სვაზილენდის სამფო. ლტოლვილთა სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობა. თებერვალი, 2018

სვაზილენდი მდებარეობს აფრიკის სამხრეთ ნაწილში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკას შორის. მისი მოსახლეობის რაოდენობა 1,467,152-ს შეადგენს. სვაზილენდის მოსახლეობის 97% ეთნიკურად აფრიკელია, ხოლო 3% ევროპელი.

ქვეყანაში ორი ძირითადი ენაა, ინგლისური და სისვათი, ორივე ოფიციალურია, თუმცა ინგლისური გამოიყენება სამთავრობო დონეზე.

ქვეყნის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა შემდეგნაირად ნაწილდება: 90% ქრისტიანია (სიონისტები – 40%, კათოლიკეები 20%, სხვები 30% – მათ შორის იგულისხმებიან ანგლიკანები, მეთოდისტები, მორმონები, იეღოვას მოწმეები),  2% მუსლიმი და სხვები 8% (ბაჰაის, ბუდიზმის, ინდუიზმის, ადგილობრივი რელიგიების  და იუდაიზმის მიმდევრები მიმდევრები).

სამხრეთ აფრიკაში სვაზილენდმა ავტონომია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის, ხოლო დამოუკიდებლობა 1968 წელს მოიპოვა. კონსტიტუცია 2006 წელს შევიდა ძალაში, თუმცა პოლიტიკური პარტიების სამართლებრივი სტატუსი არ განისაზღვრა და დღემდე გაურკვეველი რჩება. სვაზილენდმა გადაუსწრო ბოტსვანას, როგორც მსოფლიოში ცნობილს, აივ ინფექციებით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლით. [1]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება სვაზილენდში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2016 წელს არსებულ ვითარებას, აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით ნებადართულია ქვეყნის შიგნით და გარეთ გადაადგილება, ემიგრაცია და რეპატრიაცია, მთავრობა ძირითადად აღიარებს ამ უფლებებს. აქვე აღნიშნულია, რომ  კანონი და წესები, რომლებიც პიროვნების ქვეყანაში ცხოვრებას ზღუდავს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს.

მთავრობა თანამშრომლობს გლუკთან (UNHCR) და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს გარკვეულ დახმარებას უწევენ. ტრადიციული კანონის და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, თემის ბელადების გადასაწყვეტია თუ ვინ უნდა დასახლდეს ამა თუ იმ თემის ტერიტორიაზე. საანგარიშო პერიოდში, ამა თუ იმ ტერიტორიიდან ადამიანთა გაძევება გამოწვეული იყო შიდა კონფლიქტებით, კრიმინალური ქმედებებით, ან პოლიტიკური ოპონენტობით.

იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიულად შერეული რასის წარმომადგენლებს ან თეთრკანიან პირებს „კანონიერ“ მოქალაქეებად არ თვლიდნენ, ეთნიკურად არა სვაზი მოქალაქეები, პასპორტის ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღებისას ზოგჯერ შეფერხებებს აწყდებიან. ამასთანავე, პოლიტიკურ აქტივისტები და მათი ოჯახები, პასპორტის მიღების დროს ხშირად აწყდებოდნენ შეზღუდვებს.

ლტოლვილთა დაცვა

თავშესაფარზე წვდომა: სახელმწიფოს შექმნილი აქვს  ლტოლვილთა დაცვის სისტემა. ქვეყანაში მოქმედი კანონები ითვალისწინებს თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. მთავრობამ უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო ლტოლვილთა ისეთ ქვეყნებში გაძევება, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლება თანამშრომლობს გლუკთან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც გარკვეულ დაცვას სთავაზობენ თავშესაფრის მაძიებლებს და ლტოლვილებს. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1000 ლტოლვილი იმყოფებოდა, მათ უმეტესობას „აფრიკის დიდი ტბების“ რეგიონიდან (ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კენია, რუანდა, ტანზანია, უგანდა) ან სომალიდან წამოსული ლტოლვილები შეადგენდნენ.

გრძელვადიანი გადაწყვეტილებები: მთავრობა განაგრძობდა ლტოლვილთა განსახლებას. რაც განაპირობებდა ლტოლვილთა დასაქმების კონკურენციაში ჩართვას, სამუშაო უფლების და ბინადრობის ნებართვის მინიჭებას. მთავრობა ლტოლვილებს უფასო თარჯიმნით უზრუნველყოფდა და ასევე, უფლებას აძლევდა მათ კვირაში ორჯერ ადგილობრივ ბაზრებში ეყიდათ ან გაეყიდათ პროდუქტი. ლტოლვილებს, რომლებიც 5 წელზე მეტი ხანი ცხოვრობდნენ ქვეყანაში, მოქალაქეობის მიღების უფლება ჰქონდათ, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ბიუროკრატიული არაეფექტიანობის და დიდი მოთხოვნების გამო, უფრო მეტი ხნით უწევდათ ლოდინი  მოქალაქეობის მისაღებად. ზოგჯერ 10 წელზე მეტი. მთავრობა კვლავ განაგრძობდა ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამის შეთავაზებას ლტოლვილთათვის. ლტოლვილებს  მეზობელ ქვეყნებში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ.[2]

საშინაო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილთა საკითხების განყოფილება, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა დაცვის და დახმარების კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს გლუკთან და სვაზილენდის კარიტასთან შემდეგ სფეროებში: სამართლებრივი დაცვა; განათლება; ჯანდაცვა; კონსულტაცია; თავშესაფარი; საკვებით უზრუნველყოფა; შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა; პროფესიული გადამზადება.

სამართლებრივი დაცვა: ლტოლვილთა განყოფილება ახორციელებს ლტოლვილთა რეგისტრაციას რათა გააძლიეროს მათი სამართლებრივი დაცვა.

განათლება: ადგილობრივ მოსახლეობაში ინტეგრაციის მიზნით, ლტოლვილთა განყოფილება ლტოლვილთა ბავშვებს ეხმარება ადგილობრივ სკოლებში ჩარიცხვის პროცესში. გლუკის ფინანსური დახმარებით, ლტოლვილი ბავშვების მშობლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთი შვილების განათლების პროცესში.

ჯანდაცვა: მალინძას ლტოლვილთა მისაღებ ცენტრში არსებული კლინიკა წარმოადგენს მთავარ ჯანდაცვის დაწესებულებას შესაბამისი საჭიროებების მქონე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ან ლტოლვილებისთვის. ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომელიც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, 22 კილომეტრში მდებარეობს ჰოსპიტალი.

კონსულტაცია: ლტოლვილთა განყოფილების და ასევე მისაღები ცენტრის თანამშრომლები საჭიროებისამებრ, ხშირად უწევენ კონსულტაციას ლტოლვილებს, ასევე, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

თავშესაფარი: ქვეყანაში ახალი შემოსული თავშესაფრის მაძიებლების განთავსება ხდება მალინძას მისაღებ ცენტრში.

საკვებით უზრუნველყოფა: ქვეყანაში ახალი შემოსული თავშესაფრის მაძიებლების საკვებით უზრუნველყოფა ხდება  ცენტრში არსებული საერთო სამზარეულოში. ბენეფიციარები არიან თავშესაფრის მაძიებლები და ისინი რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონენი არიან, მაგალითად მოხუცები, ფიზიკური ან მენტალური პრობლემების მქონე პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის ბავშვები18 წლამდე.

შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობა: სვაზილენდში იდეალური გარემოა ლტოლვილებისთვის თავიანთი პოტენციალის რეალიზებისთვის, თავიანთი ცოდნის და უნარების გამოყენებისთვის.  სვაზილენდში ბევრი ლტოლვილი დასაქმებულია, როგორც ექიმი, მასწავლებელი ან ინჟინერი. მალინძაში მცხოვრებ ლტოლვილებს შესაძლებლობა აქვთ  ისარგებლონ სახნავი მიწებით და სარწყავი საშუალებებით, რომ ნახევრად კომერციული მიზნებისთვის მოიყვანონ სხვადასხვა სახის კულტურები.

პროფესიული გადამზადება: სვაზილენდის მთავრობა, გლუკთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ლტოლვილებს პროფესიული გადამზადების პროცესში, რაც ხელს უწყობს მათ ღია ბაზარზე გასვლას.[3]

სვაზილენდის კარიტასის მიერ 2017 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სვაზილენდის სამეფო, როგორც 1951 წლის კონვენციის და 1967 წლის პროტოკოლის ხელმომწერი სახელმწიფო, მასპინძლობს 728 ლტოლვილს და 385 თავშესაფრის მაძიებელ პირს. ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი ათწლეულზე მეტია რაც სვაზილენდში ცხოვრობს. ზოგიერთი ლტოლვილი ადგილობრივ საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირდა, ხოლო ზოგი კვლავ აწყდება პრობლემებს ინტეგრაციის მიმართულებით.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  ლტოლვილთათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების მანდატს ფლობს, რაც გულისხმობს ლტოლვილთა პრობლემების მუდმივ ან გრძელვადიან გადაწყვეტას. აღნიშნული მანდატის აღსრულების საქმეში,  გლუკის  პარტნიორ მხარეებს წარმოადგენენ სვაზილენდის მთავრობა და სვაზილენდის კარიტასი.[4]

[1] The United States of America; Central Intelligence Agency – The World Factbook: Africa/SWAZILAND; Page last updated on January 23, 2018; available at https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/wz.html  [accessed 31 January, 2018]

[2] U.S. State Department: Bureau of Democracy, Human Rights, and Labor 2016 Country Reports on Human Rights Practices Report March 3, 2017; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/af/265308.htm [accessed 31 January, 2018]

[3] Official page of The Ministry of Home Affairs; available at: http://www.gov.sz/index.php?option=com_content&view=article&id=310&Itemid=440 [accessed 31 January, 2018]

[4] Caritas Swaziland: Exploring durable solutions for Refugees in Swaziland;   March 25, 2017 available at: http://www.caritasswaziland.org/2017/03/25/exploring-durable-solutions-refugees-swaziland/ [accessed 31 January, 2018]