კამერუნი. ანგლოფონების მიმართ დამოკიდებულება. ივლისი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი კამერუნის კრიზისთან დაკავშირებით 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ კამერუნის ინგლისურენოვანი უმცირესობა 5 მილიონამდე პირს და ქვეყნის მოსახლეობის 20 %-ს წარმოადგენს. მათი უმრავლესობა ბინადრობს ორ „ანგლოფონურ“ რეგიონში – ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი (North-West and South-West – NWSW). თუმცა, ანგლოფონები ბინადრობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დედაქალაქ იაოუნდესა და  ქ. დოუალაში არსებობს ანგლოფონებით დასახლებული უბნები. ისინი საკმაოდწარმოდგენილნი არიან კამერუნულ საზოგადოებასა და სხვადასხვა სფეროებში, ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოქმედი პრემიერ-მინისტრი – ჯოზეფ დიონ ნგუტე.

კამერუნის ზემოაღნიშნულ რეგიონებში 2016 წელს დაიწყო არეულობა მას შემდეგ, ანგლოფონმა იურისტებმა და მასწავლებლებმა გააპროტესტეს ანგლოფონურ რეგიონებში ფრაკოფონი მოსამართლეებისა და მასწავლებლების დანიშვნის მზარდი ტრენდი. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ გამოიყენა სამხედრო ძალა, მათ შორის – რეალური ტყვიები. 2017 წლის 1 ოქტომბერს, ამბოხებულმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს „ამბაზონიის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა.

შემდგომ მათ მოახდინეს სკოლების ბოიკოტირება. 2019 წლის შუა პერიოდისთვის, სკოლათა 80 % დაკეტილი იყო, რასაც სეპარატისტულმა ჯგუფებმა მასწავლებლებზე ძალადობითა და სკოლის შენობებზე თავდასხმების მიაღწიეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 850 000 ბავშვს განათლებაზე წვდომა არ გააჩნია.

სეპარატისტები ძირითადად გაერთიანებულნი არიან ორი მთავარი პოლიტიკური ჯგუფის ქვეშ – „ამბაზონიის ფედერალური რესპუბლიკა“ და „ამბაზონიის მმართველი საბჭო“. ამ პოლიტიკურ პარტიებთან კი, 20-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფებაა დაკავშირებული. მათი რაოდენობა და ბრძოლის-უნარიანობის მაჩვენებელი უცნობია, ხოლო ბევრი სეპარატისტი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ბინადრობს.

ანგარიშის მიხედვით, NWSW რეგიონებში და ზოგადად, კამერუნის სხვა ნაწილებში მცხოვრები ანგლოფონები ექვემდებარებიან დისკრიმინაციას, მათ შორის – დასაქმებისა და განათლების კუთხით. თუმცა, საშინაო საქმეთა ოფისის ექსპერტთა მოსაზრებით, ხელისუფლება არ უქვემდებარებს ანგლოფონებს ისეთ მოპყრობას, როგორიცაა – დაპატიმრება; არასათანადო მოპყრობა და სხვა სერიოზული ხასიათის უფლებადარღვევები, მხოლოდო იმ მოტივით, რომ ისინი არიან NWSW რეგიონებიდან, ან არიან ინგლისურად მოლაპარაკე პირები. ზოგადად, ანგლოფონები არ ექვემდებარებიან ისეთ მოპყრობას, რომელიც საკუთარი ბუნებით ან/და განმეორებითობით, გაუტოლდება დევნას. თუმცა, წყაროთა მიხედვით, კამერუნის მთავრობა ზოგადად არ ეგუება ოპოზიციას და კრიტიკას და აგრძელებს იმ პირთა დაკავებას და დაპატიმრებას (მათ შორის – ტერორიზმის ბრალდებებით) რომლებსაც მიიჩნევს ანგლოფონ სეპარატისტებად. ზოგიერთი დაკავებულის შემთხვევაში, ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობასაც.

ამას გარდა, ანგლოფონები ცხოვროვენ ქვეყნის დიდ ქალაქებში: დოუალა და იაოუნდე. წყაროთა მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში ორენოვანი სკოლებიც მდებარეობს. 2018 წლის ანგარიშში კანადის იმიგრაციის საბჭო წერდა, რომ ანგლოფონი მოსახლეობა „დომინირებს“ დოუალასა და იაოუნდეს რამდენიმე უბანში. ICG-ს მიხედვით, დოუალას ბევრი მკვიდრი ინგლისურენოვანია და ფრანგულად თითქმის ვერ საუბრობს.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისი (UNOCHA) 2020 წლის ივნისში წერდა, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მძიმეა. თუმცა, კამერუნის სხვა ნაწილებში (Far North რეგიონის გარდა, სადაც ტერორისტული დაგჯუფება Boko Haram ოპერირებს) უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია შედარებით სტაბიულურია და ბევრი ლტოლვილი და იძულებიტ გადაადგილებული პირი თავშესაფარს სწორედ აქ პოულობს. თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კამერუნში გახშირდა ურბანული დანაშაულები, გატაცებები, პირთა დაყაჩაღება და თემებს შორის დაპირისპირებების შემთხვევები.

ოფისის ექსპერტთა მოსაზრებით, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, ანგლოფონი პირების ან იმ პირების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ეწინააღმდეგებიან მთავრობას, ითხოვენ ანგლოფონური რეგიონებისთვის მეტი ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მინიჭებას, ადგილი ექნება კამერუნის ხელისუფლების მხრიდან აქტიურ ინტერესს. თუ რამდენად დადგება ასეთი პირი დევნის რისკის წინაშე, დამოკიდებულია მათ პროფილსა და აქტივობებზე. საყურადღებო ფაქტორებია:

  • პირის მიერ მხარდაჭერილი ან მასთან დაკავშირებული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის ბუნება, მიზნები და მეთოდები;
  • ჯგუფის აქტივობა კამერუნში და ასევე საზღვარგარეთ.
  • თუ პირი არ არის რომელიმე ჯგუფის წევრი, მათი როლი და აქტივობა ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის – დემონსტრაციების ორგანიზება ან ხელისუფლების საჯარო კრიტიკა როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე – სოციალური ქსელების გამოყენებით, კამერუნში თუ საზღვარგარეთ.
  • დაინტერესებულან თუ არა კონკრეტული პირით კამერუნის შესაბამისი სამსახურები წარსულში და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინტერესის მიზეზი.

ამას გარდა, ოფისის ექპერტთა შეფასებით, კამერუნში არსებობს ანგლოფონური დასახლებები NWSW რეგიონების გარეთ, მათ შორის – ქალაქებში დოუალა და იაოუნდე. პირი, რომელიც არის აღნიშნული რეგიონებიდან და არ აქვს მთავრობის მხრიდან დევნის საფუძვლიანი შიში, მარტივად შეძლებს კამერუნის სხვა ნაწილებში რელოკაციას. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა განიხილონ შიდა-გადაადგილების ალტერნატივის რელევანტურობა და მიზანშეწონილება, პირის ინდივიდუალური მაჩვენებლების სრული გათვალისწინებით.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House კამერუნის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ კამერუნში ადგილი აქვსქვეყნის ანგლოფონი მოქალაქეების და ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციას. ქვეყნის ხელისუფლება ანგლოფონურ რეგიონებში ფრანგული ენის შემოღებას ცდილობს, ხოლო ანგლოფონ კამერუნელებს ხშირად უარს ეუბნებიან საჯარო სამსახურში მაღალ პოზიციებზე დასაქმებაზე.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO)2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში კამერუნის ანგლოფონურ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ წერდა, რომ გაეროს 2021 წლის 1 ივნისის ანგარიშის მიხედვით, კამერუნის Far North, North-West და South-West რეგიონებში ძალადობა კვლავაც გრძელდებოდა. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანგლოფონური North-West და South-West რეგიონები, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ სამთავრობო პირებს, თემის ლიდერებს და სკოლების პერსონალს. აღნიშნული თავდასხმების რაოდენობამ იმატა რეგიონალური არჩევნების მოახლოებისას და მას შემდეგაც გრძელდება.

2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 6 მაისის ჩათვლით, ორგანიზაცია ACLED-მა კამერუნში სულ 1 387 ძალადობრივი შემთხვევა აღრიცხა, რომელთაგან 552 კატეგორიზებული იყო, როგორც „შეიარაღებული შეტაკება“; 62 – „აფეთქება/დისტანციური ძალადობა“ და 773, როგორც „ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“.

Human Rights Watch 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, „სეპარატისტების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებმა მკაცრი მეთოდების გამოყენებით უპასუხეს, რომლის ფარგლებშიც ხშირად სამიზნეს სამოქალაქო პირები წარმოადგენდნენ. შედეგად, ასობით მათგანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში შეტაკებებისას. 2020 წლის განმავლობაში, აღირიცხა სეპარატისტული დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უფლებადარღვევები; მკვლელობები; წამებისა და გატაცების შემთხვევები. ამას გარდა, ისინი ასევე ხელს უშლიდნენ ჰუმანიტარულ მუშაკებსა და მასწავლებლებს საკუთარი მოვალეობის განხორციელებაში. 2020 წლის აპრილისთვის, OSAC წერდა, რომ სეპარატისტები იტაცებდნენ კამერუნის უსაფრთხოების ძალებისა და სამთავრობო ელიტის წევრებს. ისინი ასევე ახორიცელებდნენ მომაკვდინებელ თავდასხმებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში.

2021 წლის აპრილში მედია საშუალება Al-Jazeera წერდა, რომ კამერუნის ანგლოფონურ რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდებოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ფიქსირდებოდა მზარდი დანაკარგები სამოქალაქო პირებში, განახლებული თავდასხმები სკოლებზე და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IEDs) თავდასხმები.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისი (UNOCHA) ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აპრილში, კამერუნის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში 10 000 პირი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. იმავე ანგარიშის მიხედვით, აპრილში დაფიქსირდა ჰუმანიტარულ მუშაკებზე და ჯანდაცვის პროვაიდერებზე თავდასხმის სამი, ხოლო გენდერული ნიშნით ძალადობის 965 შემთხვევა. ამას გარდა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გათვლებით, კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კრიზისმა 700 000 ბავშვი სკოლის გარეთ დატოვა.

რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას კონკრეტული რეგიონების მიხედვით, ACLED მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 6 მაისის ჩათვლით, კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სულ 490 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაგან უმრავლესობა შეიარაღებულ შეტაკებას ან სამოქალაქო პირებზე ძალადობას წარმოადგენდა. ყველაზე ცხელი წერტილები იყო: მეზამი; ნგო-კეტუნჯია; ბუი და მომო. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს, იმავე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 290 ძალადობრივი შემთხვევა, რომელთაგან უმრავლესობა, ჩრდილო-დასავლეთის მსაგვსად, შეიარაღებულ შეტაკებებსა და სამოქალაქო პირებზე ძალადობის ინციდენტებზე მოდიოდა. ინციდენტები ძირითადად ფიქსირდებოდა შემდეგ ლოკაციებზე: ფაკო; ნდიანი; მემე; კოუფე-მენენგოუბა და მანიუ.[3]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის კამერუნში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.ორივე ანგლოფონური რეგიონი (South West და North West) წითელ ზონაში ხვდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქ. ლიმბე ხვდება არა წითელ, არამედ ყვითელ ზონაში და იქ მოგზაურობა რეკომენდირებული მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.[4]

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Cameroon: North-West/South-West crisis; published in December 2020; available at

[accessed 9 July 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Cameroon; published in March 2021; available at

[accessed 9 July 2021]

[3] EASO – COI Query “Cameroon  -Latest developments on security situation in Anglophone region between 1 January 2020 and 31 May 2021”; published in  June 2021; available at

[accessed 9 July 2021]

[4] Government of UK; Foreign travel Advice; Cameroon; available at: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/cameroon [accessed on 14 June 2021]

კამერუნი. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. იანვარი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი კამერუნში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) წერდა, რომ ქვეყანა იმართება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართვის მრავალპარტიული სისტემა აქვს, კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა მისი შექმნის დღიდან (1985) მმართველი პარტიაა. პარტიის ლიდერი პოლ ბია 1982 წლიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზეა. 2011 წელს იგი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლებს არ სჯერათ, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შედეგებზე. 2013 წელს შედგა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დამკვირვებლების შეფასებით არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში და ზოგადად იყო თავისუფალი და სამართლიანი.

ანგარიშის მიხედვით,  შესაბამისი სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე, მათ შორის –  პოლიციასა და ჟანდარმერიაზე. ქვეყანაში არსებული სოციო-პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კონკრეტული ჯგუფების სავარაუდო მარგინალიზაციის გამო დაიწყო, 2016 წლის ბოლოს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტს შედეგად მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები როგორ სამთავრობო ძალების, ასევე – ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან.

მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე – შეიარაღებული ანგოლოფონი სეპარატისტების მიერ; იძლებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებთან, ასევე – ტერორისტულ ორგანიზაცია ბოკო ჰარამთან; უსაფრთხოების ძალებისა და ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან წამება; სეპარატისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტები; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ძალებსა და საჯარო სექტორში სხვადასხვა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაციის, მათ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კუთხით, ამას ხშირად არ მოჰყოლია საჯარო რეალური სანქციები და დამნაშავეები ზოგჯერ დაუსჯელად განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის ანგარიშით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) კამერუნს არა-თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს და ქვეყანაში  პოლიტიკური უფლებების ხარისხს 40-დან 7, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებელს 60-დან 12 ქულით აფასებს.  ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტი გაუარესდა, გაიზარდა სამოქალაქო პირთა დაღუპვის  და იძულებითი გადაადგილების შემთხვევებიც. არსებობდა სეპარატისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების სამოქალაქო ომში გადაზრდის საფრთხე. მთავრობა აგრძელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა სერიას იმ ჟურნალისტებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომლებიც აკრიტიკებდნენ ანგლოფონურ რეგიონებში გატარებულ პოლიტიკას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში ფაქტიურად ვერ მოხერხდა, რაც განპირობებული იყო აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობით, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებს შორის არსებული შეტაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბოკო ჰარამთან კონფლიქტის ინტენსივობამ იკლო, ტერორისტები კვლავ აგრძლებდნენ თავდასხმების მოწყობას ქვეყნის „უკიდურეს ჩდილოეთი რეგიონში” (the Far North Region). ამას გარდა, სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მიმართ ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ ისინი აწამებდნენ ბოკო ჰარამთან სავარაუდოდ აფილირებულ პირებს, რომელთა უმრავლესობაც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კამერუნის შესახებ 2019 წლის ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) მიხედვით, ქვეყანაში, რომელიც წარსულში სტაბილურობით იყო ცნობილი, 2018 წლის განმავლობაში გახშირდა ძალადობისა და სერიოზული უფლებარაღვევების შემთხვევები. კამერუნის 3 ანგლოფონურ რეგიონში მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციების სეპარატისტების მიმართ, ადგილი ჰქონდა რადიკალური ისლამისტური ჯგუფის – ბოკო ჰარამის მხრიდან თავდასხმებს უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონში და ფიქსირდებოდა ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, სამთავრობო უსაფრთხოების ძალები ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: კანონს მიღმა სიკვდილით დასჯის შემთხვევები; კერძო ქონების გადაწვა; უკანონო და თვითნებური დაპატიმრებები; დაკავებულთა წამება და ა.შ. International Crisis Group-ის მიხედვით, 2017 წელს კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, როგორც სამთავრობო ძალების, ასევე – სეპარატისტების ქმედებებს 420-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ბოკო ჰარამის და სეპარატისტებით თავდასხმების შედეგად, უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონიდან დაახლოებით 244 000, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებებიდან – 437 500 სამოქალაქო პირი იძულებით გადაადგილდა.[3]

 

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Cameroon; published 13 March 2019; available at

[accessed 9 January 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2019 – Cameroon; published 4 February 2019; available at

[accessed 9 January 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2019 – Cameroon; published 17 January 2019; available at

[accessed 10 January 2020]

კამერუნი. ანგლოფონური რეგიონების კრიზისი. აგვისტო, 2018

საინფორმაციო სააგენტო „Reuters“ 2018 წლის პირველ ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს კამერუნში, ანგლოფონურ რეგიონებში, ინგლისურად და ფრანგულად მოლაპარაკე საზოგადოებას შორის არსებულ დაპირისპირებაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ კამერუნის ანგლოფონურ რეგიონებში (ჩრდილო-დასავლეთ რეგიონი და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი) ამბოხებულები იბრძვიან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის. მათსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, მას შემდეგ, რაც დაპირისპირება გამწვავდა 2016 წელს, ბევრი ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი პირი იძულებით გადაადგილდა. კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მენკაში, კამერუნის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს და მოკლეს ათობით პირი, რომლებიც ამბოხებულებად მიიჩნიეს. ამ მოვლენამდე ამბოხებულებმა პარტიზანული იერიშების დროს რამდენიმე სამხედრო და პოლიციელი გაიტაცეს და მოკლეს. საპასუხოდ, კამერუნის სამხედრო ძალებმა რამდენიმე სოფელი გადაწვეს და გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებულ ძალებში ასეთი ფაქტი უარყვეს.

კამერუნის ორ ნაწილად გაყოფა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იღებს სათავეს. გერმანიის მარცხის შემდეგ, გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გერმანიის კოლონიები გაინაწილეს, მათ შორის აფრიკაშიც. კამერუნი, სადაც მოსახლეობა 250 სხვადასხვა ენაზე საუბრობდა, საფრანგეთს ერგო; მისი მხოლოდ მცირე ნაწილი მიაკუთვნეს ბრიტანეთს. 1960 წელს, როდესაც კამერუნმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ინგლისურენოვან მოსახლეობას მისცეს ორი ალტერნატივა – დარჩენილიყვნენ ერთიანი კამერუნის შემადგენლობაში ან შეერთებოდნენ მეზობელ ნიგერიას, რომელიც ადრე ბრიტანეთის კოლონია იყო. მათ კამერუნის შემადგენლობაში დარჩენა ამჯობინეს; მოგვიანებით კი ფრანგულენოვანი მთავრობის მიერ დაიწყო მათი მარგინალიზაცია. ინგლისურენოვანი მოსახლეობის მტკიცებით, საუკეთესო სამთავრობო პოზიციები და სამსახური ფრანგულენოვან მოსახლეობას ხვდება. განათლება, გზები და ჯანდაცვა დასავლეთ რეგიონში უგულებელყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ კამერუნი ათობით ათასს ბარელ ნავთობს 1970-იანი წლებიდან სწორედ სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოიპოვებს, რომელიც ორი ანგლოფონური რეგიონიდან ერთერთია.

თავიდან, კამერუნის ინგლისურად მოსაუბრე საზოგადოება ითხოვდა, რომ მათი საჩივრები მოესმინათ. მხოლოდ მცირე ნაწილი ითხოვდა გამოყოფას და ცალკე სახელმწიფოს ფორმირებას სახელწოდებით „ამბაზონია“. თუმცა, 2016 წლის შემდეგ, როდესაც საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდებით უპასუხა, მათ შორის დააპატიმრა ინგლისურენოვანი აქტივისტები და მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი სხვა მოქალაქეები, უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ უკეთესი მომავლის ერთადერთი გზა კამერუნისგან გამოყოფაა. მათ დაბეჭდეს საკუთარი პასპორტები, დააწესეს საკუთარი ვალუტა და დროშა; დაწერეს ჰიმნი და დააფუძნეს ეროვნული ტელევიზია. თუმცა, გავლენიანი პირების უმრავლესობა ევროპასა და აშშ-შია გაქცეული.

2016 წლის ოქტომბერში იურისტებმა და მასწავლებლებმა ინგლისურენოვან ქალაქებში აქციები დაიწყეს; ისინი აპროტესტებდნენ ფრანგული ენის გამოყენების იძულებას სკოლებსა და სასამართლოებში. დაპირისპირებას ექვსი დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა, ასობით პირი კი დააკავეს; ზოგიერთ მათგანს დიდი ხნით პატიმრობა და სიკვდილით დასჯაც მიუსაჯეს. ხელისუფლებამ სამი თვით ინტერნეტთან კავშირი შეზღუდა. გამოყოფის იდეის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდებოდა და 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს – რეგიონის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის წლისთავზე – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ხელისუფლებამ საქმეში არმია ჩართო – თვითმხილველთა თქმით, სამხედროებმა საბრძოლო ვერტმფრენებიდან გაუხსნეს ხალხს ცეცხლი. არმიამ ასეთი ქმედება უარყო. ხელისუფლებამ ოპერაცია ანტი-ტერორისტული უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები საჭირო იყო მშვიდობის და წესრიგის აღსადგენად. ერთი თვის შემდეგ, სეპარატისტებმა უსაფრთხოების ძალებზე პარტიზანული თავდასხმები დაიწყეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ოთხი სამხედრო მოკლეს.[1]

მედია საშუალება „The Conversation“ 2017 წლის 15 ოქტომბერს აქვეყნებს ინტერვიუს, სადაც კამერუნის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ვერკიიკა ჯი ფანსო საუბრობს იმის შესახებ თუ რატომ არის კამერუნი ასე ახლოს ომთან ენისა და კულტურის გამო. მისი თქმით, მტრობას ადგილი აქვს ინგლისურად მოსაუბრე ხალხსა და მთავრობას შორის, სადაც ფრანგულენოვნები დომინირებენ. ისინი ავტორიტარული მეთოდებით მართავენ ქვეყანას მას შემდეგ, რაც ფრანგული და ბრიტანული კამერუნები გაერთიანდა 1961 წელს. ამჟამად დაპირისპირებაა ქვეყნის იმ მცირე ტერიტორიასა, რომელიც ადრე ბრიტანეთს ეკუთვნოდა და დანარჩენ ტერიტორიას შორის, რომელიც ადრე საფრანგეთის კოლონია იყო. 1972 წელს თავდაპირველი ფედერალური სტრუქტურა გაუქმდა და მოხდა დასავლეთ კამერუნის – ინგლისურად მოსაუბრე ანუ ანგლოფონური ნაწილი – გაერთიანებულ რესპუბლიკაში ანექსია. 1984 წელს კი სიტყვა „გაერთიანებულიც“ გაქრა და ქვეყანას ეწოდა კამერუნი და ინგლისურად მოსაუბრე რეგიონის ასიმილირება მოხდა ფრანგულად მოსაუბრეთა სივრცეში. ანგლოფონთა ღირსება და სახელმწიფო მდგომარეობა თანდათანობით დაინგრა, თუმცა არა ფრანგულენოვანი საზოგადოების მიერ, არამედ მთავრობის მიერ, სადაც ფრანკოფონები დომინირებენ.[2]

[1] Reuters; Anglophone Cameroon’s separatist conflict gets bloodier; By Tim Cocks; June 1, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-cameroon-separatists/anglophone-cameroons-separatist-conflict-gets-bloodier-idUSKCN1IX4RS [accessed 29 August, 2018]

[2] The Conversation; History explains why Cameroon is at war with itself over language and culture; 15 October, 2017; available at: https://theconversation.com/history-explains-why-cameroon-is-at-war-with-itself-over-language-and-culture-85401 [accessed 29 August, 2018]

კამერუნი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აგვისტო, 2018

„Amnesty International“ თავის 2017/18 წლების ანგარიშში კამერუნის შესახებ წერს, რომ შეირაღებული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განაგრძობდა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებს ქვეყნის შორეული ჩრდილოეთის რეგიონში (Far North region), მათ შორის ადგილი ჰქონდა ძარცვის, ქონების განადგურების, მკვლელობებისა და გატაცებების ფაქტებს. საპასუხოდ, ხელისუფლება და უსაფრთხოების ძალები თავის მხრივ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს, საპატიმროში წამებასა და სიკვდილს. 2014-2017 წლებში, კონფლიქტის შედეგად, შორეული ჩრდილოეთის რეგიონის იძულებით დატოვება მოუხდა დაახლებით 240 ათას ადამიანს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ იზღუდებოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. 2017 წლის იანვარსა და სექტემბერში უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაარბიეს დემონსტრაციები ანგლოფონურ რეგიონებში. სამხედრო სასამართლოში ხშირად ასამართლებდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს, სავაჭრო კავშირების წევრებს და მასწავლებლებს.[1]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში კამერუნს არა-თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს და თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხს 6-6 ქულით აფასებს (შეფასებაში 1 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ყველაზე უარესი). ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანას 1982 წლიდან მართავს პრეზიდენტი პოლ ბია. მისმა კამერუნის სახალხო დემოკრატიულმა მოძრაობამ (CPDM) ძალაუფლება არჩევნების გაყალბებით, სახელმწიფო რესურსის პოლიტიკური პატრონაჟისთვის გამოყენებით და ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შეზღუდვით ჩაიგდო ხელში. ორგანიზაცია წერს, რომ უსაფრთხოების ძალები ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით არბევდნენ მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებს, განსაკუთრებით ქვეყნის ორ ანგლოფონურ რეგიონში – ჩრდილო-დასავლეთ რეგიონსა (Northwest region) და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში (Southwest region). ამბოხებულთა დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განაგრძობს თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ჩრდილოეთ კამერუნში; საპასუხო ქმედებებისას კი უსაფრთხოების ძალები არღვევენ ადამიანის უფლებებს სამოქალაქო პირების მიართ.

მთავრობა განაგრძობდა მათ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი მეთოდებით დარბევას ანგლოფონურ რეგიონებში. საპროტესტო აქციები 2016 წლის მეორე ნახევარში იურისტებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს; ისინი აპროტესტებდნენ ინგლისური ენის მიუღებლობას სასამართლოებსა და სკოლებში, მიუხედავად მისი კონსტიტუციური სტატუსისა – ქვეყნის კონსტიტუციით ინგლისური ენა ფრანგულ ენასთან ერთად კამერუნის ოფიციალური ენაა. ოქტომბერში მინიმუმ 20 ადამიანი შეეწირა უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრაციის დაშლას, რომლის დროსაც გამოიყენეს საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. დემონსტრაციებში მონაწილე მინიმუმ 500 ადამიანი დააპატიმრეს და ანგლოფონურ რეგიონებში 90 დღეზე მეტი ვადით შეზღუდეს ინტერნეტ კავშირზე წვდომა. 2017 წლის დეკემბერში, სამთავრობო ძალები დაადანაშაულეს ანგლოფონური რეგიონების რამდენიმე სოფლის სრულად გადაწვაში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სამხედრო ბაზაზე სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რასაც 4 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) კამერუნის შესახებ წერს, რომ ქვეყანა იმართება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართვის მრავალპარტიული სისტემა აქვს, კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა მისი შექმნის დღიდან (1985) მმართველი პარტიაა. პარტიის ლიდერი პოლ ბია 1982 წლიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზეა. 2011 წელს იგი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლებს არ სჯერათ, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შედეგებზე. 2013 წელს შედგა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დამკვირვებლების შეფასებით არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში და ზოგადად იყო თავისუფალი და სამართლიანი. სამოქალაქო ხელისუფლება უსაფრთხოების ძალების, მათ შორის პოლიციისა და ჟანდარმერიის გარკვეული ხარისხით კონტროლს უზრუნველყოფს.

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები უსაფრთხოების ძალების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად; გაუჩინარებები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებთან, ასევე ბოკო ჰარამთან; წამება სამხედრო და არაოფიციალურ საპატიმრო დაწესებულებებში; ბოკო ჰარამთან კავშირში ეჭვმიტანილთა და ანგლოფონურ რეგიონებში მცხოვრებ პირთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; გამოხატვისა და შეკრების უფლებების შეზღუდვა; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; ტრეფიკინგი; ერთსქესიანთა სექსუალური კავშირის დასჯა; და მშრომელთა უფლებების დარღვევები.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ძალებსა და საჯარო სექტორში სხვადასხვა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად, ამას ხშირად არ მოჰყოლია საჯარო რეალური სანქციები და დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, კამერუნი სეკულარული სახელმწიფოა, სადაც აკრძალულია რელიგიური ნიშნით შევიწროვება და აღიარებულია რელიგიისა და რელიგიური მსახურობის თავისუფლება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის განმავლობაში მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, რათა დაესრულებინა სხვადასხვა რელიგიურ დენომინაციებში მიმდინარე შიდა დაპირისპირებები. ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაიმუქრა, მაგრამ რეალურად დაუხურავს არა-ავტორიზებული რელიგიური ჯგუფები ცენტრალურ რეგიონში (Center region). 2017 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც სხვა რელიგიური საზოგადოებისგან მომდინარე საფრთხის არსებობის დროს, უსაფრთხოების ძალები ჩაერივნენ, რათა უზრუნველეყოთ ღვთისმსახურების უსაფრთხოდ ჩატარება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბოკო ჰარამი განაგრძობს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხელისუფლების და სამხედრო ძალების წარმომადგენლებზე და დევნის შორეული ჩრდილოეთის რეგიონის მოსახლეობას. დაჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები მოიცავდა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მეჩეთებში ჩადენილ აფეთქებებს, მუსლიმებისა და ქრისტიანების გატაცებებსა და მკვლელობებს; დაჯგუფების წევრები თავს ესხმოდნენ სალოცავ ადგილებსა და კერძო სახლებს.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Cameroon, 22 February 2018, available at:

[accessed 23 August 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Cameroon, 5 April 2018, available at:

[accessed 23 August 2018]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Cameroon, 20 April 2018

 (accessed on 23 August 2018)

[4] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Cameroon, 29 May 2018

 (accessed on 23 August 2018)