დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-30 სექტემბერი

გერმანიაში მძღოლებს მანქანის მართვისას სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა აეკრძალათ – შეზღუდვა ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას მოყვა. კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 60 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. შეზღუდვის დაწესების მიზეზად კანონმდებლებმა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა შემთხვევის დროს მძღოლის იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელეს. მათი განმარტებით, საჭესთან მჯდომი მძღოლის სახე ადვილად გასარჩევი უნდა იყოს. კანონის გამკაცრების შესახებ უკმაყოფილება გერმანიაში მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელმა ნურჰან სოიკანმა გამოთქვა. მისი განმარტებით, „კანონი მკაცრდება იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არ არის. არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, სადაც დამნაშავე ჩადრიანი ან ხიჯაბიანი მძღოლი იყო“. 2017 წლის დასაწყისში, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო სამსახურში ქალებს ხიჯაბის და ჩადრის ტარებას უკრძალავდა.[1]

თალიბანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოკვლა სცადა – ავღანეთის აეროპორტზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა სამხედრო მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს მთვარი სამიზნე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი იყო. ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. სარაკეტო იერიშის შემდეგ აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო და ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.[2]

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ – საუდის არაბეთის მეფის აღნიშნულ განკარგულებას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება. საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალს საჭესთან დაჯდომა ეკრძალებოდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.[3]

Human Rights Watch მიანმარის შეიარაღებულ ძალებს როჰინჯების მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს – „სამხედროები აიძულებდნენ დეპორტაციას, კვლავდნენ, აუპატიურებდნენ და დევნიდნენ მუსლიმ როჰინჯებს რაქჰაინის შტატის ჩრდილოეთით, რამაც მასობრივი გადაადგილება და ურიცხვი სიკვდილი გამოიწვია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს და დაინტერესებულ ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ დაუწესონ სანქციები და იარაღის ემბარგო მიანმარის შეიარაღებულ ძალებს. ასევე ქვეყნის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა დაზარალებულ ხალხთან. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის ზომები.

მიანმარელი როჰინჯების რიცხვმა კი, რომელთაც გასული ერთი თვის განმავლობაში ბანგლადეშს შეაფარეს თავი, უკვე 436 ათასს გადააჭარბა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ედრიან ედვარდსი ბანგლადეშში ჰუმანიტარული დახმარების გაორმაგების მოწოდებით გამოდის.

რაქჰაინის შტატში ვითარება 25 აგვისტოდან გამწვავდა, მას შემდეგ რაც მოძრაობა „როჰინჯას“ გადარჩენის არაკანულმა არმიამ პოლიციის 30-მდე პუნქტზე თავდასხმა განახორციელა. დღეისათვის ბანგლადეშში 800 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.[4]

ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა – ერთერთი ლგბტ აქტივისტი იხსენებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.[5]

ქურთისტანის რეფერენდუმი – ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ახლო აღმოსავლეთში. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ქურთებს, ისტორიაში პირველად, საკუთარი სახელმწიფო ექნებათ. საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ერბილში უკვე სახალხო ზეიმია. თურქეთში კი ერაყის ქურთისტანს სანქციებით და საზღვრის ჩაკეტვით ემუქრებიან. მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ევროკავშირი და ოფიციალური ვაშინგტონი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ხაზს უსვამენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო არასწორად შეირჩა.

რეფერენდუმის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობამ 72,16% შეადგინა. მაღალი აქტივობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გახანგრძლივდა. სულ 6800-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერაყის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში, ასევე ერაყის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ – სულ ხუთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს. ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერაყის მთავრობამ ქურთებთან სადავო რეგიონებში სამხედრო დანაყოფები განათავსა.

რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აშშ არ აღიარებს. „რეფერენდუმი და მისი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია და ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ერთიან, ფედერალურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ერაყს“, – განაცხადა რექს ტილერსონმა. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა მხარეებს, მათ შორის ერაყის მეზობლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე.

რეფერენდუმის შემდეგ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რეგიონზე ზეწოლას აძლიერებს. სადავო ტერიტორიებზე შესაძლოა სამხედრო ძალები გაგზავნონ. სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ქურთისტანი წინააღმდეგობის გასაწევად მზადყოფნას აცხადებს. შექმნილი კრიზისის დასაძლევად, ერაყის ქურთისტანის ლიდერი ოფიციალურ ბაღდადს ერაყიდან გამოყოფის პროცესის დროებით შეჩერებას სთავაზობს. ბაღდადი ამ თემაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს. ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ქალაქების, ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალა. „ადგილობრივი დროით 29 სექტემბრის 18:00 საათიდან ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებში ავიარეისების მიღება და გაშვება შეიზღუდა შემდგომ შეტყობინებამდე. გამონაკლისია მხოლოდ ერაყული ავიახაზების შიდა რეისები“, – ნათქვამია ერაყის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერაყის თავდაცვის სამინისტრო ირანთან და თურქეთთან კოორდინაციით ერაყის ქურთისტანის სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დაწესებას გეგმავს. ბაღდადში ამბობენ, რომ ქურთისტანის ტერიტორიაზე არსებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დასაწესებლად სამი სამხედრო კოლონა გაიგზავნება. ერაყის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქურთისტანის რეგიონული ხელისუფლება სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დათმობას არ აპირებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყის ქურთისტანის ტერიტორია დატოვონ. შესაბამისი რეკომენდაცია უწყებამ ერაყის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოსცა. რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე, თურქეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ერაყსა და სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა.[6]

ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელა – 46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულმა სააგენტომ გაავრცელა. აუდიოჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყზე, ასევე აშშ-სა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. 2017 წლის 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.[7]

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს – გერმანიაში არჩევნები დასრულდა. პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ანგელა მერკელი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას აცხადებს. „ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ და ჩვენი ამოცანა მთავრობის ფორმირებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვქონდა უკეთესი შედეგების“, – აღნიშნა მერკელმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ანგელა მერკელის მეთაურობით „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 32.9%-ით გერმანიის პარლამენტის არჩევნებში ლიდერობს.

გამარჯვების მიუხედავად, პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. შესაძლოა ამომრჩევლებმა მსგავსი რეაგირება ლტოლვილებთან დაკავშირებით მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკაზე მოახდინეს, რომლის შედეგად გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ანგელა მერკელს სავარაუდო კოალიციური პარტნიორები ჯერჯერობთ არ დაუსახელებია. „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან“ სამთავრობო ალიანსის სურვილი უკვე გამოთქვეს „მწვანეებმა.“

გერმანიის „სოციალ-დემოკრტიულმა“ პარტიამ, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, არჩევნებში 20.8% აიღო. შულცმა და პარტიის სხვა ლიდერებმა უკვე აღნიშნეს, რომ სოციალ-დემოკრატები სამთავრობო ალიანსში შესვლას არ გეგმავენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად ოპოზიციაში წავლენ. „ჩვენს მთავარ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე დამარცხების შემდეგ, ჩვენ ბუნდესტაგის არჩევნებშიც წავაგეთ“, – განაცხადა შულცმა პარტიის შტაბში და არჩევნების დღეს გერმანიის „სოციალ-დემოკრატებისთვის“ მძიმე დღე უწოდა.

ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდის, არ ემხრობა ევროს და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა სურს. პარტიამ არჩევნებში 13% აიღო. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას თითქმის 23%-მა მისცა ხმა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავს შედეგს თავადაც არ ელოდნენ და გერმანიაში „პოლიტიკური მიწისძვრა“ მოხდა.

საერთო ჯამში ბუნდესტაგში ექვსი პარტია შევიდა. მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარცხენეები“ და „მწვანეები.“ არჩევნების შედეგების თანახმად, გერმანიის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 709-მდე გაიზრდება, სკამების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ – 246 (ადრე 311), „სოციალ-დემოკრატები“ – 153, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 94, „თავისუფალი დემოკრატები“ – 80, პოზიციები გაიმყარა „მემარცხენეების“ ფრაქციამ, რომელმაც 69 მანდატი მიიღო (ადრე 64), ფრაქცია „მწვანეები“ – 67 (ადრე 63).

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანგელა მერკელს კოალიციური პარტნიორების ძებნა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ ალიანსში არ მიიწვევენ ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის.“ გარდა ამისა, მერკელმა უნდა დაარწმუნოს მთელი ქვეყანა და შესაძლოა პარტიის ზოგიერთი წევრიც, რომ ყველაზე უკეთ უხელმძღვანელებს ქვეყანას. ეს იყო ხანგრძლივი და დამღლელი კამპანია. მართალია მერკელმა გაიმარჯვა, თუმცა შედეგი ტრიუმფით გამარჯვებას ნამდვილად არ ადასტურებს.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ბუნდესტაგში მართვის სადავეების ასაღებად გამარჯვებულ „ქრისტიან დემოკრატების კავშირს“ კოალიცია მინიმუმ ორ პარტიასთან სჭირდება. შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებას მერკელის პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან“ ერთად მოახდენს. მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აღნიშნულ პარტიებს უკვე აქვთ. მსგავსი კოალიცია არსებობს შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ მიწაზე.

ისტორიაში 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნები რამდენიმე მიზეზით შევა. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდება, ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია არჩევნებში. მეორე, „მემარჯვენე ნაციონალისტები“ ოფიციალურად გახდნენ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ის, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ნორმა გახდა, ომის შემდგომ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო. ახლა უკვე ეს რეალობაა.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 18 წელს ზემოთ ამომრჩეველთა რაოდენობა 61.5 მილიონს აღწევს. გერმანიის პარლამენტი შერეული სისტემით ფორმირდება. ადგილების ნახევარი ეკუთვნის ერთმანდატიან ოლქებში არჩეულ კანდიდატებს, რომლებმაც უბრალო უმრავლესობით მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის მაჟორიტარული სისტემით არჩევა. მანდატების მეორე ნახევარი კი ნაწილდება პარტიულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებზე იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა აიღო პარტიამ არჩევნებზე.[8]

[1] Deutche Welle; German Bundesrat approves “burqa ban” for drives, beefs up road-race sanctions; By Jefferson Chase; 22.09.2017; available at: http://www.dw.com/en/german-bundesrat-approves-burqa-ban-for-drivers-beefs-up-road-race-sanctions/a-40642060

[2] CNN; Mattis target of failed Kabul airport rocket attack, Taliban says; By Euan McKirdy, Keith Allen and Ryan Browne; September 27, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/09/26/politics/mattis-afghanistan/index.html

[3] AlJazeera; Saudi Arabia to allow women to drive; 27 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/saudi-arabia-women-drive-170926190857109.html

[4] AlJazeera; HRW: Myanmar committing “crimes against humanity”; 26 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/hrw-myanmar-committing-crimes-humanity-170926084344042.html

[5] The Guardian; Outcry as Azerbaijan police launch crackdown on LGBT community; By Shaun Walker; 28 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/28/azerbaijan-police-crackdown-lgbt-community

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ახალი ამბები ქურთისტანის რეფერენდუმის შესახებ; 24-30 სექტემბერი; სტატიები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://1tv.ge/ge/news/view/180934.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180775.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181452.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181426.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181007.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181460.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180606.html

[7] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელეს; თამთა რუხაძე; 29.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181288.html

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; არჩევნები გერმანიაში – ბერლინი ახალი პოლიტიკური გადანაწილების მოლოდინში; გივი ბარამიძე; 25.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180676.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 სექტემბერი, 2017

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.[1]

ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება – პლებისციტი 25 სექტემბერსაა ჩანიშნული. რეგიონის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარებას საფრთხის შემცველად ასახელებს რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი სახელმწიფოც.

ერაყის ქალაქ კირკუკში ქურთისტანის რეფერენდუმის მხარდასაჭერად ქურთებმა და არაბებმა აქცია გამართეს. დემონსტრაციაში მონაწილეობა ორი ათასამდე ადამიანმა მიიღო. ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას 25 სექტემბერს გეგმავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერაყის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. რეფერენდუმმა გარკვეული დაძაბულობა შესაძლოა, სწორედ ქალაქ კირკუკში გამოიწვიოს, სადაც ქურთები, არაბები და თურქმენები ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობენ. კირკუკი დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში მდებარეობს. კირკუკის პროვინციაზე კონტროლის პრეტენზიას, ერაყის ცენტრალური ხელისუფლება და ქურთისტანის რეგიონი აცხადებს.

აშშ-ის და თურქეთის ლიდერები ერაყის ქურთისტანში დაგეგმილ რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ 25 სექტემბერს დაგეგმილ რეფერენდუმს არ ემხრობიან. მათ ქურთების ლიდერებს მოუწოდეს, ყველა საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყონ. აშშ და თურქეთი მზად არიან, მოლაპარაკების პროცესს მხარი დაუჭირონ.

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო სწავლება სილოპისა და ჰაბურის რაიონებში დაიწყეს. წვრთნების პარალელურად რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობს. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერსაა დანიშნული. ერაყელი ქურთების გადაწყვეტილებას რეგიონის ქვეყნების ნაწილი, თურქეთი და ირანი, ასევე არაბული სახელმწიფოების ლიგა ეწინააღმდეგება.[2] [3] [4] [5]

თურქეთმა დაკავებული ფრანგი ჟურნალისტი ლუპ ბურო პატიმრობიდან გაათავისუფლა – 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თურქეთმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ფრანგი ჟურნალისტი, ლუპ ბურო გაათავისუფლა. ჟურნალისტი სტამბოლიდან პარიზში უკვე დაბრუნდა. „უდიდეს შვებას ვგრძნობ, რადგან დღეს დილამდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მათავისუფლებდნენ. ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა. შემდეგ უბრალოდ აეროპორტში მიმიყვანეს და მთელი ეს ისტორია დასრულდა“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. საფრანგეთში ლუპ ბუროს ახლობლები და კულტურის მინისტრი ფრანსუაზა ნისენი დახვდნენ. ჟურნალისტს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. ლუპ ბუროს გათავისუფლება ანკარაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტის შედეგად მოხერხდა, რომელმაც მოლაპარაკებები თურქ კოლეგასთან და პრეზიდენტ ერდოღანთან გამართა. ლუპ ბურო ერაყ-თურქეთის საზღვარზე 26 ივლისს დააკავეს. ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმაურება ეუთოს მედიათავისუფლების ბიუროც და თურქეთის ხელისუფლებას დაკავებული ჟურნალისტების, მათ შორის ოპოზიციური გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ რედაქციის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.[6]

გერმანელ მოზარდს ერაყში სიკვდილით დასჯა ემუქრება – გერმანიის 16 წლის წლის მოქალაქე ლინდა ვენზელს, რომელიც თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრის არაოფიციალური ცოლი იყო, ერაყის სასამართლომ, შესაძლოა, სიკვდილი მიუსაჯოს. ლინდა ვენზელი მოსულში ჯიჰადისტების განდევნის შემდეგ, ერაყელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს. ის დღესდღეობით ბაღდადის ციხეში იმყოფება. ერაყის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლინდა ვენზელი ჯიჰადისტებს შორის ერთ-ერთი იყო, „ვინც უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი ხელით ხოცავდა“. ვენზელი დრეზდენიდან ერაყში 2016 წელს ჩავიდა. მან თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრი ინტერნეტით გაიცნო. როგორც ირკვევა, ჯიჰადისტს თურქეთში შეხვდა, საიდანაც ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყის ქალაქ მოსულში გაემგზავრნენ. ლინდა ვენზელის ქმარი რამდენიმე თვის წინ მოკლეს. ვენზელის საქმით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მოქალაქეთა ექსტრადირების შესახებ ამ დრომდე არ გაფორმებულა, რაც გოგონას სამშობლოში დაბრუნების პროცესს აფერხებს. ვენზელის ჩათვლით ბაღდადის ციხეში სასჯელს გერმანიის სამი მოქალაქე იხდის. 2016 წელს ერაყის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 80-მდე ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუ ერაყის პრემიერ-მინისტრი გერმანელ მოზარდს არ შეიწყალებს, შესაძლოა, ლინდა ვენზელი ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ, რაც ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უმკაცრეს სასჯელს – ჩამოხრჩობას ითვალისწინებს.[7]

დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, სირიის არმიამ მდინარე ევფრატი გადალახა – სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქის მახლობლად რამდენიმე სოფელი გათავისუფლდა. სირიის არმიამ სატანკო დივიზიისა და რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, მდინარე ძალის გამოყენებით გადალახა. ოპერაციის დროს საინჟინრო დანაყოფის მიერ გაკეთებული ხიდი იქნა გამოყენებული. ოპერაციის დროს სირიის არმიამ ჯიჰადისტების სამხედრო ავტომობილები გაანადგურა. სირიის სამთავრობო ძალები შეტევას ქალაქშიც ახორციელებენ. ჯიჰადისტების კონტროლისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი უბანი გათავისუფლდა. ქალაქ დეირ ელ-ზორს რადიკალი ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.[8]

აშშ ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის – მათი უმრავლესობა დანიშნულების ადგილზე უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა. ამჟამად ავღანეთში უკვე იმყოფება 11 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია გაასაჯაროვა, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში ამერიკული კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, დონალდ ტრამპი თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ხშირად მოუწოდებდა, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისკენ. თუმცა გასულ თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ქვეყანაში ტერორისტების დამარცხებამდე დარჩებიან. ამერიკელი სამხედროები ავღანეთში უკვე 16 წელია იმყოფებიან. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერასთან ერთად, ისინი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, ავღანეთის მთავრობა სრულად მხოლოდ ტერიტორიების ნახევარს აკონტროლებს.[9]

პირველ ოქტომბერს კატალონიის ხელისუფლება ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს – ესპანეთის ხელისუფლება რეგიონის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს, ფედერალურმა მოსამართლეებმა კი რეფერენდუმის აკრძალვასთან დაკავშირებით ინსტრუქციები გამოაქვეყნეს. ესპანეთის პოლიციამ რამდენიმე კატალონიელი მაღალჩინოსანი დააკავა, ასევე რამდენიმე რეგიონულ განყოფილებაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის საპასუხოდ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ათასობით კატალონიელი ქუჩებში გამოვიდა.

კატალონიის 700-მდე ქალაქის მერმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. მანამდე ესპანეთის მთავრობამ მერებს მოუწოდა, გაემიჯნონ არაკონსტიტუციურ რეფერენდუმს, რომელიც სასამართლოს მიერ არალეგიტიმურადაა აღიარებული. ესპანეთის სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვიდმეტივე ავტონომიაში ტარდება. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბრის ე.წ. რეფერენდუმი არაკანონიერად ცნო.

ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ კატალონიის ავტონომიური მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ავტონომიური მთავრობის მეთაურ კარლეს პუიჩდემონს, მის მოადგილეს და თანამდებობის 12 წევრს ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივად გაფლანგვაში ედებათ ბრალი. ე.წ. რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: „გსურთ თუ არა კატალონია იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური წყობით?“. უახლესი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, კატალონიის დამოუკიდებლობას სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. გამოკითხვების თანახმად, თითქმის 7 მილიონი კატალონიელიდან 56% რეფერენდუმს არალეგარულად მიიჩნევს, ხოლო ესპანეთიდან გამოყოფას მხოლოდ 38% უჭერს მხარს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი. ბარსელონაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის პოლიციამ კატალონიის მთავრობის 14 მაღალჩინოსანი დააკავა. მათ ბრალად უკანონო რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება დასდეს. მათ დასაცავად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ესპანეთის ცენტრალური მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. „სად არის ევროპა?“, „ძირს საოკუპაციო ძალები“ – ყვიროდნენ დემონსტრანტები.[10] [11] [12]

[1] New York Post; ISIS claims responsibility for London subway attack; By Chris Perez; September 15, 2017; available at: http://nypost.com/2017/09/15/isis-claims-responsibility-for-london-subway-attack/

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება – ოფიციალური ბაღდადის რეაქცია; გივი ბარამიძე; 16.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179286.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ კირკუკში ქურთისტანის რეფერენდუმის მხარდასაჭერად ქურთებმა და არაბებმა აქცია გამართეს; გივი ბარამიძე; 20.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179832.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ-სა და თურქეთის ლიდერები ერაყის ქურთისტანში დაგეგმილ რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან; გივი ბარამიძე; 22.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180182.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო; გივი ბარამიძე; 18.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179482.html

[6] Reuters; Turkey releases French journalist detained on Iraqi border; Reuters Staff; September 15, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-france-journalist/turkey-releases-french-journalist-detained-on-iraqi-border-idUSKCN1BQ1VQ

[7] Independent; German teenage “ISIS bride” could face death penalty in Iraq; Rachel Roberts; 18 September 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/german-isis-bride-teenage-iraq-death-penalty-hanging-linda-wenzel-a7952876.html

[8] Reuters; Syrian army sends more troops across Euphrates, near U.S.-backed forces; Reuters Staff; September 18, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-army/syrian-army-sends-more-troops-across-euphrates-near-u-s-backed-forces-idUSKCN1BT2B9

[9] BBC; US sends 3,000 more troops to Afghanistan; 18 September 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-us-canada-41314428

[10] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სურს თუ არა კატალონიას ესპანეთისგან გამოყოფა; გივი ბარამიძე; 22.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180255.html

[11] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიელი მერები ოფიციალურ მადრიდს დაუმორჩილებლობას უცხადებენ; ქეთი თუთბერიძე; 17.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179370.html

[12] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიაში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა; ლევან ახალაია; 21.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180006.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 სექტემბერი, 2017

რუსეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრი გაანადგურა – რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუება ისლამური სახელმწიფოს სამეთაურო პუნქტი დაბომბა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ავიადარტყმის შედეგად მოკლულია ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ავიაიერიშებს სულ 40-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. უწყების განცხადებით, 5 სექტემბერს რამდენიმე არხით თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ დეირ-ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტში თათბირი იყო დაგეგმილი.

გულმოროდ ხალიმოვი, მეტსახელად ალ-ტაჯიკი, ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2015 წელს გაწევრიანდა. ტაჯიკეთში მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და მასზე ძებნა გამოაცხადეს. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხალიმოვის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ალ-ტაჯიკი ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.[1]

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – სირია – ერაყის საზღვართან ჯიჰადისტები კონტროლს დღითიდღე კარგავენ. მულტიეთნიკური სამხედრო გაერთიანების, სირიის დემოკრატიული ძალების გენერალმა აჰმედ აბუ ხოლეჰმა განაცხადა, რომ ევფრატის სანაპიროზე დაეშის მიერ კონტროლირებადი სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

„თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს წინააღმდეგ სირიის ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა ჩვენ პასუხისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა აჰმედ აბუ ხოლეჰმა.

სირიის ჯარი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია, ქურთ მებრძოლებთან ერთად და სირიის დემოკრატიული ძალები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. ნავთობით მდიდარი დეირ ელ-ზორის გათავისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტების ერთერთ მთავარ სტრატეგიულ ქალაქს წარმოადგენდა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.[2]

ერაყის მთავრობას ისლამური სახელმწიფოს წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული – საუბარია 1400 ადამიანზე. ექსტრემისტების ნათესავები ერაყელ ჯარისკაცებს ერთერთ ბანაკში ჰყავთ დაკავებული. მათი უმრავლესობა რუსეთის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელია. თუმცა, ასევე არიან ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეებიც. როგორც ერაყის სადაზვერვო სამსახურში განაცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს ბანაკში მყოფი პირების ვინაობის დადგენა. ერაყის მთავრობა ცდილობს, იპოვოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ექსტრემისტების ნათესავებს გააჩერებენ, სანამ მათი იდენტიფიცირების პროცესი დასრულდება. მათ ბანაკში ფრანგულ, რუსულ და თურქულ ენაზე მოსაუბრე ქალები ნახეს. ჟურნალისტების შეფასებით, ბანაკში მძიმე სანიტარული მდგომარეობაა. ერაყის უსაფრთხოების ძალებში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ექსტრემისტები, მათი მეუღლეები და ბავშვები ქურთ მებრძოლებს ქალაქ ტალ აფართან ჩაბარდნენ. ქურთმა მებრძოლებმა ქალები და ბავშვები ერაყელ სამხედროებს გადასცეს, მამაკაცები კი კვლავ მათ ჰყავთ დატყვევებული.

როგორც ბანაკში მომუშავე არასამთავრობოები აცხადებენ, ექსტრემისტების ნათესავები ბანაკში ერაყელ დევნილებთან ერთად იმყოფებიან, რაც ბანაკში დაძაბულობის მიზეზი ხდება. ერაყის არმიამ ქალაქ ტალ აფარზე კონტროლი 26 აგვისტოს დაამყარა.[3]

გაერომ მიანმარში მუსლიმი როჰინჯას ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას ეთნიკური წმენდა უწოდა – ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა მიანმარის ხელისუფლებას მოუწოდა, ჩრდილოეთის შტატ რაკჰაინში გაეროს დამკვირვებლების წვდომა უზრუნველყოს, სადაც მიანმარის არმიასა და მუსლიმებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, უკვე 1000-ზე მეტი როჰინგაა დაღუპული, დაახლოებით 300 ათასი კი ბანგლადეშისთვის ცდილობს თავის შეფარებას. დაძაბულობის ესკალაცია მიანმარში მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც მუსლიმურმა დაჯგუფებამ პოლიციის გამშვებ პუნქტებსა და სამხედროების ბაზებზე კოორდინირებული შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 12 წევრი დაიღუპა.[4]

დესმონდ ტუტუმ მიანმარის ლიდერს, ანგ სან სუ კის ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სიჩუმის გამო საჯაროდ უსაყვედურა. სამხრეთ აფრიკელი სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და სულიერი მოძღვარი, რომელიც სუ კის მსგავსად, ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში, მიანმარის ლიდერისთვის გაგზავნილ საჯარო წერილში ამბობს, რომ სუ კიმ უნდა ისაუბროს იმ აშკარა საშინელებაზე, რომელსაც ზოგი ეთნიკურ წმენდას, ზოგი კი ნელ გენოციდს უწოდებს.

„ჩემო ძვირფასო დაო: თუ ეს სიჩუმე შენი ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური ფასია, ეს ფასი ნამდვილად ძალიან მაღალია. ქვეყანა, რომელსაც თავის თავში არ აქვს მშვიდობა და ვერ ახერხებს, გააცნობიეროს თავისი ხალხის ღირსება და მნიშვნელობა, არ არის თავისუფალი ქვეყანა. მე უკვე მოხუცი ვარ და პენსიაზეც გავედი, მაგრამ ჩემს აღთქმას, არ ვისაუბრო საჯაროდ, ღრმა მწუხარებით ვარღვევ. ჩვენ ვართ აშკარა საშინელების მოწმე და ვლოცულობთ თქვენთვის, რომ კვლავ მოიკრიბოთ სიმამაცე და გაბედულება. ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ისაუბროთ სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ხალხის გაერთიანებისთვის. ვლოცულობთ, რათა წინ გაუძღვეთ ხალხს სიმართლის გზაზე“, – წერს დესმონდ ტუტუ.

სუ კიმ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1991 წელს მიიღო, მიანმარში განვითარებულ ძალადობაზე, მრავალი საერთაშორისო მოწოდების შემდეგ, დუმილი 7 სექტემბერს დაარღვია და განაცხადა, რომ მიანმარში როჰენჯა მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების 18 თვეში მოგვარების მოთხოვნა „ცოტათი არაგონივრულია“.

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობა 25 აგვისტოს შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონში კრიზისის წარმოშობის მიზეზად მუსლიმი უმცირესობის მხრიდან პოლიციის 30 შენობაზე თავდასხმა გახდა. როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობასა და მიანმარის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 270 ათასზე მეტი ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობს თავის შეფარებას. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე დაგმო მათ წინააღმდეგ ძალადობა, ზოგმა კი მიმდინარე მოვლენები გენოციდად შეაფასა.[5]

ერაყში ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა – ერაყის სამხრეთით, ნასარიაში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ბაღდადიდან 300 კილომეტრში მდებარე დი ქარის პროვინციაში ხალხმრავალ ადგილას ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.[6]

[1] The Guardian; Russia claims killing of IS ‘minister of war’ in Syria; By AFP; 08 September 2017; available at: https://guardian.ng/news/russia-claims-killing-of-is-minister-of-war-in-syria/

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ევფრატის სანაპიროზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა; ქეთი თუთბერიძე; 09.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/178154.html

[3] Reuters; Iraq holding 1,400 foreign wives, children of suspected Islamic State fighters; Raya Jalabi, Ulf Laessing; September 10, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-families-exclusiv/exclusive-iraq-holding-1400-foreign-wives-children-of-suspected-islamic-state-fighters-idUSKCN1BL0SF

[4] BBC; Rohingya crisis: UN sees ‘ethnic cleasing’ in Myanmar; 11 Septe,ber 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41224108

[5] The Guardian; Desmond Tutu condemns Aung San Suu Kyi: ‘Silence is too high price’; Naaman Zhou and Michael Safi; 8 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/08/desmond-tutu-condemns-aung-san-suu-kyi-price-of-your-silence-is-too-steep

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყში ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა; ქეთი თუთბერიძე; 14.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/178996.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 სექტემბერი, 2017

აბუ ბაქარ ალბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია – ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის სარდლის სტეფენ თაუნსენდის თქმით, ჯიჰადისტების ლიდერი სავარაუდოდ ერაყ-სირიის სასაზღვრო ზონაში იმალება. კოალიციის სარდალი ამბობს, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ სანდო მტკიცებულება არ არსებობს. ივლისის ბოლოს არაბულმა გაზეთმა ალ-ქუდს ალ-არაბიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადიკალი ისლამისტების ლიდერი სირიის ქალაქ დეირ ელ-ზორს აფარებს თავს. ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა.[1]

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქ რაქას ძველი უბანი რადიკალი ისლამისტების კონტროლისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ქურთულმა და არაბულმა სამხედრო დანაყოფებმა ჯიჰადისტები რაქას ისტორიული ცენტრიდნ განდევნეს. სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პოზიციებს ქალაქის სხვა უბნებში ინარჩუნებენ. სირიის დემოკრატიული ძალების სარდლობაში ამბობენ, რომ ქალაქ რაქაში საბოლოო გამარჯვებისთვის დაახლოებით ორი თვეა საჭირო. რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაცია 2016 წელს დაიწყო.[2]

30-ზე მეტი ლგბტ თემის წარმომადგენელი ჩეჩნეთიდან კანადაში საიდუმლოდ გაიყვანეს – კანადის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს, ეთნიკურად ჩეჩნებს თავშესაფარი უკვე მისცა. ჟურნალისტების ცნობით, ისინი ჩეჩნეთიდან კანადაში სამი თვის განმავლობაში საიდუმლოდ გაჰყავდათ. ევაკუაციის ორგანიზატორი უფლებადამცველი ორგანიზაცია „Rainbow Railway“ იყო. ორგანიზაციის დირექტორის კიმალიპაუელის თქმით, ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს, ეთნიკურად ჩეჩნებს ლტოლვილის სტატუსი ოფიციალურად აქვთ მინიჭებული და ისინი ენის შემსწავლელ კურსებზე დადიან. ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მასობრივი წამებისა და მკვლელობის შესახებ აპრილში „ნოვაია გაზეტა“ წერდა. მომხდარის გამოძიების მოწოდებით გამოვიდა გაერო, აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და უფლებადამცველი ორგანიზაციები. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობაში ლგბტ პირების დევნის შესახებ ცნობებს კატეგორიულად უარყოფენ. რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უფლებადამცველები ასეთი ცნობების გავრცელებით, გამდიდრებას ცდილობენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი სხვა ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად. მათგან ორს თავშესაფარი ლიტვამ მისცა, კიდევ ერთი კი თურქეთში ცხოვრობს.[3]

სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელზორის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების ოპერაციას ატარებს – სამთავრობო არმიის ნაწილებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით, ქალაქის ალყა გაარღვიეს. სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლები ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის არმიის წინსვლის შეჩერებას დანაღმული ავტომობილების აფეთქებით ცდილობენ.[4]

ინდოეთში ცნობილი ჟურნალისტი გაური ლანკეში მოკლეს – ის ცნობილი იყო ხელისუფლებისა და ინდუისტი ნაციონალისტების მიმართ კრიტიკული მასალებით. გაური ლანკეში ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კარნატაკას შტატში მოკლეს. პოლიციის ცნობით, 55 წლის ჟურნალისტის ცხედარი ბანგალორში, მისი სახლის კიბეებზე სისხლის გუბეში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მოტოციკლით მიმავალმა შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ესროლა, როდესაც ჟურნალისტმა სახლის კარი გააღო. გაური ლანკეში ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ლანკეშის მკვლელობის საქმე ინდოეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე გახმაურებულია. გაური ლანკეში საკუთარი ყოველკვირეული გაზეთის რედაქტორი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა გამოცემაში „The Times of India“, ამის შემდეგ ძმასთან ერთად მამის მიერ დაფუძნებულ დამოუკიდებელ გაზეთს „Lankesh Patrike“ ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით კი საკუთარი გაზეთი „Gauri Lankesh Patrike“ დააფუძნა. გასულ წელს ლანკეშს ინდუისტური ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტიის“ ლიდერების შესახებ მასალების გამოქვეყნების გამო ცილისწამებაში დასდეს ბრალი. მას სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჟურნალისტმა განაჩენი გაასაჩივრა. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც სასამართლო ლანკეშის აპელაციას განიხილავდა. ჟურნალისტის მკვლელობის გამო ინდოეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბანგალორში, დელისა და მუმბაიში საპროტესტო აქციები დაიგეგმა.[5]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის სარდლის ინფორმაციით, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია; გივი ბარამიძე; 01.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176800.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; რაქას ძველი უბანი რადიკალი ისლამისტების კონტროლისგან გაათავისუფლეს; გივი ბარამიძე; 01.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176937.html

[3] BBC; Canada has quietly granted asylum to LGBT Chechens; By Jessica Murphy; 7 September 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-us-canada-41075528

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს; გივი ბარამიძე; 06.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/177528.html

[5] AlJazeera; Indian journalist Gauri Lankesh shot dead in Bangalore; 5 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/indian-journalist-gauri-lankesh-shot-dead-bangalore-170905173627310.html