ეთიოპია. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. დეკემბერი, 2021

ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში ეთიოპიის  შესახებ წერენ, რომ ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა არის სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ის არის აფრიკის კონტინენტზე მეორე ყველაზე მეტად დასახლებული სახელმწიფო დაახლოებით 117.9 მილიონი მოსახლით [2021 წლის მდგომარეობით], რომელიც 80-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფისთვის წარმოადგენს სამშობლოს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 43.5 პროცენტი არის ეთიოპიურ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი, 33.9 პროცენტი ისლამის, ხოლო 18.6 პროცენტი პროტესტანტიზმის. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ჯგუფებს (მათ შორის კათოლიკეებს და იეჰოვას მოწმეებს თუ სხვა ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს) ისინი შეადგენენ საერთო მოსახლეობის 5 პროცენტზე ნაკლებს.[1]

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა – ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ქვეყნაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია 2018 წლის შემდეგ გაუარესდა. შიდა ეთნიკური დაპირისპირებები მიწასა თუ სხვა რესურსებზე არსებითად გაიზარდა, განსაკუთრებით ორომიის შტატში, კერძოდ ორომია-სომალის, ორომია-ბენიშანგულ-გუმუზისა და ამჰარა-ტიგრაის შტატების საზღვრების გასწვრივ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს წარსულში აკრძალული ჯგუფების, კონკრეტულად კი ორომიის გამათავისუფლებელი ფრონტის, დაბრუნებამ ორომიის შტატში შიდა შეტაკებები და არა-ორომელთა სახლების მიზანში ამოღება გამოიწვია.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ანგარიშში ასევე წერს, რომ უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან საკმაოდ არასტაბილურია. არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ ეთიოპიის საზღვრებთან სომალთან, სუდანთან, სამხრეთ სუდანთან და კენიასთან.[2]

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით ტიგრაის, ამჰარასა და აფარის შტატებში (ჩრდილოეთ ეთიოპია) მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები და მოგზაურობა ამ შტატებში მიზანშეწონილი არ არის.[3]

კონფლიქტი ტიგრაის რეგიონში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტში” (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2020 წლის ნოემბრიდან ეთიოპია ჩართულია არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში ტიგრაის გამათავისუფლებელ ფრონტთან.[5]

კონგრესის კვლევის სამსახური 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტიგრაის რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც, ტიგრაის გამათავისუფლებელმა ფრონტმა იერიში მიიტანა სამხედრო ბაზაზე.[6]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წელს გამოქვეყნებულ კითხვაზე პასუხში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 3 კვირაში სამთავრობო ძალები სრულად აკონტროლებდნენ რეგიონის დედაქალაქ მეკელეს. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ამავე ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამთავრობო ძალების გამარჯვებისა, ტიგრაის რეგიონში სიტუაცია მაინც არასტაბილური დარჩა, სადაც კვლავ იყო ჰუმანიტარულ დახმარების საჭიროება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ფედერალურმა ხელისუფლებამ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, თუმცა მთავრობის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციამ ომი არ დაასრულა.[7]  გაერო იუწყება, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტიგრაის გამათავისუფლებელი ფრონტის მებრძოლები სამხრეთით, ქვეყნის დედაქალაქისკენ დაიძრნენ.[8]

ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა – ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში მითითებულია, რომ ტიგრაის რეგიონში შეიარაღებული  კონფლიქტის 2020 წლის ნოემბერში დაწყების შემდეგ, 50.000 მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი სუდანს, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი იძულებით  იყო გადაადგილებული 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით. კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტიგრაის რეგიონში იყო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები, მათ შორის დიდი რაოდენობით გაუპატიურებები ქალაქ მეკელეში.[10]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ადამიანის უფლებათა პრაქტიკაზე ეთიოპიაში წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების მნიშვნელოვან ფაქტებს წარმოადგენს უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ უსაფუძვლო და უკანონო მკვლელობები; მთავრობის მხრიდან წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; უსაფუძვლო დაპატიმრებები და დაკავებები; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა; სამოქალაქო პირთა მკვლელობები; დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ; შიდა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და წამება.

დამატების ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში უთითებს იმასაც, რომ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიამ და ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ორომიელი მომღერლის მკვლელობის შემდეგ, ორომიის  გამომძიებლები სამსახურიდან გაუშვეს, იმისთვის, რომ გამოეძიათ ეთნიკური საფუძვლით ჩადენილი მკვლელობები.[11]

[1] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი/ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია ერთობლივი ანგარიში ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 (ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს)

[2] ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი – 2020 წლის ანგარიში – ეთიოპია; გამოქვეყნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

(ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს)

[3] https://www.gov.uk/foreign-travel-advice/ethiopia/safety-and-security

[4] https://www.hrw.org/news/2021/12/10/ethiopia-tigray-forces-summarily-execute-civilians

[5] RULAC – ჟენევის აკადემია – ეთიოპია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/countries/ethiopia#collapse1accord [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[6] კონგრესის კვლევის სამსახური – Ethiopia’s Transition and the Tigray Conflict;  გამოქვეყნებულია 2021 წლის 8 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[7] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი: უსაფრთხოების სიტუაცია ტიგრაის რეგიონში 2020 წლის 1 მარტიდან – 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს 30

 [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[8] https://news.un.org/en/story/2021/11/1105252

[9] https://www.crisisgroup.org/africa/horn-africa/ethiopia/b171-ethiopias-tigray-war-deadly-dangerous-stalemate

[10] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი/ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია ერთობლივი ანგარიში ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[11] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში 2020 წლის ადამიანის უფლებათა პრაქტიკის თაობაზე – ეთიოპია; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

ეთიოპია. ინფორმაცია ორომოს ტომის შესახებ. ოქტომბერი, 2019

ორომოს ტომის შესახებ ინფორმაცია (განსახლება, წეს-ჩვეულებები, ენა, რელიგია) – ა.შ.შ. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მიხედვით, ეთიოპიის მოსახლეობა 2018 წლის გათვლებით, შეადგენს 108,386,391, რომელთა 34.4 %-ს წარმოადგენენ ორომოს ხალხი (ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი ქვეყანაში). მათი განსახლების ძირითადი არეალია ორომიას რეგიონი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს (აღნიშნულ შტატში ასევე მდებარეობს ეთიოპიის დედაქალაქი ადის-აბება). ეთიოპიაში სახელმწიფო ენა ამჰარიკულია (Amharic), თუმცა,  ორომოს შტატში ოფიციალური ენად ასევე გამოცხადებულია ორომო (Oromo), რომელზედაც სწორედ ორომოს ხალხი საუბრობენ.[1]

რაც შეეხება მათ რელიგიას, ორომოს რეგიონში 2007 წელს ჩატარებული სახელმწიფო აღწერის მიხედვით (რომელიც მოიცავდა როგორც ეთნიკურად ორომო, ასევე – სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს), ქრისტიანობის მიმდევარი იყო 13 107 963 პირი (48.1 %); მუსლიმთა რაოდენობა შეადგენდა 12 835 410-ს (47.6 %); ხოლო ორომოთა ტრადიციულ რელიგიას – Waaqeffanna მისდევდა 887 773 ადამიანი (3.3 %).[2]

ავტორი ჯეიმს მინაჰანი, 2016 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში, სახელწოდებით – „Encyclopedia of Stateless Nations: Ethnic and National Groups around the World, 2nd Edition” უთითებს, რომ ორომოთა ნახევარზე მეტი არის სუნიტი მაჰმადიანი, მესამედი – ეთიოპიელი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი, ხოლო დანარჩენები ძირითადად პროტესტანტები არიან, ან მისდევენ ტრადიციულ რელიგიურ მრწამსს. ტრადიციული რელიგია უფრო ხშირად გვხვდება სამხრეთით, ოსოოს მოსახლეობაში, ხოლო ქრისტიანობა უფრო გავრცელებულია ქალაქებსა და მათ მიმდებარე დასახლებებში.  მუსლიმები უფრო ხშირად გვხვდებიან სომალის საზღვართან და ქვეყნის ჩრდილოეთით.[3]

ორომოებს აქვთ ერთგვარი სოციალური სისტემა – „გადაა“, რომელიც გულისხმობს ორომოთა საზოგადოების მოწყობას რამდენიმე (7-დან 11-მდე) ჯგუფად, რომელთა წევრები მომდევნო 8 წლის მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივ როლს ასრულებენ. მრავალი წლის განმავლობაში, სწორედ „გადაა“ განსაზღვრავდა ორომოთა რელიგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, ამას გარდა, მან ასევე გავლენა იქონდა ორომოთა ისტორიაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. საზოგადოების თითოეული წევრის საქმიანობას და ცხოვრება ორგანიზებულია გადაას მიერ. წყაროთა უმრავლესობის მიხედვით, აღნიშნულ გადაას სისტემას თანამდროვებაში მხოლოდ ორომოთა მხოლოდ რამდენიმე განშტოება მისდევს. სისტემას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ ითვალისწინებს ქალთა როლს საზოგადოებაში.[4]

ორომოს ტომის წევრთა ზოგადი მდგომარეობა ეთიოპიაში

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ეთიოპიაში ორომოს ხალხის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ ეთიოპიის კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად. ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და კანონი ყველა მოქალაქეს იცავს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ თვალსაზრისით, კანონი უზრუნველყოს ყველა პირის თანაბარ და ეფექტურ დაცვას რასის, ეროვნების, ეთნოსის, სოციალური წარმოშობის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების, და ა.შ.  საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. კონსტიტუციის  39-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს “ერების, ეთნოსების და ხალხთა უფლებებს”, რომელიც ადგენს სხვადასხვა უფლებებს ენის, კულტურის, ისტორიისა და თვითგამორკვევის თვალსაზრისით. მედია საშუალება ალ ჯაზირას 2014 წლის სტატიაში განმარტებულია, რომ „ეთიოპიის 1994 წლის კონსტიტუცია ხელს უწყობს ეთნიკური უფლებების დაცვას ქვეყნის ფედერაციულ შტატებად ორგანიზებით, რომელიც ნაწილობრივ დაფუძვნებულია “ენასა და იდენტობაზე”; ის აღიარებს ყველა ეთიოპიურ ენას თანაბრად; პატივს სცემს ეთნიკური იდენტურობისა და არა-ზიანისმომტან ტრადიციებს, უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, 1995 წელს, ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ, შტატ ორომიის წარმომადგენელთა საბჭოსთან შეთახნმების გარეშე, დედაქალაქ ადის-აბებასთვის შემოიღო თვითმართველი ქალაქის სტატუსი. ხელისუფლებამ იმისთვის, რომ გაენეტრიალებინა ორომო ნაციონალისტების მხრიდან ეჭვები ადის-აბებას ორომიას რეგიონიდან სეცესიის (გამოყოფის) თაობაზე, კონსტიტუციაში 49 მუხლში ჩაწერა, რომ ორომიას შტატს ექნებოდა „განსაკუთრებული ინტერესები“ ადის-აბებაში. თუმცა,  ექსპერტების მიხედვით, აღნიშნული მუხლი პრაქტიკაში არასდროს გამოყენებულ და, მეტიც, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საწინააღმდეგო მოვლენები მოხდა. შტატ ორომიას წარმომადგენელთა საბჭო და ორომიას სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ორგანოები, რომლებიც ადრე სწორედ დედაქალაქში მდებარეობდა, იძულებით გადაიტანეს ქალაქის გარეთ. აღნიშნული გამოიწვია ძირითადად ეთნიკურად ტიგრეანებით დაკომპლექტებულმა ქალაქის მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა.

ორომოთა გამოცემა Finfinne Tribune 2015 წლის ერთ-ერთ სტატიაში წერდა, რომ „უკანასკნელი 2 ათწლეულის განვმალობაში, ორომოთა მუსიკალური ბენდები, ორომოული სამოქალაქო საზოგადოებები, ორომოული გაზეთები და ა.შ. გაუჩინარებულ იქნა დედალაქ ადის-აბებადან. როგორც წესი, აღნიშნულ ორგანიზაციებსა თუ ჯგუფებს ბრალს დებდნენ მთავრობის მიერ კანონგარეშედ გამოცხადებული „ორომოს თავისუფლების ფრონტის“ (Oromo Liberation Front) მხარდაჭერაში და, შედეგად, აუქმებდნენ ან უკრძალავდნენ საქმიანობას.  დღეს, ადის- აბება ორომოებისთვის „ქალაქის ჩრდილიღაა“ დარჩენილი, დაცლილი ყოველგვარი ორომოული კულტურის ელემენტებისგან“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ორომოს ხალხი უმრავლესობას წარმოადგენს, ისინი სათანადოდ მაინც არ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში და ზოგჯერ, არწყდებიან გარკვეულ დისკრიმინაციას საკუთარი ენის, ლიტერატურის და მედია საშუალებების გამოყენების კუთხით. ამას გარდა, ორომოთა მიმართ ზოგჯერ ადგილი აქვს იძულებითი გადაადგილების და ქონების ჩამორთმევის შემთვევებს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ენა „ორომო“ არ წარმოადგენს ქვეყნის ოფიციალურ ენას, მას ჩვეულებრივად იყენებენ განათლების, კერძო თუ საჯარო სექტორებში, ორომიას რეგიონში.

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი (ისევე როგორც წინა ორი პრეზიდენტი) არის ეთნიკურად ორომო და ორომოები დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში. ქვეყანაში არსებობს ბევრი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია, რომლებიც იცავენ ეთნიკურად ორომოთა ინტერესებს, მათ შორის, მმართველი ხელისუფლების წევრი OPDO პარტია.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ორომოების მიმართ ზოგჯერ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გარკვეულ დისკრიმინაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე – საზოგადოების მხრიდან, უბრალოდ ეთნიკური ნიშანი, ამ შემთხვევაში, არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს როგორც მისი ბუნებით, ასევე – განმეორებითობის თვალსაზრისით, რომ სახეზე იყოს დევნა ან სერიოზული ზიანის რისკი.[5]

Freedom House ეთიოპიის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით ძალადობა და შეტაკებები კვლავაც გრძელდებოდა 2018 წლის განმავლობაში, ძირითადად, ორომოს ხალხსა და სხვა ეთნიკურ ჯფუფებს შორის. ეთნიკურად ორომოთა და სომალელთა მიმართ განხორციელებული ჩაგვრა და დისკრიმინაციამ გამოიწვია ორომიასა და სომალიის რეგიონებში ნაციონალიზმის გაზრდა. შედეგად, აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები უმცირესობები, რომლებიც ორომიაში ორომოს ან სომალიაში – სომალის ეთნიკურ ჯგუფებს არ განეკუთვნებიან, ხშირად ხდებიან თავდასხმებისა და ქონების დაზიანების მსხვერპლნი.[6]

Amnesty International ეთიოპიის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სომალიის რეგიონში, ადგილობრივი პოლიციის სპეც-დანიშნულების დანაყოფმა განახორციელა მაშტაბური კანონგარეშე სიკვდილით დასჯის ოპერაცია, რასად შედეგად ასობით ეთნიკურად ორომოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან ერთად, აღნიშნული რეგიონიდან, განვითარებული მოვლენების შედეგად, 50 000-მდე ორომო იძულებით იქნა გადაადგილებული.[7]

სხვა დამატებითი ინფორმაცია ეთიოპიაში ეთნიკურად ორომოს ტომის წარმომადგენლების მიმართ დაგნხორციელებული მასშტაბური უფლებადარღევებისა და დისკრიმინაციის შესახებ, წარმოშობის ქვყენის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ იძებნება. მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი, Human Rights Watch და ა.შ. საკუთარ უახლეს ანგარიშებში არაფერს წერენ აღნიშნული საკითხის გარშემო.[8] [9]

[1] CIA Factbook – Ethiopia; updated on 22 October 2019; available at https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/et.html [accessed 24 October 2019]

[2]Ethiopian Public Census (PDF), Ethiopia, 2007, archived from the original (PDF) on 10 February 2016; available at

[accessed 24 October 2019]

[3] James B. Minahan (2016). “Encyclopedia of Stateless Nations: Ethnic and National Groups around the World”, 2nd Edition. ABC-CLIO. pp. 319–320. ISBN 978-1-61069-954-9.

[4] UK Home Office – Country Policy and Guidance Note Ethiopia: Oromos including the ‘Oromo Protests; published  November 2017; available at

[accessed 25 October 2019]

[5] UK Home Office – Country Policy and Guidance Note Ethiopia: Oromos including the ‘Oromo Protests; published  November 2017; available at

[accessed 25 October 2019]

[6] Freedom House – Annual report on political rights and civil liberties in 2018; published 4 February 2019; available at

[accessed 25 October 2019]

[7] Amnesty International – Annual report 2017/18 (covering 2017); published 22 February 2018; available at

[accessed 25 October 2019]

[8] USDOS – Annual report on human rights in 2018; published 13 March 2019; available at

[accessed 25 October 2019]

[9] Human Rights Watch – Annual report on the human rights situation in 2018; published 17 January 2019; available at

 [accessed 25 October 2019]

ეთიოპია. ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2018

ავსტრალიის ლტოლვილთა საკითხების მიმოხილვის ტრიბუნალი 2012 წლის აპრილში მომზადებულ ინფორმაციაში წერს, რომ ეთიოპიაში ერიტრიელების მიმართ სოციუმის მხრიდან თუ სისტემური დისკრიმინაციის შესახებ უახლესი ინფორმაცია მწირია. 2010 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპია მიესალმება ერიტრიელ ლტოლვილებს, ისინი საზოგადოებაში კვლავ აწყდებიან მარგინალიზაციას.

კულტურული ორიენტაციის ცენტრი 2010 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრიელი ლტოლვილების შესახებ წერს, რომ ეთიოპიის მთავრობის პოლიტიკა უკრძალავს ბანაკში მცხოვრებ ლტოლვილებს ხელფასის სანაცვლოდ მუშაობას. ლტოლვილებს, რომელთაც ბანაკს გარეთ ნებართვის გარეშე ნახავენ, აპატიმრებენ და ციხეებში ათავსებენ. ბანაკში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის რთული და ხანდახან საშიშია. სკოლის შემდეგ უმაღლესი განათლებისა თუ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის არ არსებობის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრება უაზროდ იკარგება. ბანაკში ბევრი ქალი ცხოვრობს ოჯახის ან ნათესავის დაცვის გარეშე; ბევრი მათგანი თხოვდება, რომ ქმრისგან დაცვა მიიღოს; სხვები ცხოვრობენ მარტო ან სხვა ქალებთან ერთად.

აშშ-ის ლტოლვილთა და იმიგრანტთა კომიტეტი 2008 წლის კვლევაში წერს, რომ ლტოლვილთა ბანაკებში ჩასულ ერიტრიელებს თავშესაფრისთვის აძლევენ ევკალიპტის 4 ცალ ბოძს და პლასტიკურ გადასაფარებელს. ერიტრიელების უმეტესობას შეუძლია ჰოსპიტალებითა და სხვა საჯარო მომსახურებებით სარგებლობა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების ზოგიერთი ჩინოვნიკი ხელმოკლე ერიტრიელებს არ აწვდიდა სამედიცინო მომსახურებას. 2008 წელსვე ორგანიზაცია „ლტოლვილთა საერთაშორისო ჯგუფი“ (Refugee International) წერდა, რომ ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელები აწყდებოდნენ პრობლემებს ეროვნული საიდენტიფიკაციო ბარათების აღებისას. ეთიოპიის მოქალაქე ერიტრიელები აცხადებდნენ, რომ კვლავ უწევდათ წარმომავლობის დამალვა, ახლო მეგობრებისთვისაც კი. ბევრი საუბრობდა დისკრიმინაციულ მიდგომებზე დასაქმებისას.

ახალი ამბების სააგენტო IRIN 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ეთიოპიის მთავრობამ 2010 წელს ერიტრიელ ლტოლვილებს ურბანულ ზონებში დასახლების ნება დართო; აღნიშნული ნაბიჯი მიმართული იყო მათთვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებისკენ. მთავრობის ახალმა პოლიტიკამ 200 ერიტრიელ სტუდენტზე მეტს მისცა საშუალება სწავლა გაეგრძელებინათ ეთიოპიის უნივერსიტეტში. 2012 წელს ვარაუდობდნენ, რომ ასეთ საშუალებას კიდევ 700-მდე ერიტრიელი ლტოლვილი მიიღებდა. პოზიტიური შეფასება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც, რომელმაც 2010 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მთავრობამ გამოაცხადა ახალი პოლიტიკის შესახებ, რაც საშუალებას მისცემდა ეთიოპიაში გაქცეულ ერიტრიელებს, გამხდარიყვნენ მუდმივი კანონიერი მობინადრეები სრული უფლებებით საჯარო სერვისებზე.

2009 წელს ორგანიზაცია „იძულებითი მიგრაციის საკითხთა მიმოხილვა“ წერდა, რომ 2000-დან 2004 წლამდე ერიტრიული წარმოშობის ან შერეული ოჯახების წევრ პირებს, ვის მიმართაც გაჩნდებოდა ეჭვი, რომ ისინი ერიტრეის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ან ერიტრიასთან თანამშრომლობდნენ, აკავებდნენ, აპატიმრებდნენ, ხანდახან ცემდნენ და აუპატიურებდნენ ეთიოპიის ხელისუფლების წარმომადგენლები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2003 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერიტრიელებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ ეთიოპიის მოქალაქეობა; მას შემდეგ, რაც ერიტრიელებმა მიიღეს ეროვნული საიდენტიფიკაციო ბარათები, ერიტრიული წარმოშობის ხალხის მიმართ მოიხსნა შეზღუდვები დასაქმებაზე, მოგზაურობაზე, განათლებასა და სხვა სოციალურ სერვისებზე. მიუხედავად ამისა, დისკრიმინაციის შიშით, ბევრი კვლავ მალავს თავის წარმომავლობას.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ქვეყანაში 161,615 ერიტრიელი ლტოლვილია. ერიტრიელი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა მატულობს. დაახლოებით, 23% თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობა აგრძელებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ერიტრიელი ლტოლვილებისთვის ნებადართულია ბანაკს გარეთ ცხოვრება; მთავრობა მათ ამ უფლებას აძლევს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე; ასევე, ბანაკში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში შერეული ეროვნების (ერიტრიელი/ეთიოპიელი) პირების შესახებ წერს, რომ ერიტრეის დამოუკიდებლობის შემდეგ, ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების სტატუსის მოსაწესრიგებლად, ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2004 წელს გამოსცა დირექტივა „ეთიოპიაში ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“. აღნიშნული დირექტივის მიხედვით, პირი, რომელსაც აქვს ერიტრიული პასპორტი ანდა მოქალაქეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მიიჩნევა ერიტრიის მოქალაქედ; ერიტრიული წარმოშობის პირს, რომელსაც არ მიუღია ერიტრიის მოქალაქეობა, ჩაითვლება, რომ სურს თავისი ეთიოპიური მოქალაქეობის შენარჩუნება და მისი ეთიოპიური მოქალაქეობა გარანტირებულია. გარდა ამისა, დოკუმენტით დადგენილია, რომ თუ ერიტრიელს, რომელიც რეგისტრირებულია აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, სურს ეთიოპიის მოქალაქეობის დაბრუნება, მას შეუძლია დაიბრუნოს ეთიოპიის მოქალაქეობა ეროვნული პროკლამაციის 22-ე მუხლის მიხედვით.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში შერეული ეროვნების (ერიტრიელი/ეთიოპიელი) პირების შესახებ წერს, რომ საშინაო საქმეთა ოფისმა ვერ მოიძია ანგარიშები, სადაც დოკუმენტირებული იქნებოდა ინფორმაცია ერიტრიული წარმოშობის ეთიოპიელების მდგომარეობის ან მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2009 წლის შემდეგ.[3]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2017 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეთიოპიაში ერიტრიელების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 32-ე მუხლი ადგენს, რომ ეთიოპიელებს და ქვეყანაში კანონიერად მყოფ პირებს აქვთ ეროვნულ ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება; ასევე, მათ თავისუფლად შეუძლიათ შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი და თავიანთი სურვილისებრ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2015 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს შიგა გადაადგილების, საზღვარგარეთ მოგზაურობის, ემიგრაციის და რეპატრიაციის უფლებას, მთავრობა ზღუდავდა ზოგიერთ ამ უფლებას. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ სხვა დამატებითი ან დამადასტურებელი ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების შესახებ ვერ იქნა მოძიებული.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ამავე ანგარიშში წერს, რომ „ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“ 2004 წლის დირექტივით განსაზღვრულია ქონების ფლობის, სამუშაო პირობების, სოციალური სერვისების და გადასახადების საკითხები. დირექტივაში ნათქვამია, რომ სახლისა და სხვა უძრავი ქონების ფლობის უფლება გარანტირებულია; ასევე, აღიარებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების უფლება. საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილის შემთხვევაში ერიტრიელების მიმართ მოქმედებს იგივე კანონი, რომელიც ნებისმიერი სხვა უცხოელის მიმართ. კერძო სექტორში დასაქმებისას ერიტრიელებს არ მოეთხოვებათ ნებართვა, თუმცა ეკრძალებათ კერძო სექტორში დასაქმება თუ სამსახური დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის კუთხით ერიტრიელები სარგებლობენ იგივე უფლებებით, რაც მინიჭებული აქვთ ქვეყნის მოქალაქეებს. იგივე წესით იხდიან ისინი გადასახადებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი სამართლებრივი სტატუსის გამო (ერიტრიელები ეთიოპიაში), მათი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებული უფლებები (პოლიტიკური მონაწილეობა ხმის მიცემის გზით) და არა მარტო (მაგალითად, წვდომა დასაქმებასა და განათლებაზე). კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ სხვა დამატებითი ან დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ამავე ანგარიშში წერს, რომ „ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“ 2004 წლის დირექტივით განსაზღვრულია ბინადრობისა და სამგზავრო დოკუმენტის საკითხები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეთიოპიაში მცხოვრებ ერიტრიელს ეძლევა მუდმივი ბინადრობის ნებართვა იმიგრაციის პროკლამაციის დოკუმენტის შესაბამისად. ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ თუ პირს არ შეუძლია სამგზავრო დოკუმენტი თავისი მოქალაქეობის ქვეყნისგან მიიღოს, მასზე სამოგზაურო მიზნებისთვის გაიცემა უცხოელის პასპორტი. ბინადრობა შეიძლება ჩამოერთვას პირს იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა, რომ ის გაცემული იქნა ყალბი ინფორმაციის საფუძველზე; ან პირი მოხვდება არასასურველი უცხოელების სიაში. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ ვერ მოიძია ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.[4]

[1] Australia: Refugee Review Tribunal, Ethiopia: 1. What is the situation currently for ELF supporters in Ethiopia? 2. Are Eritreans currently subject to societal or systemic discrimination in Ethiopia? 3. Can you provide any information about Karchele prison? , 30 April 2012, ETH40215, available at:

[accessed 20 March 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 20 March 2018]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Ethiopia: People of mixed Eritrean/Ethiopian nationality, 31 August 2016, Version 1.0, available at:

[accessed 20 March 2018]

[4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Ethiopia: Information on Eritrean nationals residing in Ethiopia, including residency rights, freedom of movement and access to education, employment and social services; residency documents issued to Eritrean nationals residing in Ethiopia, including appearance, security features, and requirements and procedures for renewal (2015-January 2017), 27 January 2017, ETH105722.E, available at:

[accessed 20 March 2018]

ეთიოპია. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ეთიოპია ოფიციალურად ფედერალური რესპუბლიკაა. მთავრობას აკონტროლებს ეთნიკური ნიშნით შექმნილი ოთხი პარტიის კოალიცია „ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტი“. 2015 წლის მაისის არჩევნებში ფრონტმა და მოკავშირე პარტიებმა სახალხო წარმომადგენელთა სახლის (პარლამენტი) ყველა (547) მანდატი მიიღეს და ხელისუფლებაში დარჩნენ ზედიზედ მეხუთე ხუთწლიანი ვადით. 2015 წლის ოქტომბერში პარლამენტმა ჰეილემარიამ დესალეგნი პრემიერ-მინისტრად აირჩია. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები აფერხებს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგს. აფრიკის კავშირის მისიამ, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ინსტიტუცია იყო, თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ არჩევნები სანდო და მშვიდ გარემოში ჩატარდა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო გარემო არ იყო სამართლიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა იყენებდა უსამართლო ტაქტიკას, მათ შორის მიმართავდა ოპოზიციის კანდიდატებისა და მხარდამჭერების დაშინებას და ძალადობას არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდშიც, რამაც გამოიწვია ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი; გარდაიცვალა 6 ადამიანი.

სამოქალაქო ხელისუფლება ყოველთვის ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე და პოლიცია და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები პერიფერიებში მოქმედებენ დამოუკიდებლად. ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე აღსანიშნავი ფაქტები დაკავშირებული იყო დემონსტრაციების საპასუხოდ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტებასთან, თვითნებურ დაკავებებთან, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და არასამთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვასთან.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2017 წლის განმავლობაში ეთიოპიამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან საჭირო რეფორმების განხორციელების მიმართულებით მცირე პროგრესი განიცადა. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა, უსაფრთხოების ძალები და რეპრესიული კანონმდებლობა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად გამოიყენა. 10-თვიანი საგანგებო მდგომარეობა პირველად 2016 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, რამაც მასობრივი დაპატიმრებები, არაადეკვატური მოპყრობა დაკავების ცენტრებში და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უმიზეზოდ შეზღუდვები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალიან ფართო და ძალადობრივი ხასიათის იყო, მან მისცა მთავრობას შედარებით მშვიდი პერიოდი, რომლის დროსაც მას შეეძლო ყურადღება გადაეტანა იმ საჩივრებზე, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყოველდღიურად მატულობდა. თუმცა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კუთხით, მათ შორის შეზღუდული პოლიტიკური სივრცის, უსაფრთხოების ძალების თვითნებობისა და იძულებითი გადაადგილების კუთხით სიტუაციის გამოსწორებისთვის. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ ანტი-კორუფციული რეფორმა, მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები, დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, ახალგაზრდობისთვის სამუშაო ადგილების შემქნა და „კარგი მმართველობის“ განვითარება დააანონსა.

ეთიოპია განაგრძობს დახურული პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებას. მმართველი კოალიცია აკონტროლებს ფედერალური და რეგიონული საპარლამენტო მანდატების 100 პროცენტს. ფართო შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების განადგურება და იმ პირების მიმართ ძალადობა და მათი თვითნებური დაკავებები, ვინც აქტიურად არ უჭერს მხარს მთავრობას, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, მთავრობა არ იძიებს დარღვევებს. მთავრობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა კომისია არ არის საკმარისად დამოუკიდებელი და მისი გამოძიება სანდოობას მოკლებულია.[2]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საჩივრებით მოტივირებულ საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებით უპასუხა. პოლიტიკური ოპოზიციის დარბევას თან ახლდა მასობრივი დაკავებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, არასამართლიანი სასამართლო პროცესები და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევები. 2016 წლის ოქტომბერში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც ადამიანის უფლებების ახალი დარღვევები გამოიწვია.[3]

„Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ეთიოპია ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელსაც მართავს „ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტი“, რომელიც ხელისუფლებაშია 1991 წლიდან და ახლაც, პარლამენტში ყველა მანდატს ფლობს. ბოლო არჩევნებმა წარმოაჩინა მთავრობის სურვილი, იყოს რეპრესიული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ. პოლიტიკური ოპონენტები და ასეთად მიჩნეულები მუდმივად განიცდიან ძალადობას და სისხლის სამართლებრივ დევნას, ძირითადად, ქვეყნის ძალიან ფართო ანტი-ტერორისტული პროკლამაციის გამოყენებით. ქველმოქმედებისა და საზოგადოებების შესახებ 2009 წლის პროკლამაცია რადიკალურად ზღუდავს სამოქალაქო ჯგუფების აქტივობებს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ეთიოპიის მოსახლეობა დაახლოებით 102 მილიონია. მოსახლების 44% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 34 პროცენტი სუნიტი მუსლიმი, ხოლო 19% ევანგელისტურ და პროტესტანტულ ეკლესიებს მიაკუთვნებს თავს. მართლმადიდებლები, ძირითადად, ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში – ტიგრაისა და ამჰარაში სახლობენ, ასევე ორომიაში არიან წარმოდგენილნი. მუსლიმები უმრავლესობაში არიან აფარში, ორომიასა და სომალის რეგიონებში. ქვეყანაში მცირე ჯგუფებით წარმოდგენილნი არიან კათოლიკეები, მორმონები, იეჰოვას მოწმეები, ებრაელები და ადგილობრივი ძირძველი რელიგიების მიმდევრები. ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიის არჩევისა და აღმსარებლობის თავისუფლებას; კრძალავს რელიგიურ დისკრიმინაციას და ადგენს, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს არცერთი რელიგიის საქმიანობაში.[5]

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ქვეყანას რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიათა შორის თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს. ეთიოპიის კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას და აცალკევებს ერთმანეთისგან ეკლესიას და სახელმწიფოს. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა გავრცელებულია აფრიკის რქის რეგიონის ქვეყნებში. ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის გამო შეშფოთების საპასუხოდ, ეთიოპიის მთავრობას რელიგიის თავისუფლების სერიოზულ დარღვევებს უკავშირებენ.[6]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Ethiopia, 18 January 2018, available at:

[accessed 13 February 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Ethiopia, 22 February 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[4] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[5] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Ethiopia, 15 August 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[6] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Ethiopia, 26 April 2017, available at:

[accessed 13 February 2018]