საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს მიანმარის შეიარაღებულ ძალებსა (ტატმადაუ) და რიგ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, განსაკუთრებით კაჩნისა და შანის შტატებში. 2017 წელს სამთავრობო ძალებსა და კაჩინის დამოუკიდებლობის არმიას, ასევე სამთავრობო ძალებსა და ტაანგის ეროვნული გამათავისუფლებელ არმიას შორის, დაახლოებით 110 შეიარაღებული კონფრონტაცია მოხდა და 2018 წელს, საერთო ჯამში, ბრძლების რაოდენობა გაიზარდა როგორც კაჩინის, ასევე შანის შტატებში. ძალადობრივმა ეპიზოდებმა იმატა შანის შტატში, სადაც საბრძოლო მოქმედებებში ჩართულნი იყვნენ, ერთი მხრივ სამთავრობო შეიარაღებული ძალები და მეორე მხრივ ტაანგის ეროვნული გამათავისუფლებელი არმია, შანის შტატის სამხრეთის არმია, რომელიც შანის შტატის აღდგენის საბჭოს სამხედრო ფრთას წარმოადგენს და შანის შტატის პროგრესულ პარტია/შანის შტატის ჩრდილოეთის არმია. პარალელურად, შეიარაღებული დაპირისპირებები გამძაფრდა თავად შეიარაღებულ ჯგუფებს შორის.
გაზრდილმა ძალადობამ სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და იძულებითი გადაადგილება როგორც შანის, ასევე კაჩნის შტატებში. მაგალითად, 2018 წლის მარტში, შანის შტატში, კოკანგის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, დაახლოებით 20 ათასი მშვიდობიანი მოსახლე იძულებული გახდა, ჩინეთის საზღვარი გადაეკვეთა; დაახლოებით, 10 ათასი კი ქვეყნის შიგნით იძლებით გადაადგილდა. 2018 წლის ოქტომბერში კი შანის შტატის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქებში, მუსესა და კუკაიში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, ასობით ადამიანი იძლებით გადაადგილდა. წყაროების ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი პირი კაჩინისა და შანის შტატებში, იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში ცხოვრობს 2011 წლიდან.
2018 წლის 9 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცალმხრივად გამოცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; გადაწყვეტილება 2020 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. თავის მხრივ, 2018 წლის სექტემბერში, 2019 წლის დეკემბერამდე, მიანმარის ხელისუფლებამაც, ასევე ცალმხრივად, გამოცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შანისა და კაჩინის შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებამ დაამშვიდა სიტუაცია, 2019 წლის აგვისტოში შეიარაღებულმა კონფრონტაციებმა მაინც იმატა. 15 აგვისტოს, შანის შტატში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ განხორციელებულ რეიდს და სარაკეტო იერიშს მიანმარის ელიტურ თავდაცვის აკადემიაზე მანდალაის რეგიონში, 9 ჯარისკაცის, სამი პოლიციელის და სამი სამოქალაქო პირის მკვლელობა მოჰყვა.
შეიარაღებული ძალადობა გრძელდებოდა 2021 წელსაც. თებერვალში, შანის შტატის ჩრდილოეთში შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და სამთავრობო ძალებს შორის ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ კონფრონტაციებს. აღსანიშნავია, რომ ათამდე ეთნიკურმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომლებიც ეროვნული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმომწერები იყვნენ, განაცხადეს, რომ მათ ახალ სამხედრო ხუნტასთან მოლაპარაკებების შეჩერება სურდათ. 2021 წლის აპრილში, ჩრდილოეთ შანის შტატში, მიანმარის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შეხვდნენ შანის შტატის პროგრესის პარტიისა და რამდენიმე დაჯგუფების ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად.[1]
ACLED მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში, შან-აღმოსავლეთი, შან-ჩრდილოეთი და შან-სამხრეთი შტატებში ადგილი ჰქონდა არეულობის [Riots] 6 ფაქტს, დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილეობების გამოყენების [Explosions / Remote Violence] 207 შემთხვევას, ბრძოლების [Battles] 491 ფაქტს და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მიმართული ძალადობის [Violence Against Civilians] 196 შემთხვევას.[2]
დამატებითი კომენტარი – განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროები, ძირითადად, მიმოიხილავენ მთლიანად შანის შტატში არსებულ ვითარებას უსაფრთხოების კუთხით. განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ლანგჰკოსა და სოფელ ნამუთში არსებული ვითარების შესახებ.
[1] საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC); არა საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტები მიანმარში; უკანასკნელი განახლების თარიღი: 2021 წლის 30 მაისი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflict-in-myanmar#collapse2accord [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]
[2] ACLED მონაცემთა ბაზა; მიანმარი; შანი-აღმოსავლეთი, შანი-ჩრდილოეთი, შანი-სამხრეთი შტატები; პერიოდი: 7/1/2021 – 7/1/2022; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://acleddata.com/dashboard/#/dashboard [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]