ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 14 აპრილს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ლიბიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით. როგორც რუქიდან ჩანს, ლიბიის მთლიანი ტერიტორია წითელ ზონაში ხვდება.ოფისის მხრიდან ლიბიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიდგომა ძალაშია 2014 წლიდან მოყოლებული.

[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts)პორტალისმიხედვით, 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდგომ, ლიბიაში ადგილი აქვს მუდმივ პოლიტიკურ უთანხმოებასა და შეიარაღებულ ძალადობას. ქვეყანაში არსებობს რამდენიმე მთავრობა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ხშირად იცვლიან მხარეებს და ზოგჯერ ოპერირებენ დამოუკიდებლად. შედეგად, ზოგადი სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარეობს რამდენიმე, თანმკვეთი არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბიის მთავრობას, „ლიბიის ეროვნულ არმიასა“ და სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებასა თუ საგარეო ძალას შორის.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების აქტიურ ფაზაშია. მოქმედი „ეროვნული შეთანხმების მთავრობა“, რომელიც წარმოადგენს 2015 წელს პოლიტიკური შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებულ გარდამავალ ხელისუფლებას, ქვეყნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებდა. ამის პარალელურად, აღმოსავლეთ ლიბიაში მოქმედი ინსტიტუციები და ჯგუფები, რომლებიც ხშირად აფილირებულნი იყვნენ გენერალ ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნულ არმიასთან“, აგრძელებდნენ მთავრობისადმი დაუმორჩილებლობას და საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ლეგიტიმურ მთავრობად.

ანგარიშის მიხედვით, მოქმედ მთავრობას თითქმის არ გააჩნდა ეფექტური კონტროლი უსაფრთხოების ძალებზე და აღნიშნული დანაყოფები როგორც წესი, შედგებოდა არა-მუდმივი შენაერთებისგან, ტომობრივი არა-სამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სამოქალაქო მოხალისეებისგან. სამოქალაქო ინსტიტუციები მხოლოდ ნომინალურ კონტროლს ახორციელებდნენ პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც ჩადიოდნენ არაერთ დანაშაულს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მოქმედ ხელისუფლებასა და სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ აქტორებს (მათ შორის – „ლიბიის ეროვნულ არმიას“) შორის კონფლიქტი გრძელდებოდა, ხოლო ორივე მხარეს მხარს უჭერდნენ კონკრეტული საგარეო აქტორები. ლიბიის ეროვნული არმია ახორციელებდა სხვადასხვა დონის კონტროლს ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. ივნისში, თურქეთის სამხედრო ჩარევის (მოქმედი მთავრობის სასარგებლოდ) და რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ლიბიის ეროვნულ არმიასთან აფილირებული ჯგუფები, მათ შორის – რუსული დაქირავებული მებრძოლები (Wagner Group) იძულებულნი გახდნენ, შეეჩერებინათ თავდასხმების ლიბიის დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთში მდებარე სხვა ცენტრებზე  და უკან დაეხიათ ცენტრალურ ლიბიაში. უცხოური სამხედრო ძალები, მებრძოლები და დაქირავებული ჯარისკაცები აგრძელებდნენ ოპერირებას მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამთავრობო, ასევე – ეროვნული არმიის მხარეს. „ისლამური სახელმწიფო-ლიბია“ ცდილობდა, შეენარჩუნებინა მცირე გავლენა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის უდაბნოს რეგიონში. გაერო და საერთაშორისო პარტნიორები ცდილობდნენ ზავის მიღწევას, მათ შორის – მოახერხეს ოქტომბერში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და დაარწმუნეს მოქმედი მხარეები, დაბრუნებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

მიმდინარე საანგარიშო წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, განხორციელებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომელთა ნაწილი მხარს უჭერდა მოქმედ მთავრობას, ნაწილი კი – ლიბიის ეროვნულ არმიას; იძულებითი გაუჩინარებები; წამება, ჩადენილი ყველა მოქმედი მხარის მიერ; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, რომელთა ნაწილიც სამთავრობო კონტროლს მიღმა იყო; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას, მათ შორის – არასახელმწიფოებრივი აქტორების მხრიდან; შიდა კონფლიქტის დროს ჩადენილი სერიოზული დარღვევები, მათ შორის – სამოქალაქო პირების მკვლელობები და ბავშვთა რეკრუტირება; გამოხატვის თავისუფლების კუთხით სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის – ძალადობა ჟურნალისტების მიმართ; შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი შეზღუდვები; ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა არგაძევების პრინციპის დარღვევა; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; პირთა ტრეფიკინგი; იძულებითი შრომა და ა.შ.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ლიბიის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, გაეროს მიერ აღიარებული „ეროვნული შეთანხმების მთავრობა“ შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული კონკურენტ მთავრობასთან აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელიც აფილირებულია შეიარაღებულ დაჯგუფება „ლიბიის არაბთა შეიარაღებული ძალებთან“ (LAAF) გენერალ ხალიფა ჰიფთარის მეთაურობით. 2020 წლის 23 ოქტომბერს, მხარეებმა ჟენევაში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტმა მნიშვნელოვნად ნეგატიური გავლენა იქონია ელემენტარულ სერვისებზე, მათ შორის – ჯანდაცვითი სერვისებისა და ელექტრო-ენერგიის მიწოდებაზე. ორივე მხარეს მოქმედი შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ პირთა უკანონო მკვლელობებსა და განურჩეველი მიზნით დაბომბვებს, რასაც შედეგად სდევდა სამოქალაქო მსხვერპლი და დანგრეული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.

აგვისტოში, ქ. ტრიპოლიში, მთავრობასთან აფილირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა მძიმე იარაღი გამოიყენეს დემონსტრანტთა წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ კორუფციასა და ცხოვრების მძიმე პირობებს. სექტემბერში, ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში; ბენგჰაზი, თობრუკი და ალ-მარჯი ასევე გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. LAAF-თან აფილირებულმა ძალებმა ზოგიერთი პროტესტი რეალური ტყვიების გამოყენებით ჩაახშეს.

ლიბიაში მყოფი მიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს  თვითნებურად აკავებდნენ, რომლის დროსაც ბევრი მათგანი ექვემდებარებოდა ისეთი ტიპის მოპყრობას, როგორიცაა: სექსუალური ძალადობა, იძულებითი შრომა, არასათანადო მოპყრობა და გამოძალვა. აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდნენ მმართველის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, კონტრაბანდისტები და ტრეფიკინგში ჩართული პირები.[4]

Amnesty International ლიბიის შესახებ 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები და სხვადასხვა აქტორები ჩადიოდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის რიგ დარღვევებს, მათ შორის – შესაძლო ომის დანაშაულებს. “ეროვნული შეთანხმების მთავრობის“ მხარდამჭერებს და „ლიბიის არაბთა შეიარაღებული ძალებს“ (LAAF) შორის ტრიპოლისა და სხვა დასავლეთით მდებარე ქალაქებთან მომხდარშეიარაღებულ შეტაკებებს შედეგად სამოქალაქო პირებში მსხვერპლი, მასობრივი იძულებითი გადაადგილება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის – საავადმყოფოების ნგრევა მოჰყვა. გაეროს მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგოს დარღვევით, თურქეთი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აგრძელებდნენ საკუთარი მოკავშირეების მომარაგებას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით. ათასობით პირი თვითნებურად იყო დაკავებულ  ყოველგვარი სათანადო პროცესის გარეშე. შეიარაღებული დაჯგუფებები იტაცებდნენ პირებს მათი რეალური თუ სავარაუდო პოლიტიკური, რეგიონალური თუ თემობრივი კუთვნილების გამო, მათ შორის – ჟურნალისტებს, დემონსტრანტებს, ექიმებს, საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ქალები, გოგონები და ლგბტი თემის წარმომადგენლები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ ადექვატური ჯანდაცვითი თუ სხვა ძირითადი სერვისების მიღებას. საჯარო მოხელეები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები და კრიმინალური ბანდების სისტემატურად უქვემდებარებდნენ დაკავებულ ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და მიგრანტებს წამებასა და სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას, უკანონო მკვლელობას, სექსუალურ ძალადობას და იძულებით შრომას.[5]

[1] United Kingdom Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO) – Libya Travel Advice; published on 14 April 2021; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/libya [accessed 19 July 2021]

[2]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts –Libya; last updated in April 2021; available at https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflicts-in-libya#collapse2accord [accessed 20 July 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Libya; published in March 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[4]Human Rights Watch – World Report 2021 – Libya; published in January 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[5] Amnesty International – Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Libya 2020; published in April 2021; available at

[accessed 20 July 2021]

ლიბანი. ზოგადი მდგომარეობა, ჰეზბოლას გავლენა. ივნისი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts)პორტალისმიხედვით,ლიბანის ტერიტორიის ნაწილი – შებაას ფერმები ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. ამას გარდა, სირიაში წარმოებული არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტების ნაწილი, გარკვეულწილად, გავრცელდა ლიბანის ტერიტორიაზე.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ლიბანში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი ურჩევს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში არ იმოგზაურონ შემდეგ ლოკაციებზე:

  • პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები;
  • სირიის საზღვრიდან 5 კილომეტრის რადიუსზე მდებარე ტერიტორია;
  • ჰერმელის რეგიონი, მათ შორის, ქალაქები: არსალი; რასი; ბაალბეკი; ქაა; ლაბოუე და ნაჰლე.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ლიბანის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ლიბანში მოქმედი პოლიტიკური სისტემა უზრუნველყოფს აღიარებული რელიგიური თემების წარმომადგენლობას, თუმცა, ამავდროულად, გარკვეულწილად ზღუდავს კონკურენციას და ხელს უშლის სამოქალაქო და შერეული თემების პარტიების აღმოცენებას. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს გააჩნიათ წვდომა ზოგიერთ სამოქალაქო თავისუფლებაზე და ქვეყანაში მოქმედებს მედია-პლურალიზმი, სახეზეა ღრმა კორუფცია და კანონის უზენაესობის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები. ლიბანში ფიქსირდება არა-მოქალაქე პირთა (მათ შორის, ლტოლვილთა და მიგრანტ მშრომელთა) დიდი რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან სამართლებრივ დაბრკოლებებსა და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებას, რის გამოც ეზღუდებათ წვდომა დასაქმებაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე.

ორგანიზაციის მიერ ლიბანი „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად არის აღიარებული 43/100 შეფასებით (30/60 შეფასება სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით).[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ლიბანი წარმოადგენს პარლამენტარული ტიპის რესპუბლიკას, სადაც სახელისუფლებო ძალაუფლება განაწილებულია მარონიტ ქრისტიან პრეზიდენტს, პარლამენტის შიიტ სპიკერსა და სუნიტ პრემიერ-მინისტრს შორის. ქვეყანაში კანონით აღიარებულია 18 რელიგიური სექტა თუ დენომინაცია. 2016 წელს პარლამენტმა პრეზიდენტად დაამტკიცა მიშელ აოუნი, რის შედეგადაც თითქმის ორწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.

ლიბანში კანონისა და საჯარო წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგანი უსაფრთხოების ძალები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. ამას გარდა, ზოგადი უსაფრთხოების დირექტორატი, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, უზრუნველყოფს საზღვრების დაცვას. ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ლიბანის შეიარაღებული ძალები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ კონტროლს მთავრობას დაქვემდებარებულ უსაფრთხოების ძალებზე. თუმცა, პალესტინური უსაფრთხოების ძალები და შეიარაღებული დაჯგუფებები; ა.შ.შ.-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია გამოცხადებული „ჰეზბოლა“ და სხვა ექსტრემისტული ელემენტები ოპერირებდნენ სამთავრობო კონტროლის მიღმა.უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, ზოგჯერ, ჩადიოდნენ კონკრეტულ დანაშაულებს.

ანგარიშის მიხედვით, სირიის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყანაზე როგორც ეკონომიკური, ასევე – სოციალური ასპექტების კუთხით. ბოლო 9 წლის განმავლობაში, ლიბანში მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ჩავიდა, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა ქვეყნის ისედაც სუსტი ინფრასტრუქტურა და სოციალური სერვისების მიწოდების უნარი.

მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები იყო: უსაფრთხოების ძალების მიერ წამების შესახებ სავარაუდო ბრალდებები; უსაფრთხოების ძალების მიერ თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევები; სასამართლო ხელისუფლებაში სერიოზული პოლიტიკური ჩარევა; სერიოზული შეზღუდვები აზრის გამოხატვის; პრესისა დაინტერნეტის თავისუფლებების კუთხით, მათ შორის – ცენზურა; ძალადობა; ძალადობის მუქარა და სამართლებრივი დევნა ჟურნალისტების მიმართ; ლტოლვილთა არ-გაძევების პრინციპის დარღვევა; ელიტური და ფართოდ გავრცელებული კორუფცია; ლგბტი პირთა სტატუსის და მათი გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაცია და ა.შ.

მიუხედავად იმისა, ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი სტრუქტურა კანონის დონეზე უზრუნველყოფს უფლებადარღვევებში დამნაშავე თანამდებობის პირთა სათანადო დასჯას, აღსრულების კუთხით სერიოზული  პრობლემები იდგა. ქვეყანაში ფიქსირდება ფართოდ გავრცელებული და საყოველთაო კორუფცია.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ლიბანის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ 2020 წელს ლიბანს თავს დაატყდა არაერთი კრიზისი, მათ შორის – მასშტაბური აფეთქება ბეირუთის პორტში; ეკონომიკური კოლაფსი; მზარდი პოლიტიკური არა-სტაბილურობა და Covid-19 პანდემია, რამაც საფრთხე შეუქმნა მოქალაქეთა ძირითად უფლებებს. ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო აღნიშნულ კრიზისებთან გამკლავება, რომელთაგან ზოგიერთი მათივე მიერ იყო პროვოცირებული. 2019 წლის ოქტომბრის შემდგომ, ლიბანურმა ფუნტმა საკუთარი ღირებულების 80 % დაკარგა, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ლიბანელი ხალხის წვდომაზე ისეთი საკითხების კუთხით, როგორიცაა – ელემენტარული საქონელი, მათ შორის – საჭმელი, თავშესაფარი და ჯანდაცვა. კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე.

ლიბანის უსაფრთხოების ძალებმა, მათ შორის – სამხედრო პირებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალმა და პარლამენტის პოლიციამ, რამდენჯერმე გამოიყენეს გადამეტებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით – 2019 წლის 17 ოქტომბრის საპროტესტო დემონსტრაციისას, რასაც მათი მხრიდან არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია. ლიბანის ხელისუფლება აგრძელებდა პირთა მიმართ გამოძიებასა და მათ პასუხისგებაში მიცემას მშვიდობიანი აზრის გამოხატვისთვის. ქალები და ბავშვები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას რელიგიებზე დაფუძნებული პირადი სტატუსების შესახებ კანონმდებლობის კონტექსტში, ხოლო ბავშვების ქორწინება და მეუღლის მიერ გაუპატიურება კვლავ ლეგალური იყო. მამაკაცებისგან განსხვავებით, ლიბანელ ქალებს არ შეუძლიათ მოქალაქეობა გადასცენ მათ შვილებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე ქმრებს.

ლიბანში დაახლოებით 1.5 მილიონი სირიელი ლტოლვილია, რომელთა დაახლოებით 78 %-ს არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია. მიგრანტი შინა-მოსამსახურე პერსონალის (Domestic Workers) სიტუაცია, რომლებიც ექვემდებარებიან შემზღუდველ „კაფალას“ (სპონსორის) სისტემას, გაუარესდა, რაც მეტწილად განპირობებული იყო ეკონომიკური კრიზისითა და Covid-19 პანდემიით.[5]

ჯგუფ „ჰეზბოლას“ გავლენა

ა.შ.შ. კონგრესის კვლევითი სამსახური 2020 წლის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ლიბანის შესახებ წერდა, რომჰეზბოლა, რომელიც ა.შ.შ. მთავრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული, ლიბანში ოპერირებს, როგორც სამხედრო ძალა, პოლიტიკური პარტია და სოციალური სერვისების პროვაიდერი. ჯგუფი საკმაოდ დაახლოებულია ირანთან, რომლისგანაც იღებს ძირითად დაფინანსებას. ჰეზბოლა ლიბანურ არჩევნებში მონაწილეობას იღებს 1992 წლიდან, ხოლო პირველად სამთავრობო კაბინეტში მოხვდა 2005 წელს, რის შემდეგაც, ჰეზბოლას წევრებს ეკავათ 1-დან 3-მდე პოსტი ყველა შემდგომ ფორმირებულ მთავრობაში. დიაბის მთავრობაში, ჰეზბოლას წევრებს ეკავათ 2 მინისტრის პოსტი.[6]

არასამთავრობო ორგანიზაცია Council on Foreign Relations (CFR) ჰეზბოლას შესახებ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ჰეზბოლა არის ლიბანში მოქმედი შიიტური პოლიტიკური პარტია და შეიარაღებული ჯგუფი. ჰეზბოლას ხშირად უწოდებენ „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რაც მეტწილად განპირობებულია მისი ფართო უსაფრთხოების აპარატით, პოლიტიკური ორგანიზაციით და მასშტაბური სოციალური სერვისების ქსელით. ჯგუფი დაფუძნებულია ლიბანის 15 წლიანი სამოქალაქო ომის დროს, მას მხარს უჭერს ირანი და ცნობილია ისრაელთან და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში დასავლურ გავლენასთან წინააღმდეგობით.

ანგარიშის მიხედვით, ჰეზბოლამ, გარდა სამხედრო ოპერაციებისა, ასევე მნიშვნელოვნად განავითარა და ჩამოაყალიბა ძლიერი პოლიტიკური და სოციალური აპარატი. ჯგუფი ლიბანის პარლამენტში 1992 წლიდან არის წარმოდგენილი, ხოლო მინისტრთა კაბინეტში ჰეზბოლას წევრებს სავარძლები 2005 წლიდან უჭირავთ. 2018 წლისუკანასკნელ ეროვნულ არჩევნებში, ჰეზბოლამ ლიბანის 128 წევრით დაკომპლექტებულ პარლამენტში 13 დეპუტატის გაყვანა მოახერხა. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ჰეზბოლა ასევე მართავს სოციალური სერვისების საკმაოდ ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სკოლებს, ახალგაზრდულ პროგრამებს და ა.შ., რისი საშუალებითაც, ჯგუფი გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს როგორც ლიბანის როგორც შიიტურ, ასევე – არა-შიიტურ მოსახლეობაში. მაგალითად, 2014 წლის კვლევით, ჯგუფზე პოზიტიური აზრის იყო გამოკითხულ ქრისტიანთა 31, ხოლო სუნიტ მუსლიმთა – 9 %.

ამას გარდა, ჰეზბოლა კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ სამხედრო ფრთას. 1989 წლის ტაიფის შეთანხმების თანახმად, ჰეზბოლა იყო ერთადერთი შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც ნება დაერთო, კვლავ გაეგრძელებინა ოპერირება და შეენარჩუნებინა იარაღი. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის 2017 წლის გათვლებით, ჯგუფს ჰყავს სულ მცირე 10 000 აქტიური მებრძოლი და დამატებით 20 000 – რეზერვში. ტანკებით, დრონებითა და მრავალი ტიპის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემებით შეიარაღებული ჰეზბოლა ხშირად ფასდება, როგორც „მსოფლიოში ყველაზე მძიმედ შეიარაღებული არა-სახელმწიფოებრივი აქტორი“.[7]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომხელისუფლება ვერ იცავდა კანონით გათვალისწინებულბევრ დებულებას.  სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, აგრეთვე უკანონო შეიარაღებული ძალები, როგორიცაა ჰეზბოლა, განაგრძობდნენ თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას, მათ შორის ე.წ.„ინკომუნიკადო” პატიმრობას (პატიმრობა ცალკე საკანში).გავრცელებული ცნობებით, ჰეზბოლა და სხვა პალესტინური არა-სახელმწიფოებრივი აქტორები ფლობდნენ არაოფიციალურ დაწესებულებებს, რომლებიც საპატიმროების და დაკავების ცენტრების ფუნქციებს ითავსებდნენ.ამას გარდა, სხვადასხვა არასამთავრობო აქტორების მხრიდან, როგორიცაა ჰეზბოლა, გამოიყენებოდა ინფორმატორული ქსელები, ასევე  ტელეფონებისა და ელექტრონული მოწყობილობების მონიტორინგი იმ მიზნით, რომ მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის შესახებ ინფორმაცია.

ანგარიშის მიხედვით, მედია საშუალებებს, რომლებსაც სურდათ რეპორტაჟი გაეკეთებინათ ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადი რეგიონებიდან, უნდა მიეღოთ სპეციალური ნებართვა დაჯგუფების მედია-ფრთიდან. 28-29 ოქტომბრის დემარკაციის მოვლენების გაშუქებისას, რამდენიმე მედია ჯგუფმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას წევრებმა მათ გადაღება აუკრძალეს, დაულეწეს აპარატურა და აიძულეს ტერიტორიის დატოვება.  ჟურნალისტმა მარიამ საიფ ედდინემ, რომელიც სამხრეთ ბეირუთში მდებარე, ჰეზბოლას კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს, განაცხადა, რომ უშუალოდ მას და მის ოჯახს დეკემბრის დასაწყისში ჰეზბოლას წევრები ჯერ დაემუქრნენ, ხოლო შემდეგ – თავს დაესხნენ. მისი აზრით, აღნიშნული შემთხვევა იმითი იყო განპირობებული, რომ მან რეპორტაჟებში ჰეზბოლა გააკრიტიკა.

საპროტესტო დემონსტრაციების მიმდინარეობისას, დემონსტრანტთა და ჰეზბოლას მხარდამჭერთა შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლებს. უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ, განეცალკევებინათ აღნიშნული ჯგუფები, თუმცა, შედეგი ყოველთვის წარმატებული არ იყო. 8 აგვისტოს, ჰეზბოლასა და „ამალ“-ის მხარდამჭერებმა დაწვეს სიმბოლური სახრჩობელები, რომლებიც დემონსტრანტებმა აღმართეს, რათა „ჩამოეხრჩოთ“ პოლიტიკური ლიდერების (მათ შორის, ჰეზბოლას ლიდერ ჰასან ნასრალლას და ამალის ლიდერ ნაბიჰ ბერრის) გამოსახულებიანი სკულპტურები. 31 აგვისტოს, ბეირუთში, შავებში გამოწყობილმა, სავარაუდოდ ჰეზბოლასა და ამალის მხარდამჭერებმა, მოტოციკლეტებით გადაუარეს და, შედეგად, გაანადგურეს დემონსტრანტთა კარავები და პირადი ქონება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შეიარაღებული არა-სახელმწიფოებრივი აქტორები (ჰეზბოლა; პალესტინური ფრონტი) აბრკოლებდნენ ან ზღუდავდნენ გადაადგილებას საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. ამას გარდა,ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადტერიტორიაზე მოქმედი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები განიცდიდნენ დევნასა და დაშინებას,მათ შორის სოციალურ, პოლიტიკურ დაფინანსურ ზეწოლას. იმ ახალგაზრდებს,რომლებიც „არასასურველ“ არასამთავრობოორგანიზაციებში მუშაობდნენ, ჰეზბოლა უხდიდა თანხას, რათა დაეტოვებინათ სამსახური.[8]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისი 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში მოუწოდებდა ლიბანის ხელისუფლებას, უზრუნველეყო ცნობილი ინტელექტუალის ლოკმან სლიმის მკვლელობის გამჭირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების სათანადო დასჯა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სლიმი – ცნობილი ინტელექტუალი, მწერალი, გამომცემელი; პროდუსერი და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მაკრიტიკებელი, 2021 წლის 4 თებერვალს, სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას დე ფაქტო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მკვდარი იპოვეს. სიკვდილამდე, სლიმმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას მოკლავდნენ, ყველა გაიგებდა, თუ ვინ იდგა მისი მკვლელობის უკან.[9]

[1]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Lebanon; available at https://www.rulac.org/browse/countries/lebanon [accessed 21 June 2021]

[2] Government of UK; Foreign travel Advice –Lebanon; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon [accessed 21 June 2021]

[3] Freedom House – Freedom in the World 2021 – Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 21 June 2021]

[4] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 21 June 2021]

[5] Human Rights Watch – World Report 2021 – Lebanon; published in January 2021; available at

[accessed 22 June 2021]

[6] Congressional Research Service – “Lebanon”; updated on 1 September 2020; available at

[accessed 21 June 2021]

[7] CFR – “What is Hezbollah?”; updated on 1 September 2020; available at https://www.cfr.org/backgrounder/what-hezbollah [accessed 21 June 2021]

[8]United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 21 June 2021]

[9] OHCHR – UN human rights experts call for credible and effective investigation into the killing of intellectual and Hezbollah critic Lokman Slim; published in March 2021; available at

[accessed 21 June 2021]

[10] US Department of the Treasury – article “Treasury Targets Iranian-Backed Hizballah Officials for Exploiting Lebanon’s Political and Financial System”; published in July 2019; available at https://home.treasury.gov/news/press-releases/sm724 [accessed 21 June 2021]

[11]International Institute for Counter-Terrorism – article “The Beirut Explosion – Is there a Hezbollah Connection?”; published in August 2020; available at https://www.ict.org.il/Article/2582/The_Beirut_Explosion%E2%80%93Is_there_a_Hezbollah_Connection?#gsc.tab=0 [accessed 21 June 2021]

[12]Foundation for Defense of Democracies (FDD) – Sanctioned Hezbollah Security Chief Works Closely with Lebanese Authorities; published in 11 July 2019; available at https://www.fdd.org/analysis/2019/07/11/sanctioned-hezbollah-security-chief-works-closely-with-lebanese-authorities/ [accessed 21 June 2021]

[13] Washington Institute – “Syria’s Instability Reaches Lebanon” by David Schenker; published in December 2012; available at https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/syrias-instability-reaches-lebanon [accessed 21 June 2021]

ლიბანი. ქორწინების წესი; ქალთა უფლებები. ივნისი, 2021

  1. ქორწინების წესი ლიბანში

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროებით, ნამდვილად დასტურდება, რომ ლიბანში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების წესი. კერძოდ, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში არ არის დაწესებული ქორწინების მინიმალური ასაკი და, ასევე, არ მოქმედებს სამოქალაქო ქორწინების წესი. რელიგიურ ლიდერთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ქორწინების იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ლიბანი ცნობს საზღვარგარეთ ჩატარებული სამოქალაქო ქორწინებებს ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში.[1] ანალოგიური ინფორმაცია დასტურდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2021 წლის შესაბამისი ანგარიშითაც.[2]

  1. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა და ქალთა უფლებები

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომლიბანში ოჯახში ძალადობა კანონით აკრძალულია, არსებობს შესაბამისი თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისდა მათ შეუძლიათ მოითხოვონ მოძალადის მიმართ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი. ამას გარდა, ლიბანის „შინაგან უსაფრთხოების ძალებში“ (ISF – ეროვნული პოლიცია) არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც მუშაობენ და იღებენ საჩივრებს კონკრეტულად ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ოჯახში ძალადობის სამართლებრივი დეფინიცია იყო ვიწრო და, შედეგად, ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის ყველა ფორმისგან მსხვერპლის ადეკვატურ დაცვას (მაგ. მეუღლის მიერ გაუპატიურებისგან). მართალია, კანონის მიხედვით ცოლის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა, რელიგიურ სასამართლოებს შეეძლოთ პირადი სტატუსების შესახებ კანონების მიხედვით, მოეთხოვათ ნაცემი ცოლისთვის ქმართან დაბრუნება. პოლიციის წარმომადგენლები, ზოგჯერ, (განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებებში)სათანადო რეაგირებას არ ახდენდნენ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე და ამ საკითხს მიიჩნევდნენ არა როგორც სისხლის სამართლებრივ, არამედ – როგორც პირად თემას. არასამთავრობოები და აქტივისტები აკრიტიკებდნენ კანონს ოჯახში ძალადობის შესახებ, რადგან მათი აზრით, ის სათანადოდ ვერ იცავდა მსხვერპლებს და ვერ უზრუნველყოფდა მოძალადეთა დასჯას, რომელთაც, მათი მტკიცებით, ხშირად განსაკუთრებით მსუბუქ სასჯელებს უწესებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, პოლიცია და სასამართლოები მუშაობდნენ, რათა ოჯახში ძალადობის საქმეების უკეთესი მენეჯმენტი მოეხდინათ, თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ არ კუთხით პრობლემატური საკითხი იყო საზოგადოებრივი და რელიგიური დოგმები შედარებით უფრო კონსერვატიულ თემებში, რასაც შედეგად შემთხვევათა შეუტყობინებლობა (Underreporting) ახლდა თან.ზოგიერთი მსხვერპლი, ხშირად ნათესავების მხრიდან ზეწოლის გამო, ცდილობდა საკითხი მოეგვარებინა რელიგიურ სასამართლოებში ან უშუალოდ ოჯახებს შორის მოლაპარაკებებით და არ მიმართავდა იუსტიციის სისტემას.

ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია KAFA-ს მიხედვით, მსხვერპლები აცხადებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან რეაგირება ცემასთან ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაუმჯობესდა. წლის განმავლობაში, ISF პოლიციისა და სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი იმ საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რომელიც ეხებოდა მდედრობითი სქესის დაკავებულთა, მათ შორის – ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ექსლუატაციის მსხვერპლთა, შესაბამის მოპყრობას. ის არასამთავრობოები, რომლებიც გარკვეულ სერვისებს აწვდიდნენ ზემოხსენებულ ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ექსლუატაციის მსხვერპლებს, აღნიშნავდნენ, რომ ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა მათი წვდომა ISF-ის დაკავებაში მყოფი პოტენციურ მსხვერპლებზე. ISF მიჰყვებოდა პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც შეტყობინებას უგზავნიდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა ქეისების შესახებ, რათა აღნიშნული უწყების თანამშრომლებს უკეთ შესძლებოდათ მსხვერპლთათვის სათანადო დახმარების გაწევა.

COVID-19 პანდემიის პერიოდში, ISF მოუწოდებდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, პოლიციისთვის შეეტყობინებინათ აღნიშნული შემთხვევების შესახებ და სოციალური მედიის საშუალებით, ცდილობდა, აემაღლებინა საზოგადოებრივი ცნობიერება ძალადობის მსხვერპლთა ცხელი ხაზის შესახებ. უწყების ცნობით, აღნიშნულ ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობა 2020 წლის მარტში, წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ABAAD წარმომადგენელი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ლიბანის მთავრობას უნდა გაეზარდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ადგილებისა და შესაბამისი სერვისების რაოდენობა, რადგან მათზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. სოციალური საკითხთა სამინისტროს ქალთა საკითხების სამმართველო  და შესაბამის საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებდა სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების იმპლემენტირებას,  მათ შორის – მსხვერპლთა ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის კუთხით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქალები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სამართლებრივ (სისხლის სამართლებრივი და პირადი სტატუსების შესახებ კანონმდებლობაში), ასევე – ყოფით ასპექტში. კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით.ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა ქორწინება; შვილებზე მეურვეობა; მემკვიდრეობა და განქორწინება, პირადი სტატუსების შესახებ კანონები განსხვავებულია სხვადასხვა რელიგიის მიხედვით, თუმცა, ზოგადად, თითქმის ყველას შემთხვევაში ფიქსირდებოდა დისკრიმინაცია ქალთა მიმართ. შარიათის სასამართლოები ერთი მამაკაცის ჩვენებას ორი ქალის ჩვენების ტოლად მიიჩნევენ. ამას გარდა, ქალების დისკრიმინაცია გამოკვეთილია მოქალაქეობის შესახებ კანონშიც, კერძოდ, მათ არ შეუძლიათ საკუთარ მეუღლეებსა და შვილებს მიანიჭონ მოქალაქეობა. კანონის მიხედვით, ქალების შეუძლიათ ქონების ფლობა, თუმცა, პრაქტიკაში, ამაზე კონტროლი, კულტურული დოგმებისა და ოჯახის მხრიდან ზეწოლის გამო, მამაკაც ნათესავს გადაეცემა ხოლმე. კანონის მიხედვით, დასაქმებაში სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურებაა დაწესებული, თუმცა, პრაქტიკაში, გენდერული დისკრიმინაცია, მათ შორის – ხელფასის კუთხით დისკრიმინაცია, არსებობდა.[3]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ლიბანის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 7-ე მუხლის მიხედვით, ყველა ლიბანელი თანასწორია კანონის წინაშე, თუმცა, პირდაპირ არ კრძალავს დისკრიმინაციას უშუალოდ სქესობრივი ან გენდერის ნიშნით. ლიბანმა ხელი მოაწერა გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“კონვენციას (CEDAW) ჯერ კიდევ 1997 წელს, თუმცა, ინარჩუნებს დათქმას კონკრეტული მუხლების გავრცელებაზე პირადი სტატუსების საკითხებთან მიმართებით (ქორწინება; საოჯახო ურთიერთობები და ა.შ.). 2016 წლის დეკემბერში ლიბანის მთავრობამ შექმნა ქალთა საკითხების სამინისტრო.

2014 წელს მიღებული კანონი „ოჯახში ძალადობისგან ქალთა და ოჯახის წევრთა დაცვის“ შესახებ აწესებს მნიშვნელოვან დაცვით ზომებს, ასევე – შესაბამის რეფორმებს პოლიციისა და სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის – 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელს ცემისთვის. თუმცაღა, აღნიშნულ კანონთან მიმართებით CEDAW კომისიამ მიუთითა, რომ კანონში პირდაპირ არ ჩანს მითითება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ე.წ. „ღირსების შესახებ მკვლელობებზე“ და სხვა ზიანისმომტან ჩვეულებებზე. ამას გარდა, კომისიამ ასევე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ კანონში დისკრიმინაციული ხასიათის დებულებებზე ღალატის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე – იმ საკითხზე, რომ კანონი იერარქიულად არ დგას ჩვეულებით და პირადი სტატუსების შესახებ კანონებზე მაღლა.ასევე, 2018 წლის მარტში Human Rights Watch-მა დაწერა, რომ ზემოხსენებული კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ არ ავალდებულებდა რელიგიურ სასამართლოებს დამორჩილებოდნენ სამოქალაქო სასამართლოებს გადაწყვეტილებებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან მიმართებით. ხოლო ზოგიერთი ასეთი სასამართლო იღებდა „დამორჩილების“ და „კოჰაბიტაციის“ გადაწყვეტილებებს ქალების მიმართ, რომლის ფარგლებშიც ავალდებულებდა ქალებს ქმრის სახლში დაბრუნებას. 2018 წლის ნოემბერში, პარლამენტში შეიტანეს ინიციატივა ოჯახში ძალადობის კანონში ცვლილებების შესახებ, რომლითაც დაცვა გაუგრძელდებოდათ ყოფილ მეუღლეებსა და შვილებს.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი ქალი ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის საშუალო რისკს, რადგან ისინი იძულებულნი არიან, დაემორჩილონ რელიგიაზე დაფუძნებულ, დისკრიმინაციულ კანონებსა და სასამართლოებს. ქალები ასევე ექვემდებარებიან საზოგადოებრივი დისკრიმინაციის საშუალო რისკს, რაც გამოიხატება ამ პროფილის არაადექვატურ კანონმდებლობაში, აღსრულების კუთხით პრობლემებში და ღრმად დამკვიდრებულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და გენდერულ როლებში, რომლებიც უზღუდავენ მათ საშუალებას, სრულად იყო ჩართული სამუშაო ძალასა და თემში. ეს პრობლემა განსაკუთრებით სახეზეა სოფლად მცხოვრებ და შედარებით კონსერვატიული თემების წევრ ქალებში.[4]

Freedom House-ისმიხედვით, ლიბანში ქალებს ფორმალურად იგივე პოლიტიკური უფლებები გააჩნიათ, რაც მამაკაცებს. თუმცა, რეალურად პრაქტიკაში ქალები მარგინალიზებულნი არიან ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: რელიგიური შეზღუდვები; ინსტიტუციონალიზებული უთანასწორობა; ფარული სამართლებრივი დაბრკოლებები; პოლიტიკური კულტურა და დისკრიმინაცია საზოგადოების მხრიდან. პარლამენტში ცოტა ქალია წარმოდგენილი, თუმცა, 2018 წლის არჩევნებში მონაწილე ქალთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. 111 ქალი დარეგისტირდა, ხოლო საბოლოოდ 86-მა მათგანმა კენჭიც იყარა.

ანგარიშის მიხედვით, ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას ხელფასების, სარგებლის თუ სხვა სოციალური სტანდარტების კუთხით. ასევე, ქალებს არ აქვთ ზოგიერთ სექტორში დასაქმების უფლება. ქალთა დისკრიმინაცია გამოხატულია ისეთ ყოფით საკითხებშიც, როგორიცაა – ქორწინება; განქორწინება და შვილებზე მეურვეობა. ამას გარდა, ქალებს არ შეუძლიათ ლიბანის მოქალაქეობა გადასცენ არა-ლიბანელ მეუღლეს ან მათ შვილებს.[5]

[1] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[3]United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[4] DFAT – Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT LEBANON 19 March 2019; published in March 2019; available at

[accessed 15 June 2021]

[5]Freedom House – Freedom in the World 2021 – Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]