პაკისტანი. იძულებითი ქორწინების კუთხით არსებული ვითარება. მარტი, 2023

პაკისტანის ქალთა საწინააღმდეგო პრაქტიკის პრევენციის 2011 წლის აქტის [სისხლის სამართლის კოდექსის შესწორება] მიხედვით, ქალის იძულებით ქორწინებაში ჩართვა 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. კანონმდებლობა, დამატებით, 500 ათასი რუპიის ოდენობის ფულად ჯარიმასაც ითვალისწინებს.[1]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] პაკისტანის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, ხშირ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისგმებლობა შეზღუდული რჩება. გარდა ამისა, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე აკრძალვისა, ბავშვთა ქორწინებასაც აქვს ადგილი.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] პაკისტანის შესახებ წერს, რომ დაახლოებით 19 მილიონი გოგონა პაკისტანში 18 წლის ასაკამდე და 4.6 მილიონი გოგონა 15 წლის ასაკამდე ქორწინდება. დაქორიწნებული გოგონები ხშირად სახიფათო ფეხმძიმობის რისკის ქვეშ არიან, რაც ადრეულ ასაკში ფეხმძიმობასთანაა დაკავშირებული. ქალები რელიგიური უმცირესობებიდან განსაკუთრებით მოწყვლადები არიან იძულებითი ქორწინების მიმართ. პაკისტანის ხელისუფლება ძალიან ცოტას აკეთებს ბავშვთა და იძულებითი ქორწინების აღსაკვეთად.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] პაკისტანის შესახებ წერს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც გატაცებისა და იძულებითი კონვერტაციის შემთხვევებში, მთავრობა ერეოდა საქმეში და სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მხარდაჭერას ჰქონდა ადგილი; თუმცა, სამართლებრივი ქმედებები სავარაუდო დამნაშავის მიმართ იშვიათობა იყო. პუნჯაბის შტატში ქრისტიანი ქალებისა და გოგონების იძულებითი ქორწინებისა დაკონვერტაციის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. იძულებითი ქორწინების, ბავშთა ქორწინებისა და იძლებითი კონვერტაციის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა რელიგიური უმცირესობების, ხშირად დაბალი კასტის იუნდუისტი გოგონების მიმართ.

2021 წლის 26 ივლისს, ბადინის სასამართლომ პოლიციას დაავალა ინდუისტი გოგონა მშობლებთან დაებრუნებინა მას შემდეგ, რაც ის გაიტაცეს, იძულებით დააქორწინეს და იძულებით გაამუსლიმეს. გოგონა პოლიციამ მუსლიმი მამაკაცისგან მას შემდეგ დაიხსნა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილი იყო, როგორ ითხოვდა გოგონა დახმარებას და მშობლებთან დაბრუნებას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიციამ მუსლიმი მამაკაცი ქასიმ ხასხელი და მისი ორი ძმა გატაცების, გაუპატიურების, წამებისა და გოგონას დაშინების ბრალდებით დააპატიმრა. გოგონა მშობლებთან 2021 წლის ივლისში დააბრუნეს და მოგვიანებით საქმის ფარგლებში დაპატიმრებულები გაათავისუფლეს.

რელიგიურმა უმცირესობებმა და ორგანიზაციებმა იძულებითი ქორწინებისა და კონვერტაციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მსგავს პრაქტიკას რეგულარულად აქვს ადგილი პაკისტანის ყველა პროვინციაში. 2021 წლის 21 მაისს, რელიგიურ საკითხებში პრემიერის სპეციალურმა თანაშემწემ განაცხადა, რომ იძულებითი კონვერტაციისა და ქორწინების შემთხვევები იშვიათობა იყო. აღნიშნულ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან; მათი განცხადებით, იძულებითი ქორწინება და კონვერტაცია ფართოდაა გავრცელებული. ორგანიზაციები მოითხოვდნენ, მთავრობამ გააკეთოს უფრო მეტი იძლებითი ქორწინებისა და კონვერტაციის მსხვერპლთა დასაცავად.[4]

„პაკისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] პაკისტანის შესახებ წერს, რომ 2021 წლის განმავლობაში ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი დანაშაულები, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის შემთხვევები, იძლებითი ქროწინების, ოჯახში ძალადობისა და ინტერნეტში შევიწროვების ფაქტების კლების ნიშნები არ ჩანდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა 64 და იძულებითი ქორწინების 141 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2021 წელს კი ადგილი ჰქონდა ბავშვთა 84 და იძლებითი ქორწინების 92 შემთხვევას.[5]

[1] მედია საშუალება „Daily Times“; იძულებითი ქორწინება – მიზეზები და შედეგები; სტატიის ავტორი: მადიჰა იქბალი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 8 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://dailytimes.com.pk/1037140/forced-marriages-reasons-and-circumstances/#:~:text=Recently%2C%20according%20to%20the%20Prevention,to%20fine%20of%20500%2C000%20rupees. [ნანახია 2023 წლის 20 მარტს]

[2] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ პაკისტანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 20 მარტს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ პაკისტანში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 20 მარტს]

[4] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების პრაქტიკის შესახებ პაკისტანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 20 მარტს]

[5] პაკისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია; ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა პაკისტანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 20 მარტს]

პაკისტანი. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა – ოქტომბერი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი პაკისტანის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2018 წლის მონაცემებით, პაკისტანის პოლიციის მოცულობა 530 000-მდე პირს შეადგენს. პოლიცია ექვემდებარება რეგიონულ მთავრობებს, გარდა ისლამაბადის პოლიციისა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების იურისდიქციაში და მისი ძირითადი მოვალეობაა შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამართალდაცვითი ფუნქციები. ამას გარდა, ქვეყანაში არის გასამხედროებული ძალები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. კერძოდ, Frontier Corps, რომლებიც ბალოჩისტანისა და ხიბერ პახტუნტხვას რეგიონებში ოპერირებს და რეინჯერები, რომლებიც იმავე ფუნქციას სინდჰისა და პენჯაბის პროვინციებში ასრულებენ. ორივე ზემოხსენებული ერთეული გარდა შიდა უსაფრთხოების დაცვისა, ასევე აწარმოებენ სასაზღვრო უსაფრთხოებით ოპერაციებს.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციის ეფექტურობა და მათ მიმართ არსებული გამოწვევები პაკისტანში განსხვავებულია პროვინციის მიხედვით. სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, შემცირდა ტერორისტულ ინციდენტთა რაოდენობა. ზოგიერთ პროვინციაში არსებობს საექსპერტო-კრიმინალისტური დანაყოფები, რომლებიც შეისწავლიან დანაშაულის ადგილს და ნივთმტკიცებებს. თუმცა, პაკისტანის დიდი მოსახლეობის გამო, ზოგიერთ რეგიონებში აღნიშნულ ფუნქციას ადგილობრივი პოლიცია ასრულებს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო გადამზადება ან/და აღჭურვილობა. ზოგადად, პოლიციის ეფექტიანობა შეზღუდულია, რაც განპირობებულია განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, გადამზადების დაბალი დონით, არასაკმარისი და მოძველებული აღჭურვილობით, რის გამოც გამოძიებების ხარისხიც იკლებს. პოლიციის მუშაობას ხელს ასევე უშლის გარეშე ფაქტორები: პოლიტიკური აქტორები, უსაფრთხოების ძალები, სასამართლო და ა.შ. პოლიციაში ასევე ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია და მცირე ქრთამები. საკმაოდ გავრცელებულია ქრთამის მიღება რეალური ან ყალბი საჩივრების წარმოებაში მიღების ანდა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნითაც. პოლიციის მიმართ საჯარო ნდობა, გავრცელებული ცნობებით, დაბალია.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში სამართალდაცვით ფუნქციებს ძირითადად ფედერალური და რეგიონალური პოლიცია ასრულებენ. აღნიშნული ორგანოები უშუალოდ პასუხისმგებელი არიან წესრიგის შენარჩუნებაზე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ფედერალურ მთავრობას გააჩნია უშუალოდ იურისდიქცია ისლამაბადის პოლიციასა და FATA-ს რეგიონში მოქმედ უსაფრთხოების ძალებზე. პაკისტანის პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა 2005-დან 2015 წლამდე 220 000-დან 430 000-მდე გაიზარდა. 2018 წლისთვის არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში დაახლოებით 530 000 პოლიციელი მსახურობს.

ანგარიშის მიხედვით, პაკისტანის რეგიონალური პოლიციის ეფექტურობა და მათ მიმართ არსებული გამოწვევები განსხვავებულია ლოკაციის მიხედვით. თუმცა, ზოგადად, პაკისტანში პოლიციის უნარიანობა და ეფექტურობა შეზღუდულია, რაც განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, გადამზადების დაბალი დონით, არასაკმარისი და მოძველებული აღჭურვილობით და სხვადასხვა ფაქტორების (ზემდგომები, პოლიტიკური აქტორები, უსაფრთხოების ძალები) ზეწოლითა და გავლენით. სექტარული ხასიათის ძალადობის შემთხვევებისა და შიდა ტერორიზმის საფრთხეების გამო, პოლიციის რესურსები ძირითადად მიმართულია კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირებასა და უსაფრთხოების/დაცვის როლზე, ვიდრე – საზოგადოებაში პოლიციის ტრადიციული როლის შესრულებაზე. მოქალაქეების  აღქმით, პოლიციელთა რიგებში ფართოდ გავრცელებულია კორუფცია და ზოგადად, პოლიციის მიმართ ნდობა დაბალია.

პოლიციელებს არ გააჩნიათ სათანადო ანაზღაურება და მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, მაღალი პირადი უსაფრთხოებრივი რისკებისა და კლებადი რესურსების ფონზე. კონკრეტული პოლიციელები ხშირად ზრდიან საკუთარ შემოსავალს ქრთამის აღებით. ზოგიერთ პროვინციაში, პოლიციის განყოფილებების ოპერირებენ დღეში 24 საათი, სადაც მხოლოდ 8-დან 16-მდე ოფიცერი თუ მუშაობს. პოლიციის ოფიცრები ხშირად არიან შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმის სამიზნეები, რაც უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონალური პოლიცია ოპერირებს დამოუკიდებლად და ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული მაკოორდინირებელი მექანიზმი ან გადასამზადებელი სტანდარტები. რეგიონალური ძალები ასევე ხშირად მოქმედებენ კონკურენტულად, როდესაც საქმე ეხება გამოძიებებს, რომელთა მასშტაბიც ერთ პროვინციას ცდება, რის გამოც ეფექტურობის დონე იკლებს.

გაერო, Human Rights Watch და Amnesty International ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ფიქსირდებოდა პოლიციის მხრიდან ისეთი უფლებადარღვევები, როგორიცაა: წამება და არასათანადო მოპყრობა; თვითნებური დაკავება; კანონს მიღმა პირტა სიკვდილით დასჯა; იძულებითი გაუჩინარებები და ა.შ.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოა პოლიცია. პროვინციებში ადგილობრივი პოლიცია ექვემდებარება რეგიონალურ მთავრობებს. პაკისტანის საგარეო უსაფრთხოებაზე ზრუნავს სამხედრო ძალები, თუმცა, გარკვეულ როლს თამაშობს შიდა უსაფრთხოებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები ფორმალურად ექვემდებარებიან სამოქალაქო ინსტიტუციებს, ისინი, როგორც წესი, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და სამოქალაქო ორგანოების მონიტორინგის გარეშე.[3]

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Pakistan: Actors of protection; published in June 2020; available at

[accessed 7 October 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT PAKISTAN; available at

[accessed 7 October 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Pakistan; published in March 2021; available at

[accessed 7 October 2021]

პაკისტანი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში  საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტიარ ფიქსირდება. თუმცა,სახეზეა არა-საერთაშორისო ტიპის კონფლიქტი, კერძოდ, პაკისტანის მთავრობა აქტიურად ებრძვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას, მათ შორის – ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ ასოცირებულ ჯგუფებს და ბალოჩისტანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ეხება, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონების მიხედვითა განსხვავებულია. მასზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა – პოლიტიკური ძალადობა; არასახელმწიფო შეიარაღებული აქტორების მიერ ჩადენილი ქმედებები; ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიური ტიპის ძალადობა. ამას გარდა, საშინაო უსაფრთხოებაზე ზოგჯერ უარყოფითად აისახება მცირე შეტაკებები,  მეზობელ ქვეყნებთან (ინდოეთი და ავღანეთი), რომლებიც ზოგჯერ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პაკისტანში ძალადობის მაჩვენებლის ზრდა უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში არასტაბილურ ვითარებას, რომელიც დაიწყო 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ავღანური თალიბანის ზოგიერთი წევრი, გაექცა რა აშშ-ის მეთაურობით შემოჭრილ საერთაშორისო კოალიციას, დასახლდა ორ ძირითად რეგიონში – FATA და ხიბერ პახტუნკხვა. დროთა განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში მათ გაზარდეს საკუთარი გავლენა და დაიქვემდებარეს ანალოგიურ იდეოლოგიურ მოტივებზე შექმნილი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. საბოლოოდ, აღნიშნული პროცესი გადაიქცა რეგიონის ერთგვარ „თალიბანიზაციად“. თალიბანის მიდგომები იყო საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულ ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებული, რამაც შედეგად სამოქალაქო პირებზე ძალადობა და, საბოლოოდ, პაკისტანის ხელისუფლებასთან კონფლიქტი გამოიწვია. 2007 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ 2 რეგიონში პაკისტანის მთავრობამ განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, პირთა მასობრივი იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.

ანგარიშში საუბარია მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე და გასული წლების განმავლობაში, რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობის დამყარების არაერთ მცდელობაზე. მათ შორის, იყო 2014 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოო ჩაიშალა; 2014 წლის 20 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლებში განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია – Zarb-e-Azb; 2017 წელს – ოპერაცია „Radd-Ul-Fasaad“ და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4-5 წლის განმავლობა, პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესების ტრენდი შეინიშნება. ყოველწლიურად, წინა წელთან შედარებით, ნაკლები ინციდენტი და ნაკლები მსხვერპლი ფიქსირდება.

2020 წლის ივლისში, 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო ინტერვიუსას ექსპერტმა ასად ჰაშიმმა ოფისს განუხდა: „შეინიშნება ზოგადი ძალადობის კლება, რაც თავსებადია 2014 წლიდან დაწყებულ ტრენდთან. თუმცაღა, სერიოზული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, 2019 წელს, ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა ისეთი ტიპის ძალადობრივი ინციდენტები, როგორიცაა: ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ხელყუმბარებით და სარაკეტო ბომბებით თავდასხმები; თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები და გამიზნული მკვლელობები.

2020 წლის აგვისტოში, პაკისტანში 2020 წლის პირველ ნახევარში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ექსპერტმა მაიკლ კუგელმანმა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო. თუმცაღა, ერთ-ერთ სერიოზულ და საყურადღებო საკითხს წარმოადგენდასეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებები. 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული და 2020 წლის პირველი ნახევარშიც, ისეთი ჯგუფები, როგორიცაა მაგ. „ბალოჩისტანის გათავისუფლების არმია“ შედარებით გააქტიურდნენ და მოაწყვეს რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის – კარაჩიში მდებარე ერთ-ერთ სააქციო ბირჟაზე. 2020 წელს, უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა განცხადება ალიანსის შესახებ ბალოჩ სეპარატისტთა ჯგუფებსა და სინდჰის პროვინციაში მოქმედ ნაციონალისტთა დაჯგუფებებს შორის.აღნიშნული პროვინციათშორისი ალიანსი თავისი ხასიათით უპრეცედენტოა და მიანიშნებს არა-მუსლიმური, ანტი-სახელმწიფოებრივი აქტორების სურვილზე, საკუთარ ბრძოლას უფრო დიდი მასშტაბი მიანიჭონ.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ პაკისტანი არის ფედერალური მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც, 2018 წლიდან Tehreek-e-Insaf (PTI) პარტიაა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრია აღნიშნული პარტიის ლიდერი – იმრან ხანი.

პაკისტანში  საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო პოლიციაა, რომლის ადგილობრივი დანაყოფებიც ფედერალური ერთეულების მთავრობების იურისდიქციაშია. ამას გარდა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (მაგალითად, ბალოჩისტანი, ხიბერ პახტუნკხვა) ასევე მოქმედებენ გასამხედროებული ჯგუფები და რეინჯერები, რომლებიც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. ზემოხსენებულ ჯგუფთა ძირითადი მიზანია შეინარჩუნონ უსაფრთხოება პაკისტანი-ავღანეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურები ექვემდებარებიან სამოქალაქო სტრუქტურებს და მთავრობას, ზოგჯერ, ისინი მაინც მოქმედებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამთავრობო მონიტორინგის გარეშე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პაკისტანში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევათა შორის იყო:უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – სამთავრობო უწყებების მიერ ჩადენილი კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები თვითნებური დაკავება; პოლიტიკური პატიმრები;პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესალიები საზღვარგარეთ მყოფი პირების მიმართ; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები; შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით; კორუფცია; ტრეფიკინგი და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სამთავრობო პასუხისმგებლობის საკითხი, იშვიათად თუ დგებოდა. ამას გარდა, შესაბამისი სამსახურები თითქმის არ სჯიდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დამნაშავე საჯარო მოხელეებს.

პაკისტანში, ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აუარესებს ისეთი არასახელმწიფო აქტორების, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებები და ტერორისტულ ორგანიზაციები, მიერ  ჩადენილი ძალადობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც თანხვედრაშია უკანასკნელ წლებში დაფიქსირებულ, ზოგადი კლების ტენდენციასთან.უსაფრთხოების ძალები, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებდნენ მასშტაბურ კამპანიებს ტერორისტული და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თუ უცხოური შეიარაღებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ძალადობასა და სოციალურ თუ სექტარულ შეუწყნარებლობას საკუთარ წვლილი შეჰქონდა უკანონობის განცდაში.  2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ზემოხსენებული არასახელმწიფო აქტორების ქმედებების შედეგად განხორციელებულ ძალადობას 499 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 365 იყო, ხოლო 2018 წელს – 697).[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom Houseპაკისტანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ პაკისტანი რეგულარულად ატარებს არჩევნებს კონკურენტულ, მულტი-პარტიულ პოლიტიკურ გარემოში. თუმცა, ქვეყანაში სამხედრო ფრთა ფლობს უზარმაზარ გავლენას უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ახორციელებს მედიის დაშინებას და არ ექვემდებარება არანაირ პასუხისმგებლობას ძალის კანონგარეშე ან/და განურჩეველი მეთოდით გამოყენების გამო. პაკისტანის ხელისუფლება აწესებს სელექციური ხასიათის შეზღუდვებს სამოქალაქო თავისუფლებებზე და ისლამისტი შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ თავდასხმებს რელიგიურ უმცირესობებსა და ოპონენტებად აღქმულ სუბიექტებზე. ორგანიზაციის მიერ 37/100 შეფასებით, პაკისტანი წარმოადგენს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანას.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის ხელისუფლების მიერ COVID-19 გავრცელების საწინააღმდეგო „ლოქდაუნი“ იყო დაწესებული, რამდენიმე ცნობილი იმამი იგნორირებას უწევდა დაწესებულ შეზღუდვებს და მოუწოდებდა მრევლს, არ დამორჩილებოდნენ სამთავრობო დირექტივებს. აღნიშნული პირები კი, თავის მხრივ, თავს ესხმოდნენ იმ პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ მათ შეჩერებას. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, პაკისტანში დადასტურებული იყო COVID-19-ით ინფიცირების 497 000 შემთხვევა, რასაც 10 000 პირზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, პაკისტანის სასამართლო შტო პოლიტიზებულია და ისტორიულად ჩართულია სამხედროების, სამოქალაქო ხელისუფლებისა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესში. 2020 წლის განმავლობაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფისა და სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების (PML-N; PPP) ლიდერთა წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ახალი საქმეები აღძრეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესების გამო, სასამართლომ დაუშვა საკუთარი თავის ჩართულობა და ინსტრუმენტად გამოყენება ეროვნულ პოლიტიკაში.

2020 წელს, მოსამართლე ქაზი ფაეზ ისა დაექვემდებარა კომპლექსურ სამართლებრივ დავას, რადგან მის მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ გააჩნდა დაუდეკლარირებელი ქონება გაერთიანებულ სამეფოში. იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა დროებით დატოვა საკუთარი თანამდებობა, რათა აღნიშნულ საქმეში ყოფილიყო მთავრობის წარმომადგენელი. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ – უმარ ატა ბანდიალმა განაცხადა, რომ ისას წინააღმდეგ საქმე უსაფუძვლო იყო და საფრთხეს უქმნიდა მთლიანი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ზოგადად, სასამართლო სისტემაში იყო ენდემური ხასიათის პრობლემები, მათ შორის – კორუფცია; დაშინებები; დაგროვილ საქმეთა დიდი რაოდენობა და მსჯავრდების დაბალი მაჩვენებელი სერიოზული დანაშაულებისას. სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მაჩვენებელი, ორგანიზაციის მიერ მაქსიმალური 4 ქულიდან 1-ით ფასდება.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch პაკისტანის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2020 წელს, პაკისტანის ხელისუფლება დევნიდა და ზოგჯერ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი უქვემდებარებდა უფლებადამცველებს, ადვოკატებსა და ჟურნალისტებს, მათ მიერ სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მთავრობის კრიტიკის გამო.

შესაბამისი სამსახურები იყენებდნენ „დრაკონული“ ხასიათის კონტრ-ტერორისტულ კანონმდებლობას, რათა ჩაეხშო განსხვავებული აზრი და ხელისუფლება მკაცრ რეგულაციებს უქვემდებარებდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი კრიტიკით გამოირჩეოდნენ. ქალები, რელიგიური უმცირესობები და ტრანსგენდერი პირები კვლავ ექვემდებარებოდნენ ძალადობას, დისკრიმინაციასა და სამართლებრივ დევნას, ხოლო მთავრობა, რიგ შემთხვევებში, ვერ ახერხებდა მათ ადეკვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადო დასჯას. პაკისტანის ხელისუფლებამ ასევე ვერ მოახერხა დაეყენებინა სამართალდამცავი სააგენტოების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა მათ მიერ პირთა სავარაუდო წამებისა და კანონგარეშე მკვლელობის ახალი ბრალდებები. ისლამისტი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებს, რომლის სამიზნესაც როგორც წესი, რელიგიური უმცირესობები და სამართალდამცავები წარმოადგენდნენ,  ათობით პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხელისუფლება ასევე სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას ახორციელებდა ოპოზიციური პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებზე. ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი, მათ შორის – ყოფილი სახელმწიფო მეთაური თუ მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები განსასჯელის სკამზე იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებების საფუძველზე.[5]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ პაკისტანის რეგიონალური პოლიციის ეფექტურობა და ის გამოწვევები, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან, განსხვავებულია გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით. თუმცა, ზოგადად, პოლიციელთა ეფექტურობა პაკისტანში შეზღუდულია, რაც დიდწილად განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, ტრენინგების დაბალი დონით, არასაკმაირი და მოძველებული აღჭურვილობითა და ზემდგომთა, პოლიტიკურ აქტორთა, უსაფრთხოების ძალებისა და სასამართლოს მხრიდან მათზე ზეწოლით. სექტარული ხასიათის ძალადობისა და შიდა ტერორიზმის გამო, საპოლიციო რესურსები მიმართულია არა ზოგადად, საზოგადოებაში საპოლიციო როლის შესრულებაზე, არამედ – კონკრეტული ძალადობრივ ინციდენტებზე რეაგირებაზე. პაკისტანელ ხალხში ფართოდ არის გავრცელებული აღქმა, რომ პოლიციაში კორუფციის მაღალი დონეა და პოლიციისადმი მათი ნდობა, დაბალია.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ის უკიდურესად გადატვირთულია დაგროვილი საქმეებით. დეპარტამენტს გააჩნია ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებმაც ორი ათწლეული გაატარეს წინასწარ დაკავებაში მანამ, სანამ უზენაესი სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დარბაზიდან გაათავისუფლებდა. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, სასამართლო სისტემაში ფიქსირდება როგორც კორუფცია, ასევე – მოსამართლეთა დაშინება რელიგიურად მგრძნობიარე საქმეების დროს. დეპარტამენტს ასევე გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანის სამხედრო ელიტა ახდენდა უზენაესი სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლას მას შემდეგ, რაც ისინი ჩაერივნენ იძულებით გაუჩინარებებისა და სხვა, სამხედროთა ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებში.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Pakistan; available at https://www.rulac.org/browse/countries/pakistan [accessed 20 July 2021]

[2] EASO – Pakistan Security situation; published in October 2020; available at

[accessed 20 July 2021]

[3] United States Department of State – “2020 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published in March 2020; available at

[accessed 20 July 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Pakistan; published in March 2021; available at

[accessed 20 July 2021

[5] Human Rights Watch – World Report 2021 – Pakistan; published in January 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[6]Australian DFAT – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT PAKISTAN; published in February 2019; available at

[accessed 20 July 2021]

პაკისტანი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “მუსლიმური ლიგა” შესახებ. აგვისტო, 2020

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “მუსლიმური ლიგა” შესახებ – მედია საშუალება Dawn მიხედვით, პოლიტიკური პარტია Pakistan Muslim League (Nawaz) 1993 წელს დააფუძნა ცნობილმა პოლიტიკოსმა და პაკისტანის 3-გზის პრემიერ-მინისტრმა – ნავაზ შარიფმა. სტატიის მიხედვით, პარტიის იდეოლოგია კონსერვატიულ, მემარჯვენე და ნაციონალისტურ მოტივებზეა აგებული, თუმცა, უკანასკნელ ხანებში, ის თანდათან უფრო დაშორდა რელიგიურ-კონსერვატიზმს და შედარებით უფრო ცენტრისტულ ნარატივზეა გადასული. ეკონომიკური თვალსაზრისით, პარტია მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს და პაკისტანის მზარდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. PML (N) ასევე ემხრობა მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ინდოეთთან, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გააძლიეროს ეკონომიკა. პარტიის სათავო ოფისი მდებარეობს ლაჰორიში. პარტიის ლოგო – [1]

პორტალ Urdupoint-ის მიხედვით, Pakistan Muslim League (Nawaz) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ პარტიას პაკისტანში. პარტია რეგისტრირებულია პაკისტანის საარჩევნო კომისიაში აბრევიატურით PML (N) და მისი საარჩევნო სიმბოლო არის ლომი. პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტია მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფი (დამაარსებლის – ნავაზ შარიფის ძმა). პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები და ლიდერები არიან: ნავაზ შარიფი; კალსოომ ნავაზ შარიფი; მოჰამმად თალალ ჩოუდჰარი; მამნოონ ჰუსსაინი და იშაქ დარი.[2]

რაც შეეხება პარტიის წარმოშობის ისტორიას, პორტალ Globalsecurity მიხედვით, PML (N)-ის ფესვები 1906 წელს დაარსებულ “სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგაში“ უნდა ვეძებოთ. აღნიშნული პარტია, თავის დროზე ინდოელი მუსლიმების ინტერესების დასაცავად შეიქმნა და სწორედ მისი და მისი ლიდერების მიღწევაა პაკისტანის დამოუკიდებლობაც. პარტია 1958 წელს სხვადასხვა მიზეზთა გამო დაიშალა. 1962 წელს გენერელმა და პაკისტანელმა პოლიტიკოსმა, აიუბ ხანმა დაარსა პარტია სახელწოდებით „Pakistan Muslim League“ ხოლო მეორე პაკისტანელმა პოლიტიკოსმა – Muhammad Khan Junejo-მ ასევე შექმნა პარტია –  Pakistan Muslim League (J). სწორედ ამ უკანასკნელი პარტიის მემკვიდრეა PML (N) პარტიაც, კერძოდ, 1993 წელს, ჯუნეჯოს გარდაცვალების შემდგომ, პარტის სათავეში ჩაუდგა მიან ნავაზ შარიფი და მას ეწოდა Pakistan Muslim League (Nawaz)

დაარსების დღიდან, პაკისტანის ხალხთა პარტიასთან (PPP) ერთად, PLM (N) დომინირებდა პაკისტანის პოლიტიკაში და წარმოადგენდა წამყვან პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, 1999 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სათავეში მოვიდა გენერალი პერვაზ მუშარაფი და მის მიერ მხარდაჭერილი, PLM (N) პარტიიდან გამოყოფილი სუბ-პარტია – Pakistan Muslim League (Quaid). თითქმის ათწლიანი წარუმატებლობის შემდგომ, 2008 წელს  PLM (N)კვლავ მოიპოვა ამომრჩეველთა მხარდაჭერა და პარლამენტში შევიდა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო 2013 წელს გაიმარჯვა არჩევნებში და დაბრუნდა, როგორც მმართველი ძალა, ასმათანავე – პარტიის ლიდერი, ნავაზ შარიფი რეკორდული მესამე ვადით აირჩიეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრად. პარტიის მთავარი დასაყრდენია პენჯაბის პროვინცია, სადაც 1985 წლის შემდგომ, ექვსჯერ დააკომპლექტა მთავრობა..[3]

პაკისტანის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, PML (N) წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, რომლის წევრებიც პარლამენტის ქვედა პალატაში 83 მანდატს ფლობენ (სულ 342 მანდატია). პარტიის პრეზიდენტს – მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფს უკავია ოპოზიციის ლიდერის თანამდებობა პარლამენტში.[4]

ინფორმაცია პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი სხვადასხვა წყაროებში, არ იძებნება.

პარტიის წევრების და მხარდამჭერების მდგომარეობა?

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა,  რომ ზოგჯერ ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ზეწოლას, რათა შეეწყვიტათ ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუები. მაგალითად, 11 ივნისს, ინტერვიუ ოპოზიციისა და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) ლიდერთან – მერიამ ნავაზთან, გასვლისთანავე შეწყდა და სატელევიზიო სიგნალი გაწყდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც მთავრობის მიერ აღქმულნი იყვნენ, როგორც PML (N) პარტიის მხარდამჭერი, დისტრიბუციის კუთხით გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებოდნენ. მედია საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რომლის მიზანიც იყო თავი შეეკავებინათ ისეთ საკითხებზე რეპორტაჟების და გადაცემების მომზადებისგან, რომლებიც PML (N) პარტიის ლიდერებს პოზიტიური კუთხით წარმოაჩენდა.[5]

Freedom House პაკისტანის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი ორი მთავარი პარტიის – „პაკისტანის ხალხთა პარტია“ (PPP) და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) როგორც მაღალი ეშელონების  ლიდერთა, ასევე –  მათი მხარდამჭერი ზოგიერთი აქტივისტის მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლბრივი საქმეების აღძვრას. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: კორუფცია; მედია რეგულაციების სავარაუდო დარღვევა და არაავტორიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა, ბრალი დასდეს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და PML (N) პარტიის დამფუძნებელს – ნავაზ შარიფს; მის ქალიშვილს – მერიამ ნავაზს;  მის ძმასა და პენჯაბის ყოფილ მთავარ მინისტრს – შაჰბაზ შარიფს; ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს – შაჰიდ ხაქან აბბასის და ქვეყნის ყოფილს პრეზიდენტსა და PPP პარტიის ლიდერს – ასიფ ალი ზარდარის. მათ გასული წელი სასამართლოში,  საპატიმროში თუ სასაამრთლოს მიერ ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გაატარეს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა 2018 წლის საარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებული ზეწოლის გაგრძელებას, რომლის დროსაც სასამართლომ, ბუნდოვანი ბრალდებების ფონზე, სამუდამოდ აუკრძალა ნავაზ შარიფს პოლიტიკური მოღვაწეობა და, შედეგად, მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი PML (N) პარტია.[6]

მედია საშუალება “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RF) 2020 წლის 26 თებერვლის სტატიაში წერდა, რომ ქვეყნის განსაკუთრებით ცხელ ზონად მიჩნეულ, ჩრდილო-დასავლეთით რეგიონში მდებარე ქალაქ მინგორაში, ჩაცხრილეს „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N))  ადგილობრივი ლიდერი – ჯავედულლაჰ ხანი. მისი ბიძაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული მათი ოჯახის 15 წევრია მოკლული. „ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, სახელწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დაგვიცვას“ – განაცხადა მან ინტერვიუში.

ჯავედულლაჰ ხანი ხიბერ პახტუნტხვას რეგიონის ანტი-ტერორისტული SWAT ჯგუფის მეთაურად ახლახანს იყო დანიშნული.[7]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია  პაკისტნაში პარტია „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) წევრების, ასევე მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მასობრივი დევნის ან/და უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.

[1] Dawn.com – Pakistan Muslim League (Nawaz); available at https://www.dawn.com/news/1404808 [accessed 18 August 2020]

[2] UrduPoint  – Pakistan Muslim League (N); available at https://www.urdupoint.com/politics/party/pakistan-muslim-league-n-9.html [accessed 18 August 2020]

[3] GlobalSecutiry.com – Pakistan Muslim League (Nawaz) – PML (N); available at https://www.globalsecurity.org/military/world/pakistan/pml.htm [accessed 19 August 2020]

[4] Official Web page of National Assembly of Pakistan –PML (N) Seats Distribution; available at   http://na.gov.pk/en/members_listing.php?party=122 [accessed 18 August 2020]

[5] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published on 11 March 2020; available at

[accessed 19 August 2020

[6] Freedom House – Freedom in the World 2020 – Pakistan; published in  March 2020; available at

[accessed 19 August 2020]

[7] RFE/RF – article “Member Of Anti-Militant Group Killed In Northwestern Pakistan; published in February 2020; available at

[accessed 19 August 2020]

პაკისტანი. ინფორმაცია შიიტური ისლამის შესახებ; სუნიზმიდან შიიზმზე კონვერტაცია. აგვისტო, 2020

ინფორმაცია ისლამის შიიტური მიმდინარეობის შესახებ. განსხვავებები სუნიზმსა და შიიზმს შორის – მედია საშუალება New York Times-ის 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიის  მიხედვით, შიიზმი ან შიიტური მიმდინარეობა ისლამის ერთ-ერთი ძირითადი განშტოებაა, სუნიზმთან ან სუნიტურ ისლამთან ერთად. ისლამის აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის გაყოფა 632 წელს, წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალებისას მოხდა. იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუსლიმური სამყაროს ლიდერი  და „ხალიფა“, ისლამის მიმდევრებს შორის მოსაზრებები გაიყო. ბევრის აზრით, ახალი ლიდერი კონსესუსის საფუძველზე უნდა აერჩიათ, ხოლო სხვები ფიქრობდნენ, რომ ხალიფა აუცილებლად წინასწარმეტყველის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ტიტული აბუ ბაქრს – მუჰამედის ახლო მეგობარსა და სიმამრს ერგო, თუმცა, ზოგიერთის აზრით, ის ალის – მუჰამედის ბიძაშვილსა და სიძეს უფრო ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ალი მაინც გახდა ხალიფა მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრის შემდგომი ორი ხალიფა მოკლეს. მოგვიანებით, ალიც მოწამლეს და ხალიფას ტიტული მისმა შვილებმა – ჰასანმა და, შემდგომ – ჰუსეინმა დაისაკუთრეს. საბოლოოდ, ორივე ძმა მოკლეს, ხოლო ჰუსეინისა და მისი სანათესაოს ამოწყვეტა 680 წელს ქერბალაში გახდა ალის მხარდამჭერების მიერ აღქმული იქნა, როგორც მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც გაუმტკიცდათ რწმენა, რომ მუჰამედის მემკვიდრე სწორედ ალი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, აღნიშნულმა ჯგუფმა დაარსა ისლამის შიიტური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც ფრაზიდან „შიატ ალი“ ანუ „ალის მიმდევრები“-დან მოდის.

რაც შეეხება სუნიტებს, ისინი ალის, ისევე როგორც მის წინა სამ ხალიფას მიიჩნევენ უბრალოდ წინასწარმეტყველის სწავლებებისა და ტრადიციების, ანუ „სუნნას“ ჭეშმარიტ მიმდევრებად და აღმსრულებლებად.

სტატიის მიხედვით, როგორც სუნიტური, ისევე – შიიტური ისლამის მიმდევრები ისლამის უმთავრეს და ძირითადად ასპექტებში თანხმდებიან, თუმცა, ადგილი აქვს არაერთ განსხვავებებასაც.  შიიტები ალის და მის შემდგომ ლიდერებს მიიჩნევენ „იმამებად“. შიიტთა უმრავლესობის რწმენა ეფუძნება 12 იმამის სწავლებებს, რომელთაგანაც უკანასკნელი  მე-9  საუკუნეში გაუჩინარდა და ისინი მისი, როგორც „მაჰდის“ (მესია, მხსნელი) მეორედ მოსვლას ელოდებიან. შიიტთა ეს ჯგუფი „თორმეტეული“ შიიტების სახელით არის ცნობილი.

სუნიტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ღმერთის ძალას ხორციელ სამყაროში, შესაბამისად, ხშირად პოლიტიკურ და საჯარო სივრცეებს მისგან განუყოფლად მიიჩნევენ. რაც შეეხება შიიტებს, მათთვის უფრო ძვირფასი ღირებულებაა თავგანწირვა და მსხვერპლის გაღებაა.[1]

ვებ-პორტალ Intermedia.ge-ს მიხედვით, სუნიტებად ითვლებიან ისინი, ვინც აღიარებს პირველი 4 “მართლმორწმუნე” ხალიფას (აბუ ბაქრი (632-634), ომარი (634-644), ოსმანი (644-656), ალი (656-661)) კანონიერებას, მუჰამედის გამონათქვამებისა და მასთან დაკავშირებული გადმოცემების (სუნნას) უტყუარობას. სუნიტური თვალსაზრისით, მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მუსლიმური თემის პირდაპირი “კონტაქტი” ალაჰთან შეწყდა და მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნას მითითებების საფუძველზე. მათი სწორი განმარტება კი უზრუნველყოფილია თემის ერთობლივი აზრით, რომელსაც წარმოადგენენ ყველაზე ავტორიტეტული სამართლისმცოდნე ღვთისმეტყველები. სუნიზმის თანახმად, თეორიულად პოლიტიკური და სასულიერო ძალაუფლება ეკუთვნის მუსლიმური თემის მიერ არჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი პირადი თვისებებით და ცოდნით შესაფერისია იმისთვის, რომ განახორცოელოს ცხოვრებაში ყურანის მიწერილობები.

სუნიტებისაგან განსხვავებით, შიიტები პირველ ოთხ ხალიფად აღიარებენ მხოლოდ ალის, ხოლო დანარჩენ სამს უზურპატორებად თვლიან. შიიტური თვალსაზრისით, თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. შიიტების შეხედულებით, პირდაპირი კონტაქტი ღმერთთან მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს – იმამებს. შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თავიდანვე მხარს უჭერდა ხალიფას ტახტზე მუჰამედის ბიძაშვილისა და სიძის, ალის კანდიდატურას. სამხედრო- პოლიტიკურმა წარუმატებლობებმა, ალის მკვლელობამ, მისი ვაჟის ალ-ჰუსაინის ტრაგიკულმა დაღუპვამ (რაც შიიზმში მოწამეობრივი კულტის საფუძველი გახდა), სხვადასხვა აჯანყების მარცხმა და სხვ., ხელი შეუწყო შიიტთა წრეში რელიგიური ძიებების განვითარებას, პოლიტიკური დაჯგუფებებიდან შიიზმის რელიგიურ-პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბებას.

არსებობს მრავალი შიიტური მიმდინარეობა. მათგან დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანია  თორმეტეული იმამიტების შტო, რომლებსაც ჩვეულებრივ შიიტებად მოიხსენიებენ. იმამიტები აღიარებენ თორმეტ იმამს ალის საგვარეულოდან. მათგან უკანასკნელი, მათი მრწამსით, X საუკუნეში გაუჩინარდა და ამჟამად “ფარულ” მდგომარეობაშია. ის, მესიის მსგავსად, უნდა დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა დაამყაროს ამ ქვეყნად.[2]

ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი მედია საშუალება Fanack შიიტური ისლამის მიმდინარეობების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ყველა მუსლიმი იზიარებს რწმენის იმ ფუნდამენტალურ პრინციპებს, რომლებიც წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრების პერიოდში დაწესდა. შესაბამისად, წმინდა წიგნის – ყურანის რწმენის, მუჰამედის, როგორც წინასწარმეტყველად და  ღმერთის უკანასკნელი მაცნედ ცნობისა და ღმერთის ერთიანობის შესახებ პრინციპები, ყველა მუსლიმისთვის, მიუხედავად მათი სექტარიანული კუთვნილებისა, უნივერსალურია. რაც შეეხება სექტებს შორის განსხვავებებს, ეს ძირითადად იმ საკითხებითაა განპირობებული, რომლებიც მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მოხდა.

მას შემდეგ, რაც 632 წელს წინასწარმეტყველი გარდაიცვალა, მუსლიმთა შორის დღემდე არსებობს უთანხმოება ისლამური თემისა და მუსლიმური რწმენის არაერთი საკითხის თაობაზე. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ისლამის გაყოფა შიიტ და სუნიტურ მიმდინარეობებად. მოკლედ რომ ითქვას, შიიტებს სწამდათ წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდგომ, მისი ოჯახის, ნათესავების და შთამომავლების მემკვიდრეობითი ლიდერობის, მაშინ როცა სუნიტებს მიაჩნდათ, რომ ლიდერები მუჰამედის ახლო კომპანიონები უნდა ყოფილიყვნენ. აღნიშნულმა, თავდაპირველად პოლიტიკურმა  დაპირისპირებამ, დროთა განმავლობაში სექტარული ხასიათი და რელიგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები მიიღო.

ყველა შიიტ მუსლიმს სჯერა ალის „იმამათის“ ანუ სულიერი ლიდერობის, რომელიც მუჰამედის სიძე იყო. თუმცა, ამ საკითხშიც კი, თავად შიიტებს შორის გარკვეული უთანხმოებაა, რის შედეგადაც შიიზმის რამდენიმე მიმდინარეობა წარმოიშვა. დღესდღეისობით, შიიტურ ისლამში სამი ძირითადი მიმართულებაა:

თორმეტეული შიიზმი

შიიტურ ისლამში ყველაზე დიდი თემია თორმეტეული შიიზმი, რომლის მიმდევრებიც  უმრავლესობაში არიან ირანში, აზერბაიჯანში, ერაყსა და ბაჰრეინში. ამას გარდა, ბევრი თორმეტეული შიიტი მუსლიმი ცხოვრობს ლიბანში, ინდოეთში, საუდის არაბეთსა  და პაკისტანშიც.

თვითონ ტერმინი „თორმეტეული“ მოდის მათ რწმენიდან თორმეტი წმინდა იმამის შესახებ, რომელიც მუჰამედის შთამომავლები იყვნენ. მათთვის იმამები არა მარტო თემის ლიდერებს წარმოადგენენ, არამედ – მათ ასევე დაკისრებული აქვთ ყურანში დაფარული სიბრძნეების ინტერპრეტაცია. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, როგორც ყველა მუსლიმი, ისინიც აღიარებენ წმინდა წიგნის – ყურანის რწმენის, მუჰამედის, როგორც წინასწარმეტყველად და  ღმერთის უკანასკნელი მაცნედ ცნობისა და ღმერთის ერთიანობის შესახებ პრინციპებს. თუმცა, უშუალოდ მუჰამედის სწავლებებისა და ქმედებების გარდა, ისინი ასევე თაყვანს სცემენ და სიწმინდედ აღიქვამენ იმამათა ცხოვრებას, მათ სწავლებებსა და ქმედებებს.

შიიტებისთვის იმამი ალი, რომელიც სუნიტებისთვის უბრალოდ მეოთხე ხალიფა იყო, პირველი იმამი და მუჰამედის მემკვიდრეა. ალის შთამომავალი შემდგომი იმამები მოკლეს, შესაბამისად, ისინი წამებულ წმინდანებად მიიჩნევიან. მათთვის მნიშვნელოვანია ქერბალას ბრძოლის თარიღი (680 წელი), როდესაც ალის შვილი დ მუჰამედის შვილიშვილი – ჰუსეინი მოკლეს. ისინი ამ დღეს ყოველწლიურად „აშურას დღის“ დღესასწაულის სახელით, გლოვით აღნიშნავენ.

თორმეტეულ შიიზმში ასევე საკმაოდ ძლიერი „მესიასეული“ ანუ მხსნელის ელემენტებიცაა. მათ სჯერათ, რომ ბოლო იმამი – მუჰამედ ალ-მაჰდი, არ გარდაცვლილა და განმარტოებით ცხოვრობს. მათი რწმენით, ერთ დღეს მაჰდი დაბრუნდება და სოციალურ სამართლიანობას აღადგენს. მათ ასევე სჯერათ მაჰდის მეორედ მოსვლის, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს დაბრუნდება და ისინი ერთად შეეცდებიან დაამარცხონ მასიჰ ად-დაჯჯალი, ისლამში ბოროტების განსახიერება.

ზეიდიტები (ხუთეული)

ზეიდიტთა მიმდინარეობა სახლეს ატარებს ზეიდ იბნ ალის, ჰუსეინის შვილიშვილის პატივსაცემად. მათ ზეიდი მიაჩნიათ ჭეშმარტ მეხუთე იმამად, რადგან მან 740 წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო უმააიდთა ხალიფასტის წინააღმდეგ. ზეიდიტები იმამებად არ ცნობენ პიროვნენებს მანამ, სანამ ისინი ტირანტთა წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას არ დაიწყენებენ. შესაბამისად, თორმეტეული შიიტებისგან განსხვავებით (რომლებიც მეხუთე იმამად ზეიდის ძმას – მუჰამედს მიიჩნევენ), ისინი ჭეშმარტ იმამად ზეიდს იმიტომ რაცხავენ, რომ მან იბრძოლა უსამართლო, არალეგიტიმური უმაიიდთა დინასტიის წინააღმდეგ.

თეოლოგიური თვალსაზრისითი, ზეიდიტები უფრო ახლოს სუნიტებთან დგანან, ვიდრე – შიიტებთან. მაგალითად, ისინი არ იზიარებს ბოლო იმამი ალ-მაჰდის მესიასებურ ბუნებას.  მათ არ სჯერათ, რომ იმამები ღმერთისგან იღებენ ძალაუფლებას, შესაბამისად – მათ არ მიიჩნევენ უცოდველად. მათ ასევე არ სჯერათ, რომ იმამობა ანუ ლიდერობა მამიდან შვილზე უნდა გადადიოდეს, როგორც ეს პრაქტიკაში მოქმედებდა იმამი ალის შთამომავლების შემთხვევაში.

ისმაილიტები (შვიდეული)

ისმაილიტთა სექტა, რომელიც 8-9 საუკუნეებში შეიქმნა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყურანის როგორც ეგზოთერულ (გარე რეალობასთან დაკავშირებულ), ასევე – ეზოთერული (შიდა) სწავლებებსა და ცოდნას. ისმაილიტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის ოჯახი ღმერთის მიერ რჩეულად და უცოდველად მიიჩნიათ. მათ ასევე სჯერათ, რომ თითოეულ იმას აქვს „ნური“ ანუ „ღმერთის სინათლე“, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა წინასწარმეტყველის ოჯახის შთამომავლებს.

ისმაილიტთა მიმდინარეობის თორმეტეული შიიტებისგან გამოყოფა კიდევ ლიდერობის შესახებ ერთ უთანხმოებას უკავიშირდება.  765 წელს, იმამი ჯაფარის სიკვდილის შემდგომ, იმამობა გადაეცა მის შვილს – იმა მუსა ალ-ქაზიმს. თუმცა, ისმაილიტები მხარს უჭერდნენ ჯაფარის მეორე შვილს – ისმაილს. ზოგიერთ მათგანს სჯერა, რომ ისმაილი მეშვიდე და ბოლო იმამი იყო. შესაბამისად, აღნიშნული მიმდინარეობა მეორენაირად ცნობილია, როგორც – შვიდეული შიიტები. მათი რწმენით, ისმაილის შვილი – მუჰამმად ალ-თამმი დაბრუნდება სამყაროს აღსასრულის ჯამს, როგორც – მაჰდი და დაამყარებს სამართლიაობას. თუმცა, ისმაილიტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იმამთა ხაზი გრძელდება.[3]

რაც შეეხება შიიტ მუსლიმთა დღესასწაულებს, პორტალ Culturetrip მიხედვით, ესენია:

  • რამადანი – ყველაზე ცნობილი ისლამური დღესასწაული, რომელიც ისლამური კალენდრის მეცხრე თვეს აღინიშნება და საკუთარ თავში მოიაზრებს მთელი თვის განმავლობაში მარხვას, ლოცვას, მეჩეთში ხშირად სიარულს და ღარიბთა დახმარებას.
  • ლაილათ ალ-ქადრი – მუსლიმთა რწმენით, სწორედ ამ ღამეს გამოეცხადა წინასწარმეტყველ მუჰამედს ყურანის წმინდა თავები. მართალია, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, რამადანის თვის ბოლო 10 დღეში აღინიშნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამეა მუსლიმთათვის, რომლის დროსაც ისინი მეჩეთებში მიდიან, ყურანს კითხულობენ და ერთმანეთსგან პატიებას ითხოვენ.
  • ეიდ ალ-ფიტრი – აღნიშნული დღესასწაული რამადანის დასრულებას აღნიშნავს და ხშირად აღინიშნება ნადიმით. მუსლიმი ოჯახები ნათესავებისთვისა და მეგობრებისთვის დიდ წვეულებებს აწყობენ და ზეიმობენ რამადანის დასრულებას.
  • ეიდ ალ-ადჰა – ცნობილია, როგორც „მსხვერპლთშეწირვის დღესასწაული“ და აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც წინასწარმეტყველი იბრაჰიმი მზად იყო, ღმერთისთვის შვილი შეეწირა, რათა მისდამი მორჩილება დაემტკიცებინა. როგორც წესი, ამ დღეს მუსლიმები ცხვარს ან თიკანს კლავენ და მსხვერპლად წირავენ.
  • აშურა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია შიტებისთვის, რომელიც მუჰარამის თვის მეათე დღეს აღინიშნება. მათთვის ეს გლოვის დღეს წარმოადგენს, რადგან 680 წელს, სწორედ ამ დღეს დახოცეს მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინ იბნ ალი და მისი ოჯახი. სუნიტები ამ დღეს სხვა დღესასწაულს – წინასწარმეტყველი მოსეს მიერ ისრაელიტების ფარაონისგან დახსნას აღნიშნავენ.
  • არბა’ეენ – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შიიტური დღესასწაული, რომელიც აშურას დღესასწაულიდან 40 დღის შემდგომ აღინიშნება. ამ დღეს იგონებენ და გლოვით აღნიშნავენ 680 წელს, მუჰარამის 10 რიცხვში ჰუსეინ იბნ ალის მოკვლას. მუსლიმებში გავრცელებულია გარდაცვლილთა მოსაგონარი გარდაცვალებიდან 40 დღის შემდგომ, შესაბამისად, ეს დღესასწაულიც სწორედ აღნიშნული ტრადიციითაა განპირობებული.
  • ეიდ ალ-გჰადეერ – დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც აღნიშნავენ წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ ალი იბნ აბუ თალიბის, როგორც მისი მემკვიდრის დასახელებას. შიიტთა აზრით, ეს დღე აღნიშნავს მუჰამედის მიერ საკუთარი ოჯახის, როგორც მისი მემკვიდრეთა ხაზის, დადგენას. ბევრი შიიტი ამ დღეს წირვებს ესწრება ან კითხულობს მუჰამედის და ალი იბნ აბუ თალიბის ცხოვრებების შესახებ.

მავლიდ ან-ნაბი – დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადებას აღნიშნავენ. მუსლიმთა შორის მას განსხვავებულად აღნიშნავენ – ზოგი მღერის სიმღერებს და სიხარულით აღნიშნავს ამ დღეს, ზოგი წირვებს ესწრება მეჩეთებში, ზოგი კი მარხულობს კიდეც, რითაც ღმერთს მადლობას უხდის წინასწარმეტყველის გამორჩევისთვის.[4]

იმ პირების მდგომარეობა პაკისტანში, ვინც უარყო ისლამის სუნიტური მიმდინარეობა და გახდა შიიტი.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების  შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი კანონი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, „კანონის, საჯარო წესრიგისა და მორალის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს, აღასრულოს და პროპაგანდირება გაუწიოს საკუთარ რელიგიას“.

ა.შ.შ მთავრობის გათვლებით, პაკისტანის 210.8 მილიონ პირს შეადგენს, რომელთაგან 96 % მუსლიმია (სხვადასხვა გათვლებით, მათი 80-85 % სუნიტური, ხოლო დანარჩენი 10-15 % კი შიიტური ისლამის მიმდევარია). დანარჩენი 4 %-ში შედიან: აჰმადიები (რომელთან ქვეყნის კანონმდებლობა მუსლიმებად არ მიიჩნევს); ჰინდუსები; ქრისტიანები; ზოროასტრიზმის მიმდევრები; ბაჰა’ისტები; სიკჰები; ბუდისტები; კალაშები; კიჰალები და ჯაინები.

ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში სხვადასხვა შეირაღებული ტეორისტული ჯგუფები კვლავ აგრძელებდნენ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმების მოწყობას, რომელთა სამიზნესაც, ხშირად – შიიტი მუსლიმები, განსაკუთრებით – ეთნიკურად ჰაზარა შიიტები წარმოადგენდნენ. თუმცა, ორგანიზაცია  „სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის“ მონაცემებით, თავდასხმათა რაოდენობამ და სიმძიმემ საგრძნობლად იკლო წინა წლებში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. იმავე ორგანიზაციის მიხედვით,  წლის განმავლობაში სექტარიანულირ ხასიათის 4 ძალადობრივ ინციდენტს, სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 68 – დაშავდა. 4-ვე თავდასხმის სამიზნედ შიიტი პირების შეკრების ადგილები იყო. ამას გარდა, შიიტებზე თავდადასხმათა უმრავლესობის დროს, სამიზნეს უშუალოდ ჰაზარა შიითა ეთნიკური ჯგუფის წევრები წარმოადგენდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მუჰარამის თვის მიმდინარეობისას (შიიტთათვის წმინდა თვე), პაკისტანის მთავრობამ გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესა არაერთ სუნიტ ღვითსმეტყველსა და იმამს, რადგან ისინი ცნობილნი სექტარული შუღლის და დაპირისპირების გაღვივებით. აღნიშნული ქმედება შიიტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო გადადგმული. ამას გარდა, მუჰარამის მეცხრე და მეათე დღეს, როდესაც შიიტები აშურას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მთავრობა (პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი) მოუწოდებდა ყველა მუსლიმს ერთიანობისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა , კიდევ ერთხელ დამატებითი ძალები განალაგეს პენჯაბის, ხიბერ პახტუნტვას და ბალოჩისტანის პროვინციებში. ამას გარდა, ისევ გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესდა იმ სუნიტ იმამებს, რომლებიც ცნობილნი სექტარული შუღლის და დაპირისპირების გაღვივებით.[5]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი პაკისტანში შიიტ მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სხვადასხვა გათვლებით, პაკისტანში შიით მუსლიმთა რაოდენობა საერთო მოსახლეობის 10-დან 25 %-მდე შეადგენს. ისინი ბინადრობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და უმრავლესობით არ არიან წარმოდგენილი პაკისტანის ოთხი პროვინციიდან არც ერთში. ანგარიშის მიხედვით, პაკისტანი შიიტი მუსლიმები, როგორც ვიზუალურად, ისე ლინგვისტურად, არ გამოირჩევიან პაკისტანელი სუნიტებისგან. თუმცა, ამ წესისგან გამონაკლისს წარმოადგენენ ეთნიკურად ჰაზარა შიიტები.

ანგარიშის მიხედვით, შიიტი მუსლმები ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტში და ძირითად პოლიტიკურ პარტიებში. “პაკისტანის ხალხთა პარტიას” (PPP) არაერთი შიიტი ლიდერი ჰყოლია, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდნენ (მაგ. ზულფიკარ ალი ბჰუტო, მისი ქალიშვილი – ბენაზირ ბჰუტო, ბენაზირის ქმარი – ასიფ ალი ზარდარი და ა.შ.). სხვა დიდ პარტიებში, მათ შორის – პრემიერ მინისტრი იმრან ხანის პარტიაში – Tahreek e-Insaf (PTI) და მოძრაობაში Muttahida Qaumi Movement (MQM), არაერთი შიიტი არის გაწევრიანებული და აღნიშნული პარტიები შიიტი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერითაც სარგებლობენ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან შიიტთა მიმართ დამოკიდებულებას, ზოგიერთი წყაროს ცნობით, შიიტებისთვის მნიშვნელოვან მუჰარამის თვეში, პოლიცია ზოგჯერ აკავებდა იმ პირებს, რომლებიც ნებართვის გარეშე მართავდნენ სამგლოვიარო დემონსტრაციებს ან ანალოგიურ ქმედებს ჩადიოდნენ ამისთვის დაწესებული კონკრეტული დროის პერიოდის ფარგლებს მიღმა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, არ მოიძებნა  რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შიიტ მუსლიმთა მიმართ სამთავრობო, საპოლიციო ან სამხედრო სექტორებში ადგილი აქვს სისტემატური ხასიათის დისკრიმინაციას.

ანგარიშში საუბარია შიით მუსლიმთა იძულებითი გაუჩინარების შემთხვევების შესახებაც. მაგალითად, BBC-ის 2018 წლის მაისში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 140-მდე პაკისტანელი შიიტი „გაუჩინარდა“.  მათი უმრავლესობის ოჯახების მიხედვით, ისინი ღამით პაკისტანის სპეც-სამსახურებმა წაიყვანე ს, სავარაუდოდ, სირიაში მებრძოლი  შიიტურ ორგანიზაცია Zainabiyoun Brigade-სთან სავარაუდო კავშირის გამო. ანგარიშში ამას გარდა, ასევე აღნიშნულია პაკისტანის ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯი შიიტთა უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, მთავრობის აქტიური ქმედებები ტერორისტთა თავდასხმების პრევენციის კუთხით, ასევე – ქ. კარაჩიში ჩატარებული მასობრივი სამხედრო კამპანია, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდა შიიტ მუსლიმთა მიმართ თავდასხმების რაოდენობა. ამას გარდა, მთავრობა მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდა ინტერ-სექტარული დიალოგისკენ და ამ კუთხით მართავდა კონფერენციებს. ასევე, 2017 და 2018 წლებში, შიიტური დღესასწაული აშურას მიმდინარეობის დროს, მთავრობამ გამოიყენა მასშტაბური საპოლიციო ძალა, რათა უზრუნველეყო შიიტ მორწმუნეთა უსაფრთხოება. შედეგად, ორივე წელს დღესასწაულებმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. პაკისტანის მთავრობა ასევე უწესებს სამხედრო ესკორტს შიიტ მომლოცველებს, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ თაყვანისცემის ადგილებზე გადაადგილება ირანსა და ერაყში. თუმცა, წყაროთა მიხედვით, ის პირები, რომლებიც აღნიშნული ესკორტის გარეშე გადაადგილდებიან, არიან შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მომეტებული რისკის წინაშე.

რაც შეეხება შიიტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, როგორც წესი, პაკისტანში სოციალური ხასიათის დისკრიმინაცია ვლინდება პოზიტიური დისკრიმინაციის სახით (მაგალითად, ნეპოტიზმი, პირის ხელშეწყობა მასთან ნათესაური, ტომობრივი ან სოციალური კავშირის გამო და ა.შ.). თუმცა, ზოგჯერ ადგილი აქვს უშუალო, ნეგატიურ დისკრიმინაციას შიიტთა მიმართაც. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები არიან, ზოგიერთი ექსტრემისტული ჯგუფი შიიტებს მაინც „მწვალებლებად“ მიიჩნევს. შედეგად, შიიტების მიმართ ზოგჯერ ადგილი აქვს თავდასხმებს აღნიშნული ექსტრემისტების მხრიდან. თუმცა, წყაროთა უმრავლეობის მიხედვით, თავდასხმათა რაოდენობა და სიმძიმე, უკანსაკნელ ხანებში საკმაოდ შემცირდა. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, შიიტები ექვემდებარებიან „სიძულვილის ენასაც“, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში, სკოლებსა და მეჩეთებში.

ანგარიშის მიხედვით, შიიტები და სუნიტები ერთნაირ საჯარო სკოლებში სწავლობენ და ამ სფეროში, შიიტთა მიმართ დისკრიმინაცია თითქმის არაა სახეზე. ერთადერთი პრობლემა ამ კუთხით იყო ის, რომ სკოლის ზოგიერთ წიგნში მოცემულია მხოლოდ სუნიტური სალოცავი რიტუალები და, როგორც წესი, ამოღებულია ინფორმაცია და ისტორიები ცნობილი შიიტი ისტორიული ფიგურების შესახებ.

რაც შეეხება დასაქმებას, შიიტები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პაკისტანის პროფესიულ თემებში, განსაკუთრებით კი – სამედიცინო და იურიდიულ სფეროებში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, არ იძებნება ინფორმაცია დასაქმების კუთხით შიიტთა დისკრიმინაციის შესახებ საჯარო სფეროში. თუმცა, იმავე ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ორგანიზაციის მაღალ ეშელონებში, ადგილი აქვს დისკრიმინაციას.[6]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია უშუალოდ სუნიზმიდან შიიზმზე კონვერტირებული პირების მიმართ არსებული მასობრივი პრობლემების ან უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.

[1] New York Times – article “How Do Sunni and Shia Islam Differ?” published on 3 January 2016; available at https://www.nytimes.com/2016/01/04/world/middleeast/q-and-a-how-do-sunni-and-shia-islam-differ.html [accessed 6 August 2020]

[2] Intermedia.ge- სტატია „სუნიზმი და შიიზმი“; გამოქვეყნებულია 17 ივლისი, 2014; ხელისაწვდომია მისამართზე http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/52683-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98/27/ [წვდომის თარიღი – 6 აგვისტო, 2020]

[3] Fanack – article “The Three Branches of Shia Islam”; published on 17 February 2020; available at https://fanack.com/religions/three-branches-of-shia-islam/ [accessed 6 August 2020]

[4] Culturetrip – “The Biggest Muslim Holidays You Should Know About”; published on 14 November 2017; available at https://theculturetrip.com/middle-east/united-arab-emirates/articles/the-biggest-muslim-holidays-you-should-know-about/ [accessed 7 August 2020]

[5] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Pakistan”; published in June 2020; available at

[accessed 7 August 2020]

[6] United Kingdom Home Office – “Country Policy and Information Note Pakistan: Shia Muslims”; published in January 2019; available at

[accessed 7 August 2020]

პაკისტანი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივლისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების  შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი კანონი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, „კანონის, საჯარო წესრიგისა და მორალის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს, აღასრულოს და პროპაგანდა გაუწიოს საკუთარ რელიგიას“.

აშშ-ის მთავრობის გათვლებით, პაკისტანის მოსახლეობა 210.8 მილიონ პირს შეადგენს, რომელთაგან 96% სუნიტური ან შიიტური ისლამის მიმდევარია. დანარჩენი 4%-ში შედიან: აჰმადიები (რომელთაც ქვეყნის კანონმდებლობა მუსლიმებად არ მიიჩნევს); ჰინდუსები; ქრისტიანები; ზოროასტრიზმის მიმდევრები; ბაჰა’ისტები; სიკჰები; ბუდისტები; კალაშები; კიჰალები და ჯაინები.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასამართლოები კვლავ აგრძელებდნენ „ღვთისგმობის“ კანონების საფუძველზე პირთა დასჯას. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგალითად, წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის)  – სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციით, სულ მცირე 84 პირი დააპატიმრეს ღვთისგმობისათვის, რომელთაგან სულ მცირე 29 შემთხვევაში, სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა განისაზღვრა (გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი, შესაბამისად, 78 და 28-ს წარმოადგენდა). აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში, პაკისტანის მთავრობას, უშუალოდ ზემოხსენებული დანაშაულისთვის სიკვდილით ჯერ არავინ დაუსჯია. ანგარიშში ასევე მოცემული იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რომელთა მიმართ პირებს, ღვთისგმობის დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის – სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები = გამოხატავდნენ აღშფოთებას იმის თაობაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები, ხშირად უგულებელყოფდნენ ელემენტარულ მტკიცებულებათა სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხებოდა ღვთისგმობის შემთხვევებს. ასევე, ისინი აცხადებდნენ, რომ შესაბამისი სამსახურები ხშირად ვერ ახერხებდნენ რელიგიური უმცირესობების დაცვას სოციალური ძალადობის დროს, რაც ხშირად განპირობებული იყო დამნაშავეთა მიმართ შიშით, არასაკმარისი რაოდენობის ოფიცრებით და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები, ხშირად, არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ, რადგან ქვეყანაში გავრცელებული იყო კორუფცია, ქრთამის აღების შემთხვევები, ზეწოლა მსხვერპლებზე, რომ მათ არ ეჩივლათ პოლიციაში და ა.შ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეირაღებული ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც როგორც პაკისტანის, ასევე – აშშ-ის მთავრობების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან გამოცხადებულნი, აგრძელებდნენ თავდასხმების მოწყობას რელიგიურ უმცირესობებზე, განსაკუთრებით კი – ჰაზარა შიიტ მუსლიმებზე. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, აღნიშნული ხასიათის თავდასხმების ინტენსივობამ იკლო.[1]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია სპეციალურ ანგარიშში პაკისტანის ღვთისგმობის კანონების შესახებ წერდა, რომ პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის 295-298 მუხლები უკრძალავს პირებს, მოიმოქმედონ ვერბალური ან არა ვერბალური მოქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს რწმენასა და რელიგიას. აღნიშნული კანონები ასევე ვრცელდება ყურანის ფიზიკურად ხელშესახებ წიგნებზე და სხვა რელიგიურ ტექსტებზე; თაყვანისცემის ადგილებზე; წინასწარმეტყველი მუჰამედის რეპუტაციაზე და სხვა რელიგიურ სიმბოლიკაზე. მტკიცების ტვირთი, ღვთისგმობის ფაქტების შემთხვევაში, მინიმალურია. ამას გარდა, აღნიშნულ კანონებს პაკისტანში იყენებენ რელიგიური კონვერტაციის და პროზელიტიზმის შესაზღუდად და, ასევე – მათი კრიმინალიზებისთვის.

პაკისტანელები, მათ შორის ბავშვები და მენტალურად დაავადებული პირები, წარსულში ფორმალურად არაერთხელ გამხდარან ღვთისგმობის კანონების საფუძველზე ბრალდების ობიექტები. მიზეზებს შორის იყო შემდეგი შემთხვევებიც: ყურანის ან სხვა რელიგიური ტექსტის ფიზიკური დაზიანება (თუნდაც, უნებლიედ); ისეთი ტიპის ტექსტური შეტყობინების მიღება ან გაგზავნა, რომელიც მიიჩნევა ისლამური რწმენის ან წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფლად; კონკრეტული ტექსტების ატვირთვა პირად ბლოგებზე, არა-მუსლიმურ ვებ-გვერდებზე ან სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რომლებიც შესაძლოა, ისლამს შეურაცხყოფდეს; პირად საუბარში ისეთი კომენტარების გაკეთება, რომლებიც  თავის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩაითვალოს  ღვთისგმობა და რომლის დამტკიცებად მოწმის ჩვენებითაა შესაძლებელი და  ა.შ.

კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში სულ მცირე 80 პირია პატიმრობაში ღვთისგმობის კანონების გამო. მათგან ბევრს სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პაკისტანის მთავრობის აღნიშნული დანაშაულისთვის პრაქტიკაში სიკვდილით, ჯერჯერობით არავინ დაუსჯია.

ანგარიშში მოცემულია კონკრეტული, ინდივიდუალური ქეისები, სადაც პირები ღვთისგმობის კანონების გამო, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • 2019 წლის 29 ივნისს, პაკისტანის შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს მუშთაქ და ნომან აგჰარები, ქრისტიანი თინეიჯერები პენჯაბის შტატიდან, რადგან მათ, სავარაუდოდ, ელექტრონული შეტყობინების სახით მიიღეს წინასწარმეტყველი მუჰამედის ამსახველი ფოტოები. იგივე სამსახურებს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ გამგზავნი პირის – ბილალ აჰმადის პასუხისგებაში მისაცემად, რომელიც მუსლიმია.
  • 2019 წლის 27 მაისს სინდჰის პროვინციაში დააკავეს რამეშ კუმარი, ჰინდუსი ვეტერინარი, რადგან ადგილობრივმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ კუმარი ჰყიდდა მედიკამენტებს, რომლებიც შეფუთული იყოს იმ ფურცლებით, რომლებზეც დატანილი იყო ისლამური ტექსტები. მისი დაპატიმრების შემდეგ, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს და ადგილობრივმა ბრბომ, გავრცელებული ცნობებით, დააზიანა სულ მცირე 3 ჰინდუსის მაღაზია. კუმარი წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უვადოდ პატიმრობა ემუქრება.
  • 2017 წლის ივნისში, ბაჰავალპურის ანტი-ტერორისტულმა სასამართლომ შიიტ მუსლიმს – ვინმე თაიმოორ რაზას ღვთისგმობის საფუძველზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. რაზამ, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარმეტყველ მუჰამედს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. ის გახდა პაკისტანში პირველი პირი, რომელსაც სოციალურ ქსელში კომენტარისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა მიესაჯა. [2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ გარკვეული რელიგიური უმცირესობები განიცდიდნენ თავდასხმებს არასამთავრობო აქტორების მხრიდან, ასევე – ისინი ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს. მაგალითად, დეკემბერში ჯუნაიდ ჰაფეეზს – პროფესორს, რომელიც ბრალდებული იყოს ღვთისგმობაში, მულთანის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის 2013 წლიდან მოყოლებულ პატიმრობაში იყო და მეტიც, დროის უმეტესი ნაწილი იზოლირებულ საკანში, მარტომ გაატარა. ამას გარდა, სექტემბერში ქ. გჰოტკიში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი – ნაუთან ლალი, ასევე ღვთისგმობის ბრალდებით ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის მიერ ანგაჟირებულმა ბრბომ ადგილობრივი ჰინდუსური ტაძარი დაარბია და თავს დაესხა ჰინდუსი მოსახლეობის ქონებას.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პაკისტანში ქალები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი პირები კვლავ იყვნენ ძალადობის ქვეშ და განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხოლო მთავრობა, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფდა მათ ადექვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადოდ დასჯას.

პაკისტანის მთავრობა არც ცვლიდა ან აუქმებდა ქვეყანაში მოქმედ “ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გარკვეულ ქვეტექსტს როგორც რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობისთვის, ასევე – პირთა თვითნებური დაკავებისა და მათი სამართლებრივი დევნისთვის. აღნიშნული კანონების საფუძველზე, ასობით პირი იქნა დაკავებული (მათ შორის უმრავლესობა, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი იყო) ხოლო მათგან 40 პირი დღესაც სიკვდილმისჯილთა რიგებში იმყოფებოდა. მაგალითად, აპრილში, პენჯაბის შტატში ტანსაცმლით მოვაჭრე დააკავეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა და სხვა მოვაჭრეებმა, მას ბრალი დასდეს ღვთისგმობაში. მაისში, სინდჰის ერთ-ერთ ქალაქში ადგილი ჰქონდა მასშტაბურ არეულობას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ღვთისგმობის ბრალდებით დააპატიმრეს ჰინდუსი ვეტერინარი, რადგან მან წამალი, სავარაუდოდ იმ ქაღალდში შეფუთა, რომელზეც ყურანიდან ნაწყვეტები იყო დატანილი.[4]

[1] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Pakistan”; published in June 2020; available at

[accessed 14 July 2020]

[2] USCIRF – POLICY UPDATE: PAKISTAN’S BLASPHEMY LAW; published in October 2019; available at

[accessed 14 July 2020]

[3] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Pakistan”; published on 30 January 2020; available at

[accessed 14 July 2020]

[4] Human Rights Watch – “World Report 2020 – Pakistan”; published on 14 January 2020; available at

[accessed 14 July 2020]

პაკისტანი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში  საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი არ ფიქსირდება. თუმცა, სახეზეა შიდა ტიპის კონფლიქტი, კერძოდ, პაკისტანის მთავრობა აქტიურად ებრძვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას, მათ შორის – ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ ასოცირებულ ჯგუფებს.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ეხება, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონების მიხედვითა განსხვავებულია. მასზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა – პოლიტიკური ძალადობა; არასახელმწიფო შეიარაღებული აქტორების მიერ ჩადენილი ქმედებები; ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიური ტიპის ძალადობა. ამას გარდა, საშინაო უსაფრთხოებაზე ზოგჯერ უარყოფითად აისახება მცირე შეტაკებები,  მეზობელ ქვეყნებთან (ინდოეთი და ავღანეთი), რომლებიც ზოგჯერ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პაკისტანში ძალადობის მაჩენებლის ზრდა უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში არასტაბილურ ვითარებას, რომელიც დაიწყო 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ავღანური თალიბანის ზოგიერთი წევრი, გაექცა რა აშშ-ის მეთაურობით შემოჭრილ საერთაშორისო კოალიციას, დასახლდა ორ ძირითად რეგიონში – FATA და ხიბერ პახტუნკხვა. დროთა განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში მათ გაზარდეს საკუთარი გავლენა და დაიქვემდებარეს ანალოგიურ იდეოლოგიურ მოტივებზე შექმნილი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. საბოლოოდ, აღნიშნული პროცესი გადაიქცა რეგიონის ერთგვარ „თალიბანიზაციად“. თალიბანის მიდგომები იყო საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულ ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებული, რამაც შედეგად სამოქალაქო პირებზე ძალადობა და, საბოლოოდ, პაკისტანის ხელისუფლებასთან კონფლიქტი გამოიწვია. 2007 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ 2 რეგიონში პაკისტანის მთავრობამ განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, პირთა მასობრივი იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.

ანგარიშში საუბარია მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე და გასული წლების განმავლობაში, რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობის დამყარების არაერთ მცდელობაზე. მათ შორის, იყო 2014 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოო ჩაიშალა; 2014 წლის 20 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლებში განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია – Zarb-e-Azb; 2017 წელს – ოპერაცია „Radd-Ul-Fasaad“ და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4-5 წლის განმავლობა, პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესების ტრენდი შეინიშნება. ყოველწლიურად, წინა წელთან შედარებით, ნაკლები ინციდენტი და ნაკლები მსხვერპლი ფიქსირდება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანი არის ფედერალური მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც, 2018 წლიდან Tehreek-e-Insaf (PTI) პარტიაა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრია აღნიშნული პარტიის ლიდერი – იმრან ხანი.

პაკისტანში  საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო პოლიციაა, რომლის ადგილობრივი დანაყოფებიც ფედერალური ერთეულების მთავრობების იურისდიქციაშია. ამას გარდა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (მაგალითად, ბალოჩისტანი, ხიბერ პახტუნკხვა) ასევე მოქმედებენ გასამხედროებული ჯგუფები და რეინჯერები, რომლებიც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. ზემოხსენებულ ჯგუფთა ძირითადი მიზანია შეინარჩუნონ უსაფრთხოება პაკისტანი-ავღანეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურები ექვემდებარებიან სამოქალაქო სტრუქტურებს და მთავრობას, ზოგჯერ, ისინი მაინც მოქმედებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამთავრობო მონიტორინგის გარეშე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პაკისტანში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – სამთავრობო უწყებების მიერ ჩადენილი კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; წამება; თვითნებური დაკავება; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები; კორუფცია; ტრეფიკინგი და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სამთავრობო პასუხისმგებლობის საკითხი, იშვიათად თუ დგებოდა. ამას გარდა, შესაბამისი სამსახურები თითქმის არ სჯიდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დამნაშავე საჯარო მოხელეებს.

პაკისტანში, ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აუარესებს ისეთი არასახელმწიფო აქტორების, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებები და ტერორისტულ ორგანიზაციები, მიერ  ჩადენილი ძალადობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც თანხვედრაშია უკანასკნელ წლებში დაფიქსირებულ, ზოგადი კლების ტენდენციასთან. 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ზემოხსენებული არასახელმწიფო აქტორების ქმედებების შედეგად განხორციელებულ ძალადობას 315 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 697 იყო).[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი იმრან ხანის მმართველობის პერიოდში, გაიზარდა შეზღუდვები მედიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების კუთხით.

ბევრი ადამიანი იღუპებოდა „პაკისტანის თალიბანის“; „ალ ქაედას“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმების შედეგად. როგორც აღნიშნული ჯგუფების წევრები, ასევე – სამთავრობო ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, ემუქრებოდნენ მედიას და ახორციელებდნენ ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე. პაკისტანში ქალები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი პირები კვლავ იყვნენ ძალადობის ქვეშ და განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხოლო მთავრობა, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფდა მათ ადექვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადოდ დასჯას.

მთავრობა ახორციელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას ოპოზიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის – მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები, დაპატიმრებულ იქნენ კორუფციის ბრალდებებით. [4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ მთავრობა ამკაცრებდა შეზღუდვებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ქვეყანაში ფიქსირდებოდა იძულებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომელთა ორგანიზატორებისთვის სასჯელი იშვიათად თუ დგებოდა. პაკისტანის მთავრობამ ვერ მოახერხა აღნიშნული დანაშაულის და, ასევე, წამების ამკრძალავი საკანონმდებლო ნორმების მიღება. ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა. პარლამენტმა არ განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა ბავშვთა ქორწინების აკრძალვას. რელიგიური უმცირესობები განიცდიდნენ თავდასხმებს არასამთავრობო აქტორების მხრიდან, ასევე – ისინი ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს. ამას გარდა, ქვეყნის ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საზიანო მაჩვენებელს აღწევდა, რაც რისკის ქვეშ აყენებდა ადამიანთან სიცოცხლესა და ჯანრმთელობას.[5]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 3 April 2020]

[2] EASO – Pakistan Security situation Country of Origin Information Report – October 2019; available at

[accessed 3 April 2020]

[3] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published on 11 March 2020; available at

[accessed 3 April 2020]

[4] Human Rights Watch – “World Report 2020 – Pakistan”; published on 14 January 2020; available at

[accessed 3 April 2020]

[5] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Pakistan”; published on 30 January 2020; available at

[accessed 3 April 2020]

პაკისტანი. ერთი დანაშაულისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ივნისი, 2019

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია პაკისტანის ნებისმიერი კანონის წინაშე და ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის, შეიძლება, დაისაჯოს პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ისე, როგორც დაისჯებოდა აღნიშნული ქმედების პაკისტანის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის მეოთხე მუხლი დამატებით ადგენს, რომ კოდექსის დებულებები ვრცელდება ასევე პაკისტანის ყველა მოქალაქეზე ან პაკისტანის სამსახურში მყოფ ყველა სუბიექტზე ნებისმიერ ადგილას – ნებისმიერ პირზე, გემზე ან საჰაერო ხომალდზე, რომელიც რეგისტრირებულია პაკისტანში. აღნიშნულ მუხლში გამოყენებული ტერმინი „დანაშაული“ მოიცავს პაკისტანის გარეთ ჩადენილ ნებისმიერ აქტს, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში, იქნებოდა დასჯადი აღნიშნული კოდექსის მიხედვით.[1]

„გადაეცი ან გაასამართლე“ პრინციპის შესაბამისად, პირი, რომელიც ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ქვეყანამ ან თავად უნდა გაასამართლოს დანაშაულის ჩამდენი ან კანონიერი საფუძვლებით გადასცეს გასასამართლებლად სხვა ქვეყანას. ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის პირი შეიძლება გასამართლდეს ან იმ ქვეყანაში, სადაც ჩაიდინა დანაშაული ან იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის.[2]

დაუშვებელია, პირი ორჯერ დაისაჯოს ერთი და იგივე დანაშაულისთვის. ორჯერ დასჯის დაუშვებლობის პრინციპი (ne bis in idem), რომელიც თითქმის უნივერსალურად არის ასახული ქვეყნების შიდა კანონმდებლობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტში, ადგენს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს ორჯერ ერთი და იგივე დანაშაულისთვის.[3]

ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გასამართლებას კრძალავს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია. მეცამეტე მუხლის მიხედვით, არავინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში ან დაისაჯოს ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთზე მეტჯერ.[4]

[1] Pakistan Penal Code (Act XLV of 1860); available at: http://www.pakistani.org/pakistan/legislation/1860/actXLVof1860.html [accessed 20 June 2019]

[2] UN; International Law Commission; Obligation to extradite or prosecute (aut dedere aut judicare); available at: http://legal.un.org/ilc/guide/7_6.shtml [accessed 20 June 2019]

[3] Oxford Public International Law; Ne bis in idem; Prohibition of Double Jeopardy; available at: https://opil.ouplaw.com/view/10.1093/law:epil/9780199231690/law-9780199231690-e66 [accessed 20 June 2019]

[4] The Constitution of the Islamic Republic of Pakistan; available at: http://www.pakistani.org/pakistan/constitution/ [accessed 20 June 2019]

პაკისტანი. თალიბანის აქტივობა პეშავარის რეგიონში. ნოემბერი. 2018

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანი“ (Tehrik-e Taliban Pakistan) ასევე ცნობილი, როგორც „პაკისტანური თალიბანი“; “ტეჰრეეკ-ე თალიბანი” ან TTP, არის პაკისტანისა და ავღანეთის ტეროტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა 2007 წელს, რათა წინააღმდეგობა გაეწია პაკისტანის მთავრობის სამხედრო ქმედებებისთვის “ფედერალურ ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ ტომობრივ ტერიტორიაზე“ (Federally Administered Tribal Areas (FATA) – ნახევრად ავტონომიური ტერიტორიული ერთეული პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). დაჯგუფების პირველი ლიდერი იყო აწ. გარდაცვლილი ბაიტულაჰ მეჰსუდი. უკანასკნელ ხანებში, ტეჰრიკ-ე თალიბანს  2018 წელს მის გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მულლაჰ ფაზლულაჰჰი.

TTP-ს მიზანია, გააძევოს პაკისტანის მთავრობა „FATA“-ს რეგიონიდან და, ასევე, „კჰიბერ პაკჰტუნკვას“ (Khyber Pakhtunkwa) პროვინციის ნაწილიდან და დაამყაროს შარიათზე დაფუძვნებული რეჟიმი. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია მიმართავს ტერორისტულ თავდასხმების მეთოდებს პაკისტანის სახელმწიფოსა და სამხედრო ძალებზე.

დაარსებიდან მოყოლებული, TTP-მ განახორციელა და პასუხისმგებლობა აიღო როგორც პაკისტანის, ასევე – ა.შ.შ. წინააღმდეგ მიმართულ მრავალ ტერორისტულ აქტზე. მათ შორის, აღსანიშნავია, 2009 წელს ავღანეთში, კჰოსტის რეგიონში მდებარე ა.შ.შ. სამხედრო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რასაც 7 ა.შ.შ. მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამას გარდა, 2010 წლის აპრილში პეშავარის რეგიონში ა.შ.შ. საკონსულოზე ასევე თვითმკვლელი ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგად 6 პაკისტანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

კონკრეტულად პეშავარის რეგიონში TTP-ს მიერ განხორციელებული ტერორისტული ქმედებებიდან აღსანიშნავია 2014 წელს ერთ-ერთ ადგილობრივ საჯარო სკოლაზე განხორციელებული ალყა, რასაც 145 ადამიანის (აქედან 132 – ბავშვი) სიცოცხლე ემსხვერპლა; 2015 წელს პეშავართან ახლოს მდებარე შიიტური მეჩეთი აფეთქების შემთხვევა; ასევე, 2016 წლის დეკემბერში, პეშავარის პოლიციის კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული თავდასხმა, რაც აღნიშნული პირის სიკვდილით დასრულდა, ხოლო მისი ვაჟი – მძიმედ დაშავდა. 2017 წლის დეკემბერში, TTP-ს წევრები, რომლებიც ქალებად იყვნენ გადაცმული, თავს დაესხნენ პეშავარის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს, რასაც 9 პირის სიცოცხლე (მათ შორის, თავდამსხმელების) ემსხვერპლა.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) პაკისტანში უსაფრთხოების კუთხისთ არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ Tehrik-e Taliban, ანუ, თალიბანის პაკისტანური მოძრაობა არის ქვეყანაში მოქმედი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია. 2014 წლის 14 დეკემბერს, ჯგუფის 9 წევრმა ცეცხლი გახსნა პეშავარის რეგიონში მდებარე სამხედრო საჯარო სკოლაში. შემთვევას 145 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის – 132 არასრულწლოვანი იყო (ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

2014 წლის 25 დეკემბერს, ყოფილა პრემიერ მინისტრმა ნავაზ შარიფმა გამოაცხადა 20 პუნქტიანი ერვონული სამოქმედო გეგმა  (National Action Plan – NAP), რათა აღეკვეთათ ტერორისტული თავდასხმები. გეგმის თანახმად, დაფუძვნდებოდა სპეციალური „სამხედრო სასამართლოები“, რათა დაეჩქარებინათ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების საქმეთა განხილვა; გაგრძელდებოდა სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა; შეიქმნებოდა 5000 პირით დამოკმპლექტებული კონტრტერორისტული ჯგუფი; სამოქალაქო შეიარაღებული პირებს აეკრძალებოდათ საქმიანობა. ამას გარდა, პაკისტანის სამხედრო ძალები გააგრძელებდნენ “ფედერალურ ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ ტომობრივ ტერიტორიაზე“(FATA) სამხედრო ქმედებებს.

2015-2016 წლების მანძილზე, მიმდინარეობდა სამხედრო კამპანია სახელწოდებით „ზარბ-ე-აზბ“. სამხედრო ქმედებათა სამიზნეს წარმოადგენდა FATA-ში მოქმედი არაერთი ტერორისტული ორგანიზაცია.

2018 წლის ივნისში, „სკაიპის“ საშუალებით მიცემული ინტერვიუში „ვუდრო უილსონის მკვლევართა საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტმა მაიკლ კუგელმანმა განაცხადა, რომ პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. მან,ასევე, აღნიშნა, რომ იკლო ტერორისტული თავდასხმების შემთხვევების რაოდენობამაც. კუგელმანის თქმით, ამის მიზეზია პაკისტანის სამხედრო ძალების გაძლიერებული კონტრტერორისტული ქმედებები. თუმცა, შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების „ნიადაგი“ ჯერ კიდევ არსებობს, რაც ნაწილობრივ განპირობებული ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის სიმყიფით. ანგარიშის მიხედვით, მანამ, სანამ არ შემუშავდება საზღვრების მართვის ეფექტური და ძლიერი სტრატეგია, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ჯგუფები გააგრძელებენ პაკისტანში თავდასმხების განხორციელებას. „პაკისტანის სამშვიდობო კვლევათა ინსტიტუტის“ (PIPS) დირექტორმა და ანალიტიკოსმა მოჰამმად ამირ რანამ ივნისში, სკაიპის საშუალებით მიცემული ინტერვიუსას განაცხადა, რომ „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უმჯობესდება, თუმცა მთავრობისთვის გამოწვევა იქნება 25 ივლისში საერთო არჩევნებამდე და არჩევნების მიმდიანრეობისას იმავე დონის უსაფრთხოების შენარჩუნება“.[2]

მედია საშუალება CNN 2018 წლის 11 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პაკისტანის თალიბანმა პასუხისიმგებლობა აიღო პეშავარში 10 ივლისს,  წინასაარჩევნო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებულ თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმაზე. შემთხვევის შედეგად 20 პირი გარდაიცვალა, მათ შორის იყო ავამის ნაციონალური პარტიის საარჩევნო კანდიდატი ჰაროომ ბილოური. პაშავარის ცენტრალური საავადმყოფოს სპიკერის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა 63 პირი.[3]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2017 – Foreign Terrorist Organizations: Tehrik-e Taliban Pakistan, 19 September 2018, available at:

[accessed 22 November 2018]

[2] EASO Country of Origin Information Report Pakistan Security Situation – October 2018, available at

[accessed 22 November 2018]

[3] CNN – article “Pakistani Taliban claims responsibility for deadly election suicide attack” July 11 2018, available at https://edition.cnn.com/2018/07/11/asia/pakistan-peshawar-taliban-suicide-attack-intl/index.html [accessed 22 November 2018]

პაკისტანი. შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Minority Rights Group International პაკისტანში შიიტთა და ჰაზარას უმცირესებათა შესახებ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ შიიტები პაკისტანის მთლიანი მუსლიმური პოპულაციის 15 პროცენტს შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ შიიტები, როგორც მუსლიმები არ არიან შებოჭილი იმ კონკრეტული შეზღუდვებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებობს, ისინი სუნიტი ექსტრემისტების მიერ მაინც „მწვალებლებად“ არიან აღქმულნი. შედეგად, მათი მხრიდან  შიიტური უმცირესობის წარმომადგენლები შეიძლება დაექვემდებარონ ზოგადად მტრულ დამოკიდებულებასა და საჯარო მოწოდებებს  მათი მკვლელობის შესახებ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიარაღებული ჯგუფების მიერ შიიტ მუსლიმებზე თავდასხმები განსაკუთრებით სისხლიანი გახდა. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული დაბომბვების სამიზნეს, ხშირად, წარმოადგენდა სოციალური შეკრებები და შიიტებით გადატვირტული ლოკაციები. თავდასხმის ობიექტს, ასევე, წარმოადგენდა შიიტთა სალოცავი ადგილები.

მიუხედავად იმისა, რომ შიიტებზე ძალადობრივი თავდასხმები ქვეყანაში ზოგადი უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების ფონზე გაიზარდა, კონკრეტულად შიიტებზე თავდასხმები, როგორც წესი, გამორჩეულია და მოტივირებულია პოლიტიკური ან სამხედრო მიზეზით, ან უბრალოდ განურჩეველი თავდასხმით სამოქალაქო პირებზე. თავდასხმები, ასევე, ხორციელდება შიიტი მომლოცველების მიმართ, მაშინ როდესაც ისინი წმინდა ადგილების მოსალოცად მიემართებიან ირანში და როდესაც უკან ბრუნდებიან ირანიდან პაკისტანში, პაკისტანი-ირანის დამაკავშირებელი 700 კმ სიგრძის ავტობანის გავლით.

შიიტები ასევე, ექვემდებარებიან სიძულვილის ენას სხვადასხვა ფორმის გამოვლინებით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მეჩეთებში, სკოლებსა თუ სოციალურ ქსელებში განხორციელებული კამპანიები. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მათ ღიად უწოდებენ „მწვალებლებს“ ან „ერეტიკოსებს“ და სუნიტებს მოუწოდებენ მათ მოსაკლავად.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House პაკისტანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2017 წელს რელიგიური ნიშნის მიხედვით ძალადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნული ნიშნის გამო თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა 231 პირი, რომელთა უმრავლესობაც შიიტი მუსლიმი იყო. ზემოხსენებული მაჩვენებელი 2016 წელს 137-ს უდრიდა.

ორგანიზაცია პაკისტანში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას შესაბამის შკალაზე მაქსიმუმი 4 ბალიდან 2 ბალით აფასებს. ზოგადად, პაკისტანელებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი მრავალ საკითხზე, მათ შორის – ონლაინ საშუალებებით. თუმცა, ბოლოხანს სამართალდამცავმა ორგანოებმა წამოიწყეს კამპანია ინტერნეტ სივრცეში განთავსებული „ღვთისმგმობი“ მასალის წინააღმდეგ. მაგალითად, 2017 წლის ივნისში კონკრეტული შიიტი მამაკაცი გახდა პირველი პირი, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული „ღვთისმგმობი“ პოსტის გამო, სიკვდილით დასჯა მიესაჯა.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობის ინციდენტებმა 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად იკლო. „პაკისტანის მშვიდობის კვლევათა ინსტიტუტის“ (PIPS) ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობა 41 %-ით, ხოლო დაშავებულ პირთა რაოდენობა კი – 29 %-ით შემცირდა. უმრავლეს შემთხვევებში, დამნაშავეებს წარმოადგენდნენ სუნიტური შეიარაღებული ჯგუფები, ხოლო რაც შეეხება ძალადობის ობიექტს, ყველაზე ხშირად მსხვერპლს შიიტი მუსლიმები წარმოადგენდნენ.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ პოლიციის წარმომადგენლები, ხშირად, ვერ ახერხებდნენ დაეცვათ უმცირესობის (აჰმადიები, შიიტები, ქრისტიანები, ა.შ.) წარმომადგენლები შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმისგან. შიიტური ორგანიზაციები, ასევე, აცხადებდნენ, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ირანში და ბალოჩისტანში მიმავალი მომლოცველების ადეკვატურ დაცვას. ამას გარდა, სასამართლოები დისკრიმინაციული მიდგომით იყენებდნენ „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს ქრისტიანებთან, აჰმადიებთან, შიიტებთან და სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით.

საზოგადოების მხრიდან მომავალი ძალადობა კვლავ რჩებოდა პრობლემად, რაც ძირითადად განპირობებული იყო რელიგიური შეუწყნარებლობით. ვრცელდებოდა ცნობები ხალხის ბრბოს მიერ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე (მათ შორის, შიიტები) თავდასხმის შესახებ.[4]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივი, ისე – ა.შ.შ. მთავრობების მიერ აკრძალული ექსტრემისტული ჯგუფები, ასევე, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები, სავარაუდოდ რელიგიური მოტივით, თავს ესხმოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს (შიიტებს, ქრიტიანებს, ჰაზარა მუსლიმებს და ა.შ.).

სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმაზე, რომ მთავრობა ხშირად სათანადოდ არ ერეოდა და ვერ იცავდა რელიგიურ უმცირესობებს საზოგადოებისგან მომავალი ძალადობისგან, ასევე, იმ საკითხზე, რომ პოლიცია ხშირ შემთვევებში ვერ ახერხებდა დამნაშავეთა დაპატიმრებას. ამის საპირისპიროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები წერდნენ, რომ ზოგიერთი შემთხვევის დროს, პოლიციის ჩარევამ უზრუნველყო რელიგიურად მოტივირებული ძალადობის თავიდან აცილება.

პრესის ინფორმაციით, ოქტომბერში სინდჰის პროვინციაში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შიიტურმა ორგანიზაციამ ქალაქ კარაჩიში წამოიწყო საპროტესტო კამპანია, რათა გაეპროტესტებინა შიიტი აქტივისტების მთავრობის მიერ დაკავებისა და „გაუჩინარებების“ ფაქტები. საპასუხოდ, სინჰის პროვინციის მთავარმა მინისტრმა უარყო ყველანაირი ბრალდება.

შიიტებისთვის რელიგიურად უმნიშვნელოვანესი ისლამური თვის – მუჰარანის დროს, ფედერალურმა და მუნიციპალურმა მთავრობებმა გადაადგილება შეუზღუდეს დაუდგენელი რაოდენობის მოძღვარს. გავრცელებული ცნობით, მთავრობის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ რელიგიური შუღლის გაღვივების შემთხვევებით და ამ ნაბიჯით, მთავრობა ცდილობდა, არ დაეშვა სიტუაციის ესკალაცია. პროვინციულმა მთავრობებმა, შიიტური „აშურა“ დღესასწაულის დროს, შიიტი მომლოცველების დასაცავად ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი პოლიციელი გამოყვეს. დამკვირვებელთა ცნობით, დღესასწაულმა წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდობიანად ჩაიარა.

ექსტრემისტული ჯგუფები განაგრძობდნენ რელიგიური ნიშნით მოტივირებულ თავდასხმებს შიიტურ სალოცავ ადგილებზე, შეკრებებსა თუ შიიტ რელიგიურ ლიდერებზე, რასაც წლის განმავლობაში 112 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[5]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო პაკისტანში შიიტი მუსლიმების მდგომარეობის შესახებ 2014 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2010-2013 წლები) წერს, რომ შიიტები განიცდიან შეიარაღებული ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე წყაროს ცნობით, სამთავრობო ქმედებები, რომ თავიდან აერიდებინათ აღნიშნული შემთხვევები და სათანადოდ დაეცვათ უმცირესობის წარმომადგენლები, არ იყო საკმარისი. ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზია პოლიტიკური ნების არარსებობა. „პაკისტანის მთავრობას ზოგადად არ გაუკეთებია ბევრი, არ იღებს პასუხისმგებლობას და არც სურს, რომ იმოქმედოს აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით“ – განაცხადა „ჯინას ინსტიტუტის“ წარმომადგენლმა. “ადამიანის უფლებათა აზიური კომისიის” (AHRC) მიხედვით, პაკისტანის მთავრობამ, უმრავლეს შემთხვევებში „ან უარი განაცხადა მათ დაცვაზე ან ვერ უზრუნველყო შიიტური მუსლიმების დაცვა“.

ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებები წერდნენ, რომ რიგ შემთხვევებში, რელიგიური დაძაბულობის დროს, მთავრობამ პოლიციის მხარდაჭერით უზრუნველყო პირთა უსაფრთხოება.

რაც შეეხება სიტუაციას პოლიციისა და სასამართლოს ქმედებების კუთხით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობა არ მოქმედებს ძლიერი სექტანტური ორგანიზაციების წინააღმდეგ, შესაბამისად, ვერც სასამართლო და პოლიციის წარმომადგენლები ბედავენ მათ წინააღმდეგ მოქმედებას. „ჯინას ინსტიტუტის“ წარმომადგენლის განცხადებით „არანაირი კონრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, რომ გამოეძიებიანთ შიიტებზე განხორციელებული თავდასხმები“. AHRC მიხედვით, „არ არსებობს შიიტების მკვლელობის ერთი კონრეტული საქმე, რომელიც სათანადოდ იქნა გამოძიებული. არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რადგან პროკურორებსა და მოსამართლეებს ეშინიათ ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების დასჯის“. ჯინას ინსიტუტის წარმომადგენლის ინფორმაციით, „არავინ არ დაუპატიმრებიათ ან გაუსამართლებით შიიტების კანონგარეშე მკვლელობისთვის. არსებობს სპეციალური ანტი-ტერორისტული სასამართლოები, თუმცა ისინი რელიგიურად მოტივირებული მკვლელობის საქმეებს იშვიათად განიხილავენ“.[6]

[1] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Pakistan : Shi’a and Hazaras, June 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Pakistan, 28 May 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[3] EASO, “Country of Origin Information Report Pakistan Security Situation” October 2018, available at

[accessed 21 November 2018]

[4] United States Department of State, “PAKISTAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT”, available at

[accessed 21 November 2018]

[5] United States Department of State, “PAKISTAN 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT”, available at 

[accessed 21 November 2018]

[6] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Pakistan: How Shia Muslims differ from Sunnis; treatment of Shias, particularly in Lahore and Multan; government response to violence against Shia Muslims (2010-December 2013), 9 January 2014, PAK104713.E , available at:

[accessed 21 November 2018]