ირანი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პრაქტიკა. თებერვალი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და დისიდენტების დარბევას; ადამიანის უფლებების დამრღვევები კი დაუსჯელები რჩებიან. ეკონომიკური მდგომარეობა მერყევია, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც; ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე და მილიონობით ირანელისთვის საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.

ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ძალები გადამეტებული და უკანონო ძალის [მათ შორის ლეტალური] გამოყენებით პასუხობდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო იწყებოდა და აპატიმრებდნენ ათასობით დემონსტრანტს. ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროვებას; მათ დაპატიმრებებსა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ირანი კვლავ რჩება მსოფლიოში ერთერთ მოწინავე პოზიციებზე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულების მაჩვენებლით; უფლებადამცველთა ინფორმაციით, 2021 წელს [8 ნოემბრამდე], ირანში სიკვდილით დასაჯეს მინიმუმ 254 ადამიანი, რომელთაგან მინიმუმ 7 ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. ირანული სასამართლო, განსაკუთრებით რევოლუციური სასამართლოები, შორსაა აღიარებული სტანდარტებისგან; სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს სამართლიანად და სასამართლო უპრობლემოდ იყენებს მტკიცებულებებად აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც, როგორც წესი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებშია მოპოვებული.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ზოგადად, კვლავ დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები არიან. ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის სექსუალური კავშირი დასჯადია; მამაკაცების შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილითაც კი. ირანში დაშვებულია, და ხელისუფლება ასუბსიდირებს კიდეც, სქესის შეცვლის ოპერაცია ტრანსგენდერი პირებისთვის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს რეპრესიულ ქმედებებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები, ირანის სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, მკაცრად დევნიან განსხვავებულ აზრს; მათ შორის, იყენებენ გადამეტებულ და მომაკვდინებელ ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები დაკავების ცენტრებში ძალადობისა და წამების შესახებ. პრეზიდენტი როუჰანი და მისი ადმინისტრაცია, რიგ შემთხვევებში, ცდილობენ შეეწინააღმდეგონ მსგავს ადამიანის უფლებების დარღვევებს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, თუმცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მსგავს ქმედებებს მწვანე შუქს უნთებს. შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ფართო სანქციები დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ასევე აისახება ირანელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე წვდომაზე.

გასული წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ძალიან მკაცრად პასუხობდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რაც გამოიხატებოდა გადამეტებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებასა და ათასობით დემონსტრანტის დაპატიმრებაში. განსხვავებული აზრის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, სასამართლო და დაზვერვის სამსახური კვლავ იყენებს სხვადასხვა ფართო მნიშვნელობის მუხლს, როგორიცაა მაგალითად, „პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ“, „შეკრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის“, „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“ და „ეროვნული ინტერესების შემლახავი ჯგუფის დაფუძნება ან წევრობა“.

ირანი კვლავ წამყვან პოზიციებზეა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მაჩვენებლით. 2020 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 23 ადამიანი; მათ შორის იყო 4 პირი, რომელთაც ბრალი ედებოდათ ისეთი ბუნდოვანი მუხლებით, როგორიცაა „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა (მოჰარებეჰ)“, „კორუფციის გავრცელება დედამიწაზე (ისფად ფილ არზ)“ და „შეიარაღებული ამბოხი“ (ბაგჰი). ასევე, სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ორი ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა. ირანული სასამართლოები და განსაკუთრებით, რევოლუციური სასამართლოები, რეგულარულად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას და დასაშვებად ცნობენ აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და სხვა არადამიანური მოპყრობის გზითაა მიღებული.

ქალები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და შვილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთსქესიანთა კავშირი ქალებისთვის გაროზგვით ისჯება; მამაკაცები კი შესაძლოა სიკვდილითაც დაისაჯონ. მთავრობა, ასევე, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს რელიგიური უმცირესობების მიმართ, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ. ხელისუფლება ზღუდავს კულტურულ და პოლიტიკურ ქმდებებს ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალოჩ უმცირესობებში.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა, მათ შორის, უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ძალიან ხშირად მკვლელობები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ მიიჩნევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად; ამასთან, აღნიშნული ხდება სამართლიანი სასამართლოს გარეშე და ხშირად არასრულწლოვნების მიმართაც; ასევე, იძულებით გაუჩინარებები და წამება სამთავრობო აგენტების მხრიდან, ისევე როგორც თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობის სისტემატური გამოყენება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვა; სერიოზული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით და სხვა უფლებადარღვევები. ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების დასჯისთვის.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამქოვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ მართალია, ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ის ფორმალური ხასიათისაა, რადგან სიტუაციას სრულად აკონტროლებს სასულიერი ხელისუფლება, რომელიც არჩევითი ორგანო არაა და რომელიც არ უშვებს არჩევნებზე კანდიდატებს, ვინც შეუფერებლად მიაჩინათ სასულიერო ძალაუფლებისთვის. სრული ძალაუფლება უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და მის დაქვემდებარებაში მყოფი არა არჩევითი ორგანოების ხელშია კონცენტრირებული. ეს ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ძალები და სასამართლო, საკვანძო როლს თამაშობს განსხვავებული აზრის რეპრესიებსა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისას.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და უსაფრთხოების ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას პროტესტის ჩასახშობად. ხელისუფლება კვლავ თვითნებურად აპატიმრებს ასობით დემონსტრანტს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. ქალები, ისევე როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და ხშირად ძალადობასაც.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[6]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ირანის ისლამური რესპუბლიკა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

ირანი. ეთნიკურად ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება. თებერვალი, 2022

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი, 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქურთებისა და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ქურთები ირანის 80-მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენენ. ქურთები რიგით მეორე უდიდესი ეთნიკური უმცირესობაა ირანში [აზერები ირანის მოსახლეობის 16%-ს შეადგენენ]. ირანის ქურთები სიდიდით მხოლოდ თურქეთში მაცხოვრებელ ქურთებს ჩამოუვარდებიან და, სავარაუდოდ, აღემატებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქურთებს ერთად აღებულს. ირანის ქურთები, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობენ; ტერიტორიაზე, რომელსაც „ქურთისტანად“ მოიხსენიებენ. ქურთისტანი, ასევე, ოფიციალური სახელია ერთერთი პროვინციის, რომელიც ირანის ამ ნაწილში მდებარეობს.

ირანსა და მთლიანად რეგიონში ქურთების განსახლების არეალი ასახულია რუქაზე, რომელსაც ასევე აქვეყნებს გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი:

რუქაზე იასამნისფრად აღნიშნულია ის ტერიტორია, სადაც ეთნიკურად ქურთები არიან დასახლებულნი. აღნიშნული რუქა აჩვენებს, რომ ირანში, გილანის პროვინციაში და კონკრეტულად ქალაქ რაშთში, ეთნიკური ქურთები, როგორც თემი ან საზოგადოება, წარმოდგენილნი არ არიან. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს აღნიშნულ პროვინციასა და ქალაქში ეთნიკურად ქურთების განსახლებას ცალკეული და ინდივიდუალური სახით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ ინფორმაციაში ეთნიკურად ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება შესწავლილია ზოგადად ქვეყნის მასშტაბით და არ არის კონცენტრირებული კონკრეტულად გილანის პროვინციაზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ირანის ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ ტომობრივი კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობს; და კანის ფერი, რასა, ენა და სხვა რაიმე მახასიათებელი არავის ანიჭებს რაიმე პრივილეგიას. მიუხედავად ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში უმცირესობები თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის, აჰვაზი არაბები, აზერბაიჯანი ტურკები, ბალუჩები, ქურთები და ტურკმენები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას განათლების, დასაქმების, განსახლებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის კუთხით. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად არ ხორციელდება ინვესტიციები, რაც აღნიშნულ რეგიონებში მარგინალიზაციასა და სიღარიბეს უწყობს ხელს.

ირანის სასაზღვრო პოლიცია კვლავ უკანონოდ და დაუსჯელად ხსნის ცეცხლს შეუიარაღებელი ქურთი კულბარების მიმართულებით, რომლებიც ირან-ერაყის საზღვარზე [ირანისა და ერაყის ქურთისტანის პროვინციებს შორის] მძიმე პირობებში მუშაობენ. ქურთული უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსგავს ინციდენტებს მინიმუმ 40 კაცი შეეწირა და ათობით სხვა დაშავდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ირანში, სიკვდილით დასჯილთა შორის, არაპროპორციულად დიდია ირანელი ქურთებისა და ბალუჩების რიცხვი.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება ზღუდავს ქვეყნის აზერი, ქურთი, არაბი და ბალუჩი უმცირესობების კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას. უმცირესობების წარმომადგენელ აქტივისტებს რეგულარულად აპატიმრებენ და ასამართლებენ ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტს ამოფარებული, ბუნდოვანი ბრალდებებით. წყაროები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები შორსაა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებისგან.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2020 წლის მაისში გაუჩინარდა ოთხი პატიმარი, რომელთაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. მათ შორის ერთი – ჰედაიატ აბდოლაჰპური – ქურთული უმცირესობის წარმომადგენელი იყო. გაუჩინარებული პატიმრების ოჯახის წევრები შიშობდნენ, რომ ხელისუფლებამ მათი განაჩენი საიდუმლოდ აღასრულა.

მთავრობის არაპროპორციულ სამიზნეს წარმოადგენენ უმცირესობები, მათ შორის ქურთები, აჰვაზები, აზერები და ბალუჩები; მათ მიმართ ადგილი აქვს თვითნებურ დაპატიმრებებს, გახანგრძლივებულ დაკავებებს, გაუჩინარებებს და ფიზიკურ შეურაცხყოფებს. აღნიშნული ეთნიკური უმცირესობები უჩივიან პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ დისკრიმინაციას; განსაკუთრებით ეკონომიკურ დახმარებასა და ბიზნეს საქმიანობის ლიცენზიებზე წვდომის, უნივერსიტეტში ჩარიცხვის, დასაქმების, წიგნების გამოქვეყნების, განსახლებისა და მიწის ფლობის უფლების კუთხით. 2020 წლის ივლისში, წყაროები საუბრობდნენ პოლიტიკური მოტივით პატიმრების განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე აზერბაიჯანი-ტურკები, ქურთებისა და აჰვაზი არაბების თემებიდან.

მთავრობა განაგრძობს ქურთების დაპატიმრებებს და სამართლებრივ დევნას გამოხატვისა და შეკრების უფლების გამოყენებისთვის. მთავრობა კრძალავს ქურთულენოვანი გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების გამოცემას და სჯის გამომცემლებს, ჟურნალისტებსა და მწერლებს, ვინც მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება. ხელისუფლება ზღუდავს ქურთული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მათთვის რეგისტრაციაზე უარის ან ორგანიზაციაში მომუშავე პირთა სამართლებრივი დევნის გზით. ხელისუფლება, ზოგადად, არ კრძალავს ქურთული ენის გამოყენებას, მაგრამ საჯარო სკოლებში ქურთულ ენაზე სწავლებას არ უშვებს.[4]

[1] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ირანი: ქურთები და ქურთული პოლიტიკური ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2019 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს]

[4] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს]

ირანი. მხატვრების მიმართ არსებული დამოკიდებულება. თებერვალი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ასობით ადამიანი რჩება თვითნებურ პატიმრობაში თავიანთი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვის გამო; მათ შორის არიან დემონსტრანტები, ჟურნალისტები, პოლიტიკური დისიდენტები, მწერლები, უფლებადამცველები და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირები.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ილახება „ისლამის ფუნდამენტური პრინციპები“. ირანის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობს ნებისმიერი ფორმის პროპაგანდაში ირანის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ან ოპოზიციური ჯგუფების მხარდასაჭერად, შეიძლება, დაისაჯოს პატიმრობით; 3 თვიდან 1 წლამდე ვადით. კანონმდებლობა ითვალისწინებს პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, ეროვნული უსაფრთხოების ან ისლამის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის. მთავრობა მკაცრად ზღუდავს სიტყვის და პრესის თავისუფლებას და იყენებს კანონმდებლობას იმ პირების პასუხისგებაში მიცემისთვის, ვინც ღიად აკრიტიკებს მთავრობას ან საუბრობს ადამიანის უფლებებზე.[3]

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ხელოვნება, ზოგადად, წარმოადგენს სადავო სივრცეს, სადაც ადგილი აქვს შიდა კულტურულ ბრძოლებს. ირანში მხატვრებს უწევთ ორიენტირება ბევრი ცენზურის მიმართ. ხელოვნების ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საზოგადოებისთვის, გამოქვეყნებამდე, საჭიროებს წინასწარ ავტორიზაციას ირანის კულტურისა და ისლამური განათლების სამინისტროსგან. ამასთანავე, აკრძალულია ნებისმიერი პიესა, გამოფენა ან ფილმი, რომელიც ითვლება, რომ დაკავშირებულია პოლიტიკასთან, რელიგიასთან ან სექსუალურ საკითხებთან. ხელოვანების დიდი ნაწილი განიცდის შევიწროებას ან დაპატიმრებულია.[4]

2015 წლის ივნისში, თავის ადვოკატთან ერთად, დააკავეს ხელოვანი ათენა ფარღადანი (Atena Farghadani), რომელიც თავისი ნახატების მეშვეობით იცავდა ადამიანის უფლებებს. მათ ბრალად ედებათ „უკანონო სქესობრივი ურთიერთობა, მრუშობა და გარყვნილი ქმედება“.[5] ათენა ფარღადანს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წელიწადნახევრის შემდეგ, მის საქმეს სააპელაციო სასამართლომ გადახედა და პატიმრობის ვადა 18 თვემდე შეამცირა. გამომდინარე იქიდა, რომ მხატვარს 18 თვე უკვე გატარებული ჰქონდა საპატიმროში, ის იმ დღესვე გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.[6]

„Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2016 წლის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, ირანელი მხატვრების, მწერლებისა და სოციალური აქტივისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ და მწერალმა პარისპურმა ღია წერილში გამოხატა უკმაყოფილება ხელოვანებზე გაზრდილი რეპრესიების გამო. ღია წერილში ნახსენები იყო, რომ ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირებისთვის მუშაობა არის რთული, ნამუშევრებზე აკრძალვებისა და მკაცრი შეფასებების გამო.[7]

გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ხელოვანი და ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, რომლებიც საჯაროდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს, არიან მუქარის, შევიწროების, დაკავებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი.[8]

ირანის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს სტუდენტების, ჟურნალისტების, ადვოკატების, პოლიტიკური აქტივისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ხელოვანებისა და რელიგიური უმცირესობების წევრების დაკავებას, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე. მთავრობამ შეზღუდა საზღვარგარეთ მოგზაურობა ზოგიერთი რელიგიური ლიდერისთვის, რელიგიური უმცირესობის წევრებისთვისა და სენსიტიურ სფეროებში მომუშავე მეცნიერებისთვის. აღნიშნული აკრძალვა შეეხო რამდენიმე ჟურნალისტს, აკადემიკოსს, ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსს, ადამიანის უფლებათა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებსა და ხელოვანებს, ზოგიერთს პასპორტიც ჩამოერთვა წლის განმავლობაში.[9]

ACCORD-ის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ თვეებში დაკავებები შეეხო ხელოვანებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულნი არიან აკრძალულ აქტივობებში.[10]

„Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2017 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ხელოვანები და მწერლები დაექვემდებარებიან ხანგრძლივ პატიმრობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ანგარიშის წერის მომენტში, ციხეში იმყოფებოდა 24 ავტორი.[11]

იმის მიუხედავად, რომ გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით ირანში ადგილი აქვს ხელოვანების შევიწროების ფაქტებს, რაც ნაწილობრივ გამომდინარეობს ირანში გამოხატვის თავისუფლების მიმართ არსებული მკაცრი შეზღუდვებიდან, აღიარებულ საერთაშორისო ორგანიზაციები და ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტები თავიანთ უახლეს ანგარიშებში არაფერს წერენ კონკრეტულად მხატვრების მასობრივად დევნისა თუ შევიწროვების ფაქტების შესახებ.

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 თებერვალს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 თებერვალს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 თებერვალს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Article 19“; ირანი: ჩვენ უნდა დავიცვათ ხელოვანთა გამოხატვის უფლება; გამოქვეყნებულია 2015 წლის 23 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ირანელი უფლებადამცველები თავდასხმების სამიზნეები არიან; გამოქვეყნებულია 2017 წლის 2 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

[6] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ათენა ფარღადანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს; გამოქვეყნებულია 2020 წლის 18 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org.uk/iran-atena-farghadani-released-free-imprisoned-art-political-cartoons [ნანახია 2022 წლის 2 თებერვალს]

[7] ჰაინრიხ ბიოლის ფონდი „Heinrich-Böll-Stiftung“; ანგარიში ირანის შესახებ 02/16; გამოქვეყნებულია 2016 წლის 4 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

[8] გაეროს გენერალური ასამბლეა; ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა ირანში A/72/562; გამოქვეყნებულია 2017 წლის 31 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილი]

[9] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა ირანში – 2016 წელი; გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

[10] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; კითხვაზე პასუხი: ირანი – ხელისუფლების შესაძლებლობები, აკონტროლოს საზღვარგარეთ მყოფი ირანელების რელიგიური და ოლაინ აქტივობები; გამოქვეყნებულია 2017 წლის 12 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

[11] ჰეინრიხ ბიოლის ფონდი „Heinrich-Böll-Stiftung“; ანგარიში ირანის შესახებ 02/16; გამოქვეყნებულია 2016 წლის 4 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2018 წლის 23 აპრილს]

ირანი. შაჰის გვარდია; ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა; აღა-სოლთანის მკვლელობა. იანვარი, 2022

საიმპერატორო არმია [Imperial Guard] იყო როგორც ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამმად რეზა ფაჰლავის პირადი გვარდია, ასევე ირანის საიმპერატორო არმიის ელიტური საბრძოლო დანაყოფი. ის 1942 წელს შეიქმნა და დაიშალა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ. საიმპერატორო გვარდიის ბირთვს წარმოადგენდა, სრულად მოხალისეობრივ საწყისებზე აგებული, „ჯავიდანის გვარდია“ [Javidan Guard], უფრო ცნობილი როგორც „უკვდავები“. 1970-იანი წლების ბოლოს საიმპერატორო გვარდია 18 ათასამდე სამხედროს აერთიანებდა და იყო ერთადერთი შეიარაღებული დანაყოფი, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა თეირანში. საიმპერატორო გვარდია არმიის 6%-ს შეადგენდა.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, ჯავიდანის საიმპერატორო გვარდიისა და მათი წევრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, 1996 წელს მომზადებულ ინფორმაციაში წერდა, რომ „ჯავიდანის გვარდია“ იყო დანაყოფი, რომელსაც შაჰის დაცვა ევალებოდა. გვარდია დაშალა ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც 1979 წლის რევოლუციის შედეგად, ქვეყნის სათავეში მოვიდა. ზოგადად, გამომდინარე შაჰის მიმართ ერთგულებიდან, ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება ჯავიდანის გვარდიის ყოფილი წევრების მიმართ კეთილგანწყობილი არაა. ის ყოფილი წევრები, ვინც ბოლომდე შაჰის ერთგული დარჩა მის ჩამოგდებამდე, არასათანადო მოპყრობის ობიექტებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც შაჰის ჩამოგდებამდეც თანამშრომლობდნენ ირანის ამჟამინდელ ლიდერებთან, შაჰის ჩამოგდების შემდეგ, დაჯილდოვნდნენ კიდეც. არსებული ინფორმაციით, 1979 წლისთვის, რევოლუციამდე, ჯავიდანის გვარდია, დაახლოებით, 3 ათას სამხედროს აერთიანებდა, რომელთაც შაჰისა და მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების უსაფრთხოება და დაცვა ევალებოდათ. იმის გამო, რომ ისინი შაჰის ერთგულები იყვნენ, ამჟამინდელი რეჟიმი არ ენდობა გვარდიის ყოფილ წევრებს. გვარდიის ზოგიერთი ყოფილი წევრი, განსაკუთრებით მაღალი რანგის ოფიცრები, სიკვდილით დასაჯეს, დააპატიმრეს ან დაითხოვეს. ზოგმა კი მოახერხა და ირანიდან გაიქცა. ჯავიდანის გვარდიის ყოფილმა წევრებმა უფრო მეტი არასათანადო მოპყრობა გადაიტანეს ირანის ახალი რეჟიმის მხრიდან, ვიდრე ირანის სხვა მოქალაქეებმა.[1] [2]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ საკითხის კვლევისას შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია შაჰის გვარდიის და შაჰის გვარდიის ყოფილი წევრების ოჯახის წევრების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ.

 

ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა [Kudeta-ye Nozeh] იყო ირანში ახლად ჩამოყალიბებული ისლამური რესპუბლიკისა და მისი მთავრობის [აბოლჰასან ბანისადრის მთავრობა და აიათოლა ხომენეი] დამხობის გეგმით. გეგმა მოიცავდა ოფიცრებს და მომსახურე პერსონალს ქვეითი და საჰაერო ძალებიდან, არმიიდან და საიდუმლო სამსახურიდან. გადატრიალების მცდელობა მეტწილად შეჩერდა ასობით ოფიცრის დაპატიმრებით, ჰამედანთან ახლოს, ნოჟეს საჰაერო ბაზაზე, 1980 წლის 9-10 ივლისს. თუმცა, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი საბოტაჟს უკვე მოტანილი ჰქონდა – ხუზესტანის საბრძოლო ხაზზე 159-დან მხოლოდ 28 ტანკი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ორგანიზებული იყო ჟანდარმერიის გადამდგარი ოფიცრის, პოლკოვნიკი მუჰამად ბაქირ-ამირის მიერ, რომელსაც შაჰის ბოლო პრემიერი შაპურ ბახტაირი ეხმარებოდა; ბახტაირის კონტრიბუცია იყო ფინანსური ხასიათის და ასევე ის უზრუნველყოფდა გადატრიალების მხარდაჭერას საკუთარი კონტაქტებისა და გავლენების გამოყენებით. გეგმის სამოქალაქო ნაწილს ბიზნესმენი მანუჩერ გორბანიფარი ხელმძღვანელობდა.

მაშინდელი პრეზიდენტი აბოლჰასან ბანისადრის თქმით, მთავრობამ აღმოაჩნა რვა მსხვილი ქსელი და გამოააშკარავა შეთქმულთა გეგმა, რასაც მოჰყვა დაპატიმრებები: „მათი გეგმა იყო, შაჰის რეჟიმის აღდგენის მოტივით, სამხედრო გადატრიალების შთაბეჭდილების შექმნა; სინამდვილეში კი მათი მიზანი იყო ერაყში შეჭრის პრეტქსტის დაფარვა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კონსპირატორებმა სულეიმანიაში სამხედრო ბანაკი დააფუძნეს და გეგმავდნენ ქურთების აჯანყებას და ირანში დემონსტრაციების ორგანიზებას. მათი სტრატეგია მარტივი იყო: შიდა არეულობა დაასუსტებდა ირანის შეიარაღებულ ძალებს და ეს სადამს საშუალებას მისცემდა, ქვეყნის მთელი დასავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა“, – ამტკიცებდა ბანისადრი. სამხედრო გადატრიალების ჩავარდნის შემდეგ, აიათოლა ხომენეი სიტყვით გამოვიდა ჯამარნ ჰოსეინეჰში და თქვა, „ჩვენ რომც ვერ გამოგვეაშკარავებინა შეთქმულები, ამას ხალხი გააკეთებდა. ხალხს არ სძინავს, რომ რამდენიმე აჩრდილმა ის აკეთოს, რაც მოესურვება“.

აიათოლა ხომენეიმ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ყველა დაკავებულის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა; თუმცა, ბანისადრმა სხვადასხვა სამართლებრივი ხრიკი გამოიყენა და სიკვდილით დასჯის აღსრულება გააჭიანურა. საბოლოოდ, როდესაც ირანში ერაყი შეიჭრა, უმეტესობა გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ისინი სამხედრო სამსახურში დაბრუნდებოდნენ. მიუხედავად ამისა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის 144 მონაწილე მაინც დასაჯეს სიკვდილით და მომდევნო თვეებში 2-4 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. 1980 წლის 18 ივლისს, პარიზში, შაპურ ბახტაირის მკვლელობა სცადეს; 22 ივლისს კი, ვაშინგტონში, ირანის ყოფილი პრეს ატაშე ალი ტაბატაბაეი აშშ-ში მოკლეს.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ საკითხის კვლევისას შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და მისი მონაწილეების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ.

 

ნედა აღა-სოლთანი [Neda Agha-Soltan] 2009 წლის 20 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. ამ დროს, ირანში არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და აღა-სოლთანის მკვლელობამ, რომლის ვიდეოზე აღბეჭდვა და ინტერნეტით გავრცელება მოხერხდა, მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. აღა-სოლთანი ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თავის მუსიკის მასწავლებელთან ერთად საკუთარი მანქანით მიდიოდა; საპროტესტო აქციასთან ახლოს, ის საკუთარ მანქანასთან იდგა, როდესაც მას მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

თვითმხილველები დასავლურ წყაროებთან საუბრისას ამტკიცებდნენ, რომ აღა-სოლთანს ესროლა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ბასიჯების გასამხედროებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ვიდეოზე აღბეჭდილი მკვლელობა ოპოზიციის საარჩევნო ღერძად გადაიქცა. აღა-სოლთანის მკვლელობა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის სადავო არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

მკვლელობის ამსახველ ვიდეოზე ჩანს, რომ სროლის შემდეგ, აღა-სოლთანი მიწაზე ეცემა; მის გარშემო თავს იყრის ხალხი, მათ შორის მისი მუსიკის მასწავლებელი [არაშ ჰეჯაზი]. ვიდეოში ისმის ხმა, რომელიც ყვირის – „მას ესროლეს, ვინმე მოდით და წაიყვანეთ“. არაშ ჰეჯაზმა, როგორც მოგვიანებით წყაროებმა გაარკვიეს, მთავრობისგან რეპრესიების შიშით, ქვეყანა დატოვა. ოპოზიციურმა წყაროებმა მკვლელობაში აბას კარგარ ჯავიდი დაადანაშაულეს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით მისი ბასიჯების ორგანიზაციის წევრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გავრცელდა.

22 ივნისს, ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა – მეჰდი კარუბიმ და მირ-ჰოსეინ მოუსავიმ – ვინც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ხალხს მოუწოდეს, აღა-სოლთანისთვის პატივის მისაგებად, საპროტესტო აქცია გაემართათ. მოგვიანებით, აქცია თეირანის ჰაფტ-ე ტირის სკვერში, რომელზეც 200-დან 1000 კაცამდე იყო შეკრებილი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დაშალა. 2009 წლის 30 ივნისს, დაზვერვის სამინისტრომ ინტერპოლში არაშ ჰეჯაზის დაპატიმრების მოთხოვნა გაგზავნა. მოგვიანებით, ნოემბერში ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა აღა-სოლთანის საფლავი დაარბიეს.[4] [5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ კვლევის კითხვაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია ნედა აღა-სოლთანის მკვლელობასთან დაკავშირებით, 2009 წელს, ქალაქ დუბაიში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ.

[1] ინტერნეტ რესურსი „სამხედრო ისტორია“; ირანის საიმპერატორო გვარდია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://military-history.fandom.com/wiki/Imperial_Guard_(Iran) [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[2] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: ინფორმაცია ჯავიდანის საიმპერატორო გვარდიის შესახებ და მათი წევრების ამჟამინდელი მდგომარეობა; გამოქვეყნებულია 1996 წლის 1-ელ სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[3] ინტერნეტ რესურსი „სამხედრო ისტორია“; ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობის გეგმა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://military-history.fandom.com/wiki/Nojeh_coup_plot [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[4] მედია საშუალება BBC; ქალი გასამხედროებული შენაერთის სამიზნე, სიკვდილის ამსახველი ვიდეო; გამოქვეყნებულია 2009 წლის 22 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://news.bbc.co.uk/2/hi/middle_east/8113552.stm [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[5] მედია საშუალება The New York Times; სიკვდილი, რომელიც მსოფლიომ ნახა; ირანული პროტესტის სიმბოლო; სტატიის ავტორი: ნაზილა ფათჰი; გამოქვეყნებულია 2009 წლის 22 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2009/06/23/world/middleeast/23neda.html [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

ირანი. ეთნიკურად ბალუჩები; სისხლის აღების ტრადიცია. იანვარი, 2022

ქალაქი ირანშაჰრი სისტან და ბალოჩისტანის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 100 ათასია და ძირითადად ეთნიკურად ბალოჩი ხალხითაა დასახლებული. სისტან და ბალოჩსტანის პროვინცია ირანის სიდიდით მეორე პროვინციაა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ესაზღვრება პაკისტანს და ავღანეთს. პროვინციაში დაახლოებით 2.5 მილიონი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ეთნიკურად ბალოჩი ხალხია. პროვინციაში უმცირესობას ქმნის სპარსი სისტანი ხალხი.

ეთნიკურად ბალოჩი ხალხი, სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში 7-დან 30 მილიონამდეა. წყაროების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე სარწმუნო მონაცემი 11 მილიონია. დაახლოებით, 1.6 მილიონი ბალოჩი ცხოვრობს ირანში. ბალოჩები, ძირითადად, სუნიტი მუსლიმები არიან, თუმცა შიიტი უმცირესობასაც გვხვდება. ეთნიკურად ბალოჩები, ტრადიციულად, მომთაბარე ხალხია, თუმცა დაფუძნებული სოფლის მეურნეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბალოჩები ზრდიან აქლემებს, ცხვრებს, თხებს; მათი სოფლის მეურნეობის გაძღოლის მეთოდები კი პრიმიტიულია. ბალოჩი ქალები შედარებით ფართო თავისუფლებით სარგებლობს; ბალოჩ ხალხში მეტ-ნაკლებად სამართლიანად მკაცრი რეგულაციებია ცხოვრების წესზე როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის.[1] [2]

ირანის ბალოჩი მოქალაქეები, ვინც, ძირითადად, სისტან და ბალოჩისტანის პროვინციაში ცხოვრობენ, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ადამიანის უფლებების დარღვევებს აწყდებიან. როგორც სუნიტი მუსლიმები, ბალოჩი ირანელები არიან როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური უმცირესობა შიიტი უმრავლესობის ქვეყანაში. სისტან და ბალოჩისტანის პროვინცია ირანის ყველაზე ღარიბი რეგიონია. ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა ხელ უწყობს კონტრაბანდული საქმიანობის შემოსავლის წყაროდ დამკვიდრებას. სისტან და ბალოჩსტანის პროვინციაში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ირანში, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დანაშაულებთან, რაც ირანში სიკვდილით დასჯადი დანაშაულების კატეგორიაშია. გარდა ამისა, ბევრი ბალოჩი იღუპება უსაფრთხოების სამსახურების წევრების მიერ, საწვავის მოპარვის მცდელობისას. მოქალაქეობის არ ქონა ირანელი ბალოჩების კიდევ ერთი მწვავე პრობლემაა.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია ირანში, მათ შორის, კონკრეტულად სისტან და ბალოჩისტანის პროვინციაში, სისხლის აღების ან შურისძიების ტრადიციის არსებობისა და პრაქტიკაში გატარების ფაქტების შესახებ.

[1] ენციკლოპედია „ბრიტანიკა“; ბალოჩი ხალხი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.britannica.com/topic/Baloch [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

[2] „კაცობრიობის ატლასი“; კულტურული მრავალფეროვნების აღმოჩენა; ირანი, ბალოჩი ხალხი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.atlasofhumanity.com/baloch [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

[3] ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი; ირანის ბალოჩი უმცირესობის ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა; გამოქვეყნებულია 2019 წლის ივლისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

ირანი. საპროტესტო აქციები; სოციალურ ქსელებში აქტიურობა. დეკემბერი, 2021

1999 წლის 8 ივლისს, თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვის შესახებ. სტუდენტების ჯგუფი მხარს უჭერდა იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის და მის რეფორმისტულ პოლიტიკურ ფრაქციას – მებრძოლი სასულიერო პირების ასოციაცია – რომელიც უძღვებოდა გაზეთს „სალაამ“. დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო; თუმცა, გვიან ღამით უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა თეირანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. პოლიცია სცემდა სტუდენტებს და ცეცხლს უკიდებდა ოთახებს. შედეგად, ერთი სტუდენტი დაიღუპა და ასობით დაშავდა, 1500-ზე მეტი სტუდენტი კი პოლიციამ დააპატიმრა. პროტესტმა საერთო საცხოვრებლის ტერიტორია დატოვა და მთელ ქვეყანას მოედო. ათი ათასზე მეტი დემონსტრანტი იმეორებდა მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს და ერთვებოდა პოლიციასთან შეტაკებებში ქუჩებში. პროტესტი 6 დღეს გაგრძელდა. სტუდენტური დაუმორჩილებლობის ბოლოს მინიმუმ 4 დემონსტრანტი იყო დაღუპული და თითქმის 1500 დაპატიმრებული. საბოლოოდ, ხელისუფლების კონსერვატიულმა ფრთამ პროტესტი 13 ივლისს ჩაახშო; თუმცა, მიიჩნევა, რომ სწორედ ეს პროტესტი გახდა საფუძველი ათი წლის შემდეგ აღმოცენებული „მწვანე მოძრაობისა“, რომელიც ირანის ისტორიაში [ისლამური რევოლუციის შემდეგ] ყველა ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციად სახელდება.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2008 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 1999 წლის მოვლენებს ბევრი „ირანულ ტიანანმენის მოედანს“ უწოდებს. 8 ივლისის ღამეს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე იერიშში, უსაფრთხოების ძალების გარდა, ასევე მონაწილეობდა გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „ჰეზბოლას მეგობრებად“ [Ansar-e Hezbollah] მოიხსენიებდა. თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვას და პარლამენტის მიერ გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პრესის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. საპროტესტო აქციები სანქცირებული იყო თეირანის უნივერსიტეტის ისლამური საზოგადოების სტუდენტთა ცენტრალური საბჭოს მიერ. საერთო საცხოვრებელზე თავდასხმამ ქვეყანა შოკში ჩააგდო და თუ მანამდე სტუდენტური პროტესტი კამპუსის ტერიტორიას არ სცდებოდა, იერიშის შემდეგ, პროტესტმა ქუჩებში გადაინაცვლა და ბევრი რიგითი თეირანელის მხარდაჭერა მოიპოვა. დემონსტრანტების დარბევისას, პოლიციას ზომიერებასა და თავშეკავებაზე არც უფიქრია.

მაშინდელმა პრეზიდენტმა [მოჰამად ჰათამი] დაგმო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმა, მოგვიანებით კი მოვლენებში თავად უზენაესი ლიდერიც ჩაერთო. აიათოლა ჰამენეიმ საჯაროდ მოუწოდა ბასიჯებს არ ემოქმედათ ძალადობრივი მეთოდებით სტუდენტების წინააღმდეგ. „სტუდენტთა საძინებლებში ძალადობრივად შესვლა, სახლებსა და პირად სივრცეში უკანონო შეჭრასავითაა და ყველა უარესი შემთხვევაა, როდესაც ამას ღამით აკეთებ; იმ შემთხვევაშიც კი თუ სტუდენტები შეურაცხყოფას აყენებენ ლიდერს, მომთმენნი უნდა ვიყოთ; თუნდაც მათ ჩემი სურათი დაწვან ან დახიონ“, – ამ სიტყვებით მიმართა აიათოლამ ბასიჯებს და მოთმინებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო, ეჩვენებინა რეჟიმისა და ხალხის ერთიანობა.

ჰოჯატ შარიფი [Hojat Sharifi], ვინც მონაწილეობდა სტუნდენტთა დაუმორჩილებლობაში, მოგვიანებით ამბობდა, რომ „ის პროტესტი, რომელიც რეფორმისტული გაზეთისა და ზოგადად, პრესის თავისუფლების დასაცავად დაიწყო, განვითარებულ მოვლენებში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. იმ მოვლენებს ახლაც შეუძლია, ბევრი რამ გვასწავლოს. იმ მოვლენებმა გვაჩვენა სტუდენტური საზოგადოების ნამდვილი სენსიტიურობა ირანული საზოგადოების სხვა სექტორების, კერძოდ მედიის მიმართ“.

სტუდენტი აქტივისტების კიდევ ერთი ლიდერი ალი ნიკოო ნესბატი [Ali Nikoo Nesbati], რომელიც ცენტრალური საბჭოს ერთობის კონსოლიდაციის ოფისის [ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტური ორგანიზაცია] წევრი იყო, მიიჩნევს, რომ 1999 წლის მოვლენებმა სტუდენტური მოძრაობა დამოუკიდებელი გახადა და გაათავისუფლა სხვადასხვა ჯგუფთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირებისგან.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2000 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 1999 წლის თეირანის პროტესტის შესახებ წერდა, რომ 1999 წლის 15 ივლისს, თეირანის 11 უნივერსიტეტის 25 სტუდენტმა [ლიდერებმა], რომლებიც საკუთარ თავს სტუდენტთა პროტესტის არჩეულ საბჭოს უწოდებდნენ, დემონსტრაციების დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. 18 ივლისს, დაზვერვის სამსახურმა ირანელი სტუდენტების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის [მანუჩერ მოჰამმადი (Manoucher Mohammadi)] და მისი მოადგილის [ქოლამრეზა მაჰერი-ნეჟად (Qolamreza Mahjeri-Nezhad)] დაპატიმრების შესახებ გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ ცნობით, მოჰამმადის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაჰერი-ნეჟადი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს; საბოლლოოდ, ამ უკანასკნელმა 2000 წელს ირანი დატოვა.[3]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] 1999 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

მედია საშუალება CNN 2001 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის 22-ე წლისთავი მასობრივი პროტესტებითა და დაპირისპირებით „აღინიშნა“. შეტაკებები კონსერვატიულ და რეფორმისტ მიმდინარეობებს შორის იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის განცხადებას მოჰყვა. ჰათამი ამბობდა, რომ ისლამის ძალადობრივი ინტერპრეტაცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „რევოლუცია ყველა ირანელს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს მიაწეროს. ისლამის არასწორი ინტერპრეტაცია და ვიწრო, ბნელი და არა-დემოკრატიული მიზნებისთვის მისაკუთრების ტენდენცია ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია“. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თეირანის აზადის სკვერში რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად; მათ თან ჰქონდათ აიათოლა რუდოლა ჰომენეის, აიათოლა ალი ჰამენეისა და ჰათამის ფოტოებიც.

ჰათამის განცხადებიდის შემდეგ, მალევე, კონსერვატორები დაუპირისპირდნენ რეფორმატორული ირანის სახალხო დემოკრატიული ფრონტის პარტიის ლიდერი ჰაშემიტოლა ტაბარზადის მომხრეებს. ტაბარზადის 200-მდე მომხრე შეიკრიბა თეირანის ცენტრალურ ლალეკის პარკში, სადაც მათ დაახლოებით ამდენივე ანსარ-ე-ჰესბოლას [Ansar-e-Hezbollah], იგივე „ღმერთის შვილების“ წევრი დახვდა. პოლიციამ ტაბარზადის 50-მდე მომხრე დააპატიმრა. ტაბარზადიმ განაცხადა, რომ „ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გვეთქვა, რომ რევოლუცია, რომელიც თავისუფლებას გვპირდებოდა, დიქტატორებმა მიისაკუთრეს და ისინი არ ერიდებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“. ისლამურ კონსერვატიულ ფრთასთან აფილირებული ანსარ-ე-ჰეზბოლას არცერთი წევრი მაშინ არ დაუკავებიათ.

2000 წელს, პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, კონსერვატორები ცდილობდნენ დანაკარგის ანაზღაურებას და ერთმანეთის მიყოლებით ხურავდნენ რეფორმისტულ გამომცემლობებს და აპატიმრებდნენ ცნობილ რეფორმისტებსა და ჟურნალისტებს. ისინი აკონტროლებდნენ საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის მაუწყებლობის ქსელს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას.[4]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] და ქალაქ ტაბრიზში [აღმოსავლეთ აზერბაიჯანის (East Azerbaijan) პროვინციის დედაქალაქი] 2001 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

2003 წლის 12 ივნისს, თეირანში, სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმდროინდელი პრეზიდენტი მოჰამად ჰათამის წინააღმდეგ. სტუდენტები მეტ ლიბერალურ რეფორმას და 1999 წლების მოვლენებისთვის სამართლიანობას ითხოვდნენ. უნივერსიტეტის პრივატიზაციის წინააღმდეგ დაწყებული მცირე სტუდენტური მარში, საბოლოოდ, ძალადობრივ მოვლენებად გადაიქცა. პროტესტმა ფართო სოციალური სპექტრი მოიცვა და დემონსტრანტები ითხოვდნენ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. პარასკევი ღამის პროტესტი ყველაზე მსხვილი და ძალადობრივი აღმოჩნდა – პროტესტი ჩრდილოეთ თეირანში, შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის კამპუსში დაიწყო და თეირანის უნივერსიტეტისკენ მიმავალი ორი მთავარი გზატკეცილი გადაიკეტა. „ეს სამოქალაქო დამოურჩილებლობაა“ – ამბობდა ერთერთი დემონსტრანტი – „ჩვენ მათ წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვაპროტესტებთ“.[5]

მედია საშუალება CNN 2003 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების ზედიზედ 7-დღიანი პროტესტის შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალები ქუჩებში გავიდნენ, რათა პროტესტის შემდგომი გაგრძელების პრევენცია მოეხდინათ. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მინიმუმ ორ ადგილას მოხდა მსუბუქი შეტაკება.[6] მედია საშუალება CBS News 2003 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, რეფორმების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციებისას, ჯამში, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს, მათ შორის 800 სტუდენტი [მათგან 30-მდე ლიდერი].[7]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია 2005 წელს, სალმაზში [სალმან შაჰრ (Salman Shahr) სალმან შაჰრის რაიონის დედაქალაქი, აბბასაბადი, მანაზადარანის პროვინცია], გაუპატიურების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მკვლელობის გამო ქალის სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებ. წყაროების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2005 წელს, აპრილში, ადგილი ჰქონდა აჰვაზის დაუმორჩილებლობის სახელით ცნობილ მოვლენებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ აჰვაზში გაიმართა არაბების დემონსტრაცია. საპროტესტო აქცია გამოიწვია ყალბმა წერილმა, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელშიც საუბარი იყო ხუზესტანის პროვინციაში არაბების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე. დემონსტრაციების შედეგად 20 აჰვაზი არაბი დაიღუპა, 500 დაშავდა და 250 პოლიციამ დააპატიმრა.[8]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2021 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ წყაროების ინფრომაციით, ირანი აგზავნის ხალხს [ჯაშუშებს] სხვა ქვეყნებში. ირანის მთავრობა ცდილობს, გამოვლინოს მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ინფორმაციის შეგროვებაში დაზვერვის სამსახურიც მონაწილეობს. ირანის მთავრობა, ასევე, იყენებს ლტოლვილებს, სხვა ლტოლვილების მეთვალყურეობისთვის. 2019 წლის დეკემბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანელ მამაკაცს ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობისთვის – ის ინფორმაციას აგროვებდა ირანელი ლტოლვილების შესახებ შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. წყაროების ცნობით, ირანის უსაფრთხოების სამსახური ზეწოლისთვის იყენებს პერსონალურ ინფორმაციას და ასე აიძულებს ირანელებს თანამშრომლობას. ხანდახან თანამშრომლობის სანაცვლოდ პატიმრებსაც ათავისუფლებენ.

ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ირანის მთავრობა აკვირდება საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას. ხელისუფლება, როგორც წესი, მნიშვნელოვან ხალხს აკვირდება, თუმცა მათთვის საინტერესოა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხალხზე ზეწოლისთვის იქნება გამოსადეგი; ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ალკოჰოლის მოხმარება ან რომანტიკული ურთიერთობები. ირანის მთავრობა ჯაშუშობს ოპოზიციასა და სხვა ირანელებზე საზღვარგარეთ. წყაროების ცნობით, ირანის ხელისუფლება ცდილობს დააშინოს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი, რათა მათ შეწყვიტონ მთავრობის საწინააღდმეგო საქმიანობა და რომ ირანის მთავრობას წარსულში უცდია საზღვარგარეთ მყოფი ირანელების ლიკვიდაცია. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანმა 21 პოლიტიკური ოპონენტი მოკლა საზღვარგარეთ და კიდევ ასობით ემსხვერპლა უცხოური სამხედრო, დიპლომატიური და კულტურული ინფრასტრუქტურის დაბომბვებს.

ირანის ხელისუფლება კონცენტრირებულია პოლიტიკურ ოპონენტებზე საზღვარგარეთ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები გაუტაცებიათ და დაუბრუნებიათ ირანში. წყაროები ამტკიცებენ, რომ ირანი მომავალშიც ეცდება მაღალი რანგის აქტივისტების გატაცებას და ირანში დაბრუნებას. 2020 წლის დეკემბერში მედია საშუალება „Washington Post“ წერდა, რომ გაქცეული ირანელი პოლიტიკოსი, რომელიც შვედეთიდან თურქეთში მიემგზავრებოდა, გზად გაუჩინარდა; რამდენიმე დღის შემდეგ კი ირანის სახელმწიფო მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პოლიტიკოსი დაპატიმრებული იყო და რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული [ორი წლით ადრე სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობა]. მედია საშუალებები იმავე პერიოდში წერდნენ, რომ თურქეთის პოლიციამ დააკავა 11 პირი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ირანელი დისიდენტების გატაცებასა და ირანში დაბრუნებაში.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის უკანონო გზებით მოპოვებას საშუალო რანგის აქტივისტების შესახებ ინტერნეტ სივრცეში. ისინი აკვირდებიან „რიგითი ირანელების“ ცხოვრებას, რადგან „ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა, იყოს სასარგებლო“. კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ერთერთი კომპანიის ცნობით, ირანის ხელისუფლება კიბერსფეროში ორი სადამკვირვებლო საოპერაციო სისტემით მოქმედებს, იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა ჯაშუშურად დააკვირდეს ათასზე მეტ დისიდენტს და ეს ხალხი, რომელიც იმყოფება ირანში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კიდევ ათ სხვა ქვეყანაში, ირანელი „ჰაკერების“ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, იგივე ანგარიშში, ასევე საუბრობს იმ შემთხვევებზე, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ირანში ბრუნდებიან. წყაროების ინფორმაციით, „იმ დიდიდენტებს, ვინც ძალიან აქტიურები იყვნენ, უკან დაბრუნება არ შეუძლიათ“. იგივე წყაროების მტკიცებით, „პოლიტიკურად აქტიური პირებისთვის რისკი მაღალია; ამავე დროს, რიგითი ირანელების დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, თუ ცნობად პირს ეხება საქმე, რისკი მაღალია“. თუ პირი ირანში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და შემდეგ ქვეყნიდან წავიდა, თუ ის აღარ იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნებისას საფრთხის წინაშე არ დადგება; გამონაკლისია ის შემთხვევა თუ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმე დახურული არაა; ასეთ შემთხვევაში, პირს დააპატიმრებენ. წყაროების ინფორმაციით, პირი, ვინც ანონიმურად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნება შეუძლია. ამასთან, პირს, ვინც ღიად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, სამშობლოშ დაბრუნება არ შეუძლია.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციით, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ირანში დაბრუნებული დისიდენტები დააპატიმრეს ჩასვლისთანავე. 2020 წლის დეკემბერში ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ახალი ამბების საიტით ოპერირებდნენ. მათ ერაყში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან ინტერვიუზე შეუთანხმდნენ, ერაყში ჩასვლისას კი დააპატიმრეს და ირანის ხელისუფლებას გადასცეს.

წყაროები, ასევე, წერენ, რომ ირანი არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას და ბევრი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი აღმოჩნდა ირანში პატიმრობაში.[9]

[1] შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი; ფაქტები: პროტესტი ირანში [1979 – 2020]; საბოლოო განახლების თარიღი: 2020 წლის 21 იანვარი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iranprimer.usip.org/blog/2019/dec/05/fact-sheet-protests-iran-1999-2019-0 [ნანახია 2021 წლის 21 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; თეირანის 1999 წლის სტუდენტთა პროტესტის გახსენება; სტატიის ავტორი: ირაი გორგინი; გამოქვეყნებულია 2008 წლის 9 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rferl.org/a/Iran_Student_Protests/1182717.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[3] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: 1999 წლის ივლისის დემონსტრაციები თეირანში; გამოქვეყნებულია 2000 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[4] მედია საშუალება CNN; ისლამური რევოლუციის თარიღი პროტესტებით „აღინიშნა“; გამოქვეყნებულია 2001 წლის 10 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2001/WORLD/meast/02/10/iran.arrests.02/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[5] მედია საშუალება „The New York Times“; სტატიის ავტორი: ნეილ მაკფარქუჰარი; გამოქვეყნებულია 2003 წლის 14 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2003/06/14/world/student-protests-in-tehran-become-nightly-fights-for-freedom.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[6] მედია საშუალება CNN; უსაფრთხოების ძალები ირანის პროტესტს ზღუდავენ; სტატიის ავტორი: კასრა ნაჯი; გამოქვეყნების თარიღი: 2003 წლის 16 ივნისი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2003/WORLD/meast/06/16/iran.us.protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[7] მედია საშუალება CBS News; ირანში რეფორმების მოთხოვნით გამართული აქციებისას 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს; გამოქვეყნებულია 2003 წლის 12 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.cbsnews.com/news/4000-arrests-in-iran-reform-protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[8] ორგანიზაცია „წარმომადგენლობის არ მქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია“; აჰვაზი: ირანის „სისხლიანი პარასკევი“ აჰვაზში; გამოქვეყნებულია 2005 წლის 17 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://unpo.org/article/2346 [ნანახია 2021 17 დეკემბერს]

[9] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; კითხვაზე პასუხი: მთავრობის მოწინააღდმეგეთა მიმართ დამოკიდებულება, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა მიმართ, მონიტორინგის რესურსი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 22 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

ირანი. ქალის მიერ პასპორტის მიღება და ქვეყნის დატოვება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ … „ქალებს, რომლებიც არიან შედარებით რელიგიური ოჯახებიდან, ზოგადად, ესაჭიროებათ მამაკაცი „მეთვალყურის“ (Guardian) ნებართვა, რათა შეძლონ მარტო გადაადგილება და, ამ დროს, ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ საზოგადოების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – შედარებით კონსერვატულ რეგიონებში. ამას გარდა, პასპორტის მისაღებად და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად,  დაქორწინებულ ქალებს ესაჭიროებათ საკუთარი ქმრების, ხოლო 40 წლამდე დაუქორწინებელი ქალების შემთხვევაში მამის ან სხვა მამაკაცი ნათესავის, წერილობითი ნებართვა“.[1] ანალოგიური ინფორმაციაა მოცემული გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის უახლეს შესაბამის ანგარიშშიც.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში კანონით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, თუმცა, ამ კუთხით, სახეზეა გარკვეული შეზღუდვები ქალებისა და მიგრანტების შემთხვევაში. კერძოდ, დაქორწინებულ ქალებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ქვეყანა მათი ქმრების წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ზოგადად ქალებს, ხშირად ესაჭიროებოდათ მოგზაურობისას მამაკაცი მეთვალყურის თანხლება და მარტო მგზავრობისას, ზოგჯერ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე – საზოგადოების მხრიდან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, რაც განსაკუთრებით ეხება ქალებსა და მმართველი რეჟიმის სავარაუდო ოპონენტებს. კერძოდ, ქალებს არ აქვთ კონკრეტულ საჯარო ადგილებზე ყოფნის უფლება და ზოგადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პასპორტის მიღება, თუ გააჩნიათ მამების ან ქმრების შესაბამისი ნებართვა.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ირანში და მისი საზღვარგარეთი წარმომადგენლობების მიერ პასპორტის გაცემას, წერდა, რომ ირანში პასპორტების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა „იმიგრაციისა და საპასპორტო პოლიცია“. პასპორტის მისაღებად, 18 წელს მიღწეულმა მოქალაქეს უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა, „Shenasnameh“ დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. ამას გარდა, არასრულწლოვანმა მოქალაქეებმა და 18 წელს მიღწეულმა დაუქორწინებელმა ქალებმა, დამატებით უნდა წარადგინონ მამის, ან მამაკაცი ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ნებართვა.

რაც შეეხება ქორწინებაში მყოფ ქალებს, მათ ესაჭიროებათ ქმრის ნებართვა, რათა მათ სახელზე გამოიცეს პასპორტი. არსებობს 3 გამონაკლისი, როდესაც დაქორწინებულ ქალს პასპორტი მისაღებად არ ესაჭიროება ქმრის თანხმობა:

  • თუ ამის შესახებ საქორწინო კონტრაქტშია აღნიშნული;
  • თუ ქმარი საზღვარგარეთ ბინადრობს;
  • თუ ქმარი არ არის ირანის მოქალაქე [5]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at

[accessed 30 June 2021]

[2] United Kingdom Home Office – Country Policy and Information Note Iran: Women – Early and forced marriage; published in February 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[5] ACCORD – Inquiry response on Iran: Requirements for the issuance of a travel document by the embassy, ​​passport for relatives in Iran, confirmation that a passport has not been obtained; published in October 2019; available at

[accessed 30 June 2021]

ირანი. ქვეყანაში დაბრუნებულ თავშეფარის მაძიებელთა მდგომარეობა. მაისი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული საკითხის შესახებ, შედარებით მწირი იყო. კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ირანში დაბრუნებულ თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2017-2020 წელი) წერდა, რომ ერთ-ერთი გერმანული გამოცემის მიხედვით, გერმანიის მთავრობამ, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში, 2016-2018 წლებში 1 120 ირანელი დააბრუნა ქვეყანაში საკუთარი ნების საფუძველზე. გერმანიის მთავრობის განცხადებით, არც ერთ დაბრუნებულს არ შექმნია „რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა“.

ერაყული ორგანიზაცია Jesuit Refugee Service (JRS)-მა, საკუთარ კონტაქტებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ თუ ირანელი, რომელმაც სხვა ქვეყანაში მოითხოვა თავშესაფარი და დაბრუნდა სამშობლოში, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პირის ოჯახი უკავშირდება შესაბამის სამსახურებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს დაბრუნების პირობებზე. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ირანის ხელისუფლება არ მიიღებს სადამსჯელო ზომებს აღნიშნული პირების წინააღმდეგ. „ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, ყველა ინდიკატორი ადასტურებს იმას, რომ დაბრუნების შემთხვევაში, გარანტირებული ვერ იქნება იმ  პირის უსაფრთხოება, რომელმაც დატოვა ირანი და გაემგზავრა საზღვარგარეთ ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა უბრალოდ მუშაობისა“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

იმავე წყარომ ასევე განაცხადა, რომ ირანული ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც ბინადრობენ საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაექვემდებარონ დაპატიმრებასა და „მკაცრ მოპყრობას“. თუმცა, უბრალოდ დაბრუნებული პირები, რომლებიც არ მიიჩნევიან „პოტენციურ საფრთხედ“ და მათ მიმართ არ არსებობს ვარაუდი, რომ გააჩნიათ ხელისუფლებისათვის საჭირო ინფორმაცია, „ არ ექვემდებარებიან შემდგომ დევნას“.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 3 მარტს, ერთ-ერთი ირანელი, რომელმაც ვერ მოიპოვა ლტოლვილის სტატუსი ნიდერლანდებში, დაბრუნდა ირანში, სადაც 6 წლით დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სხვადასხვა სამართალდარღვევა, მათ შორის – ოფიციალური თეირანის მიერ აკრძალული მოძრაობა – Arab Struggle Liberation Movement for Ahwaz (ASMLA)-ს წევრობა.

კვლევით დირექტორატს ახლო აღმოსავლეთში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია International Railroad for Queer Refugees (IRQR)-ის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ 2017 წელს გაერთიანებული სამეფოდან ირანში იძულებით დააბრუნეს ჰომოსექსუალი თავშესაფრის მაძიებელი, რომელიც მალევე დააკავეს „თავშესაფრის მოთხოვნისთვის“ და ბრალი დასდეს „ჰომოსექსუალიზმსა“ და „ამორალური საქციელის პროპაგანდაში“. აღნიშნული პირი არ გაუსამართლებიათ „ფორმალური სასამართლო პროცესის“ ფარგლებში. დაკავებიდან დაახლოებით 6 თვეში, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, მან მოახერხა თურქეთში „გაქცევა“.  საბოლოოდ, ანკარაში მდებარე გლუკ-ის ოფისმა ის ლტოლვილად სცნო.

ა.შ.შ.-ში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია – Iran Human Rights Documentation Center (IHRDC)-ის მიხედვით, მათ გააჩნიათ ინფორმაცია ერთ თავშესაფრის მაძიებელ პირზე, რომელმაც ვერ შეძლო თურქეთში ლტოლვილის სტატუსის მოპოვება, რის შემდეგადაც 2019 წლის დასაწყისში ის ირანში დეპორტაციას დაუქვემდებარეს. დაბრუნებისას, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის“. იმავე წყარომ ასევე განაცხადა, რომ ზემოხსენებული პირი 2017 წლის ზაფხულშიც იყო დაპატიმრებული „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის“.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია ირანში დაბრუნებულ თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა ოჯახის წევრების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, როგორც წესი, ასეთ პირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პრობლემები არ ექმნებათ, გარდა განსაკუთრებით გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმეებისა.

სხვადასხვა წყაროთა მიხედვით,ირანელი თავშესაფრის მაძიებლების ოჯახის წევრები შესაძლოა დაექვემდებარონ შესაბამისი სამსახურების მხრიდან „დამაშინებელ“ ან „მუქარის შემცველ“ სატელეფონო ზარებს. კერძოდ, JRS წარმომადგენლის მიხედვით, მთავრობა ოჯახის წევრების მიმართ უშუალო მეთოდებს არ იყენებს. თუმცა, მათ შესაძლოა თვეში ერთხელ დაურეკონ ან გამოიძახონ დაზვერვის სამსახურში და დააშინონ. ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათი შვილი დააკავეს, რის შემდეგაც მას ირანში დააბრუნებენ და სიკვდილით დასჯიან. დაშინების ხარისხი განსხვავებულია ლოკაციიდან და საქმეზე მომუშავე ოფიცრების მიდგომებიდან გამომდინარე. იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ევროპაში გაემგზავრნენ, დამაშინებელი სატელეფონო ზარებით უკავშირდებიან. სხვებს კი პერიოდულად ურეკავენ და სთხოვენ, დაარწმუნონ შვილები, ირანში დაბრუდნენ, სადაც მთავრობა მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ირანის შესახებ წერდა, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაბრუნებულ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს. 1979 წელს მომხდარი რევოლუციის შემდგომ, ბევრმა ირანელმა დატოვა ქვეყანა და ირანის ხელისუფლებას გააზრებული აქვს, რომ ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად. ისინი ვინც ბრუნდებიან დროებითი პასპორტით (ირანს და ავსტრალიას გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ავსტრალიაში ირანელი თავშესაფრის მაძიებლის მიერ საიმიგრაციო სტატუსთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვის შემდგომ, პირს შეუძლია აიღოს დოკუმენტი სახელწოდებით – laissez-passer, რომლის მეშვეობითაც დაბრუნდება ირანში), აეროპორტში დაექვემდებარებიან დაკითხვას მათი ირანის წასვლის მიზეზისა და იმის შესახებ, თუ რატომ მგზავრობენ laissez-passer დოკუმენტის გამოყენებით. დაკითხვა როგორც წესი, 30 წუთს გრძელდება, თუმცა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს, თუ დაბრუნებული პირი პასუხებს თავს არიდებს ან საიმიგრაციო სამსახური ეჭვობს, რომ მას სისხლისსამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორც წესი, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, არ ფიქსირდება დაპატიმრების ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მას არ გააჩნია ინფორმაცია ირანში ნებაყოფლობით დაბრუნებული იმ პირების მიმართ სამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას, აკრიტიკებდნენ ისლამურ რესპუბლიკას, კონვერტირდნენ ქრისტიანობაზე ან ეწეოდნენ პროზელიტიზმს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები არ ამოწმებენ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ირანელის სოციალური მედიის ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლება დიდად არ არის დაინტერესებული, საზღვარგარეთ კონკრეტული აქტივობების გამო (მათ შორის – თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული აქტივობების), სისხლისსამართლებრივი წესით დევნას დაუქვემდებაროს ის პირები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ლტოლვილის სტატუსი საზღვარგარეთ. ასეთ ქმედებებში შედის: ირანის მთავრობის კრიტიკის შემცველი პოსტები და კომენტარები სოციალურ მედია პლატფორმებზე; ირანის დიპლომატიური მისიების შენობების მიმდებარედ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობა; კონვერტაცია ქრისტიანობაზე ან ლგბტი აქტივობებში მონაწილეობა. ასეთი შემთხვევების დროს, ინდივიდის მიმართ რისკები იგივე მასშტაბისაა, როგორიც ირანში მობინადრე იმავე პროფილის პირების შემთხვევაში.  მათ შემთხვევაში, რომელთა მიმართაც უკვე არსებობს კონკრეტული საქმეები, ბუნებრივია, არსებობს შედარებით მაღალი რისკი იმისა, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში, აღნიშნული პირების შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან (განსაკუთრებით, პოლიტიკური აქტივისტების შემთხვევაში). ირანში დაბრუნებულ პირთა (მათ შორის – საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა) მიმართ მოპყრობა დამოკიდებულია კონკრეტული პირის პროფილსა და ინდივიდუალურ გარემოებებზე, მათ შორის – მათ ქმედებებზე ირანის დატოვების და დაბრუნების დროს. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც სამშობლოში დაბრუნებული, საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელი ირანელები აწყდებიან, რეინტეგრაცია და სათანადო სამუშაო ადგილის პოვნაა.[2]

[1] Immigration and Refugee Board of Canada – Iran: Treatment by Iranian authorities of failed refugee claimants and family members of persons who have left Iran and claimed refugee status (2017-February 2020); published in March 2020; available at

[accessed 13 May 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published in April 2020; available at

[accessed 13 May 2021]

ირანი. შაჰის მმართველობა, შაჰის მხარდამჭერთა მდგომარეობა. მარტი, 2021

შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1941-1979 წწ.) პოლიტიკა ირანში – თავისუფალი ენციკლოპედია Britannica-ს მიხედვით, მოჰამმედ რეზა ფეჰლევი ირანის შაჰი (მეფე) 1941-დან 1979 წლამდე, რომელიც ირანში ინარჩუნებდა პრო-დასავლურ საგარეო პოლიტიკას და ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას.

შაჰი ტახტზე 1941 წელს ავიდა, როდესაც საბჭოთა კავშირმა და ბრიტანეთმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია და გერმანიისადმი სიმპათიით განწყობილი მისი მამა – რეზა ხანი, აიძულეს, ტახტი შვილისთვის დაეთმო.

რაც შეეხება შაჰის მმართველობას და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს ირანში, აღსანიშნავია, რომ 1950-იანი წლების დასაწყისში, ირანის მთავრობის კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა უშუალოდ შაჰსა და ირანელ ნაციონალისტ – მოჰამმად მოსადეღს შორის. 1951 წლის მარტში, მოსადეღმა მოახერხა და ირანის პარლამენტში გაიტანა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა ქვეყანაში ნავთობის კომპანიების (მათ შორის – British Petroleum) ქონების ნაციონალიზაციას. მოსადეღის ძალაუფლება და გავლენა სწრაფად გაიზარდა და უკვე აპრილის ბოლოს, შაჰი იძულებული იყო, ის ირანის პრემიერ-მინისტრად დაენიშნა. 1953 წელს მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მოსადეღის თანამდებობიდან გათავისუფლება, თუმცა, ეს ვერ მოახერხა, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასშტაბური დემონსტრაციები და შაჰი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, მოსადეღის ოპონენტებმა, ა.შ.შ. და გაერთიანებული სამეფოს სპეც-სამსახურების დახმარებით, მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და შაჰი ტახტზე აღადგინეს.

ა.შ.შ დახმარებით, მოჰამედ რეზამ დაიწყო ეროვნული განვითარების პროგრამა, ე.წ. „თეთრი რევოლუცია“, რომელიც გულისხმობდა არაერთი სფეროს რეფორმირებას. მათ შორის, იყო: გზების, რკინიგზისა და საჰაერო მარშრუტების ქსელის შექმნა; ჰესებისა და სარწყავების პროექტები; ინდუსტრიული განვითარება; მიწის რეფორმა; დაავადებების (მაგ. მალარია) განადგურება. ამას გარდა,  მან ასევე შექნა განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები იზოლირებული, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. 60-70-იან წლებში, შაჰი ცდილობდა, განევითარებინა უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მიმართულება და დაემყარებინა დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან.

მართალია,თეთრმა რევოლუციამ შაჰს შიდა მხარდაჭერა მოუტანა, თუმცა, მის მიმართ არსებობდა კრიტიკულად განწყობილი სეგმენტებიც. კერძოდ, მისი მხარდამჭერები მას აკრიტიკებდნენ იმისა გამო, რომ მათი აზრით, რეფორმები საკმარისად სწრაფად არ ინერგებოდა, ხოლო რელიგიური იერარქები უარყოფითად უყურებდნენ  „ვესტერნიზაციის“ (დასავლეთისადმი მიმართული) პოლიტიკას, რომელიც მათი აზრით, ისლამისტური თვალსაზრისით, არაეთიკური იყო.

ამას გარდა, პირადად შაჰის მიმართ ადგილი ჰქონდა უკმაყოფილებას მისი მმართველობის ავორიტარული სტილის, მის მთავრობაში დამკვიდრებული კორუფციის, ქვეყანაში სანავთობო დოვლათის არათანაბარი გადანაწილების, იძულებით ვესტერნიზაციისა და SAVAK-ის (საიდუმლო პოლიცია) აქტივობების გამო, რომელიც ახშობდა განსხვავებულ აზრს და ოპოზიციას.

საზოგადოების დაბალ ფენებში, შიიტურ სამღვდელოებაში, ვაჭრებსა და სტუდენტებში ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება გადაიზარდა აიათოლა რუჰოლლა ხომეინის – პარიზში გადასახლებული შიიტი რელიგიური ლიდერის მხარდაჭერაში. საბოლოოდ, 1979 წელს ირანის მთავარ ქალაქებში გამოსვლები დაიწყო, რის შედეგადაც დაიწყო ისლამური რევოლუცია. 1979 წლის 16 იანვარს, შაჰმა ქვეყანა დატოვა და მმართველობა ხომეინიმ ჩაიგდო ხელში.

შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი გადასახლებაში რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი, 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 1941 წელს საბჭოთა კავშირი და გაერთიანებული სამეფო ირანში შეიჭრნენ და აიძულეს მმართველი მეფე (შაჰი) – რეზა ხანი, ტახტზე უარი ეთქვა საკუთარი შვილის – მოჰამედ რეზა ფეჰლავის სასარგებლოდ (რეზა ხანი გერმანიისადმი სიმპათიით იყო განწყობილი). ოკუპანტები შეთანხმდნენ, რომ პატივს სცემდნენ ირანის დამოუკიდებლობას და საკუთარი ძალების 1946 წელს ქვეყნიდან გაიყვანეს. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა ქვეყანაში ნავთობის მოპოვებას, რომელსაც ბრიტანული „ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია“ (თანამედროვე British Petroleum) აწარმოებდა.  1951 წელს ირანის პარლამენტმა ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას დაუჭირა მხარი და პრემიერ მინისტრად ნაციონალისტი – მოჰამმად მოსადეგი აირჩია. 1953 წელს ირანში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რის შედეგადაც მოსადეგი თანამდებობიდან გადააყენეს და ირანში არსებული კონსტიტუციური მონარქიის რეჟიმი შაჰის უშუალოდ მმართველობად გადაიქცა. სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა ა.შ.შ. და გაერთიანებული სამეფოს სპეც-სამსახურების დახმარებით, რის გამოც, ირანული საზოგადოება დასავლეთისადმი უარყოფითად განეწყო.

შაჰი გახდა რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირე. ქვეყნის შიგნით, მოჰამედ რეზა სოციალური და ეკონომიკური მოდერნიზაციის პოლიტიკას ახორციელებდა, მათ შორის, ატარებდა რეფორმებს სეკულარიზაციის, მიწის განკარგვის; ქალთა უფლებებისა და წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის კუთხით. თუმცა, მიუხედავად ამისა, შაჰი, საკუთარი საიდუმლო პოლიციის (SAVAK) მეშვეობით, ახშობდა და ანადგურებდა პოლიტიკურ ოპონენტებს ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა – თვითნებური დაკავებები; დაპატიმრება; ქვეყნიდან გაძევება; წამება; სიკვდილით დასჯა და ა.შ. ამან ქვეყანაში შექმნა შაჰის მმართველობით უკმაყოფილოთა დიდი ჯგუფები. მისი ოპონენტები იყვნენ როგორც რელიგიური ლიდერები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ტრადიციებისადმი ზურგის შექცევით, ასევე – სეკულარისტები, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ მისი ავტორიტარული მმართველობის სტილით.

1979 წელს, როდესაც შაჰი საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობას იღებდა, ოპოზიციის ლიდერი – აიათოლა რუჰოლლა ხომეინი ირანში დაბრუნდა, რასაც შედეგად ისლამური რევოლუცია და მმართველი რეჟიმის დამხობა მოჰყვა. შაჰის რეჟიმის ასობით ჩინოვნიკი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო შაჰი, რამდენიმე წლის შემდეგ, საბოლოდ გადასახლებაში გარდაიცვალა.[2] 

  1. შაჰის მხარდამჭერთა მდგომარეობა ირანში.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია ირანში მონარქისტთა მდგომარეობის შესახებ, შედარებით მწირი იყო.

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) ირანის შესახებ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევაში წერდა, მათ შორის – ქვეყანაში მონარქისტთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მონარქისტულ მოძრაობას არ გააჩნია რაიმე რეალური ძალა ირანში. არსებობს არაერთი ირანული პოლიტიკური მოძრაობა (მათი უმრავლესობა  – საზღვარგარეთ), რომლებიც შეიძლება კატეგორიზებულ იყვნენ, როგორც მემარცხენე; მონარქისტული; ნაციონალისტური; ლიბერალ-დემოკრატიული და ა.შ. თუმცა, არც ერთ მათგან არ გააჩნია საკმარისი გავლენა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ რაიმე გავლენა იქონიოს ირანში შიდა პოლიტიკაზე.

2018 წლის იანვარში ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერდა, რომ ათწლეულების შემდეგ პირველად, რეზა შაჰი კვლავ აქტუალური საკითხი გახდა დემონსტრანტებს შორის. ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებისას, ადგილი ჰქონდა შეძახილებს „მშვიდად განისვენე, რეზა შაჰ“; „დავაბრუნოთ შაჰი“; „რევოლუცია შეცდომა იყო“ და ა.შ. თუმცაღა, სტატიის მიხედვით, აღნიშნულ სლოგანებს სკანდირებდა მხოლოდ რამდენიმე მცირე ჯგუფი. BBC-ის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში დემონსტრანტების მხარდაჭერა გამოხატა ყოფილი შაჰის შვილმა – რეზა ფეჰლავიმ, რომელიც ა.შ.შ.-ში ცხოვრობს.

ანგარიშში ასევე მოცემულია ტექსასის ტრინითის უნივერსიტეტის პროფესორის – სუსან სიავოშის ნაშრომი, სადაც ის საუბრობს ირანში 3 ძირითადი მონარქიული ჯგუფის შესახებ. ესენია: 1. „ირანის კონსტიტუციური პარტია“ (CPI); 2. Rastakhiz Organization of Iran (ROI) და 3. Anjoman-e Padeshahi-e Iran (API).

ავტორის მიხედვით, პირველი შედარებით ზომიერი და ყველაზე უფრო ცნობილი მონარქისტული მოძრაობაა. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი უფრო რადიკალური მისწრაფებებით გამოირჩევიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია API, რომელსაც სამხედრო ფრთაც გააჩნია და რომელიც პასუხისმგებელი იყო შირაზზი, მეჩეთის აფეთქების გახმაურებულ საქმესთან. უკანასკნელ წლებში, API აქტუალური საკითხი იყო დასავლურ მედიაშიც, რადგან 2010 წლის იანვარში ჯგუფის 2 სავარაუდო წევრი, ირანში სიკვდილით დასაჯეს.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2013 წლის ანგარიშში წერდა, რომ Anjoman-e Padeshahi-e Iran (API) არის ირანში აკრძალული, მონარქისტული დაჯგუფება. API-ს მიზანია ირანის მმართველი რეჟიმის დამხობა და მონარქიის აღდგენა. ჯგუფის იდეოლოგია ანტი-ისლამურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისლამამდელ  სპარსულ მემკვიდრეობას.’

2014 წლის ოქტომბერში, ირანული მედია საშუალება Fars News წერდა, რომ სამართალდამცავებმა ისფაჰანში მიმდინარე პროტესტებისას დააკავეს არაერთი პირი, მათ შორის – მონარქისტები, ანტი-რევოლუციონერები და ა.შ.

Amnesty International-ის 2014 წლის ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო სტუდენტ ჰამედ როუჰინეჯადის საქმეზე, რომელიც 10 წლიან სასჯელს იხდის API-სთან აფილაციის გამო.

შედარებით უფრო ძველი, 2012 წლის Amnesty International-ის ექსპერტის მოსაზრებაში აღნიშნული იყო, რომ ირანში სასიკვდილო სასჯელი ხშირად გამოაქვთ იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არიან მონარქისტული ჯგუფების რეალური ან სავარაუდო მხარდამჭერები. მოსაზრებაში საუბარი იყო რამდენიმე ქეისზე, მათ შორის – საზღვარგარეთიდან API-ს 3 წევრის მოტაცება და შემდგომი დაკავება და 2010 წელს API 3 სავარაუდო წევრის სიკვდილით დასჯის შემთხვევა.

2010 წლის სტატიაში BBC წერდა, რომ Mohammad Reza Ali-Zamani და Arash Rahmanipour ირანში, დაჯგუფება API-სთან სავარაუდო კავშირის გამო, სიკვდილით დასაჯეს.[3]

[1]  Britannica – Mohammad Reza Shah Pahlavi; available at https://www.britannica.com/biography/Mohammad-Reza-Shah-Pahlavi [accessed 17 March 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN 14 April 2020; available at

[accessed 17 March 2021]

[3] ACCORD – Iran: COI Compilation; published in July 2018; available at

[accessed 17 March 2021]

ირანი. ათეისტთა და არარელიგიურ პირთა მიმართ დამოკიდებულება. დეკემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2011 წლის აღწერის მიხედვით, 2006-2011 წლების პერიოდში, არარელიგიურ პირთა რაოდენობა ქვეყანაში 20 %-ით გაიზარდა. აღნიშნული კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ ათეისტების, აგნოსტიკოსების, ურწმუნოებისა და არარელიგიურ პირთა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები საჯაროდ არ აფიქსირებენ საკუთარ იდენტობას და რელიგიურ მოსაზრებებს. ამის მიზეზი  ისაა, რომ ირანში, პირები, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ ათეიზმს, თვითნებური დაკავების, წამების და „მწვალებლობისთვის“ სასიკვდილო განაჩენის მისჯის სერიოზული რისკის წინაშე იმყოფებიან.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ირანის შესახებ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი ირანში აკრძალულია, არც ისე იშვიათია ურწმუნო ადამიანის ნახვა. თუმცა, შეუძლებელია მიახლოებითაც კი ითქვას, თუ რამდენი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ თავს ათეისტად. ყოფილი მუსლიმები, რომლებიც ათეისტები გახდნენ, კანონის მიხედვით „მწვალებლები“ არიან და დგანან დევნისა და, შესაძლებელია – სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე. თუ ცნობილი გახდება, რომ კონრეტული პირი ათეისტია, ის იგივე პრობლემების წინაშე დადგება, როგორც  ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირი – საზოგადოების მხრიდან გარიყვა, დისკრიმინაცია და ა.შ. შესწავლილ წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც თავს ათეისტებად მიიჩნევენ, ზოგადად, ამას საჯაროდ არ გამოხატავენ, რაც საშუალებას აძლევს მათ, ნორმალურად იცხოვრონ. მართალია, წყაროები უშუალოდ თეიზმსა და დეიზმზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ირანის საზოგადოების დიდი ნაწილი სეკლარულ ცხოვრებას მისდევს. ეს იმას  ნიშნავს, რომ ისინი არ აღასრულებენ საკუთარ რწმენას, არ დადიან მეჩეთებში, არ ლოცულობენ რეგულარულად ან იცავენ რამადანის მარხვას.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Amnesty International-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედით, „ქვეყანაში რელიგიის და რწმენის თავისუფლება სისტემატურად ირღვევა. ხელისუფლება ნებისმიერი რწმენის ადამიანებსა თუ ათეისტებზე ავრცელებს საზოგადო ქცევის ისეთ წესებს, რომლებიც შიიტური ისლამის მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული.  რელიგიური რწმენის შეცვლის ან უარყოფის უფლება კვლავაც ირღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც კონვერტირდებიან ისლამიდან ან ღიად აფიქსირებენ საკუთარ ათეიზმს, დგანან თვითნებური დაკავების, წამებისა და სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე.[2]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ადგილობრივი წყაროს მიხედვით, სეკულარიზმი ირანში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებსა და ახალგაზრდა, მდიდარ ირანელებში. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ დადის მეჩეთში ან არ ლოცულობს რეგულარულად, ასევე – რუტინულად მოიხმარს ალკოჰოლს. სახელისუფლებო წყაროებმა დეპარტამენტს განუცხადეს, რომ ირანში რელიგია პირად საკითხია და ის თუ, მაგალითად, რა ფორმით დაიცავს პირი რამადანის წმინდა თვეს, სახელმწიფოს საქმედ არ მიიჩნევა. დეპარტამენტს რამდენიმე წყარო მოუყვა, რომ ბევრი ირანელი არ იცავს რამადანის თვეს მკაცრად, მათ შორის – მიირთმევს საჭმელს, სვამს სასმელს და ეწევა სახლში. მართალია, რამადანის დროს რესტორნების უმრავლესობა დაკეტილია, თუმცა, ბევრი მაინც აწვდის საკვებს კლიენტებს. მათ ვინც საჯაროდ მიირთმევს რამადანის დროს, დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი ემუქრება.

ანგარიშის მიხედვით, ირანში პირი, რომელიც ისლამს უარყოფს და ათეისტი გახდება, „მწვალებლად“ მიიჩნევა და იმყოფება დევნისა და პოტენციურად სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე. დეპარტამენტმა ვერ შეძლო, დაედგინა, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის ათეისტი. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ათეისტები საკუთარ შეხედულებას რელიგიაზე მხოლოდ ოჯახებს ან ახლო მეგობრებს უმხელენ. თუ ისინი ღიად და საჯაროდ არ დააფიქსირებენ საკუთარ ურწმუნოებას, ათესტები, სავარაუდოდ, შესაბამისი სამსახურების ყურადღების სფეროში არ მოექცევიან. ათეისტები შედარებით კონსერვატიული ოჯახებიდან, შესაძლოა დაექვემდებარონ ოჯახის მხრიდან ზეწოლას ან გარიყვას, თუმცა, ზოგადად, არ დადგებიან ფიზიკური ზიანის საფრთხის წინაშე. შედარებით უფრო ლიბერალურ ოჯახებსა თუ ქვეყნის ნაწილებში (მაგალითად, ჩრდილოეთ თეირანში) აღზრდილი ათეისტების მიმართ, სავარაუდოდ, აღნიშნული ზეწოლაც არ იქნება სახეზე.

ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტისთვის უცნობია ინფორმაცია, თუ რამდენად დევნიან ადამიანებს ათეიზმის გამო სისხლისსამართლებრივი წესით. დეპარტამენტის შეფასებით, არარელიგიური ან არა-მორწმუნე მუსლიმები შესაძლოა დაექვემდებარონ სახელმწიფო და საზოგადოებრივი დისკრიმინაციის შედარებით დაბალ ხარისხს, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში. ხოლო ათეისტები, რომლებიც ღიად გამოხატავენ საკუთარი რწმენის არარსებობას, იმყოფებიან ზემოხსენებული დისკრიმინაციის საშუალო დონის წინაშე.[3]

[1] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Iran; published in June 2020; available at

[accessed 7 December 2020]

[2] UK Home Office – Country Background Note: Iran; published in October 2020; available at

[accessed 8 December 2020]

[3] DFAT – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at

[accessed 8 December 2020]