სერბეთი. სასამართლო; საპატიმროები; ლგბტი; აივ-შიდსი. ოქტომბერი, 2019

სერბეთი კონსტიტუციური, მრავალპარტიული, საპარლამენტო დემოკრატიაა. ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2016 და 2017 წლებში ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნები შეფასდა როგორც ძირითადად თავისუფალი. 2017 წელს ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდარ ვუჩიჩი (სერბეთის პროგრესული პარტია) აირჩიეს. სამოქალაქო ხელისუფლება უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ადამიანის უფლებათა დარღვევები ქვეყანაში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია მთავრობაში, ძალადობა ჟურნალისტების და ლგბტი თემის მიმართ.[1]

საპატიმრო პირობები – ბევრი ციხე და დაკავების ცენტრი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საპატიმრო პირობები მძიმეა, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით და არასათანადო ჯანდაცვით. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საპატიმრო დაწესებულებების ტევადობა 9800-მდე გაიზარდა, თუმცა პატიმართა რაოდენობა 2018 წელს 10600 იყო. ხელისუფლება სათანადოდ იძიებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. საპატიმრო დაწესებულებებში, კანონის შესაბამისად, დაიშვებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები. 2018 წელს ბელგრადის რაიონული ციხე და სპეციალური საპატიმრო ჰოსპიტალი სრულად იქნა რეაბილიტირებული.[2]

წამების პრევენციის კომიტეტის ბოლო ვიზიტი სერბეთში 2017 წელს შედგა და ძირითადად ფოკუსირებული იყო წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზე. კომიტეტის შეფასებით, ყველა იმ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში, სადაც ვიზიტი განხორციელდა, პატიმრები არ უჩივიან არასათანადო ფიზიკურ მოპყრობას. კომიტეტი აღნიშნულს დადებითად აფასებს. ისევე როგორც 2015 წლის ვიზიტისას, 2017 წელსაც კომიტეტი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ არ ახორციელებს ციხეებში ჯანდაცვის სერვისების ფუნქციონირების სრულ ინსპექტირებას. ასევე, არ შეინიშნება განვითარება ციხეებში ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობის ჯანდაცვის სამინისტროზე გადაცემის კუთხით. სამედიცინო პერსონალის კუთხით ვითარება დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ყველა ახალი პატიმარი 24 საათის განმავლობაში გადის სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობს ვიზუალურ დათვალიერებას, ანამნეზს და ძირითად გასაუბრებას. თუმცა, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამედიცინო შემოწმება მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლება. „B“, „C“ ჰეპატიტისა და „HIV“ ტესტის ჩატარება გათვალისწინებულია ყველა ახალი პატიმრისთვის და იმ დაწესებულებებში, რომელიც კომიტეტმა მოინახულა, აღნიშნული ტესტი ძირითადად ტარდება.[3]

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – სერბეთის კონსტიტუცია ადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუმცა სისტემა მოწყვლადია კორუფციისა და პოლიტიკური გავლენის მიმართ. წყაროები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მაინც რჩება შეშფოთების საგნად. ამჟამინდელი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ნორმები კვლავ ტოვებს სივრცეს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სტრუქტურების მიერ მომზადებულ სხვადასხვა ანგარიშში შეშფოთების საგანს წარმოადგენს.[4] სასამართლოს დამოუკიდებლობაზე პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტს მოსამართლეთა დანიშვნა წარმოადგენს და ბევრი მოსამართლე განიცდის გარე წნეხს. პოლიტიკოსები რეგულარულად საუბრობენ სასამართლო საქმეებზე, მათ შორის განიხილავენ მიმდინარე საქმეებსა და ძიებას მედიის საშუალებით.[5]

ლგბტი თემის უფლებები – მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების კუთხით, საკანონმდებლო ბაზა კონკრეტულად არ განსაზღვრავს სფეროებს, სადაც დისკრიმინაცია აკრძალულია; თუმცა, ზოგადად, მიიჩნევა, რომ საუბარია განსახლებაზე, დასაქმებაზე, მოქალაქეობის შესახებ კანონზე, ჯანდაცვასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომაზე. ხელისუფლება ეფექტურად არ აღასრულებს აღნიშნულ კანონმდებლობას და ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტი თემის მიმართ სერიოზული პრობლემაა. ტრანსგენდერ პირებს არ აქვთ უფლება განაახლონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითონ გენდერული კუთვნილება, ვიდრე არ გაიკეთებენ სქესის შეცვლის ოპერაციას. ადგილობრივი ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში 500 ათასამდე ლგბტი პირია. წყაროები საუბრობენ ხალხში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაკლებობაზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ლგბტი თემის დისკრიმინაცია გრძელდება. 2018 წლის 16 სექტემბერს, ბელგრადში ზედიზედ მეხუთედ გაიმართა „ღირსების მარში“, რომელმაც სერიოზული ექსცესებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.[6] 2017 წელს სერბეთის პრემიერი პირველად გახდა ღიად ლგბტი თემის წარმომადგენელი ქალი ანა ბრნაბიჩი. კრიტიკოსების მტკიცებით, მისი დანიშვნა იყო ფორმალური ჩვენება იმისა, რომ თითქოს ქვეყანა ღიაა ლგბტი თემის მიმართ, თუმცა ამას არ მოჰყოლია სისტემური ძალისხმევა და თემისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარება. ლგბტი პირები კვლავ აწყდებიან სიძულვილის ენას, მუქარებს და ფიზიკურ ძალადობასაც; დამნაშავეები კი იშვიათად ისჯებიან. მიუხედავად ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ ლგბტი პირების უფლებების დაცვისკენ მიმართული რიგი ნაბიჯები გადადგა. გასულ წელს გამართულ „ღირსების მარშს“ დაესწრო პრემიერი ბრნაბიჩი.[7] ადგილობრივი ლგბტი უფლებების დამცველი ორგანიზაციის „DA SE ZNA!“ ინფორმაციით, გასული წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ლგბტი თემის წინააღმდეგ 9 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის 4 ფიზიკური იერიში და 5 მუქარისა და დაშინების ფაქტი იყო.[8]

აივ ინფექცია/შიდსი – სამთავრობო ოფიციალური პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სერბეთში აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საგრძნობი ცრურწმენები არსებობს საჯარო ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის დასაქმების, განსახლების და საჯარო სერვისებზე წვდომის კუთხით. სერბეთის მოსახლეობის 92%-ს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციული განწყობა აქვს. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების უმრავლესობა ცდილობს არ გაამჟღავნოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ნახევარი უმხელს დაავადების არსებობის შესახებ ოჯახის წევრებს. მთავრობამ დაამტკიცა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და კონტროლის 2018-2025 წლების სტრატეგია, რომელიც აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა უფლებებისა და დისკრიმინაციისგან დაცვისკენაა მიმართული.[9]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[3] CoE-CPT – Council of Europe – European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment: Report to the Government of Serbia on the visit to Serbia carried out by the European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 31 May to 7 June 2017 [CPT/Inf (2018) 21], 21 June 2018

 (accessed on 15 October 2019)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[5] Freedom House: Freedom in the World 2019 – Serbia, 4 February 2019

 (accessed on 15 October 2019)

[6] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[7] Freedom House: Freedom in the World 2019 – Serbia, 4 February 2019

 (accessed on 15 October 2019)

[8] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Serbia/Kosovo, 17 January 2019

 (accessed on 15 October 2019)

[9] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

სერბეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ნოემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) სერბეთის შესახებ წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას კანონი კრძალავს, პოლიცია დრო და დრო ცემს დაკავებულებს; როგორც წესი, წინასწარი მოთავსების დაწესებულებაში დაპატიმრების დროს. აღნიშნული ქმედების მიზანი აღიარების მოპოვებაა; თუმცა, ასეთი წესით მიღებული ნებისმიერი მტკიცებულება არ დაიშვება სასამართლოში. მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, ასევე, წარმოადგენს პრობლემას.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრი ციხე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს – მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეებში მძიმე პირობებია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არა ადექვატური სანიტარული და ჯანდაცვის პირობებით და ფიზიკური ძალადობით. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებების ტევადობა 9,800-მდე გაიზარდა; თუმცა საანგარიშო პერიოდში პატიმართა რაოდენობა 10,600 იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთულობა მაინც პრობლემად დარჩა, ახალი ციხეების აშენებამ და ალტერნატიული სასჯელის ზომების ფართოდ გამოყენებამ, შეამცირა გადატვირთულობის დონე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში სტაციონარული ჰოსპიტალის რეკონსტრუქციისა და ახალი ოთახების მშენებლობის დასრულებას. ასევე, დასრულდა ახალი მისაღები დეპარტამენტის მშენებლობა სერბეთის სიდიდით მესამე ქალაქ ნისის პრობაციის დაწესებულებაში.

კანონმდებლობით აკრძალულია თვითნებური დაპატიმრება და დაკავება და მთავრობა ძირითადად იცავს აღნიშნულ დადგენილებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, გააპროტესტონ სამართალდამცავების ქმედება და მიიღონ კომპენსაცია თუ დადგინდება გადაცდომა პოლიციის მხრიდან.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ სერბები, ზოგადად, დაცულები არიან ფიზიკური უსაფრთხოების მხრივ; საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ჯანდაცვის სერვისი არა ადექვატურია.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს ბოშების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, ჟურნალისტების შევიწროვება, ციხეების გადატვირთულობა და მუქარები ლგბტ თემის მიმართ.[3]

[1] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 15 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 15 November 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Serbia, 18 January 2018, available at:

[accessed 15 November 2018]

სერბეთი. სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა. ნოემბერი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს სასამართლოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. მოსამართლეები არ მონაწილეობენ პოლიტიკურ აქტივობებში და ემორჩილებიან მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო ძალაუფლების დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობაზე. მოსამართლის ოფისი მუდმივია, გარდა პირველად დანიშვნისა. პირველი დანიშვნა ხდება 3 წლის ვადით. მუდმივი ვადით მოსამართლეებს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ისვეა პასუხისმგებელი მოსამართლისთვის სტატუსის შეწყვეტაზე. სერბეთის სასამართლო ხელისუფლება ხასიათდება, როგორც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი; თუმცა მას კვლავ ახასიათებს ნეპოტიზმი და კორუფცია. სერბეთის სასამართლო სისტემამ მიაღწია გარკვეულ სიმაღლეებს და გადაიდგა ნაბიჯები სისტემის გაუმჯობესებისა და სამართალწარმოების ჰარმონიზაციის მიმართულებით; თუმცა სასამართლო კვლავ წარმოადგენს პოლიტიკური გავლენების ობიექტს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, სერბეთის მოსახლეობის 63% ჯერ კიდევ არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასამართლო რეფორმის 2013-2018 წლების სტრატეგია, რომლის მიზანი ევროკავშირის ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრებაა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკური გავლენები მოსამართლეების დანიშვნაზე; აგრეთვე, ბევრი მოსამართლე აცხადებს გარე ზეწოლაზე მათ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პოლიტიკოსები მედია საშუალებების გამოყენებით რეგულარულად საუბრობენ სასამართლო საკითხებზე, მათ შორის მიმდინარე სასამართლო განხილვებსა და თუ საგამოძიებო პროცესებზე. სხვა პრობლემებთან ერთად, საქმეების ავტომატური განაწილების პრინციპის გვერდის ავლა ასევე წარმოადგენს ყურადსაღებ საკითხს. მაღალი დონის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები განსაკურებით მოწყვლადია. რამდენიმე საქმე ნათლად მიუთითებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების მქონე დამნაშავეების დაცვისთვის იხარჯება.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) სერბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობას; თუმცა სასამართლო კვლავ მოწყვლადია კორუფციისა და პოლიტიკური გავლენების მიმართ. პოლიტიკოსები, მათ შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური პოზიციებიდანაც, ხშირად საუბრობენ სასამრთლო საქმეებსა და გამოძიებაზე, რითიც ზეწოლას ახდენენ სასამართლო ხელისუფლებაზე. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა თუ სახელმწიფო პროკურატურის მხრიდან არ ხდება ადექვატური თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ არ გავრცელებულა ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და ან პოლიტიკური მოტივით გასამართლების შესახებ. ქვეყნის კონსტიტუცია, ასევე, ადგენს მოქალაქეების უფლებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდა რესურსი, სერბეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.[3]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO COI Report. Republic of Serbia Country Focus, November 2016, available at:

[accessed 14 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 14 November 2018]

[3] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 12 November 2018]

სერბეთი. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ლგბტი პირები ქვეყანაში კვლავ ყველაზე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფს წარმოადგენენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ; ასევე, დადებითადაა შეფასებული ბელგრადის ღირსების მარშში (სექსუალური უმცირესობების აღლუმი) ჩართულობა; თუმცა, აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სერბეთს სჭირდება სექსუალური უმცირესობების პატივისცემის უფრო ძლიერი კულტურა.

ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, სექსუალური უმცირესობებისა და განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე პირთა უფლებები არ არის სრულად დაცული. სამოქალაქო უფლებათა დამცველი აქტივისტების თქმით, ხელისუფლების პასუხი დისკრიმინაციაზე, მუქარებსა თუ სიძულვილის ენის გამოყენებაზე კვლავ არა ადექვატურია.

სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) ინფორმაციით, სერბულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აშშ-ში დაფუძნებულმა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შექმნეს ონლაინ პორტალი „DA SE ZNA“, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია ლგბტი პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ. 2010 წელს ლგბტი აღლუმის საწინააღმდეგოდ მობილიზებულ ულტრა-მემარჯვენეებსა და პოლიციას შორის დიდ შეტაკებას ჰქონდა ადგილი. 2016 წლის აღლუმმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, რაც უსაფრთხოების მაქსიმალური და უმკაცრესი ზომების დამსახურება იყო. 2016 წელს ლგბტი საზოგადოების წევრმა ანა ბრნაბიჩმა, რომელიც იმ დროს საჯარო მმართველობისა და თვითმმართველობის მინისტრი იყო, პირობა დადო, რომ ხელისუფლება გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ანა ბრნაბიჩის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ლესბოსელია, ქვეყნის პრემიერ მინისტრად დანიშვნა და მისი მონაწილეობა ბელგრადის სექსუალური უმცირესობების აღლუმში, ბევრის მხრიდან პროგრესად აღიქმება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ ახერხებს ლგბტი პირებისა და ორგანიზაციებს დისკრიმინაციისგან, მუქარებისა და ფიზიკური ძალადობისგან ეფექტურ დაცვას. 2017 წლის აპრილში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სერბეთს მოსთხოვა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია და გენდერის აღიარების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემოღება.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ 2017 წლის ივნისში ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ქალი და პირველი ღიად ლესბოსელი პრემიერ მინისტრი გახდა; თუმცა, კრიტიკოსების მტკიცებით, აღნიშნული უფრო მეტად ევროკავშირის საამებელი ქმედება იყო, ვიდრე ქალთა ან სექსუალურ უმცირესობათა საკითხისადმი გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ლგბტი საზოგადოება კვლავ აწყდება სიძულვილის ენას, მუქარებს და ფიზიკურ ძალადობას; ამასთან, დამნაშავეები იშვიათად ისჯებიან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რიგი ჟესტებით მხარდაჭერა გამოუცხადა ლგბტი თემს; ანა ბრნაბიჩი სექტემბერში დაესწრო ყოველწლიურ ღირსების აღლუმს ბელგრადში.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ლგბტი პირებისა და აქტივისტების მიმართ შევიწროვება და თავდასხმები რეგულარულად ხდებოდა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „DA SE ZNA!“ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში ლგბტი პირთა მიმართ ინციდენტების 97 შემთხვევა აღწერა, მათ შორის იყო 9 ფიზიკური თავდასხმა, 12 მუქარის ფაქტი და სიძულვილის ენის გამოყენების 56 შემთხვევა.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაცია, ლგბტი პირების მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია სერიოზულ პრობლემად რჩება. ლგბტი აქტივისტების ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 60% კვლავ ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადებაა, ხოლო 20% ლგბტი პირებს კრიმინალებად მიიჩნევს. ლგბტი აქტივისტის დრაგოსლავა ბარზუტის ინფორმაციით, ლგბტი მოსახლეობის 72% ვერბალური, ხოლო 26% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. პოლიციის მონაცემებით, 2012 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში ლგბტი პირების წანააღმდეგ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 45 ფაქტი გამოვლინდა. […] თავდასხმების უმეტესობა არ გამოძიებულა და დამნაშავეები არ დასჯილან.17 სექტემბერს ზედიზედ მეოთხედ ჩატარდა ყოველწლიური აღლუმი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების პროპაგანდას ემსახურება. პოლიციამ ცენტრალური ბელგრადის დიდი ნაწილი ჩაკეტა, რათა მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მსვლელობაში ათასამდე პირი მონაწილეობდა და მათ უსაფრთხოებას 500-მდე პოლიციელი იცავდა. არანაირ ინციდენტს აღლუმზე ადგილი არ ჰქონია. ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ღიად ჰომოსექსუალი პრემიერ მინისტრი გახდა.[5]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO COI Report. Republic of Serbia Country Focus, November 2016, available at:

[accessed 12 November 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Serbia, 22 February 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2018 – Serbia, 18 January 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[5] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 12 November 2018]