თურქმენეთი. მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულება – ოქტომბერი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქმენეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 5.5 მილიონ პირს შეადგეს. ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, მოსახლეობის 89 % მუსლიმია, 9 % მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხოლო დანარჩენი 2 % სხვა რელიგიებს მიეკუთვნება.

ანგარიშის მიხედვით, 21 თებერვალს, პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვი დაესწრო 3 000 ადამიანის ტევადობის ახალი მეჩეთის გახსნას თურქმენაბათში. ხელისუფლება აგრძელებდა მაღალი მუსლიმი ღვთისმსახურების თანამდებობებზე დანიშვნის პრაქტიკას. რელიგიური უმცირესობების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ფიქსირდებოდა საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტები იმ რელიგიური უმცირესობების წევრების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მუსლიმურ უმრავლესობას.

ანგარიშში საუბარი არ არის მუსლიმთა მიმართ რაიმე პრობლემაზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქმენეთის შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ მაღალ მუსლიმ ღვთისმსახურებს თანამდებობაზე ხელისუფლება ნიშნავდა. ამას გარდა, ის მუსლიმები, რომლებიც არ მისდევენ ისლამის ხელისუფლებისეულ ინტერპრეტაციას, ექვემდებარებიან სამართლებრივ დევნას, მათ შორის – ხანგრძლივი პერიოდით პატიმრობას.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Forum 18 თურქმენეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ სუნიტური მუფთი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. მუფთი ფორმალურად ნიშნავს იმამებს რეგიონებში, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საიდუმლო პოლიცია იღებს. ისინი იკვლევენ კანდიდატის წარმოშობას, ახლობლებს, პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობებს. იმამი აუცილებლად ეთნიკურად თურქმენი უნდა იყოს. არა-თურქმენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც წესი, არ უჭირავთ ადგილობრივ რიგით მოლაზე მაღალი რელიგიური თანამდებობა. თავის მხრივ, მოლებს ნიშნავს იმამი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ კანდიდატებსაც ს.უ.ს. საიდუმლო პოლიცია შეამოწმებს.

პარასკევის ლოცვების დროს, იმამები ხელისუფლების მიერ „რეკომენდირებულ“ თემებს აჟღერებენ. ყველა ლოცვა მთავრდება პრეზიდენტის მოხსენიებით. ახალგაზრდა მუსლიმ მამაკაცებს, ზოგიერთ რეგიონებში, ხელისუფლება წვერის ტარებას უკრძალავს, ხოლო ქალებს – ჰიჯაბის ტარებას. დაშგუზის მკვიდრმა მუსლიმმა ორგანიზაციას განუცხადა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ „პრევენციული დიალოგის“ მიზნით გამოიძახა წვეროსანი ახალგაზრდები და, მათ შორის, მოუწოდა წვერის გაპარსვისკენ.[3]

იგივე ორგანიზაცია 2021 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ამა წლის 21 ივლისს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის პირველ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საიდუმლო პოლიციის წევრებმა ლებაპის რეგიონის 4 ქალაქის სახლებში რეიდები მოაწყვეს. მათ კონფისკაციას დაუქვემდებარეს ის რელიგიური ლიტერატურა, რაც მათი თქმით, პირებს სახლებში არ უნდა ჰქონდეთ. ოფიცრებმა ასევე მოსთხოვეს მეჩეთებში რეგულარულად მოსიარულე მუსლიმებს, შეეწყვიტათ ყურანის გარდა სხვა ლიტერატურის კითხვა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციას განუცხადა, რომ როდესაც პოლიცია რელიგიური ხასიათის წიგნს პოულობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თავსებადია თურქმენეთის რელიგიური ლიტერატურის სტანდარტებთან, ოფიცრები პირების დაკითხვას იწყებენ. ზოგჯერ, ისინი უფრო მკაცრ მეთოდებსაც მიმართავენ და მორწმუნეებს აიძულებენ, არაყი დალიონ, რაც მძიმედ ლახავს მათ უფლებებს.[4]

Forum 18-ის 2021 წლის 16 მარტის, ანგარიშის მიხედვით, იანვარში, ლებაპის პოლიციის რეგიონალურმა პოლიციამ ქუჩაში წვერიანი მამაკაცები დააკავა. ოფიცრებმა ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ისინი ზედმეტად რელიგიურები იყვნენ (მაგ. ლოცულობდნენ ყოველ დღე). ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მათ ეპყრობოდნენ უხეშად და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა. მისი თქმით,  პოლიციას სურდა გაეგო, რამდენად რელიგიურები იყვნენ ისინი და სვამდნენ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს. ოფიცრებმა ერთ-ერთ დაკავებულს წვერი იძულებით გაპარსეს და ასევე იძულებით მიაღებინეს არაყი.

ამას გარდა, ფარაპში, 15 იანვარს პოლიციამ რეიდი მოაწყო სახლში, სადაც დაახლოებით 10 პირი იყო შეკრებილი ყოველდღიური „ნამაზისთვის“. პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა წინასწარი დაკავების ციხეში, „ლოქდაუნის“ რეგულაციების სავარაუდო დარღვევისთვის. უცნობია, რა ბედია ეწიათ დაკავებულებს შემდგომ. [5]

[1] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Turkmenistan; published in May 2021; available at

[accessed 13 October 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Turkmenistan; published in March 2021; available at

[accessed 13 March 2021]

[3] Forum 18 – TURKMENISTAN: Religious freedom survey, January 2017; published in January 2017; available at https://www.forum18.org/archive.php?article_id=2244 [accessed 13 October 2017]

[4] Forum 18 – publication “”The right to acquire and use religious literature .. of their choice”?”; published in August 2021; available at

[accessed 13 October 2021]

[5] Forum 18 – Police detain, threaten, swear at Muslims; published in March 2021; available at

[accessed 13 October 2021]

თურქმენეთი. ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერთა მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანა სეკულარული დემოკრატიაა, თუმცა პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ავტორიტარული ფიგურაა და ის ეფექტურად აკონტროლებს ქვეყანას თავის ვიწრო შიდა წრესთან ერთად. ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტი 2006 წელს გახდა და პოსტი 2017 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნა.[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანა კვლავ ეფექტურადაა ჩაკეტილი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. ძალიან რთულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დავის კუთხით არსებული რეალური ვითარების შესწავლა, რადგან სანდო ინფორმაციის მოპოვების კუთხით დიდი სირთულეებია და ქვეყანა დაკეტილია საერთაშორისო შემოწმებებისთვის.[2]

„ბერტელსმენის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშში თურქმენეთის შესახებ ნათქვამია, რომ 2016 წელს, დაახლოებით 60 ადამიანი, მათ შორის მეწარმეები და მასწავლებლები, ვინც ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფებად მოიაზრებოდნენ, სხვადასხვა ქვეტექსტების გამოყენებით დააპატიმრეს და დახურული სასამართლო პროცესების შემდეგ 5-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბევრი მათგანი მძიმე პირობებში (სამარტოო საკანში) განათავსეს. იქიდან გამომდინარე, რომ თურქმენეთის სასამართლო სისტემაში დაბალი გამჭვირვალობაა, არ არსებობს სანდო ინფორმაცია პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული პირების საერთო რაოდენობის შესახებ.[3]

საინფორმაციო პორტალი „Eurasianet“ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთის უსაფრთხოების სამსახურები ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილ ათობით პირს აკავებდნენ და ამწესებდნენ საპატიმროში, სადაც მათ აწამებდნენ 30-40 დღის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვინმეს არ დაასმენდნენ. თურქეთის მთავრობა თურქმენეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ თურქეთიდანაა. ამიტომ, თურქეთის მთავრობის მოთხოვნას, დაეპატიმრებინათ გიულენთან კავშირში მყოფი პირები, თურქმენეთი მალევე დაემორჩილა, ყაზახეთისა და ყირგიზეთისაგან განსხვავებით.[4]

საინფორმაციო პორტალი „Freghana News“ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთში გრძელდებოდა რეპრესიები ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი საგანმანათლებლო პერსონალის მიმართ. სტატიაში ნახსენები იყო ქალაქ იაშლიკში მდებარე დროებითი დაკავების ცენტრი, სადაც მიჰყავდათ დაკავებული პირები დასაკითხად, რა დროსაც ხშირად გამოიყენებოდა წამება. ბევრი დაკავებული „გიულენისტი“ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც გავლენიან ხალხს შორის საჭირო კონტაქტები აღმოაჩნდა ან აქტიურად ითანამშრომლა საგამოძიებო სტრუქტურებთან და სხვა პირები დაასმინა. სტატიის მიხედვით, ხშირად დაკითხვა ფატალური შედეგით მთავრდებოდა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე პოლიციელი სამსახურიდანაც დაითხოვეს.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2017 წლის 9 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთის სასამართლომ 18 პირს 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, რაც ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი პირების მიმართ განხორციელებული წმენდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აღნიშნული 18 პირი იყო იმ ასამდე პირს შორის, რომლებიც 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, დედაქალაქ აშხაბადში გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. თვრამეტივე პირი, ვისაც პატიმრობა მიუსაჯეს ან ასწავლიდა ან სწავლობდა გიულენთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასეთი სკოლები თურქმენეთში 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა. მათი უმრავლესობა 2011 წელს მთავრობამ დახურა.[6]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ 2019 წელს აკმირატ სოიუნოვი და ეზიზ ჰუდაიბერდიევი, გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ორი პირი, საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კომისია წერს, რომ დახურული საინფორმაციო გარემოს გამო, შეუძლებელია დადგინდეს თუ რამდენი პირი იმყოფება მსგავს პირობებში ან რამდენი ასეთი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში.[7] „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ეზიზ ჰუდაივერდიევი 2019 წლის ივლისში, ციხის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მას 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით და ერთერთი იყო იმ ათი პირიდან, ვინც 2017 წელს დახურულ სასამართლო პროცესზე გაასამართლეს. მეორე პირი, ვინც იგივე ბრალდებით, ასევე 23-წლიან სასჯელს იხდიდა, 2019 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.[8] საინფორმაციო პორტალი „Turkmen News“ 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აღნიშნული ათი პირიდან ერთერთი, 39 წლის ალიშერ მუჰამეტგულიევი, მასწავლებელი, რომელიც ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით გაასამართლეს და 23 წელი მიუსაჯეს, თურქმენეთის ოვადანის ციხეში კრიტიკულად მძიმე პირობებში იმყოფება.[9]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkmenistan, 11 March 2020

 (accessed on 8 June 2020)

[2] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Turkmenistan [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[3] Bertelsmann Stiftung: BTI 2020 Country Report Turkmenistan, 29 April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[4] Eurasianet; Turkmenistan cracking down on Gulen followers; By Nick Ashdown; 8 December, 2016; available at: https://eurasianet.org/turkmenistan-cracking-down-gulen-followers [accessed 8 June 2020]

[5] Ferghana News; Turkmenistan: Repressing Gulen supporters to cajole Erdogan? 20 December, 2016; available at: https://enews.fergananews.com/articles/2983 [accessed 8 June 2020]

[6] Guman Rights Watch; Turkmenistan: 18 men tortured, sentenced in unfair trial; 9 June, 2017; available at: https://www.hrw.org/news/2017/06/09/turkmenistan-18-men-tortured-sentenced-unfair-trial [accessed 8 June 2020]

[7] USCIRF – US Commission on International Religious Freedom: United States Commission on International Religious Freedom 2020 Annual Report; USCIRF – Recommended for Countries of Particular Concern (CPC): Turkmenistan, April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[8] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkmenistan, 14 January 2020

 (accessed on 8 June 2020)

[9] Turkmen News; Alleged Gulenist in critical condition in Turkmen prison; 9 September, 2019; available at: https://en.turkmen.news/human-rights/alleged-gulenist-in-critical-condition-in-turkmen-prison/ [accessed 8 June 2020]

თურქმენეთი. დასაოჯახებელი ქალების მიმართ დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქმენეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს) წერს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ.

გაუპატიურება – თურქმენეთის ეროვნული კანონმდებლობით, გაუპატიურება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და დასჯადია 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუმცა, კულტურული კლიშე, რომელიც უბიძგებს ქალებს, თავი შეიკავონ გაუპატიურების შემთხვევების შესახებ შესაბამის ორგანოებში განცხადებისა და უშუალოდ ფაქტის აღიარებასგან, ხელს უშლის პრობლემის  მასშტაბის განსაზღვრას.

ოჯახური ძალადობა -კანონი, ასევე, იცავს ქალებს ოჯახური ძალადობისგან, მათ შორის, მეუღლისგან მომავალი ძალადობისგან. სასჯელი ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე – მაქსიმუმ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, თურქმენეთში ოჯახში ძალადობა არის ფართოდ გავრცელებული. მსხვერპლთა უმრავლესობა რჩებოდა ჩუმად, რადგან ან არ ჰქონდა ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ ან ეშინოდა ქმრისა და ნათესავების მხრიდან მომავალი კიდევ უფრო მზარდი ძალადობის.

სექსუალური შევიწროება – ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტული კანონი, რომელიც კრძალავს სექსუალურ შევიწროებას. გავრცელებული ცნობებით, სამუშაო ადგილებში ფიქსირდებოდა სექსუალური შევიწროების ფაქტები.

იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია – თურქმენეთში არ დაფიქსირებულა იძულებითი აბორტის, არანებაყოფლობითი სტერილიზაციისა და სხვა ტიპის პოპულაციის იძულებითი კონტროლის მეთოდები.

დისკრიმინაცია – კანონმდებლობით, ქალები და მამაკაცები აბსოლუტურად თანასწორნი არიან. მათ გააჩნიათ თანაბარი ანაზღაურება, თანაბარი წვდომა სესხებზე, ბიზნესის დაწყების და ფლობის თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი წვდომა საჯარო სამსახურზე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ქალები კვლავ ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას, რაც უმეტეს წილად გამოწვეული იყო კულტურული კლიშეების გამო. ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ასევე, იყო ზემოაღნიშნული კანონების არათანმიმდევრული აღსრულება. მთავრობა უკრძალავდა ქალებს ზოგიერთ საშიშ და ბუნებრივად უსაფრთხო სამუშაო ადგილებზე მუშაობას. ამას გარდა, მთავრობა არ აღიარებდა ქალების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტების არსებობას.[1]

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) თურქმენეთის შესახებ 2018 წლის 20 ივლისის ანგარიშში გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების სურვილის მქონე ქალები ხშირად აწყდებიან ბარიერებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დაუოჯახებელი ქალების მიმართ გამოყენებული საზღვარგარეთ გამგზავრების თვითნებური აკრძალვის შემთხვევები და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში მიღებული დიპლომების არ-ცნობის ფაქტები.[2]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ სხვა დამატებითი ინფორმაცია თურქმენეთში დაუოჯახებელი (ქალწული) ქალების მიმართ მამაკაცების მხრიდან არსებული ძალადობის შესახებ  საერთაშორისოდ აღიარებულ წყაროებში არ მოიძებნა.

საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და ავტორიტეტული სახელმწიფო უწყებები თავიანთ ანგარიშებში არაფერს წერენ ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქმენეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, მედია საშუალება „რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლება” (RFE/RL) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის მარტში შესაბამისმა სამსახურებმა დაკითხეს უკრაინიდან და თურქეთიდან თურქმენეთში დაბრუნებული მოქალაქეები. მათ აიძულეს ხელი მოეწერათ წერილობით განცხადებაზე, რომ მომავალში თავს შეიკავებენ მსგავს „სახიფათო“ ქვეყნებში ვიზიტისგან. RFE/RL-ს ინფორმაციით, თურქმენეთის ხელისუფლება, აღნიშნულ „სახიფათო“ სახელმწიფოთა სიაში, ასევე მოისაზრებს შემდეგ ქვეყნებს: ავღანეთი, ეგვიპტე, სირია, ერაყი.[3]

თურქმენეთის შესახებ 2016-17 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების თვითნებური აკრძალვის შემთხვევები. სხვებთან ერთად, აღნიშნული აკრძალვების სამიზნეებს წარმოადგენენ: 2002 წელს პრეზიდენტ ნიაზოვის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირების ნათესავები, საზღვარგარეთ მცოხვრები ოპოზიციურად განწყობილი პირების ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, ჟურნალისტები და ყოფილი მიგრანტი მუშაკები.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Forum 18 2018 წლის 27 ივლისის ანგარიშში წერს, რომ თურქმენეთში თურქეთიდან დაბრუნებული თურქმენი მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ  აშგაბადის აეროპორტში ექვემდებარებიან ხანგრძლივ დაკითხვას. მათ ეკითხებიან თუ რატომ ატარებენ ჰიჯაბებს, რამდენად მორწმუნენი არიან, რამდენად ხშირად დადიან მეჩეთებში, ასრულებენ თუ არა ლოცვა „ნამაზს“ და ა.შ.

ასევე, 10 ივლისს აშგაბადის აეროპორტში 2 დღით დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული მიგრანტი მუშაკი. მისი განცხადებით, საზღვრის პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა მისი პიროვნებით, რაც მან რამდენჯერმე შეასრულა ნამაზის ლოცვა აეროპორტის ტერიტორიაზე. ის დაკითხეს, გაჩხრიკეს მისი ტელეფონი, სადაც იპოვეს მისი ლოცვისა და მეჩეთში ყოფნის ამსახველი სურათები და ის გააიგივეს ტერორისტთან. 2 დღის შემდეგ, მას ნება მისცეს, წასულიყო სახლში.

Forum 18-ის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს აღნიშნული პირის შემთხვევის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, წლების განმავლობაში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ხდებოდა აეროპორტში ჩამოსული თურქმენი მოქალაქეების დაკითხვა. დაკითვის დროს, მათ ეკითხებოდნენ თუ რამდენად რელიგიურნი იყვნენ. ასევე, იყო რელიგიური ლიტერატურის შემოწმებისა და ჩამორთმევის შემთხვევებიც. ასევე, გავრცელებული ცნობით, რელიგიური მასალის აღმოჩენის მიზნით, ჩხრეკას ასევე ექვემდებარებოდა პირთა მობილური ტელეფონებიც. [5]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქმენეთის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები საკმაოდ გავრცელებულია. ამ კუთხით, ყველაზე ხშირად, სამიზნეს წარმოადგნენ დისიდენტები, არასანქცირებული რელიგიური ჯგუფების წევრები, აქტივისტები და უცხოურ ორგანიზაციებთან მომუშავე ჟურნალისტები.[6]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ სხვა დამატებითი ინფორმაცია საკითხზე, ხორციელდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ თურქმენეთში,  საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული სახელმწიფო უწყებების ანგარიშებში არ მოიძებნა.

[1] United States Department of State, „Country Report on Human Rights Practices 2017 – Turkmenistan” 20 April 2018, available at

[accessed 14 November 2018]

[2] UN Committee on the Elimination of Discrimination Against Women (CEDAW) „Concluding observations on the fifth periodic report of Turkmenistan [CEDAW/C/TKM/CO/5]“ July 20 2018, available at

[accessed 15 November 2018

[3] United States Department of State, „Country Report on Human Rights Practices 2017 – Turkmenistan” 20 April 2018, available at

[accessed 15 November 2018]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Turkmenistan, 22 February 2017, available at:

[accessed 15 November 2018]

[5] Forum 18, article “Appeals against 12-year jail terms fail” July 27 2018, available at

[accessed 15 November 2018]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Turkmenistan, 1 August 2018, available at:

[accessed 15 November 2018]