ერაყი. ერბილის 2021 წლის სექტემბრის კონფერენცია. დეკემბერი, 2022

არაკომერციული, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ 2021 წლის 24 სექტემბერს, ერაყის ქალაქ ერბილში [ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქი], ერაყის ტომების და პოლიტიკური ლიდერები კონფერენციაზე შეიკრიბნენ. კონფერენციის 300-მდე მონაწილე ერაყის ძირითადად სუნიტებით დასახლებულ 6 პროვინციას წარმოადგენდა. კონფერენციის მონაწილეები ითხოვდნენ ფედერალურ სახელმწიფოს, სადაც სუნიტი მოსახლეობისთვის იქნებოდა ისეთივე რეგიონი, როგორც ერაყში ქურთებს აქვთ. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა შიიტური გასამხედროებული შენაერთების მხრიდან ზეწოლის თავიდან არიდების სურვილი. სტატიის მიხედვით, მონაწილეთათვის სიურპრიზი იყო კონფერენციის სპიკერი ვისამ ალ-ჰარდანის [Wisam al-Hardan] განცხადება, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობის სრული ნორმალიზაცია და „აბრაჰამის ჩანაწერთან“ [შეთანხმება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, მაროკოს და სუდანს შორის] მიერთება მოითხოვა. ის, ასევე, ერაყული წარმოშობის ებრაელების, ვინც დეკადების წინ ემიგრირდა ისრაელში, რესტიტუციის მოწოდებით გამოვიდა.

ერაყსა და ისრეალს შორის ურთიერთობა, ამ უკანასკნელის სახელმწიფოს შექმნიდან მოყოლებული, ძალიან დაძაბულია. ერაყი ისრაელის არსებობას არ აღიარებს, სადამ ჰუსეინის დროს ერაყი პალესტინელების ერთერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და ათწლეულების განმავლობაში ერაყსა და ისრაელს შორის რამდენიმე სამხედრო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 2019-2020 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერაყის მოსახლეობის 90 პროცენტი ეწინააღმდეგება ისრაელის დიპლომატიურ აღიარებას.

სტატიის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეების უმრავლესობა ადგილზე მივიდა იმის განსახილველად, როგორც დახმარებოდნენ ფედერალური სახელმწიფოს შექმნის იდეას. კონფერენციის მონაწილეებისთვის მოულოდნელი იყო ერბილის კონფერენციაზე ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის შვილის, ჩიმი პერესის გამოჩენა, რომელიც პოდიუმზე ავიდა და კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.[1]

ერბილის კონფერენცია მედიაში ძირითადად გაშუქდა იმ კონტექსტით, რომ იქ შეკრებილი საზოგადოება ისრაელთა ურთიერთობების დალაგებას უჭერდა მხარს. მედია საშუალება „The New York Times“ 2021 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ერაყის მიერ ისრაელის აღიარების შესახებ საუბარმა კონფერენციის მონაწილეების მიმართ დაპატიმრებისა და მკვლელობის მუქარები გამოიწვია.[2] 2021 წლის 25 სექტემბერს, ერბილის კონფერენციის მონაწილე ტომების ლიდერები გაემიჯნენ ისრაელთა ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს და განაცხადეს, რომ კონფერენციაზე ისინი მოტყუებით მიიყვანეს. ინტერნეტ რესურსის „Shafaq News“ მიხედვით, განცხადება დიაბის ტომის შეიხი სალეჰ მუსლეჰმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტომების ლიდერები კონფერენციაზე ვისამ ალ-ჰარდანმა „საჰვას“ მებრძოლების კონტრაქტებსა და ხელფასებზე სასაუბროდ მიიწვია და მათ არაფერი იცოდნენ კონფერენციის ფარულ მიზნებზე. „[…] ჩვენი პოზიცია მკაფიო და ცნობილია: ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინელი ხალხის უფლებას, აღიდგინონ ყველანაირი უფლებები, და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას […]“ – განაცხადეს ტომების ლიდერებმა.[3]

„Arab Center Washington DC“ წერს, რომ კონფერენცია აშკარად ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციაში ვისამ ალ-ჰარდანის [ვინც სუნიტი ტომების მებრძოლთა სამხედრო მეთაური იყო და ანბარში ალ-ქაედა დაამარცხა] მონაწილეობა იყო როგორც სიურპრიზი, ასევე ერთგვარი მხილება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის შემდეგ, მან ღია მხარდაჭერა დაუდასტურა პალესტინელებს და განაცხადა, რომ ისიც მოატყუეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მან წაიკითხა „ისრაელის მხარდამჭერი“ განცხადება კონფერენციაზე, რომელსაც შემდეგ თავადვე გაემიჯნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალი ამერ ალ-ჯუბური და საჰარ ალ-ტაიე, რომელიც იმ დროს ერაყის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირი იყო. კონფერენციაზე გამოჩენისა და „აბრაჰამის ჩანაწერთან“ მიერთების მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეა აქამდე სხვა ერაყელი პოლიტიკოსის მიერაც გაჟღერდა. ერაყის ეროვნული კონგრესის წევრი, ერაყში აშშ-ის შეჭრის ერთერთი ენთუზიასტი და დებაასიფიკაციის პროექტის ავტორი მითალ ალ-ალუსი არასდროს მალავდა ისრაელით აღფრთოვანებას. ის ორჯერ [2004 და 2008 წლებში] სტუმრობდა კიდეც ისრაელს. 2005 წელს მას თავდამსხმელებმა ორი შვილი მოუკლეს – თავდამსხმელებს ეგონათ, რომ ავტომობილში, ბავშვებთან ერთად, თავად ალ-ალუსიც იმყოფებოდა.

ერაყის პრემიერმა და მთავრობამ სწრაფადვე დაგმო კონფერენცია; ქურთისტანის ხელისუფლებამ კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს კონფერენციის შესახებ არაფერი იცოდა. ერაყის პრეზიდენტმა, რომელიც ქურთია, ასევე დაგმო კონფერენცია. ერაყის იუსტიციის უზენაესმა საბჭომ ჰარდანის, ტაიესა და ალ-ალუსის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ალ-ალუსი შეხვედრაში არ მონაწილეობდა.[4]

[1] კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“; ერბილის კონფერენცია: ერაყმა ისრაელთა ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარი თქვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://arabcenterdc.org/resource/the-erbil-conference-iraq-rejects-normalizing-with-israel/ [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „The New York Times“; საუბრებმა ერაყის მიერ ისრაელის აღიარების თაობაზე დაპატიმრებისა და მკვლელობის მუქარები გამოიწვია; გამოქვეყნებულია 2021 წლის 29 სექტემბერს; ხელმისაწვდომაი ბმულზე: https://www.nytimes.com/2021/09/29/world/middleeast/iraq-recognizing-israel.html [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[3] ინტერნეტ რესურსი „Shafaq News“; ერბილის კონფერენციის მონაწილეები: ჩვენ მოტყუებით მიგვიყვანეს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 25 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shafaq.com/en/iraq-news/attendees-in-the-erbil-conference-we-were-tricked-into-participation [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“; ერბილის კონფერენცია: ერაყმა ისრაელთა ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარი თქვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://arabcenterdc.org/resource/the-erbil-conference-iraq-rejects-normalizing-with-israel/ [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

ერაყი. 2022 წლის აგვისტოს საპროტესტო აქციები ბაღდადში. სექტემბერი, 2022

2022 წლის 23 აგვისტოს, ბაღდადში მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და სასამართლოსგან პარლამენტის დათხოვნა მოითხოვეს. სასამართლო ხელისუფლებამ სადრისტები მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნაში დაადანაშაულა და გამოსცა დაპატიმრებისა და მოგზაურობის აკრძალვის ორდერები სადრის მომხრეებისთვის, მათ შორის რამდენიმე მაღალი გავლენის მხარდამჭერისთვის.[1]

2022 წლის 29 აგვისტოს მუქთადა ალ-სადრმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლისა და მის მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის დახურვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ნაბიჯი მოყვა სადრის შიიტი საზოგადოების გაყოფაში დადანაშაულებას და მისი ლიდერობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სადრის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ იერიში მიიტანეს სახელმწიფო შენობებზე, რამაც მძიმე შეტაკებები გამოიწვია და შედეგად დაიღუპა ათობით და დაიჭრა ასობით ადამიანი. მუქთადა ალ-სადრის მიმდევრები შეიჭრნენ ბაღდადის რესპუბლიკურ სასახლეში, რამაც გამოიწვია შეტაკებები სამთავრობო ძალებთან და ირანის მხარდაჭერის სახალხო მობილიზაციის ძალებთან. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხრიდან. საბოლოოდ, მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 400 დაიჭრა.[2]

მედია საშუალება BBC 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბაღდადში დაძაბული ვითარება დამშვიდდა, მას შემდეგ, რაც მოვლენების ეპიცენტრში მყოფმა სასულიერო პირმა [მუქთადა ალ-სადრი] მომხრეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასობით ადამიანი, რომლებიც ბაღდადში, პარლამენტის მიმდებარედ კვირების განმავლობაში მართავდა დემონსტრაციებს, გავლენიანი სასულიერო პირის მოწოდებას დაემორჩილა.

ერაყში პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ სადრის მოძრაობამ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი დაიმსახურა, სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამასთან, მოძრაობა ვერ ახერხებს შეთანხმებას მეორე მსხვილ ბლოკთან და შედეგად, ერაყში თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სადრის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ტაქტიკური ნაბიჯია, რომელიც მას აქამდეც არაერთხელ გადაუდგამს.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ბაღდადში 29-30 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ მცირე 10 ჟურნალისტი დაიღუპა. ისინი საპროტესტო აქციებსა და შეტაკებებს აშუქებდნენ.[4]

[1] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 18-25 აგვისტო, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 25 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm366/ [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[2] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 25 აგვისტო – 1-ელი სექტემბერი, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 1-ელ სექტემბერსს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm367/ [ნანახია 2022 წლის 1-ელ სექტემბერს]

[3] მედია საშუალება BBC; ერაყი: სასულიერო პირის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში დაძაბული ვითარება განიმუხტა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-62715772?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“; ჟურნალისტებზე ძალადობა ბაღდადში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

ერაყი. სახელი ომარი, სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO] 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ მედია რესურსი „Niqash“ 2015 წლის დეკემბერში გავრცელებულ ინფრომაციაში წერდა დიალის პროვინციაში ზოგიერთი სუნიტი არაბის მხრიდან სახელის შეცვლის ფაქტების შესახებ. სტატიის მიხედვით, სუნიტ მამაკაცებს შიიტური სამხედრო დაჯგუფებების [Militias] ეშინოდათ. მთავრობის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ორი თვის განმავლობაში, სახელის შეცვლის 150-200 განცხადება იყო დაწერილი. 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში საავტორო სვეტის მწერალი ალი ჰუსეინი, მედია საშუალებასთან „Al-Monitor“ საუბარში ამბობდა, რომ სახელის შეცვლის ფენომენი ფარტდ გავრცელდა სუნიტური უმრავლესობით დასახლებული ქალაქი მოსულის დაკავების შემდეგ. ჰუსეინი ასევე ამბობდა, რომ სახელს უმეტესად იცვლიდნენ სუნიტი მამაკაცები, ვისაც ერქვა ომარი, აბუ ბაქრი და ოსმანი. 2015 წლის აპრილის სტატიაში მედია საშუალება „The Guardian“ წერდა, რომ ამოცნობადი სუნიტური სახელები, შესაძლოა, შიიტური დაჯგუფებებისა და ერაყელი სამხედროებისთვის ეჭვის გაჩენის საბაბი გამხდარიყო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ძირითადად, სუნიტური სახელი „ომარ“ იცვლებოდა სახელზე „ამმარ“. სხვები თავიანთ მოქალაქეობის ბარათში გვარს შლიდნენ. 2014 წლის ივლისში საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ წერდა, რომ შიიტი მამაკაცის მიმართ დაჯგუფების AAH მხრიდან ადგილი ჰქონდა შევიწროვებას და არასათანადო მოპყრობას. წყაროს მტკიცებით, აღნიშნული მამაკაცი ეგონათ სუნიტი და მას „ომარის არმიის“ წევრობას აბრალებდნენ.[1]

აღსანიშნავია, რომ იგივე წყარო განახლებულ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში, აღარაფერს წერს სუნიტური სახელის „ომარ“ შესახებ. აღნიშნული სახელის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ არაფერია ნათქვამი, ასევე, სხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უახლეს ანგარიშებში.

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO]; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ერაყი: სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2019 წლის მარტში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

ერაყი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში დაბალი სოციალური შემწყნარებლობლობაა ათეიზმის მიმართ და არა-რელიგიური ხალხი აწყდება მნიშვნელოვან სოციალურ მარგინალიზაციას და სტიგმას; ამასთან, ღია კონვერტაციები სკმაოდ იშვითია, რაც დაკავშირებულია ასეთი ხალხის საზოგადოებისგან გარიყვის პრაქტიკასთან. საერთაშორისო ორგანიზაცია „Humanist International“ წერს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში დახმარების თხოვნის 45 წერილი მიიღო, რომელთა 7% ერაყის მოქალაქეებიდან მოდიოდა. ისინი საუბრობდნენ შევიწროვებაზე, გარიყვასა და დასაქმების კუთხით სირთულეებზე.

წყაროები 2020 წლის მაისში საუბრობდნენ, რომ კონსერვატული სუნიტი სასულიერო პირები აქტიურად ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიებს და კოვიდ პანდემიის გამომწვევად ათეისტებს ასახელებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პანდემია იყო ღვთიური სასჯელი ურწმუნოებისთვის. 2021 წლის მაისში წყაროები წერდნენ, რომ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სასულიერო პირები ერთხმად აცხადებდნენ ათეისტებს სახელმწიფოს მტრებად და ღმერთის მოღალატეებად; ვინც განადგურებით ემუქრება ტრადიციებს და საზოგადოების დესტაბილიზაციას ცდილობს. პოლიტიკოსებიც და სასულიერო პირებიც ათეისტების დასჯის მოწოდებებს ავრცელებდნენ. ერაყში მრავლადაა ათეისტების ფორუმები და ინტერნეტ გვერდები და ყველა მათგანი მალავს წევრთა სიას. ჯგუფები, რომლებიც ვირტუალურად ან პირადად იკრიბებიან, ამას გასაიდუმლოებულად აკეთებენ, რადგან თვალთვალის ეშინიათ.

ერაყის 2005 წლის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიად აცხადებს და ამბობს, რომ არცერთი კანონი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ისლამის დადგენილ დებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია აწესებს რწმენის თავისუფლებას, უზენაესი კანონი არ ასახელებს სხვა რელიგიების მიმდევრებს და ათეისტებს. კონსტიტუციის მიხედვით, ისლამი ოფიციალური რელიგია და კანონმდებლობის წყაროა; და კონსტიტუცია არის ერაყის ხალხის უმრავლესობის ისლამური იდენტობის გარანტი და ადგენს რელიგიური რწმენის და პრაქტიკის თავისუფლებას ყველა პირისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები, იეზიდები და მანდეან საბეანები.

წყაროების ინფორმაციით, მართალია, ათეიზმი არ არის აკრძალული კანონმდებლობით, ათეისტებს ასამართლებენ ღვთისგმობის და სხვა მსგავსი ბრალდებებით. წყაროების შეფასებით, არა-რელიგიური პირები, შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით [ეხება რელიგიასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს] გასამართლებას, რადგან სამართლებრივი დებულებები არაა მკაფიო და სასამართლოში ინტერპრეტაციის თავისუფლებაა. საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ წერს, რომ ღვთისგმობის კანონი იშვიათად გამოიყენება; თუმცა, ზოგადად, სასამართლო განიცდის კორუფციის, პოლიტიკური ზეწოლის, ტომების ძალებისა და რელიგიური ინტერესების გავლენებს.

2021 წლის ოქტომბერში სასამართლოს უზენაესმა საბჭომ გამოსცა ორდერი, რომელიც გასცემდა სოციალური მედიის მონიტორინგის ნებართვას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის დაცვა. აღნიშნული მოიცავდა სოციალური მედიის ისეთი გვერდების მონიტორინგს, რომელიც ეწევა ათეიზმის პროპაგანდას, ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს და მიიჩნევა საფრთხედ ეროვნული ღირებულებებისთვის. „Review of Nationalities“ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ერაყში მოქმედებენ „სპეციალური ინსტიტუტები“, ვინც ეძებს და აპატიმრებს ხალხს, რომლებიც არ ეთანხმებიან სახელმწიფოს კურსს. სტატიის მიხედვით, სამოქალაქო კანონმდებლობა არ აწესებს სასჯელს ათეიზმისთვის; მაგრამ ისლამური კანონით [ღვთისგან] განდგომა სიკვდილით ისჯება. ასეთი შიშის გამო, ათეისტები თავიანთ შეხედულებებს საიდუმლოდ ინახავენ და იქცევიან მორწმუნეებივით [მაგალითად, ქალები, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, საჯარო სივრცეებში ჰიჯაბს ატარებენ].[1]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; ერაყი – სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

ერაყი. ინფორმაცია ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ. მაისი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ერაყში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში 11 დარეგისტრირებული ევანგელისტურ ქრისტიანული და სხვა პროტესტანტული ეკლესია, მათ შორის ერთ-ერთი ბაპტისტური (Baptist Church of the Good Shepherd).

აშშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქრისტიანების, უმრავლესობა (67 %) ქალდეანურ-კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნება; 20 % – აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიას, ხოლო დანარჩენი ნაწილდება სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებზე.[1]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ იძებნება სხვა ინფორმაცია ერაყში ბაფტისტების ან მათი მდგომარეობის შესახებ.

ერაყში ქრისტიანების მდგომარეობა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რისკ ჯგუფების შესახებ წერია, რომ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს, ერაყში დაახლოებით 1 500 000 ქრისტიანი ცხოვრობდა და მათი უმრავლესობა დაცვით და ერაყის მუსლიმ მოსახლეობასთან თითქმის გათანაბრებული უფლებებით სარგებლობდა. 2003 წელს, ერაყში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ,  ქრისტიანთა მდგომარეობა გაუარესდა, ისინი განიცდიდნენ დევნასა და დისკრიმინაციას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ერაყში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ 1100-ზე მეტი ქრისტიანი გახდა ტერორიზმისა და სექტანტური ძალადობის მსხვერპლი.

2013 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ ნინევის დაბლობის ოკუპაციამ ქრისტიანი მოსახლეობს მასიური გასვლა გამოიწვია, რის შედეგადაც ნინევის დაბლობის რეგიონი ქრისტიანებისაგან დაიცალა. 2017 წელს, ისლამური სახელმწიფოს მარცხის შემდეგ, დევნილმა ქრისტიანებმა დაიწყეს საკუთარ სახლებში დაბრუნება, მაგრამ ნელი ტემპით, რადგან ტერიტორიას შიიტი პოლიციელები აკონტროლებდნენ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 2021 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით, ქრისტიანები  ერაყის მოსახლეობის 1%-ს წარმოადგენდნენ. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ ქრისტიანული თემი ოფიციალურად მოიცავს 14 ოფიციალურად აღიარებულ სექტას, რომელთაგანაც გამორჩეულია ქალდეველები და ასირიელები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, ერაყში რელიგიური თავისუფლების შესახებ წერია, რომ ქალდეველები, ერაყში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული ჯგუფია, ისინი წარმოადგენენ ერაყში მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობის 80%-ს. რაც შეეხება ასირიელებს, ისინი, დეპარტამენტის მონაცემებით, ერაყში მცხოვრები ქრისტიანების 20 %-ს წარმოადგენენ.

ერაყის ქრისტიანთა ფონდის 2021  წლის 20 აპრილის მონაცემების თანახმად, სირიელები ერაყში განეკუთვნებიან სირიულ კათოლიკურ ან სირიულ მართმადიდებლურ ეკლესიას და საუბრობენ არამეულ დიალექტზე. ისტორიულად სირიელები ბინადრობდნენ ბაღდადში, მოსულში და სხვა პატარა ქალაქებში, რომლებიც  ნინევის დაბლობზე მდებარეობს. ნინევის დაბლობზე ისლამური სახელმწიფოს შეჭრამდე, 2014 წელს, 50 000 ერაყელი ქრისტიანი (ქრისტიანების 10%) ცხოვრობდა.

“Reuters”-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში  წერია, რომ სომეხი მართლმადიდებლები და სომეხი კათოლიკეები სომხეთიდან 1915-1923 წლებში ოტომანების მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის შემდგომ ჩამოვიდნენ. ისინი ერაყში მცხოვრები ქრისტიანების, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ.

„Freedom House”-ის  2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში, ერაყის შესახებ წერია, რომ 329 წევრისგან შემდგარ ერაყის პარლამენტში, რელიგიურ უმცირესობებს 9 ადგილი ეთმობათ, საიდანაც 5 ადგილი განკუთვნილია ქრისტიანი წევრებისათვის. დანარჩენი კი ქურთებისთვის, იეზიდებისთვის, შაბაქებისთვის და მანდეელებისთვის.

ევროკავშირის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ერაყის პარლამენტმა კენჭისყრის საფუძველზე ქრისტიანული შობა ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. მანამდე, შობის დღესასწაული სახალხო დღესასწაულად არ იყო აღიარებული.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 3 ივნისს ერაყის პრეზიდენტმა, ბაჰრამ სალეჰმა, ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულ ქრისტიანებს უნდა მიეცეთ სახლში დაბრუნების საშუალება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქრისტიანებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ნინევის პოლიციის განცხადების თანახმად, 2020 წელს 50-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ქრისტიანი ოჯახი დაუბრუნდა საკუთარ სახლებს, ხოლო ამავე წლის ნოემბერში კი კიდევ 200 იძულებით გადაადგილებული ქრისტიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

ანგარიშის თანახმად ერაყის ქურთისტანის რეგიონში (KRI) ქრისტიანობა აღიარებული 8 რელიგიიდან ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იღებს დახმარებას სასულიერო პირების ხელფასებისა და ინფრასტრუქტურის ხარჯებისათვის. ერაყის ქურთისტანში ამოქმედებული კანონი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ, წარმოადგენს გარანტიას, ქრისტიანებისთვის და სხვა რელიგიური უმცირესობებისთვის, რომ მათი რელიგიური უფლებები დაცული იქნება ქურთისტანის რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში  ერაყში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანში (KRI) ფუნქციონირებს 49 სკოლა, სადაც სასწავლო ენას  წარმოადგენს დიალექტი, რომელზეც ქრისტიანთა უმრავლესობა საუბრობს.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ქრისტიანებთან დაკავშირებით წერს, რომ 2017 წელს მოსულისა და ნინევის გათავისუფლების შემდგომ, მთავრობასთან დაახლოებულმა სახალხო მობილიზაციის ძალებმა (PMU) უკანონო ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დემოგრაფიული ცვლილებების აღკვეთის მიზნით, ხელი შეუშალეს იძულებით გადაადგილებული ქრისტიანების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ქრისტიანები აღმოჩდნენ დისკრიმინაციის პირისპირ. შიიტურმა ძალებმა დაიკავეს  ქრისტიანთა საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

PMU-ს 50-ე ბრიგადა იყო  მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ასურეთის ქალაქ ტალ კაიფიდან დევნილი ქრისტიანები უარს ამბობდნენ სახლში დაბრუნებაზე. ტალ კაიფი PMU-ს 50-ე ბრიგადის კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ 50-ე ბრიგადა თავს ქრისტიანულ ძალებად აცხადებს,  ის ძირითადად, შიიტი არაბებისა და შებაქების გაერთიანებას წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად სახალხო მობილიზაციის ქვედანაყოფების 50-ე ბრიგადა ეწევა ქრისტიანთა დისკრიმინაციას. კერძოდ,  ქრისტიანები უძრავი ქონების შესყიდვის დროს ვალდებულები არიან მოიპოვონ არაკანონიერი ნებართვა შიიტური ძალებისგან, მათთვის ქრთამის მიცემის გზით.

შებაქებით დომინირებული PMU-ს 30-ე ბრიგადა გამოირჩევა ქრისტიანების მიმართ ძალადობით. 2020 წლის ივლისში ქალაქ ბარტელას საგუშაგოზე, შებაქები თავს დაესხნენ ორ ქრისტიანს, ძალით გადმოიყვანეს  ისინი მანქანიდან და სცემეს. აგრეთვე, 30-ე ბრიგადამ ნინევის პროვინციაში რელიგიური მოტივით 1000 ადამიანი დააკავა. დაფიქსირდა 30-ე და 50-ე ბრიგადების მიერ თვითნებური დაკავებებისა და გატაცების ფაქტები.

სირიის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლის, ბენჰამ ბენოკას თქმით, ბარტელას რაიონში, 2020 წლის თებერვალში ასა’იბ აჰლ ალ-ჰაკმა გამოიყენა ცრუ ბრალდება ქრისტიანი ოჯახების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

“Middle East Monitor”-ის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ერაყში ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ წერია, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს თავს დაესხნენ ქრისტიანებისა და იეზიდების საკუთრებაში მყოფ ალკოჰოლურ მაღაზიებს. ერაყელი ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ მფლობელების დაშინების მიზნით, მაღაზიას თავს შიიტი ირანელები დაესხნენ.

2020 წელს ქალაქ ტალ კაიფში მცხოვრები ქრისტიანების განცხადებით ისინი ერაყის უსაფრთხოების ძალების (ISF)  მხრიდან ექვემდებარებოდნენ  ჩხრეკას, გადაადგილების შეზღუდვას, კომპენსაციის გარეშე საცხოვრებლის დაკავებას და ა.შ.

ერაყის პარლამენტში ქრისტიანთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 2020 წელს აღნიშნა, რომ მიუხედავად ისლამური სახელმწიფო დამარცხებისა, მაინც გრძელდება ორგანიზაციის მიერ ქრისტიანების დევნა, თვითნებური დაპატიმრება და გატაცება.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ანგარიშში წერს, რომ ისლამისტი ექსტრემისტების არსებობა აისახება, ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების რაოდენობაზე, რომელიც 2020 წელს გაიზარდა.

2020 წელს ინტერვიუში ქალდეის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არ განიცდიან საზოგადოებისგან პირდაპირ ზეწოლას ისინი  მაინც ექვემდებარებიან „ყოველდღიურ დისკრიმინაციას“, რადგან რჩებიან სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა. სასულიერო პირმა დასძინა, ისიც, რომ ქრისტიანები საზოგადოების მხრიდან განიცდიან ზეწოლას, რომელიც მათ აიძულებს უარი თქვან იმ დღესასწაულთა აღნიშვნაზე, რომელიც გადაფარავს ისეთ ისლამურ დღესასწაულებს როგორებიცაა, რამადანი ან შურა. გარდა ამისა, ცნობილია ქრისტიანი ქალების შევიწროების ფაქტები ჰიჯაბის გარეშე გადაადგილების გამო.

„Modern diplomacy”-ის 2021 გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერაყის ქურთისტანის რეგიონში (KRI) თურქეთსა და ერაყელ ქურთებს შორის კონფლიქტის მიმდინარეობის გამო საფრთხეში იყვნენ საზღვრის მახლობლად მდებარე ქრისტიანულ სოფლები.

კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობა ერაყში და ერაყის ქურთისტანში (KRI)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში ერაყში რელიგიური თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის პერსონალური კანონი კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიური თავისუფლება, ეროვნული კანონმდებლობა განაგრძობს არა მუსლიმი საზოგადოების რელიგიური უფლებების შეზღუდვას, მათ შორის ქრისტიანების  უფლებების.

ანგარიშში წერია ისიც, რომ ერთი კონვერტირებული მუსლიმი მშობელი ჰყავს, ითვლება  მუსლიმად, იმ შემთხვევაშიც, როცა „ბავშვი გაუპატიურების ნაყოფია“. გარდა ამისა, ქრისტიანი ოჯახები, რომლებიც ქრისტიანობას საჯაროდ არ მისდევენ, ვალდებულნი არიან ბავშვები დაარეგისტრირონ მუსლიმებად, რათა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა.

“Open Doors”-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები, შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ოჯახის მხრიდანაც. წყაროს თანახმად, ისლამიდან კონვერტირებულმა ქრისტიანმა, შესაძლოა, დაკარგოს მემკვიდრეობის ან ქორწინების უფლება.[2]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/reports/2020-report-on-international-religious-freedom/iraq/ [ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო – ანგარიში რისკ ჯგუფების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

ერაყი. ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მდგომარეობა. აპრილი,2022.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რისკ-ჯგუფების შესახებ წერია, რომ ერაყის კანონი პირადი სტატუსების შესახებ კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება, ეროვნული კანონმდებლობა მაინც არღვევს არა-მუსლიმთა, მათ შორის ქრისტიანთა, უფლებებს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა მშობელმა მიიღო ისლამი, არასრულწლოვანი ბავშვი ავტომატურად გადადის ისლამზე. გარდა ამისა, კონვერტაციის შედეგად პირი შეიძლება წააწყდეს ისეთ სირთულეებს, როგორიცაა დოკუმენტების მიღება, დაქორწინება და ბავშვების  სკოლაში დარეგისტრირება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები შესაძლებელია დაექვემდებარონ დისკრიმინაციას საზოგადოების, რელიგიური ლიდერებისა და ოჯახის მხრიდან.[1]

“Freedom House”-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციით რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია, პრაქტიკაში ბევრი ერაყელი ექვემდებარება ძალადობასა და დისკრიმინაციას რელიგიური იდენტობის გამო.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში ადამიანის უფლებების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში (IKR) იშვიათად ხდება პირადის სტატუსების შესახებ კანონის აღსრულება, რომელიც კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას. შესაბამისად, პირებს ერაყის ქურთისტანის რეგიონში აქვთ სხვა რელიგიაზე კონვერტაციის უფლება.[3]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის მიერ 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რელიგიური უმცირესობების შესახებ წერია, რომ ერაყის სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ კრძალავს ისლამიდან ქრისტიანობაზე (ან სხვა რელიგიაზე) კონვერტაციას, მაგრამ პირადი სტატუსის სამართალი იურიდიულად არ აღიარებს რელიგიის შეცვლას.  ისლამიდან ქრისტიანობაზე ღია კონვერტაცია იშვიათია ერაყში. ანგარიშის მიხედვით ღია კონვერტაცია შესაძლებელია პირის მიმართ ძალადობის მიზეზიც გახდეს. გარდა ძალადობისა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები შესაძლებელია მოკვლის რისკის ქვეშ იდგნენ, განსაკუთრებით ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან.

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ასევე უთითებს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი მხარს უჭერს რეგიონში მცხოვრებ კონვერტირებულ პირებს, რეგიონის ხელისუფლებას არ შეუძლია უზრუნველყოს ამ პირთა მუდმივი დაცვა საკუთარი ტომისა თუ ოჯახებისგან.

ქურთისტანის ხელისუფლება საკმაოდ ტოლერანტულია კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ, თუმცა კონვერტირებულ პირებს მაინც არ შეუძლიათ შვილებისთვის ოფიციალური რელიგიური სტატუსის შეცვლა.[4]

“Open Doors”-ის (ამერიკული ორგანიზაცია/მისია, რომელიც მხარს უჭერს ქრისტიანებს) მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერია, რომ ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები ყველაზე დიდ ზეწოლას საკუთარი ოჯახებისგან განიცდიან. ისინი შესაძლებელია დაექვემდებარონ ცემას ან სხვა სახის ძალადობას. ანგარიშის თანახმად სწორედ ამიტომ ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები თავიანთ რწმენას მალავენ.[5]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო – ანგარიში ერაყში რისკ-ჯგუფების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[2] Freedom House – ანგარიში ერაყში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/reports/2020-country-reports-on-human-rights-practices/iraq/ [ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[4] დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი – ერაყი – ანგარიში რელიგიური უმცირესობების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ივლისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[5] Open Doors – ერაყი – სრული ანგარიში; გამოქვეყნებულია 2021 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

ერაყი. ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება და ხელმისაწვდომობა. თებერვალი, 2022

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს ჯანდაცვაზე წვდომის უფლება. კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, მართოს საჯარო ჯანდაცვის სისტემა და შესთავაზოს მოქალაქეებს როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო დანიშნულების სამედიცინო დაწესებულებების მომსახურება. კონსტიტუციით ასევე გარანტირებულია ჰოსპიტალების, კლინიკებისა თუ კერძო სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობის უფლება, სახელმწიფო ზედამხედველობით.

გასული ათწლეულების განმავლობაში, კონფლიქტების, ეკონომიკური სანქციების, დაფინანსების შემცირების, კორუფციისა და უყურადღებობის გამო, ერაყის ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებები ცუდაა აღჭურვილი და განიცდიან როგორც მედიკამენტების, ასევე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას. ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა ლიმიტირებულია და მდგომარეობა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა. ერაყის ქურთისტანის რეგიონში ვითარება შედარებით უკეთესია, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობის გამო, რეგიონის ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა.

ერაყის მთავრობა მოსახლეობას უნივერსალურ და სამედიცინო მარაგებს სუბსიდირებული ფასებით სთავაზობს; თუმცა საჯარო ჯანდაცვის სისტემა მუდმივი დაბრკოლებების წინაშე დგას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, 2020 წელს, ერაყში ყოველ 10 ათას პირზე 7 ექიმი და 20 ექთანი იყო ხელმისაწვდომი.[1]

ერაყისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციები განაგრძობენ ერაყის მხარდაჭერას სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით. 2019 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ოფისმა ერაყის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმა აღნიშნულ კონტრიბუციას და განაცხადა, რომ უწყვეტი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები მილიონობით მოწყვლადი ქალის, ბავშვისა და მოხუცისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში, საუბარი იყო 3 მილიონზე მეტ პირზე 7 სხვადასხვა პროვინციაში, სადაც კონფლიქტის გამო ჯანდაცვის სისტემა შესუსტებული იყო.[2]

2020 წლის სექტემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წერდა, რომ ერაყის ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის და ჯანდაცვაზე წვდომის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ნინევის ჯანმრთელობის დირექტორატს 10 სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცა. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ბაღდადსა და ნინევაში, აღნიშნული დახმარების გაწევით, კოვიდის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები, ორსულები და სხვა სამედიცინო პრობლემების მქონე პირები ახლა დროულად მიიღებდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას. აღნიშნული დახმარება, ასევე, იყო ერაყის ჯანდაცვის სტრუქტურების თხოვნის საპასუხოდ განხორციელებული დონაცია, რომ ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს ისეთ შორეულ რაიონებშიც, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომია და სადაც კონფლიქტის შედეგად სამედიცინო ინფრასტრუქტურა განადგურდა.[3]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი] 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაღდადის პროვინციაში 260 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი არსებობს; მათ შორის 213 მთავარი ჯანდაცვის ცენტრი და 47 ქვე-ცენტრი. აღნიშნული ცენტრების თითქმის 90% [232 ცენტრი] იმართება ექიმების, ხოლო 28 ცენტრი ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალების მერი. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან თითოეული დაახლოებით 33 ათას პაციენტს ემსახურება. გარდა ამისა, ბაღდადში ფუნქციონირებს 51 სპეციალიზებული ჯანდაცვის ცენტრი; მათ შორის 20 სტომატოლოგიური, 3 რესპირატორული დაავადებების, ასთმისა და ალერგიის 2 და 26 სხვა სპეციალიზებული ჯანდაცვის ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, ბაღდადში ყველაზე მეტი ადგილი იყო ხელმისაწვდომი საჯარო ჰოსპიტალებში – 13 ათასზე მეტი საწოლი, მათ შორის 10 ათასზე მეტი „გადაუდებელი დახმარების საწოლი“. ბაღდადის კერძო საავადმყოფოები, დამატებით, 2500-მდე ადგილს სთავაზობს პაციენტებს. რაც შეეხება სხვა სამედიცინო ინსტიტუტებს, 2020 წელს ბაღდადში ფუნქციონირებდა 1008 კერძო ლაბორატორია, 977 ფარმაცევტული ოფისი და 2000-მდე აფთიაქი.[4]

[1] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ერაყი: სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემა; გამოქვეყნებულია 2021 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[2] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია; USAID-ის კონტრიბუცია სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისებისთვის ერაყში; გამოქვეყნებულია 2019 წლის 18 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[3] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია; ერაყს 13 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადაეცა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 9 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[4] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ერაყი: მთავარი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორები ბაღდადში, ბასრასა და სულეიმანიაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

ერაყი. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ივნისი,2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. 2021 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტის თვეში ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ და პრო-ირანული ჯგუფების თავდასხმები გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 79 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი (წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელი 47 შემთხვევით შემოიფარგლებოდა). ავტორის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობით ინციდენტები წინა წლის ნომებრიდან მოყოლებული იკლებდა და 4 თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა. მარტში უშუალოდ აღნიშნულ დაჯგუფებას მიეწერებოდა 59 ინციდენტი, რომელთაც ჯამსი 39 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 44 – დაშავდა. ინციდენტთა უმრავლესობა დიალას (21); სალაჰადდინის (11); კირკუკისა (10) და ბაღდადის (8) პროვინციებში დაფიქსირდა.[2]

იგივე ავტორი მომდევნო თვის (აპრილი) მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ 2021 წლის აპრილში ერაყში შედარებითი სიმშვიდის 5 თვიანი პერიოდი დასრულდა. 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, „ისლამური სახელმწიფოს“ ზამთრის პაუზა ჰქონდა აღებული და კვირების განმავლობაში, მხოლოდ ერთეული უსაფრთხოებრივი შემთხვევა თუ დაფიქსირდებოდა. აპრილში, „რამადანის“ დაწყებიდან მოყოლებული, დაიწყო ყოველწლიური თავდასხმათა კამპანია. ამავე დროს, პრო-ირანულმა დაჯგუფებებმა ასევე აგაზარდეს ამერიკულ სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციები.

ჯამში, დაფიქსირდა 107 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი, რაც 2020 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. შედეგად, გარდაიცვალა 54 პირი, ხოლო 132 კი – დაშავდა. მათ შორის, სამოქალაქო პირებს შორის დანაკარგი იყო 19 გარდაცვლილი და 52 დაშავებული. ინციდენტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიალას პროვინციაში დაფიქსირდა (62).

[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერს, რომ ერაყი არის პარლამენტარული ტიპის რესპუბლიკა, სადაც 2018 წელს ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ექსცესების გარეშე არ ჩავლილა, მეტ-ნაკლებად თავსებადი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ახლადარჩეული პრემიერი – აბილ აბდ ალ-მაჰდი 2019 წლის 1 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების საპასუხოდ, თანამდებობიდან გადადგა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF))  – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ქურთისტანის რეგიონში, ერაყის კონსტიტუციის თანახმად, „ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობა“ -ს გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების აპარატი და ჯარი. თუმცა, ამას გარდა, ორი წამყვანი პოლიტიკური პარტია – ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) და „ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება“ (PUK) ინარჩუნებდნენ საკუთარ, დამოუკიდებელ სამხედრო ფრთებს – ე.წ. „ფეშმერგა“ ერთეულებს. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში. უსაფრთხოების ძალების წევრები ჩადიოდნენ არაერთ, დოკუმენტირებულ სამართალდარღვევას.

ერაყში ადგილი ჰქონდა საკმაოდ ფართო-მასშტაბიან საპროტესტო დემონსტრაციებს ბაღდადსა და რამდენიმე შიიტურ პროვინციაში, რომელიც დაიწყო 2019 წლის ოქტომბერს და გრძელდებოდა 2020 წლის შუა რიცხვებამდე. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ დემონსტრაციებს შეეწირა 500-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე, ხოლო 20 000-ზე მეტი კი – დაშავდა. მთავრობამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის კუთხით, მხოლოდ მიზერული ნაბიჯები გადადგა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები;  პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ აფილირებული პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორუფცია;ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების არასათანადო გამოძიება; ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულები; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

ერაყის ხელისუფლება, მათ შორის – უშუალოდ პრემიერ-მინისტრის აპარატი, იძიებდა ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილ სავარაუდო სამართალდარღვევებს, თუმცა, იშვიათად თუ სჯიდა დამნაშავე პირებს. დაუსჯელობის სინდრომი ფართოდ იყო გავრცელებული სამთავრობო ჩინოვნიკებში, უსაფრთხოების ძალებში, პოლიციის წარმომადგენლებში, „სახალხო სამობილიზაციო ძალებში“ და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად მნიშვნელოვანი შესუსტებისა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც განაგრძობდა სერიოზული დანაშაულების ჩადენას, მათ შორის – თვითმკვლელი ტერორისტებისა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ტერაქტების მოწყობას. ერაყის ხელისუფლება განაგრძობდა აღნიშნულ შემთხვევებზე გამოძიებს და სათანადოდ სჯიდა დამნაშავე პირებს კონტრ-ტერორიზმის კანონმდებლობის საფუძველზე.[4]

 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ერაყის 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ერაყში რეგულალურად იმართება არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში, ხოლო სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფები ზოგადად, სათანადოდ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. თუმცაღა, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლებისთვის ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორებია კორუფცია და უსაფრთხოების კუთხით საფრთხეები. ერაყის ქურთისტანის რეგიონში, დემოკრატიულ ინსტიტუციებს არ გააჩნიათ საკმარისი ძალაუფლება იმისთვის, რომ გააკონტროლონ ტრადიციულად გავლენიანი ფიგურები და სტრუქტურები. ბოლო ხანებში, ოფიციალური ბაღდადის პოლიტიკაზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს ირანი. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო თავისუფლებები და უფლებები ერაყში ზოგადად გარანტირებულია ერაყის კანონმდებლობაში, თუმცა, სახელმწიფოს არ გააჩნიათ საკმარისი უნარი, თავიდან აიცილოს პოტენციური დანაშაულები ან სათანადოდ დასაჯოს დამნაშავეები.

 

მიმდინარე წელს მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყო:

  • კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერაყის ისედაც სუსტ ჯანდაცვით სისტემაზე, რომელიც ვერ აუდიოდა ინფიცირებული მოქალაქეების ნაკადის მართვას. ერაყის ცენტრალური და ქურთისტანის რეგიონალური მთავრობების მიერ დაწესებულმა „ლოქდაუნმა“ უარყოფითი გავლენა იქონია დაბალანაზღაურებად მშრომელ ფენასა და მცირე ბიზნესის მფლობელებზე;

 

  • მაისსა და აპრილში, ერაყისა და ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული „ლოქდაუნი“ გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩაეშალათ საპროტესტო დემონსტრაციები და მნიშვნელოვნად შეეზღუდათ პრესის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ოპოზიციის აქტივობები;

 

  • დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული რეგიონების რეკონსტრუქცია წლის განმავლობაში, საკმაოდ ნელი ტემპით გრძელდებოდა. 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1.3 მილიონი ერაყელი კვლავ რჩებოდა იძულებით გადაადგილებულად, ხოლო ტერორიზმის საფრთხე კვლავ სახეზე იყო.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ერაყი “არა-თავისუფალ“ ქვეყნად არის კატეგორიზებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით ვითარება 40-დან 16 ქულით; ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით – 60-დან 13 ქულით ფასდება. განსაკუთრებით მძიმედ (0 ან 1 ქულა 4-დან) ფასდება მდგომარეობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების; კანონის უზენაესობის; მოსახლეობის სეგმენტთა დისკრიმინაციის; გამოხატვის თავისუფლების; რწმენისა და რელიგიის თავისუფლებისა და მედია თავისუფლების კუთხით.[5]

Human Rights Watch 2020 წლის საკუთარ ანგარიშში ერაყის შესახებ წერდა, რომ 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისში, ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტთა თვითნებური დაკავებების, იძულებითი გაუჩინარებებისა და კანონგარეშე მკვლელობების შემთხვევებს შედეგად ერაყის მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 2020 წლის მაისში ქვეყნის ახალი პრემიერად მუსტაფა ალ-ხადიმი დაინიშნა, რომელმაც მიუხედავად თავდაპირველი მზაობისა, მოეგვარებინა ერაყის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებების კუთხით, ვერ მოახერხა დაესრულებინა დემონსტრანტების მიმართ უფლებადარღვევების კამპანია.

ანგარიშის მიხედვით, ერაყის სისხლისსამართლებრივ სისტემაში ფართოდ გამოიყენებოდა წამება და იძულებითი ჩვენებების მიღება, ასევე, მიუხედავად სერიოზული პროცესუალური დარღვევებისა, შესაბამისი სამსახურები მაინც ახდენდნენ მსჯავრდებულთა  სიკვილით დასჯას. ერაყის კანონმდებლობა შეიცავს არაერთ დანაწესს, რომელიც კრძალავს დეფამაციას და შუღლის გაღვივებას, რომელიც გამოიყენებოდა ხელისუფლების მიერ მისდამი კრიტიკულად განწყობილ პირთა, ჟურნალისტთა, აქტივისტთა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ.

Covid 19 პანდემიამ განსაკუთრებით მავნე ზეგავლენა იქონია ერაყელი მოსწავლეების განათლებაზე, რადგან თვეების განმავლობაში სკოლები დახურული იყო, ხოლო ბევრ მათგანს არ გააჩნდა არანაირი წვდომა დისტანციურ სწავლებაზე.[6]

[1]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 2 June 2021]

[2] Joel Wing – blog “Musings on Iraq” – Violence In Iraq, March 2021; published in April 2021; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/04/violence-in-iraq-march-2021.html [accessed 3 June 2021]

[3]Joel Wing – blog “Musings on Iraq” -Islamic State Ramadan Offensive Begins, Pro-Iran Groups Increase Attacks In April 2021; published in May 2021; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/05/islamic-state-ramadan-offensive-begins.html [accessed 3 June 2021]

 

[4]United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2020– Iraq; published in March 2021; available at

[accessed 3 June 2021]

[5] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iraq; published in March 2021; available at

[accessed 3 June 2021]

[6] Human Rights Watch – World Report 2021 – Iraq; published in January 2021; available at

[accessed 3 June 2021]

ერაყი. ინფორმაცია დაჯგუფების “რაბა ალლაჰ” შესახებ. აპრილი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული ჯგუფის შესახებ, შედარებით მწირი იყო. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ჯგუფი შედარებით ახალი შექმნილია და მისი აქტივობები არ ხვდება ავტორიტეტული სამთავრობო თუ არასამთავრობო წყაროების უახლოესი ანგარიშების მომზადების პერიოდში.

მედია საშუალება ISW News 2021 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ რაბა ალლაჰ (არაბულად – „ღმერთის თანამოძმეები“) წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც ბოლო ხანებში, ერაყში განვითარებულ პოლიტიკურ მღელვარებასთან ერთად შეიქმნა. მოძროაბის წევრი ხაზს უსვამენ, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და არანარი კავშირი არ გააჩნიათ Hashad Sha’abi-თან (სახალხო სამობილიზაციო ძალები – PMF) ან პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოძრაობას გააჩნია ანტი-ა.შ.შ. და ანტი-დასავლური შეხედულებები.

მოძრაობამ ორგანიზება გაუწია საპროტესტო დემონსტრაციებს დიჯლაჰში KDP პარტიის ოფისთან და ტელეკომპანია MBCNetworks-ისშენობასთან, რადგან KDP პარტიის წევრმა – ჰოშიარ ზებარიმ, 2020 წლის 17 ოქტომბერს Hashad Sha’abi-ის შეურაცხყოფა მიაყენა.

რაბა ალლაჰს ზოგიერთი ქურთი ჩინოვნიკი ბრალს სდებდა სულეიმანიაში საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზებაში. ამას გარდა, ზოგიერთი დასავლური მედია საშუალება დაჯგუფებას ორგანიზაცაია Kataib Hezbollah-ს ერთ-ერთ ფრთად მიიჩნევდა, რასაც უშუალოდ კატაიბი უარყოფდა.[1]

მედია საშუალება The National News 2021 წლის 24 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰ“-ის წევრებმა დედაქალაქ ბაღდადში მასშტაბური მსვლელობა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო მანქანებით, შავებში ჩაცმული, ავტომატური შაშხანებით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით შეიარაღებული პირები. დემონსტრანტების განცხადებით, ჯგუფს სურდა, სოლიდარობა გამოეხატა იმ ერაყელი ხალხისადმი, რომლებიც „მჩაგვრელი, ამერიკული ოკუპაციის“ პირობებში ცხოვრობენ. მათ ერაყის მთავრობა ასევე უწოდეს „თანამზრახველი და აგენტი“. ჯგუფის წევრებმა ასევე მოუწოდეს მთავრობას, დროულად მიეღო პარლამენტში რამდენჯერმე გადადებული ბიუჯეტი.

„ყველა პოლიტიკურმა პარტია უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ, თუ ბიუჯეტი ვერ შეასრულებს ხალხის მოთხოვნებს, განსაკუთრებით – სამხრეთულ პროვინციებთან მიმართებით“ – აღნიშნული იყოს ჯგუფის განცხადებაში.

სტატიის მიხედვით, ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნულთან მიმართებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რაბა ალლაჰი არის ერთ-ერთი მცირე, შედარებით ნაკლებად ცნობილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლიც გასულ წელს შეიქმნა.[2]

ორგანიზაცია Washington Institute 2021 წლს 9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰი“ აშკარად სხვა, შედარებით მსხვილი ჯგუფის – Kataib Hezbollah-ს (KH) ერთ-ერთ დანაყფოს წარმოადგენს. ამას ადასტურებს სუფთა და სარწმუნო მტკიცებულებები. 2021 25 მარტს, KH ბაღდადის ქუჩებში სამხედრო მსვლელობა მოაწყო, რაც მიზნად ისახავდა ძალაუფლების დემონსტრირებას. პარადის ფარგლებში, ისმოდა მუქარები ერაყის პრემიერ-მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნების მიმართ. აღნიშნული სამხედრო პარადი სწორედ რაბა ალლაჰის წევრებმა დაანონსეს სოციალური მედია საშუალება – muqawama-ზე. დაჯგუფების წევრები ასევე მონაწილეობდნენ პარადშიც, სადაც შეიარაღებულნი მარშირებდნენ (მათ შორის – RPG 7-ით).[3]

[1] ISW news – article “What is Raba Allah Group”; published on 31 March 2021; available at https://english.iswnews.com/18110/what-is-raba-allah-group/ [accessed 23 April 2021]

[2] The National News – article “Iraq capital taken over as Shiite militia marches in defiance of government”; published on 24 March 2021; available at https://www.thenationalnews.com/mena/iraq/iraq-capital-taken-over-as-shiite-militia-marches-in-defiance-of-government-1.1191071 [accessed 23 April 2021]

[3] The Washington Institute – Profile: Raba Allah; published on 9 April 2021; available at https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/profile-raba-allah [accessed 23 April 2021]

ერაყი. დიალის პროვინციაში არსებული ზოგადი ვითარება. აპრილი, 2021

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ დიალას პროვინცია ერაყის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში და აქვს საერთაშორისო საზღვარი ირანთან. პროვინციის მოსახლეობა 1 680 328 პირს შეადგენს და როგორც ეთნიკური, ასევე – რელიგიური თვალსაზრისით, ის საკმაოდ არაერთგვაროვანია: მოსახლეობის უმრავლესობას არაბები, ქურთები და თურქმენები შეადგენენ, რომლებიც როგორც ისლამის შიიტურ, ასევე – სუნიტურ დენომინაციას მიეკუთვნებიან.

პროვინციაში ფიქსირდება საკმაოდ ბევრი უსაფრთხოებრივი შეიარაღებული აქტორი. მათ შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია: ერაყის შეიარაღებული ძალები; „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMU); „გვაროვნული სამობილიზაციო ძალები“ (TMF, Hashd al-Asha’iri); ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის შეიარაღებული ძალები, ასევე –  ტერორისტული დაჯგუფებები: „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS; ISIL) და Ansar al Islam (AAI).

დიალას პროვინციას ხშირად ახასიათებენ, როგორც უსაფრთხოების კუთხით  ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონს ერაყში, რაც ძირითადად ეთნო-სექტარული დაპირისპირებებითაა გამოწვეული. ცნობილია, რომ დიალაში 2004 წლიდან ბინადრობდნენ ექსტრემისტი შეიარაღებული დაჯგუფებები. როგორც დედაქალაქ ბაღდადთან, ასევე – ირანის საზღვართან სიახლოვის გამო, დიალას პროვინციის დაკავება პრიორიტეტული იყო ერაყის ხელისუფლება და პრო-ირანული „სახალხო სამობილიზაციო ძალებისთვის“ (PMU). ერაყის პროვინციებს შორის, დიალა ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა 2013-2014 წლებში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსპანსიისას. 2014 წელს, აღნიშნული დაჯგუფების მიერ ჩადენილი საშინელებების გამო, ადგილობრივმა გვარების ლიდერებმა ალიანსი შეკრეს ერაყის უსაფრთხოების ძალებთან, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლათ ISIS-ის წინააღმდეგ.

2015 წლის იანვარში, 6 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, რამაც ათასობით ადგილობრივის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, დიალას გამოცხადდა „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულიად თავისუფლად. ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, დიალა, სადაც ყველაზე უფრო არიან კონცენტრირებულნი ირანთან აფილირებული „სახალხო სამობილიზაციო ძალებისთვის“ (PMU), წარმოადგენს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების ძირითად სამიზნეს. იმავე წყაროს მიხედვით, 2019 წლის მარტში ISIS-ის ე.წ. ტერიტორიული ხალიფატის დაცემასთან ერთად, დიალას პროვინციაში არაერთხელ ფიქსირდებოდა “ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების“ ყველაზე დიდი კონცენტრაცია.

The Middle East Institute-ის მიხედვით,დიალაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კვლავ რჩება საყურადღებოდ, რადგან პროვინციაში ISIS კვლავ აქტიურია და ხელს უშლის ნორმალური ცხოვრების დაბრუნების კუთხით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. ადგილობრივი ექსპერტების მიხედვით, დღიური თავდასხმები 4-დან 12 შემთხვევამდეც კი შესაძლოა აღწევდეს. ზოგიერთი ტერიტორია (მაგ. ჯალავლას დასახლება) საერთოდ მიუღწეველია. ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, პროვინციის შიგნით, უსაფრთხოების კუთხით ყველაზე უფრო რთული ვითარებაა ბაქუბაჰისა და ხანაქინის დასახლებებში. 2019 წლის მანძილზე და 2020 წლის დასაწყისში, საერთაშორისო კოალიციური ძალები ან ერაყის უსაფრთხოების ძალები, რეგულარულად ახორციელებდნენ საჰაერო იერიშებს ISIS სავარაუდო სამალავებზე.

2019 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კვლავ ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ISIS აძლიერებდა საკუთარ ქსელს დიალაში. 2019 წლის აპრილში, დაჯგუფებამ დაიწყო მასშტაბური თავდასხმათა სერია, რომელმაც დიალაში პიკს მაისში მიაღწია. აღნიშნულ თვეში დაფიქსირდა 35 უსაფრთხოებრივი ინციდენტი, ძირითადად – ბაქუბაჰისა და ხანაქინის დასახლებებში. აგვისტოში ინციდენტების რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ხანაქინის დასახლების 12 სოფლიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოახდინეს. ოქტომბერში სიტუაცია გაუმჯობესდა, რადგან მხოლოდ 13 ინციდენტი აღირიცხა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო მასშტაბური დემონსტრაციებით ბაღდადსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, რომელის დროსაც დაჯგუფებამ თავდასხმები შეწყვიტა. დეკემბერის თვეში, დიალაში ინციდენტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა (42), ხოლო ISIS ახალი სამიზნე გახდა მუქდადიას დასახლება. იმავე წყაროს მიხედვით, 2020 წლის აპრილში ISIS-მა დაიწყო ყოველწლიური საგაზაფხულო თავდასხმათა კამპანია, რომლის ფარგლებშიც, დიალას პროვინციაში, აპრილის თვეში 42, ხოლო მაისში – 71 უსაფრთხოებრივი ინციდენტი დაფიქსირდა. თავდასხმათა უმრავლესობა ხანაქინსა და მუქდადიას დასახლებებაზე მოდიოდა. ISIS განსაკუთრებით აქტიური იყო დიალაში 2020 წლის ივნისშიც.

რაც შეეხება სტატისტიკას, UNAMI-ს მიხედვით, 2019 წლის იანვარი – 2020 წლის ივნისი პერიოდში, სიტუაცია შემდეგია: 2019წლის მანძილზე სახეზეა  55 ინცდენტი, რომელთაც ჯამში 47 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 64 – დაშავდა. 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, დაფიქსირდა 48 ინციდენტი, რასაც 46 ადამიანი შეეწირა, ხოლო 67 – დაშავდა.

იმავე პერიოდში, ACLED მიხედვით, დიალას პროვინციაში დაფიქსირდა 280 ბრძოლის, 260 დისტანციური ძალადობა/აფეთქების, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის 90 შემთხვევა, რაც ჯამში 630 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტს შეადგენს. შემთხვევათა უმრავლესობა მუქდადიას დასახლებაზე მოდიოდა.[1]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვრის თვეში, დიალას პროვინციაში სულ 21 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა (თითქმის სრულიად – ISIS თავდასხმები), რასაც ჯამში 36 სამოქალაქო დანაკარგი მოჰყვა (17 მოკლული და 19 დაშავებული). სტატიის მიხედვით, დიალა რეგულარულად წარმოადგენს ყველაზე ძალადობრივ პროვინციას ერაყში. ინციდენტთა უმრავლესობა ფიქსირდებოდა მუქდადიასა და ხანაქინის დასახლებებში. თავდასხმების სამიზნეთა უმრავლესობას კი უსაფრთხოების ძალები წარმოადგენდნენ – 17 გარდაცვლილიდან 12 „ერაყის უსაფრთხოების ძალებისა“ და ჰაშდის წარმომადგენელი იყო, ისევე როგორც – დაშავებულ 19-თაგან – 13.[2]

დიალაში უსაფრთხოების კუთხით ტენდენცია შენარჩუნდა თებერვლის თვეშიც. კვლავ დაფიქსირდა 21 თავდასხმა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 23 კი – დაშავდა. ამას გარდა, ადგილი ჰქონდა გატაცების 2, ხოლო ქალაქებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდასხმის 5 შემთხვევას. ინციდენტთა უმრავლესობა დაფიქსირდა ხანაქინის დასახლების მიმდებარედ, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ბაზას წარმოადგენს.[3]

რაც შეეხება მარტის თვეს, დიალაში კვლავ ადგილი ჰქონდა 21 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტს, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 9 კი – დაშავდა. .

[4]

[1] EASO – Iraq Security situation; published in October 2020; available at

[accessed 22 April 2021]

[2]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence Continues To Decline In Iraq Winter 2020-21”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/02/violence-continues-to-decline-in-iraq.html[accessed 22 April 2021]

[3]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “IS Winter Break Continues In Feb While Pro-Iran Groups Picking Up Attacks?”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/03/is-winter-break-continues-in-feb-while.html [accessed 22 April 2021]

[4]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence In Iraq, March 2021”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/04/violence-in-iraq-march-2021.html [accessed 22 April 2021]