საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2017 წელს იემენის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს ეხება, აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, მცირე შესვენებებით, კვლავ განაგრძობდა საჰაერო და სახმელეთო კამპანიას იემენში. 2014 წლის სექტემბერში, ჰუტის (ჰუსიტების-გასამხედროებული დაჯგუფება) ძალებმა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მხარდამჭერმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს იემენის დედაქალაქი, სანა და ქვეყნის უმეტესი ნაწილი. 2015 წლის მარტში, პრეზიდენტ აბდუ მანსურ ჰადის მხარდაჭერის მიზნით, კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებით, თავდასხმა განახორციელა ჰუტი-სალეჰის ძალებზე.

ყოფილ მოკავშირეებს შორის გამართული შეტაკებების შემდეგ, 2017 წლის 4 დეკემბერს, ჰუტის ძალებმა ყოფილი პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი მოკლეს, მაშინ როდესაც იგი ქალაქის დატოვებას ცდილობდა.
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია. კოალიციის ძალები განურჩევლად და არაპროპორციულად აწარმოებდნენ საჰაერო თავდასხმებს სამოქალაქო ობიექტებზე, რის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაირღვა ომის კანონები, გამოყენებული იყო იარაღი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვები, კვლავ იყენებენ. ჰუტი-სალეჰის ძალები განურჩეველ საარტილერიო თავდასხმებს აწარმოებდნენ თაიზის და ადენის ქალაქებში, კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და რაკეტებს უშვებდნენ საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, ნოემბრის მონაცემებით, სულ მცირე 5,295 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, ხოლო 8,873 კი დაიჭრა. ფაქტობრივი მონაცემებით, კი სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ბევრად მეტია.
აღნიშნული ომი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას. ორივე მხარე უკანონოდ უშლის ხელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს.
კოალიციის ძალები იყენებდნენ კასეტურ ბომბებს, მაშინ როდესაც ჰუტი-სალეჰის ძალები იყენებდნენ ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებს – ორივე იარაღი აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
ორივე ძალის მხრიდან ხდებოდა იემენელი აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და თავდასხმის ფაქტები. ჰუტი-სალეჰის ძალების, მთავრობასთან ასოცირებული ძალების, არაბთა გაერთიანებული ემირატების და მის მიერ მხარდაჭერილი იემენის ძალების მხრიდან, ადამიანთა უკანონო დაკავებებს ან იძულებით გაუჩინარების ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარის მიერ არ მოხდა მათი ძალების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიება.
უკანონო საჰაერო თავდასხმები
„Human Rights Watch“-მა კოალიციის მიერ განხორციელებული 85-მდე უკანონო საჰაერო თავდასხმა აღრიცხა, რის შედეგადაც 1,000 მოქალაქე დაიღუპა, დაინგრა სახლები, მაღაზიები, საავადმყოფოები, სკოლები და მეჩეთები. ამ თავდასხმების დროს, ადგილი ჰქონდა ომის დანაშაულებს. მარტში, თვითმფრინავი დაესხა თავს გემს, რომელსაც სომალელი მიგრანტები იემენის ნაპირისკენ გადაყავდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
2017 წელს, საუდის არაბეთმა დადო პირობა, რომ იგი შეამცირებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს, კოალიციის მიერ საჰაერო თავდასხმების განხორციელების დროს. ამის შემდეგ, „Human Rights Watch“-მა აღრიცხა კოალიციის მხრიდან განხორციელებული 6 საჰაერო თავდასხმა, რის შედეგადაც 55 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, მათ შორის 33 ბავშვი. ერთი თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 14 წევრი იქნა მოკლული. გლუკის მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმები კვლავ მთავარი მიზეზია მშვიდობიანი მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის არსებობისა.
განურჩეველი საჰაერო თავდასხმები
ჰუტი-სალეჰის ძალები გამუდმებით ახორციელებდნენ განურჩეველ საარტილერიო თავდასხმებს, როგორც იემენის ქალაქებში, ასევე საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში.
„Human Rights Watch“-მა აღრიცხა, როგორც ჰუტი-სალეჰის ძალების, ასევე მთავრობის მოკავშირე ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები იემენში, რის შედეგადაც დაფიქსირდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მაისში, სამ დღეზე მეტი ხანი მიმდინარეობდა საარტილერიო თავდასხმები თაიზში, ამ თავდასხმების უმეტესი ნაწილი ჰუტი-სალეჰის ძალების მიერ იყო განხორციელებული, რის შედეგადაც 12 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. დაიჭრა 29 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
უკანონო დაკავება, წამება და იძულებითი გაუჩინარება
ჰუტი-სალეჰის ძალები, იემენის მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საემიროები და მათ მიერ მხარდაჭერილი იემენის ძალები, უკანონოდ აკავებდნენ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ძალადობდნენ მათზე და მძიმე პირობებში ამყოფებდნენ. პოლიტიკური ოპონენტების ან უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველი პირების იძულებით გაუჩინარების ფაქტებიც მათ მიეწერება. „გაუჩინარებულთა“ რაოდენობა კვლავ იზრდება.
ჰუტი-სალეჰის ძალებმა დახურეს ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, განახორციელეს ადამიანთა იძულებითი გაუჩინარების ფაქტები, ისინი აწამებდნენ დაკავებულებს, უკანონოდ აკავებდნენ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, თემთა ლიდერებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ბაჰაის საზოგადოების წევრებს. 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული, „Human Rights Watch“-მა, სანაში დამკვიდრებული ხელისუფლების მიერ, ათობით ადამიანის უკანონოდ ან ძალადობრივად დაკავების, მათ შორის ორი ადამიანის საპატიმროში გარდაცვალების ფაქტი აღრიცხა, ასევე 11 საქმე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
Human Rights Watch“-ის ინფორმაციით, სამხრეთ იემენის ტერიტორიაზე, მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში, „50 ადამიანი, მათ შორის ბავშვები უკანონოდ დააპატიმრეს ან იძულებით გაუჩინარდნენ. მათი უმეტესი ნაწილის უკანონო დაკავებასა და იძულებით გაუჩინარებაში, არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები მოიაზრებიან. არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სულ მცირე ორი არაოფიციალური დაკავების ცენტრი გააჩნია. მიუხედავად გათავისუფლების ბრძანებებისა, ისინი კვლავ განაგრძობდნენ ადამიანთა დაკავებას, ასევე, მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყავდათ მაღალი რანგის პატიმრები.
საანგარიშო პერიოდში, უკანონო დაკავებების გამოძიებისთვის ჰადის მთავრობის მიერ შექმნილ კომიტეტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოქვეყნებული გამოძიების შედეგი. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უარყო ყოველგვარ კავშირი ადამიანთა უკანონო დაკავებებსა და მათ მიმართ ძალადობრივ ქმედებებში. როგორც ჩანს, ჰუტი-სალეჰის ძალებსაც არ გამოუძიებიათ დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის საკითხი.
იემენის უფლებადამცველთა ჯგუფებმა და ადვოკატებმა იემენის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში, უკანონო დაკავებების და იძულებით გაუჩინარების ასობით ფაქტი აღრიცხეს.
ტერორიზმი და კონტრ-ტერორიზმი
არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედმა ალ-ქაიდამ და იემენის ისლამურმა სახელმწიფომ, თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა იემენში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ უამრავ აფეთქებაზე.
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, იემენში შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებმა იმატა. ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს ინფორმაციით, 2016 წელს, ობამას ადმინისტრაციის ბოლო წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იემენში უპილოტო თვითმფრინავით 37 თავდასხმა განახორციელა. ხოლო 2017 წლის ოქტომბრისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპილოტო თვითმფრინავით 105 თავდასხმა დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებით, მათი თავდასხმების ძირითადი სამიზნე არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ქაიდა იყო, ხოლო 2017 წლის მიწურულს, განაცხადეს რომ მათ თავდასხმები განახორციელეს იემენის ისლამურ სახელმწიფოზე, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა.
2017 წლის იანვრიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად, იემენში, სულ მცირე ორი სახმელეთო რეიდი მოაწყო, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის იყო 9 ბავშვი. შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო ჩართული არაბთა გაერთიანებულ საემიროების ძალებთან ერთად პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობაში. „Associated Press“-ის მიხედვით, შეერთებულ შტატებს იემენში გამომძიებლები ყავდათ გაგზავნილი არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ჩასართავად. შეერთებულ შტატებს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, არც იემენში განხორციელებული რეიდის და არც პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობაში არაბთა გაერთიანებული საემიროების ძალების მონაწილეობის შესახებ.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, 2017 წელს, შეერთებულმა შტატებმა იემენელი პატიმრები გუანტანამოს ციხიდან საუდის არაბეთში გადაიყვანა.
ჰუმანიტარული მდგომარეობა
იემენში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი ფიქსირდება, სულ მცირე 8 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, ხოლო 1 მილიონი ადამიანი ქოლერით არის დაავადებული. აღნიშნული კრიზისი პირდაპირ კავშირშია მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული მდგომარეობა. კოალიციამ შეაჩერა და მიმართულება შეუცვალა ნავთობის ტანკერებს, დახურა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პორტები, შეაჩერა ჰუტის ძალების მიერ კონტროლირებადი პორტებიდან მომავალი საქონელი. საავადმყოფოების გენერატორებისათვის საჭირო ნავთობი და მოსახლეობისთვის წყალზე წვდომის შესაძლებლობა დაბლოკეს.
ნოემბერში, ჰუტი-სალეჰის ძალების მიერ რიადში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, კოალიციამ დროებით დაბლოკა იემენში შესასვლელი გზები. რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული მდგომარეობა. გაეროს ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში, კოალიციამ შეაჩერა კომერციული რეისები სანას მიმართულებით. მაისიდან მოყოლებული, კოალიციამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის Human Rights Watch-ს, აუკრძალა იემენში ჰუტის ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაადგილება.
ჰუტი-სალეჰის ძალებმა საკვებისა და სამედიცინო ინვენტარის კონფისკაცია მოახდინეს და მოსახლეობას შეუზღუდეს მათზე წვდომის შესაძლებლობა. მათ შეზღუდვები დაუწესეს ჰუმანიტარული ორგანიზაციებს და ხელს უშლიდნენ დახმარების შეღწევას მოსახლეობაში. აღნიშნული შეზღუდვების გამო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვეღარ აღწევდნენ გარკვეულ ტერიტორიებზე. ჰუტი-სალეჰის ძალების მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების გავრცელების შეზღუდვები, მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
იემენში ჰუმანიტარულ ოპერაციებში ჩართული ადამიანები, ხშირად გატაცების, უკანონო დაკავების და მკვლელობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ქალთა და გოგონათა უფლებები
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობა 63%-ით გაიზარდა. გაიზარდა იძულებითი ქორწინების მაჩვენებელი, რაც ასევე, მოიცავს ბავშვთა ქორწინებას. იემენს ქორწინების ასაკის მინიმალური ზღვარი არ აქვს დაწესებული. იემენში ქალები როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პრაქტიკაში, სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას განიცდიან. მათ არ აქვთ ქორწინების უფლება მეურვე მამაკაცის თანხმობის გარეშე, ასევე არ აქვთ თანაბარი უფლება განქორწინების, მემკვიდრეობის და შვილზე მეურვეობის მიღების დროს. სამართლებრივი დაცვის არარსებობა მათ უფრო მეტად დაუცველს ხდის ოჯახური და სექსუალური ძალადობის დროს.
ძირითადი საერთაშორისო აქტორები
კოალიციის წევრები ცდილობენ თავიდან აირიდონ საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც უარს აცხადებენ უკანონო თავდასხმებში მათი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია შედგება: საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის, იორდანიის, მაროკოს და სუდანისგან. კოალიციას ივნისში ყატარი გამოეყო.
შეერთებული შტატები წარმოადგენს კონფლიქტის მონაწილე მხარეს. იგი კოალიციის საჰაერო ძალებისთვის, საწვავის მიწოდებას და სხვა სახის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ არ არის ცნობილი მისი ჩართულობის საზღვრები.
გაერთიანებული სამეფო, კოალიციას დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს, ასევე ეხმარება წვრთნის და იარაღით მომარაგების საკითხში. გაერთიანებული სამეფოს მიერ, საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი, გაერთიანებულ სამეფოში დავის საგანს წარმოადგენს.
შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი განაგრძობდნენ საუდის არაბეთის და კოალიციის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის იარაღის მიწოდებას, მიუხედევად იმისა, რომ კოალიცია აღნიშნულ იარაღს უკანონო თავდასხმებისთვის იყენებდა.
ნიდერლანდებმა, კანადასთან, ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ერთობლივი ძალისხმევით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, საერთაშორისო გამოძიების წამოწყება მოითხოვა. [1]
მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა
BBC-ის მიერ, 2017 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, 2017 წლის 29 ოქტომბრისთვის, სულ მცირე 5,159 მშვიდობიანი მოქალაქე – მათ შორის 20% ბავშვი – იქნა მოკლული, ხოლო, 8,761 ადამიანი დაიჭრა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა უამრავი ბავშვის და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ინფრასტრუქტურის განადგურებამ, საკვებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე, საწვავზე წვდომის შეზღუდვამ, გაეროს თქმით „კატასტროფული“ ჰუმანიტარული მდგომარეობა გამოიწვია.
20 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 11 მილიონი ბავშვი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა არ იცის საიდან უნდა მოიტანოს საკვები, 7 მილიონი ადამიანი სურსათით დახმარების პროგრამაზეა დამოკიდებული. 400,000 ბავშვი საკვების უკმარისობის რისკის ქვეშაა.
სულ მცირე 14.8 მილიონი ადამიანს არ აქვს წვდომა ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე. 3,500 ჯანდაცვის ობიექტიდან, მხოლოდ 45% ფუნქციონირებს სრულად. მათ ქოლერასთან გამკლავება უწევთ, რომლითაც დაახლოებით 913,000 ადამიანია დაავადებული, ხოლო 2017 წლის აპრილიდან მოყოლებული 2,196 ადამიანი გარდაიცვალა.
კონფლიქტის შედეგად, ორი მილიონი იემენელი იძულებით არის გადაადგილებული. ხოლო, 188,000 ადამიანი მეზობელ ქვეყნებშია გადასული.[2]
[1] Human Rights Watch world report 2018: Yemen/Events of 2017 https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/yemen [accessed on 24, January 2018]
[2] BBC News: Yemen crisis: Who is fighting whom? Updated – 2 December 2017
http://www.bbc.com/news/world-middle-east-29319423 [accessed 30, January 2018]