ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია – ალბანელების ამბოხება 2001 წელს – ოქტომბერი, 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2001 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წლის თებერვალში ეთნიკურად ალბანელმა შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა დაიწყეს ძალადობრივი ამბოხი კოსოვოს საზღვართან. კოსოვარების და მაკედონიელი ალბანელების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ ეძახდნენ, დაიწყო ბრძოლა უფრო მეტი უფლებებისთვის მაკედონიაში ეთნიკური ალბანელებისთვის, დაიკავა ტერიტორია და დაიწყო სამთავრობო ძალებზე იერიშები. ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევდა, რომ „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ სხვა ინტერესებიც ჰქონდა, მათ შორის კრიმინალის ხელშეწყობა და დაკავებული ტერიტორიის პოლიტიკური კონტროლი. ამბოხი ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. ივნისში მეამბოხეებმა დედაქალაქ სკოპიედან 5 კილომეტრით მოშორებული სოფლის არაკინოვოს ოკუპაცია მოახდინეს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალების შეტევა არაკინოვოს გასათავისუფლებად კრახით დასრულდა, მთავრობამ დახმარებისთვის ნატოს მიმართა და სთხოვა მათ მოლაპარაკებების წარმართვა და სოფლის ამბოხებულებისაგან გათავისუფლება.

5 ივლისს, საერთაშორისო თანამონაწილეობით, მთავრობა და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და 13 აგვისტოს მმართველი ეთნიკურად მაკედონიელების პარტიის და ეთნიკურად ალბანელების პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და თანმდევ დანართებს, რაც გახდა მშვიდობიანი, უნიტარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს საფუძველი, გაუმჯობესებული სამოქალაქო უფლებებით ეთნიკური უმცირესობებისთვის. შეთანხმება ითხოვდა საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებს. 26 სექტემბერს, დემილიტარიზაციის შეთანხმების შესაბამისად, „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიის“ მებრძოლებმა დაასრულეს იარაღის ნებაყოფლობით გადაცემა ნატოსთვის და გამოაცხადეს საკუთარი დაშლის შესახებ. ჩარჩო შეთანხმების პარლამენტის მიერ რატიფიცირება სამ ეტაპად განხორციელდა. 16 ნოემბერს, საბოლოო კენჭისყრაზე, როგორც მოთხოვნილი იყო სამშვიდობო შეთანხმებით, მოქალაქეების უფლებების უკეთესად დაცვის მიზნით, პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.[1]

„Amnesty International“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეირყა, მას შემდეგ, რაც 2001 წლის პირველ ნახევარში მოხდა სამთავრობო ძალებსა და ეთნიკური ალბანელების შეიარაღებულ ჯგუფს შორის ბრძოლის ესკალაცია. ვრცელდებოდა ინფორმაციები ორივე მხარის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობების შესახებ. პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ბრალდებები გახშირდა. 170 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. აგვისტოში დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ბრძოლა შენელდა.[2]

„Freedom House“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წელს მაკედონიელებსა და ალბანელებს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი ღია საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. თებერვალში „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიამ“, რომელიც დაკომპლექტებული იყო 1999 წელს კოსოვოს ომში გამოცდილი მებრძოლებისგან, დაიწყო შეიარაღებული ამბოხი მაკედონიის მთავრობის წინააღმდეგ. კონფლიქტის პერიოდში ორივე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევებს, მათ შორის იძულებით გაძევებას, როგორც მეომრების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის აშკარა ხოცვას და ქონების განადგურებას. ადგილობრივი პოლიტიკოსების და საერთაშორისო ოფიციალური პირების ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა კონფლიქტის გავრცელების პრევენცია და ისეთი უკონტროლო სიტუაციის თავიდან აცილება, რასაც ადგილი ჰქონდა ბალკანეთის ომში ბოსნიასა და კოსოვოში.

ოჰრიდის (Ohrid) შეთანხმებით, რომლის რატიფიცირება მაკედონიის პარლამენტმა ნოემბერში მოახდინა, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მაკედონიის შესახებ – „მაკედონიელი ხალხის მიწა“ – წაიშალა; ასევე, ალბანური ენა გახდა ოფიციალური ენა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკურად ალბანელები მოსახლეობის 20%-ს შეადგენდნენ. დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, მეტ დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობების გაძლიერებას გულისხმობდა. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო პოლიციის შემადგენლობაში ალბანელების რაოდენობის არსებული 5%-დან 25%-მდე ზრდა 2003 წლისთვის, რაც დაახლოებით 1000 ალბანელი პოლიციის ოფიცრის დაქირავებით უნდა მომხდარიყო. ასევე, ერთერთი მოთხოვნა იყო ალბანელი მეამბოხეების ამინისტია.[3]

[1] United States Department of State, U.S. Department of State Country Report on Human Rights Practices 2001 – Macedonia, The Former Yugoslav Republic of , 4 March 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2002 – Macedonia , 28 May 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2002 – Macedonia, 18 December 2001, available at:

[accessed 23 October 2017]