საუდის არაბეთი. შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აგვისტო, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ 1992 წლის ძირითადი კანონი ყურანს და სუნას ქვეყნის კონსიტიტუციად აცხადებს. ისლამი ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა და ყველა საუდელი ვალდებულია, იყოს მუსლიმი. 2014 წლის სამეფო განკარგულება 20 წლამდე პატიმრობით სჯის ათეისტებს. მთავრობა კრძალავს ნებისმიერი რელიგიის საჯაროდ აღსრულებას, გარდა ისლამისა და ასევე, ზღუდავს შიიტური ისლამის და სუფიზმის რელიგიურ აღსრულებას. შიიტური მეჩეთების მშენებლობა გართულებულია ნებართვის გაცემის წესებით და საერთოდ აკრძალულია აღმოსავლეთ პროვინციის, სადაც უმეტესობა შიიტები არიან, გარეთ. აღსანიშნავია, რომ მთავრობა აღიარებს არა-მუსლიმური რელიგიური უმცირესობის უფლებას, საკუთარი რელიგიური პრაქტიკა განახორციელონ პირად სივრცეში, თუმცა არც აღნიშნული უფლებაა დაცული ყოველთვის.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წლის ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, საუდის არაბეთის ხელისუფლება შეუწყნარებელია ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკის მიმართ, გარდა ისლამისა და ამასთან, სისტემატურად დისკრიმინაციულია მუსლიმური რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით ტველვერ შიიტებისა და ისმაილების მიმართ, მათ შორის საჯარო განათლების, სასამართლო სისტემის, რელიგიის თავისუფლების და დასაქმების მიმართულებებით.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საუდის არაბეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 34.2 მილიონია. გაეროს 2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრებთა თითქმის 40% უცხოელია. საუდის არაბეთის დაახლოებით 21 მილიონი მოქალაქეთა 85-90 პროცენტი სუნიტი მუსლიმია. შიიტი მუსლიმები საუდის არაბეთის მოქალაქეთა დაახლოებით 10-12 პროცენტს შეადგენენ; აღმოსავლეთ პროვინციაში შიიტები მოსახლეობის 25-30 პროცენტი არიან. შიიტი მოსახლეობის დაახლოებით 80% „ტველვერები“ (შიიტები, რომლებიც 12 იმამს აღიარებენ) არიან და ძირითადად აღმოსავლეთ პროვინციაში არიან განსახლებულნი. „ნახავალა“, იგივე „მედინა შიიზმი“, ასევე „ტველვერები“ არიან და მცირე რაოდენობით არიან განსახლებული დასავლეთით მდებარე ჰეჯაზის რეგიონში; მათი რაოდენობა დაახლოებით ათასი ადამიანია. „ტველვერები“ ჯააფარის სკოლის სამართალს აღიარებენ, დანარჩენი შიიტები კი სულეიმანი ისმაილს, იგივე „სევენერს“. სევენერთა რაოდენობა დაახლოებით 500 ათასია და ძირითადად, განსახლებულნი არიან ნარჯანის პროვინციაში, სადაც ისინი უმრავლესობას ქმნიან. სევენერთა კიდევ ერთი განშტოებაა ბოჰრა ისმაილი, რომელთა რაოდენობა საუდის არაბეთში რამდენიმე ასეულია და ძირითადად, სამხრეთ აზიური რეგიონიდან არიან. „Pockets of Zaydis“, შიიტური ისლამის კიდევ ერთი მიმდინარეობაა; მათი რაოდენობა საუდის არაბეთში დაახლოებით 20 ათასია და ძირითადად განსახლებულნი არიან ჯიზანისა და ნაჯრანის პროვინციაში, იემენის საზღვართან ახლოს.

შიიტური საზოგადოების წევრების ინფორმაციით, პროცესიები და შეკრებები გრძელდება, რაც პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებასა და შიიტურ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უკეთეს კოორდინაციასთანდაა დაკავშირებული; ასევე, აშურის დღესასწაულის აღნიშვნა ხაზს უსვამს გაუმჯობესებულ კონფელიათაშორის ურთიერთობას და ურთიერთ შემწყნარებლობას. მიუხედავად ამისა, შიიტური საზოგადოების წევრები საუბრობენ, რომ ხელისუფლების სამიზნეები არიან რელიგიური საფუძვლით უსაფრთხოების ოპერაციებითა და სამართლებრივი პროცედურებით. 2020 წლის ივლისში, შიიტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა რეიდი მოაწყვეს მეტწილად შიიტებით დასახლებულ ქალაქ საფვაში, რასაც დაკავებები და ერთი პირის დაშავება მოჰყვა. სექტემბერსა და ოქტომბერში, რიადში, სპეციალურმა სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 2017 წელს დაკავებულ სასულიერო პირებს; სასჯელის ზომად 3-დან 10 წლამდე პატიმრობა განიზაღვრა. თებერვალში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სიკვდილით დასჯის განაჩენი შიიტუ აქტივისტის მუსტაფა ალ ხაიატის მიმართ, რომელსაც დემონსტრაციებში მონაწილეობა და უსაფრთხოებისთვის ხელის შეშლა ედებოდა.

არასამთავრობო ორგანზიაციები და შიიტი აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა გზით ავიწროვებს შიიტურ საზოაგდოებებს. მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორი და შიიტი აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მათ მიმართ განხორციელებული დევნა უმეტესად რელიგიურ კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სხვა რელიგიური ჯგუფების წევრების დაკავებისა თუ სასამართლო პროცესების დროსაც, ანალოგიური ბრალდებები გამოიყენება. 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საუდის არაბეთში, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოტანილი იყო 53 პირის მიმართ, რომელთა დიდი ნაწილი შიიტები არიან. 2020 წლის ბოლოსთვის მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები 25 პირის მიმართ, რომელთაგან უმეტესობა ასევე შიიტები იყვნენ; ბრალდებები კი მათ მიმართ, ითვალისწინებდა, მთა შორის სიკვდილით დასჯას. ადგილობრივი შიიტი აქტივისტები და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სასამართლოს კომპეტენციას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

სუნიტებისა და შიიტების შერეულ დასახლებებში, ხელისუფლება, ზოგადად, ითხოვს, რომ მეჩეთებში, მათ შორის შიიტურ მეჩეთებში, ლოცვის მოწოდება სუნიტური წესით მოხდეს. მეტწილად შიიტებით დასახლებულ ზონებშ, როგორიცაა მაგალითად ქატიფი, აღმოსავლეთ პროვინციის ალ-აჰსას ზოგიერთ არეალში, ხელისუფლება უშვებს ლოცვაზე მოწოდების ტველვერ შიიტურ ვერსიას. პატარა შიიტურ სოფლებში, მოსახლეობის თქმით, მიღებულია, რომ შიიტების მფლობელობაში მყოფი ბიზნესები ლოცვისთვის სამჯერ იკეტებიან (გასხვავებით სუნიტებისგან, რომლებიც 5-ჯერ ლოცულობენ); ზოგ შემთხვევაში კი ბიზნესები ლოცვისთვის საერთოდ არ იკეტება. სუნიტური და შიიტური საზოაგადოებების წევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლოცვისთვის საქმიანობის შეჩერება ისტორიულად დამკვიდრებული პრაქტიკაა, ბოლო პერიოდში აღინიშნება, ლოცვისთვის განკუთვნილ დროს, საქმიანობის გაგრძელების ტენდენცია.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, 2020 წლის 17 აპრილს ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ავამიიაში, ქატიფში დააზიანა საფლავები, რასაც ისტორიული მონუმენტების ნგრევა მოჰყვა. 14 მაისს შეიარაღებულმა ძალებმა რეიდი მოაწყვეს ქატიფის უმმ ალ-ჯაზმის რაიონში; რეიდის მიზანს ლოცვაზე შიიტური მოწოდების პრევენცია წარმოადგენდა. რეიდებს შიიტური უმრავლესობით დასახლებულ რაიონებში ადგილი ჰქონდა იანვარში, თებერვალში, ივლისსა და ოქტომბერში. დეკემბერში ხელისუფლებამ დაანგრია ყოფილი შიიტი სასულიერო პირის შეიხ ნიმრ ალ-ნიმრის მეჩეთი ალ-ავამიაში.

შიიტური საზოგადოების წევრები საუბრობენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე სამთავრობო სექტორში დასაქმების დროს. შიიტი მუსლიმების წარმომადგენლობა მაღალ სამთავრობო პოზიციებზე, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, კვლავ ძალიან დაბალია. შიიტები თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოზიციებზე, მათ შორის ეროვნულ გვარდიაში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. მეტწილად შიიტებით დასახლებულ რეგიონებში შიიტური წარმომადგენლობა უფრო მაღალია საგზაო პოლიციაში, საჯარო სკოლებსა და მუნიციპალურ სამსახურებში. სამთავრობო სააგენტოებსა და კომპანიებში ძალიან ცოტა შიიტი იკავებს მაღალ პოზიციებს. შიიტები, ასევე, მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი დაწყებით, საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ხელისუფლება სისტემატურად დისკრიმინაციულია შიიტური მუსლიმური უმცირესობების, განსაკუთრებით ტველვერ შიიტებისა და ისმაილების მიმართ, მათ შორის სასამართლოს, განათლებისა და დასაქმების კუთხით.

35 წევრისგან შემდგარ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი შიიტია, მოჰამედ ბინ ფაიზალ აბუ საქ, რომელიც 2014 წლიდან შურას საქმეთა სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს. შიიტები არ არიან არც გუბერნატორები, არც გუბერნატორების მოადგილეები, სამინისტროების სტრუქტურული ერთეულების დირექტორები ან უსაფრთხოების მეთაურები. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უცნობია შურას საბჭოს წევრთა რელიგიური კუთვნილება, გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს 150 წევრიდან, 7 ან 8 შიიტია. აღმოსავლეთ პროვინციაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა შიიტია, მუნიციპალურ საბჭოებში დიდი რაოდენობით შიიტია წარმოდგენილი, მათ შორის ქატიფსა და ალ-აჰსაში. მთავრობის მიერ დანიშნული 12 წევრიდან 5 შიიტია და შიიტი მუსლიმები იკავებენ 30-დან 16 არჩევით ადგილს მუნიციპალურ საბჭოებში.

მთავრობა არ აფინანსებს შიიტური მეჩეთების მშნებელობას და ფუნქციონირებას. შიიტები თავად აფინანსებენ შიიტური მეჩეთების მშნებელობას, ფუნქციონირებას და შეკეთებას. შიიტი მუსლიმები თავად მართავენ შიიტურ მეჩეთებს შიიტი სასულეირო პირების მეთვალყურეობით. მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ იერიშები მიიტანა შიიტურ მეჩეთებსა და თავშეყრის ადგილებზე 2015 წელს, უსაფრთხოების სამსახურები უზრუნველყოფენ ბევრი შიიტური მეჩეთისა და შეკრების ადგილების უსაფრთხოებას აღმოსავლეთ პროვინციაში. მედიის ინფორმაციით, შიიტი მოხალისეები და ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პარასკევის ლოცვისა თუ სხვა დიდი დღესასწაულების დროს, მეჩეთების გარე პერიმეტრზე და თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შიიტური ჯგუფები საუბრობენ დისკრიმინაციაზე სასამართლო საქმისწარმოებაში. აღმოსავლეთ პროვინციაში შიიტი მოსამართლეები განიხილავენ შიგა შიიტურ საოჯახო და პირადი სტატუსის საქმეებს. აღმოსავლეთ პროვინციაში ხელისუფლება ნებას რთავს შიიტ მოსამართლეებს საოჯახო საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოიყენონ ჯააფარის სკოლისეული ისლამური იურისპრუდენცია. საერთო ჯამში, ქატიფსა და ალ-აჰსაში, მთავრობის მიერ დანიშნული, 5 მოსამართლეა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სუნიტი მოსამართლეებში, რიგ შემთვევებში, საერთოდ უარს აცხადებენ შიიტი მოწმეების მოსმენაზე.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2021 – Saudi Arabia, 3 March 2021

 (accessed on 10 August 2021)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – Saudi Arabia, 13 January 2021

 (accessed on 10 August 2021)

[3] USDOS – US Department of State: 2020 Report on International Religious Freedom: Saudi Arabia, 12 May 2021

 (accessed on 13 August 2021)

საუდის არაბეთი. ინფორმაცია შვილად აყვანის პროცედურების შესახებ. აგვისტო, 2021

საუდის არაბეთის სამეფოში ადამიანური რესურსების და სოციალური განვითარების სამინისტრო ზრუნავს ობლებსა და ბავშვებზე და ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია, ობოლი ბავშვები ბავშვთა სახლების ნაცვლად, ოჯახებში გაიზარდონ. მიმღები (აღმზრდელი) ოჯახის პროგრამა (Foster Family Program) არის ელექტრონული სერვისი, რომელიც ოჯახებს, ვისაც სურთ, იშვილონ ობოლი ბავშები, აძლევს საშალებას, დაარეგისტრირონ ელექტრონული მოთხოვნა. პროგრამის აღწერაში წერია, რომ ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს ობოლზე და აღზარდოს ისე, როგორც საკუთარი შვილი; მისცეს მას განათლება და ყველა საკითხი გადაწყვიტოს ისე, როგორც საკუთარი შვილის შემთხვევაში, ვიდრე შვილად აყვანილი ბავშვი არ მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, რომ დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. პროგრამის მიზანია, მიმღებ ოჯახებს მთელი პროცესის განმავლობაში გაუწიოს მხარდაჭერა.

ოჯახებს, ვისაც სურთ, ბავშვი იშვილონ, უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე, აირჩიონ „მიმღები ოჯახის პროგრამის აპლიკაცია“, გაეცნონ დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, შეავსონ დადგენილი ფორმა და გააკეთონ განაცხადი. განაცხადის გაკეთება მსურველებს სამინისტროში ადგილზე მისვლითაც შეუძლიათ. შესაბამისი წესებისა და სტანდარტების დაცვით, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ოჯახებს, ასევე მარტოხელა, განქორწინებულ ან ქვრივ ქალებსაც. მსურველებს განაცხადი არაერთხელ შეუძლიათ გააკეთონ – ახალი განაცხადი შეიძლება გაკეთდეს მას შემდეგ, რაც არსებული განაცხადის განხილვა დასრულდება.[1]

საუდის არაბეთის მთავრობის ინტერნეტ პორტალის მიხედვით, ბავშვების, ზოგადად, და განსაკუთრებით ობლების უფლებების დაცვის და მათზე ეფექტიანი ზრუნვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა ბავშვებსა და ობლებზე ზრუნვის სისტემა. ობლებსა და მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის მთავარი ადმინისტრაცია ატარებს საჭირო და აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ობოლი ბავშების განათლების სისტემაში ჩართვა და ზრუნვა რეზიდენტი სახლებისა და ინსტიტუციების გამოყენებით. ადმინისტრაცია, ამასთან, განაგრძობს ბავშვებზე მეთვალყურეობას მათი მიმღებ ან მეგობარ ოჯახებში გადასვლის შემდეგ, რათა ბავშვები იღებდნენ სათანადო ზრუნვას. არასრულწლოვანთა სოციალურ დაცვას ასევე კურირებს არასრულწლოვანთა კეთილდღეობის დეპარტამენტი, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას სისტემის უკეთ ფუნქციონირებისთვის.[2]

ინტერნეტ მედია პორტალი „Arab News“ 2020 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში „ობოლთა შვილად აყვანა ეხმარება სოციალურ ინტეგრაციას საუდის არაბეთში“ წერს საუდის არაბეთში შვილად აყვანისა და მიმღები ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ შრომისა და სოციალური განვითარების საკითხთა მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს გეგმაა, მიმღები ოჯახების რაოდენობა გაზარდოს, რათა ობოლმა ბავშვებმა საჭირო ზრუნვა მიმღებ ოჯახებში მიიღოს და ობოლთა თავშესაფარი ცენტრები აღარ იყოს საჭირო.

სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილია მიმღები ოჯახის სტატუსის მოპოვების მსურველთა რაოდენობა და მთელი სამეფოდან მიღებული განაცხადები 3 ათასს აჭარბებს. სამინისტროს ინფორმაციითვე, 8694 ოჯახმა უკვე იშვილა ბავშვი. სტატიაში, ასევე საუბარია მიმღები ოჯახის მხარდაჭერის პროგრამაზე და ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია, ობოლი ბავშვები ოჯახებში გაიზარდონ. ობოლთა თავშესაფრებში ბავშვების განთავსებას სამინისტრო უკანასკნელ ვარიანტად განიხილავს.

პროგრამა ბავშვებს ასევე სთავაზობს სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ ოჯახებში აღზრდას, სადაც ისინი ისწავლიან კულტურულ საკითხებს და შეიძენენ კარგ ღირებულებებსა და მორალურ თვისებებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამა ობოლ ბავშვებს ეხმარება, ვიდრე ისინი არ მიაღწევენ ისეთ მდგომარეობას, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა. მიმღები ოჯახისთვის ოთხი მთავარი მოთხოვნაა დაწესებული ჯანდაცვის, სოციალური, ფლისქოლოგიური და ეკონომიკური ასპექტების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს, რომ ბავშვი გაიზრდება კარგ გარემოში. მთავრობა მიმღებ ოჯახებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გასცემს ყოველთვიურ შემწეობას, რაც ოჯახებს ბავშვის ფინანსურად უზრუნველყოფაში ეხმარება. სამინისტრომ მიმღები ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა „ხედვა 2030“-ის ფარგლებში წამოიწყო და მიიჩნევს, რომ ობოლ ბავშვებზე ზრუნვის ასეთი მიდგომა მათთვის საუკეთესო ვარიანტია. სამინისტრო მიმღები ოჯახებისგან ითხოვს, რომ ქალი იყოს 50 წელზე ახალგაზრდა და ოჯახს უნდა ჰქონდეს კარგი ეკონომიკური მდგომარეობა; ამასთან, ოჯახის რომელიმე წევრს არ უნდა ჰქონდეს რაიმე გადამდები დაავადება და ფსიქოლოგიური პრობლემები.[3]

[1] Ministry of Human Resources and Social Development; Foster-Family program application; available at: https://hrsd.gov.sa/en/queries/foster-family-program-application [accessed on 11 August, 2021]

[2] GOV SA; Unified National Platform; Social Protection; Social Welfare System; available at: https://www.my.gov.sa/wps/portal/snp/aboutksa/SocialProtection [accessed on 11 August, 2021]

[3] Arab News; Adoption of orphans helps social integration in Saudi Arabia; 5 January, 2020; available at: https://www.arabnews.com/node/1608466/saudi-arabia [accessed on 11 August, 2021]

საუდის არაბეთი. სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომა. დეკემბერი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პრაქტიკაში, საუდის არაბეთში, სასამართლო დამოუკიდებლობის ძალიან მცირე ხარისხით სარგებლობს. მოსამართლეებს თანამდებობაზე მეფე ნიშნავს და მათ კურირებს უზენაესი იურიდიული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის იუსტიციის მინისტრია. საუდის არაბეთში კანონის მთავარ საფუძველს წარმოადგენს იურიდიულ ექსპერტთა სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული ე.წ. „გაიდლაინები“ შარიათის (ისლამური სამართალი) ინტერპრეტაციასთან მიმართებით, როემლთაც მოსამართლეები საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებენ. ზოგადად, მოსამართლეები სარგებლობენ ფართო დისკრეციით იმ საკითხზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ შარიათით გათვალისწინებულ კონრეტულ დანაწესს. მათ, ასევე, არ ევალდებულაბათ საჯაროდ გამოაქვეყნონ ახსნა-განმარტებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა უფლებები კანონით სათანადოდ არ არის დაცული. დაკავებულებს, დაკითხვების დროს, ხშირად არ აქვთ წვდომა ადვოკატზე, ხოლო ხანგრძლივი დროებით წინასწარი დაკავება, ასევე – ბრალდების გარეშე დაკავებები საკმაოდ გავრცელებულია. 2017 წელს, ანტიკორუფციული სადამსჯელო კამპანიისას დაკავებული ასობით პირი არ დაქვემდებარებია არანაირ სამართლიან სასამართლო პროცესს. მათ უბრალოდ აიძულეს, საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც, გაათავისუფლეს. მთავრობის მხარდაჭმერი პირები აცხადებდნენ, რომ სასამართლოებს არ გააჩნდათ უნარი და შესაძლებლობა, განეხილათ ზემოააღნიშნული საქმეები სწრაფად, რის გამოც იურიდიული კუთხით საქმეების განხილვა წლები გაგრძელდებოდა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან და გადაწყვეტილებებს მხოლოდ შარიათის და ქვეყანაში მოქმედი კანონების საფუძველზე იღებენ. თუმცა, სასამართლო შტო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ უწყებას, რადგან ხშირად უწევდათ საკუთარი გადაწყვეტილებების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინირება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის საჯარო ბრალდებები იშვიათი იყო, გავრცელებული ცნობებით, მოსამართლეები (განსაკუთრებით, სპეციალიზებული სასამართლო უწყებების მოსამართლეები) ხშირად ექვემდებარებოდნენ სხვათა გავლენას.

უფლებადამცველი აქტივისტების ცნობით, მოსამართლეებს მიღებული ჰქონდა ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოეტანათ აქტივისტების, რეფორმატორების, ჟურნალისტების და დისიდენტების საქმეებში. მათივე ცნობით, როგორც სასამართლო, ასევე – პროკურატურა, ხშირად სრულ იგნორირებას უწევდა შესაბამის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საჩივრებს, მათ შორის – ბრალდებულის ადვოკატზე წვდომის არქონასთან დაკავშირებით.[2]

რაც შეეხება სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობას,  ზემოხსენებული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შინაგან უსაფრთხოებას და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს არაერთი ორგანო: სახელმწიფო უსაფრთხოების პრეზიდენტურა; ეროვნული გვარდია, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. უშუალოდ პოლიცია ექვემდებარება შიანაგან საქმენთა სამინისტროს. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურები და ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ანგარიშის მიხედვით, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხთა სასამართლოები იძიებდნენ ბრალდებებს უსაფრთხოების ძალების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევების ჩადენის (მათ შორის, მკვლელობების) შესახებ. ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ  სამართალდარღვევების შესახებ პოლიციის შენობებში ან შესაბამის სამონიტორინგო ორგანოებში (HRC; NSHR) უპრობლემოდ განაცხადონ.[3]

[1] Freedom House – Freedom in the World 2020 – Saudi Arabia; published in March 2020; available at

[accessed 25 December 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Saudi Arabia; published in March 2020; available at

[accessed 28 December 2020]

[3] Ibid

საუდის არაბეთი. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ საუდის არაბეთის სამეფო მონარქიაა, რომელსაც მართავს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, რომელიც არის როგორც სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაური. 1992 წლის საბაზისო კანონი, რომელიც განსაზღვრავს მმართველობის სისტემას, ადამიანის უფლებებს და მთავრობის მოვალეობებსა და ძალაუფლებას, ადგენს, რომ ყურანი და სუნა (წინასწარმეტყველ მუჰამედის ტრადიციები) ქვეყნის კონსტიტუციის როლს ასრულებს. კანონით დადგენილია, რომ მეფე აბდულაზიზის მამრობითი სქესის მემკვიდრეები არიან ქვეყნის მმართველები.

მთავრობა და მისი სახელით მოქმედი პირები ჩართულები არიან თვითნებურ და უკანონო მკვლელობებში. ვრცელდება ინფორმაციები გაუჩინარებების შესახებ, სადაც ასევე ხელისუფლების აგენტების ხელი ურევია. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ადგილობრივი აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, საუდის არაბეთში ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარია. სანდო წყაროების მტკიცებით, ხელისუფლება პირებს აკავებს მშვიდობიანი აქტივობებისა და პოლიტიკური ოპოზიციონერობისთვისაც.

კანონი არ უზრუნველყოფს გამოხატვის, მათ შორის პრესის თავისუფლებას. საბაზისო კანონი განმარტავს, რომ „მასმედია და გამოხატვის ყველა სხვა საშუალება უნდა იყენებდეს თავაზიან ლექსიკას, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განმანათლებლობას და აძლიერებდეს ერთიანობას. მედიას ეკრძალება ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს უწესრიგობას და განხეთქილებას, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ან შელახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას“. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, განსაზღვროს რა სახის ტექსტი ან გამოხატვა უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას. მთავრობას შეუძლია აკრძალოს ან შეაჩეროს მედიასაშუალების საქმიანობა თუ ჩათვლის, რომ ის არღვევს პრესისა და პუბლიკაციების შესახებ კანონს. ხელისუფლება კრძალავს ასობით ინტერნეტ საიტს და აწარმოებს ათასობით ონლაინ რესურსის მონიტორინგს. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვების შესახებ.

ხელისუფლება ახდენს აზრის საჯაროდ გამოხატვის მონიტორინგს და აწესებს სამართლებრივ კონტროლს გამოხატვის თავისუფლებაზე და უკრძალავს პირებს, ჩაერთონ პოლიტიკური სფეროს საჯარო კრიტიკაში. მთავრობამ არაერთი პირი მისცა სამართლებრივ პასუხისგებაში მათი სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო. მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ხშირად ხდებიან დაპატიმრების, თავისუფლების აღკვეთისა და ძალადობის ობიექტები. კანონი არ უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას, რასაც ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის აბსოლუტური მონარქია ზღუდავს თითქმის ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებას. პოლიტიკური პარტიები აკრძალულია და განსხვავებული პოლიტიკური აზრი ეფექტურადაა კრიმინალიზებული. მთავრობა აკონტროლებს მედიის შინაარსს და დომინირებს რეგიონული ბეჭდვითი და სატელიტური-სატელევიზიო დაფარვის კუთხით. ჟურნალისტები შეიძლება გახდნენ თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი სხვადასხვა სახის ბუნდოვანი ბრალდებების გამოყენებით.

2011 წელს პრესის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნებისმიერი კრიტიკა რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის უზენაესი მუფტის, მაღალი რელიგიური მქადაგებლების საბჭოს ან მთავრობის წარმომადგენლებისკენ. აღნიშნული წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება და მედია საშუალების დახურვა. ყველა ბლოგსა და ინტერნეტ გვერდს ან პირს, რომელიც წერს ამბავს ან კომენტარს ონლაინ სივრცეში, უნდა ჰქონდეს ინფორმაციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია; წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდი შეიძლება დაჯარიმდეს ან დაიხუროს.

სამეცნიერო თავისუფლება შეზღუდულია. ხორციელდება კლასების მონიტორინგი, რათა პროცესი შეესაბამებოდეს დადგენილ კურიკულუმს. იკრძალება სეკულარული ფილოსოფიის ან ისლამის გარდა, სხვა რელიგიის სწავლება. აკადემიკოსები აწყდებიან სხვადასხვა სახის სასჯელს მთავრობის პოლიტიკის საჯარო კრიტიკული ანალიზისთვის.

საუდელებს აქვთ საშუალება, გარკვეული დოზით, ჩაერთონ კერძო საუბრებში პოლიტიკურ ან სხვა საკითხებზე, მათ შორის გააკრიტიკონ მთავრობის საქმიანობის ესა თუ ის ასპექტი. მიუხედავად ამისა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი სასჯელები აფერხებს რეჟიმის უფრო კონკრეტულ კრიტიკას და თავისუფალ დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია და სამეფო ოჯახი. კანონმდებლობა გამოხატვის სფეროში ისე ბუნდოვნადაა შედგენილი, რომ ხელისუფლებას დისკრეციის საკმაოდ დიდ საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს, რა არის კანონის დარღვევა.

გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო შეირყა 2018 წელს, როდესაც დააპატიმრეს ქალთა უფლებების აქტივისტები და მთავრობის პოლიტიკის სხვა კრიტიკოსები, რასაც დაემატა ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა[2] სტამბოლში. ყოველივე ამან რიგით საუდელებს აიძულა განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოხატვისგან თავის შეკავება. ჰაშაღის გაუჩინარების შემდეგ, სამართალდამცავებმა საუდის არაბეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შეახსენეს, რომ ჭორებისა თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, შესაძლოა დასჯილიყვნენ 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. საუდის არაბეთში ფართოდაა გავრცელებული თვალთვალი და ჯაშუშობის მიმართ მოწყვლადი არიან ის საუდელებიც, რომლებიც უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება ძალადობს, აპატიმრებს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს, მათ შორის, მთავრობის კრიტიკოსებს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ქვეყნის ანტი-ტერორისტულ კანონს იყენებს იმ პირების მიმართაც, ვინც მშვიდობიანად შეეცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლოს. კიბერ-დანაშაულის შესახებ კანონით კი ისჯება მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის მრავალწლიან სასჯელს იხდიან საპატიმროებში. ყველა სახის შეკრება, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრაცია, კვლავ აკრძალულია შსს სამინისტროს 2011 წლის ბრძანებულებით.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო კრიტიკის ობიექტი გახდა 2019 წელს, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებით და საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმით. 2019 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ხელისუფლება განაგრძობდა ადამიანის უფლებათა აქტივისტების, დამოუკიდებელი რელიგიური პირებისა და განსხვავებული აზრის დევნას. საუდელი პროკურორები კვლავ ითხოვდნენ სიკვდილით დასჯის გამოყენებას იმ პირების მიმართ, ვისაც აპატიმრებდნენ მშვიდობიანი აქტივობებისა და განსხვავებული აზრის გამო.[5]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 6 February 2020)

[2] ცნობილი საუდელი ჟურნალისტი და ხელისუფლების კრიტიკოსი ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა. მოგვიანებით, მისი მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთმა ხუთი პირი გაასამართლა. გავრცელებული მოსაზრებით, ჰაშაღის მკვლელობის ორგანიზება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მოახდინა.

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Saudi Arabia, 4 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[4] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Saudi Arabia [MDE 23/9902/2019], 26 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Saudi Arabia, 14 January 2020

 (accessed on 6 February 2020)

საუდის არაბეთი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა. აპრილი, 2019

ქალთა მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქალები კვლავ აწყდებიან სერიოზულ დისკრიმინაციას როგორც საკანონმდებლო, ასევე ყოფით დონეზე და ბევრი მათგანი კვლავ არ არის ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ.

საკანონმდებლო დონეზე ქალები და კაცები თანაბარი სამართლებრივი სტატუსით არ სარგებლობენ და რადგან ქვეყანაში არ მოქმედებს კოდიფიცირებული კანონი პირადი სტატუსების შესახებ, საოჯახო თემებზე მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ შარიათის კანონების საკუთარი განმარტებების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს აქვთ ქონების ფლობის და თავიანთი მეურვის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის უფლება, ქალები სარგებლობენ ნაკლები პოლიტიკური და სოციალური უფლებებით და ხშირად მათ მიმართ დამოკიდებულება არ არის კაცების მიმართ დამოკიდებულების თანაბარი როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ სფეროებში. მეურვეობის სისტემა ქალებს ავალდებულებს, ჰყავდეთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი „მეურვის“ ამპლუაში, როგორც კანონიერი პირი, რომელიც დართავს მას ქვეყნის გარეთ მოგზაურობის ნებას. 2018 წლის სექტემბერში ჯედაჰის პირადი სტატუსების შესახებ დავების განმხილველმა სასამართლომ დაავალა მამაკაცს, თავისი 24 წლის გოგოსთვის პასპორტის აღება, რათა მას სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ. ქალებს, ასევე, სჭირდებათ მეურვის თანხმობა, რათა დატოვონ საპატიმრო დაწესებულება სასჯელის მოხდის შემდეგ.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ქალებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად წარმართონ ჯანდაცვის პროცესი. ქალებს შეუძლიათ იმუშაონ მეურვის თანხმობის გარეშე, თუმცა ზოგიერთი დამსაქმებელი მაინც ითხოვს მეურვის თანხმობას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს ასეთ პრაქტიკას. 2018 წლის 15 თებერვალს ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ამიერიდან ქალებს აღარ სჭირდებათ მამაკაცი მეურვის თანხმობა ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად.[1] 2019 წლის ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ რეფორმა რეალურად პრაქტიკაში, როგორც ჩანს, არ გატარდება.[2]

2018 წლის 24 ივნისს მთავრობამ მოხსნა აკრძალვა ქალებისთვის ავტომობილების მართვაზე. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ამ პერიოდში წერდა, რომ საკმაოდ ჭიანურდებოდა ქალებისთვის მართვის მოწმობის აღების პროცესი და მართვის სასწავლო სკოლებში აყვანა, რადგან შეზღუდული იყო სასწავლო დაწესებულებებისა და ქალი მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია გენდერული ნიშნით განცალკევებული პროგრამის პირობებში. სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, სადაც სალმა ალ-შერიფი ამტკიცებდა, რომ მის მანქანას განზრახ წაუკიდა ცეცხლი მამაკაცმა, რომელიც „ეწინააღმდეგებოდა ქალების მიერ მანქანის მართვას“. გარდა ამისა, ის აცხადებდა, რომ მუდმივად იღებდა მუქარებს მისი ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებისგან (მექას პროვინციის სოფელი სამადი). 2018 წლის 28 ოქტომბერს მექას სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო ორი მამაკაცი გაამართლა. ალ-შერიფმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2018 წლის დეკემბერს კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ამჯერად ჯედაჰში, სადაც კიდევ ერთი ქალის ნურჰან ბასამის მანქანა დაიწვა.[3] 2019 წლის ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წერს, რომ აკრძალვის მოხსნამდე ერთი თვით ადრე ქალთა უფლებების აქტივისტები და ქალთათვის მართვის უფლების მოთხოვნის კამპანიის ლიდერები თვითნებურად დააკავეს.[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ წერდა, რომ მათ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, მათ შორის კავშირი უცხოურ პარტიებთან. სახელმწიფო მედია საშუალებები რეგულარულად უჩვენებდნენ მათ ფოტოებს წარწერით „მოღალატე“.[5]

საუდის არაბეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ ასევე დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ქალებს არ შეუძლიათ პირდაპირ გადასცენ მოქალაქეობა თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მამა არ არის საუდის არაბეთის მოქალაქე. შარიათის კანონების ქვეყანაში დამკვიდრებული განმარტებით, მუსლიმ ქალს ეკრძალება არა მუსლიმ კაცზე ქორწინება, თუმცა, საპირისპიროდ, კაცებს შეუძლიათ დაქორწინდნენ ქრისტიანებსა და ებრაელებზე. ქალებს სჭირდებათ მთავრობის ნებართვა რათა იქორწინონ არა მოქალაქეზე. მამაკაცებს ასევე სჭირდებათ მთავრობის ნებართვა თუ აპირებენ დაქორწინდნენ იმ ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც არ არის სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები). რეგულაციები უკრძალავს საუდელ მამაკაცებს ცოლად მოიყვანონ პაკისტანის, ბანგლადეშის, ჩადის და ბურმის მოქალაქე ქალები. დამატებით, მთავრობა ითხოვს საუდელი კაცებისგან, რომელთაც სურთ უცხოელ ქალე დაქორწინება, იმის დადასტურებას შესაბამის დოკუმენტაციით, რომ მათი პირველი ცოლი უუნაროა, აქვს ქრონიკული დაავადება ან სტერილურია.

ფართოდ გავრცელებული სოციალური ნორმების გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და არა მარტო, უკრძალავს ქალებს ბევრი საჯარო დაწესებულებით სარგებლობას. კანონი ითხოვს ქალებისგან, რომ იყვნენ განცალკევებით, საჯარო სივრცეებში სპეციალურად ქალებისთვის გამოყოფილ სექციებში. ქალები ხშირად ვერ მიირთმევენ საკვებს იმ რესტორნებში, სადაც არ არის ქალებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სექციები. კულტურული ნორმები აიძულებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქალებს დაავალდებულონ საჯარო სივრცეში აბაიას ტარება. ზოგადად, მუსლიმი ქალებისგან მოითხოვენ, რომ მათ დამალონ საკუთარი თმა. რაც შეეხება არა მუსლიმ ქალებს აზიიდან და აფრიკიდან, მათ უფრო მეტად მოეთხოვებათ აღნიშნული წესის დაცვა, ვიდრე არა მუსლიმ ქალებს დასავლეთიდან.

2018 წლის ივნისში სატელევიზიო წამყვანმა შირინ ალ-რიფაიემ დატოვა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მის წინააღმდეგ. აუდიო-ვიზუალური მედიის მთავარი კომისია ამტკიცებდა, რომ მისი ჩაცმულობა იყო „მიუღებელი“. ალ-რიფაიე საუბრობდა ქალებისთვის მართვის აკრძალვის მოხსნაზე, როდესაც მისი თეთრი აბაია ქარმა ააფრიალა და აბაიას ქვეშ მისი სამოსი გამოაჩინა.

ქალები დისკრიმინაციას აწყდებიან სასამართლოში, სადაც კაცის ჩვენება ორი ქალის ჩვენების ტოლფასია. ყველა მოსამართლე მამაკაცია და ქალები აწყდებიან აკრძალვებს საკანონმდებლო პრაქტიკის წარმართვის კუთხით. განქორწინებისას, ქალმა უნდა წარმოადგინოს სამართლებრივად აღიარებული საფუძველი, ხოლო მამაკაცს შეუძლია განქორწინდეს ასეთი მიზეზის გარეშე, უბრალოდ იმის თქმით, რომ არსებობს „შეუთავსებელი განსხვავებები“. ასეთ შემთხვევაში მამაკაცი ვალდებულია ქალს გადაუხადოს ქორწინებისას შეთანხმებული თანხმა, როგორც ერთჯერადი სახდელი. მამაკაცს ასეთი გადასახადის გადახდა შეიძლება სასამართლოს ძალითაც დაეკისროს. მთავრობამ დაიწყო თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაციის სისტემის დანერგვა, რათა ნიქაბის მატარებელ ქალებს მეტი წვდომა ჰქონდეთ სასამართლო პროცესზე.

ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას საოჯახო საკითხების შესახებ კანონით. მაგალითად, ქალებს სჭირდებათ მამაკაცი მეურვის თანხმობა, რათა დაქორწინდნენ; ან სასამართლოს დადგენილება, რომ დაქორწინდნენ მეურვის თანხმობის გარეშე. მეურვის წინააღმდეგობის დროს, სასამართლო აფასებს მეურვის როლს და შეიძლება ქორწინება დაშვებულად გამოაცხადოს. 2018 წლის განმავლობაში 72 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სასამართლომ დაუშვა ქორწინება მამაკაცი მეურვის წინააღმდეგობის პირობებში.

განქორწინებისას, სასამართლოები ხშირად ბავშვზე (ბიჭების შემთხვევაში 7 წლიდან და გოგოების შემთხვევაში 9 წლიდან) მეურვეობის უფლებას უტოვებენ მამაკაცს ან გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს. ბევრ შემთხვევაში არა მოქალაქე განქორწინებულ ქალს სასამართლომ ბავშვის მონახულების უფლებაც არ მისცა. 2018 წლის მარტში იუსტიციის მინისტრმა შეიხ ვალიდ ალ-სამანიმ დაავალა სასამართლოებს გააუქმონ ის წესი, რომლის მიხედვითაც განქორწინებულ ქალებს მოეთხოვებათ საჩივრის შეტანა ბავშვზე მეურვეობის მისაღებად. მშობლებს შორის უთანხმოების არ არსებობის შემთხვევაში, დედებს შეუძლიათ, სამართლებრივი ქმედებების გარეშე, უბრალოდ შეავსონ მოთხოვნა შესაბამის სასამართლოში. მემკვიდრეობის შესახებ კანონი ასევე დისკრიმინაციულია ქალების მიმართ – ქალებს ერგებათ ძმებისთვის გადაცემული მემკვიდრეობის ნახევარი ოდენობა.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ქალები საჯარო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა 52%-ს შეადგენენ. გენდერული ნიშნით განცალკევებული სისტემა საუნივერსიტეტო დონეზე დადგენილ ნორმას წარმოადგენს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო სკოლები და მეფე აბდულას სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სადაც ქალებს და კაცებს ერთად მუშაობის უფლება აქვთ, საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში მათ არ მოეთხოვებათ აბაიას ტარება და შეუძლიათ მანქანის მართვა. სხვა უნივერსიტეტებში დაყოფილი კლასებია. გოგონებს და ბიჭებს შეუძლიათ ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა დებატებში, მხოლოდ ფიზიკურად განცალკევებით ყოფნის პირობებში.[6]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლებამ ბევრ სექტორში გაუღო კარი ქალებს და მისცა მათ დასაქმების უფლება ისეთ სფეროებში, სადაც აქამდე ქალთა დასაქმება აკრძალული იყო; ასეთი სფეროებია, მაგალითად, საგზაო მოძრაობის კონტროლი, საპასპორტო კონტროლი, საგამოძიებო და საჯარო ბრალმდებლის სფერო.[7]

2018 წლის 12 მარტს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მოუწოდა საუდის არაბეთს დაასრულოს დისკრიმინაციული პრაქტიკა ქალების წინააღმდეგ, მათ შორის გააუქმოს მამაკაცი მეურვის ინსტიტუტი და მისცეს ქალებს სრული წვდომა სამართალწარმოებაზე.

გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა – გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია შარიათის კანონით და აღნიშნული ქმედებისთვის დადგენილია სასჯელის ფართო სპექტრი – გამათრახებიდან სიკვდილით დასჯამდე. კანონი სისხლის სამართლის დანაშაულად არ აღიარებს მეუღლის მიერ გაუპატიურებას. მსხვერპლებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი და ქალების ჩვენებები ყოველთვის არ დაიშვება სასამართლო პროცესზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და სოციალური დაბრკოლებების გამო, ხელისუფლებას სასამართლომდე ძალიან ცოტა შემთხვევა მიჰყავს. სტატისტიკა ინციდენტების, სამართლებრივი დევნის, მსჯავრის დადებისა და აღსრულების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი; თუმცა, მედია საშუალებებისა და დამკვირვებლების ინფორმაციით, გაუპატიურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, გაუპატიურების შესახებ ბევრ შემთხვევაში ინფორმაცია საერთოდ არ ვრცელდება, რადგან მსხვერპლი აწყდება სოციალურ და ოჯახის მხრიდან ზეწოლას, მათ შორისაა შემდგომი გათხოვების შესაძლებლობების შეზღუდვა, სამართლებრივი სანქციები და პატიმრობა ან ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირში დადანაშაულება, რაც შარიათის კანონებით დასჯადი ქმედებაა.

ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი ადგენს ფართო სამოქმედო არეალს და ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, იმოქმედოს პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. კანონი ოჯახში ძალადობას ფართო ცნებად განსაზღვრავს და სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობას და ფულად ჯარიმას 5-დან 50 ათას რიალამდე (1 330 – 13 300 $) თუ სასამართლო უფრო მკაცრ სასჯელს არ დააწესებს.

მკვლევარების მტკიცებით, ძნელია პრობლემის მაგნიტუდის დადგენა, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. ეროვნული გვარდიის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კვაზი-სამთავრობო ორგანიზაცია ოჯახის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამა NFSP 2005 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

წყაროების მტკიცებით, მთავრობა მკაფიოდ არ განმარტავს ოჯახში ძალადობას და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს. ქალთა უფლებების ზოგიერთი დამცველის მტკიცებით, გამომძიებლებს ხშირად ერიდებათ სახლებში შესვლა ოჯახის უფროსის (მამაკაცი) თანხმობის გარეშე; ხშირად კი, მოძალადე სწორედ ოჯახის უფროსი მამაკაცია. ზოგიერთი აქტივისტი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის არაა მოწოდებული ინციდენტი გამოიძიოს; ამის ნაცვლად, ისინი მსხვერპლს და მოძალადეს, ოჯახის შენარჩუნების მიზნით, შერიგებისკენ მოუწოდებენ. ხშირად, პოლიცია და სასამართლო ქალებს  პირდაპირ მათზე მოძალადეებთან აბრუნებს, რომლებიც ამავე დროს მათი სამართლებრივი მეურვეები არიან.

2018 წლის 8 მარტს ქალმა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჯაზანის პროვინციიდან, გაავრცელა ვიდეო, სადაც ის შველას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მისმა უფროსმა ძმამ და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ის სცემეს და ავადმყოფ დედასთან და ორ შვილთა ერთად სახლიდან გააგდეს. მისი მტკიცებით, როდესაც ის პოლიციაში მივიდა, მას მეურვე მამაკაცის მიყვანა მოსთხოვეს. როდესაც ვიდეო ფართოდ გავრცელდა, შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯაზანის პროვინციის სოციალური დაცვის ჯგუფი საქმეში ჩაერთო და საქმის შესწავლა დაიწყო. ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში აღნიშნულ საქმეზე ახალი გარემოებები არ იყო ცნობილი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ასევე მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. 2018 წლის განმავლობაში მეფე აბდულაზიზის სახელობის ეროვნული დიალოგის ცენტრმა გამართა სამუშაო შეხვედრები და დაარიგა საგანმანათლებლო მასალა ოჯახს შიგნით მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით. შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მოეწყო საოჯახო-დაცვითი თავშესაფრები. ადამიანის უფლებათა კომისია ირებს საჩივრებს ოჯახში ძალადობის შესახებ და გადასცემს მათ შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს. კომისია, ასევე, კონსულტაციას უტარებს მოსარჩელეებს და სთავაზობს მათ სამართლებრივ მხარდაჭერას. ორგანიზაცია დახმარებას უწევს მოსარჩელე ქალების ბავშვებს და ასევე ავრცელებს ქალთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო მასალებს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა სახის სამუშაო სივრცეებში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივი საუდელი ქალის მტკიცებით, ოჯახში ძალადობა ინცესტის ფორმით ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეშინიათ სოციალური რეპრესიების შიშით.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება – ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება საუდის არაბეთში არ არის გავრცელებული, რადგან შარიათის კანონების მთავრობისეული განმარტება აღნიშნულ ძალადობრივ ტრადიციას და პრაქტიკას კრძალავს.

სექსუალური შევიწროვება – რადგან სექსუალური ძალადობის გაზომა საკმაოდ რთულია, ამასთან მედიის მხრიდან გაშუქება დაბალია და მთავრობის სტატისტიკა არ არსებობს. შარიათის კანონების მთავრობისეული განმარტება ადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს სასამართლოებისთვის. 2018 წლის 29 მაისს მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კანონი, რომელიც მაქსიმალურ სასჯელის ზომად აწესებს 5-წლიან პატიმრობას და 300 ათასამდე რიალის (80 ათასი $) ოდენობის ჯარიმას. სექსუალური შევიწროვების ინციდენტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ გავრცელებულა. 8 აგვისტოს საჯარო პროკურორმა განაცხადა, რომ შევიწროვების ფაქტების შესახებ განაცხადების რაოდენობა მცირეა და აღნიშნა, რომ ეს ახალი კანონის დამსახურებაა. დამსაქმებლები ბევრ სექტორში ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე სამუშაო სივრცეებს ადგენენ. 2018 წლის 14 ივლისს ხელისუფლებამ დააპატიმრა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სცენაზე ახტა და მამაკაც მომღერალს ჩაეხუტა. პროკურორის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კანონის მიხედვით გაასამართლებენ; მას 2 წლამდე პატიმრობა და 100 ათასამდე რიალის ოდენობის ფულადი ჯარიმა ემუქრება.[8] აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, „Human Rights Watch“ წერს, რომ ცრუ ბრალდების შემთხვევაში, ბრალის დამდებს სასჯელის სახით ემუქრება იგივე სასჯელი, რაც გათვალისწინებულია იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენას ის სხვას დააბრალებს.[9]

მოსახლეობის რაოდენობის კონტროლი – ინფორმაცია იძულებითი აბორტის ფაქტებისა და სტერილიზაციის შესახებ არ გავრცელებულა.[10]

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში – „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებში ქალებს პირველად მიეცათ როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლება. ქალთა მცირე რაოდენობამ მანდატების (საერთო რაოდენობის 1%) მოპოვებაც შეძლო. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უფლებები ზოგადად ყველა მოქალაქისთვის შემცირებულია, ქალები დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან აღნიშნული მიმართულებით. ქალები და რელიგიური უმცირესობები ყველაზე მეტად არიან გამორიცხული წამყვანი სამთავრობო პოზიციებიდან. 2018 წლის თებერვალში ერთი ქალბატონი დაინიშნა შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილედ. მისი ფუნქციაა ქალთა დასაქმების პროპაგანდა.[11]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 23 April 2019)

[2] Amnesty International; Human Rights in the Middle East and North Africa: Review of 2018; Saudi Arabia; 26 February, 2019; available at:

[accessed 23 April 2019]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 23 April 2019)

[4] Amnesty International; Human Rights in the Middle East and North Africa: Review of 2018; Saudi Arabia; 26 February, 2019; available at:

[accessed 23 April 2019]

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Saudi Arabia, 17 January 2019

 (accessed on 23 April 2019)

[6] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 23 April 2019)

[7] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Saudi Arabia, 17 January 2019

 (accessed on 23 April 2019)

[8] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 23 April 2019)

[9] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Saudi Arabia, 17 January 2019

 (accessed on 23 April 2019)

[10] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 23 April 2019)

[11] Freedom House: Freedom in the World 2019 – Saudi Arabia, 4 February 2019

 (accessed on 23 April 2019)

საუდის არაბეთი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი)  წერს, რომ მმართველობის შესახებ 1992 წლის ძირითადი კანონის მიხედვით „ოფიციალური სახელმწიფო რელიგიაა ისლამი, ხოლო კონსტიტუცია – ყურანი და სუნნა (წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებასა და სწავლებებზე დაფუძვნებული ტრადიციები და ჩვეულებები). სამართლებრივი სისტემა დაფუძვნებულია შარიათზე და არ უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების ძირითად უფლებას.

საუდის არაბეთში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 180.000 არარელიგიური პირი (ათეისტები, აგნოსტიკოსები, პირები, რომლებიც არ არიან კონკრეტული რელიგიის აღმსარებლები) ცხოვრობს.

2014 წელს მთავრობამ მიიღო კონტრტერორიზმის შესახებ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, „ათეისტური იდეოლოგიის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდა“ და „ისლამის ფუნდამენტურ სწავლებებზე ჩრდილის მიყენების ნებისმიერი მცდელობა“ სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი დანაშაულია.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2015 წელი)  წერს, ვრცელდებოდა ცნობები მთავრობის მიერ ათეისტთა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და წლის განმავლობაში, სასამართლოებმა ათეიზმის ბრალდებით 2 პირის საქმე განიხილეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, თებერვალში ჰაფრ-ალ-ბატინის სასამართლომ პირს სიკვდილი მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა მწვალებლობა ანუ მუსლიმური რწმენის უარყოფა. ასევე,  „ყურანის წაბილწვა და ამ პროცესის ვიდეოფირზე ჩაწერა“. წლის ბოლოს მონაცემებით, მისი სასჯელი არ აღსრულებულა.

იანვარში დაახლოებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე სავარაუდოდ დაპოსტა ყურანის დამახინჯებული ვერსია და საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც „ურწმუნო“. გავრცელებული ინფორმაციით, პირმა დაკავების შემდეგ გამოხატა მონანიების სურვილი, თუმცა მისი ქეისის საბოლოო შედეგი უცნობია.[2]

 

გამოცემა „რადიო თავისუფალი ევროპა: რადიო თავისუფლება“ 2016 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საუდის არაბეთში სასამართლომ მამაკაცს, სოციალური ქსელ – “Twitter” საშუალებით გამოქვეყნებული ასობით ათეისტური პოსტის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2.000 როზგი მიუსაჯა.

28 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ იყო ათეისტი და კატეგორიული უარი განაცხადა მონანიებაზე, რაც ახსნა იმით, რომ აღნიშნული პოსტები ასახავდა მის პირად აზრსა და რწმენას და რომ მას ქონდა ამ აზრების გამოხატვის უფლება.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია (USCIRF) 2018 წლის ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ საუდის არაბეთში ფიქსირდება დაუდგენელი, თუმცა მზარდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებად ან ქრისტიანებად მიიჩნევენ, თუმცა ერიდებიან ამ ფაქტის საჯარო დემონსტირერებას, ეშინიათ რა მძიმე სოციალური ზეწოლისა და, ასევე, სამართლებრივი შედეგების.

ანგარიშში, ასევე, საუბარია პალესტინელ პოეტსა და ხელოვან – აშრაფ ფაიადჰზე, რომელიც 2015 წელს სასამართლოს მიერ მწვალებლობისა და ნაწარმოებებში ათეისტური იდეების გავრცელებისთვის გამოტანალი სასიკვდილო განაჩენის საფუძველზე ციხეში იმყოფება. 2016 წლის თებერვალში, სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო სასჯელი გააუქმა და ფაიადჰს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 800 როზგი. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მან ასევე საჯარო ტელევიზიის საშუალებით უნდა უარყოს საკუთარი პოეზია და ნაწარმოებები.

2017 წლის აპრილში, სასამართლომ აჰმად ალ-შამრის მიუსაჯა სიკვდილი, 2014 წელს სოციალური ქსელის საშუალებით ისლამისა და წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი მასალის სავარაუდო გავრცელების გამო.[4]

[1] United States Department of State “Annual report on religious freedom (covering 2017)”, available at

[accessed 5 November 2018]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Saudi Arabia, 10 August 2016, available at:

[accessed 5 November 2018]

[3] Radio Free Europe/Radio Liberty, Saudi man gets 10 years in prison, 2,000 lashes over atheist tweets, 27 February 2016, available at:

[accessed 6 November 2018]

[4] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Saudi Arabia, 25 April 2018, available at:

[accessed 6 November 2018]

საუდის არაბეთი. პალესტინელების მდგომარეობა ქვეყანაში. იანვარი, 2018

პალესტინელთა ბინადრობის და ლტოლვილთა უფლებების დაცვის შესახებ არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბადილის“ რესურს ცენტრის (დამოუკიდებელი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც პალესტინელი ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაცვაა) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 2013-2015 წლებს, პალესტინელთა სამართლებრივი სტატუსისა და უფლებების შესახებ აღნიშნულია, რომ: ინდივიდს მოქალაქეობა მამის მხრიდან გადაეცემა. საუდის არაბეთის კანონის მიხედვით, სახელმწიფომ პოლიტიკური თავშესაფარი შეიძლება მიანიჭოს ადამიანს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ქვეყანას არ გააჩნია არანაირი მექანიზმი ამ პირობის აღსრულებისთვის, თუმცა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ აღიარებულ ლტოლვილებს ნებას რთავს რომ  „დროებით“ დარჩნენ ქვეყანაში, სანამ არ გამოინახება გზები პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისა. როგორც წესი, ხელისუფლება უარს აცხადებს მესამე ქვეყნიდან მომავალი ლტოლვილების მიღებაზე, ან მათთვის თავშესაფრის მინიჭებაზე. ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა საუდის არაბეთში მცხოვრები დამსაქმებლის, თავდების ყოლა.

დასაქმება: პალესტინელები განიხილებიან, როგორც სხვა უცხოელი მუშაკები.

განათლება: საჯარო სკოლები უფასოა როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე, არა მოქალაქეებისთვის. უმაღლესი განათლების მიღება უფასოა, მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვის. უცხოელი მუშაკების შვილები არ დაიშვებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, თუ მათ სტიპენდია/დაფინანსება არ აქვთ მოპოვებული.

ჯანდაცვა: საუდის არაბეთში  უფასო ჯანდაცვის პოლიტიკა მოქმედებს, რომელიც ეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ საუდის არაბეთის მოქალაქეებს, ასევე, ექსპატრიანტებს. კერძო სექტორში დასაქმებული ექსპატრიანტის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი, ხოლო, იმ კერძო კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლები, რომელთაც არ აქვთ სამედიცინო მომსახურეობაზე წვდომა, სარგებლობენ სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკით, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავდების არარსებობის პირობებშიც.

საკუთრება: საუდის არაბეთის არა მოქალაქეების შესახებ, უძრავი ქონებისა და ინვესტიციის რეგულირების კანონის მე-2 მუხლის მიხედვით: საუდის არაბეთში მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია ბინადრობის კანონიერი სტატუსი, შეუძლია ფლობდეს უძრავ ქონებას პირადი საცხოვრებლის დანიშნულებით, იმ შემთხვევაში, თუ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვას მოიპოვებს.

მოგზაურობა: პალესტინელებს თავდების ნებართვის გარეშე, არ აქვთ უფლება იმოგზაურონ იმ ქალაქის გარეთ სადაც არიან დასაქმებულები, ან შეიცვალონ სამსახური. პალესტინელები, რომლებმაც საუდის არაბეთი დატოვეს ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ აქვთ, მანამ სანამ ახალ დამსაქმებელს, თავდებს არ მონახავენ, რაც საზღვარგარეთ ფაქტობრივად შეუძლებელია.[1]

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თანამშრომლებისთვის, ბინადრობის ნებართვა  დამსაქმებლებმა უნდა მოითხოვონ, რაც მათ  საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ იმ ქალაქში, სადაც დასაქმდებიან. თუ თანამშრომელი, საუდის არაბეთში შესვლის ვიზით გადის ქვეყნიდან, მის დაბრუნებამდე, დამსაქმებელმა უნდა შეინახოს მისი ბინადრობის ნებართვა. ხოლო, საბოლოოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის ვიზის მისაღებად, ბინადრობის ნებართვა, ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლის ვიზის განაცხადთან ერთად უნდა გაიგზავნოს საპასპორტო ორგანოში. ბინადრობის ნებართვა  უნდა განახლდეს, მისი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმებია გათვალისწინებული. ხოლო ამ წესის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, პირს შეიძლება დეპორტაცია დაემუქროს. ოჯახის უფროსზე გაცემული ბინადრობის ნებართვა მოიცავს ნებართვას მისი მეუღლისთვის და მცირეწლოვანი შვილებისთვის. ხოლო 18 წელს გადაცილებულმა შვილებმა უნდა იქონიონ საკუთარი პასპორტები რომ ცალკე მიიღონ ვიზა. ნათესავებს, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე,  არ აქვთ მუშაობის უფლება.

ნორვეგიაში, ქ. ბერგენში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის „Christian Michelsen Institute“-ის მიერ, 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „Kafala“-ს (თავდებობის) სისტემა, მიგრანტ მუშებს, რომლებსაც ბინადრობის მიღება სურთ,  თავიანთ დამსაქმებელზე და თავდებზე დამოკიდებულს ხდის. დასაქმებულს, თავდებისგან წერილობითი ნებართვის მიღება სჭირდება, თუ სამსახურის შეცვლა ან ქვეყნიდან გასვლა სურს. ხშირად, დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის კანონმდებლობით იკრძალება, დამსაქმებლის/თავდების მხრიდან  ხშირად  აქვს ადგილი პასპორტების ჩამორთმევას, ან ხელფასის არ გადახდას, ისინი აიძულებენ რომ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ იმუშაონ ექსპლუატაციის პირობებში. საოჯახო სფეროში დასაქმებული მიგრანტები ხშირად შეურაცხყოფის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

საემიგრაციო და ლტოლვილთა საბჭო, ოტავაში საუდის არაბეთის საკონსულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთი არ გასცემს მუდმივ ბინადრობის ნებართვას. უცხოელი მუშახელისთვის, ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ ვადით, რაც მის სამუშაო კონტრაქტში დამსაქმებლის/თავდების მიერ არის მითითებული. მას არ შეუძლია რომ თავისი ოჯახის წევრების თავდები თვითონ იყოს. საკონსულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთში მცხოვრებ პალესტინელებს, თავიანთი ოჯახის წევრებისთვის (საუდის არაბეთში დაბადებული შვილებისთვისაც კი) თავდებობის უფლება არ აქვთ.

საუდის არაბეთში მცხოვრებ უცხოელებს, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში გასვლის ნებართვა უნდა ჰქონდეთ. თუ უცხოელს, მისთვის მინიჭებული ბინადრობის ნებართვის ვადის პერიოდში, გარკვეული დროით ქვეყნის დატოვება სურს, მას შეუძლია მოითხოვოს ქვეყნიდან გასვლის ვიზა და ასევე, უკან დაბრუნების ნებართვა, რასაც გამგზავრებიდან 6 თვიანი ვადა აქვს. თუ მისი დამსაქმებლი, იმავე დროს მისი თავმდებია, უცხოელ მუშაკს, ქვეყნიდან გასვლის ვიზის მოთხოვნისთვის, დამსაქმებლის ნებართვა ესაჭიროება. სამუშაო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, უცხოელ მუშაკს, ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლისთვის ვიზის მისაღებად, დამსაქმებლის თანხმობა ესაჭიროება. უცხოელს,  გასვლის და უკან დაბრუნების, ასევე, საბოლოოდ ქვეყნიდან გასვლის ვიზის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში კვლავ შეუძლია დარჩეს ქვეყანაში.[2]

[1]BADIL Resource Center for Palestinian Residency & Refugee Rights/ Survey of Palestinian Refugees and Internally Displaced Persons; Vol VIII 2013-2015 

[accessed 10 January 2018]

[2] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation; Query response on Saudi Arabia: Entry and residence status, especially for long-term resident Palestinians. Residence permits for family members; Exit visa with period for re-entry; 6. Juli 2016

[accessed 10 January 2018]