კონგო დრ. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა; 25 თებერვლის მარში. დეკემბერი, 2018

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მთავრობაში, უსაფრთხოების ძალებსა და მინერალების მოპოვების მრეწველობაში არსებული ფართომასშტაბიანი კორუფცია კვლავ ახდენს მთავრობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალიზებას. სამთავრობო თანამდებობებზე დანიშვნა ხშირად ნეპოტიზმის პრინციპებით ხდება. ანგარიშვალდებულების მექანიზმი სუსტია და დაუსჯელობა კვლავ წარმოადგენს პრობლემას. ციხეებში არსებული პირობები სიცოცხლისთვის საშიშია და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადა დამკვიდრებული პრაქტიკაა. უსაფრთხოების ძალები აწამებენ პატიმრებს. სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტიან კონტროლს.[1]

პრეზიდენტმა კაბილამ, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე, რასაც 2016 წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2016 წლის 19-22 დეკემბრის პერიოდში, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა ჯამში მინიმუმ 62 ადამიანი მოკლეს. საერთო ჯამში, საპროტესტო აქციებზე 2015-2016 წლებში უსაფრთხოების ძალებმა 171 ადამიანი მოკლეს. 2017 წლის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები და უსაფრთხოების ძალები სისტემატურად კრძალავდნენ ოპოზიციის დემონსტრაციებს, ხურავდნენ მედია საშუალებებს და ზღუდავდნენ ოპოზიციის ლიდერების თავისუფალ გადაადგილებას. დააპატიმრეს 300-ზე მეტი ოპოზიციური ლიდერი და მხარდამჭერი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი. მათი უმრავლესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ბევრი მათგანი განთავსებული ჰყავდათ საიდუმლო დაკავების დაწესებულებაში ყოველგვარი ბრალდების გარეშე და მათ აკრძალული ჰქონდათ ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტი.

2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდში 5 ათასამდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ მდებარე კასაის რეგიონში მიმდინარე ძალადობის შედეგად, რომელშიც ჩართულნი იყვნენ კონგოს უსაფრთხოების ძალები, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. იერიში მიიტანეს და დაანგრიეს დაახლოებით 600 სკოლა და თითქმის მილიონნახევარი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მათ შორის 30 ათასი ანგოლაში გაიქცა. აღმოაჩინეს დაახლოებით 90 მასობრივი საფლავი, სადაც ძირითადად სამოქალაქო პირებისა და მეომრების გვამები იყო, რომლებიც სამთავრობო ძალების მიერ სავარაუდო მეომრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად დაიხოცნენ.[2]

კონგოს ეროვნული პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედებს და მისი მთავარი პასუხისმგებლობაა საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა და კანონის აღსრულება. ეროვნული პოლიციის შემადგენლობაშია სწრაფი რეაგირების პოლიცია და ინტეგრირებული ჯგუფი. დაზვერვის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი შიგა და გარე დაზვერვაზე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და სამხედრო სადაზვერვო სამსახური მოქმედებს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და პასუხისმგებელია გარე უსაფრთხოებაზე, მაგრამ, ასევე, მონაწილეობს შიგა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები არა დისციპლინირებული და კორუმპირებულია. ეროვნული პოლიცია და შეიარაღებული ძალები სისტემატურად ეწევიან მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვას და აკისრებენ მათ სხვადასხვა სახის სახდელებს. ისინი აწესებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს „გადასახადების“ ამოსაღებად და ხშირად ართმევენ ხალხს საკვებს და ფულს და აპატიმრებენ მათ, ვინც ვერ ახერხებს ქრთამის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს სასჯელი დააკისრა, დაუსჯელობა მაინც რჩება სერიოზულ პრობლემად. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში მთავრობამ პასუხისგებაში მისცა 77 სამხედრო 28 პოლიციელი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. მაისში სამხედრო სასამართლომ დააპატიმრა და დაიწო სისხლის სამართლებრივი დევნა 4 პოლიციელის მიმართ. ისინი ქრთამის სანაცვლოდ, გაეროს ექსპერტის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ პირებს, გაქცევაში დახმარებას სთავაზობდნენ.[3]

2018 წლის 25 თებერვლის მარში – კონგოს კათოლიკური ეკლესიას წამყვანი როლი აქვს იმ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილამ, რომელმაც ორივე საპრეზიდენტო ვადა ამოწურა, დათმოს ძალაუფლება და ჩაატაროს არჩევნები. კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების მიერ მოეწყო არაერთი დემონსტრაცია, რომელთაც საბოლოოდ ძალადობა და მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დემონსტრანტების თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.[4]

კათოლიკური ეკლესიის ორგანიზებით 2018 წლის 25 თებერვალს, დედაქალაქ კინშასაში მოეწყო მთავრობის საწინააღმდეგო მარში. საპროტესტო აქცია გაიმართა კინშასას ხელისუფლების ნებართვის არ ქონის მიუხედავად. დემონსტრანტების მიზანს წარმოადგენდა კაბილას იძულება, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. ეკლესიის პროტესტს მხარი დაუჭირა ასევე მუსლიმურმა საზოგადოებამ. ეკლესიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე 2017 წლის 31 დეკემბერს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ეკიპირება დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათ სცემეს აქციის მონაწილეებს. საბოლოოდ 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მსხვერპლით დასრულდა 25 თებერვლის მარშიც. უსაფრთხოების ძალებმა სასიკვდილოდ დაჭრეს ერთერთი დემონსტრანტი; ასევე, დაშავდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ეკლესიის მიერ ორგანიზებული მარშის კიდევ ორი მონაწილე. კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრები მთელი ქვეყნიდან აპირებდნენ კვირის ლოცვის შემდეგ ქუჩებში გამოსვლას, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს კინშასას ძირითად ეკლესიებს და გადაკეტეს ქუჩები, რითიც დემონსტრანტებს შეკრების საშუალება არ მისცეს.[5] [6]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Congo, Democratic Republic of (Kinshasa), 28 March 2018, available at:

[accessed 4 December 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Democratic Republic of Congo, 18 January 2018, available at:

[accessed 4 December 2018]

[3] US Department of State; Bureau of Democracy, Human Rights and Labor; 2017 Country Reports on Human Rights Practices; 20 April, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/af/276987.htm [accessed 4 December 2018]

[4] Voice of America; Catholic church plays leading role in Congo protests; By Anita Powell; 27 March, 2018; available at: https://www.voanews.com/a/4317704.html [accessed 4 December 2018]

[5] Africa News; DRC: Catholic church presses on with planned Sunday march; By Victor Muisyo; 20 January, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/01/20/drc-catholic-church-presses-on-with-planned-sunday-march// [accessed 4 December 2018]

[6] Africa News; DR Congo police kill protester in church-led march against Kabila; 25 February, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/02/25/dr-congo-pollice-kill-protester-in-church-led-march-against-kabila// [accessed 4 December 2018]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ჟოზეფ მუკუნგუბილას რელიგიური სექტა. თებერვალი, 2018

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2014 წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ სხვადასხვა წყარო ჯოზეფ მუკუნგუბილას (ასევე მას ეძეხიან პოლ-ჯოზეფ მუკუნგუბილა მუტომბო და გიდეონ მუკუნგუბილა) თვითგამოცხადებულ „მოციქულად“ მოიხსენიებს. ის ასევე ცნობილია, როგორც პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობის „შავი აფრიკიდან აღდგენის სამინისტრო“ ლიდერი. აღნიშნული მოძრაობის მთავარი ოფისი მდებარეობს ლუბუმბაში (კატანგას პროვინცია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). საინფორმაციო სააგენტო „France 24“ მას ყოფილ სამხედროს უწოდებს. ადგილობრივი ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო „Afrik.com“ წერს, რომ მუკუნგუბილა ცნობილია, როგორც „წინასწარმჭვრეტელი“[1]. იგი თავის მისიად კონგოელი ხალხის რუანდელების მონობისგან[2] გათავისუფლებას მიიჩნევს. „შავი აფრიკიდან აღდგენის სამინისტროს“ ვებ-გვერდზე მუკუნგუბილა აღწერილია როგორც „მარადიულობის მოციქული“; მისი გზავნილია „სახარების სწავლება და ღვთის შურისძიების დღის გამოცხადება“; ხოლო მისი მისიაა „ყველაფრის მოწესრიგება იესოს დაბრუნებისთვის“. წყაროები აღნიშნულ ეკლესიას „უკანასკნელი დღეების წმინდანთა სამსხვერპლოებად“ ახასიათებენ. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ მუკუნგუბილას ეკლესიის სხვა სახელები ვერ იქნა მოძიებული იმ წყაროებზე, რომელთაც კვლევის საბჭო იყენებს.

საინფორმაციო სააგენტოს „France 24“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მუკუნგუბილა ცნობილია თავისი „სიტყვიერი შეტევებით მთავრობის წინააღმდეგ“. წყაროების მიხედვით, 2013 წლის 30 დეკემბრის მოვლენებამდე, მუკუნგუბილამ ღია წერილი გამოქავეყნა, სადაც გამოხატავდა თავის უპატივცემულობას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ და მას რუანდასთან „ზედმეტი სიახლოვისთვის“ აკრიტიკებდა. მუკუნგუბილა 2006 წელს პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო.

2013 წლის 30 დეკემბრის მოვლენები – წყაროების მიხედვით, 2013 წლის 30 დეკემბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, კინშასაში შეიარაღებული ჯგუფების რამდენიმე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რომელსაც მუკუნგუბილა ხელმძღვანელობდა. მათ შეუტიეს კონგოს ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის მთავარ შენობას, საერთაშორისო აეროპორტს და ტშატშის სამხედრო ბანაკს. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, შეტევა თავდაცვის სამინისტროზეც განხორციელდა. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ რადიოსა და ტელევიზიის შენობაში, მძევლად აიყვანეს ჟურნალისტები და რადიოთი გააჟღერეს განცადება, სადაც საუბარი იყო კონგოელი ხალხის „რუანდელების მონობისგან“ გათავისუფლებაზე; ტექსტი, სავარაუდოდ, მუკუნგუბილას დაწერილი იყო.

მომდევნო დღეებში გამოქვეყნებული ახალი ამბების მიხედვით, ხელისუფლებამ მალევე აღადგინა კონტროლი ტელევიზიაზე, აეროპორტსა და სხვა ობიექტებზე. შეტაკებების შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობამ 100-საც გადააჭარბა. „Afrikarabia“ წერს, რომ შეტაკებების შედეგად მუკუნგუბილას 43 მიმდევარი დაიღუპა. მოგვიანებით, 2014 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში იგივე წყარო წერს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 214 ადამიანი იქნა მოკლული. არასამთავრობო ორგანიზაცია, ამავე ანგარიშში არაპროპორციული ძალის, კერძოდ საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე წერდა.

საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, 2013 წლის 30 დეკემბერს მუკუნგუბილა ამბობდა, რომ თავდამსხმელებს შორის ზოგიერთი მისი მიმდევარიც იყო. მეორე დღეს, მან უკვე განაცხადა, რომ მისმა მომხრეებმა აღნიშნული თავდასხმები განახორციელეს იმიტომ, რომ თავად მასზე უკვე მეხუთედ განხორციელდა თავდასხმა მმართველი ძალის მხრიდან. მისი თქმით, თავდასხმები არ იყო დაგეგმილი და იყო „სიბრაზის ნიადაგზე“ ანუ „სპონტანურ“ ხასიათს ატარებდა. მისივე თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა სარწმუნო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული იმ წყაროებზე, რომელთაც კვლევის საბჭო იყენებს.

მუკუნგუბილას მიმდევრების მიმართ დამოკიდებულება – 2006 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიის ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატის პოლ ჯოზეფ მუკუნგუბილას მიმართ განხორციელდა მუქარა და მისი 18 მომხრე 5 აპრილს თვითნებურად დააკავეს კინშასაში და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ სამ დღეს. სამხედროებით სავსე 4 პატარა ავტობუსითა და ორი სატვირთო მანქანით მივიდნენ მუკუნგუბილას პირად რეზიდენციაში მის დასაპატიმრებლად. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა სარწმუნო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული იმ წყაროებზე, რომელთაც კვლევის საბჭო იყენებს.

მუკუნგუბილას მიმდევრების მიმართ დამოკიდებულება 2013 წლის 30 დეკემბრის მოვლენების შემდეგ – მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, კატანგას პროვინციის მთავრობამ, 2013 წლის 30 დეკემბრის მოვლენების შემდეგ, პასტორ მუკუნგუბილას ეკლესია დახურა. მუკუნგუბილას შვილის ინტერვიუში გოგონა ამბობს, რომ პასტორის მიმდევრებზე სამართალდამცველებმა „ნადირობა“ გამოაცხადეს. მისივე თქმით, დაპატიმრებამდე, ზოგი ქალიც სცემეს და ზოგიერთი მათგანი გააუპატიურეს. ზოგიერთი მიმდევარი კი „ცოცხლად დაწვეს“. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ სარწმუნო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული იმ წყაროებზე, რომელთაც კვლევის საბჭო იყენებს. საინფორმაციო სააგენტოს „Afrikarabia“ ინფორმაციით, მუკუნგუბილას რამდენიმე ასეული მიმდევარი დაპატიმრეს ლუბუმბაშასა და კოზლევში. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ სარწმუნო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული იმ წყაროებზე, რომელთაც კვლევის საბჭო იყენებს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2014 წლის ანგარიშში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ წერს, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის მეექვსე სამხედრო რეგიონის წევრებმა და რესპუბლიკის გვარდიის სამხედროებმა კატანგას პროვინციაში მოციქულ ჯოზეფ მუკუნგუბილას მინიმუმ 46 მიმდევარი მოკლეს. მთავრობის განცხადებით, მუკუნგუბილას მიმდევრებმა იერიშები მიიტანეს სამთავრობო შენობებზე კინშასასა და ლუბუმბაშში; კონტროლი დააწესეს სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობაზე და გაავრცელეს პოლიტიკური მესიჯები პირდაპირ ეთერში. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. მუკუნგუბილამ BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ შეტევები იყო იმ ძალადობის პასუხი, რომელსაც მთავრობა მათ მიმართ ახორციელებდა. კომუნიკაციების მინისტრის თქმით, მთავრობამ პოლიტიკურად მოტივირებულ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებს უპასუხა. 15 მაისს მუკუნგუბილა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში დააპატიმრეს, სადაც მან თავშესაფარი მოითხოვა.[4]

საინფორმაციო სააგენტო „NEWS 24“ 2017 წლის 17 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საბოლოოდ ჯოზეფ მუკუნგუბილა მუტომბოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ მართალია ის ვერ დაბრუნდება სამშობლოში, მაგრამ განაგრძობს კონგოელი ხალხის მობილიზებას ქვეყნის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ავტორიტეტული სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთი უკანასკნელი წლების ანგარიშებში არაფერს წერენ პოლ ჯოზეფ მუკუნგუბილას, მისი სექტისა და მისი მიმდევრების შესახებ. აღნიშნულ ანგარიშებში არაფერია ნათქვამი ამ ხალხის, შესაბამისად მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

[1] Visionary – ადამიანი, რომელიც წარმოსახვის საფუძველზე ამბობს, როგორი უნდა იყოს მომავალი

[2] კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი წარმოშობით რუანდიდანაა და მუკუნგუბილა ყოველთვის ამაზე აკეთებს აქცენტს

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Democratic Republic of Congo: Joseph Mukungubila’s church and the 30 December 2013 attacks, including the individuals involved; treatment of the church members and of Mr. Mukungubila’s family by the authorities (2006 April 2014), 30 April 2014, COD104863.FE, available at:

[accessed 5 February 2018]

[4] United States Department of State, 2014 Report on International Religious Freedom – Democratic Republic of the Congo, 14 October 2015, available at:

[accessed 5 February 2018]

[5] News 24; SA gives asylum to Congolese pastor; 17 April, 2017; available at: https://www.news24.com/Africa/News/sa-gives-asylum-to-congolese-pastor-20170417 [accessed 5 February 2018]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ადამიანის უფლებების დაცვა. თებერვალი, 2018

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2017 წლის განმავლობაში გრძელდებოდა პოლიტიკური ძალადობა და რეპრესიები. პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა დარჩა ხელისუფლებაში მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს კონსტიტუციური მანდატით განსაზღვრული ორი ვადა ამოეწურა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება, სისტემატური ხასიათი მიიღო ოპოზიცის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დემოკრატიის მომხრე აქტივისტების გაჩუმებამ და მათ წინააღმდეგ რეპრესიებმა. უსაფრთხოების ძალების და სხვადასხვა შეიარაღებული ძალების ქმედებებს მოქალაქეების მიმართ ხშირად ჰქონდა დამანგრეველი შედეგი.

ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის ბოლოს. მედიატორის როლი კათოლიკურ ეკლესიას დაეკისრა. მოწოდება იყო არჩევნების 2017 წლის ბოლოს ჩატარება და ნაბიჯების გადადგმა ვითარების განმუხტვისკენ, მათ შორის პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. შეთანხმების ბევრი ძირითადი პრინციპი უგულებელყოფილ იქნა. 2017 წლის მარტში კათოლიკე მღვდლებს ჩამოართვეს მედიატორის როლი. ეკლესიამ ქვეყნის კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებაში მყოფი ძალა დაადანაშაულა და ხალხს მოუწოდა თავიანთი ბედი საკუთარი ხელით გადაეწყვიტათ.

2017 წლის ნოემბერში გაეროში აშშ-ის ელჩი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ესტუმრა და კაბილას 2018 წლის ბოლოს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა კალენდარი, სადაც 2018 წლის 23 დეკემბერს ჩანიშნული იყო საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ აღნიშნულ კალენდარს კაბილასთვის მმართველობის ვადის გაგრძელების ტაქტიკური სვლა უწოდეს.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქვეყნის თავისუფლების სტატუსს განსაზღვრავს, როგორც არათავისუფალს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლების რეიტინგი 6-დან 7-მდე დაეცა (1 ნიშნავს საუკეთესოს, 7 – ყველაზე ცუდს), რაც პრეზიდენტ კაბილას ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების სათავეში დარჩენით და ოპოზიციის მიმართ რეპრესიებით იყო განპირობებული. სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას არ შეუძლია არჩევნების გზით რაიმე გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. სამოქალაქო უფლებები შეზღუდულია, თუმცა ხალხი მაინც ახერხებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლოს. შეიარაღებული ჯგუფები და უსაფრთხოების მხრივ არასტაბილური ვითარება დამახასიათებელია ქვეყნის აღმოსავლეთით. ადამიანის უფლებების დარღვევაში ასევე უსაფრთხოების ძალებიც არიან შემჩნეულნი.[2]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2016 წელს ქვეყანაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაუმორჩილებლობას და ხალხი კაბილას მანდატის დასრულების მოთხოვნით მართავდა საპროტესტო აქციებს. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი. შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდა ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ადგილი ჰქონდა მკვლელობებს, სექსუალურ ძალადობასა და ქონების წართმევას. შეიარაღებული ძალები და გაეროს სამშვიდობო მისია უძლური იყო ადეკვატურად დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ პრეზიდენტ კაბილას საპრეზიდენტო ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. 31 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც არჩევნები 2017 წლის ბოლოს უნდა გამართულიყო. ქვეყანაში ბოლო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებებითა და სანდოობით არ გამოირჩეოდა, 2011 წელს ჩატარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ძალები ყოველთვის ვერ ახორციელებდნენ უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყნის აღმოსავლეთით კიდევ უფრო ამძიმებდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს მკვლელობები, არასათანადო მოპყრობა და დასჯა; სექსუალურ და გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, მათ შორის გაუპატიურება.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ელემენტები იყვნენ არადისციპლინებული და კორუმპირებული. ეროვნული პოლიცია და შეიარაღებული ძალების ჯგუფები რეგულარულად იყვნენ ჩართული უკანონო გადასახადების დაწესებასა და მოსახლეობისგან ფულის გამოძალვაში. „გადასახადების“ ასაგროვებლად მათ მოაწყვეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და აპატიმრებდნენ მათ, ვინც ვერ ახერხებდა ფულის გადახდას. შეიარაღებული ძალებისთვის დამახასიათებელია მმართველობის სისუსტე, დაგეგმვის ცუდი უნარი, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური შესაძლებლობების სიმწირე, წვრთნის ნაკლებობა და ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშაა სამხედროების ერთგულების საკითხი, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთით. 2016 წლის ოქტომბერში კონგოს ცენტრალურ პროვინციაში დააკავეს და 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს სამხედროებს ბრძანების შეუსრულებლობისა და კორუფციის მცდელობისთვის. სამხედრო სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე აგენტი გაასამართლა; თუმცა დაუსჯელობა მაინც პრობლემად რჩება.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 81.3 მილიონია. მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტი ქრისტიანია; 1.5% – მუსლიმი და 1.8% თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს. ქრისტიანთა დაახლოებით 48% პროტესტანტია და დაახლოებით 47% – კათოლიკე.

ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულია რელიგიის თავისუფლება და დაუშვებელია რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, კათოლიკეებმა გაავრცელეს ინფორმაცია სასულიერო პირებზე ძალადობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო მათი პოლიტიკური აქტივობით. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ფორმაში გამოწყობილმა პირმა მოკლა კათოლიკე მღვდელი, რომელიც ადმინისტრირებას უწევდა ვებ-გვერდს, სადაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროვების შესახებ. ორი კათოლიკე მღვდელი დააკავეს მათი პოლიტიკური აქტივობების გამო და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ასევე დააკავეს ერთი პროტესტანტი მინისტრი (სასულიერო პირი) არჩევნების შესახებ სემინარის მოწყობის გამო; იგი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები ავიწროვებდნენ მუსლიმებს ფულისა და ქონების გამო, რაც კავშირში იყო მთავრობის მიერ უდიდესი მუსლიმური მეამბოხე ჯგუფის მოკავშირე დემოკრატიული ძალების (ADF) დევნასთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიური ორგანიზაციები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახდნენ უფრო პოლიტიკურები და ამიტომ რთულია კონკრეტული ინციდენტის მიზეზად მკაფიოდ რელიგიური მოტივი დასახელდეს. თუმცა, 2014 წლიდან მთავრობამ შეაჩერა სარეგისტრაციო ნებართვების გაცემა და ბევრი რელიგიური ჯგუფი მთავრობის ავტორიზაციის გარეშე მოქმედებს.[5]

[1] Human Rights Watch, World Report 2018 – Democratic Republic of Congo, 18 January 2018, available at:

[accessed 5 February 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Congo, Democratic Republic of (Kinshasa), 8 June 2017, available at:

[accessed 5 February 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Democratic Republic of the Congo, 22 February 2017, available at:

[accessed 5 February 2018]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Congo, Democratic Republic of the, 3 March 2017, available at:

[accessed 5 February 2018]

[5] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Democratic Republic of the Congo, 15 August 2017, available at:

[accessed 5 February 2018]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და ქრისტიანების მდგომარეობა – ოქტომბერი, 2017

„Human Rights Watch“ – ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ძალადობას და მთავრობის მხრიდან რეპრესიებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის (ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს ამოეწურა) და ფართოდ გავრცელებული პროტესტის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებდა ძალაუფლებას. რამდენადაც, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეაჩერა არჩევნების ჩატარების გეგმა, მთავრობის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების ძალები აჩუმებდნენ, აშინებდნენ და ახშობდნენ კოალიციას, რომელიც მოითხოვდა სანდო და დროულ არჩევნებს.

ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც კათოლიკური ეკლესიის შუამდგომლობით ხორციელდებოდა, მონაწილეები – კაბილას მმართველი კოალიცია, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის დასასრულამდე ჩატარდებოდა, თუმცა იმ პირობით, რომ კაბილა კენჭს არ იყრიდა მესამე ვადით არჩევაზე და კონსტიტუციაში არ შეიტანდნენ ცვლილებებს, შესაბამისად არ ჩატარდებოდა რეფერენდუმი. მიუხედავად ამისა, შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეები არ შეთანხმებულან აღნიშნული გეგმის განხორციელების დეტალურ თარიღებზე, ხოლო თავად კაბილას ხელი არ მოუწერია შეთანხმებაზე. ასევე, ბუნდოვანი დარჩა რეპრესიების აღმოფხვრის საკითხიც.

აღმოსავლეთ კონგოში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება კვლავ არასტაბილური იყო, ვინაიდან უამრავი შეიარაღებული ჯგუფი და ზოგ შემთხვევაში მთავრობის უსაფრთხოების ძალები, სასტიკად ესხმოდნენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას.

მთავრობის წარმომადგენლებმა და უსაფრთხოების ძალებმა ბევრჯერ აკრძალეს ოპოზიციის დემონსტრაციები, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, ასევე, დახურეს მედია საშუალებები და ოპოზიციის ლიდერებს არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

100-ზე მეტი მხარდამჭერი აქტივისტი და ოპოზიციის ლიდერი იქნა თვითნებურად დაკავებული 2016 წლის იანვარსა და დეკემბრის შუალედში, რომლებიც სულ მცირე 48 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. ზოგიერთი მათგანი კვირებისა და თვეების მანძილზე, „ინკომუნიკადო“ პატიმრობაში იმყოფებოდა და ცუდად ეპყრობოდნენ, ზოგს კი „შეკერილი“ ბრალდებების საფუძველზე უტარდებოდა სასამართლო პროცესები. ანგარიშის წერის მომენტისთვის, სულ მცირე 35 აქტივისტი და პოლიტიკური პატიმარი რჩებოდა დაკავების იზოლატორში.[1]

„Amnesty International“-ის 2016-2017 წლების ანგარიშში საუბარია პრეზიდენტ კაბილას საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვასთან დაკვშირებით დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე, რის გამოც საანგარიშო პერიოდი, ქვეყანაში, პოლიტიკურ არეულობით ხასიათდებოდა. დემონსტრაციებზე, უსაფრთხოების ძალების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ასევე, აზრის გამოხატვის, გაერთიანების და თავისუფალი შეკრების უფლებების დარღვევის ფაქტებს. შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდებოდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ძალადობდა, მათ შორის მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა და ქონების ძარცვა. უსაფრთხოების ძალები ახორციელებდნენ თვითნებურ მკვლელობებს და არღვევდნენ სხვა სახის ადამიანის უფლებებს. ვერც შეიარაღებულმა ძალებმა და ვერც გაეროს სამშვიდობო ძალებმა (MONUSCO) ვერ მოახერხეს მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვა.

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

წლის განმავლობაში, ახალგაზრდული მოძრაობა „ბრძოლა ცვლილებისთვის“ (LUCHA) 11 აქტივისტი იქნა გასამართლებული დანაშაულისთვის, ვინაიდან ისინი მონაწილეობდნენ ან იყვნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები. გარდა ამისა, LUCHA-ს და პროდემოკრატიული ახალგაზრდული მოძრაობა Filimbi-ის 100-ზე მეტი აქტივისტი იქნა დაკავებული მშვიდობიან საპროტესტო აქციამდე, აქციის მსვლელობისას, ან მის შემდეგ.

ხელისუფლებამ ასევე აკრძალა კერძო შეხვედრები, პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების, მათ შორის არჩევნების, განსახილველად. სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიციის პარტიები, კონფერენციის, შეხვედრების ან სხვა სახის ღონისძიებების მოსაწყობად, ობიექტების დაქირავების კუთხით, აწყდებოდნენ სირთულეებს.

მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და იუსტიციის მინისტრი, დაიმუქრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონების შეზღუდული ინტერპრეტაციის ფარგლებში, დახურავდა ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს.

ძალის გადაჭარბებული გამოყენება

19 სექტემბერს, მეორე ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ კაბილას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს, დედაქალაქ კინშასაში, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ათობით ადამიანი. კაბილას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა 19 და 20 დეკემბერს, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა, კინშასაში, ლუბუმბაში, ბომაში და მატადიში, მოკლეს ათობით ადამიანი, ხოლო ასობით პირი თვითნებურად დააკავეს, როგორც საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ.

ბარაკაში, ბენიში, იტურიში და კოლვეზიში, უსაფრთხოების ძალებმა ასევე მოკლეს ის მომიტინგეები, რომლებიც სხვა მოთხოვნების შემცველ დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.

აზრის გამოხატვის თავისუფლება

ათობით ჟურნალისტი იქნა თვითნებურად დაკავებული. 19 და 20 სექტემბერს, სულ მცირე რვა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედია საშუალების ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს. რამდენიმე მათგანს უსაფრთხოების ძალებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, გაძარცვეს და სცემეს.

ადამიანის უფლებათა დამცველები

ცნობილი ან ეჭვმიტანილი უსაფრთხოების აგენტების მიერ, მანიემას, ჩრდილოეთ კივუს და სამხრეთ კივუს პროვინციებში, სულ მცირე სამი ადამიანის უფლებათა დამცველი იქნა მოკლული. მანიემაში, ადამიანის უფლებათა დამცველის მკვლელობისთვის პოლიციის ოფიცერი იქნა მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გასაჩივრების შედეგად, სასჯელის ვადა 36 თვემდე შემცირდა.

ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულ სამიზნეებს ადამიანის უფლებათა დამცველები წარმოადგენდნენ, რომლებიც საჯაროდ აპროტესტებდნენ საპრეზიდენტო ვადებს ან დოკუმენტურად ადასტურებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. საკუთარი აქტივობების შეწყვეტის გამო, ბევრი უფლებათა დამცველის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და შეურაცხყოფა, ასევე ბევრი დაექვემდებარა თვითნებურ დაპატიმრებას.

თებერვალში, სამხრეთ კივუს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დამცველი პირების და ჟურნალისტების დაცვის მიზნით, გამოსცა განკარგულება. ეროვნულ დონეზე, გაერო, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისია და ადამიანის უფლებათა დაცვის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის კანონპროექტზე, თუმცა ანგარიშის წერის მომენტისთვის აღნიშნული საკითხი პარლამენტში ჯერ კიდევ არ იყო განხილული.

ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, ასობით ქალი და გოგონა გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავეები იყვნენ ჯარისკაცები და სხვა სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები, როგორებიც არიან რაია მუტომბოკი (კოალიციური ჯგუფები) და ჰუტუს მილიცია: FRPI და მაი-მაი ნიატურა.

ბავშვი ჯარისკაცები

ასობით ბავშვი იქნა რეკრუიტირებული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, მათ შორისაა FRPI, მაი-მაი ნიატურა, FDLR-ის გაერთიანებული ძალები და მისი ოფიციალური შეიარაღებული ფრთა „აბაკუნგუზის შეიარაღებული ძალები“ (FOCA), ასევე უდანაშაულოთა დაცვის პატრიოტული გაერთიანება (UDPI). ბავშვ ჯარისკაცებს იყენებდნენ როგორც მებრძოლებად, ასევე ამუშავებდნენ სამზარეულოში, ალაგებინებდნენ, აგროვებინებდნენ გადასახადებს და აზიდვინებდნენ ტვირთს.

დაუსჯელობა

ადამიანის უფლებების დარღვევისა და შეურაცხყოფის გამო, ძალიან მცირე რაოდენობის სახელმწიფო მოხელე (განსაკუთრებით მაღალი რანგის) ან შეიარაღებული ძალების მებრძოლი იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც დაფინანსების, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, აღნიშნულ დანაშაულებზე ანგარიშვალდებულების კუთხით, წარმოადგენდა დაბრკოლებას.[2]

რელიგიური დემოგრაფია

აშშ-ს მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 81.3 მილიონ ადამიანს შეადგენს (2016 წლის ივლისის მონაცემები). ბოლო ეროვნული აღწერა განხორციელდა 1981 წელს და ბევრი არსებული დემოგრაფიული სტატისტიკა, შეფასებისა და სანდოობის კუთხით, განსხვავდება. პიუს კვლევითი ცენტრის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 95,8% ქრისტიანია, 1.5% – მუსლიმი, ხოლო 1.8% -ს არ აქვს რელიგიური კუთვნილება (2010 წლის მონაცემები). ქრისტიანულ ჯგუფებს შორის, 48.1% პროტესტანტია, მათ შორისაა ევანგელისტი ქრისტიანები და მოციქულ სიმონ კიმბანგუს მეშვეობით დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები (კიმბანგუისტები), ხოლო 47.3%-ს კათოლიკეები შეადგენენ. სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს წარმოადგენენ იეღოვას მოწმეები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია (მორმონები) და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია. მუსლიმი ლიდერების განცხადებით, მუსლიმების რაოდენობა დაახლოებით 5%-ს შეადგენს და არა 1,5%-ს, როგორც ეს პიუს ანგარიშშია აღნიშნული.

რელიგიური ჯგუფების უმრავლესობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი და ფართოთ გვხვდება, როგორც დიდ, ისე საშუალო სიდიდის ქალაქებში.

სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თავისუფლებისადმი პატივისცემა

სამართლებრივი ჩარჩო

კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას და იცავს რელიგიის თავისუფლებას და თაყვანისცემის უფლებას, რომელიც ექვემდებარება და შეესაბამება „კანონის, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი მორალის და სხვების უფლებების დაცვას“.  კონსტიტუციის თანახმად, რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება გაუქმდეს მაშინაც კი, როდესაც მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ან ალყას. 

კანონი არეგულირებს რელიგიური ჯგუფების ჩამოყალიბების და მოქმედების წესებს. კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლება ლეგალურად აღიაროს, შეაჩეროს აღიარება ან დაშალოს რელიგიური ჯგუფები.

ხელისუფლების პრაქტიკა

გამომდინარე იქიდან, რომ ხდება რელიგიური და პოლიტიკური საკითხების გადაფარვა, რთულია ზოგიერთი ინციდენტის, როგორც მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ფაქტის კატეგორიზაცია.

მარტში, ჩრდილოეთ კივუში, რელიგიური და ტომობრივი ლიდერების შეკრებაზე, FARDC-ის უნიფორმაში გამოწყობილმა ათობით შეიარაღებულმა კაცმა მოკლა კათოლიკე მღვდელი, რევ ვინსენტ მაჩოზი. მაჩოზი იყო ავგუსტინიანეს მიძინების  რელიგიური ორდერის წევრი და ხელმძღვანელობდა ვებ გვერდს, რომელიც აშუქებდა ეთნიკურად ნანდეს (ირა) ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს. ოქტომბერში, ლუბუმბაში, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს კიდევ ერთი კათოლიკე მღვდელი, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვას და კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლებამ დააკავა მკვლელობასთან კავშირის მქონე FARDC-ის ჯარისკაცები, თუმცა წლის ბოლოსთვის, არაფერი იყო ცნობილი მათი სტატუსის შესახებ. 19-20 სექტემბერს გამართულ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავეს ორი კათოლიკე მღვდელი, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებდნენ მთავრობას შეესრულებინათ კონსტიტუციურად განსაზღვრული საარჩევნო ვადები, განცხადებით, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მთავრობის მხრიდან განხორციელებული ჩარევა განპირობებული იყო მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერის განცხადებით, მათი წევრები თავისუფლად ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და არც მთავრობის, და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. საარჩევნო საკითხებზე არსებული დაძაბულობის გარდა, კათოლიკე, მუსლიმი, პროტესტანტი და კიმბანგუისტი რელიგიური ლიდერების განცხადებით, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ მთავრობასთან და საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით, მთავრობა კვლავ ეყრდნობა რელიგიურ  ორგანიზაციებს, მაგალითად, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით განათლების და ჯანდაცვის უზრუნველყოფა.[3]

 

[1] HRW – Human Rights Watch, Democratic Republic of Congo, events of 2016, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/democratic-republic-congo (accessed 9 October 2017)

[2] Amnesty International – Democratic Republic of the Congo 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/africa/democratic-republic-of-the-congo/report-democratic-republic-of-the-congo/ (accessed 9 October 2017)

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Democratic Republic of the Congo, 15 August 2017, available at: http://www.refworld.org/docid/59b7d8bb11.html [accessed 9 October 2017]