ირანი. იარის (კაკაი) წარმომადგენლების მდგომარეობა. აპრილი, 2018

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იარის სარწმუნოების მიმდევრებს, იარსანებს ირანში იცნობენ როგორც „აჰლე ჰაქ“-ის მიმდევრებს. აღნიშნული ჯგუფი თავის თავს ხშირად უწოდებს „ტაიეფეს“ (ტომის ან ჯგუფის აღმნიშვნელი) ან „იარსანს“. იარის სხვა ჯგუფის მიმდევრების სხვა სახელწოდებაა „ალიულაჰი“ ან „ალი-ილაჰი“ (ისინი ვისაც სწამს, რომ ალი ღმერთია).

იარის სარწმუნოების ფესვები ირანის ქურთულ ტერიტორიას უკავშირდება, მისი ტრადიციები, რწმენა და მითები შემონახულია უძველეს ირანულ ელემენტებში. იარსანები არ არიან ერთიანები თავიანთ შეხედულებებსა და წარმოდგენებში. მათ ტრადიციაში არსებობს სხვადასხვა განშტოება. იარსანებს შორის კარდინალურ სხვაობას წარმოადგენს იარის სარწმუნოების ისლამთან სიახლოვის და გაერთიანების საკითხი.

ირანში იარსანები, ძირითადად, კერმანშაჰის პროვინციაში არიან წარმოდგენილები. დაახლოებით ნახევარი მილიონი იარსანი ცხოვრობს აღნიშნულ ტერიტორიაზე. იარსანების ჯგუფები ირანის სხვა პროვინციებშიც ცხოვრობენ, მათ შორის დასავლეთ აზერბაიჯანის, ლორესტანის, თეირანის, ჰამადანის, კელარდაშტის, კარაჯაის, სავეჰის ტერიტორიებზე. ირანში მცხოვრები იარსანების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მათი რაოდენობა, დაახლოებით, ერთი მილიონიდან ოთხ მილიონამდე მერყეობს.

კერმანშაჰის პროვინციის დასავლეთ ნაწილში არსებობს გურანის (ან გორანი) ტერიტორია, რომელიც იარის სარწმუნოების წარმოშობის ადგილად მიიჩნევა და სადაც განთავსებულია იმ ობიექტების უმეტესი ნაწილი, რომელიც იარსანების წმინდა ადგილებად არის მიჩნეული; სწორედ ამ ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული იარსანთა უმეტესი ნაწილი. კერმანშაჰის აღმოსავლეთ ნაწილში, ქ. საჰნეჰში და მის ახლოს მდებარე სოფლებშიც ცხოვრობენ იარსანები.[1]

„Minority Rights Group International“-ის მიერ 2018 წლის 13 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის 1979 წლის კონსტიტუცია (1989 წელს ჩასწორებული) ქვეყანას აცხადებს ისლამურ რესპუბლიკად, ხოლო სახელმწიფო რელიგიად ასახელებს ჯაფარის სკოლის შიიტურ ისლამს. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია აღიარებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და მათ საბაზისო დაცვას სთავაზობს, რაც დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიასაც მოიცავს. თუმცა, უფლებები, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი, არ არის საყოველთაო და გარკვეულ შემთხვევებში შეზღუდვებიც არის დაწესებული. მაგალითად, კონსტიტუციის მე-12 მუხლი აცხადებს რომ სხვა ისლამურ სკოლებს, მათ შორის ოთხი სუნიტური სკოლა, სრული პატივისცემით უნდა სარგებლობდეს და იმ ტერიტორიებზე, სადაც უმრავლესობას წარმოადგენენ ამ სკოლის მიმდევრები, უფლებას აძლევს მისდიონ თავიანთ წესებს. მე-13 მუხლი რელიგიური აღმსარებლობის, პერსონალური სტატუსის და რელიგიური განათლების სფეროში თავისუფლებას ანიჭებს რელიგიურ უმცირესობებს – ზოროასტრიზმის მიმდევრებს, იუდეველებს და ქრისტიანებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე-13 მუხლი აცხადებს, რომ მხოლოდ სამი ზემოხსენებული ჯგუფი არის აღიარებული რელიგიურ უმცირესობად, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები (როგორებიცაა ბაჰაიზმი, საბეან-მანდეანები და იარსანები) არ სარგებლობენ იგივე უფლებებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იარსანები (აჰლ-ე-ჰაქ ან კაკა’ი) სინკრეტული რელიგიის მიმდევრები არიან, რომელიც მეოთხე საუკუნეში შეიქმნა. ისინი ძირითადად კერმანშაჰის  და ირანის ქურთისტანის სხვა ტერიტორიებზე ცხოვრობენ. სახელმწიფო არ აღიარებს ამ რელიგიას და მათ მიიჩნევს „შეცდომაში შეყვანილ კულტებად“. მათ ასევე მუსლიმებად მიიჩნევენ, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისთვის ამ სტრატეგიას ზოგიერთი იარსანიც იყენებს. თითქმის ყველა იარსანი ქურთული წარმოშობისაა და შესაბამისად ისინი განიცდიან დისკრიმინაციას როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური კუთვნილების საფუძველზე.

იარსანები და საბეან-მანდეანები არ სარგებლობენ ოფიციალური დაცვით და ზოგჯერ ძირითად სამიზნეებს წარმოადგენენ. ორივე საზოგადოების წევრები ჩივიან, რომ ხელისუფლება არ აძლევს მათ უფლებას ააშენონ რელიგიური შენობები. 2016 წლის მარტში, თავდამსხმელთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ქვებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და აცხადებდნენ, რომ უზენაესი ლიდერის მიმდევრები იყვნენ, თავს დაესხნენ იარსანის საზოგადოების კუთვნილ სალოცავს; გაანადგურეს ფანჯრები და მთელი შენობა. თუმცა, იარსანთა საზოგადოების სხვა წევრები აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად მისდიონ თავიანთ წესებს მშვიდად და თავისუფლად მართონ თავიანთი წმინდა ადგილები, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათზე დაკვირვებას ახორციელებდა.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის მიერ 2018 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგი შეხვდა იარსანთა საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს რომ აწყდებიან დისკრიმინაციას და რეპრესიას თავიანთი რელიგიური კუთვნილების გამო. მათ განმარტეს, რომ არ აქვთ უფლება თავიანთი შვილები დაარეგისტრირონ იარსანებად. მათ ასევე ეკრძალებათ რელიგიური სახლების აშენება, რომ თავიანთი რელიგიის შესაბამისად განახორციელონ დაკრძალვები და რეჟიმის ან სასულიერო ლიდერის შეურაცხყოფის ბრალდების წაყენების შიშით, ვერ ბეჭდავენ  თავიანთ წმინდა წიგნს. 2016 წლის თებერვალში, იარსანთა სალოცავზე, შაჰ აბაზე თავდასხმა განხორციელდა. სპეციალურმა მომხსენებელმა მიიღო უამრავი ცნობა იარსანთა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შესახებ, რაც მოიცავს დასაქმების შესახებ აქტს, რომელიც ინდივიდს ავალდებულებს, რომ იყოს მუსლიმი ან აღიარებული რელიგიის მიმდევარი. იარსანთა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული პირები იარსანები იყვნენ, მასინვე მოხდა მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინდივიდებს აიძულებდნენ, რომ ულვაში გაეპარსათ (ულვაში წმინდა სიმბოლოს წარმოადგენს იარსანთა საზოგადოებაში) იმ შემთხვევებში, როდესაც უარს ამბობდნენ ლოცვაზე, მაგალითად სამხედრო სამსახურის დროს.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ირანის მთავრობა იარსანის მიმდევრებს მიაკუთვნებს შიიტ მუსლიმებს, რომლებიც სუფიზმს ქადაგებენ, იარსანები თავიანთ რელიგიას განცალკევებულად მიიჩნევენ. 2016 წლის ივნისში, იარსანთა რელიგიურმა ლიდერმა  ირანის მთავრობას მიმართა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სთხოვა, რაც აკრძალავდა მათ მიმართ დისკრიმინაციას და აღიარებდა მათ საზოგადოებას, როგორც რელიგიურ უმცირესობას. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ისედაც პატივს სცემს მათ რელიგიას და სამოქალაქო უფლებებს.[4]

განათლებაზე წვდომა

შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები უზრუნველყოფენ ყველა ირანელის უფლებას განათლების მიღების კუთხით. თუმცა, სამართლებრივ და პრაქტიკულ დონეზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის უმცირესობების განათლებაზე წვდომის შესაძლებლობას.

რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში, ჩარიცხვისთვის არსებული მოთხოვნები  უნივერსიტეტში დარეგისტრირების შესაძლებლობას უზღუდავს, იმათ ვინც არაღიარებულ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან. უნივერსიტეტში მიღების წესები, რომლებიც დაწესებულია კულტურული რევოლუციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აცხადებს რომ სტუდენტები უნდა მიეკუთვნებოდნენ ოთხი აღიარებული რელიგიიდან ერთერთს. სტუდენტთა შერჩევის ცენტრალური საბჭოს სამდივნოს მიერ, 2010 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიის მიმდევრები არიან და არაოფიციალურ უმცირესობებს წარმოადგენენ არ აქვთ უფლება, რომ უნივერსიტეტში ისწავლონ, ხოლო თუ ისინი უკვე დარეგისტრირებულები არიან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საბჭოს. აქედან გამომდინარე, უმაღლესი განათლების  მიღების მსურველი საბეან-მანდეანები, იარსანები და სხვა არაღიარებული უმცირესობები განაცხადის ფორმებში თავიანთ თავს უწოდებენ ქრისტიანებს ან მუსლიმებს. უმცირესობების წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ გამოაშკარავდება მათი რელიგიური კუთვნილება, ხშირად ექვემდებარებიან სასწავლებლიდან გარიცხვას. მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება აუკრძალა იურისტს, რომელიც „გონაბადი სუფის“ წევრი იყო.[5]

[1]The Danish Immigration Service: IRAN: The Yaresan; 6 April 2017  

[accessed on 16 April 2018]

[2] Minority Rights Group International (MRG); Ceasefire Centre for Civilian Rights; Centre for Supporters of Human Rights (CSHR) (Author), published by MRG – Minority Rights Group International: Rights Denied: Violations against ethnic and religious minorities in Iran, 13 March 2018

[accessed on 16 April 2018]

[3] HRC – UN Human Rights Council (formerly UN Commission on Human Rights): Report of the Special Rapporteur on the situation of human rights in the Islamic Republic of Iran [A/HRC/37/68], 5 March 2018

[accessed on 16 April 2018]

[4] U.S. Commission on International Religious Freedom/Annual Report 2017/ Iran

   [accessed on 16 April 2018]

[5] Minority Rights Group International (MRG); Ceasefire Centre for Civilian Rights; Centre for Supporters of Human Rights (CSHR) (Author), published by MRG – Minority Rights Group International: Rights Denied: Violations against ethnic and religious minorities in Iran, 13 March 2018

[accessed on 16 April 2018]

ირანი. მხატვრების მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2018

ისლამურ რესპუბლიკაში ხელოვნება წარმოადგენს სადავო სივრცეს, სადაც ადგილი აქვს შიდა კულტურულ ბრძოლებს. ირანში მხატვრებს უწევთ ორიენტირება ბევრი ცენზურის მიმართ. ნებისმიერი პროდუქტი ხელოვნების კუთხით, რაც გამიზნულია საზოგადოებისთვის, გამოქვეყნებამდე, საჭიროებს წინასწარ ავტორიზაციას ირანის კულტურისა და ისლამური განათლების სამინისტროსგან. ამასთანავე, აკრძალულია ნებისმიერი პიესა, გამოფენა ან ფილმი, რომელიც ითვლება, რომ დაკავშირებულია პოლიტიკასთან, რელიგიასთან ან სექსუალურ საკითხებთან. ხელოვანების დიდი ნაწილი განიცდის შევიწროებას ან დაპატიმრებულია.[1]

2015 წლის ივნისში, თავის ადვოკატთან ერთად, დააკავეს ხელოვანი ათენა ფარღადანი (Atena Farghadani), რომელიც თავისი ნახატების მეშვეობით იცავდა ადამიანის უფლებებს. მათ ბრალად ედებათ „უკანონო სქესობრივი ურთიერთობა, მრუშობა და გარყვნილი ქმედება“.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2016 წლის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, ირანელი მხატვრების, მწერლებისა და სოციალური აქტივისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ და მწერალმა პარისპურმა ღია წერილში გამოხატა უკმაყოფილება ხელოვანებზე გაზრდილი რეპრესიების გამო. ღია წერილში ნახსენები იყო, რომ ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირებისთვის მუშაობა არის რთული, ნამუშევრებზე აკრძალვებისა და მკაცრი შეფასებების გამო.[3]

გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ხელოვანი და ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, რომლებიც საჯაროდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს, არიან მუქარის, შევიწროების, დაკავებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი.[4]

ACCORD-ის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ თვეებში დაკავებები შეეხო ხელოვანებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულნი არიან აკრძალულ აქტივობებში.[5]

ირანის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს სტუდენტების, ჟურნალისტების, ადვოკატების, პოლიტიკური აქტივისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ხელოვანებისა და რელიგიური უმცირესობების წევრების დაკავებას, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე. მთავრობამ შეზღუდა საზღვარგარეთ მოგზაურობა ზოგიერთი რელიგიური ლიდერისთვის, რელიგიური უმცირესობის წევრებისთვისა და სენსიტიურ სფეროებში მომუშავე მეცნიერებისთვის. აღნიშნული აკრძალვა შეეხო რამდენიმე ჟურნალისტს, აკადემიკოსს, ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსს, ადამიანის უფლებათა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებსა და ხელოვანებს, ზოგიერთს პასპორტიც ჩამოერთვა წლის განმავლობაში.[6]

„Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2017 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ხელოვანები და მწერლები დაექვემდებარებიან ხანგრძლივ პატიმრობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ანგარიშის წერის მომენტში, ციხეში იმყოფებოდა 24 ავტორი.[7]

ირანის შესახებ „Amnesty International“-ის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს უხეშად დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება. ამ კუთხით ანგარიშში გამოყოფილია სამიზნე ჯგუფები: მშვიდობიანი პოლიტიკური დისიდენტები, ჟურნალისტები, ონლაინ-მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, რეჟისორები, მუსიკოსები, მწერლები და ადამიანის უფლებათა დამცველები.[8] ანგარიშში არ ფიქსირდება არანაირი ინფორმაცია მხატვრების შესახებ.

ირანის შესახებ „Freedom House“-ისა და „Human Rights Watch“-ის 2018 ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ რეჟიმი ინარჩუნებს შეზღუდვებს გამოხატვის თავისუფლებაზე.[9] [10] ამავე ანგარიშებშიც არ ფიქსირდება დევნის ფაქტები კონკრეტულად მხატვრების მიმართ.

იმის მიუხედავად, რომ გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით ირანში ადგილი აქვს ხელოვანების შევიწროების ფაქტებს, რაც ნაწილობრივ გამომდინარეობს ირანში გამოხატვის თავისუფლების მიმართ არსებული მკაცრი შეზღუდვებიდან, აღიარებულ საერთაშორისო და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, მხატვრების დევნის ფაქტები არ ფიგურირებს ისეთი ორგანიზაციების უახლეს ანგარიშებში, როგორიცაა: „Amnesty International“; „Freedom House“; „Human Rights Watch“ და ა.შ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და სხვა ქვეყნების ანგარიშებშიც არ იყო ინფორმაცია მხატვრების, ან კონკრეტულად იმ პირების დევნის ფაქტის შესახებ, რომლებიც ხატავენ ქალებს და ზოგადად ადამიანებს სამოსის გარეშე. ასევე ecoi.net; refworld.org. და Google-ს საძიებო ველშიც ვერ მოიძებნა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

[1] Article 19, Iran: We Must Protect the Right to Artistic Expression, 23 June 2015, available at:

[accessed 23 April 2018]

[2] Amnesty International, Caught in a Web of Repression: Iran’s Human Rights Defenders Under Attack, 2 August 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[3] Heinrich-Böll-Stiftung: Iran-Report 02/16, 4 February 2016

[accessed 23 April 2018]

[4] UN General Assembly, Situation of human rights in the Islamic Republic of Iran, 31 October 2017, A/72/562, available at:

[accessed 23 April 2018]

[5] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Query Response: Iran: Capacity and Methods of Authorities to Monitor Online Activities and Religious Activities of Iranians Living Abroad, 12 June 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[7] Heinrich-Böll-Stiftung: Iran-Report 04/2017, April 2017

[accessed 23 April 2018]

[8] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at:

[accessed 23 April 2018]

[9] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 23 April 2018]

[10] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 23 April 2018]

ირანი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ზოგადი ვითარება. თებერვალი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არჩევნები რეგულარულად ტარდება, თუმცა დემოკრატიულობის ხარისხი ძალიან დაბალია, რადგან არჩევნებს აკონტროლებს მცველთა კორპუსი, რომელიც არა-არჩევითი ორგანოა და შეუძლია არჩევნებში მონაწილეობისგან დაბლოკოს ყველა, ვისაც მაღალი რელიგიური წრეების მიმართ არასაკმარისად ერთგულად მოიაზრებს. უსაზღვრო ძალაუფლება არის მოქცეული ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ჰამენეისა და მისი ასევე არა-არჩევითი ინსტიტუციის ხელში. აღნიშნული ინსტიტუციები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური და სასამართლო, თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის რეპრესირების პროცესში. 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა, რომელიც თავის თავს მოდერატორს უწოდებს, ადვილად მოიგო არჩევნები და მეორე 4-წლიანი ვადით დარჩა პრეზიდენტის პოსტზე.

2017 წლის აგვისტოში პარლამენტმა ნარკოდანაშაულის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რაც ხელს შეუწყობს ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის შემცირებას. მცველთა საბჭომ აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ირანი ყოველწლიურად ასობით სიკვდილით დასჯის განაჩენს აღასრულებს, მათ შორის მათ მიმართ, ვინც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო.

2017 წლის დეკემბერში თეირანის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ისინი აღარ დაიჭერდნენ ხალხს, ძირითადად ქალებს, იმ წესის დარღვევისთვის, რომელიც ადგენს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პირი საჯაროდ. დაპატიმრების ნაცვლად, დამრღვევს პოლიციის ოფიცრები სავალდებულო საგანმანათლებლო გაკვეთილებს დაასწრებენ. ცვლილება, როგორც ჩანს, მხოლოდ დედაქალაქს ეხება და განმეორებით შემთხვევებში დამნაშავეს მაინც დააპატიმრებენ. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით, ირანის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სადაც რამდენიმე დემონსტრანტისგან ისლამური რეჟიმის დასრულების მოწოდებაც გაისმა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ასობით დემონსტრანტი უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა. აქციების მიმდინარეობის დროს, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე წვდომა დაბლოკა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მეორე 4-წლიანი ვადით დარჩა პოსტზე. ხელისუფლება, უსაფრთხოების ძალების და სასამართლოს სახით, განაგრძობდა ჟურნალისტების, ონლაინ მედია აქტივისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროვებას. სიკვდილით დასჯა, განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, კვლავ გრძელდებოდა.[2]

2016 წლის იანვარში ირანის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ძალადობრივი ხასიათისაა. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად მოუწოდებდა ირანს, არ გაეშვა ხელიდან აღნიშნული შანსი და გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. 2017 წლის 15 აგვისტოს სტატიაში „Reuters“ წერს, რომ ირანის პარლამენტმა ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების შემცირებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და რომ ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, 5 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ახალგაზრდებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს. პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც ნარკოტიკებით ვაჭრობისას სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელი იქნება 50 კილოგრამზე მეტი ოპიუმისა და 2 კილოგრამზე მეტი ჰეროინის, მორფის, კოკაინის და სხვა ქიმიური დერივატივების შემთხვევაში. აქამდე სიკვდილით დასჯისთვის საკმარისი იყო 5 კილოგრამზე მეტი ოპიუმითა და 30 გრამზე მეტი ჰეროინით ვაჭრობა. სტატიაში ნათქვამია, რომ სჭირდება პარლამენტის მეორადი დამტკიცება, რის შემდეგაც, საბოლოო დადასტურებისა და კანონად ქცევისთვის, გადაეგზავნება მცველთა საბჭოს.[3]

ადამიანის უფლებათა ცენტრი ირანში 2017 წლის 20 ოქტომბერს წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ ირანმა გაამარტივა ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და გააუქმა სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული მცირე დანაშაულებისთვის. მცველთა კორპუსმა, რომელიც 6 სასულიერო პირისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც ადგენს კანონებისა და არჩევნების ისლამურ პრინციპებთან შესაბამისობას, დაამტკიცა პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკების წინააღმდეგ კანონში. საბოლოო ვერსიით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისას სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ნარკობარონებს, შეიარაღებულ მოვაჭრეებს, კრიმინალებს წინასწარი განზრახვით (15 წელზე მეტი ვადით პატიმრობა) და მათ, ვინც ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებს ბავშვებს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ირანი თეოკრატიული რესპუბლიკაა შიიტური ისლამური პოლიტიკური სისტემით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზულ დარღვევებს წარმოადგენს სამოქალაქო თავისუფლებების, მათ შორის შეკრების, სიტყვის, რელიგიისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. სხვა პრობლემები მოიცავს არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს; ასევე, პირის ფიზიკური მთლიანობის უგულებელყოფა იმ ხალხის მიმართ, რომელთაც თვითნებურად და უკანონოდ აკავებენ, აწამებენ და კლავენ.[5]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ რამდენიმე პირი, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, დაკავების ცენტრში ჯანდაცვაზე ადეკვატური წვდომის ნაკლებობაზე საუბრობს. 2017 წლის აგვისტოში ხელმძღვანელობამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განუცხადა 30 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტს, არაშ სადეგის, რომელსაც ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ქურთი ზეინაბ ჯაბალიანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოდ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას მისი თვალის გამო. 2017 წელს რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა, რაჯაი შაჰრისა და ევინის ციხეებში, არსებული მძიმე პირობების გაპროტესტების მიზნით, შიმშილობა დაიწყო.[6]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ ციხეები გადატვირთულია და პატიმრები ხშირად ჩივიან ცუდი პირობების, მათ შორის ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვის გამო. პოლიტიკური პატიმრების ორგანიზებული შიმშილობის აქციები კვლავ გრძელდებოდა 2017 წლის განმავლობაში. ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ალირეზა რაჯაიმ 2001-2005 წლებში ციხეში ყოფნისას, კიბოს გამო თვალი დაკარგა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მას არ უმკურნალეს.[7]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ გადატვირთულობა ციხეებში რჩება პრობლემად და პატიმრებს უწევთ იატაკზე და დერეფნებსა და ეზოში ძილი. ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, მაჰაბარის ციხეში 700 პატიმარია, მაშინ როდესაც ციხე გათვლილია 400 პატიმარზე. ხელმძღვანელობას ხშირად ბრალდებული და მსჯავრდებული პატიმრები ერთად ჰყავთ მოთავსებული; ისევე როგორც, არასრულწლოვნები ხშირად არიან სრულწლოვანებთან ერთად. ქალი პატიმრები მამაკაცთაგან ცალკე არიან განთავსებულნი.

პოლიტიკური პატიმრები ხშირად ცალკე ციხეებში ჰყავთ. ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, პოლიტიკურ პატიმრებს ხშირად ათავსებენ ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულ ან მსჯავრდებულ პირებთან ერთად. ყოფილი პატიმრების ინფორმაციით, პოლიტიკურ პატიმრებს ხშირად ემუქრებიან ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა ზონაში გადაყვანას, სადაც ხშირია პატიმრებზე თავდასხმები. 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირდა პატიმრების თვითმკვლელობის ფაქტები. ანგარიშში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და პოლიტიკური პატიმრებისთვის ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.

პატიმრების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია მწირია. არ გადადგმულა ნაბიჯები ჩანაწერების წარმოების გაუმჯობესებისკენ. ხელისუფლება ხშირად იყენებს არასაპატიმრო ალტერნატიულ სასჯელებს არაძალადობრივი დანაშაულებისთვის, მათ შორისაა პრობაცია, შინა პატიმრობა, დასაქმებაზე შეზღუდვა, რელიგიური სარეაბილიტაციო სწავლება, გაძევება პროვინციიდან და საზღვარგარეთ მოგზაურობის აკრძალვა.

პატიმრებს, როგორც წესი, ყოველკვირეულად ხელი მიუწვდებათ სტუმრებთან შეხვედრასა და ტელეფონით სარგებლობასა და სხვა სახის კორესპონდენციაზე; თუმცა ხშირად მათ ამას უზღუდავს ხელმძღვანელობა. პატიმრებს შეუძლიათ სასამართლო ხელისუფლებას მიმართონ თავიანთი საჩივრებით, თუმცა აწყდებიან ცენზურას. მთავრობა არ გასცემს ნებართვას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, აწარმოონ ციხის მონიტორინგი.[8]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 82.8 მილიონია. მოსახლეობის 99% მუსლიმია, რომელთაგან 89-94% შიიტი და 5-9% სუნიტი (ძირითადად თურქმენები, არაბები, ბალუჩები და ქურთები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, შესაბამისად).[9]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ გასული წლის განმავლობაში, ირანი სისტემატურად არღვევდა რელიგიის თავისუფლების უფლებას, მათ შორის ხანგრძლივი დაკავებებით, წამებით და რელიგიური დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გზით. მძიმე დარღვევების სამიზნეები იყვნენ რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით ბაჰაიზმის მიმდევრები; ასევე, კონვერტირებული ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმები. სუფიზმის მიმდევარი მუსლიმები და განსხვავებული აზრის მქონე შიიტი მუსლიმები, ასევე, იყვნენ ძალადობის, დაკავებისა და დაპატიმრების ობიექტები.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 22 February 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 22 February 2018]

[3] Reuters; Iran parliament edges towards softening drug laws to curb executions; Reuters Staff; 15 August, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-drugs-law/iran-parliament-edges-towards-softening-drug-laws-to-curb-executions-idUSKCN1AV109

[4] Center for Human Rights in Iran; After Years of International Condemnation, Iran Revises death Penalty Policy; 20 October, 2017; available at: https://www.iranhumanrights.org/2017/10/after-years-of-international-condemnation-iran-revises-death-penalty-policy/

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

[6] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 22 January 2018]

[7] Freedom House; Freedom in the World 2018 – Iran; January, 2018; available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2018/iran [accessed 22 January 2018]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 22 January 2018]

[9] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iran, 15 August 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

[10] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Iran, 26 April 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

ირანი. შიიზმიდან სუნიზმზე კონვერტირებულთა მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 82.8 მილიონია. მუსლიმები მოსახლეობის 99%-ს შეადგენენ; 89-94% შიიტები, ხოლო 5-9% სუნიტები (ძირითადად თურქმენები, არაბები, ბალუჩები და ქურთები) არიან. ისლამის შიიტური მიმდინარეობა ირანის სახელმწიფო რელიგიაა.

ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს, რომ სუნიტური სწავლების ჰანაფის, შაფის, მალიკის, ჰანბალისა და ზაიდის მიმდინარეობები „იმსახურებენ სრულ პატივისცემას“ და მათი მიმდევრები არიან თავისუფლები, აღასრულონ რელიგიური მსახურება. კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნული სწავლებების მიმდევრებს უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი სამართალი რელიგიური სწავლების და ზოგიერთი პირადი საკითხის გადაწყვეტისას, მათ შორის ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემების შემთხვევაში. ირანში კონვერტაციის მხოლოდ ერთი ფორმაა აღიარებული – სხვა რელიგიიდან ისლამზე კონვერტაცია. ისლამიდან განდგომა სიკვდილით დასჯადი ქმედებაა. კანონით არა მუსლიმმა არ შეიძლება საჯაროდ არწმუნოს და სცადოს მუსლიმის კონვერტაცია.[1]

როგორც „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, სუნიტი მუსლიმები უჩივიან იმ გარემოებას, რომ მათ უშლიან მეჩეთების მშენებლობას დიდ ქალაქებში და ასევე უქმნიან სირთულეებს სამთავრობო რგოლებში დასაქმებისას.[2]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მთავრობა დისკრიმინაციულად ექცევა რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის სუნიტ მუსლიმებს და ზღუდავს აზერების, ქურთების, არაბებისა და ბალუჩების როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ აქტივობებს. 2017 წლის 2 აგვისტოს, ცნობილმა სუნიტმა ლიდერმა მოლავი აბდოლჰამიდმა წერილი მიწერა აიათოლა ხამენეის და სთხოვა, მოეხსნათ შეზღუდვები პარასკევის ლოცვაზე დიდ ქალაქებში და ნება დაერთოთ სუნიტებისთვის დანიშნულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ სუნიტებით დასახლებულ რაიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ხამენეიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ ირანის კანონმდებლობა და შარიათის კანონი ავალდებულებს მთავრობას ნებისმიერ ირანელს მოეპყროს დისკრიმინაციის გარეშე მიუხედავად მისი რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილებისა.[3]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ რელიგიური უმცირესობები, მათ შორის ბაჰაის მიმდევრები, სუფისტები, იარესანები, კონვერტირებული ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმები განიცდიან დისკრიმინაციას როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაშიც, მათ შორის განათლების, დასაქმების და რელიგიური მსახურების კუთხით.[4]

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მინიმუმ 120 სუნიტი მუსლიმი იხდის სასჯელს მათ რწმენასთან და რელიგიურ აქტივობებთან დაკავშირებული ბრალდებებით. 2016 წლის აგვისტოში, დაახლოებით 22 სუნიტი მუსლიმი დასაჯეს სიკვდილით „ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ გამო, მათ შორის სუნიტი სასულიერო პირი შაჰრამ აჰმადი, რომელიც 2009 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა. რამდენიმე სუნიტი მუსლიმი ასევე სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მოლოდინშია; ისინი იგივე დანაშაულის ჩადენაში უსამართლო სასამართლო პროცესის შემდეგ დაადანაშაულეს. სუნიტი საზოგადოების ლიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ თეირანში მეჩეთის აშენების უფლება არ მისცეს; ისინი ასევე საუბრობენ გავრცელებული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის რელიგიურ მსახურებაზე და საჯარო სკოლებში სუნიტურ სწავლებებზე. ირანის ხელისუფლებამ, ასევე, გაანადგურა სუნიტური რელიგიური ლიტერატურა და მეჩეთები აღმოსავლეთ ირანში.[5]

„წარმოშობის ქვეყნის ინფორმაციისა და კვლევის ცენტრი (CORI)“ 2014 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შიიზმიდან სუნიზმზე კონვერტირებული მუსლიმების შესახებ წერს, რომ 2014 წელს 20 არაბი ირანელი დააპატიმრეს შიიზმიდან სუნიზმზე კონვერტაციის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებმა რეგიონში დაარბიეს კონვერტირებულები; ირანში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის ინფორმაციით, „26 თებერვალს, აჰვაზსა და ხუზესტანის პროვინციაში უსაფრთხოების აგენტებმა დააპატიმრეს 20 არაბი ირანელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა აქტივისტმა კარიმ დაჰიმიმ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ხაშაიარისა და ალევის სამეზობლოს წარმოადგენდნენ აჰვაზში. ისინი ალევის სამეზობლოს ერთერთი არაბის სახლში ყურანის წასაკითხად შეიკრიბნენ, როდესაც უსაფრთხოების აგენტები სახლში შეიჭრნენ და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე დააპატიმრეს. დაკავებას გადაურჩა სახლის პატრონი, რომელიც სურსათის საყიდლად იყო გამოსული და როდესაც სახლთან პოლიციის მანქანები დაინახა, გაიქცა. ადამიანის უფლებათა აქტივისტი აცხადებს, რომ არცერთი მათგანი არ იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში და რომ მათი დაკავება დაკავშირებულია იმასთან, რომ რეგიონში უსაფრთხოების ძალები კონვერტირებულებს არბევენ. უკანასკნელ წლებში ბევრი ირანელი კონვერტირდა შიიზმიდან სუნიზმზე, განსაკუთრებით, შაუშის, აბადანის, შადეგანისა და ხორამშაჰრის რეგიონებში; ირანის ხელისუფლება შეშფოთებულია სუნიტი მოსახლეობის ზრდით აღნიშნულ რეგიონებში და ამიტომ ისინი ძალიან მკაცრები არიან კონვერტირებულების მიმართ.

2014 წლის ივლისში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო კამპანია სუნიტი პატიმრები ირანში“ გაავრცელა ინფორმაცია კონვერტირებული სუნიტების დაპატიმრების შესახებ. რამდენიმე დღეში ოცამდე კონვერტირებული სუნიტი დააპატიმრეს. ირანის შიიტური მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ტრადიციულად შიიტურ ხუზესტანში სუნიტების მომრავლებით. პროვინციაში გაავრცელეს სუნიტური რწმენის დამცინავი 6000-ზე მეტი წიგნი; წიგნებზე მითითებული იყო, რომ ისინი მთავრობის დავალებით დაიბეჭდა. იგივე ორგანიზაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა სუნიზმზე კონვერტაციის შემდეგ 9 პირი დააპატიმრეს ხუზესტანის პროვინციაში, ქალეჰ ჩანანში.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, სუნიზმზე კონვერტაციის გამო ერთი პირი დააპატიმრეს, ასევე, აჰვაზის პროვინციაში, ირანის სამხრეთ-დასავლეთით. უსაფრთხოების ძალებმა, ასევე, დააპატიმრეს 20-ზე მეტი კონვერტირებული სუნიტი ყურანისა და არაბული ენის სწავლების შეხვედრაზე აჰვაზში.[6]

[1] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iran, 15 August 2017, available at:

[accessed 7 February 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 7 February 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 7 February 2018]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 7 February 2018]

[5] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Iran, 26 April 2017, available at:

[accessed 7 February 2018]

[6] Country of Origin Research and Information (CORI), Iran: Information on situation of persons who convert from Shia to Sunni Islam; how are they treated by the State and its organs, 6 November 2014, Iran1114, available at:

[accessed 7 February 2018]

ირანი. მასობრივი საპროტესტო აქციების ქრონიკა. იანვარი, 2018

ირანში საპროტესტო გამოსვლები 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. პირველი აქციები მოეწყო მეშჰედში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია. შემდეგ მასობრივი დემონსტრაციები და პოლიციასთან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს ძალებთან შეტაკებები სხვა ქალაქებში გაგრძელდა და 30 დეკემბერს არეულობა დაიწყო თეირანშიც. დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. 2 იანვრის დილის მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი. მარტო თეირანში, სამი დღის განმავლობაში დაპატიმრებულია 450-მდე ადამიანი. აქციებში მონაწილეობისა და ანტირელიგიური ლოზუნგებისთვის მათ შეიძლება სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდათ.

გამოსვლები ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური ლოზუნგებიც გაჩნდა. BBC-ის სპარსული სამსახურის ბოლოდროინდელი გამოძიების თანახმად, საშუალო ირანული ოჯახი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 15%-ით გაღარიბდა. ამასთან, პურის, რძის და ხორცის მოხმარება 30-50%-ით შემცირდა. ახლახან, ირანში, რამდენიმე პოპულარულმა საკრედიტო კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. შედეგად, ათასობით ადამიანმა ბოლო დანაზოგი დაკარგა და უსახსროდ დარჩა. ირანში უმუშევრობის ოფიციალური დონე 12%-ია. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის 60%-მდე უმუშევარია. საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ქათმის კვერცხზე ფასი ორჯერ გაიზარდა. დემონსტრანტების თავდაპირველი მოთხოვნა ფასების ზრდის შეწყვეტა იყო. პოლიტიკური ლოზუნგები – პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და პოლიციის თავნებობის აღკვეთა – მოგვიანებით გაჩნდა.

ბოლო დღეებში უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ 2015 წელს ირანს და დასავლურ ქვეყნებს შორის ბირთვულ პროგრამაზე გაფორმებული შეთანხმების შედეგებს. ირანელები ელოდნენ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ გაჩნდა ანტისახელისუფლებო ლოზუნგებიც, მათ შორის „სიკვდილი როუჰანის“. ამასთან, აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავთ. ამით განსხვავდება საახალწლო საპროტესტო აქციები 2009 წლის მასშტაბური გამოსვლებისაგან, რომლის დროსაც ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

თეირანმა დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა. პრეზიდენტმა როუჰანიმ თავის გამოსვლაში 1-ელ იანვარს განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის და სიონისტური რეჟიმის რეაქცია ირანის მიღწევებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. როუჰანის აზრით, აქციის მონაწილეების უკან სავარაუდოდ, საუდის არაბეთიც დგას – 2016 წელს ერ-რიადმა თავის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, საბოლოოდ გაწყვიტა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა. ირანის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დააკავა რამდენიმე „ჯაშუში“, რომლებსაც არეულობის პროვოცირებაში სდებს ბრალს. როუჰანის მიაჩნია, რომ გამოსვლები „პატარა ჯგუფის“ მოწყობილია. იმავდროულად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყურადღებას მიაქცევს ფასების ზრდას და უმუშევრობის პრობლემას ქვეყანაში. 2 იანვარს, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების უკან დგანან „ქვეყნის მტრები“, რომლებიც ამისთვის იყენებენ „ფულს, იარაღს, პოლიტიკურ განცხადებებს და დაზვერვას“.

გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს. საპროტესტო აქციების პროცესში ირანში დაბლოკეს Instagram და Telegram. Telegram ქვეყნის მთავარი არაოფიციალური საინფორმაციო საშუალებაა. მაგრამ გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადგილობრივ მედია საშუალებას ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. ტელევიზიის ცნობით, დემონსტრანტები იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით პოლიციის განყოფილებებს ესხმიან თავს. თითქოს, სწორედ ამის გამო მოკლეს ექვსი ადამიანი. მთლიანობაში, ინფორმაციის ისეთი წყაროები, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება, ძალიან ცოტაა, რის გამოც სოციალურ ქსელში ყალბი ცნობები ვრცელდება. მაგალითად, სოციალურ ქსელში გარვცელებული ერთერთი ვიდეო, რომელიც ვითომ ირანში მიმდინარე პროცესებს ასახავს, სინამდვილეში არა ირანში, არამედ 2011 წელს ბაჰრეინშია გადაღებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა. „ბოლოსდაბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მათ ფულს და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორისტებს უგზავნიან“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე 31 დეკემბერს.[1]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია. „ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.[2]

ირანში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არაა. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა მან.[3]

დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები დაიწყო. ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარმა, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, „ამბოხის დამარცხების“ შესახებ განაცხადა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი. მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან. იმის, რომ ისრაელის და აშშ-ის მეთაურები ირანის ანტისახელისუფლებო აქციებს მხარს უჭერენ, ასევე სჯერა ოფიციალურ ანკარას.[4]

სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს. ბერლინში ათობით ირანელი ლტოლვილი შეიკრიბა და ირანის სხვადასახვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რომში მდებარე ირანის საელჩოსთან კი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ჰალკის“ 30-მდე წევრი შეიკრიბა. ისინი ლოზუნგებს „შეაჩერეთ დასჯა“ და „არა როუჰანის“ სკანდირებდნენ. აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონში მდებარე ირანის საელჩოსთანაც.[5]

ირანმა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა როგორც აიათოლა ხამენეიმ ადრე განაცხადა, დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.

ინგლისური ენის სწავლების აკრძალვის მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის „კულტურულ შემოჭრას“ შეუწყო ხელი. როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში „კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება“.[6]

[1] იმედის ახალი ამბები; ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება; 2 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/theme/175/iranshi-masobrivi-saprotesto-aqtsiebi-ar-tskdeba-mtavari

[2] Trend News Agency; President Rouhani: Iran’s economy ahead of global average; 1 January, 2018; available at: https://en.trend.az/iran/society/2842960.html

[3] Welt; EU ruft alle Seiten im Iran zu Gewaltverzicht auf; 3 January, 2018; available at: https://www.welt.de/newsticker/news1/article172118263/Proteste-EU-ruft-alle-Seiten-im-Iran-zu-Gewaltverzicht-auf.html

[4] Reuters; Iran deploys Revolutionary guards to quell ‘sedition’ in protest hotbeds; Bozorgmehr Sharefedin; 3 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-rallies/iran-deploys-revolutionary-guards-to-quell-sedition-in-protest-hotbeds-idUSKBN1ES0FI?il=0

[5] იმედის ახალი ამბები; საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს; 3 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42840/sazgvargaret-mtskhovrebma-iranelebma-aqtsiebi-gamartes

[6] Reuters; Iran bans English in primary schools after leader’s warning; Reuters Staff; 7 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-english/iran-bans-english-in-primary-schools-after-leaders-warning-idUSKBN1EW0L1