ერიტრეა. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და სამხედრო სამსახური. ნოემბერი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ერიტრეა არის ცენტრალიზებულ და ავტორიტარულ რეჟიმს დაქვემდებარებული სახელმწიფო. ქვეყნის პრეზიდენტია ისაის აფვერკი. „დემოკრატიისა და სამართლიანობის სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში, 1993 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ,  არ ჩატარებულა არანაირი სახის არჩევნები.

ერიტრეაში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პოლიცია, ხოლო საგარეო უსაფრთხოებაზე შეიარაღებული ძალები არიან პასუხისმგებელნი. მთავრობა ზოგჯერ იყენებდა რეზერვში არსებულ ძალებს, ასევე – დემობილიზებულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა სათანადოდ ეპასუხა უსაფრთხოების გამოწვევებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან იმ პირთა დაპატიმრებაზე, რომლებიც სავარაუდოდ საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. შეიარაღებულ ძალებს აქვთ სამოქალაქო პირთა დაპატიმრებისა და დაკავების უფლებამოსილება. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამოქალაქო ხელისუფლებამ შეინარჩუნა ეფექტური კონტროლი უსაფრთხოების ძალების უმეტეს ნაწილზე. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა უსაფრთხოების ძლების მიერ ჩადენილი დარღვევები.

ანგარიშის თანახმად საანგარიშო პერიოდში (2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა:   უკანონო და თვითნებურ მკვლელობებს; იძულებით გაუჩინარებებს; წამებას; მკაცრ და სიცოცხლისთვის საშიშ საპატიმრო და დაკავების პირობებს; თვითნებურ დაკავებებს; პოლიტ-პატიმრებს; სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს; თვითნებურ და უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; კონფლიქტთან დაკავშირებულს დარღვევებს, მათ შორის სამოქალაქო პირების მიმართ დარღვევებს; გამოხატვის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას; შეკრების და გაერთიანების თავისუფლების სერიოზული შეზღუდვას; სერიოზული შეზღუდვას გადაადგილების თავისუფლებაზე; ქვეყნის მოქალაქეების უუნარობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება; ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სერიოზულ შეზღუდვებს; გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და პასუხისმგებლობის დაკისრების ნაკლებობას; ადამიანებით ვაჭრობას; კანონებს, რომლითაც კრიმინალიზებულია ნებაყოფლობითი ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობა; ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდ ფორმებს.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს  ნაბიჯები ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და მათზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში სავალდებულო სამხედრო სამსახურზე წერს, რომ ეს უკანასკნელი იძულებითი შრომის ყველაზე ცუდი ფორმაა. კანონის თანახმად ქვეყნის ყველა მოქალაქე 18-დან 50 წლამდე (შეზღუდული გამონაკლისებით) ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. აღნიშნული მოიცავს ექვსკვირიან სამხედრო წვრთნებს და 12 თვიან აქტიურ სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურს, ჯამში სულ 18 თვე. გარდა ამისა, პირები, რომლებიც ვერ გაივლიან სამხედრო მომზადებას, გაივლიან 18 თვიან სამსახურს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში. საგანგებო მდგომარეობაში, ხელისუფლებას შეუძლია ამ დაწესებული 18-თვიანი ლიმიტის შეჩერება, რაც ერიტრეის ხელისუფლებამ 1998 წელს გააკეთა ეთიოპიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისას  და დღემდე არ გაუქმებულა.  აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახური განუსაზღვრელი დროით ხანგრძლივდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო 20 წელი და მეტი. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება თვითნებურია და მასთან დაკავშირებული პროცედურები კვლავ ბუნდოვანია. წვევამდელებს ასაქმებდნენ ყველა სახელწმიფო თუ პარტიულ სამსახურში. მათ შორის მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიებში, იძულებითი შრომის პირობებში.

ანგარიშის თანახმად წვევამდელთა ანაზღაურება დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესიასთან დაკავშრებით გადაიხედა ანაზღაურების საკითხი. სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული განათლება ან პროფესიული კვალიფიკაცია, აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება და ხელისუფლება ანაზღაურებას ხანდახან საკვებით ანაცვლებდა. კანონი პირისთვის სამუშაო კატეგორიის მინიჭებას ითვალისწინებს პირის უნარების და პროფესიის გათვალიწინებით, მაგრამ პრაქტიკაში  ყოველთვის ასე არ ხდებოდა.  კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სამსახურს კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეებისთვის.[1]

Amnesty International-ის მიერ 2022 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ქვეყანაში გაგრძელდა პირთა თვითნებური დაკავებები და იძულებით გაუჩინარებები. ახალწვეულები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, იძულებულები იყვნენ ემსახურათ განუსაზღვრელი პერიოდით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ერიტრეის თავდაცვის ძალები იბრძვიან ეთიოპიის ხელისუფლების სამხედრო ძალებთან ერთად ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის წინააღმდეგ ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში. კონფლიქტის მიმდინარეობისას, ერიტრეის თავდაცვის ძალებმა, ისევე, როგორც ეთიოპიის  უსაფრთხოების ძალებმა, ჩაიდინეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სამოქალაქო პირთა კანონგარეშე მკვლელობები, რომლებიც შესაძლოა გაუტოლდეს ომის დანაშაულებს და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს.[2]

Human Rights Watch-ის მიერ 2022 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრეაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ერიტრეის ხელისუფლების ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, ასევე სავარაუდოდ დანაშაულები ადამიანობის წინააღმდეგ და სხვა მძიმე დარღვევები, ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში.

ანგარიშის თანახმად ერიტრეაში გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან რეპრესია, მათ შორის იძულებით გაწვევა, მასობრივი შეკრებები ჯარის რიგების შესავსებად და ფართოდ გავრცელებული იძულებითი შრომა. ქვეყანაში ასევე მკაცრად შეზღუდული იყო გამოხატვის, რწმენის და აზრის თავისუფლება.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის მიერ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრეის შესახებ წერია, რომ სამხედრო სამსახური შესაძლოა დაიყოს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებად. თავდაპირველად, ყველა ახალწვეული გადის სამხედრო მომზადებას და შემდეგ ხდება მათი გადანაწილება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებში ან სამოქალაქო სამსახურში. ახალწვეულთა ნაწილი მუშაობს „დემოკრატიისა და სამართლიანობის სახალხო ფრონტის“ საკუთრებაში არსებულ რომელიმე კომპანიაში ან შეიარაღებულ ძალებში.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო უთითებს 5 ფაქტორზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე ახალწვეულს დაეკისრება სამხედრო თუ სამოქალაქო ფუნქცია:

  • ახალწვეულები, რომელთა რეკრუტირებაც მოხდა მე-12 სასწავლო წლის შემდეგ, უფრო სავარაუდოა, რომ მოხვდებიან სამოქალაქო სამსახურში ვიდრე ის პირები, რომელთაც სკოლა მიატოვეს და რეკრუტირებული არიან ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ;
  • ერიტრეის საშუალო განათლების სასერთიფიკატო გამოცდებში მიღებულმა შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ფუნქციათა განაწილებაში;
  • ქალები სავარაუდოდ განაწილდებიან სამოქალაქო სამსახურში;
  • სოფლის მოსახლეობა უფრო სავარაუდოა, რომ განაწილდებიან სამხედრო სამსახურში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათ არასრულფასოვან განათლებასთან;
  • ე.წ Freedom Fighters-ის შვილები და გავლენიან ადამიანებთან კავშირის მქონე პირები დიდი ალბათობით განაწილდებიან სამოქალაქო სამსახურში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2021 წლის მაისის ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულთა ნაწილი ასრულებს სამხედრო როლს შეიარაღებულ ძალებში, მათი უმეტესობა მუშაობს სამოქალაქო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განათლების საკითხებზე ან სხვა. აღნიშნულია ისიც, რომ ახალწვეულებს დასაქმების თვალსაზრისით არ აქვთ თავისუფალი არჩევანი.

ანგარიშში წერია ისიც, რომ სამხედრო სამსახურმა შესაძლოა ბევრი ფორმა მიიღოს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია აქტიური სამხედრო სამსახური. მათ შორის არის სახელმწიფო დაწესებულებასა თუ კომპანიაში საოფისე სამსახური; ფიზიკური შრომა; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მაღაროებში მუშაობა; დაწყებით და საშუალო სკოლაში მუშაობა და ა.შ.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი წერს, რომ პირობები საკმაოდ მკაცრია სამხედრო სამსახურში მყოფი პირებისთვის, თუმცა ზოგიერთი პირის შემთხვევაში ეს პირობები არის ნორმალური, თუმცა დაბალი ანაზღაურებით.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამოქალაქო მოვალეობის შემსრულებელი პირები ჩვეულებრივ არიან შეიარაღებული ძალების წევრები და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მათი გამოძახება. გარდა ამისა, მათ აქვთ ვალდებულება, რომ დროდადრო მონაწილეობა მიიღონ სამხედრო წვრთნებში.

1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის მე-6 მუხლის თანახმად ერიტრეის მოქალაქეებს 18-დან 50 წლამდე აქვთ ვალდებულება გაიარონ სამხედრო სამსახური.

იმავე პროკლამაციის მე-8 მუხლის თანახმად კი ერიტრეის მოქალაქეები 18-დან 40 წლამდე ვალდებული არიან გაიარონ აქტიური სამხედრო სამსახური, რომელიც მოიცავს 6 თვიან სამხედრო წვრთნას და 12 თვიან უშუალო მსახურებას.

1995 წლის პროკლამაცია ასევე მოიცავს მუხლებს, რომელიც უკავშირდება პირის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას; პროკლამაციის მე-12 მუხლი უთითებს, რომ აქტიური სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ერიტრეის მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სამხედრო სამსახური ამ პროკლამაციის გამოქვეყნებამდე და ასევე ის პირები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მთელი დრო გაატარეს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მე-15 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების სერთიფიკატს.

პროკლამაციის მე-13 მუხლის თანახმად პირები, რომლებიც გამოცხადნენ სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად, ნებისმიერ საჯარო ან სახელისუფლებო ორგანოში გაივლიან 18 თვიან მსახურებას.

 

მე-14 მუხლის თანახმად აქტიური სამხედრო სამსახურიდან დროებითი გათავისუფლება შესაძლებელია სუსტი ჯანმრთელობის ან განათლებასთან (უნივერსიტეტი ან პროფესიული სკოლა) დაკავშირებული საკითხის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულია, რომ პირს სერთიფიკატი, დიპლომი ან ხარისხის დამადასტურებელი საბუთი გადაეცემა მხოლოდ აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო 2019 წლის ანგარიშში უთითებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების „დე ფაქტო“ საფუძვლებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად ქალები, რომელთაც ყავთ შვილები ან არიან ფეხმძიმედ, თავისუფლებიან სამხედრო სამსახურიდან. მიუხედავად ამისა, დედები თავისუფლებიან მხოლოდ სამხედრო სამსახურიდან და არა სამოქალაქო სამსახურიდან. გარდა ამისა, დაქორწინებული ქალები, რომელთაც არ ჰყავთ შვილები ან არ არიან ფეხმძიმედ ხშირად თავისუფლებიან სამხედრო სამსახურიდან.

ანგარიშში ასევე წერია გათავისუფლების სხვა საფუძვლები, რომლებიც პრაქტიკაში არათანმიმდევრულად გამოიყენებოდა:

  • მუსლიმი ქალები ისეთი რეგიონებიდან, როგორიც არის Gash Barka და Southern Red Sea (სოფლის დასახლებები);
  • მომთაბარე ტომთა და რაშაიდას (Rashaida) ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები;
  • რელიგიური მსახურები (მღვდელი, იმამი და ა.შ.).

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშის თანახმად პრაქტიკაში სამხედრო სამსახურიდან ასევე თავისუფლებიან:

  • მენტალური პრობლემების მქონე პირები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები;
  • ფეხმძიმე ქალები;
  • ქალები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები;
  • პირები, რომლებიც არიან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ერიტრეაში სამხედრო სამსახურის რეჟიმის ფარგლებში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, მათ შორის სამხედრო სამსახურის განუსაზღვრელი ხანგრძლივობა, შეურაცხმყოფელი პირობები და წვევამდელების გამოყენება იძულებით შრომაში.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად სამხედრო სამსახური აღიქმება, როგორც იძულებითი შრომა, ხოლო ზოგიერთის მიერ, როგორც „მონობა“. წყაროს თანახმად სამხედრო სამსახურში მყოფი წვევამდელების პირობები იყო საშინელი და მიუთითებდა დაუსჯელად ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა არასრულწლოვან წვევამდელთა რიცხვი.

კიდევ ერთი წყარო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული კონტექსტის გათვალისწინება, როდესაც ხდება სამხედრო სამსახურის დროს ცხოვრების პირობების გაანალიზება. წყაროს თანახმად, სამხედრო სამსახურის წვევამდელები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ასახავს ერიტრეაში მცხოვრები მოსახლეობის ნორმალურ პირობებს.[4]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[2] Amnesty International – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[3] Human Rights Watch – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი – ერიტრეა – „სამხედრო სამსახური და ქვეყნის უკანონოდ დატოვება“; გამოქვეყნებულია 2021 წლის სექტემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

ერიტრეა. რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ერითრეაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მთავრობა მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა რელიგიის თავისუფლების კუთხით. ერიტრეაში მხოლოდ 4 რელიგია არის ოფიციალურად აღიარებული: სუნიტური ისლამი; ქრისტიანობის მართლმადიდებლური მიდმინარეობა; რომაულ-კათოლიკური ქრისტიანობა და ევანგელისტური ლუთერანიზმი. ანგარიშის მიხედვით, სხვა დენომიმაციების წარმომადგენლები დაპატიმრებას ექვემდებარებიან. 2019 წლის მაისში, უსაფრთხოების ძალებმა 140-ზე მეტი ქრისტიანი მომლოცველი დააკავეს. მართალია, მათგან 50 მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა,  დანარჩენი იმ წლის ივნისისთვის კვლავაც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობა ასევე უხეშად ერევა იმ რელიგიების შიდა საქმეებში, რომელთაც აღიარებს. მაგალითად, ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი – აბუნე ანტონიოსი, 2006 წელს თანამდებობიდან გადააყენეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის ივნისში, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 5 მართლმადიდებელი მღვდელი მას შემდეგ, რაც მათ მთავრობა ეკლესიის საქმეებში ჩარევისთვის გააკრიტიკეს.

ამას გარდა, 2019 წლის ივნისში მთავროვმა ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაში მყოფი ყველა ჯანდაცვითი დაწესებულება დააყადაღა, რადგან კათოლიკე ეპისკოპოსებმა საჯაროდ მოითხოვეს „სიმართლისა და შერიგების კომისიის“ ჩამოყალიბება. ანგარიშში ასევე საუბარია სერიოზულ პრობლემებზე იეჰოვას მოწმეების მიმართ, მათ შორის, მათთვის მოქალაქეობასა და სამოგზაურო დოკუმენტებზე უარის თქმაზე.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერიტრეაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 6 მილიონს შეადგენს (2019 წლის მონაცემი). არ არსებობს სანდო და ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყანაში რელიგიური დემოგრაფიის შესახებ. ზოგიერთი სამთავრობო, რელიგიური და საერთაშორისო წყაროს გათვლებით,  ქვეყნის დაახლოებით 49 % არის ქრისტიანი, ხოლო კიდევ 49 % კი – მუსლიმი. ორგანიზაცაია The Pew Foundation 2016 წელს ვარაუდობდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 63 % ქრისტიანი, ხოლო 37 – მუსლიმი იყო. ქრისტიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერიტრეის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება. კათოლიკეები, პროსტესტანტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები (ბერძენი მართლმადიდებლები, იეჰოვას მოწმეები და პანტეკოსტალები) შეადგენენ ქრისტიანი მოსახლეობის დაახლოებით 5 %-ს. ქვეყანაში ბაჰაის მოძღვრების დაახლოებით 200 მიმდევარია, ხოლო ებრაელთაგან ერიტრეაში მხოლოდ 1 პირი ბინდარობს.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდელობა და არა-იმპლემენტირებული კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური საფუძვლით და უზრუნველყოფს გამოხატვის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, ასევე – რელიგიის პრაქტიკაში აღსრულების თავისუფლებას. პროკლამაცია N73/1995-ით რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაყოფილია სეკულარიზმის პრინციპის საფუძველზე. ქვეყანაში მოქმედებს რელიგიურ საკითხთა ოფისი, სადაც მხოლოდ 4 ჯგუფი დარეგისტრირებული: მართლმადიდებლური ტევაჰედოს ეკლესია; სუნიტური ისლამი; რომანულ-კათოლიკური ეკლესია და ერიტრეის ევანგილისტურ-ლუთერანული ეკლესია. 2002 წელს მიღებული დეკრეტით, ყველა სხვა რელიგიურმა ჯგუფმა რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა შეიტანოს და ნებართვის მიღებამდე, ნებისმიერი რელიგიური აქტივობა უნდა შეწყვიტოს. ამას გარდა, რელიგიურმა ჯგუფებმა უნდა მიიღონ სამთავრობო ნებართვა, რათა შეძლონ სალოცავი ადგილების აშენება. კანონით, ასევე, აკრძალულია პოლიტიკაში რელიგიური ჯგუფების ნებისმიერი სახით ჩართულობა.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ქრისტიანთა მიმართ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ერიტრეის მთავრობამ შემოიღო მკაცრი უსაფრთხოებითი ზომები მაისში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელთა ფაგრლებში, პოლიციამ რეიდებს დაუქვემდებარა რამდენიმე პროსტესტანტული ჯგუფი. გავრცელებული ცნობებით, 10 მაისს ასმარაში დააკავეს 141 ქრისტიანი, მათ შორის – 14 არასრულწლოვანი, რომელთაგან მხოლოდ 50 გაათავისუფლეს მოგვიანებით. საერთაშორისო მედია წყაროების ინფორმაციით, კიდევ 30 ქრისტიანი დააკავეს ივნისის დასაწყისში. 23 ივნისს 70 ქრისტიანი, მათ შორის – 10 ბავშვი დააკავეს კერენში, ხოლო 18 აგვისტოს – კიდევ 80, ამჯერად გოდაიფში. დაკავებულთა ადგილმდებარეობის, მათი განთავსების პირობების ან მათ მიმართ არსებული ბრალდებებების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ იყო ცნობილი.

ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი – აბუნე ანტონიოსი, რომელიც ბოლოს საჯარო სივრცეში 2017 წელს გამოჩდა, კვლავ რჩებოდა შინაპატიმრობაში, სადაც 2006 წელს მას შემდეგ გაამწესეს, რაც ეკლესიის საქმეებში მთავრობის ჩარევა გააპროტესტა. ივნისში, უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 5 მართლმადიდებელი მღვდელი დებრე-ბიზენის მონასტრიდან, რომელთაგან სამი 70 წელზე მეტი ასაკის იყო. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის ჩარევას რელიგიურ საკითხებში და გამოხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას აბუნე ანტონიოსის, როგორ ნამდვილი და ლეგიტიმური პატრიარქის მიმართ.

ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაცია CSW მიხედვით, ხელისუფლება აგრძელებდა ყოველგვარი ბრალდებისა თუ პროცესის გარეშე ეკლესიის ლიდერთა დაპატიმრებას, რომელთაგან ზოგი, უკვე 23 წელია, რაც პატიმრობაში იმყოფებოდა. სხვადასხვა სავარაუდო გათვლებით, აღნიშნულ პირთა რიცხვი 800-დან 1000-მდე მერყეობს.

იმ დაპატიმრებულ პირთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო დააკავეს, განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნული განპირობებული იყო მთავრობის მხრიდან გამჭირვალობის არაარსებობით და სავარაუდოდ პირთა დაშინებით, იმ შემთვევაში, თუ ისინი საჯაროდ გაამხელდნენ დევნის შესახებ. არარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფები აწყდებოდნენ ისეთი ტიპის შეზღუდვებს და დარკოლებებს, როგორიცაა: პრობლემები სალოცავად შეკრების, სალოცავი ადგილების აშენების კუთხით, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების სხვებისთვის სწავლების აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქრისტიანი ლიდერების ინფორმაციით, მუსლიმი რელგიური ლიდერები აგრძელებდნენ მათთან დიალოგს და კოლაბორაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მართალია, არ არსებობდა ინტერრელიგიური კომიტეტები, თუმცა, ადგილობრივი რელიგიური ლიდერები არაფორმალურად მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და თითქმის ყველა რელიგიურ დღესასწაულზე, ღიად და საჯაროდ ფიქსირდებოდა ინტერ-რელიგიური კოოპერაცია.[2]

[1] Freedom House – Freedom in the World 2020 – Eritrea; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Eritrea; published in June 2020; available at

[accessed 17 December 2020]

ერიტრეა. ადამიანის უფლებების დაცვა; სავალდებულო სამხედრო სამსახური. ივლისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ერითრეა არის მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმს დაქვემდებარებული სახელწმიფო, რომელსაც პრეზიდენტი ასაიას აფვერკი აკონტროლებს. ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა „დემოკრატიისა და სამართლიანობის ხალხთა ფრონტი“, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში, 1993 წლის დამოუკიდებლობების რეფერენდუმის შემდგომ, არ ჩატარებულა არანაირი ტიპის არჩევნები.

ერიტრეაში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პოლიცია, ხოლო შეიარაღებული ძალები საგარეო უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. მთავრობა ზოგჯერ იყენებს რეზერვში არსებულ ძალებს, ასევე – დემობილიზებულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა უზრუნველყოს სათანადო პასუხი ზოგიერთი შიდა თუ საგარეო გამოწვევის მიმართ. შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ სამოქალაქო პირთა დაპატიმრება. სამოქალაქო ინსტიტუციები და საჯარო ორგანოები, უსაფრთხოების ძალების უდიდეს ნაწილზე ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა კუთხით, ერიტრეაში აქტუალური საკითხები იყო:  სამთავრობო ძალების მიერ პირთა იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები, წამება და თვითნებური დაკავება; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა; ცენზურა და პრესისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დაწესებული უსაშინლესი შეზღუდვები; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; შეზღუდვები რელიგიის და გადაადგილების თავისუფლებების კუთხით;  პირთა ტრეფიკინგი; იმავე სქესის პირთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზება და იძულებით შრომა, მათ შორის – პირთა იძულებითი მონაწილეობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელიც რუტინულად მოიცავს კანონით დაწესებულ 18 თვეზე გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს.

მთავრობა, როგორც წესი, არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა სათანადოდ გამოეძიებინა ზემოხსენებული სამართალდარღვევები და დაესაჯა დამნაშავეები. შესაბამისად, დაუსჯელობა აღნიშნული ქმედებებისთვის ნორმად მიიჩნეოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში მოქმედ სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც. კერძოდ, კანონის მიხედვით, 18-დან 50 წლამდე ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომლის მოცულობაც არის 18 თვე – 6 თვე სამხედრო წვრთნები, ხოლო შემდგომი 12 – უშუალო მსახურება კონკრეტული სახელმწიფო ორგანოსთვის. ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული სამსახური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად 18 თვიანი კანონისმიერი ლიმიტისა, მთავრობა არ ათავისუფლებდა ახალწვეულებს მათი ვადის მოხდის შემდგომ და მათ აიძულებდა განუსაზღვრელი ვადით მსახურებას, რისთვისაც იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – დაკავების მუქარა; ასევე – მუქარები წამების ან ოჯახის მიმართ სხვადასხვა სასჯელების შესახებ. ახალწვეულებს არ აქვთ სამსახურიდან წამოსვლის უფლება და მათ, ასევე, არ შეუძლიათ სხვა დამატებით სამსახურში იმუშავონ. როგორც წესი, მათ ასევე არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, რადგან მთავრობა მათ ვიზას ან ქვეყნიდან გამსვლელ ნებართვას არ აძლევს. გარდა სტანდარტული მოვალეობებისა, როგორიცაა – პატრული და საზღვრის მონიტორინგი, ახალწვეულებს უწევდათ ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: გზების შეკეთება; მცენარეების დათესვა; სწავლება; მშენებლობებში მონაწილება; სამთავრობო სტრუქტურების ოფისებში კლერკული სამუშაოს შესრულება და ა.შ. ასევე, გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოგიერთი ახალწვეული ასევე ექვემდებარებოდა ფიზიკურ შრომას, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან.[1]

Human Rights Watch ერიტრეის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტი ისაიას აფევერკი იყენებდა ეთიოპიასთან არსებულ კონფლიქტს, რათა გაემართლებინა მოქმედი ავტორიტარული რეჟიმი. მართალია,  2018 წლის ივლისში, ორ ქვეყანას შორის ზავი დაიდო, რის შედეგადაც დასრულდა ერითრეის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა, სიტუაცია იგივე დარჩა. მთავრობა კვლავ აგრძელებდა განუსაზღვრელი ვადით ერითრეელი მოქალაქეების სამხედრო გაწვევას, რის შედეგადაც აიძულებდა მათ ემუშავათ დაბალ ხელფასზე, არ ჰქონოდათ არანაირი არჩევანი სამუშაო ადგილი არჩევის კუთხით და, ხშირად, ემუშავათ და ეცხოვრათ უმძიმეს პირობებში.

მთავრობის მიერ სავალდებულო სამსახურის წესების დარღვევის გამო, ათასობით ერიტრიელი (მათ შორის, ბავშვები) იძულებული იყო, ქვეყნის გარეთ გაქცეულიყო. UNHCR-ის 2018 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 507. 300-მა პირმა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ია.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ერითრეაში სამხედრო სამსახურის შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში დე ფაქტო „საგანგებო მდგომარეობა“ 1998 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ ძალაშია, შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახური განუსაზღვრელი ვადით გრძელდება. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შედგა სამშვიდობო შეთანხმება ეთიოპიასთან, იყო მოლოდინი, რომ აღნიშნული სამსახურის მაქსიმალური ვადა კანონისმიერ ჩარჩოს – კერძოდ, 18 თვეს დაუბრუნდებოდა. თუმცა, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა და ამ კუთხით, ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან თუ ასობით ათას მოქმედ ახალწვეულს გაათავისუფლებს, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს უმუშევრობას, რადგან მათი უმრავლესობისთვის საკმარისი სამუშაო ადგილები არ იქნება. შესაბამისად, მთავრობას, იმისთვის, რომ შექმნას აღნიშნული ადგილები, გარკვეული დრო ჭირდება.

1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 8 მუხლის მიხედვით, სავალდებულო სამსახური გრძელდება 18 თვეს, რომელთაგან 6 თვე ეთმობა სამხედრო წვრთნებს, ხოლო დანარჩენი 12 – უშუალოდ მსახურებას. თუმცა, კანონის 21 (1) მუხლი ამბობს, რომ ომიანობის დროს, აღნიშნული სამსახურის პერიოდი განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს. ეს  მუხლი გამოყენებულ იქნა ეთიოპიასთან ომის დაწყების დროს 1998 წელს და დღემდე მოქმედებს. გამოკითხულ წყაროთა მიხედვით, ზოგჯერ, ახალწვეულებს 18 თვით მსახურების შემდგომ ათავისუფლებენ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც პირები 10 ან 20 წლის განმავლობაშიც არიან სამხედრო სამსახურში გაწვეულნი. როგორც წესი, ქალებს გაცილებით ადრე ათავისუფლებენ, ვიდრე მამაკაცებს და ეს ხშირად მათი ქორწინებისას ან პირველი შვილის დაბადებისას ხდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ზემოაღნიშნულ 12 თვეს ახალწვეულები სამოქალაქო ან სამხედრო მსახურებაში ატარებენ. გავრცელებული ცნობებით, სამოქალაქო ნაწილში არსებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე სამხედრო ნაწილში. თუმცა, მიუხედავად ამისა,  არის კონკრეტული სერიოზული პრობლემები. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ:

  • მსახურების ადგილის არჩევა, რაც ხელს უშლის მათ განათლებას, უნარებსა და პირად მისწრაფებებს;
  • მსახურებისთვის დაწესებული სარგო ძალიან დაბალი და არასაკმარისია;
  • მათ ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება.

სამოქალაქო სამსახურში, გადაცდომისთვის დაწესებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები არ არის ისეთი მკაცრი, როგორც სამხედრო სამსახურში. წყაროები ამ კუთხით არაფერს წერდნენ წამების შემთხვევების შესახებ. სასჯელად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამხედრო ნაწილში გადაყვანა ან/და დაპატიმრება.

სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია სამხედრო ნაწილში სამსახურის მოხდისას. ეს, გარკვეულწილად, იმით არის განპირობებული, რომ მეთაურებს შეუზღუდავი უფლებამოსილებები გააჩნიათ მათ დაქვემდებარებულ ახალწვეულებთან მიმართებით. პრობლემატური საკითხებია:

  • ცუდი დისციპლინის ან რეკრუტის მიერ შესაბამისი უნარის ვერ გამომუშავების გამო სასჯელი ზედმეტად მკაცრია – გავრცელებული ცნობებით, მათ სცემენ და საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი ჰყავთ გაკოჭილი;
  • სამხედრო ნაწილების უმრავლესობას აქვს საკუთარი საპატიმრო, სადაც პირობები საშინელია. ზოგიერთი მათგანი მიწისქვეშაა ან სულაც სატვირთო კონტეინერებში მდებარეობს. არის გადატვირთულობის, ჰიგიენის, მედიკამენტებისა და კვების კუთხით არსებული სერიოზული პრობლემები;
  • მძიმეა სამუშაო პირობებიც და პერიოდიც, გავრცელებული ცნობებით, 72 საათიანი სამუშაო კვირებიც ფიქსირდება;
  • ბევრი ქალი ახალწვეული ექვემდებარება სექსუალურ ძალადობას;
  • სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია და ახალწვეულებმა არ იციან, როდის დასრულდება იგი. ხშირია 10 ან 20 წლით მსახურების შემთხვევებიც.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის არსებულ სანქციას, 1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 37 (1) მუხლის მიხედვით, ამ კანონიდან ნებისმიერი ტიპის გადახვევა  (მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება და დეზერტირობა) ისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ან/და 3 000 ნაკფას მოცულობით (180 ევრო) ჯარიმით. ამას გარდა, ასევე მოქმედებს ერითრეის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებიც. მაგალითად, 297 მუხლის თანახმად, ომიანობის პერიოდში, გაწვევისგან თავის არიდება დასჯადია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმავე დროს დეზერტირობა ისჯება 5 წლით ან უვადო პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევები კი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სიკვდილით დასჯა. ანგარიშის მიხედვით, დე-ფაქტო სასჯელები გაწვევისგან თავის არიდებისთვის თვითნებური ხასიათისაა და დამოკიდებულია კონკრეტულ სამხედრო მეთაურზე. ვერ მოიძებნა კონკრეტული და სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიცვალა სიტუაცია ამ კუთხით სამშვიდობო შეთანხმების შემდგომ. ერითრეის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დეზერტირებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ძებნას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის:

  • სამხედრო მეთაურები აგზავნიან ჯარისკაცებს წვევამდელის ან დეზერტირის მოსაძებნად უშუალოდ მათ სახლში ან სოფელში;
  • ტარდება შემოვლები სახლიდან სახლამდე, რომლის დროსაც ყველა ოჯახს უჩვენებენ წვევამდელის ან დეზერტირის ფოტოებს და ეკითხებიან, ფლობენ თუ არა მათზე რაიმე ინფორმაციას;
  • სპეც-ოპერაციების (Giffa) მეშვეობით, აპატიმრებენ დეზერტირს ან თავის ამრიდებელს;
  • მათ ასევე აპატიმრებენ უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისას;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე აპატიმრებენ დეზერტირის ოჯახის წევრებს, რათა აიძულონ მათ საკუთარ დანაყოფს დაუბრუნდეს.

ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის სამხედრო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, იმ შემთხვევაში, თუ კოლეგა ჯარისკაცები დაიჭერენ, აბრუნებენ საკუთარ დანაყოფში, რის შემდეგაც მისი უშუალო მეთაური განსაზღვრავს, თუ რა სასჯელს დაექვემდებარება იგი. როგორც სამხედრო, ასევე – სამოქალაქო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, ასევე – სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, რომლებსაც ზემოჩამოთვლილი მეთოდებით დაიჭერენ, პირდაპირ საპატიმროში უშვებენ. ციხეებში ისინი ექვემდებარებიან დაკითხვას და, ზოგჯერ, წამებასაც. წყაროთა მიხედვით, საპატიმროში ისინი ერთიდან 12 თვემდე ვადით არიან, თუმცა, დანაშაულის რეციდივის ან საბუთების გაყალბების დროს, დამნაშავეებს 3 წლითაც სჯიან. ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, დეზერტირები უბრუნდებიან საკუთარ დანაყოფებს; ხოლო სამსახურისგან თავის ამრიდებლები გადიან სამხედრო წვრთნებს. მას შემდეგ, რაც დეზერტირები დაბრუნდებიან საკუთარ დანაყოფში, მათ მეთაური თვითნებურად განსაზღვრავს დამატებით სასჯელს, რომელიც შესაძლებელია იყოს დამატებითი ვადით პატიმრობა უშუალოდ დანაყოფის ციხეში, სადაც ისინი პოტენციურად დაექვემდებარებიან წამებას. მეთაურმა შესაძლოა არ დააწესოს სასჯელი და ამ დროს, პირი უბრალოდ დანაყოფში რეინტეგრაციას დაქვემდებარება.

სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ან დეზერტირების ოჯახის წევრებს ზოგჯერ აპატიმრებენ რამდენიმე კვირით ან თვით, რათა აიძულონ პირი, გამოჩნდეს. აღნიშნული მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება მაშინ, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი ჯერ კიდევ ერითრეაშია. თუ ის ქვეყანას დატოვებს, ნათესავებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ. 2005 წლიდან 2010 წლამდე ადგილი ჰქონდა პრაქტიკას, როდესაც იმ დეზერტირების ან თავის ამრიდებლების, რომლებმაც ერითრეა დატოვეს, ოჯახებს, უნდა გადაეხადათ ჯარიმა 50 000 ნაფკას მოცულობით. თუ ისინი ვერ გადაიხდიდნენ აღნიშნულ თანხას, მათ დააპატიმრებდნენ 1 წლამდე ვადით, ან წაართმევდნენ ქონებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აღნიშნული პრაქტიკა თანდათან გაქრა, თუმცა, 2019 წლის მდგომარეობით, იშვიათად, თუმცა მაინც ხდება.

რაც შეეხება ერიტრეაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, ანგარიშის მიხედვით, უცხოეთიდან დაბრუნებისას (მიუხედავად იმისა, ქვეყანა ლეგალურად დატოვეს თუ არა) მათ უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული პირობები: კერძოდ, ისინი, საზღვარგარეთ ბინადრობისას, ერითრეის შესაბამის საელჩოში უნდა იხდიდნენ „რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის გადასახადს“ – მათი შემოსავლის 2 პროცენტს, რომელსაც სხვაგვარად „დიასპორის გადასახადი“ ეწოდება. ამას გარდა, იმ პირებს, რომელთაც გავლილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, უწევთ სპეციალური 4/4.2 ფორმის შევსება. აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ „სინანულის ფურცელს“, რომლის ფარგლებშიც ისინი აღიარებენ, რომ სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებით, ჩაიდინეს დანაშაული და, რომ მზად არიან, პასუხი აგონ ამისთვის. ასევე, მართალია, კანონისმიერ დანაწესს არ  წარმოადგენს, თუმცა დე-ფაქტო მოთხოვნაა ისიც, რომ ისინი არ უნდა ეწეოდნენ არანაირ ანტი-სამთავრობო, პოლიტიკური ხასიათის საქმიანობას უცხოეთში.

იმ პირებს რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს, მიეცემათ ე.წ. „პრივილეგირებული სტატუსი“, რომელის ფარგლებშიც შეუძლიათ ჩავიდნენ ერითრეაში და შემდგომ დატოვონ ქვეყანა სპეციალური, „ქვეყნიდან გასვლის ვიზის“ გარეშე. ამას გარდა, ისინი დროებით არ დაექვემდებარებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა, აღნიშნული სტატუსი დროებითია და განკუთვნილია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით (6-დან 12 თვემდე ვადით) ბრუნდებიან. წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც აღნიშნულ ვადას გადააცილებენ, კვლავ ერითრეის რეზიდენტებად მიიჩნევიან და, შესაბამისად, ექვემდებარებიან გაწვევას.

ქვეყანაში დაბრუნებისას, თუ რა ტიპის მოპყრობას (მათ შორის, პატიმრობას ან სავალდებულო სამსახურში გაწვევას) დაექვემდებარება პირი, დამოკიდებულია შემდგომ ფაქტორებზე:

  • როგორ დაბრუნდა პირი ერითრეაში, საკუთარი ნებით თუ იძულებით;
  • როგორ წავიდა საზღვარგარეთ, ლეგალურად თუ არალეგალურად;
  • გადაიხადა თუ რა 2 %-იანი დიასპორის გადასახადი და შევსებული აქვს თუ არა ფორმა 4/4.2
  • მისი პოლიტიკური აქტივობები საზღვარგარეთ;
  • მოხდილი ჰქონდა თუ არა სავალდებულო სამსახური ქვეყნიდან გასვლისას;
  • რა დროით რჩება ერითრეაში, დროებით თუ პერმანენტულად:
  • კონტაქტები მთავრობაში და საჯარო სექტორში
  • გადაწყვეტილების მიმღების თვითნებობა

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პირი, რომელსაც არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი და პერმანენტულად ბრუნდება ერითრეაში, შესაძლებელია დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას. წყაროთა უმრავლესობა კონკრეტულად ვერ ასახელებს ზუსტად რა შედეგი მოჰყვება აღნიშნულ ქმედებას. მათ თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პირები წარმატებით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაბრუნდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი დააკავეს, პატიმრობაში დაუქვემდებარეს წამებას და შემდგომ გაგზავნეს სამხედრო დანაყოფებში. თუმცა, იმ პირებს, რომელთაც გადახდილი ჰქონდათ დიასპორის გადასახადი და, ასევე, წარადგინეს ზემოხსენებული სპეციალური ფორმა, შედარებით უკეთესად მოექცნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც დააკავეს.

წყაროთა ინფორმაცია ამ საკითხზე განსხვავებულია, მათი ნაწილი იზიარებს იმ აზრს, რომ ერითრეაში დაბრუნებულ სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს დააკავებენ და გაწვევას დაუქვემდებარებენ,  თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, წყაროები უბრალოდ არ ფლობენ ამაზე ინფორმაციას.[3]

[1] United States Department of State –  Country Report on Human Rights Practices 2019 – Eritrea; published in March 2020; available at

[accessed 22 July 2020]

[2] Human Rights Watch – World Report 2020 – Eritrea; published in January 2020; available at

[accessed 23 July 2020]

[3] EASO – “Eritrea National service, exit, and return Country of Origin Information Report”; published in September 2019; available at

[accessed 23 July 2020]

ერიტრია. ადამიანის უფლებები; გადაადგილება; სამხედრო სამსახური; იძულებითი შრომა; მარტი, 2019

ერიტრეა მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი აკონტროლებს. სამართლიანობის და დემოკრატიის სახალხო ფრონტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა და მას შემდეგ არცერთი ეროვნული დონის არჩევნები არ ჩატარებულა. რეჟიმის სამოქალაქო ხელისუფლება, როგორც წესი, ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები; გაუჩინარებები; წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მათ შორის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო; მძიმე საპატიმრო პირობები; თვითნებური დაპატიმრებები; სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა; ინტერნეტის, აკადემიური და კულტურული ღონისძიებების თავისუფლების შეზღუდვა; რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვა; შიგა და გარე გადაადგილების უფლების შეზღუდვა; მთავრობის არჩევის უფლების არ არსებობა; კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; ადამიანებით ვაჭრობა; ერთსქესიანთა კავშირის სისხლის სამართლებრივი დევნა; იძულებითი შრომა, მათ შორის იძულებითი მონაწილეობა ქვეყნის სამხედრო სამსახურში 18-თვიანი ვადის მიღმა. მთავრობა, როგორც წესი, არაფერს აკეთებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად. დაუსჯელობა ასეთი ქმედებებისთვის ნორმადაა ქცეული.

გადაადგილების თავისუფლება – კანონი და კონსტიტუცია აწესებს შიგა და გარე გადაადგილების, ემიგრაციისა და რეპატრიაციის თავისუფლებას, თუმცა მთავრობა კრძალავს ყველა ამ უფლების განხორციელებას.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება – მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, რომ მათ ბინადრობის ადგილის ცვლილების შესახებ აცნობონ ადგილობრივი ხელისუფლებას, თუმცა ბევრი ამას არ აკეთებს. ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხელისუფლება მოქალაქეებისგან მოითხოვს მოგზაურობის დასაბუთების წარდგენას. არა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კანონიერია. მთავრობა ითხოვს ყველა დიპლომატისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით მომუშავეებისგან, გაეროს თანამშრომლებისგან და უცხოელებისგან, რომ მათ ითხოვონ მთავრობისგან ნებართვა 10 დღით ადრე, ვიდრე ისინი ასმარადან 15.5 მილის დაშორებით გამგზავრებას გადაწყვეტენ. ხელისუფლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებისთვის გასცემს ერთთვიან ნებართვას, რათა მათ შეძლონ გადაადგილება უმკულუს ლტოლვილთა ბანაკის მიმართულებით. აღნიშნული ტერიტორიის მონახულების უფლებას დიპლომატებს აძლევენ მაისში.

საზღვარგარეთ მოგზაურობა – მთავრობას ზღუდავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, ხანდახან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგანაც, რომ მათ აიღონ ქვეყნის დატოვების ნებართვა. მთავრობა ზღუდავს ერიტრიელებად მიჩნეული ბავშვების მოგზაურობას, მაშინაც როცა მათ უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ. პასპორტისა და ქვეყნიდან გასასვლელი ვიზის მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები არა თანმიმდევრული და გაუმჭვირვალეა. მთავრობა ხშირად არ გასცემს მოქალაქეებზე პასპორტებს და გასვლის ნებართვის ვიზებს იმ მიზეზით, რომ მოქალაქეებს არ აქვთ დასრულებული სამხედრო სამსახური; ან უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ხელისუფლება, როგორც წესი, არ გასცემს ქვეყნის დატოვების ნებართვას 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებზე. ქვეყნიდან გასვლის ნებართვას ძალიან ცოტა მოზარდი იღებს. მშობლები ერიდებიან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა ითხოვონ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკთან ახლოს მყოფი შვილებისთვის, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლება მშობლებსაც აუკრძალავს ქვეყნიდან გასვლას. ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, ძირითადად, მამაკაცებს 54 წლამდე, იმის მიუხედავად, მოიხადეს თუ არა მათ თავიანთი წილი სამხედრო სამსახური და ქალებს 30 წლამდე, თუ მათ შვილები არ ჰყავთ. მთავრობა, როგორც წესი, ქვეყნის დატოვების ნებართვას არ გასცემს სამოქალაქო მილიციის წევრებზე, თუმცა ზოგი, ვინც ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულია ეროვნული სამსახურიდან და აქვს თავისი ზონის მეთაურის თანხმობა, ქვეყნიდან გასვლის ნებართვას იღებს.

2015 წელს წყაროები წერდნენ, რომ მთავრობამ, დიდწილად სამხედრო ძალებმა და განსაკუთრებით სასაზღვრო მეთვალყურეობის დანაყოფმა „მიზანშეწონილი პერიოდისთვის“ დანერგა სასიკვდილო გასროლის პოლიტიკა. 2016 წელს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა საიმედო მტკიცებულებები აღნიშნული პოლიტიკის კვლავ არსებობისა, თუმცა მისი აღსრულება აღარ ხდებოდა ისე მკაცრად, როგორც წარსულში. ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ ერიტრიელებს, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას და ეთიოპიაში გადასვლას, ესროდნენ; ბევრი ერიტრიელი გახდა იმის მოწმე, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი სხვა ერიტრიელებს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს.

ქვეყნის დატოვება – გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნის დატოვების ნებართვის გარეშე ერიტრიიდან გასულ მოქალაქეებს აღარ აძლევდნენ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას. ბევრი მოქალაქე, ვინც ერიტრეა დატოვა, თავად რჩებოდა დევნილობაში, რადგან ეშინოდა თავისი რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო ან გაურბოდა სამხედრო სამსახურში გამოძახებას. სხვა წყაროების ინფორმაციით, არაფერი ემუქრებოდათ მათ, ვინც სხვა ქვეყნის ბინადრობას ან მოქალაქეობას ფლობდა. ზოგადად, მოქალაქეებს აქვთ დაბრუნების უფლება, მაგრამ მათ, ვინც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, უნდა დაადასტუროს, რომ გადაიხადეს საზღვარგარეთ გამომუშავებული შემოსავლის გადასახადი (2%-ის ოდენობით), რომ მიიღონ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ქვეყნიდან გასვლის ნებართვის აღება, დაბადების ან ქორწინების მოწმობის აღება, პასპორტის განახლება და უძრავი ქონების ტრანზაქცია. მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას აღასრულებდა არა თანმიმდევრულად. მთავრობა დიდი დაკვირვებით განიხილავს იმ მოქალაქეთა საქმეებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ დაარღვიეს კანონი უცხო ქვეყანაში ან არიან რაიმე დაავადების მატარებელნი ან უცხო ქვეყნის მთავრობამ მათ უარი უთხრათ პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარზე.

მოქალაქეობა – იეჰოვას მოწმეები, რომლებიც არ ასრულებენ სამხედრო სამსახურს, კვლავ რჩებიან საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე. მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ფორმალურ ეკონომიკაში ან მიიღონ კვების კუპონები მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფასებით პროდუქტების შესაძენად.[1]

უსასრულო სამხედრო სამსახური და იძულებითი შრომა – ერიტრიის ყველა მოქალაქის უფლებები მკაცრად იზღუდება, თუმცა ყველაზე უარეს დღეში არიან ახალგაზრდები, რომელთაც სამხედრო სამსახურში იწვევენ. გაეროს სამსახურების მიერ ერიტრიის სამხედრო სამსახური დახასიათებულია, როგორც „მონობა“. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას ეთიოპიასთან, მთავრობამ მაინც არ გაათავისუფლა ეროვნულ სამსახურში დიდი ვადით გაწვეული არცერთი პირი.

18 წლის ყველა პირი გაწვეულია ეროვნულ (სამხედრო) სამსახურში. ისინი მსახურობენ უსასრულოდ, ზოგიერთი 18 წლის განმავლობაშიც კი. უსასრულო სამხედრო სამსახური არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ათასობით ერიტრიელი, მათ შორის ბავშვები თანმხლები პირების გარეშე, ტოვებენ ერიტრიას ყოველთვე, მაგრამ სამხედრო სამსახური უმთავრესი მიზეზია. 1998 წლის ომის შემდეგ, ქვეყანა მოსახლეობის თითქმის 15%-მა დატოვა. მას შემდეგ, რაც ეთიოპიასთან საზღვარი გაიხსნა, ქვეყნიდან წასული ერიტრიელების, განსაკუთრებით თანმხლების პირის გარეშე ბავშვების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამხედრო სამსახურში გაწვეულები დიდი ხანია არა ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მათ შორის წამების ობიექტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაიზარდა, ის მაინც არაა საკმარისი ოჯახების შესანახად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მატებასთან ერთად გაიზარდა საკვებისთვის განკუთვნილი დაქვითვები.

ერიტრიის ინფორმაციის მინისტრმა 2018 წელს გაცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ გაწვეულთა ერთ მეხუთედზე ნაკლებს აქვს სამხედრო როლი. დანარჩენები არიან ფერმის მუშახელი, მასწავლებლები, მშენებლობის მუშები, საჯარო მოსამსახურეები, დაბალი ინსტანციის მოსამართლეები და სხვა საჯარო მოხელეები. სამხედრო სამსახურში გაწვეულებს აფორმებენ მთავრობის საკუთრებაში მყოფ სამშენებლო ფირმებში და ამუშავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უცხოელების საკუთრებაში არსებულ საბადოებზე.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Eritrea, 20 April 2018

 (accessed on 6 March 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Eritrea, 17 January 2019

 (accessed on 6 March 2019)

ერითრეა. ინფორმაცია ქვეყნის შესახებ; ადამიანის უფლებების დაცვა; უსაფრთხოება. იანვარი, 2018

ერითრეა აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს. მას სახმელეთო საზღვარი აქვს ჯიბუტთან, ეთიოპიასა და სუდანთან. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება წითელი ზღვა. ქვეყნის მოსახლეობა 2017 წლის ივლისის მონაცემებით დაახლოებით შეადგენს 5,918,919 ადამიანს. ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, მოსახლეობა დაახლოებით 3.5 მილიონია. ქვეყნის დედაქალაქია ასმარა. სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – „Erythra Thalassa“, რაც წითელ ზღვას ნიშნავს. ერითრეაში 3 ოფიციალური ენაა – ტიგრინიული, არაბული და ინგლისური; მოსახლეობის ნაწილი ასევე საუბრობს ტიგრე, კუნამა, აფარ და სხვა კუშიტურ ენებზე.

ქვეყანაში 9 აღიარებული ეთნიკური ჯგუფია – ტიგრინია (Tigrinya) 55%, ტიგრე (Tigre) 30%, საჰო (Saho) 4%, კუნამა (Kunama) 2%, რაშაიდა (Rashaida) 2%, ბილენი (Bilen) 2%, აფარი (Afar), ბენი (Beni), ამირ (Amir) და ნერა (Nera) 5%.

ერითრეის დროშაზე გამოსახულია სამი სამკუთხედი – წითელი, მწვანე და ლურჯი. წითელ სამკუთხედში მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, რომლის შუაშიც ასევე ოქროსფერი ზეთისხილის ტოტია გამოსახული. აღნიშნული სიმბოლო გამოსახული იყო ერითრეის პირველ დროშაზე 1952 წელს. წითელი სამკუთხედი გამოხატავს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღვრილ სისხლს. მწვანე სამკუთხედი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სიმბოლოა და ლურჯი სამკუთხედი ქვეყნის გამოხატავს ზღვას, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს ესაზღვრება. ქვეყნის ჰიმნი „Ertra, Ertra, Ertra“ დამტკიცდა 1993 წელს. ტექსტის ავტორია Solomon Tsehaye Beraki, მუსიკის ავტორები კი არიან Isaac Abram Meharezgi და Aron Tekle Tesfatsion. ქვეყნის ვალუტაა ერითრეული ნაკფა (Nakfa (ERN).

1952 წელს ერითრეა, მას შემდეგ, რაც იტალიის კოლონიური კონტროლისა და შემდგომ ბრიტანეთის ათწლიანი ადმინისტრაციული კონტროლისგან გათავისუფლდა, გაერომ ავტონომიურ რეგიონად გამოაცხადა ეთიოპიის ფედერაციის შემადგენლობაში. ერითრეა ითხოვდა დამოუკიდებლობას, მაგრამ საბოლოოდ გაფართოებულ ავტონომიას დასჯერდა – რეგიონი უფლებამოსილი იყო ჰქონოდა საკუთარი ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემა; ასევე, საკუთარი დროშა; ერითრეა დამოუკიდებლად ახორციელებდა კონტროლს შიგა საქმეებზე, მათ შორის პოლიციაზე, ადგილობრივ ადმინისტრაციასა და საგადასახადო სისტემაზე. ეთიოპიის ფედერალური მთავრობა აკონტროლებდა საგარეო საკითხებს, მათ შორის ვაჭრობასაც; ასევე, თავდაცვის, საფინანსო და ტრანსპორტის სფეროებს. აღნიშნული შეთანხმება დარეგულირებული იყო გაეროს სპეციალური რეზოლუციით (390A(V)), რომელიც უგულებელყოფდა ერითრეელების სურვილს, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ მოსახლეობას აძლევდა დემოკრატიული უფლებებისა და ღირებული ავტონომიის გარანტიას.

10 წლის შემდეგ ერითრეის რეგიონის სრულმა ანექსიამ ეთიოპიის მიერ გამოიწვია 30-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 1991 წელს ერითრეელი მეამბოხეების მიერ სამთავრობო ძალების დამარცხებით დასრულდა. ერითრეელებმა საყოველთაო რეფერენდუმის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და 1993 წელს საერთაშორისო აღიარებასაც მიაღწიეს. ამის შემდეგ, ერითრეის ხალხის გათავისუფლების ფრონტმა (EPLF) ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ერთპარტიული მმართველობა შექმნა; მას შემდეგ, ერითრეაში არჩევნები არ ჩატარებულა. ისაიას აფვორკი ერითრეის ერთადერთი პრეზიდენტია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ; მისი რეჟიმი, განსაკუთრებით 2001 წლის შემდეგ, ავტოკრატული და რეპრესიულია. მისმა მთავრობამ, სავალდებულო ეროვნული სამხედრო სამსახურის პროგრამის იძულებით გატარებით, რაც გულისხმობს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ხანდახან განუსაზღვრელი ვადითაც კი, ქვეყანაში შექმნა ძალიან გასამხედროებული საზოგადოება.

1998 წელს ერითრეასა და ეთიოპიას შორის საზღვართან დაკავშირებული უთანხმოება 2,5-წლიან ომში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ, 2000 წელს გაეროს ჩარევით დასრულდა. სასაზღვრო ზოლზე კონტროლი გაეროს სამშვიდობო მისიამ დააწესა. ერითრეა-ეთიოპიის საზღვრის კომისიამ, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, 2007 წლის 30 ნოემბერს დისტანციურად მოახდინა საზღვრის დემარკაცია და ქალაქი ბადმე ერითრეას მიაკუთვნა, მიუხედავად იმისა, რომ იქ 1998-2000 წლების ომის დროიდან მოყოლებული ეთიოპიის სამხედრო შენაერთი იყო დისლოცირებული. 2008 წლის 31 ივლისს ერითრეამ გაეროს სამშვიდობო მისიის დასრულება მოითხოვა. ისინი დაეთანხმნენ კომისიის დემარკაციას და გამუდმებით მოითხოვდნენ ეთიოპიისგან ბადმედან ჯარების გაყვანას. ეთიოპია არ დაეთანხმა კომისიის გადაწყვეტილებას საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით და არცერთი მხარე რეალურად არ ჩართულა პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ დიალოგში.

ერითრეა გაეროს რამდენიმე რეზოლუციის სუბიექტია (ინიცირება მოხდა 2009 წელს და მას შემდეგ განახლება ხდება ყოველ წელს). რეზოლუცია აწესებს იარაღის ემბარგოს, სამოგზაურო შეზღუდვას და ახდენს აქტივების გაყინვას კონკრეტული პირებისთვის, რომლებიც შემჩნეულნი არიან რეგიონში შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერაში.

წლების განმავლობაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობისთვის 30-წლიანი ბრძოლის პერიოდში, ერითრეა ლტოლვილთა ნაკადის უდიდეს წარმომშობს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, ერითრეელები განაგრძობენ მიგრაციას სუდანში, ეთიოპიაში, იემენში, ეგვიპტესა თუ ისრაელში, რაც გამოწვეულია ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობით, განათლებისა თუ დასაქმების შესაძლებლობების ძიებით; ასევე, ერითრეელები თავშესაფარს ითხოვენ ქვეყანაში მიმდინარე მილიტარიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ერითრეელების დიდი დიასპორა ფულადი გზავნილების წყაროა; ამ გზავნილებით ფინანსდებოდა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ახლა ეს გზავნილები შეადგენენ ქვეყნის მშპ-ის 30 პროცენტს.

ბოლო წლებში ერითრეელები ხშირად ხდებოდნენ გატაცების მსხვერპლნი და ტყვედ ვარდებოდნენ ბედუინების ხელში სინაის უდაბნოში, სადაც ისინი იყვნენ ორგანოებით ვაჭრობის, გაუპატიურების, გამოძალვისა და წამების ობიექტები. ერითრეელები შეადგენდნენ 2009-2013 წლებში სინაის ტრეფიკინგის დაახლოებით 25-30 ათასი მსხვერპლის 90%-ს.[1]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ათასობით ადამიანი განაგრძობს ქვეყნის დატოვებას; მათი უმრავლესობა გაურბის დაუსრულებელ სამხედრო სამსახურს. ხალხის უფლება, დატოვონ ქვეყანა კვლავ იზღუდება. ასევე, კვლავაც შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება. უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ უკანონო მკვლელობებს. თვითნებური დაკავებები ბრალის წაყენებისა და სასამართლოს გარეშე ათასობით სინდისის პატიმრისთვის ნორმადაა ქცეული.[2]

„Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ერითრეა არის ავტორიტარული და უაღრესად გასამხედროებული ქვეყანა, სადაც ეროვნული არჩევნები არ ჩატარებულა 1993 წლის შემდეგ. მმართველი სახალხო ფრონტი დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის (PFDJ), რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. კანონის უზენაესობა უგულებელყოფილია, თვითნებური დაკავებები ჩვეული მოვლენაა და მოქალაქეებს მოეთხოვებათ სამხედრო სამსახური, რომელიც ხშირად მთელი მათი შრომისუნარიანობის განმავლობაში გრძელდება. მთავრობამ 2001 წელს დახურა ყველა დამოუკიდებელი მედია საშუალება და შეკრებისა და ასოციაციის უფლებები არ არის აღიარებული.[3]

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ არა არჩეული პრეზიდენტის ისაიას აფვერკის 25-წლიანი მმართველობის შემდეგ, მოქალაქეები კვლავ რჩებიან მსოფლიოს ერთერთი ყველაზე რეპრესიული მმართველობის ქვეშ.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უაღრესად ცენტრალიზებულია და პრეზიდენტის ისაიას აფვერკის ავტორიტარული კონტროლის ქვეშ იმყოფება. სახალხო ფრონტი დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის (PFDJ), რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანაში არჩევნები 1993 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ადამიანის უფლებათა სამ უმთავრეს დარღვევას შორისაა ის გარემოება, რომ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება მთავრობა აირჩიონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით; ასევე ის, რომ მოქალაქეები თვითნებური დაკავების მსხვერპლნი არიან და მათი დაკავება ხდება მძიმე პირობებში, რაც ხანდახან სიკვდილიანობასაც იწვევს. ადამიანის უფლებათა ერთერთ უმთავრეს დარღვევას წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ვალდებულება, რომელიც სავალდებულო 18 თვის შემდეგ, როგორც წესი, მთელ შრომისუნარიანობის პერიოდს გრძელდება.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ არ მოიპოვება სანდო ინფორმაცია ერითრეის რელიგიური შემადგენლობის შესახებ. სამთავრობო, რელიგიური და ადგილობრივი გაეროს წყაროები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 48-50% ქრისტიანია და 48-50% სუნიტი მუსლიმი. ქრისტიანების უმრავლესობა მართლმადიდებელია. კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები, მათ შორის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები და პენტეკოსტალები ქრისტიანი მოსახლეობის 5 პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ მოსახლეობის 2% ანიმისტია; გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან პატარა ებრაული თემია და ასევე ბაჰაების ძალიან პატარა ჯგუფი, დაახლოებით 300 ადამიანი.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. მთავრობა აღიარებს 4 ოფიციალურად რეგისტრირებულ რელიგიურ ჯგუფს – ერითრეულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სუნიტურ ისლამს, რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და ერითრეის ევანგელისტურ ლუთერანულ ეკლესიას. მთავრობა ნიშნავს ერითრეული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სუნიტური ისლამური საზოგადოების თავმჯდომარეებს. რეგისტრირებული 4 რელიგიური ჯგუფის გარდა, სალოცავი ადგილები დახურულია, თუმცა არაა დაზიანებული და დაცულია, მათ შორის ბაჰაის მიმდევართა ცენტრი და სინაგოგა. მთავრობა ზღუდავს რელიგიური ჯგუფების დაფინანსებას და ნებას რთავს მხოლოდ ადგილობრივი მიმდევრების ან თავისივე ნებადართული ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულობებს. იეჰოვას მოწმეები, რომელთაც 1994 წელს ხმის მიცემაზე უარის გამო, მოქალაქეობა აქვთ ჩამორთმეული, ვერ იღებენ ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. მთავრობა არ აღიარებს რელიგიური შეხედულებებით სამხედრო სამსახურზე უარს, ამიტომ იეჰოვას მოწმეები არიან მძიმე მოპყრობის ობიექტები, როგორიცაა დაკავება და პატიმრობა, ასევე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიღების აკრძალვა; აღნიშნული დოკუმენტი კი საჭიროა ნებისმიერი ფორმით დასაქმებისთვის, სამთავრობო სარგებლის მისაღებად და სამოგზაუროდ.[6]

[1] The United States of America; Central Intelligence Agency; The World Factbook; Eritrea; page las updated on 3 January, 2018; available at: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/er.html [accessed 16 January, 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Eritrea, 22 February 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Eritrea, 1 September 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Eritrea, 12 January 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Eritrea, 3 March 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[6] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Eritrea, 15 August 2017, available at:

[accessed 16 January 2018]