სამხრეთ აფრიკა. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სამხრეთ აფრიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანა კონსტიტუციური დემოკრატიაა. აპარტეიდის დასრულების შემდეგ, 1994 წლიდან ქვეყანა აფრიკის კონტინენტის ლიდერად და ადამიანის უფლებათა დამცველად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში მმართველი პარტიის აფრიკული ეროვნული კონგრესის მისამართით ისმის ბრალდებები კორუფციაში ჩართული ოფიციალური პირებისთვის ხელის დაფარების შესახებ. ერთერთი კორუფციული სკანდალი დაკავშირებულია გუპტების ოჯახთან, რომელიც მდიდარი ოჯახია და ითვლება, რომ ახლო კავშირები აქვს პრეზიდენტთან. ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკას თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. თავისუფლების ხარისხი შეფასებულია 2 ქულით, პოლიტიკური უფლებების ხარისხი 2 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხი 2 ქულით (შეფასების სისტემაში 1 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე უარესი).[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სამხრეთ აფრიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანამ წლების განმავლობაში ააშენა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას. მიუხედავად ამისა, 2017 წლის განმავლობაში, მთავრობის დამოკიდებულება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც გასულ წლებში. კორუფციამ, სიღარიბემ, მათ შორის უმუშევრობის მაღალმა დონემ და კრიმინოგენულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამხრეთ აფრიკელების შესაძლებლობები, ესარგებლათ თავიანთი უფლებებით სრულყოფილად. 2017 წლის 13 ოქტომბერს უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას მიმართ თაღლითობის, რეკეტის და ფულის გათეთრების 783 შემთხვევის თაობაზე 18 ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ. ზუმა და ეროვნული საბრალდებო უწყება უზენაეს სააპელაციო სასამართლოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვდნენ, რომელმაც, თავის მხრივ, გააუქმა ეროვნული საბრალდებო უწყების 2009 წლის გადაწყვეტილება ზუმას წინააღმდეგ საქმეების დახურვის შესახებ. პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმედგაცრუება უწოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბევრი ბავშვისა და მოზარდის განათლების უფლების უზრუნველყოფა. შეშფოთების საგნად რჩებოდა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიის არქონა და გაუპატიურებები. აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ აფრიკის კონტინენტის სამხრეთ რეგიონის განვითარების საზოგადოების თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მიიღო, თუმცა 2017 წელს თავისი როლი არ გამოუყენებია რეგიონში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში სამხრეთ აფრიკის შესახებ წერს, რომ უთანასწორობა კვლავ დამახასიათებელი იყო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისა და გენდერზე დაფუძნებული დანაშაულის მსხვერპლებს არ ჰქონდათ სათანადო წვდომა სამართლიან სასამართლოზე. ფართოდ იყო გავრცელებული დემონსტრაციები კორუფციის წინააღმდეგ. პოლიტიკური ვითარება დაიძაბა მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა შეცვალა; მათ შორის, დაითხოვა ფინანსთა მინისტრი პრავინ გორდჰანი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დანახარჯები ჯანდაცვის, განათლებისა და საარსებო სერვისების მიმართულებით გაიზრდა, ქვეყანამ ვერ შეძლო უთანასწორობისა და სიღარიბის შემცირება.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) სამხრეთ აფრიკის შესახებ წერს, რომ სამხრეთ აფრიკა მრავალპარტიული დემოკრატიაა, სადაც კონსტიტუციური ძალაუფლება განაწილებულია აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო შტოებს შორის. ბოლო ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა, შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ეფექტურ კონტროლს.

ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, რასაც ფატალური შედეგიც ახლდა; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; ოფიციალურ პირთა კორუფცია; მიგრანტთა და ლგბტ პირთა მიმართ ძალადობა პოლიციის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა დანაშაულის ჩამდენი ოფიციალური პირების მიმართ, დაუსჯელობა მაინც რჩებოდა პრობლემად.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ სამხრეთ აფრიკის კონსტიტუცია ადგენს რელიგიის თავისუფლებას და კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას. ხელისუფლება არ ითხოვს რელიგიური ჯგუფების რეგისტრაციას, თუმცა დარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფები იღებენ გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსს.[5]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – South Africa, 15 March 2018, available at:

[accessed 24 September 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – South Africa, 18 January 2018, available at:

[accessed 24 September 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – South Africa, 22 February 2018, available at:

[accessed 24 September 2018]

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – South Africa, 20 April 2018

 (accessed on 24 September 2018)

[5] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – South Africa, 29 May 2018

 (accessed on 24 September 2018)