ზიმბაბვე. ქალთა და მარტოხელა დედათა მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ზიმბაბვეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსიტუტუციის თანახმად, ქალები იმავე სტატუსითა და უფლებების სარგებლობენ, როგორითაც მამაკაცები. კონსტიტუციაში ასევე გვხვდება კონკრეტული მუხლი, რომელის თანახმადაც  „კანონები, ჩვეულებები, ტრადიციები და სხვა ტიპის წესები, რომლებიც კონსტიტუციის გარანტირებულ ქალთა უფლებებს ლახავს, ბათილია“. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს სპეციალიზებული ორგანო – ქალთა საკითხების, გენდერისა და თემის განვითარების კომისია, რომელიც დამოუკიდებელია და ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა: ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა. მიუხედავად ამისა, კომისიას გააჩნდა ძალიან მცირე დაფინანსება და, პრაქტიკაში, დამოკიდებული იყო სამინისტროზე.

კომისიამ ჩაატარა 2019 წლის 16 აგვისტოს, ჰარარეში მომხდარი ძალადობის  გენდერული ანალიზი  და დაასკვნა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა მამაკაცი, ხოლო ის პირები, ვისაც უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – ქალები იყვნენ. მათ შორის, ერთ-ერთ ქალს, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო, პლასტიკური ქირურგის ჩარევაც კი დასჭირდა. კომისიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებსა და დემონტრაციების ორგანიზატორებს, უზრუნველეყოთ ქალტა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოება.

ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა ცნობს ქალის უფლებას, ფლობდეს ქონებას, თუმცა, ტრადიციული ჩვეულებების წყალობით, რომელთც მიხედვითაც არსებობდა პარტიარქარული მემკვიდრეობითობა, ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნდა ქონება. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. მართალია, ქვეყანაში არსებობდა განქორწინების და ალიმენტის შესახებ კანონები, რომლებიც პრაქტიკაშიც მოქმედი და აღსრულებადი იყო, თუმცა, ბევრმა ქალმა უბრალოდ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ. ტრადიციული ჩვეულებებით, განქორწინების ან მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, საერთო ქონება მამაკაცს რჩება.

ზიმბაბავეს მთავრობამ 23 ივლისს მიიღო ახალი კანონი ქორწინების შესახებ, რომელმაც გააერთიანი და კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოიყვანა აღნიშნულ საკითხზე აქამდე არსებული რეგულაციები. ახალი კანონით იკრძალება ბავშვთა ქორწინება, ხოლო სამოქალაქო საპარტნიორო ურთიერთობებისა და ტრადიციული ქორწინებების შედეგები გაუთანაბრა სამოქალაქო ქორწინებებისას. თუმცაღა, კანონში არაფერია ნათქვამი ქორწინებისას არსებულ ქონებრივ უფლებებზე, ასევე – მეუღლის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის საკითხებზე.

ანგარიშის მიხედვით, ქალებსა და ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენდა მთავრობის მიერ განხორიცელებული პირთა იძულებითი გამოსახლებები; სახლებისა და ბიზნეს-ადგილების დანგრევა და კომერციული ფერმების ჩამორთმევა. ქვრივები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სოფლად გადასახლებულიყვნენ, ზოგჯერ ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ქორწინებით მემკვიდრეობას“, რაც ნიშნავდა, რომ მეუღლის გარდაცვალებისას, ცოლად უნდა გაჰყოლოდნენ მისი (ქმრის) ოჯახის წევრს.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ზიმბაბვეს შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქალები და სხვა სოციალური ჯგუფები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი პარლამენტში. 2018 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტის არჩეულ წევრთა 34 % იყო ქალი (მცირე კლება 2013 წელს დაფიქსირებულ 35 %-დან).

ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს 2013 წლის კონსტიტუცია კრძალავს პირთა დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, სქესობრივი ნიშნით). თუმცა, მიუხედავად გენდერელი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კონსტიტუციით და კანონმდებლობით განსაზღვრული არაერთი დანაწესისა, პრაქტიკაში ქალები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დასაქმება და კომპენსაცია. ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ ქალები ასევე დისკრიმინაციას ექვემდებარებიან უძრავი ქონების ფლობაზე წვდომასთან მიმართებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით სახეზეა სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო მიწების ფლობასთან დაკავშირებით, რომელთაც როგორც წესი,  ადგილობრივი ტრადიციული ლიდერები ან მამრობითი სქესის ნათესავები აკონტროლებენ.[2]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ზიმბაბვეს შესახებ 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 17 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ზიმბამბვეს საზოგადოებაში სრულ გენდერულ ბალანსს და ის ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას საზოგადოების ყველა სფეროში. ასევე, მუხლი მთავრობას ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა (მათ შორის – საკანონმდებლო ზომები), რათა უზრუნველყოს ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში. გენდერული თანასწორობის პრინციპი ასევე მხარდაჭერილია კონსტიტუციის 56-ე მუხლშიც, რომლის მიხედვითაც, ქალები და მამაკაცები ექვემდებარებიან იგივენაირი მოპყრობას და სტატუსს, ხოლო 65-ე მუხლის თანახმად, იდენტური სამუშაოს შესრულებისას, ქალები და მამაკაცები უნდა იღებდნენ თანაბარ გასამრჯელოს.

კონსიტუციის 26 მუხლით, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ქორწინებები არ მოხდეს მეუღლეთა თავისუფალი ნების გარეშე. ამას გარდა,  კანონში გათვალისწინებული დანაწესით, ქორწინების დასრულებისას (განქორწინებით ან ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით), უზრუნველყოფილია მეუღლისა და შვილების სათანადო დაცვა.

კანონით შეზღუდული არაა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროსებეში. ქალებმა 2018 წის 30 ივლისს გამართულ არჩევნებში სრულად მიიღებს მონაწილეობა, როგორც ამომრჩევლებმა და, ასევე – როგორც კანდიდატებმა. ამას გარდა, ოთხმა ქალმა წარადგინდა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებშიც. მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში არ იყო ქვეყანაში ქალი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის იდენტური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმ დანაწესისა, რომლითაც უზრუნველყოფილია ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში, ქალები, საჯარო სექტორში, არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ქალებს, ზოგჯერ, არ გააჩნიათ წვდომა კანონით გათვალისწინებულ ისეთ უფლებებზე, როგორიცაა მაგალითად – დეკრეტული შვებულება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება (და სასჯელის მაქსიმალური სახით მუდმივ პატიმრობასაც ითვალისწინებს), ზიმბაბვეში გაუპატიურება საკმაოდ მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. უფლებადამცველთა მიხედვით, საზოგადოებრივი სტიგმა და საზოგადოებაში გავცრელებული მოსაზრება, რომ გაუპატიურება „ცხოვრებისეული რამაა“, ხელს უწყობდა გაუპატიურების შემთვევების შეუტყობინებლობას მსხვერპლთა მხრიდან.

უფლებადამცველთა მიხედვით, გაუპატიურება ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური იარაღი, მათ შორის – უსაფრთხოების ძალების მხრიდან. მაგალითად, 2019 წლის იანვარში, ქ. ჰარარეს მკვირმა 8 ქალმა Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ ისინი ფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააუპატიურეს. ერთ-ერთმა მათგანის მიხედვით, მოძალადემ მას უთხრა, რომ იმიტომ აუპატიურებდა, რათა ეთქმევინებინა სიმართლე ოპოზიციაში მყოფი მისი ქმრის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. სხვა ქალმა განაცხადა, რომ ადგილობრივ პოლიციაში მისი საჩივარი არ მიიღეს და განუცხადეს, რომ „ასეთი ამბები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება“.

ანგარიშის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არ არის აკრძალული სპეციფიკური კანონით, თუმცა, 2002 წლის „შრომის აქტის“ მე-8 მუხლით, სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება აკრძალულია. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული დანაშაული პრველანტური იყო ზიმბამბვეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, მიუხედავად კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, ზიმბაბვეში ქალები იმყოფებიან საზოგადობრივი დისკრიმინაციის საშუალო რისკის წინაშე. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში გენდერული და სექსუალური ძალადობის კუთხით არსებული  სიტუაციით, ასევე – ზიმბაბვეს საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული ტრადიციებით, რომელიც ზღუდავს ქალთა როლს და მათ წარმომადგენლობას როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე – საზოგადოებაში. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენას იმ ქალებისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ.[3]

რაც შეეხება დასაქმების კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს ეკონომიკის შემცირებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ქალებზე, რადგან ბევრი მათგანი არაოფიციალურად მუშაობს. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ზიმბაბვეში უმუშევრობის მაჩვენებელზე. სხვადასხვა წყაროები უთითებენ ისეთ კარდინალურად განსხვავებულ მონაცემებს, როგორიცაა: 4 % ან 95 %. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ შრომის ბაზარზე მუშახელის უმრავლესობა არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. IMF-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, 1991 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, არაფორმალური ეკონომიკა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 60.6 %-სა და მშპ-ს 44 %-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებები არ ვრცელდება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებზე, რომელთაც თითქმის არ გააჩნიათ მათ მიმართ დამსაქმებლის ან მთავრობის მხრიდან განხორციელებული უფლებადარღვევის გასაჩივრების კანონიერი საშუალება. უფლებდამცველთა მიხედვით, ფორმალურ სექტორში არსებული სამუშაო პირობები, ზოგადად – დაბალი ხარისხისაა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სათანადო სამონიტორინგო სისტემა, შესაბამისი სამსახურები ვერ ახორციელებენ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასისა და სამუშაო დროის გაკონტროლებას. „ხელფასების მოპარვა“ გავრცელებულია ბევრ სექტორში. მინიმალური ხელფასები, როდესაც მათ დასაქმებულს უხდიან, იშვიათად თუ აჭარბებს სიღარიბის ზღვარს. ამას გარდა, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს ანაზღაურებაზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, დასაქმებისა და  ეკონომიკური კუთხით არსებული მძიმე პირობები წარმოადგენს მნიშვნელოვან  ფაქტორს, რომელიც უბიძგებს ზიმბაბველებს, დატოვონ ქვეყანა და გამეგზავრნონ ემიგრაციაში.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ზიმბაბვეში გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ კანონით გარანტირებულია ქალთა გადაადგილების თავისუფლება.  თუმცა, ძალადობის, განსაკუთრებით კი – პოლიტიკური ძალადობის  შიში მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ქალთა გადაადგილების თავისუფლების კონტექსტში. რაც შეეხება ოჯახებში გადაადგილებაზე გადაწყვეტილებას მიღებას 2011-12 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაქორწინებულ ქალთა 10.7 %-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ქმარი იღებდა. ამის საპირისპიროდ, 19.9 % ამბობდა, რომ ამას თვითონ წყვეტდნენ, ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობა – 68.8 % აცხადებდა, რომ ოჯახში გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, პოლიცია ამ კუთხით სიტუაციას ზოგჯერ, ართულებდა. კერძოდ, ისინი ხშირად ათავსებდნენ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს გზებზე, რაც აფერხდებდა და გარკვეულწილად, ზღუდავდა პირთა გადაადგილებას.

რაც შეეხება დასაქმების კუთხით ვითარებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის მონაცემებით, გამოკითხულ ქალთა 55 % იყო დასაქმებული (აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 90 %-ს უტოლდებოდა). დასაქმებულ ქალთა 75 % ანაზღაურებას ნაღდი ფულით იღებდა, ხოლო 5 % აცხადებდა, რომ ხელფასს არ უხდიდნენ. ქალთა 2/3-ზე მეტი ამბობდა, რომ ისინი უფრო ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე მათი მეუღლეები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რათა გაეზარდა ქალთა მონაწილეობა საჯარო სამსახურის მაღალ პოზიციებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილი აღნიშნულ სექტორში. ქალთა რიცხვი, რომლებიც ფორმალურ სამუშაო ადგილების ბაზარზეა წარმოდგენილი, ძალიან დაბალია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ზიმბაბვეში ცოტა ქალი იღებს მეორე და მესამე დონის განათლებას. შესაბამისად, ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, სადაც გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ და სადაც ზოგიერთ სფეროში იმდენად რთულია სამსახურის პოვნა, რომ ისინი არსებულითაც კმაყოფილნი არიან.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტუტიციით, დასაქმებისას დისკრიმინაცია აკრძალულია მთელი რიგი ნიშნებით (მათ შორის – გენდერული ნიშნით), ასეთი ფაქტები მაინც ფიქსირდებოდა. ანალოგიური სიტუაცია იყო სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების კუთხითაც.

რაც შეეხება ქალების წვდომას საცხოვრებელ სახლებსა და უძრავ ქონებაზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უძრავი ქონების აქტი“ კრძალავს უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავების ან განკარგვისას დისკრიმინაციას, მათ შორის – გენდერული ნიშნით. თუმცა, პრაქტიკაში, ძალიან ცოტა ზიმბაბველი ქალი ფლობდა ქონებას, რისი განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ქვეყანაში არსებული პატრიარქარული ტრადიციები და მიდგომები. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია ზიმბაბვეში უშუალოდ მარტოხელა დედათა მიმართ არსებული უფლებადარღვევების ფაქტების შესახებ, არ იძებნება.

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[3] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 8 January 2021]

[4] Ibid

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Zimbabwe: Women fearing genderbased harm or violence; published in October 2020; available at

[accessed 8 January 2020]

ზიმბაბვე. პარტია Movement for Democratic Change (MDC). დეკემბერი, 2020

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის დეპარტამენტი 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ პარტია Movement for Democratic Change” (MDC) წარმოადგენს ზიმბაბვეში მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ის დაარსებულ იქნა 1999 წელს და მისი პირველი ლიდერი იყო მორგან ცვანგირაი. პარტიის იდეოლოგია მეტ-ნაკლებად ცენტრისტულ-მემარცხენეა. დღესდღეობით, პარტიას დაახლოებით 1.5 მილიონი წევრი ყავს.

პარტიის დაარსების დღიდან, ზიმბამბვეს მთავრობა და მმართველი პარტია ZANU-PF ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მათი პოლიტიკური აქტივობა. ამ მიზნით, წლების განმავლობაში, ZANU-PF იყენებდა თითქმის ყველანაირ რესურსს: დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს, სასამართლოს, პოლიციას და სამხედროებს. ასევე, არა-სახელმწიფო აქტორებს: ZANU-PF ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ომის ვეტერანებს. ზიმბაბვეს მთავრობა რეგულარულად უქვემდებარებდა MDC პარტიის ლიდერებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ისეთ მოპყრობას, როგორიცაა:  ფიზიკური ძალადობა, თვითნებური და უკანონო დაკავება; სამართლებრივი დევნა. ხელისუფლება იყენებდა უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობას, რათა შეეზღუდა ან აეკრძალა MDC-ის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრები და მანიფესტაციები, ასევე – ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაეშალა და დაერბია აღნიშნული დემონტრაციები თუ შეხვედრები. როგორც სამთავრობო სამსახურები, ასევე – ZANU-PF-ის აქტივისტები რეგულარულად ახორციელებდნენ ძალადობრივ თავდასხმებს MDC მხარდამჭერებზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში.

MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ მთავრობის მხრიდან დისკრიმინაცია სახეზე იყო როგორც ურბანულ, ასევე – რეგიონალურ დასახლებებში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში (განსაკუთრებით – მაშონალანდში) უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ZANU-PF ცდილობდა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სამთავრობო დახმარება (საკვები და სამეურნეო პროდუქტები) გაესაღებინა, როგორც მათი პარტიული დახმარება, რათა მოქალაქეები თავისკენ გადმოებირებინა.

მიუხედავად იმისა, რომ MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ სამთავრობო დევნა ყოველთვის სახეზეა, მისი ხარისხი მაინც განსხვავდება კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მძიმე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, გავრცელებული ცნობებით, 2008 წლის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც, ანალიტიკოსების აზრით,  იყო პოლიტიკურად სტაბილური კოალიციური მმრთველობა 2009-2013 წლებში, ასევე  – დაქსაქსული MDC პარტიის პოზიციების შესუსტება  2013 წლის არჩევნებში დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, მართლია, MDC წევრების მიმართ დევნა კვლავაც ფიქსირდებოდა, თუმცა, ის იღებდა შედარებით მსუბუქ ფორმებს. MDC Alliance-ის კანდიდატთა და მხარდამჭერთა მიმართ აღნიშნული ძალადობისა და დევნის ხარისხი, 2018 წლის 30 ივლისს არჩევნების პერიოდში, წინა წლებში საარჩევნო პერიოდებითან (განსაკუთრებით – 2008 წლის არჩევნებთან) შედარებით, ნაკლებად მკაცრი იყო. ძალადობისა და დევნის დონემ, გავრცელებული ცნობებით, მოიმატა მას შემდეგ, რაც პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და გააპროტესტა არჩევნების შედეგები. უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრებს პარტიის ლიდერები და აქტივისტები როგორც 2018 წლის 1 აგვისტოს პოსტ-საარჩევნო სადამსჯელო კამპანიის ფარგლებში, ასევე – 2019 წლის იანვარში, საწვავის ფასზე პროტესტებთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს. მთლიანი 2019 წლის განმავლობაში, ზიმბაბვეს ხელისუფლება არ რთავდა პარტიას ნებას, ჩაეტარებინა რაიმე ტიპის დემონსტრაცია.

დეპარტამენტის შეფასებით, MDC პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაექვემდებარებიან სამთავრობო დისკრიმინაციის საშუალო ხარისხს, რადგან მთავრობა კვლავ აგრძლებს სახელისუფლებო ინსტიტუციების გამოყენებას, რათა შეზღუდოს პოლიტიკურ ასპარეზზე მათი თავისუფალი ოპერირება. დისკრიმინაციის ინტენსივობა განსაკუთრებით დამოკიდებულია ლოკაციაზე და მიჩნეულია, რომ შედარებით მაღალ ხარისხს აღწევს ისეთ სასოფლო დასახლებებში, სადაც ZANU-PF ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. დისკრიმინაცია შესაძლოა გამოიხატოს ისეთი მოქმედებებით, როგორიცაა – დაშინება, მუქარა, ფიზიკური ძალადობა და სამართლებრივი დევნა. აღნიშნული მოპყრობის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ პირთა შემთხვევაში, რომლებიც უშუალონ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, ორგანიზებას უწევენ ან მონაწილეობას იღებენ ქუჩის დემონსტრაციებში და ა.შ.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2019 წლის 11 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა ზიმბაბვეში პოლიტიკური პარტია „Movement for Democratic Change” (MDC) და მის წევრთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 2005 წელს MDC პარტია გაიყო ორ ერთეულად – MDC-T, პარტიის დამაარსებლის, მორგან ცვანგირაის მეთაურობით და MDC-NCUBE, ველშმან ნკუბეს მეთაურობით. 2014 წელს MDC-T-ს კიდევ გამოეყო ერთ-ერთი ფრაქცია – MDC Renewal. მიუხედავად აღნიშნული განხეთქილებებისა, MDC-T კვლავაც წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას ზიმბაბვეში.

ყველა ზემოაღნიშნული დანაყოფი და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, 2018 წლის არჩვებისთვის, გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს MDC Alliance. დღესდღეისობით, პარტიამ შეინარჩუნა კოალიციური ერთიანობა და ოპერირებს სახელწოდებით MDC. პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის ნელსონ ჩამისა, რომელმაც 2018 წელს, პარტიის დამაარსებლისა და დაარსების დღიდან მისი ლიდერის – მორგან ცვანგირაის გარდაცვალების შემდგომ დაიკავა ეს პოსტი. ვიცე-პრეიზიდენტების პოზიციებს იკავებენ: Welshman Ncube, Tendai Biti და Lynette Kore; ხოლო პარტიის გენერალური მდივანია – Charlton Hwende.

რაც შეეხება პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა მიმართ დამოკიდებულებას, წყაროთა მიხედვით, 2018 წლის 1 აგვისტოს, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს MDC Alliance-ს დემონსტრანტებს, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო 2 აგვისტოს,  პოლიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ MDC Alliance-ის შტაბ-ბინაში და დააკავეს 27 პირი „ძალადობის პროვიცირებისა“ და „საშიში იარაღების ფლობისთვის“. ისინი 7 აგვისტოს გირაოს თავდებით გაათავისუფლეს. ადგილობრივი წყარო New Zimbabwe ცნობით, ZANU-PF-ის ყოფილი წევრი და კიდევ 26 პირი, რომლებიც აცხადებდნენ რომ MDC პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, აგვისტოში დააკავეს პარტიის ოფისში და მხოლოდ 2019 წლის მარტში გაათავისუფლეს, წინასწარი დაკავების ვადის რამდენჯერმე გადადების შემდგომ.

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც MDC Alliance-მა არჩევნებში მოიგო დედაქალაქ ჰარარეს არაერთი უბანი, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა არაერთი მოქალაქე დაუქვემდებარეს ძალადობასა და ცემას. ორგანიზაცია Zimbabwe Human Rights Forum (ორგანიზაცია, რომელიც 22 ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოს აერთიანებს) იუწყებოდა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ჰარარეს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ჯარისკაციების ორი ჯგუფი გამოჩნდა: პირველი უბრალოდ ცემდა ნებისმიერ შემხვედრს, ხოლო მეორე ჯგუფის ჰქონდა ოპოზიციის მხარდამჭერთა სია, რომელთა საძებნელადაც კარდაკარ დადიოდნენ და მათაც ფიზიკურ ძალადობას უქვემდებარებდნენ.

Muzarabani South, Chivhu, და Marondera-ს რეგიონებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია ZANU-PF მხარდამჭერები იკრიბებოდნენ MDC პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა სახლების წინ, სადაც „მღეროდნენ საომარ სიმღერებს და ემუქრებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს შურისძიებით“.

Human Rights Watch-ის ცნობით, 6 ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა MDC Alliance-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის (ქალის) ბინაში, ემუქრებოდნენ მას იარაღით, ხოლო შემდგომ ცემეს. დამნაშავეებმა ასევე გაიტაცეს იმავე სახლში მცხოვრები ორი მამაკაცი, „ცემეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში“, ხოლო შემდგომ გაათავისუფლეს.

The Forum ინფორმაციით, დაფიქსირდა ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების ან გატაცების სულ მცირე 16 შემთხვევა, მათ შორის – 2018 წლის 7 აგვისტოს მარონდერაში MDC Alliance-ის წევრის გატაცება, რომელიც 4 თავდამსხმელმა გააშიშვლა და აწამა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია The Zimbabwe Peace Project (ZPP) მიხედვით,  დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერებს უარს ეუბნებოდნენ მათთვის გათვალისწინებულ კვებით და სასოფლო-სამეურნეო დახმარებაზე. ამ საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი სამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიიღეს 10 საჩივარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების დისკრიმინაციას ექვემდებარებოდნენ დახმარების დარიგების პროცესში.

ადგილობრივი სამთავრობო გაზეთი The Herald მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში, MDC Alliance-ის 9 წევრი, მათ შორის – ცნობილი ლიდერი თენდაი ბიტი იძებნებოდნენ „ისეთ საჯარო შეკრებაში მონაწილოებისთვის, რომლის მიზანის იყო საჯარო ძალადობის ხელშეწყობა“. ბიტი დააკავეს, თუმცა, პრეზიდენტმა მნანგაგვა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი „ჩარევის“ შემდგომ, ის გაათავისუფლეს, თუმცა, მისი საქმე არ შეწყვეტილა. წყაროთა ინფორმაციით, ბიტი 2019 წლის თებერვალში ისევ გაასამართლეს და დააჯარიმეს 200 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ჯარიმით მას შემდეგ, რაც მან „შეცდომით გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნელსონ ჩამისამ გაიმარჯვა“.

წყაროთა ცნობით, პრეზიდენტმა მნანგაგვამ დააფუძნა ფაქტების შემსწავლელი კომისია, რომელსაც დაევალა 2018 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებისას 6 პირის მკვლელობის საკითხის შესწავლა და  გამოძიება. კომისიამ შემდეგი ფაქტები დაადგინა:

  • დემონსტრაციები, რომლებმაც მიიღეს ძალადობრივი ხასიათი და ფართო ზიანი მიაყენეს საჯარო ქონებასა და წესრიგს, ანგაჟირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო MDC Alliance-ის მიერ;
  • იმ დროს მომხდარი მოვლენები ამართლებდა პოლიციის მიერ სამხედრო ძალებისთვის დახმარების თხოვსნას, რათა ჩაეხშოთ ამბოხება;
  • 6 პირი გარდაიცვალა, ხოლო 35 დაშავდა სამხედრო ძალებისა და პოლიციის წარმომადგენელთა ქმედებების შედეგად.

კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „პოლიციისა და სამხედრო ძალების ის წევრები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და პროფესიული სტანდარტები, იდენტიფიცირებულ უნდა იქნა დაუყოვნებლივ და დაექვემდებარონ შესაბამის სანქციას“. Amnesty International-ის მიხედვით, საკითხზე 2019 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა.

2019 წლის 14-დან 16 იანვრის ჩათვლით, „ზიმბაბვეს პროფესიულ კავშირთა კონგრესმა“ გამოაცხადა სამდღიანი საპტროტესტო გაფიცვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მნანგაგვამ დაანონსა საწვავის ფასზე 150 %-იანი ზრდა. აღნიშნულის გამო, ზიმბაბვეს არაერთ რეგიონში მათ შორის – ჰარარესა და ბულავაიში, დისლოცირებული იქნა პოლიციისა და სამხედრო ძალების არაერთი შენაერთი. წყაროთა ცნობით, ზიმბაბვეს არმიის უნიფორმებში გამოწყობილმა პირები და პოლიცია ახორციელებდა „სისტემატური ხასიათის წამებას“ და ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ MDC პარტიასთან დაკავშირებული პირები. პოლიციის წარმომადგენლებმა ასევე დააკავეს 3 პარლამენტის წევრი პარტია MDC Alliance-დან „საჯარო ძალადობის პროვოცირების“ ბრალდებით. 17 იანვარს მათ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ხოლო 21 იანვარს, MDC პარტიის კიდევ 12 პარლამენტარი დააკავეს.[2]

სოციალურ ქსელ Facebook-ში პარტიის ოფიციალური გვერდის მიხედვით, პარტიის ცენტრალური ოფისის მისამართია – No. 11 Creswick Ave, Hillside Harare, Zimbabwe. ასევე, მოცემულია პარტიის ლოგო – გაშლილი ხელის მტევანი.

[3]

პარტია MDC წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ 2020 წლის 14 დეკემბერს მომზადებული კვლევაში ზიმბაბვეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია თიჩაონა მუთემას ვინაობის, მისი პოლიტიკური აქტივობისა და მისი მმართველ პარტიასთან დაპირისპირების (მიზეზების) შესახებ, არ იძებნება.

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[2] Immigration and Refugee Board of Canada – Zimbabwe: Movement for Democratic Change (MDC), including political status, organizational structure, leadership, activities, relationship with other political parties, and membership cards; treatment of MDC members by authorities (2017-May 2019); published on 11 June 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[3] Facebook Page of MDC; available at https://www.facebook.com/movementfordemocraticchange/ [accessed 11 December 2020]

ზიმბაბვე. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ზიმბაბვეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ზიმბაბვე არის კონსტიტუციური რესპუბლიკა, რომლის მეთაურიც 2018 წელს არჩეული ემმერსონ მნანგაგვაა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არჩევნების  სამართლიანობობისა და თავისუფლების კუთხით, როგორც შიდა, ისე – საერთაშორისო დამკვირვებლებმა სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს. არჩევნების შედეგად, მთავრობა დააკომპლექტა მმართველმა პარტიამ – „ზიმბაბვეს აფრიკულ-ეროვნული გაერთიანება – პატრიოტული ფრონტი“ (ZANU-PF), რომელმაც მოიპოვა უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში, თუმცა სენატში – ვერა.

ქვეყანაში შინაგან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ზიმბაბვეს რესპუბლიკური პოლიცია, ხოლო საგარეოს დაცვას – ეროვნული არმია და საჰაერო ძალები. სამოქალაქო ინსტიტუციები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე წელს ქვეყანაში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღევევათა შორის იყო: უსაფრთხოების ძალების მიერ სამოქალაქო პრითა უკანონო მკვლელობები, მათი წამება და უკანონო დაკავება; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არსებული სერიოზული პრობლემები; სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული უმკაცრესი სამთავრობო შეზღუდვები, მათ შორის – ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ცენზურა და საიტების დაბლოკვა; შეკრებისა და მანიფესტრაციის კუთხით არსებული შეზღუდვები; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობა და ა.შ. დაუსჯელობა კვლავ წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას. მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯებს, რათა გამოეძიებინა და სათანადოდ დაესაჯა ზემოხსენებულ უფლებადარღვევებში დამნაშავე პირები.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს უკანონო დაკავებას, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები აქტიურად იყენებდნენ ამ მეთოდს, განსაკუთრებით – პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების, ასევე – მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ. უსაფრთხოების ძალები ასევე ხშირად აკავებდნენ პირთა დიდ რაოდენობას ანტი-სამთავრობო პროტესტების მიმდინარეობისას და შემდეგ.

სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ზეგავლენა სასამართლოზე. მიუხედავად ამისა, კვლავ ადგილი ჰქონდა შემთხვევევბს, როდესაც სასამართლო იჩენდა დამოუკიდებლობას და იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა. მთავრობა ხშირად უარს ამბობდა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და რუტინულად აგვიანებდა სასამართლო ხარჯების დაფარვას. სასამართლოში კორუფცია ფართოდ იყო გავრცელებული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს არაერთი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო ჩინოვნიკებები ძირს უთხრიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ქრთამის სახით აძლევდნენ რა მოსამართლეებს ფერმებსა და სახლებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუციით, გარანტირებულია გამოხატვის და მედიის თავისუფლებებები, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ შეზღუდვას „თავდაცვის, საჯარო უსაფრთხოების ან პროფესიული კონფიდენციალურობის მიზნით, თუ ეს შეზღუდვა არის სამართლიანი, გონივრული, საჭირო და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი“. მთავრობა აგრძელებდა მისდამი კრიტიკულად განწყობილი პირების დაკავებას, დაპატიმრებასა და დევნას, ხოლო ჟურნალისტები მიმართავდნენ თვით-ცენზურას.

მართალია, არ არსებობდა არანაირი კანონიერი შეზღუდვა პირთა მიერ მთავრობის კრიტიკის ან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვის შესახებ, თუმცა, ხელისუფლება ზოგადად, საკმაოდ სენსიტიური იყო მისდამი კრიტიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადრესატს პრეზიდენტი მნანგაგვა წარმოადგენდა. პირებს ბრალს დებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 33 (2) ბ მუხლის დარღვევაში, რომელიც პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეხება. 28 აგვისტოსთვის არსებული მდგომარეობით, წლის განმავლობაში, აღნიშნული დანაშაულისთვის 10 პირს წარუდგინეს ბრალი. ამას გარდა, კიდევ 22 აქტივისტსა თუ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ პირს ედავებოდნენ ისეთ სხვა დანაშაულებს, როგორიცაა, მაგალითად – კონსიტუციურად არჩეული მთავრობის დამხობა და ა.შ.

რაც შეეხება მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი გაზეთები და რადიო სადგურები მუშაობდნენ და გამოხატავნდნენ აზრთა და შეხედულებათა ფართო სპექტრს, თუმცა,  ექვემდებარებოდნენ გარკვეულ შეზღუდვებს. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და პრევალენტური მაინც სამთავრობო მედია იყო, რომელსაც მედიის, ინფორმაციის, საჯაროობისა და მაუწყებლობის სერვისების სამინისტრო აკონტროლებდა. დამოუკიდებელი გაზეთები თავისუფლად ოპერირებდნენ, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ჟურნალისტები თვით-ცენზურას მიმართავდნენ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ზიმბაბვეს შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ „ზიმბაბვეს აფრიკულ-ეროვნული გაერთიანება – პატრიოტული ფრონტი“ (ZANU-PF) ქვეყნის მიერ 1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან, მმართველი პოლიტიკური პარტიაა და ინარჩუნებს აღნიშნულ პოზიციას ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი კამპანიები, თავდასხმა კრიტიკულად განწყობილ მედიაზე, განსხვავებული აზრის მქონე პირების დევნა და ა.შ. პრეზიდენტმა ემმერსონ მნანგაგვამ თანამდებობა დაიკავა 2017 წელს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედროები ჩაერივნენ და თანამდებობა დაატოვებინეს პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს, რომელიც ქვეყნის სათავეში რამდენიმე ათწლეული იყო. მიუხედავად ამისა, ახალმა ადმინისტრაციამ დიდწილად შეინარჩუნა არსებული სამართლებრივი, ადმინისტრაციული და უსაფრთხოების სისტემა, რისი გამოყენებითაც რეპრესიული მეთოდებით განიმტკიცა ძალაუფლება. ანგარიშის მიხედვით, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, კანონის უზენაესობის კუთხით მძიმე სიტუაცია და მშრომელთა უფლებების სუსტი გარანტიები კვლავ რჩება ზიმბაბვესთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებად.

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიების ფორმირება შესაძლებელია ყოველგვარი პრობლემების გარეშე. თუმცა, მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია არ აშუქებს ოპოზიციურ პარტიებს, და, შესაბამისად, ზღუდავს მათ შესაძლებლობას, ოპონირება გაუწიონ მმართველ პარტიას. ხელისუფლება ხშირად ზღუდავს ოპოზიციური პარტიების შეკრებებს. მართალია, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ამ კუთხით პრობლემები არ ოყო, თუმცა, არჩევნების შემდგომ, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა რეიდები, დააკავეს და დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური პარტია – Movement for Democratic Change (MDC) წევრები.

ZANU-PF დომინირებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში და 1980 წლიდან მოყოლებული, წარმოადგენდა სახელისუფლებო პარტიას. თუმცა, 2008 წლის არჩევნების შემდომ, 2009-2013 წლებში ქვეყანას მართავდა კოალიციური მთავრობა, რომელიც ზემოხსენებულმა პარტიამ და ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – MDC-მ ჩამოაყალიბეს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ამ პერიოდში ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტიც კი ეკავა.

MDC პარტიამ მიუხედავად არათანაბარი შანსებისა, მოახერხა, გაეზარდა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა 2018 წლის არჩევნების შემდეგ და პარტიის ლიდერმა – ნელსონ ჩამისამ მიიღო 1 მილიონი ხმით მეტი, ვიდრე 2013 წელს. თუმცაღა, არჩევნების შემდგომმა ძალადობამ და დღემდე მიმდინარე სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიამ შეასუსტა ოპოზიციის უნარი, გაეზარდა ელექტორატი, რაც ნათელი გახდა 2019 წლის არჩევნების შედეგებით.

ზიმბაბვეს კონსტიტუციით გარანტირებულია მედიის თავისუფლება, თუმცა, პრაქტიკაში, ეს ასე არაა. ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ თვით-ცენზურას, რადგან არსებობს მათ მიმართ მძიმე სასჯელის დადგომის (მათ შორის – საპატიმრო სასჯელი) საფრთხე. 2019 წლის დასაწყისში მთავრობამ დადო პირობა, რომ გადახედავდა ზემოხსენებულ რეპრესიულ და მედიის შემზღუდველ კანონებს, თუმცა, წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, ამ კუთხით, არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.

სამთავრობო მედია – ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაცია (ZBC), რომელიც ZANU-PF-ის პარტიულ ინტერესებს ლობირებს, დომინირებს ადგილობრივ მედია საშუალებებში. ქვეყანაში, სადაც ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო რადიოა, მედიის პლურალურობა შეზღდულია მთავრობის მიერ რადიო ლიცენზიებზე უარის თქმით. აღნიშნულ ლიცენზიებს, როგორც წესი, მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე ან ZANU-PF-თან დაახლოებულ პირებზე გასცემენ. ამას გარდა, მთავრობა ასევე აკონტროლებს ორ მთავარ და ყველაზე პოპულარულ გაზეთს, თუმცა, ქვეყანაში ასევე არსებობს დამოუკიდებელი ბეჭვდითი გამოცემები. 2019 წლის ივნისში, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა სამთავრობო მედიის მხრიდან ხელისუფლებისადმი მიკერძოების ფაქტები და დააკისრა როგორც ZBC-ს, ასევე – სამთავრობო გაზეთებს, სათანადოდ დაეცვათ მიუკერძოებლობის პრინციპი.

2019 წლის განმავლობაში, ჟურნალისტები კვლავ ექვემდებარებოდნენ მცირე ხნით დაკავევებს ან თავდასხმებს პოლიციის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშუქებდნენ საპროტესტო დემონსტრაციებს. მედიის ოპერირებას ასევე მნიშვნელოვნად შეეშელა ხელი იანვარში, როდესაც მთავრობა ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა, რათა ხელი შეეშალა პროტესტების გაშუქებისთვის.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას,  ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბველებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი კერძო საუბრებში. თუმცა, სამთავრობო მონიტორინგი საჯარო შეკრებებზე, ისეთი ქმედებებისთვის პირთა სამართლებრივი დევნა, როგორიცაა პრეზიდენტის შეურაცხყოფა და პოლიტიკური ხასიათის მუქარები აიძულებს მათ, ენას კბილი დააჭირონ. იყო შემთხვევები, როდესაც პირები დააკავეს სოციალურ ქსელში მთავრობისადმი კრიტიკული პოსტების განთავსებისთვის, რის შემდეგაც, ბევრი ადამიანი, ონლაინ აზრის გამოხატვისას, მიმართავს თვით-ცენზურას.

განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი სადამსჯელო კამპანიები სახეზე იყო 2018 წლის არჩევნების შემდგომ, 2019 წლის იანვრის პროტესტებისას და 2019 წლის განმავლობაში, რომელთა ფარგლებშიც, პირები გაიტაცეს და ცემეს საკუთარი პოლტიკური შეხედულების გამო. მსხვერპლთა შორის ასევე იყვნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. მაგალითად, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე ეხებოდა სამანთა კურეიას – პოპულარულ კომიკოსსა და მსახიობს, რომელიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის შემდეგაც აიძულეს, საკანალიზაციო წყალი დაელია.

სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ის ხშირად ექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და ზოგადად, იცავს მმართველი პარტიის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მოსამართლეები იღებენ ანტი-სამთავრობო გადაწყვეტილებებს, მათ შორის –  პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებშიც კი,  ასეთი შემთხვევები უიშვიათესი იყო.

სათანადო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით, პრაქტიკაში არ სრულდება. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები დაკავებისას, ჩხრეკისას და ქონების ჩამორთმევისას,  ხშირად სრულ იგნორირებას უწევენ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. დაკავებული პირები ხშირად საათობით ჰყავთ დაკითხვაზე ყოველგვარი ადვოკატზე წვდომის ან დაკავების მიზეზის ახსნის გარეშე. მმარველი რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები მთლიანი 2019 წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ დაკავებებსა და დაპატიმრებებს.

მმართველი პარტიის მიერ მხადაჭერილი უსაფრთხოების ძალები ხშირად მიმართვავენ კანონს მიღმა ძალადობას, მათ შორის – ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და აღნიშნული ქმედებების გამო, არანაირ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან. დაკავებულები და დემონსტრანტები ხშირად ხდებიან პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების მსხვერპლნი, რასაც ზოგჯერ ფატალური შედეგიც  სდევს თან. 2019 წლის იანვარში, უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული სადამსჯელო კამპანიის ფარგლებში, 17 პირი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა პოლიციის მხრიდან წამების ან სხვა ტიპის ფიზიკური ძალადობის გამო.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ზიმბაბვეს შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომაროების გამო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტებისას, 14 იანვრიდან 5 თებერვლამდე პერიოდში, უსაფრთხოების ძალებმა დარბევებისას მოკლეს 17 პირი. მათგან 14 სროლების შედეგად გარდაცვალა, ხოლო დანარჩენი 3 კი – ცემის დროს მიყენებული ჭრილობებიდან. ამას გარდა, 15-21 იანვრის პერიოდში მთავრობამ შეზღუდა წვდომა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტზე. უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ასობით პირი, რომელთა უმრავლესობაც სასამართლოს წინაშე საჯარო ძალადობისა და არეულობის მოწყობის ბრალდებით წარდგა.

ანგარიშის მიხედვით, პროტესტების შემდგომ უსაფრთხოების ძალებმა სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანია წამოიწყეს მთავარი ოპოზიციური პარტია Movement for Democratic Change Alliance (MDCA) მხარდამჭერების, პროფ. კავშირების ლიდერებისა და სამოქალო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ. ზიმბაბვეს მთავრობა ხშირად იყენებდა სისხლის სამართლის კოდექსის 22 მუხლს (კონსტიტუციური მთავრობის დამხობა), რათა გაესამართლებინა დემონსტრაციების ორგანიზატორები. 2019 წლის პროტესტების მონაწილეებსაც სწორედ აღნიშნული მუხლის საფუძველზე წაუყენეს ბრალი.[3]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 9 December 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 9 December 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2020 – Zimbabwe; published in January 2020; available at

[accessed 9 December 2020]