ზოგადი მდგომარეობა იორდანიაში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, იორდანია ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტში, რაც მისი სამხედრო ძალების მიერ ერაყში და სირიაში საავიაციო იერიშების მიტანით გამოიხატება. ის ასევე ჩართულია იემენსა და სირიაში მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში.[1]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ იორდანიის ჰეშემიტურ სამეფო წარმოადგენს კონსიტუციურ მონარქიას, რომელსაც მეფე აბდულლა II იბნ ჰუსსეინი მართავს. ქვეყნის მულტიპარტიული პარლამენტი შედგება 65 წევრიანი სენატისა და 130 წევრიანი წარმომადგენელთა პალატის მიერ, რომელთაც ხალხი არჩევნების გზით ირჩევს. უკანასკნელი არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, ტექნიკურად გამართული, თავისუფალი და სამართლიანი.
ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოა საჯარო უსაფრთხოების დირექტორატი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ამას გარდა, შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნავს სამოქალაქო თავდაცვის დირექტორატი, ჯანდარმერია და ზოგადი დაზვერვის დირექტორატი (ეს უკანასკნელი უშუალოდ მეფეს ექვემდებარება). ქვეყნის საგარეო უსაფრთხეობას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.
მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უსაფრთხოების ძალების მიმართ არსებული სავარაუდო წამების ბრალდებები; პირთა, მათ შორის – ჟურნალისტთა და აქტივისტთა თვითნებური და უკანონო დაკავებები; მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა; თავისუფალი აზრის და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, ცენზურა და ვებ-გვერდების დაბლოკვა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების კუთხით არსებული შეზღუდვები; კორუფცია; ქალთა „ღირსებით მოტივირებული მკვლელობები“; ლგბტი თემის მიმართ ძალადობა და ზოგიერთ სექტორში არსებული სამუშაო პირობები, რომლებიც იძულებით შრომას უტოლდებოდა.
მართლია, დაუსჯელობა ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა, მთავრობა დგამდა ლიმიტირებულ, არა-გამჭირვალე ნაბიჯებს, რათა გამოეძიებინა და სათანადოდ დაესაჯა უფლებადარღვევებში დამნაშავე პირები.[2]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ-თავისუფალი“ (ინდექსი 37/100).
ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში მონარქიული წყობაა, სადაც პოლიტიკასა და მთავრობაში მთავარ როლს მეფე თამაშობს. პარლამენტის ქვედა პალატი არჩევნების შედეგად კომპლექტდება, თუმცა, არსებული საარჩევნო სისტემა ოპოზიციას არახელსაყრელ პოზიციაში აყენებს და, ზოგადადაც, პალატას პრაქტიკაში არც ისე დიდი ძალაუფლება გააჩნია. მედია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები შემზღუდველ კანონებსა და სამთავრობო გავლენას ექვემდებარებიან. ქვეყნის სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობას მოკლებულია და ხშირად ვერ ახერხებს სათანადო პროცესუალური საკითხების გარანტირებას.
2019 წელს მომხდარი მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყოს უმუშევრობის, საჯარო სექტორში დაბალი ანაზღაურებისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური დემონსტრაციები, რომლებიც წლის განმვალობაში, სხვადასხვა პერიოდში მიმდინარებოდა. ამას ასევე დაემატა მასწავლებლების 30 დღიანი გაფიცვა სექტემბერში. ისინიც დაბალ ანაზღაურებას აპროსტესტებდნენ. განსხვავებული აზრის გამო, შესაბამისმა სამსახურებმა დააპატიმრეს ათობით აქტივისტი. [3]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) მიხედვით, 2019 წელს იორდანიის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები გაიზარდა, რომელთაც სექტემბერში მასწავლებელთა ერთ თვიანი გაფიცვაც დაემატა. ისინი ითხოვდნენ მთავრობის მიერ 2014 წელს დაპირებულ 50 %-იან ზრდას ხელფასებთან მიმართებით. საბოლოოდ, მოლაპარაკებები შედგა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს კვალიფიკაციის მიხედვით, 35-დან 75 %-მდე გაეზარდათ ანაზღაურება. ანგარიშის მიხედვით, იორდანიის კანონმდებლობა კრძალავს მეფის, უცხო ქვეყნების, სამთავრობო ჩინოსნებისა და ინსტიტუციების, ისლამისა და ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვას. მზარდი პროსტესტების ფონაზე, ხელისუფლებამ დააკავა 30-მდე პოლიტიკური და ანტი-კორუფციონერი აქტივისტი. დაკავებულთა უმრავლესობა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ აქტივისტთა ფართო მოძრაობა ჰირაქთან (hirak).
2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთავრობას არ აღუსრულებია არც ერთი სასიკვდილო სასჯელი, თუმცა, იორდანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით (NCHR), 2018 წლის ბოლოსთვის, ე.წ. „სასიკვდილო რიგში“ იდგა 151 პირი. ივლისში, უსაფრთხოების ძალებმა მადაბას პროვინციაში, ადგილობრივი ტრადიცია – „ჯალვა“-ს საფუძველზე, საკუთარი სახლებიდან გააძევეს ალ-შაჰინის ოჯახის 200-ზე მეტი წევრი. აღნიშნული ტრადიცია გულისხმობს მკვლელობაში ბრალდებული პირების ოჯახის წევრების გახიზვნას სხვაგან, რათა თავიდან აცილებულ იქნას შურისძიებით მოტივირებული მკვლელობები (ე.წ. სისხლის აღება). აღნიშნული ტრადიცია წარმოადგენდა იორდანიის კონსტიტუციის უხეშ დარღვევას და, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწას.[4]
2. რელიგიის შეცვლა
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, თუმცა გარანტირებულია „თაყვანისცემისა და რელიგიური რიტუალების აღსრულების ყველა ფორმა“, თუ ისინი თავსებადია საჯარო წესრიგთან და მორალთან. ამას გარდა, ქვეყნის ძირითად კანონში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები არ შეიძლება დაექვემდებარონ რელიგიის კუთხით დისკრიმინაციას და რომ მეფე აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს. თუმცა, კონსტიტუციაში არაფერია წერია პირის უფლებაზე, შეიცვალოს მრწამსი და კონვერტირდეს სხვა რელიგიაზე. საინტერესოა, რომ არც სამოქალაქო და არც სისხსლისამართლებრივ კანონმდებლობაში, არანაირი რეგულაცია (და, შესაბამისად – სანქცია) აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს.
კონსტიტუცია შარიათის სასამართლოებს ანიჭებს უფლებას, განსაზღვრონ ყველა მუსლიმის პირადი სტატუსი. შარიათი არ აღიარებს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებულ პირებს, კვლავ მიიჩნევს მათ მუსლიმებად, თუმცა მათთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი – “განდგომილი“. ზემოხსენებული მიდგომიდან გამომდინარე, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირებს არ ეძლევათ უფლება, საკუთარ ელექტრონულ ჩანაწერებში შეიცვალონ რელიგიური კუთვნილება (2016 წლიდან იორდანიის პირადობის მოწმობაზე რელიგიური კუთვნილება აღარ არის დატანილი და ეს ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონულ ბაზაში ინახება).
რაც შეეხება მთავრობის მხრიდან, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირთა მიმართ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ისინი ავრცელებდნენ ცნობებს, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ექვემდებარებოდნენ როგორც დაკითხვას მათი რელიგიური შეხედულებებისა და რიტუალების შესახებ, ასევე – თვალთვალს. აღნიშნული ქმედებები განპირობებული იყო სამთავრობო კამპანიით, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობდა თავიდან აეცილებინა პირთა კონვერტაცია მათ მიერ კონკრეტულად განქორწინების ან მემკვიდრეობის კუთხით სხვადასხვა ბენეიფიტების მიღებისთვის (ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში განქორწინებისთვის სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურა მოქმედებს, რაც განპირობებულია პირის რელიგიური კუთვნილებით. ისინი ზოგჯერ მიმართავენ კონვერტაციას, რათა თავი აარიდონ მათთვის დაწესებულ შესაბამის პროცედურას და ისარგებლონ სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის დაწესებული, შედარებით მარტივი, მსუბუქი და მომგებიანი წესებით). ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული ზოგიერთი პირი ასევე აცხადებდა, რომ თაყვანისცემას და რელიგიური რიტუალების აღსრულებას განაგრძობდა ფარულად, რათა თავიდან აერიდებინა უსაფრთხოების ძალების მხრიდან მკაცრი შემოწმება. ანგარიშის მიხედვით, გამომდინარე შარიათის მიხედვით კონვერტაციის აკრძალვაზე, სამთავრობო თანამდებობის პირები, ზოგადად, უარს აცხადებდნენ საჯარო დოკუმენტეზე პირების რელიგიური კუთვნილების შესაბამის გრაფაში „ისლამის“ სხვა რელიგიით შეცვლაზე. შესაბამისად, კონვერტირებული პირის რეალური რელიგიური კუთვნილება არ ემთხვეოდა მათ დოკუმენტებზე დაფიქსირებულ რელიგიას, რის გამოც ისინი ექვემდებარებოდნენ პირადი სტატუსების შესახებ (ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა) მუსლიმურ კანონმდებლობას და საჩივრებს „განდგომილობის“ თაოებაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვეტირებულ პირთა მიმართ იორდანიული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ანგარშის მიხედვით, ზემოხსენებულ პირები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ექვემდებარეობდნენ სოციალურ „ოსტრაკიზმს“ (განდევნა, გარიყვა) , მუქარებს, ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას, მათ შორის – ცემას, შეურაცხყოფას და დაშინებას, როგორც ოჯახის წევრებისა და მეზობლების, ასევე – თემისა და ტომების წევრების მხრიდან. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ ლოცულობდა ფარულად, რადგან ეშინოდა იმ სოციალური სტიგმის რასც, კონვერტირებული პირების მიმართ აქვს ადგილი. სხვები კი აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ ხშირად ადგილი ჰქონდა ძალადობის შესახებ ქრონიკულ და დამაჯერებელ მუქარებს იმ ოჯახის წევრების მხრიდან, როლებიც ცდილობდნენ, ამ გზით, დაეცვათ ტრადიციული ღირსება.საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მდედრობითი სქესის კონვერტირებული პირები, ამ კუთხით, განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენდნენ. ისინი ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილი ჰქონდა ქალი კონვერტირებული პირების მუსლიმებზე იძულებითი ქორწინებების შემთხვევებს, რათა „შეენარჩუნებათ ოჯახის ღირსება“. ეკლესიების ლიდერები კვლავ ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ფიქსირდებოდა ძალადობა და დისკრიმინაცია კონვერტირებული პირების და რომანტიულ ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი პირების მიმართ. ისლამიდან კონვერტირებული ზოგიერთი პირი გამოხატავდა ინტერესს საზღვარგარეთ გადასახლებაში, რაც განპირობებული იყო მათ მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობრივი მუქარების არსებობით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ისლამიდან კონვერტირებული პირები სოციალურ მედიასა და ონლაინ სივრცეში კრიტიკის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ.[1]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ისლამი სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული. მთავრობა მკაცრად აკონტროლებს მეჩეთებში პოლიტიკური, სექტარული ან ექსტრემისტული ხასიათის რეტორიკას, ასევე – აღნიშნულ თებებზე ტექსტებისა და წიგნების გამოცემის პროცესს. მუსლიმ ღვთისმეტყველებს ესაჭირეობათ სათანადო სამთავრობო ნებართვა, რათა საჯაროდ იქადაგანონ და რელიგიური ცოდნა სხვებს გაუზიარონ. ბევრი ქრისტიანული ჯგუფია აღიარებულია, როგორც რელიგიური დენომინაცია ან ასოციაცია და მათ ყოველგვარი პრობელემების გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ აღასრულონ საკუთარი რელიგიური უფლებები, თუმცა, აკრძალული აქვთ მუსლიმებში ქრისტიანობის პროზელიტიზმი (რელიგიის ქადაგება).
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იორდანიაში, ბევრი მუსლიმური ქვეყნისგან განსხვავებით, ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებული პირები არ ექვემდებარებიან „განდგომილობისთვის“ სისხლის სამართლებრივ დევნას, პრაქტიკაში მათ მიმართ მაინც ადგილი აქვს გარკვეული ტიპის ბიუროკრატიულ დაბრკოლებებსა და შევიწროებას.
ორგანიზაცია იორდანიაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას მაქსიმალური 4 ქულიდან 2-ით აფასებს.[2]
[1] United States Department of State -2019 Report on International Religious Freedom: Jordan; published in June 2020; available at
[accessed 18 December 2020]
[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at
[accessed 18 December 2020]
[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at https://www.rulac.org/browse/countries/jordan [accessed 17 December 2020]
[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Jordan; published in March 2020; available at
[accessed 17 December 2020]
[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at
[accessed 18 December 2020]
[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Jordan; published in January 2020; available at
[accessed 18 December 2020]