პალესტინის ტერიტორია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ღაზის სექტორში. მაისი, 2021

უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებია ისრაელის მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, რომელსაც ოკუპირებული აქვს დასავლეთი სანაპირო (მათ შორის – აღმოსავლეთი იერუსალიმი) და ღაზას სექტორი. [1]

ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისარიატი 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს ღაზას სექტორში ძალაუფლება დაჯგუფება „Hamas”-მა ჩაიგდო ხელში, ისრაელმა აღნიშნული რეგიონის სრული ბლოკადა მოახდინა. აღნიშნულის შემდგომ, სექტორში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ცვალებადია: სახეზეა დაბალი ინტენსივობის შეტაკებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასს“ შორის, რაც ზოგჯერ გადაიზრდება შედარებით უფრო ინტენსიურ ძალადობაში. „ჰამასი“ იყენებს სარაკეტო იერიშებს და საზღვრის მიმდებარე თავდასხმებს, რათა აიძულოს ისრაელი, მოხსნას ბლოკადა. ხოლო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ,  იყენებს სამხედრო ძალას და ბლოკადას, რათა შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია. ძალადობის ესკალაციის მოკლე, თუმცა ინტენსიურ შემთხვევებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ძალადობის კონკრეტულ ზღვარს გადადიან. მაგალითად, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2014 წელს, რასაც  შედეგად მოჰყვა ოპერაცია „Protective Edge”  – ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი ღაზაში 2007 წლის შემდგომ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 15 მაისიდან მოყოლებული, „ჰამასი“ და ისრაელი ჩართულნი არიან არაფორმალურ მოლაპარაკებებში. თუმცა, ძალადობა (სასაზღვრე ძალადობა, სარაკეტო იერიშები და ა.შ.) პალესტინის მხარეს პერიოდულად კვლავ იჩენს თავს მაშინ, როდესაც „ჰამასი“ მიიჩნევს, რომ ისრაელის მხარე დანაპირებს სათანადოდ არ ასრულებს. ამას კიდე შედეგად მოჰყვება ისრაელის მხრიდან პასუხი, რაც ხშირად საჰაერო დაბომბვებისა და ეკონომიკური სანქციების სახეს იღებს. ძალადობის ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევა 2020 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში დაფიქსირდა. საბოლოოდ, 31 აგვისტოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ანგარიშის მომზადების პერიოდში, ღაზას სექტორში მობინადრე პალესტინელები შედარებით უსაფრთხო პირობებში ცხოვრობდნენ, რაც გამოწვეული იყო კოვიდ-19 პანდემიით. 2019 წლის დეკემბერს შეწყვეტილი ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციები კვლავაც არ გაგრძელებულა. ისრაელმა  „ჰამასის“ პოზიციები ბოლოს 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაბომბა, რაც წარმოადგენდა საპასუხო იერიშებს. აღნიშნულ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. UNOCHA-ს მიხედვით,  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტებს შედეგად არც ერთი პალესტინელი სამოქალაქო პირის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია. ხოლო, 2020 წლის მანძილზე, ღაზას სექტორში აღირიცხა 5 სამოქალაქო დანაკარგი.

რაც შეეხება დაშავებულთა კუთხით სტატისტიკას, კვლავ UNOCHA-ს მიხედვით, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების ფარგლებში ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სულ 6 პალესტინელმა (მითითებული არაა, დაშავებულები წარმოადგენდნენ სამოქალაქო პირებს თუ კომბატანტებს).[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ღაზას სექტორში ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებს ა.შ.შ. მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასი“. ორგანიზაცია გააჩნია საკუთარი სამხედრო ფრთა, რომელსაც ზოგჯერ იყენებს საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად. გავრცელებული ცნობებით, „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები ხშირად ჩადიოდნენ სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებს.

ანგარიშის მიხედვით, ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით საყურადღებო და პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები; სისტემატური ხასიათის წამებისა და პირთა თვითნებური დაკავების შემთხვევები; პოლიტიკური პატიმრები; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვები, მათ შორის პრესის და ინტერნეტის ასპექტებში; ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ცენზურა და ვებ-გვერდების ბლოკირება; მნიშვნელოვანი შეზღუდვები მშვიდობიანი შეკრების და დემონსტრაციის უფლებების რეალიზების კუთხით; კორუფცია; ქალთა მიმართ ძალადობის დროს არასათანადო გამოძიებისა და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დაუყენებლობის საკითხები; ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ბავშვი ჯარისკაცების უკანონო რეკრუტირება და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება; ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული  ძალადობა და ბავშვთა იძულებითი ან სავალდებულო შრომა.[3]

  1. გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით,  ისრაელს ღაზას სექტორის როგორც სახმელეთო, ასევე – საზღვაო პერიმეტრი გამოცხადებული აქვს როგორც „დაშვების კუთხით შეზღუდული ზონა“ (access-restricted areas (ARAs), რადგან მიიჩნევს, რომ ჰამასი მათ იყენებს თავდასხმების განსხორციელებლად და იარაღის კონტრაბანდისთვის. ისრაელის ხელისუფლებას ასევე დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში ან ღაზიდან საქონლის, ნედლეულის და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რის მიზეზადაც უსაფრთხოების და ეკონომიკურ საფუძვლებს ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენელებს, როგორიცაა – გაერო, Human Rights Watch, Amnesty International  და სხვა, ისრაელმა არ მისცა ნებართვა, რათა ღაზას სექტორიდან შესულიყვნენ ისრაელში, რის მიზეზადაც უსაფრთხოების კუთხით საფუძვლები დაასახელა.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავად „ჰამასსაც“ დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში შევლის ან გასვლის კუთხით. ეს უფრო მეტად ეხება იმ პალესტინელებს, რომლებიც ღაზას ტოვებენ ისრაელის საზღართან მდებარე ერეზის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. უფრო კონკრეტულად, ასევე პირებზე აუცილებელია გაცემული იქნას გასვლის შესახებ ნებართვა (Exit Permit).[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ისრაელი ღაზას სექტორზე ახორციელებს დე-ფაქტო ბლოკადას, რაც გამოიხატება პირთა და საქონლის გადაადგილების თავისუფლების კუთხით დაწესებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით. შედეგად, ღაზას სექტორში გადაადგილების კუთხით თავისუფლება უკიდურესად არის შეზღუდული. ისრაელი და ეგვიპტე ახორციელებენ მკაცრ კონტროლს ორივე სასაზღვრო პუნქტზე, ხოლო „ჰამასიც“, თავის მხრივ, აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს გადაადგილებაზე. ისრაელი ხშირად არ ანიჭებს ნებართვას ღაზას სექტორის რეზიდენტებს, გაემგზავრონ საღვარგარეთ და ამის მიზეზად უსაფრთხოების კუთხით საფუძვლებს ასახელებს.[5]

პორტალ Welcome Palestine მიხედვით, ღაზას სექტორი, ისევე როგორც – დასავლეთი სანაპირო, შემოსაზღვრულია მასშტაბური სამხედრო კერდლით და უშალოდ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტით – ისრაელიდან და ეგვიპტიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე ხორციელდება სრული ბლოკადა, რასაც ხელს უწყობს ეგვიპტის ამჟამინდელი ხელისუფლება, რის გამოც ღაზასში შევსლა, როგორც ფიზიკურად, ისევე – ბიუროკრატიულად, განსაკუთრებით რთულია.

სტატიის მიხედვით, ღაზას სექტორი არ არის ღია იმ პირთათვის, ვისაც უბრალოდ სურს ტურისტული მიზნებით გაემგზავროს და მოინახულოს ის. როგორც წესი, შესვლაზე ნებართვას ზოგჯერ რთავენ საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს ან ჟურნალისტებს. ღაზას სექტორში შესასვლელად, პირს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზეზი, რის საფუძველზეც შეუძლია განცხადებით მიმართ ისრაელს ან ეგვიპტეს და მოიპოვოს სათანადო ნებართვა.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at      https://www.rulac.org/browse/conflicts/military-occupation-of-palestine-by-israel [accessed 7 May 2021]

[2] COMMISSARIAT GÉNÉRAL AUX RÉFUGIÉS ET AUX APATRIDES – COI Focus TERRITOIRE PALESTINIEN – GAZA Situation sécuritaire; published on 23 March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (West Bank and Gaza); published in March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[4] Ibid

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Gaza Strip*; published in March 2020; available at

[accessed 10 May 2021]

[6] Portal WelcomePalestine – article “getting into Gaza”; available at https://www.welcometopalestine.com/getting-in/gaza/ [accessed 10 May 2021]

პალესტინა. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, პალესტინის ზოგიერთი ტერიტორია, კერძოდ – დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთი იერუსალიმი და ღაზას სექტორი – ისრაელის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ძირითადი კანონის თანახმად, ქვეყანას უნდა ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი და საკანონმდებლო საბჭო. თუმცა, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არჩევნები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.  მაჰმუდ აბასი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2009 წელს გაუვიდა, კვლავ ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რაზეც პრეზიდენტმა 2018 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უახლოეს 6 თვეში ორგანიზება გაეწეოდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების ჩატარებას, თუმცა, წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, აღნიშნული არ განხორციელებულა.

რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას,  პალესტინის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების 6 დანაყოფი მოქმედებდა დასავლეთი სანაპიროს ტერიტორიაზე, რისი წყალობითაც, პალესტინის სახელმწიფოს სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ღაზას სექტორში, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს აპარატი, დასავლეთი სანაპიროში არსებული სტრუქტურის მსგავსი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰამასის დე ფაქტო „სამოქალაქო“ ინსტიტუციები აკონტროლებდნენ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას, რათა ჩაეხშოთ შიდა განხეთქილება. ამას გარდა, ისრაელი ინარჩუნებდა დასავლეთ სანაპიროში სამხედრო კონტიგენტს, რომელზეც ეფექტურ კონტროლს ისრაელის სამოქალაქო სამსახურები ახორციელებდნენ.

დასავლეთ სანაპიროს პალესტინელი მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია ე.წ. ზონა A-ში, რომლის უსაფრთხოებაზეც, ოსლოს მოლაპარაკებების თანახმად, ფორმალურად პალესტინის სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ ისრაელის უსაფრთხოების ძალები პალესტინის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად აწარმოებდნენ სამხედრო ოპერაციას. ზონა B პალესტინა-ისრაელის საერთო კონტროლსაა დაქვემდებარებული, ხოლო ზონა C-ს უსაფრთხოებაზე თავიდან ბოლომდე ისრაელია პასუხისმგებელი.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების კუთხით არსებულს ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, პალესტინის სახელმწიფოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანი უფლებათა დარღვევები იყო: სახელმწიფო სამსახურების მიერ უკანონო და თვითნებური მკვლელობების, ასევე – წამებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები; პოლიტიკური ოპონენტების დევნა და დაკავება; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული პრობლემები; აზრის გამოხატვის, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები; ჟურნალისტების უკანონო დაკავება; მათ მიმართ მუქარა და ცენზურა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლების სერიოზული შეზღუდვები; კორუფცია; ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ძალადობა ლგბტი თემის მიმართ და ა.შ.

ისრაელის უსაფრთოხების ძალების ქმედებებთან მიმართებით, ჩადენილ უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები; ასევე, სამხედრო ოკუპაციის დროს განხორციელებული სამხედრო ოპერაციებისას, არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დამდგარი მსხვერპლი პალესტინელ მოსახლეობაში; წამება; თვითნებური დაკავება; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით არსებული გადაცდომები, მათ შორის – ჟურნალისტების უკანონო დაკავება; მათ მიმართ მუქარა და ცენზურა; მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლების სერიოზული შეზღუდვები; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის უხეში შეზღუდვები და გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული მკაცრი შეზღუდვები.

რაც შეეხება ორგანიზაცია ჰამასის ქმედებების შედეგად დამდგარ სამართალდარღვევებს – ჰამასის სამსახურების მიერ უკანონო და თვითნებური მკვლელობების, ასევე – წამებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები; პოლიტიკური პატიმრები; აზრის გამოხატვის, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით არსებული გადაცდომები, მათ შორის – ჟურნალისტების უკანონო დაკავება; მათ მიმართ მუქარა და ცენზურა; მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლების სერიოზული შეზღუდვები; კორუფცია; ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ბავშვთა უკანონო რეკრუტირება და მათი სამხედრო მოქმედებებში ჩართვა;  ძალადობა ლგბტი თემის მიმართ და ა.შ.

ანგარიშში, ასევე მოყვანილია პალესტინელი სამოქალაქო პირების მიერ განხორციელებული  უკანონო ან თვითნებური მკვლელობის 5 შემთხვევა, ასევე –  ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ამას გარდა, დაფიქსირებულია ისრაელი სამოქალაქო პირების მიერ დასავლეთი სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინელი პირების უკანონო ან თვითნებური მკვლელობის 2 შემთხვევა.

პალესტინის სახელმწიფო, ზოგიერთ შემთხვევაში, ცდილობდა, სათანადო პასუხი გაეცა აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის და დაესაჯა დამნაშავე პირები, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მთავრობის რამდენიმე ჩინოვნიკი აკეთებდა ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, რაც უარყოფითად მოქმედებდა მიმდინარე საგამოძიებო და დისციპლინარულ მოქმედებებზე. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის ხელისუფლებაზეც, რომელიც ასევე დგამდა გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს დაუსჯელობის კუთხით, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, როგორც წესი, აღნიშნული ნაბიჯები არ იყო ადექვატური. რაც შეეხება ჰამასს და მისი წევრების მიერ ჩადენილ უფლებათა დარღვევებს, სამწუხაროდ, ღაზას სექტორში არ არსებობდა არანაირი ინსტიტუცია, რომელიც მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International პალესტინის სახელმწიფოს შესახებ 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პალესტინური მთავრობა დასავლეთი სანაპიროში და ჰამასის დე ფაქტო ადმინისტრაცია – ღაზას სექტორში, თვითნებურად აკავებდნენ ათობით მშვიდობიან დემონსტრანტს. დასავლეთი სანაპიროს ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას ინტერნეტში აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, ბლოკავდა რა ათობით ვებ-გვერდს. ასევე, ღაზას სექტორში მმართველი ძალა, საპროტესტო დემონსტრაციების დაშლისას, იყენებდა გადამეტებულ ძალას. ორივე რეგიონის შემთხვევაში, ფიქსირდებოდა წამებისა და დაკავებული პირების არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.  ქალების მიმართ კვლავ გრძელდებოდა ძალადობა და დისკრიმინაცია – კერძოდ, გასულ წელს, სულ მცირე 24 ქალი შეეწირა ე.წ. „ღირსების მკვლელობებს“. ამას გარდა, დაფიქსირდა ლგბტი თემის წარმომადგენლთა თვითნებური დაკავების და არასათანადო მოპყრობის 8 შემთხვევა. ღაზას სექტორში, პალესტინური ხელისუფლების მიერ მიღებული სადამსჯელო ღონისძიებები, კიდევ უფრო ამძიმებდა არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს. ასევე, შეიარაღებულო ჯგუფები, ზოგჯერ, ახორციელებდნენ განურჩეველ და უმისამართო დაბომბვას ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც 4 ისრაელელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ისრაელისა და  პალესტინის სახელმწიფოს შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ისრაელის მთავრობა კვლავ აგრძელებდა მძიმე და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას  პალესტინელებისთვის, ზღუდავდა რა ხალხისა და საქონლის გადაადგილების ღაზის სექტორიდან და, ასევე, ხელს უწყობდა დასავლეთი სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელი მოქალაქეების დასახლებას, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის 12 წლიანი ჩაკეტვა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ეგვიპტის მიერ დაწესებული შეზღუდვები საზღვართან, მნიშვნელოვნად ზღუდავს იქ მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელის უფლებებს, კერძოდ – საგანმანათლებლო, ეკონომიკური, ჯანდაცვის, სასმელ წყალსა და ელექტროენერგიაზე  წვდომის კუთხით. ღაზის მოსახლეობის 80 % დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

ისრაელი-ღაზას საზღვარზე, ისრაელის მხარეს განთავსებული სამხედრო დანაყოფები ისროდნენ რეალურ ტყვიებს ღაზას ტერიტორიაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, ემორჩილებოდნენ რა მთავრობის მხრიდან მიღებულ ბრძანებას ცეცხლის გახსნის შესახებ, რაც ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა  საერთაშორისო  სტანდარტებს. აღნიშნული სროლების შედეგად, პალესტინური არასამთავრობო ჯგუფის – ალ-მეზანის მიხედვით, დაიღუპა 34 პალესტინელი. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2019 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით – დაშავდა 1883 პირი.

ამას გარდა, ანგარიშის თანახმად, ღაზას სექტორში ებრაულ და პალესტინურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებებს, სამოქალაქო პირების სიცოცხლე ეწირებოდა. მაგალითად,  მაისში, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვებს 25 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგანაც 13 სამოქალაქო იყო. ამის საპირისპიროდ, პალესტინურმა ჯგუფებმა ისრაელში სამოქალაქო შენობების მიმართულებით გაისროლეს 690 უმართავი რაკეტა,  რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 ებრაელი და 2 პალესტინელი სამოქალაქო პირი.

ანგარიშში, ასევე, საუბარია ისრაელის მიერ დასავლეთი სანაპიროს ოკუპირებულ ნაწილში, ისრაელის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის ზრდაზე წინა წელთან შედარებით (5995 ნებართვა). ამის საპირისპიროდ, ისრაელის ხელისუფლებამ დაანგრია 504 პალესტინელის სახლი და სხვა ტიპის სტრუქტურა, რადგან მათ უმრავლესობას სამშენებლო ნებართვა არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ პალესტინელი პირებისთვის, ისრაელის მხრიდან აღნიშნული ნებართვის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. ზემოხსენებული ნგრევების შედეგად, უსახლკაროდ დარჩა და, შედეგად, იძულებით გადაადგილდა 642 პირი, რაც ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (472).

ანგარიშის მიხედვით, როგორც პალესტინის სახელმწიფოს მთავრობა დასავლეთ სანაპიროში, ასევე – ჰამასის ხელისუფლება ღაზას სექტორში, აპატიმრებდა ოპოზიციის მომხრეებს და მისდამი კრიტიკულად განწყობილ პირებს, ვრცელდებოდა ცნობები დაკავებულთა წამების შესახებაც.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 9 April 2020]

[2] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: West Bank and Gaza; published in March 2020; available at

[accessed 9 April 2020]

[3] Amnesty International  -Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Palestine (State of); published in February 2020; available at

[accessed 9 April 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Israel and Palestine; published in January 2020; available at

[accessed 9 April 2020]

პალესტინა. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პალესტინის შესახებ წერს, რომ პალესტინის ხელისუფლების (1994 წელს შექმნილი თვითმმართველი დროებითი მთავრობა – Palestinian Authority PA) საბაზისო კანონმდებლობა ადგენს არჩევითი პრეზიდენტისა და საკანონმდებლო საბჭოს ინსტიტუციებს. დასავლეთ სანაპიროსა (West Bank) და ღაზაში (Gaza) არჩევნები 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. პრეზიდენტი თავის პოსტზე დარჩა მისი ოთხწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც. პალესტინის საკანონმდებლო საბჭო აღარ ფუნქციონირებს 2007 წლის შემდეგ. 2018 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა აბასმა განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება პალესტინის საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნისა და 6 თვის ვადაში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. პალესტინის ტერიტორიის მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერი რამი ჰამდალა. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ასევე არის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოძრაობა ფათაჰის მთავარი სარდალი.

პალესტინის ხელისუფლებას სხვადასხვა ხარისხის ძალაუფლება აქვს დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ღაზაში არანაირ გავლენას ისინი არ ფლობენ. პალესტინის ხელისუფლება აწესებს სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს დასავლეთ ნაპირის A ზონაში; ხოლო B ზონაში ის აწესებს სამოქალაქო კონტროლს და უსაფრთხოების კონტროლს ისრაელთან ერთად. პალესტინის ხელისუფლებას არანაირი გავლენა არ აქვს არც ებრაელ და არც პალესტინელ მოსახლეობაზე C ზონაში, სადაც ეფექტურ სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს ისრაელის სამოქალაქო ხელისუფლება ინარჩუნებს. როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ხელისუფლების სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ თავიანთ უსაფრთხოების ძალებზე. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის ხელისუფლების კანონმდებლობა ვრცელდება ღაზაზე, PA-ის არ აქვს ძალაუფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი კანონმდებლობა აღასრულოს. 2007 წელს „ჰამასმა“ ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ღაზაში და მას შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის დე ფაქტო მმართველია. ჰამასი ღაზას მართავს პალესტინის ტერიტორიის კანონმდებლობისა და თავად ჰამასის დადგენილებების კომბინირებით. ჰამასი ეფექტურ კონტროლს ფლობს უსაფრთხოების ძალებზე ღაზაში.

2018 წლის 30 მარტს პალესტინელებმა ღაზაში დაიწყეს „დაბრუნების მარში“ – საპროტესტო გამოსვლების სერიები ღაზასა და ისრაელს შორის გავლებულ ღობესთან. პროტესტი, რომელმაც ათობით ათას ადამიანს მოუყარა თავი და მოიცავდა, მათ შორის, შეიარაღებულ ტერორისტებს, სამხედროებს, რომლებიც სხვადასხვა აალებად მოწყობილობებს ისროდნენ ისრაელის მიმართულებით და ასევე შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰამასმა ეფექტური კონტროლი დაამყარა საპროტესტო აქციებზე და ბევრი მათგანის ძალადობრივად განვითარება წაახალისა.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება:

პალესტინის ხელისუფლება – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ; სისტემატური წამების, თვითნებური დაკავებების, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების შესახებ; ვრცელდება ინფორმაციები პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევების შესახებ. დაწესებულია გაუმართლებელი შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს და ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯას; ასევე, იზღუდება ინტერნეტი, მათ შორის ცენზურითა და საიტების დაბლოკვით. მნიშვნელოვნად იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, მათ შორის ავიწროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეზღუდულია პოლიტიკური ჩართულობა – 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები. ვრცელდება ინფორმაციები ანტისემიტური მოტივებით ძალადობისა და ასევე კორუფციის შესახებ. მთავრობა ეფექტურად არ იძიებს საჩივრებს გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ბავშვთა იძულებითი შრომის გამოყენების შესახებ.

ისრაელის ხელისუფლება – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ, მათ შორის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად პალესტინელების დაღუპვა მოჰყვა არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენებას; ვრცელდება ინფორმაციები წამების და თვითნებური დაკავებების შესახებ. ასევე ხდება თვითნებური ჩარევა პირად ცხოვრებაში და დაწესებულია შეზღუდვები გამოხატვის და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს; ასევე, დაწესებულია შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის გასვლაზე ნებართვის მოთხოვნა.

ჰამასი – ვრცელდება ინფორმაციები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ; სისტემატური წამების, თვითნებური დაკავებების, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების შესახებ; ვრცელდება ინფორმაციები პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევების შესახებ. მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, მათ შორის ადგილი აქვს ჟურნალისტების დაკავებებს; ასევე, იზღუდება ინტერნეტი, მათ შორის ცენზურითა და საიტების დაბლოკვით. მნიშვნელოვნად იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება. დაწესებულია მნიშვნელოვანი შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის გასვლაზე ნებართვის მოთხოვნა. შეზღუდულია პოლიტიკური ჩართულობა – 2006 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები. პრობლემას წარმოადგენს კორუფცია და ბავშვთა რეკრუტირება სამხედრო მიზნებით, ასევე ანტისემიტური მოტივებით ძალადობა. ვრცელდება ინფორმაციები ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შესახებ. ასევე, ბავშვთა იძულებითი შრომის გამოყენების შესახებ.

პალესტინელი სამოქალაქო პირები – ვრცელდება მრავალი ინფორმაცია უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ, მათ შორის 8 ებრაელი ჯარისკაცის და 7 სამოქალაქო პირის მკვლელობის შესახებ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

ებრაელი სამოქალაქო პირები – გავრცელდა ინფორმაცია უკანონო და თვითნებური მკვლელობის ერთი ფაქტის შესახებ – დასავლეთ ნაპირზე მოკლეს პალესტინელი პირი. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები ქონების დაზიანებისა და სოფლის მეურნეობის განადგურების შესახებ.

პალესტინის ხელისუფლება და ისრაელის ხელისუფლება დგამენ ნაბიჯებს დაუსჯელობის წინააღმდეგ და ძალადობის შემცირებისკენ, თუმცა კრიტიკოსების მტკიცებით, ორივე მხარე არასათანადოდ და არაადექვატურად იძიებს და ატარებს დისციპლინურ ქმედებებს მოძალადეების მიმართ. არ არსებობს სამართლებრივი ან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც უნარი ექნება პასუხისმგებლობა დააკისროს ჰამასის დე ფაქტო ხელისულფებას ღაზას სექტორში.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის ანგარიშში პალესტინის შესახებ წერს, რომ პალესტინის ხელისუფლება დასავლეთ სანაპიროზე და ჰამასის დე ფაქტო ადმინისტრაცია ღაზაში განაგრძობენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას. პალესტინის ძალები დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში იყენებენ თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ. ფართო მასშტაბის წამება და არა ადამიანური მოპყრობა კვლავ გავრცელებულია და ორივე ხელისუფლების პირობებში დაუსჯელი რჩება. უსაფრთხოების ძალები დასავლეთ სანაპიროზე იყენებენ გადამეტებულ ძალას დაპატიმრებებისა და მშვიდობიანი პროტესტების დაშლის დროს. პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზაში გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ართულებს ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ისრაელის მხრიდან დაწესებული ბლოკადის გამო, უკვე 11 წელია გრძელდება. ქალები, როგორც ღაზაში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, აწყდებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას. ლგბტ თემის წარმომადგენლები თვითნებური დაპატიმრებებისა და არა სათანადო მოპყრობის ობიექტები არიან.

2018 წლის 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა სოციალური უსაფრთხოების ახალი კანონი. კანონის მიღებას მოჰყვა ძლიერი სამოქალაქო წინააღმდეგობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა დასავლეთ სანაპიროზე. კანონის ოპონენტები წუხდნენ, რომ ყოველთვიური დაქვითვები უმართავი იქნებოდა დასაქმებულებისთვის, ხოლო ხელისუფლება კორუფციის ან არასაკმარისი სტაბილურობის გამო, ვერ მოახერხებდა მათი კონტრიბუციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ადმინისტრაციამ შეწყვიტა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოს (UNRWA) დაფინანსება, რომელიც 5 მილიონამდე პალესტინელ ლტოლვილს უწევდა მხარდაჭერას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი კრიზისი გააჩნა ჰუმანიტარული დაფინანსების კუთხით პალესტინის ტერიტორიასა და ღაზას სექტორში, სადაც 80% სწორედ დახმარებაზეა დამოკიდებული. ღაზა რჩება ისრაელის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბლოკადის ქვეშ, რომელიც ძალაშია 2007 წლის შემდეგ. ეგვიპტეს კვლავ თითქმის სრულად დაკეტილი აქვს რაფას საზღვარი ღაზასთან. ყოველივე ეს იწვევს მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზას 2 მილიონამდე მოსახლისთვის. გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისა და კოორდინირების ოფისის განცხადებით, ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ღაზის სექტორის შესახებ წერს, რომ მოსახლეობის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები მკაცრად შეზღუდულია. ისრაელის დე ფაქტო ბლოკადა, პერიოდული სამხედრო ოპერაციების პარალელურად და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევები,  სერიოზულ ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას; ამას ემატება ეგვიპტის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლი სამხრეთ საზღვარზე. 2018 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და ასობით დაშავდა დე ფაქტო საზღვართან მიმდინარე დემონსტრაციების (დაბრუნების მარში) დროს. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ისრაელის სამხედრო ძალების მიერ საბრძოლო შეიარაღების გამოყენებას მოჰყვა. წლის ბოლოს, ისრაელის მხრიდან ბლოკადის, დონორების საერთო დაფინანსების შემცირების და პალესტინის ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო ტრანსფერების შემცირების გამო, ღაზა იყო ეკონომიკური კოლაფსის პირას.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში დასავლეთ სანაპიროს შესახებ წერს, რომ ტერიტორია ისრაელის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა, რაც გულისხმობს ფიზიკურ ბარიერებს გადაადგილებაზე, სახლების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის დანგრევას, პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე შეზღუდვებს და ებრაული დასახლებების გაფართოებას. ებრაელი მოსახლეები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოქალაქეები არიან და იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ისრაელის სხვა მოქალაქეები. დასავლეთ სანაპიროს პალესტინელები, იერუსალიმის აღმოსავლეთ მცხოვრებთა გარდა, პალესტინის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ არიან. პალესტინის ხელისუფლება ავტორიტარული მართვის მანერით გამოირჩევა, რაც გამოიხატება, მათ შორის, ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებათა აქტივისტების შევიწროვებაში. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა მცირე ნაწილი ისრაელის მოქალაქეობას ფლობს; უმეტესობას სპეციალური ბინადრობის ნებართვა აქვს, რომელიც მათ უფრო შეზღუდულ უფლებებს აძლევს, ისრაელის მოქალაქეობის მქონეებთან შედარებით.[4]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Israel, Golan Heights, West Bank, and Gaza – West Bank and Gaza, 13 March 2019

 (accessed on 9 July 2019)

[2] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Palestine (State of) [MDE 21/9912/2019], 26 February 2019

 (accessed on 10 July 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Gaza Strip, 4 February 2019

 (accessed on 9 July 2019)

[4] Freedom House: Freedom in the World 2019 – West Bank, 4 February 2019

 (accessed on 9 July 2019)