისთვის დაწესებული შეზღუდვები ამის ნათელი მაგალითია. სტატიის თანახმად 2016 წელს ქრისტიანულ ეკლესიაში დაფიქსირდა ხანძრის ფაქტი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ხელისუფლებამ ვერ დაადგინა. მსგავსი დამოკიდებულება აიძულებს კოპტებს საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალების აღსასრულებლად სოფლიდან სოფელში გადავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტეში 2016 წლის შემდეგ 25 ქრისტიანული ეკლესია დაიხურა.[5]

[1] აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ – ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის აპრილში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[3] Freedom House –  ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[4] Human Rights Watch –  ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე;  გამოქვეყნებულია 2022 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[5] „Amnesty International“ – „Egypt: Release nine Coptic Christians detained for attempt to rebuild church“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2022/03/egypt-release-nine-coptic-christians-detained-for-attempting-to-rebuild-church/ [ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

ეგვიპტე. ათეისტებისა და ლესბოსელების მიმართ არსებული დამოკიდებულება. თებერვალი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რწმენის აბსოლუტურ თავისუფლებას აღიარებს. რელიგიური რიტუალების პრაქტიკის თავისუფლება და სალოცავი ადგილების დაფუძნება [ე.წ. აბრაამისეული რელიგიის მიმდევრებისთვის] კანონით რეგულირდება. კონსტიტუციის მიხედვით, ეგვიპტის მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი არიან და დისკრიმინაციული მოპყრობა და სიძულვილის გაღვივება რაიმე, მათ შორის რელიგიური, ნიშნით, კანონით დასჯადი ქმედებაა. ისლამი სახელმწიფო რელიგიია და ისლამური შარიათის პრინციპები კანონმდებლობის მთავარი წყაროა. ხელისუფლება ოფიციალურად აღიარებს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მხოლოდ აღნიშნული რელიგიების მიმდევრებს აძლევს უფლებას, ააშენონ სალოცავები და საჯაროდ აღასრულონ რელიგიური რიტუალები.

2020 წლის მარტში მუსლიმმა მეცნიერმა, დოქტორი ჰაითამ ტალაატი, გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ათეისტებს სოციალურად გარიყულებს, ურწმუნოებს და განდგომილებს უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი ტერორისტებსა და შეიარაღებულ მძარცველებზე უარესები არიან. ეგვიპტეში ათეისტების რაოდენობის შესახებ სარწმუნო ცნობები ხელმისაწვდომი არაა. 2020 წლის 21 ივნისს, ალექსანდრიის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ათეისტი აქტივისტი და ბლოგერი ანას ჰასანის საჩივარი. მას 27 თებერვალს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და 300 ათასი ფუნტის [19,100 აშშ დოლარი] ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სოციალურ ქსელში „Facebook“ გვერდის „ეგვიპტელი ათეისტები“ მართვისთვის. ხელისუფლებამ ჰასანი 2019 წელს ათეისტური იდეებისა და „ღვთაებრივად გამოცხადებული რელიგიების“ კრიტიკისთვის დააპატიმრა.

2018 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი ალ-სისიმ განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება სწამდეს ღმერთი ისე, როგორც ამას თავად ხედავს ან საერთოდაც არ სწამდეს არაფრის. მიუხედავად ამისა, ძალისხმევა, რომელიც ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული, ხშირად სარგებლობს ოფიციალური პირების მხარდაჭერით. 2019 წელს, ალ-აზჰარის მეჩეთმა, თავის ელექტრონული ფატვის ცენტრში, დააფუძნა „ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „ახალგაზრდების ურწმუნობაში ჩავარდნისგან“ დაცვის მიმართულება [Bayan]. აღნიშნული მიმართულება სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ათეიზმის კრიტიკულ განცხადებებს და 25 აგვისტოს, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოაწყო სამუშაო შეხვედრა ათეიზმისა და ათეიზმის იდეების მიმდევართა მიმართ მოპყრობის მთავარი მეთოდების შესახებ.

2020 წლის 6 თებერვალს უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა აჰმედ საბაიე [ვიდეო პლატფორმის „Youtube“ რელიგიური თემატიკის არხის (404 ათასი გამომწერით) ადმინისტრატორი]. საბაიე აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ქრისტიანულ დოქტრინაზე მსჯელობდა, ტოვებდა კომენტარებს ათეიზმის შესახებ პოსტებზე და განიხილავდა ისლამს. 29-დღიანი დაკავების შემდეგ, ხელისუფლებამ ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა. 27 ნოემბერს ის ხელახლა დააპატიმრეს [მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ბიბლიასა და ქრისტიანულ დოქტრინას განიხილავდა] და ბრალი წაუყენეს მცდარი ინფორმაციის წაკითხვისა და სოციალური მედიის არასათანადოდ გამოყენების გამო.

2020 წლის 16 ივნისს, ფატვის გამომცემი 4 ავტორიზებული დაწესებულებიდან ერთერთმა, რელიგიური განკარგულებების სახლმა „დარ ალ-იფტა“, ეგვიპტელი ლესბოსელი აქტივისტისა და მწერლის სარა ჰეგაზის [რომელიც, სავარაუდოდ, ათეისტიც იყო] თვითმკვლელობის შემდეგ, განცხადებების სერია გამოაქვეყნა. „დარ ალ-იფტა“ წერდა, რომ „ყველა ღვთიური რელიგია“ გმობს ჰომოსექსუალიზმს და რომ ათეიზმი „ინტელექტუალური პრობლემა“ და „ფსიქოლოგიური დაავადებაა“, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ მუსლიმები, ვინც „დარწმუნებით“ ამბობენ ვინმეზე, რომ ის სამოთხეში ვერ მოხვდება, ცდებიან, რადგან მხოლოდ ალაჰს შეუძლია განსაჯოს, ვინ მოხვდება სამოთხეში და ვინ არა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების აბსოლუტური უფლებისა, ათეისტები და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დევნას და ძალადობას, კერძოდ კი ქრისტიანი კოპტები, რომლებიც იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური თავდასხმების, ასაფეთქებელი მოწყობილობებით იერიშებისა და სალოცავების აშენების აკრძალვების ობიექტები ხდებიან.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მუსლიმი უმცირესობა, ათეისტები და ქრისტიანები სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან ღვთისგმობის ან ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით.[3]

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წყაროები, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმის მიმდევრებს ახსენებენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე საუბრისას, ანგარიშებში არ არის აღწერილი არცერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ათეიზმის მიმდევარი გახდა ფიზიკური ძალადობის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში არ არის მკაფიო ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულად ჰომოსექსუალიზმს აკრძალავს; თუმცა, აღნიშნული თემა მკაცრ სოციალურ ტაბუს წარმოადგენს. ლგტბ თემის თითქმის სრული უმრავლესობა საკუთარ იდენტობას მალავს, რამდენადაც ეს შეუძლია; თუ პირის იდენტობა გამჟღავნდება ან მის მიმართ ეჭვი გაჩნდება, როგორც ურბანულ, ასევე პერიფერიულ რაიონებში, მნიშვნელოვანი მტრული დამოკიდებულების წინაშე აღმოჩნდება.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ქალების, ლგბტ თემის და სხვა ჯგუფების მიმართ, სერიოზულ პრობლემად რჩება. ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ლგბტ პირები აწყდებიან დისკრიმინაციას და შეზღუდვებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. 2017-2020 წლებში ლგბტ თემის 13 წარმომადგენელი მისცეს პასუხისგებაში. პოლიციის ოფიცრების მიერ დაკავების შემდეგ, ისინი გახდნენ წამების მსხვერპლნი, მათ მიმართ გამოიყენეს „ქალწულობის ტესტი“ და სხვა სახის სექსუალური ძალადობა; უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებასა და სამართლებრივ კონსულტანტთან შეხვედრაზე.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება არ იყენებს ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას ლგბტ თემის დასაცავად. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვის საშუალებას არ აძლევს. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დასაქმების, განსახლების, მოქალაქეობის, განათლებისა და თუ ჯანდაცვის კუთხით დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა; თუმცა, მთავრობა შესაძლო დიკრიმინაციის წინააღმდეგ ძალისხმევას არ იჩენს. წყაროების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ლგბტ პირების დაპატიმრებებსა და შევიწროვებებს. დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ, ლგბტ პირებს აიძულებენ, სხვა ლგბტ პირების შესახებ ინფრომაციის მიწოდებას.

წყაროების ცნობით, ხელისუფლება იყენებს სოციალურ მედიას, გაცნობის საიტებს და სატელეფონო აპლიკაციებს ლგბტ პირებად მიჩნეულთა მახეში გასაბმელად. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საჯარო სივრცე, სადაც ლგბტ თემისთვის უსაფრთხო გარემო იყო შექმნილი, უკანასკნელ წლებში დაიხურა, როგორც თავად ლგბტ პირები აღნიშნავენ, აღნიშნული მეთოდი ეფექტურად მუშაობს. ლგბტ უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 2019 წელს, ეგვიპტეში 92 ლგბტ პირი დააპატიმრეს, რომელთაგან შვიდი იძულებითი გამოკვლევის მსხვერპლი გახდა.[6]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლირი ანგარიში რელიგიის თავისუფლების პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[2] საერთშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2020 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[5] საერთშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

ეგვიპტე. რელიგიათშორისი ქორწინება – სექტემბერი, 2021

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემულია ანგარიში 29 მუსლიმური ქვეყნის შესახებ, სადაც რელიგიათაშორისი ქორწინება, რაიმე ფორმით შეზღუდული ან აკრძალულია. ეგვიპტის შემთხვევაში, კონგრესის ინფორმაციით, ეგვიპტურ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი შეზღუდვა აღნიშნული ტიპის ქორწინებების შესახებ. თუმცა, რახან ეგვიპტის კონსტიტუციის 2-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობის მთავარი წყარო ისლამია, საოჯახო საქმეებიც სწორედ ისლამური კანონების შესაბამისად გვარდება. რელიგიური „ფატვას“ (დეკრეტი) მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია Dar al ifta’a al Massriyah-ის (ოფიციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც რელიგიურ საკითხებზე კანონებს იმუშავებს) მიერ, მუსლიმ მამაკაცს, კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება აქვს, იქორწინოს არა-მუსლიმ ქალზე. აღნიშნული  ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მომავალი ცოლი „აბრაამისეული რელიგიებიდან“ ერთ-ერთის მიმდევარია (ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი). მუსლიმ მამაკაცს არ შეუძლია ცოლად მოიყვანოს ათეისტი. რაც  შეეხება მუსლიმ ქალებს, ფატვას და შარიათის კანონების მიხედვით, მათ აკრძალული აქვთ იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ქორწინებები რეგულირდება მეუღლეების რელიგიების შესაბამისი პირადი სტატუსების კანონით. მაგალითად, ორი მუსლიმი პირის ქორწინებას აწესრიგებს მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ კანონი, ორ ქრისტიანს შორის – კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შემუშავებული პირადი სტატუსების კანონი, ხოლო იუდაიზმის მიმდევრებისთვის – ებრაელთათვის განკუთვნილი პირადი სტატუსების კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ნებადართულია მუსლიმი მამაკაცის არა-მუსლიმ ქალზე ქორწინება და, აღნიშნულ შემთხვევაში, ქალს არ უწევს ისლამზე კონვერტაცია. მუსლიმ ქალს კი, არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მომავალი ქმარი ისლამს მიიღებს.

ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების პროცედურა და ყველა მოქმედი რელიგიური  ინსტიტუცია აღნიშნული ცნების წინააღმდეგია. საზღვარგარეთ შემდგარი სამოქალაქო ქორწინებები ეგვიპტის მიერ მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული, თუ ის თავსებადია ადგილობრივ პირადი სტატუსების შესახებ კანონთან. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი სამოქალაქო ქორწინების პროცედურის მეშვეობით, იქორწინებს არა-მუსლიმ მამაკაცზე ავსტრალიაში, აღნიშნული ქორწინება ეგვიპტეში კანონიერად არ ჩაითვლება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ შარიათის მიხედვით, რომელსაც ეგვიპტური კანონმდებლობა ეფუძნება, მუსლიმ ქალებს არ აქვთ უფლება, იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე. შესაბამისად, აღნიშნული წყვილების შემთხვევაში, მამაკაცმა უნდა მიიღოს ისლამი, რის შემდეგად შეეძლება მუსლიმ ქალზე ქორწინება. რაც შეეხება ქრისტიან და იუდეველ ქალებს, მუსლიმ მამაკაცთან დაქორწინების შემთხვევაში, მათ არ სჭირდებათ ისლამზე კონვერტაცია.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ მდედრობითი სქესის ეგვიპტის მოქალაქეს კანონი არ აძლევს უფლებას, იქორწინოს არა-მუსლიმ მამაკაცზე. ასეთი ქმედების შემთხვევაში, შესაბამისმა სამსახურებმა შესაძლოა მას ბრალი წაუყენონ „მრუშობაში“ და მისი შვილები უკანონოდ გამოაცხადონ. ამას გარდა, შარიათის ეგვიტპის ხელისუფლებისეული ინტერპრეტაციით, ასეთი ქორწინების შედეგადად დაბადებული შვილები, შესაძლოა მოათავსონ მუსლიმი მამაკაცი მეურვის მფარველობის ქვეშ.[4]

ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, დაქორწინებული ქალი მრუშობის/ღალატისთვის შესაძლოა დაექვემდებაროს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.[5] იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად ინტენსიურად ხორციელდება აღნიშნული სანქცია შერეული ქორწინების (მუსლიმი კაცი – არა-მუსლიმი მამაკაცი) დროს მუსლიმი ქალის მიმართ, ინფორმაცია, განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, არ იძებნება.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ ქორწინება ეგვიპტეში აუცილებლად რელიგიური ხასიათისაა. პრაქტიკაში, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია, დაქორწინდეს აბრამისეული რელიგიების წარმომადგენელ ქალზე და აღნიშნული ქორწინება საჯაროდ, შესაბამის სტრუქტურაში დააფიქსიროს. თუმცა, მუსლიმ ქალს, არ შეუძლია არა-მუსლიმ მამაკაცზე ქორწინება, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება შარიათს და შედეგად, ასეთი ტიპის შერეული წყვილი ეგვიპტეში ვერ დაქორწინდება. მეტიც, თუ ასეთი ფაქტი რამდენაირად მოხდება, ქორწინებას სახელმწიფო ოფიციალურად მაინც არ აღიარებს. ადგილობრივი წყაროს ცნობით, ეგვიპტის ქრისტიანულ საზოგადოებაში საზოგადოდ მიღებული აზრია, რომ ასეთი ტიპის შერეული ქორწინება ქალის ოჯახისთვის სირცხვილის მომტანია.

ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუსლიმი ქალისა და ქრისტიანი კაცის ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ჭორები ხშირად ხდება კონფლიქტისა და ძალადობის მიზეზი, რადგან მიიჩნევა, რომ ასეთი ტიპის ურთიერთოებები ქალის ოჯახს არცხვენს. შედეგად, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც მამაკაცის ოჯახის წევრები, სანათესაო ან სულაც არა-ნათესავი მეზობრელი ქრისტიანები ექვემდებარებიან ძალადობას, რაც განპირობებულია კოლექტიური დასჯის მეთოდით, თემის ერთი წევრის მხრიდან კონკრეტული ქმედების ჩადენისას. მეორე წყაროც ადასტურებს, რომ ეგვიპტეში სექტარული ტიპის ძალადობის ყველაზე უფრო გავრცელებული გამომწვევი ორი მიზეზია რელიგიათშორისი რომანის შესახებ გავრცელებული ჭორები და ქრისტიანების მიერ ახალი ეკლესიების მშენებლობა.[6]

მედია საშუალება BBC 2014 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რელიგიათაშორისი ქორწინება ეგვიპტეში მიუღებელია; წყვილები მზად უნდა იყვნენ, რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. რელიგია უკიდურესად მგრძნობიარე თემაა და ბევრი ქრისტიანი და მუსლიმი უარს აცხადებს მიიღოს ის ხალხი, ვინც ტოვებს თავიანთ კონგრეგაციას. რელიგიური ლიდერები რელიგიათაშორის ქორწინებას აღიქვამენ სხვა რელიგიის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობად. მათი მტკიცებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის ქორწინება კულტურულად მიუღებელია ეგვიპტის სოფლებში. 2013 წელს ერთი მუსლიმი კაცი დაიღუპა და 5 დაშავდა მენიას პროვინციის სოფლად მომხდარი ინციდენტისას. ამავე ინციდენტისას, 5 ქრისტიანის სახლი დაწვეს. ჩხუბის მიზეზი გახდა მუსლიმ ქალსა და მის ქრისტიან მეზობელ კაცს შორის ურთიერთობა.[7]

ეგვიპტელი მწერალი აჰმედ ატალაჰი, რომელიც რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებს იკვლევს, ამბობს, რომ „როდესაც ქრისტიანი ქალი მუსლიმ კაცთან ქორწინების დარეგისტრირებას ცდილობს, ოფიციალური პირები მას სთხოვენ ეკლესიის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას. ეგვიპტის ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულ მიმდინარეობს შორის ქორწინებაზე თანხმობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთობაზე“.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების ქორწინებას. შარიათის მიხედვით, არა მუსლიმი კაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე რათა შეირთოს მუსლიმი ქალი. არა მუსლიმ ქალს (ქრისტიანს ან იუდეველს) არ მოეთხოვება კონვერტაცია იმისთვის, რომ მუსლიმ კაცზე გათხოვდეს. თუ არა მუსლიმი ქალი კონვერტირდება ისლამზე და მისი ქმარი (თუ ის არა მუსლიმია) უარს იტყვის კონვერტაციაზე, ქალი უნდა გაშორდეს მას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას ერგება.

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქორწინებისა და პირადი სტატუსის სხვა საკითხებს, ძირითადად, ესადაგება პირის რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ დაქორწინდება არა მუსლიმ კაცზე. თუ ის ასე მოიქცევა არაოფიციალურად, საზოგადოების მხრიდან სერიოზული შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდება. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები მუსლიმი მამაკაცის მეურვეობის ქვეშ განთავსდებიან.[8]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2016 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ მინიას პროვინციაში მუსლიმთა ბრბომ დაწვა ქრისტიანთა სახლები და ქრისტიანი ქალი გაშიშვლებული ატარა ქუჩებში. მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორი, რომ ქრისტიანი ქალის შვილს ჰქონდა ურთიერთობა მუსლიმ ქალთან. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და შემთხვევის ადგილას თავდასხმის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივიდა. საბოლოოდ, მომხდარის გამო 5 პირი დააკავეს და პროკურატურამ კიდევ 18 პირის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, ათმა პარლამენტარმა ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა მოითხოვა. ქრისტიანმა სასულიერო პირმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი ძალადობრივი თუ ურთიერთობა მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის იქნებოდა.

[1] US Library of Congress – “Prohibition of Interfaith Marriage”;  updated on 29 August 2019; available at https://www.loc.gov/law/help/marriage/interfaith-prohibition.php#egypt [accessed 22 September 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – “DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT”; published on 17 June 2019; available at

[accessed 22 September 2021]

[3] United States Department of State – “2020 Report on International Religious Freedom: Egypt”; published on 10 June 2020; available at

[accessed 22 September 2021]

[4] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 22 September 2021]

[5] ILO – Law No. 58 01 The Year 1937 Promulgating The Penal Code; available at

[accessed 22 September 2021]

[6] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Christians; published in January 2020; available at

[accessed 22 September 2021]

[7] BBC; Egypt: The forbidden love of interfaith romances; By Ali Gamal; 24 November, 2014; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-29932094 [accessed 22 September 2021]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 22 September 2021]

ეგვიპტე. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. აგვისტო, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას“ (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით,ეგვიპტეში  ფიქსირდება არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებატერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეირაღებული ჯგუფის -„ვილაიათ სინაის“ წინააღმდეგ აწარმოებს. ამას გარდა, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ჩართულნი არიან იემენის ტერიტორიაზე მიმდინარე არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელსაც საუდის არაბეთის მეთაურობით შემდგარი სამხედრო კოალიცია აწარმოებს.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) 2021 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ეგვიპტეშიმოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში, რადგან აღნიშნულ რეგიონში ფიქსირდება სამხედრო შეტაკებები და ტერორისტული თავდასხმები. ამას გარდა, ოფისი ურჩევს ბრიტანელ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ეგვიპტის დანარჩენ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან COVID-19-თან დაკავშირებული უკანასკნელი რისკების შეფასების საფუძველზე.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ კონსტიტუციის თანახმად ეგვიპტე წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი და ორ-პალატიანი პარლამენტი მართავს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართა, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა – აბდელ ფატტაჰ ალ-სისიმ გაიმარჯვა. ქვეყანაში შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ეგვიპტის შეიარაღებული ძალები, რომლებიც თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებიან, ეგვიპტის საგარეო უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. ანგარიშის მიხედვით,  ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე წელს, ეგვიპტეში დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, ჩადენილი ეგვიპტის მთავრობის შესაბამისი სამსახურების ან ტერორისტების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები; უკანონო დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები; საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა პოლიტიკური ნიშნით დევნა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვისა, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა, საიტების დაბლოკვა და ჟურნალისტების დაპატიმრება; მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით; სექსუალური უმცირესობების (ლგბტი თემი) მიმართ ძალადობა და აღნიშნული პირების თვითნებური სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები და ყველაზე უარეს ფორმებში გამოხატული ბავშვთა იძულებითი შრომა.

მთავრობა იშვიათად ან არასაკმარისად იძიებდა, ან სათანადოდ სჯიდა აღნიშნულ უფლებადარღვევებში ბრალდებულ პირებს, მათ შორის – უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის რიგებში, რაც ხელს უწყობდა დაუსჯელობის სინდრომის წარმოქმნას.

ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებს შედეგად სდევდა სიცოცხლის თვითნებური და უკანონო მოსპობა. აღნიშნული ჯგუფები ახორციელებდნენ მომაკვდინებელ თავდასხმებს სამთავრობო, სამოქალაქო და სამხედრო მიზნებზე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – თაყვანისცემის ადგილებზე. ეგვიპტის ხელისუფლება სათანადოდ იძიებდა ტერორისტთა თავდასხმების შემთხვევებს და სჯიდა სავარაუდო დამნაშავეებს. ტერორისტები და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები იტაცებდნენ პირებს ჩრდილოეთი სინაის ნახევარკუნძულზე, რომელთაგან ნაწილს თავსაც კი კვეთდნენ. ასევე, ქვეყანაში ფიქსირდებოდა კოპტი ქრისტიანი მოქალაქეების მიმართ რელიგიური ნიშნით მოტივირებული, საზოგადოებრივი ძალადობის ფაქტებიც.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო შტო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია და, მთავრობაც, ზოგადად, პატივს სცემდა და აღასრულებდა კანონის ამ დანაწესს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული მოსამართლეები არ იჩენდნენ მიუკერძოებლობას, რის შედეგადაც დამდგარი განაჩენი ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული ან არასაკმარისად დამტკიცებული იყო. [3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი განაგრძობდა ქვეყნის ავტორიტარული მეთოდით მართვას. ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა რეალური ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრის ქონა ხშირად სისხლისსამართლებრივი დევნითა და პატიმრობით ისჯებოდა. სამოქალაქო თავისუფლებები, მათ შორის – გამოხატვის და პრესის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევების ჩადენას ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.  ქვეყანაში როგორც ქალთა, ლგბტი პირთა და სხვა ჯგუფთა მიმართ დისკრიმინაცია, ასევე – ოჯახში ძალადობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშის მიხედვით, აღამსრულებელ შტოს სასამართლოზე დიდი გავლენა გააჩნია, რის გამოც ის ხშირად სამთავრობო ინტერესებს იცავს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ელემენტარულ საპროცესო სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ეგვიპტის მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს. 2019 წელს მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გაზარდა სასამართლო შტოზე პრეზიდენტის სამეთვალყურეო როლი და კიდევ უფრო დააკნინა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს სასამართლო ინსტიტუციების თავმჯდომარეები და ის ასევე ხდება „სასამართლო სტრუქტურათა უზენაესი საბჭოს“ (ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასამართლო შტოში პირთა თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე – დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს) თავმჯდომარე, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს Freedom Houseმაქსიმალური 4-დან 1 ინდექსით აფასებს. ზოგადად, ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა მაქსიმალური 40-დან 6 ქულით არის შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები – 60-დან 12 ქულით.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watchეგვიპტის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2020 წლის განმავლობაში, ეგვიპტელები აგრძელებდნენ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისის მკაცრი ავტორიტარული ხელისუფლების ფარგლებში ცხოვრებას. ხელისუფლების მაკრიტიკებელი ათობით ათასი პირი, მათ შორის – ჟურნალისტები და უფლებადამცველები ექვემდებარებოდნენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას, ხოლო ბევრი მათგანი იმყოფებოდა ხანგრძლივ წინასწარ დაკავებაში. შესაბამისი სამსახურები ხშირად იყენებდნენ ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობას მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ და დევნიდნენ და აპატიმრებდნენ საზღვარგარეთ მცხოვრებ დისიდენტთა ნათესავებს.

ამას გარდა, ეგვიპტის ხელისუფლება იყენებდა ბუნდოვან „მორალის“ მუხლს, რათა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებინა ქალი „ინფლუენსერები“ სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტებისა და ფოტოებისთვის. ასევე, ანალოგიურ მოპყრობას უქვემდებარებდნენ გაუპატიურების თვითმხილველ პირებს, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ ონლაინ-სივრცეში. მთავრობასთან აფილირებული მედია საშუალებები ჩირქს სცხებდნენ გაუპატიურების თვითმხილველ პირებს, აქვეყნებდნენ რა მათ პირადი ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს.

COVID-19-ის გავრცელებამ გააუარესა დაკავების პირობები, რის შედეგადაც პოლიტიკური ნიშნით ათობით დაკავებული პატიმრობაში გარდაიცვალა, მათ შორის სულ მცირე 14 – სავარაუდოდ COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო. შესაბამისი სამსახურები აპატიმრებდნენ ჯანდაცვის სფეროს იმ მუშაკებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერCOVID-19 პანდემიის მართვას. უსაფრთხოების ძალები აგრძელებდნენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ოპერირებას ომის შედეგად განადგურებულ ჩრდილოეთი სინაის პროვინციაში.

ხელისუფლებამ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან მთლიანი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დახურა და შემცირებული ცხრილის ფარგლებში, ოქტომბერში გახსნა, რამაც გავლენა იქონია 20 მილიონი მოსწავლის განათლებაზე.[5]

[1]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Egypt; available at https://www.rulac.org/browse/countries/egypt [accessed 3 August 2021]

[2] United Kingdom FCDO – Foreign Travel Advice Egypt; updated on 26 July 2021; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/egypt [accessed 8 August 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 3 August 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021– Egypt; published in March 2021; available at

[accessed 3 August 2021]

[5] Human Rights Watch – World Report 2021 – Egypt; published in January 2021; available at

[accessed 3 August 2021]

ეგვიპტე. ქრისტიანი კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) ეგვიპტის შესახებ 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალურად 12 ქრისტიანული დენომინაციაა აღიარებული, ქრისტიანთა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნება. ეგვიპტეში ქრისტიანები მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბინადრობენ, თუმცა განსაკუთრებით კონცენტრირებულნი არიან სამხრეთ ეგვიპტეში და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა კაირო და ალექსანდრია. ეგვიპტელი ქრისტიანები პოლიტიკურად და სოციო-ეკონომიკურად მრავალფეროვან ცხოვრებას მისდევენ: გააჩნიათ სხვადასხვა პროფესია; არსებობენ როგორც ღარიბი, ასევე – მდიდარი ქრისტიანები; გააჩნიათ სხვადასხვა დონის განათლება და ა.შ. ისევე როგორც ისლამისა და იუდაიზმის შემთხვევაში, ეგვიპტეში ქრისტიანთა ისეთ პირად საკითხებს, როგორიცაა – ქორწინება, განქორწინება; მემკვიდრეობა და ა.შ., განაგებს შესაბამისი რელიგიური ინსტიტუცია (ქრისტიანი კოპტების შემთხვევაში – კოპტთა მართლმადიდებლური ეკლესია).

როგორც წესი, ქრისტიანებს ისეთი სამოსი აცვიათ, როგორც მუსლიმ ეგვიპტელებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი ქალები, მუსლიმებისგან განსხვავებით, საკუთარ თმას ჰიჯაბით არ ფარავენ. ეგვიპტელ ქრისტიანებს, როგორც წესი, მაიდენტიფიცირებული სახელები აქვთ.

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ეგვიპტელ ქრისტიანს საჯარო ცხოვრებაში ჩართვაში და ბევრი მათგანი გამხდარა ცნობილი და გავლენიანი ფიგურა როგორც პოლიტიკურ, ასევე – ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში. დეპარტამენტის შეფასებით, ეგვიპტის საჯარო სამსახურში დასაქმებული ქრისტიანების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის რელიგიური დემოგრაფიის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ქრისტიანებს არ უკავიათ მაღალი თანამდებობები საჯარო სამსახურში, მათ შორის – სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში არსებობს ანტი-დისკრიმინაციული კანონები და სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებები, მათი აღსრულების საკითხი ზოგჯერ პრობლემურია და ქრისტიანი პირი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს დისკრიმინაციას, განსაკუთრებით – ქალაქგარეთ დასახლებებში.

ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, ბევრი ქრისტიანი და თუ სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი სიტუაცია იყოს, ისინი ზოგადად უფრო დაცულად გრძნობენ თავს პრეზიდენტი სისის ადმინისტრაციის ფარგლებში, წინა პრეზიდენტებთან შედარებით. ქრისტიანი რელიგიური ლიდერები ხშირად გამოხატავდნენ მადლობას სისის საჯარო მიმართვისადმი, რომლის ფარგლებშიც მან მოუწოდა ყველა ეგვიპტელს, ეროვნული ერთობა საკუთარ რელიგიურ განსხვავებებზე მაღლა დაეყენებინათ. ქრისტიანები ასევე აფასებენ პრეზიდენტი სისის პირად მაგალითს, როდესაც 2015 წელს ის პირადად დაესწრო საშობაო წირვას კაიროში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში და აქედან მოყოლებული ყოველწლიურად იგივეს აკეთებს. პრეზიდენტი ასევე აქტიურადაა ჩართული ქრისტიანულ თემთან უშუალოდ ურთიერთობაში: მაგალითად, ქრისტიანებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდგომ, მან ეროვნული გლოვის დღეები გამოაცხადა და პირადად მიუსამძიმრა პატრიარქ ტავადროსს. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ქრისტიანები კვლავ რჩებიან სისის ერთგულ მხარდამჭერებად, თუმცა, როგორც სხვა ეგვიპტელების შემთხვევაში, მათი თავდაპირველი ენთუზიაზმი ეკონომიკურმა უკუსვლამ და მიმდინარე სოციალურმა გართულებებმა გაანელა.

ანგარიშში ასევე მოცემულია ბოლო პერიოდში, უშუალოდ ქრისტიანებზე განხორციელებული ერთეული ტერორისტული თავდასხმები. 2016 წლის დეკემბერში, კაიროშო მდებარე წმ. მარკოზის საკათედრო ტაძარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 29 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 49 – დაშავდა. 2017 წლის 9 აპრილს ორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი წირვებზე, რომლებზედაც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პირველი თავდასხმა ტანტაში მოხდა, რომელსაც 27 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი – დაშავდა, ხოლო მეორე ინციდენტს ალექსანდრიაში 16 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 66 – დაშავდა. ამ უკანასკნელის დროს, მესაზე პატრიარქი ტავადროსიც იმყოფებოდა, თუმცა, არ დაშავებულა. 2017 წლის მაისში, მინიაში შეიარაღებულმა პირმა ცეცლი გაუხსნა ქრისტიანების ავტობუსს და მოკლა 29 პირი, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. 2018 წლის ნოემბერში, შეიარაღებული პირები ჩაუსაფრდნენ კაიროს სამხრეთით მდებარე მონასტერში მიმავალი ქრისტიანი მომლოცველებით დატვირთულ 3 ავტობუსს. შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 19 – დაშავდა. აღნიშნული თავდასხმების გარდა, გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თავდასხმების კიდევ რამდენიმე მცდელობას, რომელთა პრევენციაც უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს.

რაც შეეხება ქრისტიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტელთა უმრავლესობა, განსაკუთრებით – ურბანულ დასახლებებში ცხოვრობენ, მუშაობენ და ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამ პროცესში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთმანეთის რელიგიურ კუთვნილებას. თუმცაღა, მცირე-მასშტაბურმა დავებმა (მაგალითად, სამეზობლო დავა), ზოგჯერ შესაძლოა რელიგიური სარჩული მიიკრან და აღნიშნული გადაიზარდოს თემებს შორის დაპირისპირებაში, განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებებში. როგორც წესი, ასეთი ტიპის ძალადობა ეგვიპტეში იღებს ვანდალიზმისა და ქონების განადგურების ფორმას. 2011-2013 წლებში დაფიქსირებული ფართომასშტაბიანი ანტი-ქრისტიანული ძალადობის შემდგომ, უკანასკნელ ხანებში, ისეთი მაღალ-პროფილური ინციდენტები, რომელთა ფარგლებშიც ადამიანები მოკლეს, ან/და ეკლესიებს თავს დაესხნენ, თითქმის აღარ ფიქსირდება.

საზოგადოებრივი ძალადობის ბოლო წლებში მომხდარ ფაქტთა უმრავლესობა, ზემო ეგვიპტის (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი) პროვინციებში ფიქსირდებოდა. ამ კუთხით შედარებით აქტიური იყო პროვინცია მინია (Minya), სადაც ქრისტიანები მოსახლეობის 40 %-ს შეადგენენ და ასევე გვხვდება ისლამისტთა მაღალი კონცენტრაცია; სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი; განათლების დაბალი დონე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტელი ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თემში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას. მაგალითად, პრეზიდენტმა სისიმ რამდენჯერმე დაგმო ეგვიპტური საზოგადოების გახლეჩის მცდელობები და ეგვიპტელებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. 2018 წლის დეკემბერში, ხელისუფლებამ დააანონსა გადაწყვეტილება უმაღლესი კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც დაევალებოდა თემში ძალადობის პრევენციის კუთხით ზოგადი სტრატეგიის შემუშავება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახეზეა პრობლემები ქრისტიანული ეკლესიების შენების (ან აღდგენა/რემონტის) კუთხით. კერძოდ, ეკლესიების შენება ზოგადად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საკითხს, რადგან ისტორიულად, ეს წარმოადგენდა ძალიან რთულ და ჩახლართულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი სამსახურები ცდილობდნენ, პროცედურებისა თუ ბიუროკრატიის გამოყენებით, არ დაეშვათ ახალი ეკლესიების აშენება.

2016 წლის აგვისტოში, ეგვიპტის პარლამენტმა მიიღო კანონი N80/2016, რომელიც საშუალებას აძლევს ქრისტიანებს, ააშენონ ან შეაკეთონ ეკლესიები. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, 2016 წლის კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში მისი აღსრულების კუთხით პრობლემები ფიქსირდება. აღნიშნულ წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, კოპტურმა ეკლესიამ დაახლოებით 2 500 განაცხადი შეიტანა უკვე აშენებული, არა-ლიცენზირებული ეკლესიების დაკანონების მოთხოვნით, თუმცა, 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 200 განაცხადი იყო დაკმაყოფილებული. წყაროთა მიხედვით, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობდა მშენებლობის ან შეკეთების ნებართვების გაცემაზე შედარებით უფრო სენსიტიურ რეგიონებში (მათ შორის, ქალაქები – მინია; ლუქსორი და ესნა), რაც განპირობებული იყო ადგილობრივი მუსლიმების მკაცრი წინააღმდეგობით. მეტიც, აღნიშნულ ქალაქებში, კანონის დარღვევით, მათ 12-მდე ეკლესია დახურეს.

ეგვიპტის მთავრობამ აღადგინა რამდენიმე ეკლესია თუ ეკლესიის მფლობელობაში მყოფი ქონება, რომელიც განადგურდა ან დაზიანდა 2013 წლის ძალადობისას. ამ კუთხით აღსანიშნავია კაიროში წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს ტაძრის შეკეთება, რომელიც 2016 წლის ტერაქტის დროს დაზიანდა. ამას გარდა, ეგვიპტის ხელისუფლებას დააფინანსა მინიას პროვინციის სოფელ ალ-ოურიში ეკლესიის აშენება. აღნიშნულ სოფელში, ლიბიიდან გადმოსულმა, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულმა პირებმა 20 კოპტი მოკლეს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი (სხვადასხვა გათვლებით, 5-დან 15 %-მდე).  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ებრაელებისა და ქრისტიანების შემთხვევაში, მათივე კანონიკური წესები და კანონები წარმოადგენს იმ სამართლებრივ ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც წყდება მათ პირად სტატუსებთან, რელიგიური თემებთან და სულიერი ლიდერების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხები. ზოგადად, ეგვიპტეში პირები ექვემდებარებიან პირადი სტატუსების შესახებ სხვადასხვა კანონმდებლოებას (ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და ა.შ.), რასაც განაპირობებს მათი რელიგიური კუთვნილება.

ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და საკუთარ დეფინიციაში მოისაზრებს „ნებისმიერ ქმედებას ან უმოქმედობას, რასაც შედეგად მოჰყვა პირთა დისკრიმინაცია… მათი რელიგიის ან რწმენის გამო“. კანონის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა იყოს სულ მცირე 30 000 ფუნტი (1900 ა.შ.შ. დოლარი) და არაუმეტეს 50 000 ფუნტისა (3100 ა.შ.შ. დოლარი). როდესაც დამნაშავეს საჯარო მოხელე წარმოადგენს, კანონის მიხედვით, სასჯელად განსაზღვრულია სულ მცირე 3 თვის ვადით პატიმრობა და 50 000-დან 100 000 ფუნტის ოდენობით ჯარიმა.

რაც შეეხება სამთავრობო დამოკიდებულებას ქრისტიანთა მიმართ, ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 20 მაისს, შესაბამისმა სამსახურებმა ბეჰეირას პროვინციაში დააკავეს მღვდელი და 14 კოპტი პირი, რომლებიც მათი ეკლესიის დანგრევას აპროტესტებდნენ. მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეკლესია 15 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როდესაც აბუ ალ-მატამირს საქალაქო საბჭომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ადგილობრივმა მუსლიმებმა ეკლესიის გვერდით მალევე ააშენეს მეჩეთი, რათა ხელი შეეშალათ ეკლესიის დაკანონების პროცესისთვის.

27 ივნისს, კაიროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა დაგმო უფლებადამცველი რამი კამელ საიედ სალიდის და სხვა აქტივისტების განგრძობადი დაკავება. კამელი თავდაპირველად ეგვიპტის ხელისუფლებამ 2019 წლის ნოემბერში დააკავა, რადგან მან შვეიცარიის ვიზაზე განაცხადი შეიტანა, რათა ჟენევაში მიმდინარე გაერო-ს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ესაუბრა კოპტთა თემის პრობლემებზე. ეგვიპტის მთავრობამ მას ბრალად დასდო აკრძალული ჯგუფის წევრობა და ყალბი ცნობების გავრცელება. 6 დეკემბერს კაიროს სასამართლომ მისი წინასწარი პატიმრობა დამატებით 45 დღით გააგრძელა.

2019 წელს, ალექსანდრიისა და დამანჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით, კოპტური კვლევების ცენტრი დააფუძნეს. ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს კურსებს კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესწავლის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას კოპტ ქრისტიანთა მიმართებით, პრესაში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობებით, 3 ოქტომბერს მინიას პორვინციის ქალაქ დაბბოუსში ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კოპტური ქორწილის დროს, რომელსაც კიდევ დამატებითი ძალადობა მოჰყვა 2 დღის შემდგომ. პოლიციამ ორივე მხრიდან 12 პირი დააკავა.

აპრილში, ეგვიპტის შესაბამისმა სამსახურებმა გაანეიტრალეს და ჩაშალეს კოპტური აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ მიმართული არეულობის მცდელობა კაიროს ამირიაჰის უბანში.

16 მაისს, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, გავრცელებული ცნობებით, ალექსანდრიაში მდებარე ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. შემთხვევას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია. მოგვიანებით, საქმეზე მომუშავე პროკურორებმა აღნიშნეს, რომ მოცემული პირი წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო განმწესებული და მოითხოვეს მისთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ცნობები კოპტი გოგონებისა და ქალების გატაცების შესახებ, სამთავრობო პირები, ქრისტიანული თემის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ისინი აღნიშნულ შემთხვევებს „გატაცებას“ ვერ უწოდებდნენ. მაგ. მარტში, Minority Rights Group International წერდა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ფიქსირდებოდა კოპტი ქალების გატაცების 13 შემთხვევა.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) აღნიშნულია, რომ ქვეყანა განგრძობადი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება 2017 წლიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა ტერორისტულ თავდასხმებს კოპტურ ეკლესიებზე. ასევე, უბრალოდ ნახსენებია, რომ ზოგჯერ, ადგილი ჰქონდა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას კოპტი ქრისტიანების მიმართ. კოპტებთან მიმართებით სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ანგარიშში ინფორმაცია არ იძებნება.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილი ჰქონდა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევებს (სინაის ნახევარკუნძულიდან), ფიზიკურ თავდასხმებს, მათი საცხოვრებლის  გადაწვასა და მათ მიერ ეკლესიების მშენებლობების ხელის შეშლას.[4]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published in June 2019; available at

[accessed 14 June 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Egypt; published in May 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Christians; published in October 2020; available at

[accessed 16 June 2021]

ეგვიპტე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება. თებერვალი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT)  2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ კონსტიტუციის 86 მუხლის თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელსაც არგულირებს „კანონი სამხედრო და ეროვნული სამსახურის შესახებ“ (კანონი 127/1980). კანონის მიხედვით, 18 წელს გადაცილებული ყველა ეგვიპტელი მამაკაცი ვალდებულია, იმსახუროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.  როგორც წესი, 18 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც გავლილი არ აქვს სამხედრო სამსახური, დასაქმებისას სთხოვენ, წარმოადგინოს ზემოხსენებული ვალდებულიდან გამორიცხვის ან გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადად, ეგვიპტურ პირადობის მოწმობაზე აღნიშნულია, გავლილი აქვს თუ არა პირს სავალდებულო სამხედრო სამსახური და, გავრცელებული ცნობებით, იმ პირებს, რომელთაც ეს ვალდებულება მოხდილი არ აქვთ (და ისინი არც შესაბამისი ნიშნის გამო არიან გამორიცხულნი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან) არ აქვთ ნებართვა, დატოვონ ქვეყანა.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ ეგვიპტეში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება წერდა, რომ ეგვიპტეში 18-დან 30 წლამდე ყველა მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას ექვემდებარება, თუმცა, მოხალისეებს მისი გავლა 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ავტორიტეტული წყაროს მიხედვით (ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი, პორტალი Globalsecurity.org) იმ ეგვიპტელ მამაკაცებს, რომელთაც მოხდილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან არ გააჩნიათ აღნიშნული ვალდებულებისგან გამორიცხვის ან გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლება არ აქვთ, დატოვონ ეგვიპტე და გაემგზავრონ საზღვარგარეთ.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტეში სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ წერდა, რომ ერთ-ერთი მედია წყაროს მიხედვით, 2015 წლის დეკემბერში ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ახალი კანონი, რომელიც 19-დან 29 წლამდე სტუდენტების უკრძალავს ქვეყნის დატოვებას, თუ მათ მოხდილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. წყაროს მიხედვით, არსებობს გარკვეული გარემოებები, რა დროსაც ხდება პირისთვის აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, მაგალითად: მექაში მოსალოცად წასვლა; სამედიცინო ჩვენებები, ან მშობლებთან ვიზიტი.

კიდევ ერთი შესწავლილი წყარო – Qantara.de წერდა, რომ „პირს, რომელსაც არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ უკვე დაასრულა სწავლა, ეგვიპტიდან გასამგზავრებლად ესაჭიროება სამხედრო ძალების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა“.[3]

რაც შეეხება მსახურების რაიმე ოფიციალური გადასახადის მეშვეობით  გადავადების საკითხს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ეგვიპტეში ასეთი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ინფორმაცია ეგვიპტეში პირისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურებისგან გამორიცხვის, ან გადავადების საფუძველების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ განყოფილების მიერ 2020 წლის ნოემბერში მომზადებულ კვლევაში

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published on 17 June 2019; available at

[accessed 1 February 2021]

 

[2] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Military service; published in November 2020; available at

[accessed 1 February 2021]

[3] Immigration and Refugee Board of Canada – Egypt: Military service, including age of recruitment, exemptions and availability of alternative service; treatment of persons who refuse or evade military service, including upon their return from abroad (2016-July 2018) [EGY106143.E]; published on 20 July 2021; available at

[accessed 1 February 2021]

ეგვიპტე. კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი.  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას.

ანგარიშის მიხედვით,  სამხედრო უზენაესმა სასამართლომ, მაისში აღასრულა 36-დან 17 სასიკვდილო განაჩენი იმ პირთა მიმართ, რომელთა აღნიშნული სასჯელი ჰქონდათ მისჯილი 2016-17 წლებში კაიროში, ალექსანდრიასა და ტანტაში კოპტური ეკლესიებში აფეთქებების მოწყობისთვის, რასაც 80-ზე მეტი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანარჩენ 19 პირს სასამართლომ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზემოხსენებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა აიღო. ამას გარდა, კაიროს სამხედრო სისხლისსამართლებრივმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ორ, ხოლო მუდმივი პატიმრობა – კიდევ ორ სხვა პირს, 2017 წელს, ჰელვანის უბანში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის მოწყობისთვის, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის ტერორიზება ედებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა ხურავდა არალიცენზირებულ ეკლესიებს მუსლიმური თემის პროტესტების შემდგომ და ზოგჯერ, ვერ უზრუნველყოფდა უმცირესობების წარმომადგენლების წვდომას პროცედურულ უფლებებზე სასამართლოში. 7 იანვარს, კოპტური შობის აღსანიშნავი წირვის შემდგომ, მუსლიმთა ჯგუფმა გააპროტესტა არალიცენზირებული ეკლესიის არსებობა ზემო ეგვიპტის რეგიონში მდებარე სოფელ Manshiyet Zaafarana-ში. 11 იანვარს, ზემოხსენებული ჯგუფი კვლავ შეიკრიბა ეკლესიასთან და მისი წევრები აჟღერებდნენ ანტი-ქრისტიანულ მოწოდებებს. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მალევე ჩაერივნენ, დაშალეს დემონსტრაცია და დახურეს ეკლესია. კოპტური ეკლესიის მინიის დიოექეზიამ შემდგომ გაავრცელა განცხადება, სადაც უთითებდენენ, რომ ამ ფორმით, უსაფრთხოების ძალები დაეხმარნენ ადგილობრივი მუსლიმებს ტაძრის დახურვაში.

ივლისში, ალექსანდრიისა და დამაჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა დაანონსეს კოპტური სწავლებების ცენტრების დაარსება, რასაც კოპტურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით ახორციელებდნენ. ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სასწავლო კურსები კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესახებ.

რაც შეეხება კოპტთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით,  3 იანვარს, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო-მიმართ, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჰპირდებოდა „სისხლიან თავდასმხებს კოპტურ შობასთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს“ და „ეგვიპტელ ქრისტიანებზე შურისძიებას“. მიმართვაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ კოპტური ეკლესიის მეთაურს – პაპ ტოვადროს II-ს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,  17 იანვარს სავარაუდოდ „ისლამური სახელწმწიფოს“ წევრმა დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქრისტიანი კოპტი ჩრდილოეთი სინაის რეგიონში მდებარე ალ-არიშის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, აღნიშნული პირის ბედ-იღბალი უცნობი იყო.

იანვარში, ქაიროში, ნასრის უბანში ადგილობრივმა მუსლიმმა შეიხმა აცნობა უსაფრთხოების ძალებს ღვთისმშობელი მარიამის ეკლესიასთან სავარაუდო აფეთქების მოწყობის შესახებ. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც აღმოაჩინა თვითნაკეთი ასაფეთქებული მოწყობილობები. თუმცა, ბომბის განეიტრალების მცდელობისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი – დაშავდა.

ანგარიშის მიხედვით, ვებ-გვერდმა Esshad-მა, რომელიც აღრიცხავს სექტარული ხასიათის თავდასხმებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემებს შორის ძალადობის ხარისხის 2018-2019 წლებში 29 %-ით შემცირდა.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა ჯგუფების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმების კუთხით  რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დისკრიმინაცია  გრძელდებოდა, მათ შორის – სპორტში. მაგალითად, წამყვან საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 540 მოთამაშიდან, მხოლოდ ერთი იყო ქრისტიანი. ზოგიერთი რელიგიური ლიდერი და მედიის წარმომადგენლები აგრძელებდა ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაციული რეტორიკის და ენის გამოყენებას.მაგალითად, იანვარში სალაფიტმა მოძღვარმა – ვაგდი ღონეიმმა დაპოსტა ვიდეო, სადაც აკრიტიკებდა ალ-აზჰარის მთავარ იმამ აჰმედ ელ-ტაიიბს იმაში, რომ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი საკათედრო ტაძრის გახსნაში. მან განაცხადა, რომ ისლამის მიხედვით, კოპტები ურწმუნოები არიან და ისინი, ვინც იღებენ მათ რელიგიას ან ეხმარებიან მათ რელიგიურ რიტუალებში, ასევე ურწმუნოები არიან.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენბის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიამია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში, შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, სახეზეა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმები, ბომბებით თავდასხმა, მათი საცხოვრებლის  გადაწვა და უკანასკნელ წლებში, კოპტების მიერ ეკლესიების აშენების ხელის შეშლა.[2]

Amnesty International ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს დააპატიმრეს კოპტი ქრისტიანი აქტივისტი – რამი კამელი, რომელიც რამდენიმე დღეში ჟენევაში, უმცირესობათა საკითხებზე გაეროს ერთ-ერთ ფორუმზე მიემგზავრებოდა. კამელი „ტერორიზმთან“ დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს, რაც ორგანიზაციის აზრით, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წარსულში ის ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე ღიად გამოხატავდა საკუთრ პოზიციას და აღნიშნულ საკითხზე 2018 წელს, მისი ეგვიპტეში ვიზიტის დროს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენლელსაც კი ესაუბრა. [3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ფიქსირდებოდა ბრბოს ძალადობის და ვიჯილანტიზმის ინციდენტები, მათ შორსი – სექტარული ხასიათის ძალადობრივი ინციდენტები, მიმარტული კოპტი ქრისტიანების წინააღმდეგ. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის დატერორება ედებოდა.[4]

[1] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Egypt; published in June 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[3] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Egypt; published in February 2020; available at

[accessed 24 November 2020]

[4] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 24 November 2020]

ეგვიპტე. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ნოემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ეგვიპტეში  ფიქსირდება არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება „ვილაიათ სინაის“, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეირაღებული ჯგუფის წინააღმდეგ აწარმოებს. ამას გარდა, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ჩართულნი არიან იემენის ტერიტორიაზე მიმდინარე არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელსაც საუდის არაბეთის მეთაურობით შემდგარი სამხედრო კოალიცია აწარმოებს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტეს 2013 წლიდან პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი მართავს. ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

2017 წელს კოპტთა ეკლესიებზე ტერორისტული თავდასხმების შემდგომ, პრეზიდენტმა სისიმ პარლამენტს მიმართა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღების მოთხოვნით, რაც დააკმაყოფილეს. აქედან მოყოლებული, ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ზემოხსენებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ყოველ 3 თვეში ერთხელ ნახლდება.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, ჩადენილი ეგვიპტის მთავრობის შესაბამისი სამსახურების ან ტერორისტების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; უკანონი დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვისა, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა, საიტების დაბლოკვა და ჟურნალისტების დაპატიმრება; შეზღუდვები შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით; რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობა, ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

მთავრობა იშვიათად ან არასაკმარისად იძიებდა, ან სათანადოდ სჯიდა აღნიშნულ უფლებადარღვევებში ბრალდებულ პირებს, მათ შორის – უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის რიგებში, რაც ხელს უწყობდა დაუსჯელობის სინდრომის წარმოქნას.

ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალები და სხვა შესაბამისი სამსახურები ჩადიოდნენ უკანონო მკვლელობებს, მათ შორის უშუალოდ პირთა დაკავებისას, მათი წინასწარ დაკავებაში ყოფნის პერიოდში ან მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლის დროს. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, დაკავების ცენტრებში ფიქსირდებოდა პირთა წამებით სიკვდილამდე მიყვანის შემთხვევებიც. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მონაცემებით,  იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღირიცხა მთავრობის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩადენილი 302 უკანონო მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, ეგვიპტის მთავრობა სათანადოდ იძიებდა და სჯიდა აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტეში ფიქსირდებოდა უსაფრთხოების ძალების მხრიდან პირთა იძულებითი გაუჩინარების არაერთი შემთხვევა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამოიყენებოდა, როგორც დაშინების ერთ-ერთი ეფექტური ტაქტიკა. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, აღირიცხა პირთა გაუჩინარების 336 შემთხვევა, ხოლო 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული – თითქმის 500.

ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, უსაფრთხოების ძალების და საპატიმროთა პერსონალის მხრიდან პირთა წამების ფაქტებზეც. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიხედვით, წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა წამების ასობით შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთის ფარგლებში, ფატალური შედეგიც კი დადგა. პოლიცია და ციხის პერსონალი იყენებდა წამებას, როგორც დაკავებულებისგან ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ მეთოდს, მათ შორის – არასრულწლოვნებთან მიმართებაში. გავრცელებული ცნობებით, წამების მეთოდებში შედიოდა: მუშტებით, მათრახით, იარაღის კონდახებით და სხვა ობიექტების გამოყენებით პირთა ცემა; ჭერზე კიდურებით დაკიდება; ელექტრული შოკის გამოყენება; სექსუალური ძალადობა; ძაღლებით თავდასხმა და ა.შ.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო შტო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია და, მთავრობაც, ზოგადად, პატივს სცემდა და აღასრულებდა კანონის ამ დანაწესს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული მოსამართლეები არ იჩენდნენ მიუკერძოებლობას, რის შედეგადაც დამდგარი განაჩენი ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული ან არასაკმარისად დამტკიცებული იყო.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი განაგრძობდა ქვეყნის ავტორიტარული მეთოდით მართვას. ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა რეალური ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრის ქონა ხშირად სისხსლისამართლებრივი დევნითა და პატიმრობით ისჯებოდა. სამოქალაქო თავისუფლებები, მათ შორის – -გამოხატვის და პრესის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ უფლებადარღვევების ჩადენას ყოველგვარი პახუსისმგებლობის გარეშე. ქვეყანაში ფიზიკურ უსაფრთხოებას ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა ტერორიზმი, რომელიც ძირითადად სინაის ნახევარკუნძულზე იყო კონცენტრირებული.

ანგარიშის მიხედვით, აღამსრულებელ შტოს სასამართლოზე დიდი გავლენა გააჩნია, რის გამოც ის ხშირად სამთავრობო ინტერესებს იცავს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ელემენტარულ საპროცესო სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ეგვიპტის მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს. 2019 წელს მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გაზარდა სასამართლო შტოზე პრეზიდენტის სამეთვალყურეო როლი და კიდევ უფრო დააკნინა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს სასამართლო ინსტიტუციების თავმჯდომარეები და ის ასევე ხდება „სასამართლო სტრუქტურათა უზენაესი საბჭოს“ (ორგანო, რომელიც ზედამხდეველობას უწევს სასამართლო შტოში პირთა თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე – დისციპლინალური პასუხისმგებლობის საკითხებს) თავმჯდომარე, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს Freedom House 4-დან 1 ინდექსით აფასებს. ზოგადად, ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა მაქსიმალური 40-დან 7 ქულით არის შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები – 60-დან 14 ქულით.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ეგვიპტის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2019 წელს რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები ხელს უწყობს ავტორიტარულ მმართველობას, აკნინებს სასამართლო შტოს დამოუკიდებლობას და ნებას აძლევს სამხედრო ელიტას, ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები აგრძელებდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეიარაღებული ჯგუფის „სინაის პროვინციის“ წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებს სინაის ნახევარკუნძულზე, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა არაერთ სამართალდარღვევას. მათ შორის იყო: სახლების დანგრევა, ადგილობრივი პირების თვითნებური დაკავება, წამება და მკვლელობაც კი.

ვითომდა ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, ეგვიპტის მთავრობამ გამოიჩინა უდიდესი უპატივცემულობა კანონის უზენაესობისადმი. 2017 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტი სისი ინარჩუნებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც, უსაფრთხოების ძალებს თითქმის განუზომელი ძალაუფლება ენიჭებათ. პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუტინულად იყენებდნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა წამება და სისტემატური ხასიათის გაუჩინარებები, რის გამოც არანაირ პასუხისმგელობას არ ექვემდებარებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, წამებას დაექვემდებარნენ მათ შორის, ცნობილი აქტივისტები – ალაა აბდელ ფატტაჰი და ისრაა აბდელ ფატაჰი.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა აგვისტოში შემოიღო ახალი კანონი, რომელიც მასშტაბურ შეზღუდვებს უწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელს უშლის მათ თავისუფლად მუშაობაში. ეგვიპტის მთავრობამ ვერ შეასრულა საკუთარი დანაპირები, რომ დაიცავდა ქალებსა და რელიგიურ უმცირესობებს. კანონს, რომელიც ოჯახურ ძალადობას სისხლისამართლებრივი წესით დასჯად დანაშაულად აქცევდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ხოლო ქრისტიანები კვლავ განიცდიდნენ გარკვეულ დისკრიმინაციას, რაც ძირითადად გამოხატული იყო მათდამი არსებული ფაქტობრივი დაბრკოლებებით, ახალი ეკლესიების აშენების თაობაზე.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 18 November 2020]

[2] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 19 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 20 November 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Egypt; published in January 2020; available at

[accessed 20 November 2020]

ეგვიპტე. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობის ხარისხი. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიმდინარე წელს დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, ჩადენილი ეგვიპტის მთავრობის შესაბამისი სამსახურების ან ტერორისტების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; უკანონი დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. მთავრობა იშვიათად ან არასაკმარისად იძიებდა, ან სათანადოდ სჯიდა აღნიშნულ უფლებადარღვევებში ბრალდებულ პირებს, მათ შორის – უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის რიგებში, რაც ხელს უწყობდა დაუსჯელობის სინდრომის წარმოქნას მათ რიგებში.

ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალები და სხვა შესაბამისი სამსახურები ჩადიოდნენ უკანონო მკვლელობებს, მათ შორის უშუალოდ პირთა დაკავებისას, მათი წინასწარ დაკავებაში ყოფნის პერიოდში ან მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლის დროს. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, დაკავების ცენტრებში ფიქსირდებოდა პირთა წამებით სიკვდილამდე მიყვანის შემთხვევებიც. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მონაცემებით,  იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღირიცხა მთავრობის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩადენილი 302 უკანონო მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, ეგვიპტის მთავრობა სათანადოდ იძიებდა და სჯიდა აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტეში ფიქსირდებოდა უსაფრთხოების ძალების მხრიდან პირთა იძულებითი გაუჩინარების არაერთი შემთხვევა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამოიყენებოდა, როგორც დაშინების ერთ-ერთი ეფექტური ტაქტიკა. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, აღირიცხა პირთა გაუჩინარების 336 შემთხვევა, ხოლო 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული – თითქმის 500.

ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, უსაფრთხოების ძალების და საპატიმროთა პერსონალის მხრიდან პირთა წამების ფაქტებზეც. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიხედვით, წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა წამების ასობით შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთის ფარგლებში, ფატალური შედეგიც კი დადგა. პოლიცია და ციხის პერსონალი იყენებდა წამებას, როგორც დაკავებულებისგან ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ მეთოდს, მათ შორის – არასრულწლოვნებთან მიმართებაში. გავრცელებული ცნობებით, წამების მეთოდებში შედიოდა: მუშტებით, მათრახით, იარაღის კონდახებით და სხვა ობიექტების გამოყენებით პირთა ცემა; ჭერზე კიდურებით დაკიდება; ელექტრული შოკის გამოყენება; სექსუალური ძალადობა; ძაღლებით თავდასხმა და ა.შ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2011 წელს მუბარაქის წინააღმდეგ მომხდარი რევოლუციის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ქვეყანაში პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და სამართალდარღვევები, რაც ხშირად დაუსჯელი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, შემდგომ წლებში ამ კუთხით არანაირი რეფორმა არ გატარებულა, პირიქით – მაგალითად, 2015 წლის ანტიტერორისტულმა კანონმა შემოიტანა „ტერორიზმის“ ბუნდოვანი განმარტება და სამართალდამცავ ორგანოებს მიანიჭა ფართო უფლებები და იმუნიტეტი. 2019 წლის განმავლობაშიც, ვრცელდებოდა ცნობები წამების, სავარაუდო კანონგარეშე მკვლელობების და პირთა იძულებითი გაუჩინარებების შესახებ, რომელთა ნაწილსაც არასამთავრობო ორგანიზაები ადასტურებდნენ. ორგანიზაცია აღნიშნულ კომპონენტში ეგვიპტეს მაქსიმალური 4 ქულიდან 0-ით აფასებს.[2]

Human Rights Watch ეგვიპტის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ვითომდა ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, პრეზიდენტმა სისიმ შემოიღა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება და რომელიც უსაფრთხოების ძალებს თითქმის შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს. პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუტინულად იყენებდნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა წამება და სისტემატური ხასიათის გაუჩინარებები, რის გამოც არანაირ პასუხისმგელობას არ ექვემდებარებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, წამებას დაექვემდებარნენ მათ შორის, ცნობილი აქტივისტები – ალაა აბდელ ფატტაჰი და ისრაა აბდელ ფატაჰი. ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის საპატიმროებში ზოგადი პირობები კატასტროფული იყო, ხოლო სისტემატურ პრობლემას წარმოადგენდა გადავსებულობა და ჯანდაცვაზე არასათანადო წვდომა, რამაც, გავრცელებული ცნობებით, არაერთი პაციენტის გარდაცვალებას შეუწყო ხელი.[3]

Amnesty International-ის მიხედვით, ეგვიპტის შესაბამისი სამსახურები დემონსტრანტების და სავარაუდო დისიდენტების მიმართ იყენებდნენ ისეთი ტიპის რეპრესიულ ზომებს, როგორიცაა: იძულებითი გაუჩინარებები; მასობრივი დაპატიმრებები; წამება და არასათანადო მოპყრობა; ფიზიკური ძალის გადამეტებული გამოყენებ და ა.შ. უბრალოდ საკუთრი აზრის დაფიქსირებისთვის, პოლიციამ დააკავა სულ მცირე 20 ჟურნალისტი.

ანგარიშის მიხედვით, წამება რუტინულად გამოიყენებოდა დაკავების ცენტრებში და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დგებოდა აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაგალითად, 2019 წლის 29 სექტემბერს ხელახალი დაპატიმრების შემდგომ, ბლოგერი ალაა აბდელ ფატტაჰი გადაიყვანეს თორას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც პერსონალმა ის დაუქვემდებარა წამებას, კერძოდ, მას თვალი აუხვიეს, ტანსაცმელი გახადეს და ცემეს, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას გარდა, აგვისტოში პატიმარი ჰოსსამ ჰამადი გარდაიცვალა ალ-აქრაბის ციხეში. მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ ის აწამეს, პროკურორებმა ჰამადის საქმე მაინც არ გამოიძიეს.

ანგარიშის მიხედვით, იყო გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებიც წამებაში დამნაშავეთა დასჯის და გასამართლების კუთხით. თებერვალში, ქ. სოჰაგის სასამართლომ სამ პოლიციელს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2016 წელს დაკავებული პირის – მოჰამედ სალეჰის წამებისა და მკვლელობისთვის, ხოლო ციხის ექიმი, დანაშაულის დაფართვისთვის, 1 წლის ვადით პატიმრობას დაექვემდებარა. ოქტომბერში პროკურორებმა ბრალი წარუდგინეს 10 პოლიციელს, რომელთაც 2016 წელს ქუჩის გამყიდველი – მაგდი მაკენი, ქ. კაიროში, ამერიას პოლიციის შენობაში სავარაუდოდ აწამეს და მოკლეს. ნოემბერში, საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 6 პოლიციელისთვის დაკავებულის წამების გამო გამოტანილი 3 წლიანი პატიმრობის განაჩენი. დეკემბერში, კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ 9 პოლიციელს მიუსაჯა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს, ვაულის პოლიციის შენობაში ჰუსსეინ ფარგჰალის წამებისა და მკველობისთვის.

[1] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 5 November 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 5 November 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2020 – Egypt; published in January 2020; available at

[accessed 5 November 2020]

ეგვიპტე. სავალდებულო სამხედრო სამსახური. ნოემბერი, 2020

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT)  2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ კონსტიტუციის 86 მუხლის თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელსაც არგულირებს „კანონი სამხედრო და ეროვნული სამსახურის შესახებ“ (კანონი 127/1980). კანონის მიხედვით, 18 წელს გადაცილებული ყველა ეგვიპტელი მამაკაცი ვალდებულია, იმსახუროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მისი ვადა მაქსიმუმ 3 წლამდე პერიოდით განისაზღვრება და ახალწვეულებს, გაწვევის ფარგლებში, მსახურება უწევთ სამხედრო, საპოლიციო ან საპატიმრო ძალებში. როგორც წესი, 18 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც გავლილი არ აქვს სამხედრო სამსახური, დასაქმებისას სთხოვენ, წარმოადგინოს ზემოხსენებული ვალდებულიდან გამორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადად, ეგვიპტურ პირადობის მოწმობაზე აღნიშნულია, გავლილი აქვს თუ არა პირს სავალდებულო სამხედრო სამსახური და, გავრცელებული ცნობებით, იმ პირებს, რომელთაც ეს ვალდებულება მოხდილი არ აქვთ (და ისინი არც შესაბამისი ნიშნის გამო, გამორიცხულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან) არ აქვთ ნებართვა, დატოვონო ქვეყანა.

სამხედრო სამსახურისას, ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ზოგიერთ ახალწვეულს პირდაპირ ფრონტზე, წინა ხაზებში უშვებენ (იგულისხმება სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე დაპირისპირებები), ხოლო ზოგს ურბანულ დასახლებებში, ადგილობრივ საპოლიციო ძალებში ამწესებენ. ანგარიშის მიხედვით, იმ პირებს, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ოჯახური ან სხვა ტიპის კონტაქტები და გავლენა, შეუძლიათ სამხედრო სამსახური შედარებით მსუბუქ პირობებში (ადმინისტრაციული დეპარტამენტები, სამხედრო სასტუმროები, სამხედრო ფრთის ეკონომიკური პროექტები და ა.შ.) მოიხადონ.

ეგვიპტეში, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან პირის გამორიცხვის რამდენიმე წინაპირობა არსებობს:

  • ოჯახური მიზებები – პირს სამხედრო სამსხურში არ გაიწვევენ, თუ ის არის დედისერთა ვაჟი; წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ შემწეს; ჰყავს ძმა, რომელიც უკვე მსახურობს ეგვიპტის არმიაში; თუ ჰყავს მამა ან ძმა, რომლებიც სამხედრო სფეროში მსახურობისას დაიღუპნენ და სხვა მიზეზები, რომლებიც განხილვას ექვემდებარება;
  • სწავლასთან დაკავშირებული მიზეზები – უნივერსიტეტის სტუდენტებს, 28 წლის ასაკის მიღწევამდე, არ ევალდებულებათ სამხედრო სამსახურის მოხდა.
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები;
  • ახალწვეულთა დიდი რაოდენობა – თუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, სამხედრო ფრთას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული ახალწვეული გაათავისუფლოს ვალდებულებისგან;
  • ისლამისტები – გავრცელებული ცნობებით, სამხედრო სამსახურში არ იწვევენ წარსულში ნასამარლევ „ისლამისტებს“.
  • 30 წელს გადაცილებული პირები – როდესაც პირი 30 წელს აღწევს, ის ავტომატურად თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

ზოგადად, პირის გამორიცხვა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, გარდა 30 წლის ასაკს მიღწეული პირებისა, ექვემდებარება გადახედვას და განახლებას ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. თუ პირს არ შეუძლია მისი განახლება და, ამავდროულად, არ მოიხდის სამხედრო სამსახურს, დაექვემდებარება ჯარიმას 1000 ეგვიპტური გირვანქის ოდენობით ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას. შესწავლილი წყაროების თანახმად, უცნობია, წელიწადში საშუალოდ რამდენი ადამიანი ექვემდებარებ დაპატიმრებას ზემოხსენებული დანაშაულის გამო. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, თავის ამრიდებელი პირები ექვემდებარებიან ანალოგიურ მოპყრობას, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი.

ეგვიპტეში რელიგიური მოტივით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ არის მიღებული პრაქტიკა. თუმცაღა, არსებობს მცირე მოძრაობა, რომელიც ზემოხსენებული უფლების განვითარებას ითხოვს.

DFAT-ის შეფასებით, ეგვიპტელ მამაკაცთა უმრავლესობა, დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა რაიმე ფორმით. ვალდებულებისგან გათავისუფლება ან გამორიცხვა მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდუალურ და სოციო-ეკონომიკურ წინაპირობებზე. მსახურების ადგილას არსებული ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია და დამოკიდებულია ლოკაციასა და პოზიციაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლები, მაღალი ალბათობით, დაექვემდებარებიან დაკავებას ან დაპატიმრებას.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ ეგვიპტეში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება წერდა, რომ ეგვიპტეში 18-დან 30 წლამდე ყველა მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას ექვემდებარება, თუმცა, მოხალისეებს მისი გავლა 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

როგორც წესი, სამხედრო სამსახურის ვადა 12-დან 36 თვემდე განისაზღვრება, რის შემდეგადაც პირებს კვლავ გააჩნიათ 9 წლის ვადით სარეზერვო ვალდებულება. როგორც წესი, იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება, მსახურების ვადა 18 თვით განისაზღვრება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების/გამორიცხვის ოჯახობრივი საფუძვლებია:

  • თუ პირი არის გარდაცვლილი მამის ერთადერთი ვაჟი;
  • თუ არის ცოცხალი მამის ერთადერთი ვაჟი მაშინ, როდესაც მამას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა;
  • თუ პირის დედ-მამიშვილები მის კმაყოფაზე არიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავის რჩენა;
  • თუ პირის დედას დამოუკიდებლად არ შეუძლია თავის რჩენა;
  • თუ ის არის სამშობლოსთვის დაღუპული მამის უფროსი ვაჟი ან ანალოგიურად დაღუპული პირის უფროსი ძმა.

ამას გარდა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სამხედრო სამსახურის მოხდისგან თავისუფლდება პირი, რომელიც:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაექვემდებარება გაწვევას;
  • თუ პირი წარმოადგენს სტუდენტს, აღნიშნული სტატუსის ქონისას, 28 წლის ასაკამდე მას არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულება;
  • თუ პირს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, ის შესაძლოა გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან;
  • თუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, კონკრეტული ახალწვეულთუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, სამხედრო ფრთას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული ახალწვეულები შესაძლოა გათავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან;
  • ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, საჯარო სამსახურში საშტატო პოზიციაზე მუდმივად დასაქმებული პირსაც აქვს უფლება, გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან;
  • რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ თუ პირს 30 წელი შეუსრულდა, ის აღარ დაექვემდებარება გაწვევას.

ისევე როგორც კვლევის პირველ ნაწილში აღნიშნულ წყაროში, საშინაო საქმეთა ოფისიც უთითებს, რომ სამხედრო სამსახურისას, ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება და დამოკიდებულია დისლოკაციის ადგილზე, ასევე – გამწვევ ორგანოზე (სამხედრო ნაწილი, საპოლიციო ნაწილი და ა.შ.). ანგარიშის მიხედვით, პირობები და ახალწვეულთა მოპყრობა ყველაზე უფრო დამოკიდებულია 2 ძირითად ფაქტორზე: ქრთამები (Rishva) და პირადი კავშირები (Wasta). ახალწვეულებს ხშირად უწევთ ქრთამების გადახდა ზემდგომი ოფიცრებისთვის, რათა თავიდან აირიდონ არასათანადო მოპყრობა ან მიიღონ დამატებითი საკვები რაციონი. ამას გარდა, წყაროთა მიხედვით, ეგვიპტურ საზოგადოებაში,ზოგადად, ნებისმიერი კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის პირად კავშირებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნუალია, რომ ახალწვეულები აღქმულნი არიან, როგორც იაფი მუშახელი, რომელთაც სხვადასხვა სამხედრო თუ სახელმწიფო პროექტებში იყენებენ.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საკითხს, ანგარიშის მიხედვით, ამრიდებლების საქმეს სამხედრო სასამართლოები განიხილავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ბრალდებული დაექვემდებარება ჯარიმას 1000 ეგვიპტური გირვანქის ოდენობით ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას.  [2]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published on 17 June 2019; available at

[accessed 4 November 2020]

[2] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Military service; published in November 2020; available at

[accessed 4 November 2020]