კოტ-დივუარი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. აპრილი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დასრულდა და მას შემდეგ აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება და უსაფრთხოების ძალების ჩარევა, შესაძლოა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორები იყოს, საერთო ჯამში, აღნიშნული უფლებები დამაკმაყოფილებელია; გადაადგილების თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება გამოსწორებულია და ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. თუმცა, არმიის შიგნით არსებული დაუმორჩილებლობა და მმართველი კოალიციის გარშემო მზარდი უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას; ამასთან, ზოგიერთი წყარო, რომელმაც ქვეყნის ძალადობრივი კონფლიქტი გამოიწვია, კვლავ მოქმედია, მათ შორის ეთნიკური და რეგიონული დაძაბულობა, მიწის გარშემო კამათები, კორუფცია და დაუსჯელობა. ქალების პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში შედარებით სტაბილური ვითარება იყო 2018 წლის მანძილზე, კერძოდ, თითქმის არ შეინიშნებოდა სამხედრო მუქარები, რაც 2017 წლის ერთერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მაინც ძალიან ცოტა გააკეთა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაც წარსულში კონფლიქტი გამოიწვია; ასეთი საკითხებია, მათ შორის, უდისციპლინო არმია და პოლიტიზებული სასამართლო. კოტ-დივუარში გამართული ადგილობრივი არჩევნები ხასიათდებოდა ძალადობით მეტოქე პარტიებს შორის, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა.

უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ ჩართულნი არიან რეკეტსა და გამოძალვაში, განსაკუთრებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მეორეხარისხოვან გზებზე. 2018 წლის 17 თებერვალს ბრბომ მოკლა ჟანდარმერიის ერთერთი წევრი, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დასავლეთ კოტ-დივუარში, ბლოლექუინში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ტაქსის მძღოლს ესროლა და მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა ქრთამის გადახდაზე თქვა უარი. შეიარაღებული ძალების მაღალი თანამდებობის პირები კვლავ ჩართულნი არიან ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციაში.

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში წარმატების ნაკლებობის ფონზე, წყაროები ვარაუდობენ, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც ადრე ადამიანის უფლებებს არღვევდნენ, ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს შეიარაღებულ ძალებში. შეიარაღებულ ძალებში ყოფილი ამბოხებულებიც მსახურობენ და მათი კონტროლის ხარისხი დაბალია. უსაფრთხოების ძალების შემცირების ძალისხმევის ფარგლებში, 3 ათასზე მეტი სამხედრო დათანხმდა არმიის ნებაყოფლობით დატოვებას ფულადი კომპენსაციის (დაახლოებით 26 ათასი აშშ დოლარი) სანაცვლოდ.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, მმართველმა სამთავრობო კოალიციამ მანდატების 66% მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა 2011 წლის არჩევნებს, ამჯერად მონაწილეობა მიიღო და მანდატებიც მოიპოვა. არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და შეფასდა როგორც  გამჭვირვალე და ინკლუზიური. საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა და პრეზიდენტი ალასანე ოუატარა მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ ხელახლა აირჩია. საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც სამართლიანი და თავისუფალი. 2018 წლის მარტში ჩატარებული სენატორთა არჩევნები ასევე შეფასდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი. თუმცა, 2018 წლის ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნები სხვადასხვა სახის დარღვევებით ჩატარდა და ახლდა არჩევნებთან დაკავშირებული 4 მკვლელობა. დეკემბერში გამართულ სპეციალურ არჩევნებზე, ასევე დაფიქსირდა გარკვეული დარღვევები და პროცესს ასევე ახლდა ძალადობა.

2018 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ოუატარამ გამოაცხადა დაუყოვნებელი ამნისტია და 800 პატიმარი, რომელიც სასჯელს 2010-11 წლების არჩევნების შემდგომ კრიზისში მონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს, საპატიმროებიდან გაათავისუფლა; მათ შორის იყო ყოფილი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამხედრო ოფიცრები და სიმონე გბაგბო – ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ცოლი.

კოტ-დივუარში სამოქალაქო ხელისუფლება ხანდახან ვერ ახერხებს ეფექტური კონტროლი დააწესოს უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებზე. ქვეყანაში ადამიანის უფლებების აღსანიშნავ დარღვევებს წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედებები უსაფრთხოების ძალების მხრიდან, თვითნებური დაკავებები, მძიმე საპატიმრო პირობები, კრიმინალი, დარღვევები არჩევნებზე, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, სექსუალური შევიწროვება. ასევე, სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობა და ბავშვთა შრომა. მთავრობა ყოველთვის არ დგამს სათანადო ნაბიჯებს დამნაშავე მაღალჩინოსნების დასასჯელად და დაუსჯელობა, ზოგადად, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. 2018 წლის განმავლობაში კოტ-დივუარში არ დაფიქსირებულა თვითნებური მკვლელობები მთავრობის ან მათთან დაახლოებული აქტორების მხრიდან. ასევე, ადგილი არ ჰქონია ხელისუფლების მიერ ჩადენილ იძულებით გაუჩინარებებს.

ქვეყნის კონსტიტუციით აკრძალულია წამება, ღირსების შემლახავი ან არა ადამიანური მოპყრობა და სასჯელი. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროებში. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ პარტია კოტ-დივუარის სახალხო ფრონტთან კავშირში მყოფი პატიმრების მიმართ არა ადამიანურ მოპყრობაზე. ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას, თუმცა ორივე მათგანს კოტ-დივუარში ადგილი აქვს.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Côte d’Ivoire, 4 February 2019

 (accessed on 24 April 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Côte d’Ivoire, 17 January 2019

 (accessed on 24 April 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Cote d’Ivoire, 13 March 2019

 (accessed on 24 April 2019)

კოტ დივუარი. ადამიანის უფლებების დაცვა; გბაგბოს მხარდამჭერთა მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ კოტ დ’ივუარი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც იმართება თავისუფლად არჩეული მთავრობის მიერ. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გაიმართა, მმართველმა სამთავრობო კოალიციამ 66 მანდატი მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2011 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე მიიღო მანდატები. არჩევნების ჩატარდა მშვიდობიანად და მიჩნეული იქნა როგორც გამჭვირვალე. 2015 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო ალასანე ოუატარამ. საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს.

ადამიანის უფლებების მთავარ დარღვევებს წარმოადგენს ძალის გადამეტება უსაფრთხოების ძალების მხრიდან, პატიმართა და დაკავებულთა მიმართ ძალის ბოროტად გამოყენება და ასევე, მთავრობის უუნარობა დაიცვას კანონის უზენაესობა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებისა და ჟანდარმერიის მხრიდან ადგილი აქვს თვითნებურ დაკავებებს. საპატიმრო პირობები ქვეყანაში მძიმე და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშია. სასამართლო არა ეფექტურია და განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას. მთავრობა რიგ შემთხვევებში ზღუდავს პრესისა და შეკრების თავისუფლებას. სამთავრობო კორუფცია გავრცელებულია. ადგილი აქვს ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მთავრობა არა ეფექტურია. მთავრობა იშვიათად დგამს ნაბიჯებს, რათა გაასამართლოს დამნაშავეები უსაფრთხოების ძალებსა ან თავად მთავრობაში; დაუსჯელობა დიდი პრობლემაა. ზოგიერთი მაღალი დონის პირი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2010-11 წლების ძალადობაში და მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს თავის თანამდებობას უსაფრთხოების ძალებში; ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანა განაგრძობს სისხლიანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას. პრეზიდენტმა ალასანე ოუატარამ იანვარში დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია და შემოიღო ვიცე პრეზიდენტის პოსტი და მეორე საკანონმდებლო პალატა, რომლის ერთ მესამედს ნიშნავს პრეზიდენტი. ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს კვლავ გრძელდებოდა თვითნებური დაკავებები, დაკავებულთა მიმართ არა სატანადო მოპყრობა და უკანონო მკვლელობები უსაფრთხოების ძალების მიერ. ამასთან, იშვიათი იყო დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მედია მუშაობდა თავისუფლად, ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის გამოყენება ხდებოდა ჟურნალისტების უსამართლოდ დაკავებისა და რიგი ოპოზიციური გაზეთების მუშაობის შეფერხებისთვის.

ძალიან ნელა მიმდინარეობდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2010-11 წლებში დაზარალებული ხალხისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განაგრძობს გბაგბოსა და მისი დროინდელი ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის (რომელიც ამავე დროს გბაგბოს მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური იყო) ჩარლზ ბლი გუდის გასამართლებას. სასამართლო, ასევე, იძიებს ოუატარას მომხრე ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. გბაგბოს ათობით მხარდამჭერი, რომლებიც არჩევნების შემდეგ კრიზისსა და ძალადობასთან კავშირის გამო დააპატიმრეს, კვლავ რჩებიან გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობაში.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს დაახლოებით 200 მხარდამჭერი ელოდება სასამართლო პროცესს. მათ ბრალად ედებათ 2010 და 2011 წლებში, არჩევნების შემდეგ ძალადობებში მონაწილეობა. მსგავსი ბრალდებით დაკავებული ორი პირი – ასი ჯინ კოუაჩი და ბონფის ტოდე 2017 წელს საპატიმროში გარდაიცვალნენ. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოუძიებელი დარჩა მკვლელობების საქმე, რომელთაც ადგილი ჰქონდა დემობილიზებულ სამხედროებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს. იზღუდებოდა მოქალაქეთა გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანების უფლებები; ზოგიერთი საპროტესტო აქციის გამართვა აიკრძალა. ყოფილი პრეზიდენტის ცოლი სიმონე გბაგბო, რომელიც ბრალდებული იყო კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებში, უდანაშაულოდ ცნეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა ლორენ გბაგბო და ჩარლზ ბლი გუდი.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანა განაგრძობს 2011 წელს დასრულებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას. 2017 წელს გაეროს სამშვიდობო ძალების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას და არასტაბილურობას სამხედრო ძალებში და იზრდებოდა პოლიტიკური დაძაბულობა მმართველი კოალიციის შიგნით. ძალადობრივი კონფლიქტის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი კვლავ აქტუალურია ქვეყანაში, მათ შორის ეთნიკური და რეგიონული დაძაბულობა, კამათი მიწების თაობაზე, კორუფცია და დაუსჯელობა.

ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს პარტია „Ivorian Popular Front FPI“ კვლავ ინარჩუნებს ადგილებს პარლამენტში, თუმცა პარტია დეზორგანიზებული და სუსტია, მისი წევრები ორ ფრთად არიან გაყოფილნი. პირველი ნაწილი მკაცრი პოზიციისა და ყველა არჩევნების ბოიკოტირების მომხრეა, ვიდრე არ გაათავისუფლებენ გბაგბოს, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პატიმრობაში რჩება, სადაც მას ბრალად ედება დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მეორე ნაწილი უფრო კომპრომისულია და მხარს უჭერს აფი ნ’გუესანს, ვინც გბაგბოს დროს პრემიერ მინისტრი იყო. 2015 წლის შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკური პატიმრის გამოშვების, რიგი პარტიზანების საბანკო ანგარიშების განბლოკვის და ზოგიერთი გაქცეული წევრის დაბრუნების შემდეგ, პარტია „Ivorian Popular Front FPI“ შედარებით გაძლიერდა.[4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი „Country of origin research and information CORI“ 2016 წლის 17 აგვისტოს აქვეყნებს ანგარიშს კოტ დ’ივუარში გბაგბოს მხარდამჭერების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ. ორგანიზაციასთან ინტერვიუში პროფესორი ბენჯამინ ლოურენსი ამბობს, რომ გბაგბოს მხარდამჭერები კვლავ წარმოადგენენ სამთავრობო აგენტების სამიზნეებს. მისი თქმით, რისკის ქვეშ მყოფთა შორის ზოგიერთი არის გბაგბოს მხარდამჭერი, მაგრამ არ არის FPI პარტიის წევრი; ისინი კოტ დ’ივუარის სტუდენტური ფედერაციის წევრები არიან; ეს არის სტუდენტური, ახალგაზრდული ფრთა, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსში არის აქტიური, ძირითადად აბიჯანში.

ანგარიშში საუბარია დაკავებებისა და დაპატიმრებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია გბაგბოს მხარდამჭერებთან ან FPI პარტიასთან. 2015 წლის 4 მაისს ქალაქ მამას FPI პარტიის კონგრესის პრეზიდენტი და ერთერთი კომიტეტის ხელმძღვანელი დააპატიმრეს მამაში FPI პარტიის შეხვედრის ორგანიზებისთვის; აღნიშნული შეხვედრის გამართვაზე არ იყო ნებართვა გაცემული. ფრანგული გამოცემა „Le Monde“ 2016 წლის იანვარში წერს, რომ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდში FPI-ის მხარდამჭერი 32 პირი დააპატიმრეს. აღნიშნული დაპატიმრებები მოჰყვა გრაბოსა და დასავლეთ კოტ დ’ივუარში სამხედრო პოსტებზე თავდასხმას. იგივე გამოცემა მოგვიანებით წერს, რომ ოპოზიციის ნებართვის გარეშე ჩატარებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო 31 პირი დააპატიმრეს და იგივე ბრალდებით, კიდევ 27 დააკავეს. 2015 წლის ივლისში პრო-გბაგბოსეული გაზეთის ჟურნალისტი ჯოზეფ გნანუა ტიტია პრეზიდენტის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2015 წლის ივნისსა და სექტემბერში შეტაკებები მოხდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის. ოპოზიციის აქტივისტებს შორის ძირითადად იყვნენ გბაგბოს მხარდამჭერები. ინციდენტების შედეგად მინიმუმ სამი პირი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური ძალების აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავებების, დაპატიმრებებისა და დემონსტრაციების აკრძალვების სხვა ფაქტების შესახებაც.

ანგარიშში მოყვანილი სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კოტ დ’ივუარში პოლიტიკური ნიშნით 100-დან 500-მდე პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში. 2015 წლის ივლისში IRIN News წერს, რომ ქვეყანაში 700-მდე პოლიტიკური პატიმარია. 2016 წლის თებერვალში გბაგბოს ცოლს სიმონე გბაგბოს ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არჩვენების შემდგომ ძალადობაში ბრალდებულებს სხვადასხვა ვადით (3-დან 35 წლამდე) პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშში ასევე საუბარია ცუდ საპატიმრო პირობებზე, რომლის წინააღმდეგაც გბაგბოს მხარდამჭერმა პატიმრებმა არაერთხელ გამოცხადეს შიმშილობა. ორგანიზაციასთან ინტერვიუში ადვოკატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუზანე დომინიკ დჯადჯა ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია არა სახელმწიფო აქტორების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იქნებოდნენ FPI პარტიის მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობაში.[5]

[1] US Department of State; Bureau of Democracy, Human Rights and Labor; 2017 Country Reports on Human Rights Practices; Cote d’Ivoire; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/af/276991.htm [accessed 20 November 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Côte d’Ivoire, 18 January 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Côte d’Ivoire, 22 February 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[4] Freedom House, Freedom in the World 2018 – Côte d’Ivoire, 28 March 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[5] Country of Origin Research and Information (CORI), The treatment of Ivorian Popular Front (FPI)/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire by both state and non-state actors; incidents of arrests and/or violence against FPI/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire; the willingness and ability of the State to protect FPI/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire, 17 August 2016, available at:

[accessed 20 November 2018]

კოტ-დ’ივუარი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. ივლისი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ თავის 2018 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანა აგრძელებს 2011 წელს მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირებებისა და მის შედეგად გავრცელებული კონფლიქტიდან გამოსვლას. 2017 წელს განვითარებული მთავარი მოვლენებია:

  1. გაერთიანებული ერების კოტ-დივუარის საოპერაციო ჯგუფმა (UNOCI) ამოწურა საკუთარი მანდატი და სამშვიდობო მისიაც, შესაბამისად, გაწვეული იქნა ქვეყნიდან.
  2. იანვარსა და მაისში, ეროვნული არმიის სამხედროთა ჯგუფმა, რომლებმაც თავის დროზე, 2011 წელს მოქმედი პრეზიდენტი – ალასანე ოუატტარა ხელისუფლებაში მოიყვანეს, მთავრობისგან მოითხოვეს მათთვის კუთვნილი ფინანსური ბონუსის გადახდა. მართალია, საბოლოოდ სიტუაცია მშვიდობიანად დამთავრდა და მთავრობამ მათ თანხა გადაუხადა, თუმცა, ზემოხსენებულმა მოვლენებმა ქვეყანაში მაინც შექმნეს დესტაბილიზაციის საფრთხე და არსებობდა პოტენციური სამხედრო გადატრიალების საშიშროება.
  3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აგრძელებს ყოფილი პრეზიდენტი ლორენ გბაგბოს საქმის განხილვას, ომის დანაშაულების სავარაუდო ჩადენის ბრალდებით.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა ეტაპობრივად აღდგა და გაეროს სპეციალურმა მისიამაც დაასრულა მისი 13-წლიანი სამშვიდობო მისია კოტ-დივუარში. თვითნებური დაპატიმრებების, დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უსაფრთხოების ძალების მიერ თვითნებური მკვლელობების შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, სავარაუდო დამნაშავეთა მიმართ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტები საკმაოდ იშვიათი იყო. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კოტ-დივუარში პრესა, უმრავლეს შემთხვევებში, ოპერირებს ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც დასჯადია ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება. აღნიშნული კანონი, რამდენიმეჯერ გამოყენებულ იქნა, რათა დაეკავებინათ კონკრეტული ჟურნალისტები და, ასევე, დროებით ფუნქციონირება შეეჩერებინათ ზოგიერთი პრო-ოპოზიციური გაზეთისთვის.

პროგრესი, 2010-11 წლების არჩევნების შემდგომი ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით, საკმაოდ ნელა ვითარდება, რადგან ჯერ არ დამდგარა დამნაშავეთა უმრავლესობის პასუხისმგებლობის საკითხი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი, განაგრძობს ყოფილი პრეზიდენტის ლორენ გბაგბოსა და ახალგაზრდული საკითხების მინიტრის – ჩარლზ ბლე გოუდის საქმეთა განხილვას.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ კოტ-დივუარის შესახებ თავის 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს მხარდამჭერი დაახლოებით 200 დაკავებული პირი ელოდება სასამართლო პროცესს, რომელმაც უნდა განიხილოს 2011 წლის არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები. სამხედრო აჯანყების შედეგად გამოწვეული მკვლელობები და   დაპირისპირებების შემთხვევები დემობილიზებულ სამხედრო შენაერთებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის არ იქნა გამოძიებული. იყო შეზღუდვები აზრის, გამოხატვის და მანიფესტაციის თავისუფლებების კუთხით. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს – სიმონე გბაგბოს ბრალი დასდეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებში.

გაეროს 13-წლიანი სამშვიდობო მისია კოტ-დივუარში დასრულდა. გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დადებითად შეაფასა კოტ-დივუარის პროგრესი ეროვნული შერიგებისა და სტაბილურობის კუთხით, თუმცა, აღნიშნა, რომ სტაბილურობა არის საკმაოდ მყიფე, რაც დადასტურდა იანვარში მომხდარი არეულობით.

მთავრობამ, გაეროს გამომძიებლების დახმარებით, აღმოაჩინა იარაღის საწყობი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის თანაშემწის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე. ამას გარდა, ივლისში დაფიქსირდა რამდენიმე თავდასხმა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, შედეგად, ერთერთი ასეთი შემთხვევის დროს, დაიღუპა 3 სამხედრო.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Côte d’Ivoire, 28 March 2018, available at:

[accessed 30 July 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Côte d’Ivoire, 18 January 2018, available at:

[accessed 30 July 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Côte d’Ivoire, 22 February 2018, available at:

[accessed 30 July 2018]-