ნეპალი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ივნისი, 2018

ქვეყნის სრული სახელწოდება: ნეპალის ფედერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა; სახელმწიფო წყობა: ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა; დედაქალაქი: კატმანდუ; ადმინისტრაციული დაყოფა: 14 ნაწილი: ბეგმატი, ბერი, დავალაგირი, განდაკი, ჯანაკპური, კარნალი, კოსი, ლუმბინი, მაჰაკალი, მეჩი, ნარაიანი, რაპტი, საგარმათა, სეტი. მოსახლეობა: 29,384,297;

ეთნიკური ჯგუფები: ჩეტრი 16.6%, ბრაჰმან-ჰილი 12.2%, მაგარი 7.1%, თარუ 6.6%, თამანგი 5.8%, ნევარი 5%, კამი 4.8%, მუსლიმები 4.4%, იადავი 4%,  რაი 2.3%, გურუნგი 2%, დამაი/დოლიი 1.8%, თაკური 1.6%, ლიმბუ 1.5%, სარკი 1.4%, ტელი 1.4%, ჩამარ/ჰარიჯან/რამ 1.3%, კოირჯ/კუშვაჰა 1.2%, სხვები 19%;

რელიგიები: ინდუსები 81.3%, ბუდისტები 9%, მუსლიმები 4.4%, კირანტები 3.1%, ქრისტიანები 1.4%, სხვები 0.5%, დაუზუსტებელი 0.2%;

ენები: ნეპალური (ოფიციალური) 44.6%, მაითალი 11.7%, ბოჯპური 6%, თარუ 5.8%, თამანგი 5.1%, ნევარი 3.2%, მაგარი 3%, ბაჯიკა 3%, ურდუ 2.6%, ავადი 1.9%, ლიმბუ 1.3%, გურუნგი 1.2%, სხვები 10.4%, დაუზუსტებელი 0.2%.[1]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;

ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში;

მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით. ნეპალის შესახებ არსებულ ინფორმაციაში, რუქაზე მთელი ქვეყანა მწვანე ფერშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რჩევების გათვალისწინებით ნებადართულია მოგზაურობა.[2]

ორი ათწლეულის მანძილზე პირველად გაიმართა ადგილობრივი არჩევნები. საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა ნოემბერსა და დეკემბერში. ოქტომბერში, ნეპალი არჩეული იქნა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოში.

“Amnesty International”- ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საუბარია 2017 წელს ნეპალში განვითარებული მოვლენების შესახებ, აღნიშნულია, რომ 2015 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დაახლოებით 70% უსახლკაროდ დარჩა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში კვლავ თავშესაფრებში რჩებოდნენ. თარაის რეგიონში, მომხდარი ძლიერი ქარის და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ათასობით ადამიანს, კვლავ არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი დახმარება, რაც ასევე მათ გასახლებას გულისხმობს.

2015 წელს შეშფოთებას გამოხატავდნენ აბორიგენი მედჰესი ხალხი, ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუცია დისკრიმინაციულია მათ მიმართ, თუმცა მათ ყურადღება არავინ მიაქცია. ტარაიში საპროტესტო აქციის დროს ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტის გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობდა. ათწლეულების მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ათასობით მსხვერპლის მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევა არ იყო შესაბამისი. ნეპალის მიგრანტი მუშები კვლავ ხდებოდნენ  გამოძალვის, თაღლითობის  და კაბალური შრომის მსხვერპლნი.

ძალის გადამეტებით გამოყენება

უსაფრთხოების ძალები კვლავ განაგრძობდნენ ძალის გადამეტებით გამოყენებას, თარაიში კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს. მარტში, საპროტესტო აქციის ხუთი მონაწილე იქნა მოკლული, ხოლო 16 დაიჭრა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა სიფთარის რაიონში მადჰესი ხალხის მიერ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად.

წამება და არაადამიანური მოპყრობა

სისხლის სამართლის გამოძიების სისტემა კვლავ არქაული და დრაკონულია. წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იძულებითი აღიარებების (ჩვენებების) მისაღებად, წამება და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული. აგვისტოში პარლამენტის მიერ მიღებული სისხლის სამართლის ახალი  კოდექსი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევს, რაც მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წამების საწინააღმდეგო სპეციალური კანონი, რომელიც საანგარიშო პერიოდში, ჯერ კიდევ პარლამენტში განიხილებოდა, არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლებრივ მოთხოვნებს.

დისკრიმინაცია

გენდერის, კასტის, კლასის, ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია კვლავ პრობლემას წარმოადგენდა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ქალთა თანაბარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, ვერც მარგინალიზებული ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვა, მათ შორის იგულისხმებიან დელიტები, უმცირესობაში მყოფი კასტები და ეთნიკური ჯგუფები, LGBTI თემის წევრები. ახალ სისხლის სამართლის კოდექსში ასახული გაუპატიურების შესახებ სასჯელის და ნორმატიული შეზღუდვების დებულებები, ჯერ კიდევ შორსაა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისგან.[3]

ქალთა და გოგონათა უფლებები

აზიაში ბავშვთა ქორწინების მაჩვენებლის მიხედვით ნეპალი მესამე ადგილზეა. გოგონების 37% 18 წლამდე არიან დაოჯახებულები, ხოლო 10% 15 წლამდე. 2016 წელს, მთავრობამ შემოიღო ეროვნული სტრატეგია 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების აღმოსაფხვრელად, მაგრამ მათ კვლავ არ გამოუცხადებიათ სამოქმედო გეგმის შესახებ.

ადგილობრივ არჩევნებში ქალებმა ადგილების 41% მოიპოვეს, რაც სავალდებულო კვოტირების შედეგი იყო. მაღალ თანამდებობებზე კვლავ  უმეტესად მამაკაცები ინიშნებიან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით პარლამენტში ადგილების 1/3 ქალებისთვისაა გათვალისწინებული, პირდაპირ ასარჩევ კანდიდატთა მხოლოდ 7% იყო ქალი.[4]

[1] Central Intelligence Agency/ The World Factbook: Nepal; Page last updated on June 04, 2018 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/np.html [accessed Jun 11, 2018]

[2] UK Home Office: Foreign travel advice: Nepal; available at: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/nepal [accessed Jun 11, 2018]

[3] Amnesty International Report: NEPAL 2017/2018 https://www.amnesty.org/en/countries/asia-and-the-pacific/nepal/report-nepal/ [accessed Jun 11, 2018]

[4] Human Rights Watch: World Report 2018: Nepal; Events of 2017https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/nepal [accessed Jun 11, 2018]

ნეპალი – პოლიტიკური პარტიები – აგვისტო, 2017

ნეპალის კონგრესის პარტია (NCP)  ნეპალის კონგრესის პარტია ჩამოყალიბდა გადასახლებაში, ინდოეთში, 1946 წელს, ნეპალის ეროვნული კონგრესისა და ნეპალის დემოკრატიული პარტიის გაერთიანების შედეგად. მისი თავდაპირველი მიზნები იყო:

  • ხალხის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება, რათა გადაეგდოთ საუკუნის რანას მმართველობა, რაც იქნებოდა ფეოდალიზმის ლიკვიდაციის წინაპირობა.
  • კონსტიტუციური მონარქიის გზით მთავრობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც პარტიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დაარსების დღიდან პარტია იბრძოდა დემოკრატიის, პლურალიზმის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის. იგი მუდმივ ბრძოლაში იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ. 1956 წელს ნეპალის კონგრესის პარტიამ, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისათვის, საკუთარ იდეოლოგიად მიიღო დემოკრატიული სოციალიზმი. პარტია იბრძოდა როგორც მშვიდობიანი, ისე შეიარაღებული გზით. ათასობით აქტივისტი იქნა მოკლული, დაპატიმრებული, ნაწამები, გადასახლებული და ქონება ჩამორთმეული. პრაქტიკულად, დემოკრატიული წესით ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებში, ნეპალის კონგრესის პარტიას ხმას აძლევენ, რომ იყოს ხელისუფლებაში.

დემოკრატიული სოციალიზმის მიღების შემდეგ, რომელსაც იდეოლოგიურად, უპირველესად, ხელმძღვანელობს ბ.პ. კოირალა, პარტიამ შეიძინა განსხვავებული იდენტობა. იგი, პლურალიზმის ღირებულებების საფუძველზე, აგრძელებს მუშაობას, საზოგადოებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სტაბილიზაციისათვის.

ნეპალის კონგრესის პარტიას, ლიბერალურ ფასეულობებთან ერთად, სჯერა პლურალური დემოკრატიის. ის მხარს უჭერს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. ევროპის სოციალ-დემოკრატების მსგავსად, იდეოლოგიურად, ნეპალის კონგრესის პარტია წარმოადგენს ცენტრისტულ ფილოსოფიას. იგი, სოციალურ სამართლიანობასთან და თანასწორობასთან ერთად, მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას. მას სჯერა, რომ სახელმწიფოს აქვს დიდი როლი სოციალურ სექტორში, სიღარიბის შემცირებაში, გარემოს დაცვაში და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. იგი ხელს უწყობს კერძო ინვესტიციებს ვაჭრობის, ინდუსტრიის, ტურიზმის და ეკონომიკის სხვა სფეროებში. საგარეო პოლიტიკის კუთხით, ნეპალის კონგრესის პარტია ურთიერთთანამშრომლობს და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს ნეპალის უშუალო მეზობლებთან -ინდოეთთან და ჩინეთთან – და მხარს უჭერს SAARC-ის (სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლების ასოციაცია) ერებთან პროდუქტიულ კავშირებს.

ნეპალის კონგრესის პარტიის დროშა:

პარტიის საარჩევნო სიმბოლოა მწვანე ხე:

იდეოლოგიური ფასეულობებია: ეროვნება, დემოკრატია, სოციალიზმი.

[1]

ხელმძღვანელობა: გირიჯა პრასად კოირალა (პრეზიდენტი); სუშილ კოირალა (გენერალური მდივანი).[2]

ნეპალის ერთიანი კომუნისტური პარტია (მაოისტური)

ნეპალის ერთიანი კომუნისტური პარტია (მაოისტური), წარმოადგენს ნეპალურ მაოისტურ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც წარმატებით აწარმოა ნეპალის მონარქიის დამხობის კამპანია და იგი დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობით ჩაანაცვლა.

ნეპალის კომუნისტური პარტია (მაოისტური), იგივე CPN (M), 1994 წელს, ნეპალის კომუნისტური პარტიის (ერთობის ცენტრი) გაყოფის შედეგად, დააარსა პუშპა კამალ დაჰალიმ, რომელიც ნობილია, როგორც პრაჩანდა („სასტიკი“). ბევრმა ნეპალელმა, 1996 წლის თებერვლამდე, აღნიშნული ჯგუფის არსებობის შესახებ არც კი იცოდა. აღნიშნულ პერიოდში  CPN (M)-მა დაიწყო პარტიზანული ომი, რამაც შეძრა ერი. დაჯგუფებამ დაანგრია შენობები, მოიპარა ვალუტა და მოკლა მშვიდობიანი მოქალაქეები. ამბოხება 1996 წლიდან 2006 წლამდე გაგრძელდა, რასაც 12,000-ზე მეტი ნეპალელის სიცოცხლე შეეწირა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები აკრიტიკებდნენ CPN (M)-ს არასრულწლოვანი ჯარისკაცების გამოყენებაში, რომელთაგან ზოგიერთი 12 წლის იყო.

პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და ცენტრალური ხელისუფლების ძალების დასამარცხებლად, CPN (M)-მა წარადგინა „პრაჩანდას გზა“ (Prachanda Path), რომელიც აერთიანებდა მასების ინდოქტრინაციას მარქსისტული, ლენინისტური და მაოისტური იდეებით და სამხედრო ბაზების შექმნას სოფლად. როდესაც მოხდა ომის ესკალაცია, მაოისტებმა ნეპალის არმიაზე თავდასხმა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის დასაწყისიდან, პერიოდულად, ხდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბრძოლა 2005 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 2009 წლის იანვარში CPN (M) გაერთიანდა ნეპალის კომუნისტურ პარტიასთან (ერთობის ცენტრი – მასალ) და გახდა ნეპალის ერთიანი კომუნისტური პარტია (მაოისტური) UCPN (M). 2009 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პრაჩანდამ სცადა და ვერ დაამარცხა ნეპალის შეიარაღებული ძალების უფროსი, გადადგა დაკავებული პოსტიდან. UCPN (M) დარჩა მთავრობის შემადგენლობაში და ჰქონდა არსებითი როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლიც შედეგადაც 2011 წლის ნოემბერში შედგა შეთანხმება, რომ ყოფილი მეამბოხე მებრძოლები შესულიყვნენ ნეპალის შეიარაღებულ ძალებში.[3]

პარტიის დროშა შემდეგნაირად გამოიყურება:

პარტიის სლოგანია – პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! გაუმარჯოს მარქსიზმს – ლენინიზმს – მაოიზმს!

[4]

2003 წლის 31 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა CPN-M ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს უსაფრთხოებას და აშშ-ს იურისდიქციის ფარგლებში გაყინა ფინანსური აქტივები. თუმცა, 2008 წლის სექტემბერში, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაჰალის დასწრებასთან დაკავშირებით, აშშ-მ პარტიას გაუუქმა აღნიშნული სტატუსი.[5]

 

 

[1] Nepali Congress – Introduction, available at: http://nepalicongress.org/index.php?linkId=2 (accessed 17 August 2017)

[2] Political Parties of the World – Communist Party of Nepal-Maoist (CPN-M), 7th edition, published in 2009, pp. 418. (accessed 17 August 2017)

[3] Encyclopedia Britannica – Unified Communist Party of Nepal (Maoist), available at: https://www.britannica.com/topic/Unified-Communist-Party-of-Nepal-Maoist (accessed 18 August 2017)

[4] Communist Party of Nepal (Maoist Center), available at: http://ucpnmaoist.org/Default.aspx (accessed 18 August 2017)

[5] Political Parties of the World – Communist Party of Nepal-Maoist (CPN-M), 7th edition, published in 2009, pp. 416. (accessed 18 August 2017)

ნეპალი – სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა – იანვარი, 2017

2016 წელს, „Freedom House“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ეხება მსოფლიოში თავისუფლების შეფასებას, ნეპალში თავისუფლების მაჩვენებელი შეფასებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი. პოლიტიკური უფლებები ფასდება 3 ქულით, სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი 3 ქულით და თავისუფლების ხარისხი 3.5 ქულით (1 არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი).[1]

ნეპალში, სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოიპოვა სიძლიერე და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი გარემოს გამო, რომელსაც წინ უძღვოდა, 1990 წელს არსებული, მრავალპარტიული დემოკრატია, სწრაფად გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs)  რიცხვი.

ნეპალის ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ვალდებულება ასახულია პოლიტიკის დოკუმენტებში, რომელიც არა ერთხელ უსვამს ხაზს განზრახვას იმის შესახებ, რომ ნეპალელ ხალხს ჰქონდეს ღია და თავისუფალი გარემო, სადაც ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით, მათ შორის შეკრების, ასოციაციის, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წინა სამეფო რეჟიმის მაკონტროლებელი მემკვიდრეობის გატარების გამო.

ნეპალის სამართლებრივი ჩარჩო მიყვება საერთო სამართლის ტრადიციას. ქვეყნის კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2015 წლის 20 სექტემბერს. შესაბამის კონსტიტუციური დებულებები მოიცავს შემდეგს:

ნეპალის კონსტიტუციის მე-3 ნაწილის, მე-17 მუხლი სამოქალაქო საზოგადოებისათვის  ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად უზრუნველყოფს მთელ რიგ თავისუფლებას. მუხლში 17(1) ნათქვამია, რომ „კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას მისი პირადი თავისუფლება“. მუხლი 17(2)-ის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს აქვს შემდეგი სახის თავისუფლება:

  • აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • შეუიარაღებელი და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • პოლიტიკური პარტიების შექმნის თავისუფლება;
  • გაერთიანებებისა და ასოციაციების შექმნის თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში საქმიანობის, დასაქმების, მრეწველობის, ვაჭრობისა და ბიზნესის ჩამოყალიბებისა და წარმოების თავისუფლება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნეპალში, აღნიშნულია, რომ კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას, თუმცა სასამართლო კვლავ რჩება მოწყვლადი ისეთი საკითხების მიმართ როგორებიცაა პოლიტიკური ზეწოლა, მექრთამეობა და დაშინება. უზანეასი სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს კანონების კონსტიტუციურობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში გამოავლინა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისინი მაინც რჩებიან პოლიტიკური წნეხის ქვეშ. 27 მაისს, მთავრობამ დანიშნა უზენაესი სასამართლოს რვა მოსამართლე, რომლებიც ადრე შემჩნეულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში. დანიშვნამდე, უზენაესი სასამართლოს სამმა შტომ გასცა განკარგულება, რომ დაწყებულიყო დისციპლინარული დევნა ერთ-ერთი დანიშნული მოსამართლის წინააღმდეგ, იმ გამამრთლებელი ვერდიქტის გამო, რომელიც მან ერთ-ერთ საქმეში გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა არანაირი მოკვლევა ამ მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არ იცავს და არ ასრულებს სასამართლოს ბრძანებებს, მათ შორის, არც უზენაესი სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტური პერიოდის საქმეეთან[2].

„Freedom House“-ის 2016 ანგარიშში ნეპალის შესახებ, კანონის უზენაესობას მინიჭებული აქვს 16-დან 5 ქულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2015 წლის კონსტიტუციისა, რომელიც უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობას, სასამართლოები კვლავ ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ბევრ ნეპალელს შეზღუდული აქვს მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გასაჩივრების პროცესის გაჭიანურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნელი ტემპის გამო, ეჭვმიტანილები ხშირ შემთხვევაში, წინასწარი დაკავების საკანში რჩებიან იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიესაჯოთ[3].

[1] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2016 [accessed 17 January 2017]

[2] United States Department of State, 2014 Country Reports on Human Rights Practices – Nepal, 25 June 2015, available at:

[accessed 17 January 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2016/nepal [accessed 17 January 2017]