რუსეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მარტი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემაა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართავს. ორ-პალატიანი ფედერალური ასამბლეა პირდაპირი წესით არჩეული [ქვედა პალატა – სახელმწიფო დუმა] და დანიშნული [ზედა პალატა – ფედერალური საბჭო] დეპუტატებისგან შედგება. ორივე მათგანი განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა მთავრობის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევითა და მანიპულაციებით, მათ შორის, რეალური ოპოზიციური კანდიდატების გამორიცხვით.

უსაფრთხოების სამსახურები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ემორჩილებიან სამოქალაქო ხელისუფლებას. ეროვნული დონის სამოქალაქო ხელისუფლება, უკეთეს შემთხვევაში, შეზღუდულ კონტროლს ახორციელებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც პირდაპირ რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ემორჩილებიან. საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები რუსეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ.

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს შორის ადგილი აქვს კანონგარეშე მკვლელობებს, მათ შორის ლგბტ+ პირების მკვლელობებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში; წამება, რომელსაც მიმართავდნენ მთავრობის სამართალდამცავი უწყებების ოფიცრები და, რომელიც რიგ შემთხვევებში იწვევდა გარდაცვალებას და, რიგ შემთხვევებში მოიცავდა სექსუალური ხასიათის ძალადობასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით განთავსებას. საპატიმრო პირობები მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. ადგილი აქვს თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით. ადგილი აქვს ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა სამხედრო მიზნებით რეკრუტირებაში. ქვეყანაში უხეშად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, მათ შორის, ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და „ანტი-ტერორისტული“ კანონმდებლობის მშვიდობიანი დისიდენტებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ გამოყენებას; მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ინტერნეტის თავისუფლების და შკრების თავისუფლების კუთხით; მათ შორის, ისეთი მკაცრად შემზღუდველი კანონმდებლობის გამოყენებით, როგორიცაა კანონები „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი უცხოური ორგანიზაციების“ შესახებ. მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს განეკუთვნება, ასევე, მკაცრი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შესაბამისად, მშვიდობიანად და სამართლიანი არჩევნების საშუალებით, შეცვალონ საკუთარი ხელისუფლება; პოლიტიკური პროცესი მკაცრად შეზღუდული და გაკონტროლებულია. კორუფცია ფართოდაა გავრცელებული ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე. მთავრობა მკაცრად ზღუდავს და ხშირ შემთხვევაში აუქმებს კიდეც ადგილობრივ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. ამასთან, ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და კორუფციის გამოსავლენად და დამნაშავეთა დასასჯელად; რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატს ქმნის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლება პრეზიდენტი პუტინის ხელშია კონცენტრირებული. ლოიალური უსაფრთხოების ძალების, ქვეშევრდომი სასამართლოს, გაკონტროლებული მედია გარემოს გამოყენებით, კრემლი მანიპულირებს საარჩევნო პროცესით და ახორციელებს რეალური ოპოზიციის რეპრესიებს. ფართოდ გავრცელებული კორუფცია მჭიდრო კავშირებს ქმნის ოფიციალურ სახელმწიფო პირებსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ განურჩეველ იერიშებს სამოქალაქო სივრცეებზე; აწამებენ, თვითნებურად აკავებენ, იძულებით აუჩინარებენ და ძალდატანებით გადაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის კანონგარეშე მკვლელობებს და რუსულ სამხედრო ძალებში იძულებით ჩაწერებს.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთში გამკაცრდა განსხვავებული აზრის დევნა. რუსეთის ხელისუფლებამ გააორმაგა საკუთარი ძალისხმევა სამოქალაქო აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და პოლიტიკური დისიდენტების მიმართ, რათა ჩაახშოს პროტესტი ომის წინააღმდეგ; ასევე, არ დაუშვას რაიმე ფორმით მთავრობის კრიტიკა და სოციალური არა-კომფორმიზმის ნებისმიერი გამოვლინება.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მშვიდობიანი, ანტი-საომარი პროტესტი მკაცრად იზღუდება და ისინი, ვინც ომის საწინააღმდეგოდ საჯაროდ გამოდიან, სისხლისამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან. ახალი საკანონმდებლო ნორმები მუდმივად ზღუდავს პროტესტს და არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის საქმიანობას. გრძელდება იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივი დევნა. დაკავების ცენტრებში წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ფართოდაა გავრცელებული. ახალი საკანონმდებლო ნორმები მეტად დისკრიმინაციულია ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ.[4]

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 2023 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და აქცენტს აკეთებს უკრაინიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის შემთხვევებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ორდერს „აღმაშფოთებელს უწოდებს“.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ჩართულია რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტში: რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. კერძოდ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთი წარმოადგენს მხარეს სირიის ტერიტორიაზე არსებულ არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტში. აღნიშნული განაპირობა, სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად და მათი თანხმობით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ. გარდა ამისა, 2017 წელს რუსეთმა და თურქეთმა განახორციელეს საჰაერო შეტევები ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ სირიაში. 2014 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი [აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი]. ასევე, რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. რუსეთის ფედერაცია ასევე განაგრძობს დნესტრისპირეთის [მოლდოვა] ოკუპაციას. გარდა ამისა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ჩართულია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის წინააღმდეგ. უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს.[6]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[5] მედია საშუალება „BBC“; ომის დანაშაულების ბრალდებით, პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64992727?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; რუსეთის ფედერაცია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

რუსეთი. საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. თებერვალი, 2023

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი ვალდებულია, გაიაროს სამხედრო სამსახური. რუსეთის შეიარაღებული ძალები ტრადიციული საკადრო და სარეზერვო წვევამდელებისა და საკონტრაქტო პროფესიონალური სისტემის ჰიბრიდული ფორმატითაა ფორმირებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, გაზარდოს პროფესიონალური სისტემის წილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების უდიდეს ნაწილს [როგორც აქტიური, ასევე სარეზერვო] მაინც წვევამდელები შეადგენენ.[1]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები კონცენტრირებულნი არიან საკადრო და ელიტურ დანაყოფებში, კერძოდ, საჰაერო სადესანტო ძალებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურე, რომელსაც სურს კონტრაქტის საფუძველზე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს, უნდა გაიაროს კანდიდატთა შერჩევის მრავალდონიანი სისტემა; რაც, თავის მხრივ, მოიცავს კონტრაქატის გაფორმებისთვის მოსამზადებელ, სავალდებულო ინსტრუქტაჟს საგანმანათლებლო დაწესებულებების საწვრთნელ ცენტრებში.

საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრის ორი გზა არსებობს. 18 წლის ასაკს მიღწეულ მამაკაცს შეუძლია მიმართოს სამხედრო ჩარიცხვის ოფისს და გააფორმოს დროებითი კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; ამასთან, ყოფილ წვევამდელებს შეიძლება, შესთავაზონ კონტრაქტის გაფორმება სავალდებულო სამსახურში 1-წლიანი მსახურის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის შეთავაზებას ბევრი თანხმდება. წვევამდელს, ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაწყებამდე მიღებული აქვს საუნივერსიტეტო ხარისხი ან დასრულებული აქვს პროფესიული სასწავლებელი, უფლება აქვს 1-წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხოს. ასევე, წვევამდელებსაც, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 3 თვის გატარების შემდეგ, შეუძლიათ გააფორმონ კონტრაქტი და გადავიდნენ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. წყაროების ცნობით, ამის გაკეთებისკენ წვევამდელებს აქტიურად მოუწოდებენ მათი მეთაურები.

2022 წლის მაისამდე საკონტრაქტო სამსახურის ზედა ასაკობრივი ზღვარი იყო 40 წელი რუსეთის მოქალაქეებისთვის და 30 წელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. 2022 წლის მაისში საკონტრაქტო სამსახურში ზედა ასაკობრივი ზღვარი – 40 წელი – გაუქმდა და 65 წლამდე მამაკაცებს აქვთ საშუალება ჩაირიცხონ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.[2]

დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტით დასაქმებული რიგითების საშუალო ხელფასი 30 ათასი რუსული რუბლია, სერჟანტების 40, ხოლო ლეიტენანტები 55 ათას რუსულ რუბლს გამოიმუშავებენ. კონტრაქტით მომსახურე პირები სხვადასხვა სახის დანამატსაც იღებენ მათი კვალიფიკაციის, წელთა ნამსახურეობის და სხვა კრიტერიუმების [მაგალითად, განსაკუთრებული დამსახურება, სარისკო საქმე, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, ფიზიკური მომზადების მაღალი დონე, უცხო ენების ცოდნა] შესაბამისად. ასევე, კონტრაქტით მომსახურე პირები იღებენ კომპენსაციას საცხოვრებლის დაქირავებისთვის.[3]

სანკტ-პეტერბურგის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჯარისკაცების დედები“ საკუთარ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კონტრაქტით სამსახურის შესახებ წერს, რომ კონტრაქტით მომსახურე პირები სოციალური მხარდაჭერის პაკეტებით სარგებლობენ; აღნიშნული სოციალური უფლებები მოიცავს სათანადო ანაზღაურებას; ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას, მათ შორის ოჯახური მდგომარეობის გამო; უფასო განათლებას; სახელმწიფო დაზღვევას; პენსიას; ასევე, იპოთეკური დაკრედიტების სისტემით საცხოვრებლის მიღებას. კონტრაქტით დასაქმებული [პროფესიონალი ჯარისკაცი], სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცთან შედარებით, მრავალრიცხოვანი უპირატესობითა და პრივილეგიით სარგებლობს.[4]

ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი დამყარებულია მოქალაქის [ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის] ნებაყოფლობით სურვილზე, იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტით განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება, იმსახუროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთო და თანამდებობით დაკისრებული მოვალეობები. კონტრაქტითვე არის გარანტირებული სამხედრო მოსამსახურის უფლებები, მათ შორის, სოციალური გარანტიები და კომპენსაციები. სამსახურის გავლის ადგილის გათვალისწინებით, კონტრაქტით შეიძლება დაწესდეს დამატებითი პირობები. კონტრაქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე; ზოგადად, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2-დან 5 წლამდე ვადით ფორმდება.[5]

სამხედრო სამსახურის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლები რეგულირდება ფედერალური კანონით „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ. აღნიშნული კანონის 51-ე მუხლით გაწერილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები.

აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს კონტრაქტით გადის, უფლება აქვს, ვადამდე გათავისუფლდეს თუ: მის მიმართ ადგილი აქვს კონტრაქტის პირობების მნიშვნელოვან ან(და) სისტემურ დარღვევებს; სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეული იქნება სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად; ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ოჯახის საცხოვრებლის შეცვლის აუცილებლობას, ოჯახის წევრის მოვლის აუცილებლობას. ასევე, თუ პირი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება ან აირჩევენ დეპუტატად;

გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე, საატესტაციო კომისიის დასკვნით, შეიძლება, საკუთარი სურვილით ვადამდე გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან საფუძვლიანი მიზეზების არსებობის შემთხვევაში.[6]

„სამხედრო ვალდებულების მიმართ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ“ უზენაესი სასამართლოს დადგენილების 47-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანი მიზეზი შეიძლება იყოს გარემოება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის, სამხედრო მოსამსახურემ სრულად შეასრულოს სამხედრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის პატაკი და საატესტაციო კომისიის დასკვნა აპრიორი არ ათავისუფლებს პირს კონტრაქტისგან; საბოლოო გადაწყვეტილებას პირის ვადაზე ადრე დათხოვნის შესახებ იღებს შესაბამისი სამხედრო თანამდებობის პირი.[7]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლის თანახმად, სამხედრო ნაწილის ან სამხედრო სამსახურის ადგილის თვითნებური მიტოვება 2 დღეზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, როგორც წვევამდელების, ასევე კონტრაქტით დასაქმებულების შემთხვევაში და მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი კონტრაქტით მომსახურე პირის მიერ მშვიდობიან პერიოდში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით თუ თვითნებური მიტოვების ვადა 10 დღეზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 1 თვეს; მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს – თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. თუ იგივე ქმედების ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, სასჯელის ზომად განსაზღვრულია 5 წლამდე პატიმრობა მშვიდობიან პერიოდში და 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს. აღნიშნული ქმედებების პირველად ჩადენის შემთვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებელია, არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.[8]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით, დეზერტირობა [ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებური მიტოვება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით] ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. დეზერტირობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი წესით მინდობილი იარაღით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე ვადით. იგივე ქმედებები, ჩადენილი მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დამ 15 წლამდე ვადით.აღნიშნული ქმედებების პირველად ჩადენის შემთვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებელია, არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.[9]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულირებით, თვითდაზიანების მიყენებით, დოკუმენტების გაყალბებით ან სხვა მოტყუებითი გზებით ისჯება შეზღუდვით სამხედრო სამსახურში 1 წლის ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით ან სამხედრო დისციპლინურ ნაწილში გამწესებით 1 წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი სამხედრო სამსახურისთვის სამუდამოდ თავის არიდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება პატიმრობით 5-დან 10 წლამდე ვადით.[10]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; სამხედრო დეზერტირების მიმართ არსებული დამოკიდებულება უკრაინაში შეჭრის შემდეგ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 5 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; რუსეთის ფედერაცია – სამხედრო სამსახური; გამოქვეყნებულია 2022 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[3] დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამსახური; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://omsu.ru/about/structure/general/ovm/info/page.php [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[4] უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჯარისკაცების დედები“; კონტრაქტის საფუძველზე სამსახური; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://soldiersmothers.ru/voennosluzhashemu/sluzhba-po-kontraktu [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[5] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; ვის და რა პირობებით შეუძლია იმსახუროს კონტრაქტით? ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.consultant.ru/edu/student/consultation/sluzhit_po_kontraktu/#:~:text=%D0%93%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B4%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%BD%2C%20%D0%BF%D0%BE%D1%81%D1%82%D1%83%D0%BF%D0%B0%D1%8E%D1%89%D0%B8%D0%B9%20%D0%BD%D0%B0%20%D0%B2%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%83%D1%8E%20%D1%81%D0%BB%D1%83%D0%B6%D0%B1%D1%83,%D0%BF. [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[6] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; ფედერალური კანონი სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ; 51-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[7] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; სამხედრო ვალდებულების მიმართ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ უზენაესი სასამართლოს დადგენილება; 47-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[8] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი; 337-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[9] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი; 338-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

[10] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

რუსეთი. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი. იანვარი, 2023

ბრიტანული მედია საშუალება BBC 2023 წლის 23 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ვაგნერის შესახებ წერს, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვაგნერის ჯგუფის შესახებ, გამოააშკარავა რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის დმიტრი უტკინის აქტიური ჩართულობა ჯგუფის ჩამოყალიბებაში. ჩეჩნეთის ომის ვეტერანი დმიტრი უტკინი, მიიჩნევა რომ, იყო ვაგნერის პირველი საველე მეთაური და ჯგუფს სახელი თავისი ყოფილი რადიო კავშირის ნიშნის მიხედვით დაარქვა. ვაგნერის ჯგუფის მეთაური [და ასევე დამფუძნებელი/შემქმნელი] ევგენი პრიგოჟინია; მდიდარი ბიზნესმენი, რომელსაც მეტსახელად „პუტინის შეფს [მზარეული]“ უწოდებენ, რადგან ის კრემლს სარესტორნო მომსახურებით [კატერინგი] უზრუნველყოფდა.

ვაგნერის ჯგუფის პირველი ოპერაცია იყო 2014 წელს ყირიმის ანექსია. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ტრეისი ჯერმანის თქმით, ე.წ. „პატარა მწვანე კაცები“, ვინც რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, სწორედ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. ისინი მოულოდნელად გამოჩნდნენ ყირიმის ქუჩებში, ყოველგვარი ფორმისა და საცნობი ნიშნის გარეშე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვაგნერის მებრძოლებმა ე.წ. „False Flag“ იერიშები განახორციელეს, რათა კრემლისთვის თავდასხმის პრეტექსტი შეექმნათ.

2015 წლიდან მოყოლებული ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ სირიაში და იბრძოდნენ სამთავრობო ძალების მხარეს და ასევე იცავდნენ ნავთობის საბადოებს. ვაგნერის მებრძოლები, ასევე, ეხმარებოდნენ გენერალი ხალიფა ჰაფტარის ერთგულ ძალებს ლიბიაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ კი ვაგნერის მებრძოლები ალმასის საბადოების დასაცავად მიიწვია. სავარაუდოდ, ვაგნერის მებრძოლები იცავენ ოქროს საბადოებს სუდანში. მალის მთავრობა ვაგნერის მებრძოლებს ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. წყაროების მტკიცებით, ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლი [ვაგნერის ქოლგის ქვეშ] იბრძვის რუსეთისთვის უკრაინაში.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვაგნერის ჯგუფის შესახებ წერს, რომ თავდაპირველად ვაგნერი რუსეთის შეიარაღებული ძალების იერარქიული ჯაჭვის მიღმა, ჩრდილოვან ორგანიზაციად მოქმედებდა და კრემლი უარყოფდა მასთან რაიმე სახის კონტაქტს. რუსეთის მთავრობა მუდმივად იმეორებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობა რუსეთში კანონითაა აკრძალული. ბევრი რამ შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და პრიგოჟინმა და მისმა დაქირავებული მებრძოლების კომპანიამ უფრო მეტი საჯარო პოზიცია მოიპოვა. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსული მედია ორგანიზაციის RT ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი – კონტრაქტი სამშობლოსთან“. ფილმი ხოტბას ასხამს ვაგნერს და დაქირავებულ მებრძოლებს პატრიოტებად მოიხსენიებს. ფილმში, ასევე, საუბარია პრიგოჟინის მზარდ გავლენებზე რუსეთის ელიტურ წრეებში, სადაც, უკვე მიიჩნევა, რომ მას უსმენს და მის აზრებს ითვალისწინებს თავად პუტინიც.[2]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA, რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურის შესახებ, 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ვრცელდება ცნობები პატიმრების რეკრუტირების შესახებ კერძო სამხედრო კომპანიების მხრიდან; საუბარია ძირითადად ვაგნერის ჯგუფზე [რუსეთის უმსხვილესი კერძო სამხედრო კომპანია] და რამდენიმე მცირე ჯგუფზეც [მაგალითად „Redoubt“]. კერძო კომპანიებს მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც მიბაძა და 2022 წლის სექტემბერში დაიწყო პატიმრების რეკრუტირება [პატიმრებს სთავაზობდნენ ფულს და ვადაზე ადრე გათავისუფლებას უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ] უკრაინაში გასაგზავნად.

2022 წლის სექტემბრისთვის, მხოლოდ ვაგნერის თანამშრომლები სტუმრობდნენ 44 პენიტენციურ დაწესებულებას მთელი რუსეთის მასშტაბით [ზოგიერთ დაწესებულებას რამდენჯერმეც] და საშუალოდ, საპატიმროში მყოფი პირების 20%-ის რეკრუტირებას ახორციელებდნენ. პატიმრების და ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, ვაგნერის ჯგუფი განსაკუთრებით ინტერესდებოდა იმ პატიმრებით, ვინც გასამართლებული იყო მკვლელობისთვის, სხეულის მძიმე დაზიანებისა და ყაჩაღობისთვის.

წყაროების ცნობით, ვაგნერის მხრიდან პატიმრების რეკრუტირების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ვაგნერის სამხედროებისგან შემდგარი მცირე ჯგუფი, მათ შორის ხანდახან თავად ევგენი პროგოჟინიც, შედის ციხეში [ხანდახან ვერტმფრენის გამოყენებით]. მათ თან ახლავს ფედერალური პენიტენციური სამსახურის და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ პატიმრებს და სთავაზობენ მათ სამხედრო კონტრაქტებს კომპანიასთან და მოუწოდებენ, „დაიცვან სამშობლო“; სანაცვლოდ კი სთავაზობენ ყოველთვიურ ანაზღაურებას 100-დან 200 ათასამდე რუბლის ოდენობით [1600-3300 ევრო] და კომპენსაციას [5 მილიონი რუბლი] ოჯახებისთვის, მათი დაღუპვის შემთხვევაში; ასევე, საპრეზიდენტო შეწყალებას 6-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ. ის პატიმრები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, დათანხმდნენ შეთავაზებას, გადიან პერსონალურ ინტერვიუზე, რომლის დროსაც კომპანიის წარმომადგენლები სწავლობენ პირის მოტივაციას და ფიზიკურ მზადყოფნას; მოხალისეები ასევე აბარებენ პოლიგრაფის ტესტს, პოლიტიკური დამოკიდებულებისა და დეზერტირობისადმი მიდრეკილობის შესაფასებლად. წყაროების ცნობით, რეკრუტირებულ პირებს განაცალკევებენ დანარჩენი პატიმრებისგან და გადაჰყავთ როსტოვის რეგიონში. როსტოვის კოლონია იკ-2, მიიჩნევა რომ, რეკრუტირებული პატიმრების საწვრთნელ ბანაკადაა გადაკეთებული.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობების ფონზე, პატიმრების სურვილი და მოტივაცია, შეუერთდნენ ვაგნერს ან სხვა მსგავს კომპანიას, საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გავრცელებული ინფრომაციით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატიმრებზე, რომლებიც უარს იტყვიან რეკრუტირებაზე, ახორციელებენ ზეწოლას, ძირითადად სამარტოო საკანში გამწესების სახით; ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები იძულებით გაწვევის ფაქტების შესახებ. 2022 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ლენინგრადის რეგიონის ორ კოლონიაში ციხის ადმინისტრაცია ტანჯვით ემუქრებოდა პატიმრებს, რომლებიც არ გამოთქვამდნენ სურვილს კონტრაქტი გაეფორმებინათ ვაგნერთან. იგივე მიზეზით, სამარტოო საკანში გაამწესეს პატიმრები კარელიისა და კომის ციხეებში. ამ შემთხვევაში საუბარია პატიმრებზე, რომლებმაც თავდაპირველად სურვილი გამოთქვეს ვაგნერთან თანამშრომლობაზე და შემდეგ გადაიფიქრეს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო წერს, რომ ანგარიშის მომზადების დროისთვის, პატიმართა იძულებითი რეკრუტირების სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[3]

2022 წლის 21 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფრომაციით თანახმად, რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნის თქმით, ვაგნერის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რამდენჯერმე იმყოფებოდა იმ საპატიმროში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის და ათობით პატიმრის რეკრუტირება მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, პროგოჟინმა ათასობით პატიმარი ჩართო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.[4]

2022 წლის 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ წერდა ვაგნერის მიერ პატიმრების იძულებითი რეკრუტირების შესახებ ციმბირში. სტატიის მიხედვით, #37 გამასწორებელი კოლონიის პატიმრებს სცემეს; ისინი აწამეს და ასე აიძულეს, გაწევრიანებულიყვნენ ვაგნერის არმიაში. ერთერთი პატიმრის ცოლი ჰყვებოდა, რომ ქმართან კავშირი ნოემბრის დასაწყისიდან დაკარგა. მისი თქმით, მოგვიანებით, მან უცნობი ნომრიდან სატელეფონო ზარი მიიღო. უცნობმა მამაკაცმა მას უთხრა, რომ სასჯელს მის ქმართან ერთად იხდიდა და შემდეგ მოუყვა, რომ მის ქმარს იძულებით მოაწერინეს ვაგნერთან კონტრაქტზე ხელი და სამხედრო ვერტმფრენით წაიყვანეს საპატიმროდან.[5]

[1] მედია საშუალება BBC; რას წარმოადგენს რუსეთის დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ვაგნერი უკრაინაში? გამოქვეყნებულია 2023 წლის 23 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-60947877 [ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; რუსეთის დაქირავებული მებრძოლების ლიდერის სიტყვების ომი მაღალი რანგის სამხედრო პირებთან გაღრმავდა ბახმუტის ბრძოლასთან დაკავშირებით; გამოქვეყნებულია 2022 წლის 31 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[3] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; რუსეთის ფედერაცია – სამხედრო სამსახური; გამოქვეყნებულია 2022 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[4] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება – რუსული განყოფილება“; ნავალნის თქმით, ვაგნერის ლიდერმა ათობით პატიმრის რეკრუტირება მოახდინა იმ ციხეში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[5] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; როგორ ეძებს მებრძოლებს ვაგნერი ციმბირის ციხეებში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 25 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

რუსეთი. ინფორმაცია სამხედრო მობილიზაციის შესახებ. დეკემბერი, 2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა 2022 წლის 21 სექტემბერს. მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს 300 ათასი მოქალაქე. პუტინის თქმით, მათი ნახევარი [150 ათასი] სამხედრო ოპერაციების ზონებშია გაგზავნილი და სხვადასხვა სამხედრო დავალებას ასრულებს. მეორე ნახევარი კი, დანაყოფებში განაწილებული არაა; იმყოფება თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებზე და წარმოადგენს საბრძოლო რეზერვს.

ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, 2022 წლის 28 ოქტომბერს განაცხადა. პრეზიდენტ პუტინის 2022 წლის 7 დეკემბრის განცხადებით, დამატებითი სამობილიზაციო ღონისძიებების საჭიროება არც ქვეყნისთვის და არც თავდაცვის სამინისტროსთვის არ არსებობს. მისი თქმით, მობილიზაციის ახალ ტალღაზე საუბარი აზრსაა მოკლებული.[1]

მედია საშუალების „Deutsche Welle“ გადაცემაში სტუმრობისას, 2022 წლის 2 დეკემბერს, პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი საუბრობდა მობილიზაციის შესახებ. მისი თქმით, სისტემა შეეცდება, მობილიზაციის ახალი ტალღა თავიდან აიცილოს. შულმანის შეფასებით, მობილიზაციის პირველი ტალღა იყო სრული კატასტროფა როგორც ადმინისტრაციული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით; ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება, სასიცოცხლო აუცილებლობის არსებობის გარდა, სხვა შემთხვევაში, ახალ მობილიზაციას არ გამოცხადებს და გააგრძელებს იმ ხალხის ძებნას, ვინც უკვე გამოცხადებულ და დასრულებულ მობილიზაციას დაემალა.

ამავე გადაცემაში სტუმრობისას, სამხედრო ანალიტიკოსი იან მატვეევი ამტკიცებს, რომ მობილიზაციის ახალი ტალღა სავსებით შესაძლებელია. მისი განმარტებით, არ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მობილიზაციაზე. ამასთან, ფრონტზე რუსეთი დიდ ცოცხალ ძალას კარგავს და განსაკუთრებით მობილიზებულებს შორის; აქედან გამომდინარე, რუსეთს დანაკარგების ჩანაცვლების აუცილებლობა აქვს.[2]

მედია საშუალება „ამერიკის ხმა“ 2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს „ფარული მობილიზაციისა“ და ამ პროცესის თანდევი მეთოდების შესახებ. სტატიის მიხედვით, რუსეთში შეუჩერებლად მიმდინარეობს კამპანია შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით. სტატიის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებს აქვთ მითითება, გარიცხონ დავალიანებების მქონე სტუდენტები და მათ შესახებ აცნობონ სამხედრო კომისარიატებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიაცია, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით გამოცხადდა, არ დასრულებულა პრეზიდენტის ბრძანებითვე; მობილიზაციის დასრულების შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. წყაროების ნაწილი ვარაუდობს, რომ რადგან მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა, ხელისუფლებას არაფერი აფერხებს, პროცესი განაგრძოს და „კარნეგის ფონდის“ უფროსი მკვლევარი ანდრეი კოლესნიკოვის აზრით, განაგრძობს კიდეც და ამას აკეთებს ჩუმად და ფარულად.[3]

[1] ინტერნეტ რესურსი „ნოვოსიბირსკ ონლაინი NGS“; პუტინმა განმარტა, საჭიროა თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ngs.ru/text/world/2022/12/07/71878319/ [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „Deutsche Welle“; იქნება თუ არა ახალი მობილიზაცია რუსეთში და ვის შეეხება ის? გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/budet-li-novaa-mobilizacia-v-rossii-i-kogo-ona-kosnetsa/a-63970187 [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

[3] მედია საშუალება „ამერიკის ხმა“; „ფარული მობილიზაცია“ და მისი თანმდევი მეთოდები; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.golosameriki.com/a/experts-on-mobilization/6865791.html [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

რუსეთი. უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. სექტემბერი, 2022

მედია საშუალება „The Moscow Times“ 2022 წლის 20 მაისს აქვეყნებს სტატიას [სტატია გამოქვეყნებულია The Financial Times მიერ და ნათარგმნია The Moscow Times მიერ] რუსების მხრიდან უკრაინელების დახმარების შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ მოხალისეები, რომელთა შორის არიან როგორც ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, ასევე, უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ვერ რჩება გულგრილი, თავიანთი საქმიანობის ორგანიზებას ეწევიან პირადი კონტაქტებისა და „Telegram“ სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით. ისინი ათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუსეთიდან გასვლაში ეხმარებიან. ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი ბალტიის ქვეყნებია. მოხალისეებმა კარგად იციან, რომ უკრაინელების დახმარება დიდი რისკის მატარებელი საქმიანობაა, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რეპრესიები გაძლიერდა. ერთერთი აქტივისტის თქმით, „[…] ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადის, რადგან, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ღია განცხადებების გავრცელება […]“. რუსეთში ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, ვისაც რუსეთში მოხვედრა საერთოდ არ უნდა და ისინი ძალით გაიყვანეს საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან რუსეთის მიმართულებით. სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაცია ეხმარება ასეთ ხალხს – აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, პოულობს მანქანებს და მძღოლებს, ანაზღაურებს მატარებლის ბილეთების საფასურს, პოულობს ღამის გასათევს ოჯახებისთვის, ვინც მოსკოვისა და პეტერბურგის გავლით, დასავლეთისკენ მიემგზავრება.[1]

მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“ 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსები ასევე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს; მაგრამ მათ ეშინიათ ამის შესახებ საუბარი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის რისკის გამო. სტატიაში ნათქვამია, რომ ხალხს – როგორც ლტოლვილებს, ასევე რუსებს – ეშინიათ, რომ „მოღალატეებად“ შერაცხავენ; და რომ ბრალსაც კი წაუყენებენ. მათ შიშს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იწვევს. უკრაინელებს ეშინიათ „რუსეთთან თანამშრომლების შესახებ“ კანონის, რადგან არ არიან დარწმუნებული, რუსეთში გაქცევა აღქმული იქნება თუ არა ღალატად. რუსებს კი ეშინიათ „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ“ კანონის და იმ მასობრივი მანიის, რამაც ჯაშუშობასთან დაკავშირებით დაისადგურა. სტატიაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე [რუსებზე] ვინც ამა თუ იმ ფორმით, დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ ლტოლვილებს. მათ შორისაა მოსკოვური ბარის ერთერთი დამფუძნებელი ნიკიტა ფომკინი. ის ყვება, რომ ყოველთვის აქტიური პოზიცია ჰქონდა. „[…] ახლაც, როდესაც ვიხედები ირგვლივ, ვფიქრობ, ნუთუ ჩვენ, მოსკოველებს, ეს არ გვადარდებს; ჩვენთვის სულერთია? აქ ხომ ხმას არავინ იღებს. გადავწყვიტე, ვაჩვენო, რომ ჩემთვის არაა სულერთი. მოველაპარაკე ფონდს „მეორე სუნთქვა“ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების შესახებ“. ბარში უამრავი ადამიანი მივიდა, სხვადასხვა ასაკის და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ისინი არ ემხრობიან „სპეცოპერაციას“, მაგრამ მიტინგებზე გასასვლელად მზად არ არიან; მაგრამ მზად არიან გაიღონ ტანისამოსი თუ სხვა ნივთები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. საბოლოოდ, ბარის თანამშრომლებმა და 30-მდე მოხალისემ 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და როსტოვის ოლქში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს გადასცა. ნიკიტა ფომკინის თქმით, ის აპირებს კიდევ ერთხელ გაუწიოს ორგანიზება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას.[2]

ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“, მედია საშუალებაზე „Reuters“ დაყრდნობით, 2022 წლის 11 მაისს ავრცელებს სტატიას რუსების ჯგუფების შესახებ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. სტატიის თანახმად, აღნიშნული ჯგუფები მალულად აკეთებენ თავის საქმეს, რადგან არ სურთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მოხალისეების საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რუსებს, ვინც ღიად არ ეთანხმება ომს, აწყდება ფულად ჯარიმებს და სასამართლო დევნას.[3]

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. რუსეთი კრძალავს სიტყვა ომის ხესენებას და თავის შეჭრას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა კანონს „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ და მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ამის შემდეგ, რუსეთში „მცდარი ინფორმაციის გავრცელება“, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და უკრაინაში შეჭრის სხვა ფორმით შეწინააღმდეგება დასჯადი გახდა. უკრაინაში მიმდინარე ომისთვის ომის დაძახებაც შეიძლება 15 წლამდე პატიმრობად დაუჯდეს პირს, რადგან ასეთ ქმედებას, ახალი კანონებით, ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებად ჩათვლის.[4] [5]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2022 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში პოლიტპატიმრების შესახებ წერს, რომ ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ], რომლებიც მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ. გამძაფრებულია ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელი მედიასა და არასამთავრობო სექტორზე. გარდა ამისა, ასამბლეა გმობს უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივ დაპატიმრებებს.[6]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე 2022 წლის 23 მაისისთვის, ომის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, 15 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული. წყაროები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დემონსტრანტები დააკავეს პირველი კვირების განმავლობაში. ალეკსეი ნავალნის გუნდის წევრი ლეონიდ ვოლკოვი 2022 წლის მარტში, ინტერვიუში აცხადებს, რომ „[…] დასავლეთში ბევრს კიდევ არ ესმის ბევრი რამ; მათ არ ესმით, რას რისკავს რიგითი დემონსტრანტი რუსეთში. ახლა თუ შენ მიდიხარ დემონსტრაციაზე, დიდი ალბათობით დაგაკავებენ, დაგაპატიმრებენ, გაგრიცხავენ უნივერსიტეტიდან ან გაგადებენ სამსახურიდან. ახლა შენ საპატიმრო სასჯელს რისკავ და არა 10 დღეს, როგორც ეს იყო 2 წლის წინ; არამედ 15 წელიწადს. 10 წლის წინ ყველაზე დიდი რისკი იყო ჯარიმა 500 რუბლის ოდენობით. ახლა ასე არაა და მიუხედავად ამისა, 15 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე; ეს იმას ნიშნავს, რომ აქციაზე, ასობით ათასი პირი იყო გამოსული. ომის მოწინააღმდეგეები რუსეთის 130-ზე მეტ ქალაქში დააპატიმრეს. ათასობით ადამიანი კი უბრალოდ ვერ აძლევს თავს უფლებას, გარისკოს. ისინი ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობენ და ყველა ვერ ახერხებს დემონსტრაციებში მონაწილეობას […]“.[7]

[1] მედია საშუალება „The Moscow Times“; როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელებს დასავლეთით გაღწევაში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.moscowtimes.ru/2022/05/20/kak-rossiyane-pomogayut-ukrainskim-bezhentsam-vibratsya-na-zapad-a20520 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[2] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; რთულია იყო ადამიანი; ავტორი: ივან ჟილინი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/articles/2022/03/22/trudno-byt-chelovekom [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[3] ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“; რუსების მიწისქვეშა ჯგუფები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს რუსეთიდან გაქცევაში; ავტორი: კირილ კარასენი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 11 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nokta.md/podpolnye-gruppy-rossiyan-pomogajut-ukrainskim-bezhentsam-nasilno-zavezennym-v-stranu-sbezhat-iz-rossii/ [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[4] მედია საშუალება „BBC“, რუსულენოვანი რედაქცია; უკრაინის მოვლენებს ომი დაუძახე? 15 წლამდე პატიმრობნა. სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონს სამხედრო ოპერაციის შესახებ მცდარი ინფრომაციის გავრცელების თაობაზე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/news-60594110 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[5] მედია საშუალება „Deutsche Welle“, რუსულენოვანი რედაქცია; სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო დასჯის შესახებ; სტატიის ავტორი: ვიტალი კროპმანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 4 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/gosduma-prinjala-zakon-o-nakazanii-za-diskreditaciju-vs-rf/a-61009600 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[6] ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა; რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ნიშნით პირთა დაპატიმრებების შესახებ ანგარიში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[7] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი უკრაინაში შეჭრის კონტექსტში; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

რუსეთი. ნავალნის მხარდამჭერთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ალეკსეი ნავალნი, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ის დააპატიმრეს და ახალი ბრალდებებითაც გაასამართლეს. ამას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ჩაახშო. ნავალნისთან დაკავშრებული სამი ორგანიზაცია ხელისუფლებამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა და საქმიანობა აუკრძალა.

2021 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „მედიაზონის“ მთავარ რედაქტორს სოციალურ ქსელში ნავალნის მხარდამჭერი პროტესტის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის. ნავალნის მხარდასაჭერი აქციების დარბევის შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზატორებად მიჩნეული პირები და კარგად ცნობილი აქტივისტები. რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს, დემონსტრაციებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარიცხვით ემუქრებოდნენ. 2021 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ ნავალნისა  და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა „ექსტრემისტული ჯგუფის“ საქმიანობის გაგრძელების ბრალდებით. იგივე ბრალდებით ნოემბერში დააპატიმრეს უფაში ნავალნის ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე ლილია ჩანიშევა.

2021 წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელს Youtube ნავალნისთან დაკავშირებული გვერდების გაუქმება, ხოლო Apple-სა და Google-ს ნავალნის აპლიკაციების წაშლა მოთხოვა. კომპანიებმა მოთხოვნა საბოლოოდ დააკმაყოფილეს, თუმცა Google-მა ოქტომბერში აპლიკაციები აღადგინა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის იანვარში ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთში მსხვილი საპროტესტო აქციები დაიწყო. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და 11 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა და 130-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ არეგისტრირებს ნავალნის პოლიტიკურ პარტიას. 2021 წლის ივნისში ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და საქმინაობა აეკრძალა. 2021 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა „მემორიალი“ პოლიტპატიმართა სია გამოაქვეყნა [სულ 410 პირი]; მათ შორის იყვნენ თავად ნავალნიც და მისი რამდენიმე მხარდამჭერი. ასევე, ჟურნალისტები და არჩევნებისთვის პოტენციური ოპოზიციური კანდიდატები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით დემონსტრანტის თვცითნებური დაკავება და მათ მიმართ ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი დევნა მოჰყვა. მოსკოვში აქტიურად იყენებდნენ სახის ამოცნობის ტექნოლოგიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის. ნავალნისთან ასოცირებული პირები და მისი მხარდამჭერები მთელი რუსეთის მასშტაბით დევნას აწყდებიან, მათ შორის დაუსაბუთებელ სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ დევნას. ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაპატიმრებულები უჩიოდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაკავების ცენტრებში.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნისთან და მის პოლიტიკურ აქტივობებთან ასოცირებული აქტივისტები წამებისა და ძალადობის ობიექტები გახდნენ საპატიმროში ყოფნის დროს. ხელისუფლება, ასევე, სჯის ოჯახის წევრებსაც, მათი ნათესავების ქმედებების გამო. 27 იანვარს პოლიციამ დააკავა ნავალნის ძმა და იმავე დღეს ჩხრეკა ჩაატარა ნავალნის 13 თანამოაზრის სახლში.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის განმავლობაში კრემლმა გაამკაცრა ოპონენტების შევიწროვება; მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ალეკსეი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ. კრემლი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს დაპატიმრებებს, ინტერნეტ ცენზურას და შავ სიებს. ოპონენტების დევნა განსაკუთრებით გამძაფრდა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.[5]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომაი ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[4] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[5] ავსტრიის წარმოშბის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

რუსეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ივნისი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება რეგულარულად უშვებს არასათანადო მოპყრობას, წამებას და საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას საპატიმროებში და უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე. პატიმრების წამება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა კვლავ გრძელდება რუსეთის პენიტენციური სისტემაში; მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირების პირობა დადო. 2021 წლის ოქტომბერში პატიმრების წამების ამსახველი ახალი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პირი, რომელმაც ინტერნეტში ვიდეოები გაავრცელა, ქვეყნიდან გაიქცა.[1]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2021 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სარატოვის ოლქში მდებარე, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში მოქმედი, ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის 7 საქმე აღიძრა. საქმეები გადაცემულია სარატოვის ოლქის განსაკუთრებით მნიშნელოვანი საქმეთა საგამოძიებო განყოფილებას. ძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ბრალდებებით.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, პარალელურად, სამსახურიდან დაითხოვეს აღნიშნული საავადმყოფოს უფროსი პაველ გაცენკო; მისი მოადგილე უსაფრთხოების მიმართულებით სერგეი სალოვი, ოპერატიული განყოფილების უფროსი ანტონ ბოჩკოვი და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი სერგეი მალცევი. სამსახურიდან დათხოვნებს წინ უძღოდა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სარატოვის ოლქის განყოფილების თავმჯდომარის ალეკსეი ფედოტოვის მიერ თანამდებობის დატოვება. ორგანოში განაცხადეს, რომ სერიოზული დარღვევების გამო ფედოტოვის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი [შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა] უკვე 22 სექტემბერს იყო დაწყებული.[2]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების სკანდალის ფონზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ასევე, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ანატოლი იაკუნინი. წყაროების შეფასებით, იაკუნინის [რომელის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში 2019 წელს შსს-დან გადავიდა და დირექტორის მოადგილედ 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა] გათავისუფლების მიზეზი რეალურად არ არსებობდა და მისი გაგდების ინიციატივა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან მოდიოდა. იაკუნინი იყო მეექვსე მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობა დაატოვებინეს. ვიდეოების გავრცელების გამო თანამდებობიდან გათავისუფლებული ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი აღმოჩნდა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი [უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალი] ალეკანდრ კალაშნიკოვი; ის შსს-ის მინისტრის მოადგილე არკადი გოსტოვმა შეცვალა. 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ პატიმრების მიმართ უფლებამოსილების გადამეტება რუსეთში პრობლემას წარმოადგენს.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ წამება და სხვა არა-ადამიანური მოპყრობა საპატიმრო დაწესებულებებში ენდემური, ხოლო დამნაშავეთა დასჯა იშვიათი მოვლენაა. ნავალნის მომხრე აქციებზე დაპატიმრებულები უჩიოდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებს დაკავების ცენტრებში.[4] იგივე ორგანიზაცია 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა [წამების ბრალდებებზე], როგორც წესი, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს, რაც გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

იაროსლავლის კოლონიის 12 ყოფილ თანამშრომელს 4 წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდათ, მას შემდეგ, რაც 2017 წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა პატიმრის ცემა. აღნიშნული 12 პირიდან 6 მაშინვე გათავისუფლდა, რადგან სასჯელის გამოცხადების მომენტში, წინასწარ პატიმრობაში უკვე გატარებული ჰქონდათ საკმარისი დრო. კოლონიის ყოფილი დირექტორი და ყოფილი დირექტორის მოადგილე გაამართლეს.

სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლება კვლავ ირღვევა. დაკავებულებს უარს უცხადებენ ადვოკატთან შეხვედრაზე და რიგი პროცესებისა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, რის საბაბადაც პანდემიას ასახელებენ. 2020 წლის თებერვალსა და იანვარში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ბრალდებით, 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს 7 ახალგაზრდას პენზიდან და 2 პირს სანკტ პეტერბურგიდან. არანაირი რეაგირება მოჰყვა არაერთ ცნობას მათ მიმართ წამების და სხვა არა ადამიანური მოპყრობისა თუ მტკიცებულებათა ფაბრიკაციის შესახებ.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 და 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ციხეებსა და სხვა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები განსხვავებულია და ხშირად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. გადატვირთულობა, ძალადობა ბადრაგის და პატიმრების მხრიდან, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, საკვების ნაკლებობა და არა ადექვატური სანიტარული პირობები ფართოდ გავრცელებული პრობლემებია რუსეთის ფედერაციის ციხეებში და სხვა საპატიმრო დაწესებულებებში.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებულია ქალებისა და მამაკაცების, არასრლუწლოვნებისა და სრულწლოვნების, წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა ცალ-ცალკე სექტორებში განაწილება, ხშირია შემთხვევები, როდესაც რიგი საპატიმრო დაწესებულებებისა არ იცავენ აღნიშნულ ნორმას.

ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ციხის ბადრაგის მხრიდან სისტემატური ხასიათისაა. მაგალითად, რუსული მედია 2020 წლის 13 თებერვალს წერდა, რომ მორდოვიის ციხის უფროსმა ვალერი ტროფიმოვმა პატიმარი იბრაგიმ ბაკანიევი კაბინეტში აიყვანა და 6 საათის განმავლობაში ცემდა და ამცირებდა. ბაკანიევს წინა ღამით მომხდარ არეულობაში მონაწილეობას აბრალებდნენ. ბაკანიევის მტკიცებით, მისი წამება შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამალული დანით ხელები დაისერა და თვითმკვლელობით დაიმუქრა. პატიმარი სამი თვის ვადით სადამსჯელო ქსელში გაამწესეს.

პრობლემას წარმოადგენს პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა. მაგალითად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კრასნოდარში განაცხადა დმიტრი კრაკოვსკის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. წინასწარ პატიმრობაში მყოფი კრაკოვსკის, ოფიციალური პირების ვარაუდით, პატიმრებმა სასიკვდილოდ სცემეს. გავრცელებული ინფრომაციით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის გვამის ჩამოკიდება სცადეს, რათა სიკვდილის გამომწვევი მიზეზები შეენიღბათ.

ვრცელდებოდა ინფრომაციები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების რეკრუტირების შესახებ, სხვა პატიმრებზე ძალადობისთვის. მაგალითად, 2020 წლის 22 ივლისს რუსულმა მედიამ და სამოქალაქო მხარდაჭერის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმართა ჯგუფმა სექსუალურად იძალადა და აწამა #7 გამასწორებელი კოლონიის პატიმარ მახარბი ტოსუიევზე. ტოსუიევმა მომხდარის ორგანზიებაში #3 გამასწორებელი კოლონიის საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ედგარ ჰაირაპეტიანი დაადანაშაულა.

გადატვირთულობა, ვენტილაცია, გათბობა, სანიტარული პირობები და საკვები სტანდარტები დაწესებულებებს შორის განსხვავებულია, თუმცა ზოგადად ძალიან ცუდია. გადაადგილებისა და ვარჯიშის შესაძლებლობა წინასწარი დაკავების დაწესებულებებშ მინიმალურია. სასმელი წყალი ხანდახან ლიმიტირებულია და საკვების ხარისხი დაბალია. ბევრი პატიმარი დამოკიდებულია ოჯახის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ საკვებზე. ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კვლავ პრობლემური საკითხია. მაგალითად, იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის ინფორმაციით, 61 წლის ვიქტორ მალკოვი სმოლენსკიდან, საპატიმროდან 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებიდან 3 თვეში დაიღუპა. ასოციაციის მტკიცებით, მას ქრონიკული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც უფრო გაუმწვავდა, რადგან საპატიმროში არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო დახმარებაზე. მალკოვი, მისი რელიგიური კუთვნილებს გამო, ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს და როგორც თავად ამბობდა, არ აძლევდნენ თავისი ქრონიკული დაავადებების სათანადოდ მკურნალობის საშუალებას.

არასამთავრობო ორგანზიაციების ინფორმაციით, აივ ინფექციის მქონე პატიმრების 50% ვერ იღებს სათანადო მკურნალობას. მკურნალობენ მხოლოდ იმ პატიმრებს, ვისაც CD4 თეთრი სისხლის ქსელის დონე კონკრეტულ ნიშნულზე დაბალი აქვთ. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ხანდახან პრობლემაა ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიწოდება.

წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრები განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან და საპატიმრო სისტემაში სადამსჯელო მოპყრობის სუბიექტები არიან; პოლიტიკური პატიმრების მიმართ, მათ შორის, გამოიყენება ისეთი სასჯელები, როგორიცაა სამარტოო საკანში და დასჯის მიზნით ფსიქიატრიულ განყოფილებაში გამწესება. მაგალითად, 2020 წლის 21 მაისს სასამართლომ კამჩატკელ ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ შუმანინს, სისხლსისამართლებრივი საქმის მსვლელობის პარალელურად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯა. შუმანინი საჯაროდ ცნობილი პიროვნებაა თავისი „Youtube“ არხის წყალობით, რომლის მეშვეობითაც ის მკაცრად აკრიტიკებდა რეგიონულ და ფედერალურ ხელისუფლებას.

მსჯავრდებულ თუ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ ვიზიტის უფლება, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო, მათ ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ. კანონის მიხედვით, პატიმრებს, რომლებიც უფრო მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულნი, ვიზიტის უფრო ნაკლები უფლება აქვთ. ასევე, მოსამართლეს შეუძლია, კონკრეტული პატიმრის შემთხვევაში მიიღოს ვიზიტის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება. ციხის ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების საბაბით, ასევე, შეიძლება პატიმარს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან შეხვედრა აუკრძალოს. ზოგიერთ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, სავარაუდოდ, პატიმრებს უკრძალავენ ვიზიტებს და ტელეფონზე წვდომას უზღუდავენ მათზე ზეწოლის მიზნით, აღიარებითი ჩვენებების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს აქვთ უფლება და საშუალება საჩივრით მიმართონ საჯარო სადამკვირვებლო კომისიებს ან ომბუდმენს, ისინი ხშირად ამ უფლებით არ სარგებლობენ, რადგან შემდგომი რეპრესიების ეშინიათ. ციხის რეფორმის აქტივისტების ცნობით, მხოლოდ ის პატიმრები წერენ საჩივრებს, ვინც უკიდურეს სიტუაციაშია და სხვა გამოსავალი უკვე აღარ აქვს. საჩივრები, რომლებიც კომისიებამდე აღწევს, ხშირად მცირე პირად თხოვნებზეა კონცენტრირებული.

ხელისულფება ნებას რთავს საჯარო ზედამხეველობის კომისიებს, რეგულარული სადამკვირვებლო ვიზიტები განახორციელონ საპატიმროებში არსებული პირობების მონიტორინგისთვის. საჯარო პალატის ინფორმაციით, საჯარო ზედამხედველობის კომისიები თითქმის ყველა რეგიონშია. ადამიანის უფლებათა აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან მათი მტკიცებით, ასეთი კომისიების ზოგიერთი წევრი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მათ შორის ბევრი სამართალდამცველი სისტემის ყოფილი თანამშრომელი.

კანონმდებლობით, საჯარო ზედამხედველობის კომისიებს უფლება აქვთ პატიმრები, მათივე წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ვიდეოსა და ფოტოზე აღბეჭდონ. მათ ასევე უფლება აქვთ აიღონ ჰაერის ნიმუში ან ჩაატარეონ სხვა გარემოსდაცვითი ინსპექცია, უსაფრთხოების შეფასება და ასევე წვდომა აქვთ ციხეების ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე. კანონი იმ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, ვინც საჯარო ზედამხედველობის კომისიებში არ ირიცხება, ასევე აძლევს უფლებას, მონიტორინგის მიზნით ეწვიონ დაკავების ცენტრებს და ციხეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მხარდაჭერის რეგიონთაშორისი ცენტრის (მუშაობს დაკავებული მიგრანტების მიმართულებით) ცნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ საპატიმროში ვიზიტის უფლება, როდესაც კონკრეტული პატიმარი მოითხოვს და დაეკონტაქტება არასამთავრობო ორგანიზაციას.

ხელისუფლება ქვეყნის საპატიმროებში ვიზიტის უფლებას აძლევს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და ასევე, ნებას რთავს, გამოაქვეყნოს ზოგიერთი ანგარიში, მაგრამ კვლავ უკრძალავს მთლიანი ანგარიშების გამოქვეყნებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ, ვინც წამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მაგალითად, 2020 წლის სექტემბერში, კემეროვოს სამმა საპატიმრო დაწესებულებამ, რეპუტაციის შელახვის ბრალდებით, სარჩელი შეიტანა რამდენიმე პატიმრის, აქტივისტის და ჟურნალისტ ანდრეი ნოვაშოვის წინააღმდეგ; ამ უკანასკნელმა ივნისში გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოაშკარავებული იყო პატიმართა წამების ფაქტები.[6] [7]

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი 2021 წელს აქვეყნებს რამდენიმე ორგანიზაციის ავტორობით შექმნილ დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის შესახებ, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთი აბზაცი ეხება რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებებს. დოკუმენტის მიხედვით, აივ ინფექციით დაავადებული ყველა პატიმარი ვერ იღებს ანტირეტროვირალურ თერაპიას და არ აქვს ექიმთან წვდომა. უფრო ზოგადად, კი პატიმრები ხშირად უჩივიან არასათანადო სამედიცინო ზრუნვას. იმ შემთვევებისას, როდესაც სხვადასხვა სახის საპატიმრო დაწესებულებაში, წამების მსხვერპლი პატიმრები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას იღებენ, ადგილი არ აქვს პატიმრებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმჩენას და წამების ფაქტების შესახებ დოკუმენტაციის ჯეროვან შეგროვებას.[8]

2021 წელს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე აქვეყნებს ანდრეი რულკოვის ფონდის ავტორობით შექმნილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური მონაცემებით, პატიმართა დაახლოებით 10% (61,417) აივ ინფიცირებულია და მათი მხოლოდ 52% იღებს ანტირეტროვირალურ თერაპიას. დაკავების პირობები და სახელმწიფო ჯანდაცვა ხელს არ უწყობს გამოჯანმრთელებას, პირიქით, ზრდის დაინფიცირების და აივ ინფექციის გართულების რისკს. აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია დაგვიანებულ დიაგნოსტიკასთან, ციხეებში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასთან, ავადმყოფი პატიმრების საპატიმროში დატოვებასთან და სხვა სისტემურ პრობლემებთან.[9]

რუსული მედია საშუალება „რუსული გაზეთი“ 2020 წლის 4 ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო იზოლატორებში მყოფ პატიმრებს საშუალებას აძლევს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს გამოძიების თანხმობის გარეშე დაურეკონ. სტატიის მიხედვით, დაწესებულებებში მოწყობილია სპეციალური სივრცე, საიდანაც პატიმრებს კონკრეტული საფასურის გადახდის შემდეგ, შეუძლიათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაურეკონ. საუბრები ისმინება, თუმცა ოჯახს და ახლობლებს საშუალება აქვთ, დაკავებულებს დაელაპარაკონ და დარწმუნდნენ, რომ ისინი კარგად არიან. ყველაფერი ოფიციალურია, თუმცა ყველა პატიმარს თავისი ნება-სურვილით არ შეუძლია ამ შესაძლებლობით ისარგებლოს – საჭიროა გამომძიებლის თანხმობა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით კი გამოძიების თანხმობა საჭირო აღარაა და საგამოძიებო იზოლატორებში მყოფ პატიმრებს გამომძიებლების ნებართვის გარეშე შეეძლებათ ოჯახსა და ახლობლებს დაურეკონ. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დაკავებულებისთვის თვეში ორი პაემნის უფლებას. პაემნის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 საათი იქნება. ამ შემთხვევაშიც, საჭირო აღარ იქნება გამოძიების თანხმობა.[10]

იგივე წყარო 2020 წლის 23 დეკემბერს წერს, რომ რუსეთის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან იუსტიციის მინისტრს ციხეებისა და სხვა საპატიმრო დაწესებულებების მონახულება გაფრთხილების გარეშე შეეძლება. აქამდე, იუსტიციის მინისტრს საპატიმროში ვიზიტი წინასწარ უნდა შეეთანხმებინა, აღნიშნული ცვლილების მიხედვით კი, იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია საპატიმრო დაწესებულებაში მივიდეს და ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, მინისტრი დაწესებულებაში დაუყოვნებლივ შეუშვას.[11] 2021 წლის მარტში, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ პატიმართა წლიური ანაზღაურება 11 პროცენტით გაიზარდა. ეს პატიმრებს ხელს შეუწყობს სასჯელით გათვალისწინებული ჯარიმები უფრო სწრაფად გადაიხადონ.[12]

რუსეთის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების სისტემის 2030 წლამდე განვითარების კონცეფცია მიიღო. დოკუმენტი ითვალისწინებს რიგ ჰუმანურ პუნქტებს – იგეგმება პატიმართა რაოდენობის შემცირება და საპატიმრო უწყების ციფრული ტრანსფორმაცია. კონფეცფია მიზნად ისახავს, დაავადებების გამო გარდაცვლილი პატიმრების რიცხვის განახევრებას. ამასთან, საგამოძიებო იზოლატორებში ყველა კამერა აღიჭურვება ტელევიზორითა და მაცივრით. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რიგგარეშე სატელეფონო ზარის უფლებას საგამოძიებო იზოლატორში ქალებისთვის იმ შემთხვევაში თუ ისინი ურეკავენ თავის 14 წლამდე ასაკის შვილებს. ადგილობრივი ექსპერტების პროგნოზებით, 2030 წლისთვის, იგეგმება, რომ პატიმრთა რაოდენობა 250-300 ათასამდე შემცირდეს (ამჟამად პატიმართა რაოდენობა 500 ათასზე ოდნავ მეტია).[13] გარდა ამისა, 2024 წლისთვის იგეგმება სასჯელაღსრულების დაწესებულებების სახაზინო სახლების 10%-ის დახურვა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 88 სახაზინო სახლზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.[14]

2020 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში სასჯელის მოხდის წესები იცვლება. ახალი კანონის თანახმად, პატიმარს უფლება აქვს სასჯელი მოიხადოს იმ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც მის საცხოვრებელთან ახლოს მდებარეობს. აღნიშნული ცვლილება ეხება როგორც თავისუფლება აღკვეთილ პირებს, ასევე მათ, ვისაც იძულებითი გამასწორებელი შრომა აქვთ მისჯილი. პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური თავად პატიმრის მოთხოვნის ან პატიმრის ნათესავის (ამ დროს პატიმრის თანხმობა აუცილებელია) მოთხოვნის საფუძველზე.[15]

ევროსაბჭოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება წევრ ქვეყნებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, რუსეთის ფედერაციაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხაა გამოყოფილი პატიმართა ხარჯებზე (4.17 მილიარდი ევრო). თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობაა და ერთ პატიმარზე 24 საათიოს განმავლობაში დახარჯული თანხა მხოლოდ 2.8 ევროს შეადგენს (საშალო მაჩვენებელი ევროსაბჭოში 133.7 ევროა). 2020 წელს რუსეთის ფედერაციის ციხეებში 519 618 პატიმარი იყო. აღსანიშნავია, რომ პატიმართა რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს – 2018 წელს რუსეთის საპატიმროებში 602 176 პატიმარი, 2019 წელს კი 563 166 პატიმარი იყო. ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე ხშირად თავისუფლების აღკვეთა პირებს ეფარდებათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. იგივე ტენდენციაა რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელს იხდის 120 ათასი პატიმარი. 2020 წელს რუსეთის საპატიმროებში 2420 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 272 თვითმკვლელობა იყო. ევროსაბჭოს ქვეყნებში საშალო მაჩვენებელი 272 ლეტალური შემთხვევაა, საიდანაც 59 თვითმკვლელობაა.[16]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[2] მედია საშუალება „Deutsche Welle“; პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო: აღძრულია სისხლის სამართლის 7 საქმე; გამოქვეყნებულია 2021 წლის 6 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/v-rossii-vozbuzhdeno-sem-ugolovnyh-del-po-faktam-pytok-v-kolonii/a-59425534 [ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[3] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; პატიმრების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სკანდალის ფონზე რუსეთში მაღალი თანამდებობის პირები გაათავისუფლეს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 29 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 ივნისს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[7] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილ; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 ივნისს]

[8] გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი; მეშვიდე პერიოდული მიმოხილვა რუსეთის ფედერაციის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[9] გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი; ჩრდილოვანი ანგარიში რუსეთის ფედერაციის შესახებ; 70-ე სესია; გამოქვეყნებულია 2021 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[10] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; საგამოძიებო იზოლატორებში ოჯახთან პაემნებს დაუშვებენ; 4 ოქტომბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/11/04/arestovannym-predlozhili-razreshit-svidaniia-s-rodnej-bez-sankcii-sledstviia.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[11] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; მინისტრი შეტყობინების გარეშე მოვა; 23 დეკემბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/12/23/glava-miniusta-smozhet-bez-prepiatstvij-poseshchat-tiurmy.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[12] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი: პატიმართა ხელფასები 11 პროცენტით გაიზარდა; 12 მარტი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/03/12/direktor-fsin-zarplata-zakliuchennyh-vyrosla-na-11-procentov.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[13] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; კამერა კამერისთვის; 6 მაისი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/05/06/povedenie-zakliuchennyh-nachnet-kontrolirovat-iskusstvennyj-intellekt.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[14] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; 2024 წლისთვის იგეგმება სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დაწესებულებების თითქმის 10%-ის ლიკვიდაცია; 20 მაისი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/05/20/v-rossii-k-2024-godu-planiruiut-likvidirovat-pochti-10-uchrezhdenij-fsin.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[15] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; რუსეთში შეიცვალა სასჯელის მოხდის წესი; 29 სექტემბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/09/29/v-rossii-izmenili-pravila-otbyvaniia-nakazaniia-v-tiurmah.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[16] ევროსაბჭო; ციხის მოსახლეობა – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 15 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

რუსეთი. უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ივნისი, 2022

მედია საშუალება „The Moscow Times“ 2022 წლის 20 მაისს აქვეყნებს სტატიას [სტატია გამოქვეყნებულია The Financial Times მიერ და ნათარგმნია The Moscow Times მიერ] რუსების მხრიდან უკრაინელების დახმარების შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ მოხალისეები, რომელთა შორის არიან როგორც ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, ასევე, უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ვერ რჩება გულგრილი, თავიანთი საქმიანობის ორგანიზებას ეწევიან პირადი კონტაქტებისა და „Telegram“ სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით. ისინი ათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუსეთიდან გასვლაში ეხმარებიან. ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი ბალტიის ქვეყნებია. მოხალისეებმა კარგად იციან, რომ უკრაინელების დახმარება დიდი რისკის მატარებელი საქმიანობაა, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რეპრესიები გაძლიერდა. ერთერთი აქტივისტის თქმით, „[…] ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადის, რადგან, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ღია განცხადებების გავრცელება […]“. რუსეთში ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, ვისაც რუსეთში მოხვედრა საერთოდ არ უნდა და ისინი ძალით გაიყვანეს საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან რუსეთის მიმართულებით. სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაცია ეხმარება ასეთ ხალხს – აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, პოულობს მანქანებს და მძღოლებს, ანაზღაურებს მატარებლის ბილეთების საფასურს, პოულობს ღამის გასათევს ოჯახებისთვის, ვინც მოსკოვისა და პეტერბურგის გავლით, დასავლეთისკენ მიემგზავრება.[1]

მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“ 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსები ასევე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს; მაგრამ მათ ეშინიათ ამის შესახებ საუბარი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის რისკის გამო. სტატიაში ნათქვამია, რომ ხალხს – როგორც ლტოლვილებს, ასევე რუსებს – ეშინიათ, რომ „მოღალატეებად“ შერაცხავენ; და რომ ბრალსაც კი წაუყენებენ. მათ შიშს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იწვევს. უკრაინელებს ეშინიათ „რუსეთთან თანამშრომლების შესახებ“ კანონის, რადგან არ არიან დარწმუნებული, რუსეთში გაქცევა აღქმული იქნება თუ არა ღალატად. რუსებს კი ეშინიათ „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ“ კანონის და იმ მასობრივი მანიის, რამაც ჯაშუშობასთან დაკავშირებით დაისადგურა. სტატიაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე [რუსებზე] ვინც ამა თუ იმ ფორმით, დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ ლტოლვილებს. მათ შორისაა მოსკოვური ბარის ერთერთი დამფუძნებელი ნიკიტა ფომკინი. ის ყვება, რომ ყოველთვის აქტიური პოზიცია ჰქონდა. „[…] ახლაც, როდესაც ვიხედები ირგვლივ, ვფიქრობ, ნუთუ ჩვენ, მოსკოველებს, ეს არ გვადარდებს; ჩვენთვის სულერთია? აქ ხომ ხმას არავინ იღებს. გადავწყვიტე, ვაჩვენო, რომ ჩემთვის არაა სულერთი. მოველაპარაკე ფონდს „მეორე სუნთქვა“ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების შესახებ“. ბარში უამრავი ადამიანი მივიდა, სხვადასხვა ასაკის და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ისინი არ ემხრობიან „სპეცოპერაციას“, მაგრამ მიტინგებზე გასასვლელად მზად არ არიან; მაგრამ მზად არიან გაიღონ ტანისამოსი თუ სხვა ნივთები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. საბოლოოდ, ბარის თანამშრომლებმა და 30-მდე მოხალისემ 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და როსტოვის ოლქში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს გადასცა. ნიკიტა ფომკინის თქმით, ის აპირებს კიდევ ერთხელ გაუწიოს ორგანიზება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას.[2]

ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“, მედია საშუალებაზე „Reuters“ დაყრდნობით, 2022 წლის 11 მაისს ავრცელებს სტატიას რუსების ჯგუფების შესახებ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. სტატიის თანახმად, აღნიშნული ჯგუფები მალულად აკეთებენ თავის საქმეს, რადგან არ სურთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მოხალისეების საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რუსებს, ვინც ღიად არ ეთანხმება ომს, აწყდება ფულად ჯარიმებს და სასამართლო დევნას.[3]

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. რუსეთი კრძალავს სიტყვა ომის ხესენებას და თავის შეჭრას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა კანონს „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ და მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ამის შემდეგ, რუსეთში „მცდარი ინფორმაციის გავრცელება“, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და უკრაინაში შეჭრის სხვა ფორმით შეწინააღმდეგება დასჯადი გახდა. უკრაინაში მიმდინარე ომისთვის ომის დაძახებაც შეიძლება 15 წლამდე პატიმრობად დაუჯდეს პირს, რადგან ასეთ ქმედებას, ახალი კანონებით, ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებად ჩათვლის.[4] [5]

[1] მედია საშუალება „The Moscow Times“; როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელებს დასავლეთით გაღწევაში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.moscowtimes.ru/2022/05/20/kak-rossiyane-pomogayut-ukrainskim-bezhentsam-vibratsya-na-zapad-a20520 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[2] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; რთულია იყო ადამიანი; ავტორი: ივან ჟილინი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/articles/2022/03/22/trudno-byt-chelovekom [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[3] ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“; რუსების მიწისქვეშა ჯგუფები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს რუსეთიდან გაქცევაში; ავტორი: კირილ კარასენი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 11 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nokta.md/podpolnye-gruppy-rossiyan-pomogajut-ukrainskim-bezhentsam-nasilno-zavezennym-v-stranu-sbezhat-iz-rossii/ [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[4] მედია საშუალება „BBC“, რუსულენოვანი რედაქცია; უკრაინის მოვლენებს ომი დაუძახე? 15 წლამდე პატიმრობნა. სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონს სამხედრო ოპერაციის შესახებ მცდარი ინფრომაციის გავრცელების თაობაზე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/news-60594110 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[5] მედია საშუალება „Deutsche Welle“, რუსულენოვანი რედაქცია; სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო დასჯის შესახებ; სტატიის ავტორი: ვიტალი კროპმანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 4 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/gosduma-prinjala-zakon-o-nakazanii-za-diskreditaciju-vs-rf/a-61009600 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

რუსეთი. საყოველთაო მობილიზაცია და უკრაინასთან ომში გაგზავნა. ივნისი, 2022

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რუსეთის ფედერაციაში გაწვევისა და უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნის შესახებ, წერს, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგები იზრდება და შესაბამისად, იზრდება რუსეთის არმიაში გაწვევისა და უკრაინაში გაგზავნის მიმართ წინააღმდეგობა. მოსკოვი ყოველდღიურად უფრო მეტ სირთულეს აწყდება დანაკარგების შესავსებად ჯარისკაცების მობილიზების პროცესში. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით რთულია იქ, სადაც ბრძოლაში დაღუპულთა დაკრძალვები ყოვედღიურობის ნაწილი გახდა; განსაკუთრებით არა-რუსებით დასახლებულ პატარა სოფლებში ბურიატიასა და დაღესტანის რესპუბლიკებში; ასევე, რუსებით დასახლებულ, მაგრამ კიდევ უფრო პატარა სოფლებში, მოსკოვისგან მოშორებით. ასეთ რეგიონებში, ნებისმიერი რაოდენობის პროპაგანდა უძლურია, გადაფაროს პუტინის ომის ნამდვილი ფასი და ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ამ ომში მონაწილეობას.

ალეკსეი იზჰაკი, უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი კიევის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ რუსები მობილიზებულნი იყვნენ გამარჯვებისთვის, მაგრამ მხოლოდ ტელევიზორებთან და არა რეალობაში, როდესაც აუცილებელი ხდება თავის გაწირვა. მკვლევარი მიიჩნევს, რომ კრემლის გადაწყვეტილება – აირიდოს საყოველთაო მობილიზაცია – დაკავშირებულია რუსული მმართველი წრის გონებაში დალექილ მოგონებასთან 1917 წლის მოვლენებთან დაკავშირებით; როდესაც თავდაპირველად რუსები ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი ომის მიმართ, მოგვიანებით კი მათ იარაღი ხელისუფლებისკენ მიატრიალეს და გადააგდეს ორი მთავრობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ომს, რომელსაც ხალხი ეწინააღმდეგებოდა. ასეთი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, პუტინი და მისი გარემოცვა, ერიდება რისკს არათუ გაზარდოს არმიის რაოდენობა, საერთოდ ახსენოს სიტყვა ომი.

მკვლევარი ასევე მიიჩნევს, რომ დანაკარგების ზრდის პარალელურად, აუცილებლად გაიზრდება წინააღმდეგობა როგორც გაწვევის, ასევე უკრაინაში გაგზავნის მიმართ; და მოსკოვს აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა ახლანდელი არჩევნის შეცვლისა. ამჟამად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ფონს გავიდეს „ფარული მობილიზაციით“, რასაც რეზერვისტების გაწვევით აკეთებს. ხოლო თუ კრემლი გადაწყვეტს, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას, მას მოუწევს, ეს როგორმე „მიჰყიდოს“ საზოგადოებას.[1]

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 23 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ რუსეთის სასაზღვრო რეგიონები უკვე, შეიძლება ითქვას, რეგულარულად ხვდება საარტილერიო დარტყმების ობიექტი. კრემლი კი ამის შესახებ სდუმს. პირველი ასეთი თავდასხმების შემდეგ, დასავლეთი ფიქრობდა, რომ კრემლი ოფიციალურადაც გამოაცხადებდა ომს, რაც მას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების საშუალებას მისცემდა. თუმცა კრემლი დუმილს ამჯობინებს და არათუ იყენებს ტერმინს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, არამედ საერთოდ კრძალავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიტყვა ომის გამოყენებას. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიზეზი, რატომაც პუტინი თავს არიდებს საყოველთაო მობილიზაციას, არის სავარაუდო პასუხი „ნატოს“ მხრიდან და მიუხედავად კრემლის რიტორიკისა, აშკარაა, რომ რუსეთს „ნატოსთან“ პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის ეშინია.[2]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [EUAA] 2022 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი ვალდებულია, ერთი წლით იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. გაწვევა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ახალწვეულები, თავდაპირველად, 1-2-თვიან საბაზისო მომზადებას გადიან. ამის შემდეგ ისინი გადიან 3-6-თვიან ძირითად წვრთნას, ვიდრე მოხდება მათი დანაყოფებში განაწილება. მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა არ შეიძლება, ვიდრე ისინი მინიმუმ 4-თვიან წვრთნას არ გაივლიან. თუმცა, საომარი მოქმედებების შესახებ კანონი ან საყოველთაო მობილიზაცია უპირატესია და გადაწონის ამჟამინდელ პოლიტიკას და ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, მობილიზებული რეზერვი ან ახალი გაწვეულები დაუყოვლებლივ ჩართონ საბრძოლო მოქმედებებში. წყაროების მტკიცებით, 2021 წლის შემოდგომაზე გაწვეულების ნაწილი უკვე მსახურობს უკრაინაში მებრძოლ დანაყოფებში. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო წერს, რომ რუსეთს არ აუმოქმედებია საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი და არც საყოველთაო მობილიზაცია გამოუცხადებია. თუ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას მარტივად შეეძლება, რეზერვის გამოძახება და მამაკაცების საბრძოლო მოქმედებებში [თუნდაც იძულებით] ჩართვა მობილიზაციისა და გაწვევის გამოყენებით.[3]

[1] საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; უკრაინაში ომი რუსეთს სახლში უბრუნდება, რაც მოსკოვისთვის რიგების შევსებას ართულებს; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 6 ივნისს]

[2] საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; რატომ დუმს კრემლი რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმების შესახებ; ავტორი: ვიქტორ დავიდოფი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 23 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 6 ივნისს]

[3] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [EUAA]; სამხედრო დეზერტირების მიმართ დამოკიდებულება უკრაინაში შეჭრის შემდეგ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 5 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 6 ივნისს]

რუსეთი. 2011 წლის ბოლოტნის მოედნის საპროტესტო აქცია. მაისი, 2022

2011 წლის 10 დეკემბერს, მოსკოვში, ბოლოტნის მოედანზე გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც სახელმწიფო დუმის 2011 წლის 4 დეკემბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. აქცია იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უახლეს ისტორიაში; ორგანიზატორებმა ბოლოტნის მოედანზე მინიმუმ 30 ათასი დემონსტრანტის მობილიზება მოახერხეს. თავად ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მოედანზე 150 ათასამდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი. აქციამ მშვიდობიანად, დაშავებულებისა და დაკავებულების გარეშე, ჩაიარა. პარალელურად, საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არჩევნები ფედერალური კანონმდებლობის დარღვევებითა და მასობრივი ფალსიფიკაციით ჩატარდა. აქციების ერთერთ მთავარ ლოზუნგად იქცა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „რუსეთი იქნება თავისუფალი“. მიტინგების ერთერთი სიმბოლო იყო თეთრი ლენტი. გამოსვლები ანტიპუტინისტურ ხასიათსაც ატარებდა.

ბოლოტნის მოედნის საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი; მათ შორის, „მემარცხენე ფრონტი“, „სამართლიანი რუსეთის“ რადიკალურ-ოპოზიციური ნაწილი, „სხვა რუსეთი“, „რუსეთის სოციალისტური მოძრაობა“, „ავტონომიური მოძრაობა მემარცხენეები“, „რუსები“, „დიადი რუსეთი“, „დემოკრატიული არჩევანი“, „იაბლოკო“, „პარნასი“ და სხვა. დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნეოდა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი და მისი ცოლი ჟანა. სერგეი უდალცოვი მოსკოვის სასამართლოს 15-დღიანი პატიმრობით დასაჯა, ერთერთი წინა დაპატიმრების დროს, საავადმყოფოდან გაქცევისთვის. საპროტესტო აქციების საკვანძო ფიგურები იყვნენ, ასევე, გენადი და დმიტრი გუდკოვები და ილია პონომარევი „სამართლიანი რუსეთიდან“, ედუარდ ლიმონოვი „სხვა რუსეთიდან“, დმიტრი დემუშკინი და ალეკსანდრ პოტკინი „რუსებიდან“, გრიგორი იავლინსკი „იაბლოკოდან“ და მიხაილ კასიანოვი, ვლადიმირ რიჟკოვი და ბორის ნემცოვი „პარნასიდან“; ასევე, ალეკსეი ნავალნი და გარი კასპაროვი. საპროტესტო აქციების საკვანძო ფიგურებად მიიჩნეოდნენ, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გენადი ზიუგანოვი და ვლადიმირ ჟირინოვსკი.

ბოლოტნის მოედნის აქცია 2011 წლის 10 დეკემბერს 14 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდა. მოსკოვის პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების საერთო რაოდენობა 25 ათასს არ აჭარბებდა, უშუალოდ მოედანზე; და კიდევ 5 ათასამდე პირი იყო მიმდებარე ქუჩებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომიტინგეთა შორის რამდენიმე ახალგაზრდამ ცეცხლი დაანთო. პოლიციამ სწრაფადვე მოახდინა მათი იდენტიფიცირება და გაარიდა დემონსტრაციის ადგილს. პოლიციისვე განცხადებით, საერთო ჯამში, აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და პოლიციას არავინ დაუკავებია.

10 დეკემბრის აქცია ბოლოტნის მოედანზე იყო დასაწყისი მოვლენებისა, რომელიც რუსეთის 2011-2013 წლების საპროტესტო მოძრაობის სახელითაა ცნობილი [მედიაში პროცესებს ბოლოტნის რევოლუციას და თოვლის რევოლუციასაც უწოდებნენ] საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2012 წელსაც [საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა]. მასშტაბური აქცია გაიმართა 2012 წლის 6 მაისს. აღნიშნულ აქციაზე უკვე 400-მდე მონაწილე დააკავეს და საბოლოოდ 30-ზე მეტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე ცნობილი გახდა, როგორც უმსხვილესი სისხლის სამართლის საქმე 2011 – 2013 წლების საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. საქმე მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო სხვადასხვა სასამართლო და საკანონმდებლო დარღვევების გამო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ დააკისრა რუსეთის ფედერაციას რიგი ბრალდებულისა და გასამართლებულისთვის კომპენსაციის გადახდა მათ მიმართ ძიებისა და სასამართლო განხილვისას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. რიგი მიმომხილველი პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა.[1] [2] [3] [4]

[1] მედია საშუალება „ბიბისის“ რუსული რედაქცია; ბოლოტნის 5 წელი: როგორ რეაგირებდა ხელისუფლება პროტესტზე; გამოქვეყნებულია 2016 წლის 10 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/features-38266529 [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[2] მედია საშუალება „ფორბსის“ რუსული რედაქცია; 2011 წლის 10 დეკემბერის საპროტესტო მიტინგი. ფორბსის ონლაინ-ტრანსლაცია; გამოქვეყნებულია 2011 წლის 10 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.forbes.ru/sobytiya/vlast/77345-10-dekabrya-2011-hronika-sobytii-onlain-translyatsiya-forbes [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[3] მედია საშუალება „გაზეტა“; როგორ მოატყუა პუტინმა ოპოზიცია; სტატიის ავტორი: ვლადიმირ მილოვი [ლიდერი მოძრაობისა „დემოკრატიული არჩევანი“]; გამოქვეყნებულია 2012 წლის 5 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gazeta.ru/column/milov/4026641.shtml?updated [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[4] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; ვის „ჩაძირავს“ ბოლოტნის საქმე; გამოქვეყნებულია 2012 წლის 25 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/politics/53208.html [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]