სირია. სავალდებულო სამხედრო სამსახური. თებერვალი, 2023

სირიის კანონმდებლობით, 18-დან 42 წლამდე ასაკის მამაკაცები ვალდებულნი არიან, გაიარონ სამხედრო სამსახური. სამხედრო კარიერის მქონე ჯარისკაცების სამსახური, შეიძლება, 48-დან 62 წლის ასაკამდეც გაგრძელდეს, რანგის შესაბამისად. სირიაში მცხოვრები, რეგისტრირებული პალესტინელები ასევე ექვემდებარებიან გაწვევას და როგორც წესი, მსახურობენ სირიის არმიასთან აფილირებულ პალესტინის გათავისუფლების არმიაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, ყოფილი ჯარისკაცები შესაძლოა, გაიწვიონ სარეზერვო სამსახურში. 2021 წლის იანვარში, წყაროები აღნიშნავდნენ, რომ სირიის ხელისუფლება მეტად ფოკუსირებული იყო 18-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცების რეკრუტირებაზე და უფრო დიდი ასაკის ხალხი გაცილებით ადვილად ახერხებდა რეკრუტირების თავიდან არიდებას. წყაროების ინფორმაციით, სარეზერვო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გაიზარდოს იმ პირების მიმართ, ვინც სპეციფიკურ კვალიფიკაციას ფლობს [მაგალითად, ექიმები, ტანკის მძღოლები, საჰაერო ძალების შემადგენლობა, არტილერიის სპეციალისტები და საბრძოლო აღჭურვილობის ინჟინრები]. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო წერდა სამართლებრივად დადგენილი ასაკის მიღმა რეკრუტირების ფაქტებზე, წყაროების სრული უმრავლესობა მსგავსი პრაქტიკის არსებობას არ ადასტურებს.

სირიის კანონმდებლობა არ განიხილავს სამხედრო სამსახურზე რაიმე მოტივით შეგნებულ უარს და არ არსებობს შემცვლელი ან ალტერნატიული სამსახური. შეგნებულ უარს სირიის მთავრობა ღალატად აღიქვამს და მხოლოდ ქრისტიან და მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს რთავს ნებას, შეგნებული უარის მოტივით, არ იმსახურონ; ამასთან, მუსლიმ ლიდერებს შესაბამისი გადასახადის გადახდა მოეთხოვებათ. კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს კონკრეტული კატეგორიისთვის და ასევე გადავადებას; თუმცა, წყაროების ინფორმაციით, გამონაკლისის მიღების პროცესი უფრო მეტ შეზღუდვას და მეტ ვარიაციას მოიცავს, როდესაც კონკრეტული საქმის განხილვა იწყება. პრაქტიკაში, გამონაკლისები, ზოგადად აღსრულდება, თუმცა არბიტრაჟის მაღალი დონით; ამასთან, წყაროები კორუფციის ფაქტებზეც საუბრობენ. ასევე, ყოფილა შემთხვევები, რომ სირიაში დაბრუნებულები, მიუხედავად პირობისა, რომ შეეხებოდათ გამონაკლისის წესი, მაინც გაუწვევიათ სამხედრო სამსახურში.

სირიის კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურიდან გამონაკლისი შეიძლება შეეხოთ ერთადერთ შვილებს. გამონაკლისი, ასევე, ეხებათ ერთადერთ შვილებს იმ შემთხვევაშიც თუ მისი მშობლები განქორწინებულნი არიან ან ერთი ან ორივე მშობელი გარდაცვლილია. კანონის მიხედვით, გამონაკლისი ეხებათ მათაც, ვისაც ჰყავს ნახევარძმები ან ერთადერთ შვილად დარჩნენ მათი ერთი ან მეტი ძმის გარდაცვალების გამო. კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს, კონკრეტული გარემოებებით, სამხედრო სამსახურის გადავადებას – 1 შვილს შეუძლია სამხედრო სამსახური გადაავადოს თუ მისი 2-4 ძმა უკვე მსახურობდა სავალდებულო, ნებაყოფლობით ან სარეზერვო სამხედრო სამსახურში; 2 შვილს შეუძლია იგივე უფლებით ისარგებლოს თუ მისი 5-8 ძმა უკვე მსახურობდა და 3 შვილს შეუძლია გადაავადოს სამხედრო სამსახური თუ მისი 9 ან მეტი ძმა უკვე მსახურობდა. ოჯახის ერთადერთი შვილები გამონაკლისით სარგებლობის უფლებას კვლავ ფლობენ, თუმცა წყაროების ინფრომაციით, აღნიშნული რეგულაციის კონტროლი გამკაცრებულია. ახლა ოჯახის ერთადერთ შვილებს ყოველწლიურად სჭირდებათ გამონაკლისი წესის განახლება [ადრე გადავადება 2 წლით ხდებოდა] და ეს გრძელდება, ვიდრე მისი დედა არ გახდება იმ ასაკის, როდესაც აღარ იქნება მოსალოდნელი მის მიერ შვილის გაჩენა [წყაროების ინფორმაციით, სირიის ხელისულფება ასეთ ასაკად 50 წელს მიიჩნევს]. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, გამონაკლისის რეგულაციას სირიის ხელისუფლება 2020 წლის იანვარი-მარტის პერიოდში პრაქტიკაშიც ატარებდა. ამასთან, ზოგიერთი წყარო არ გამორიცხავს, რომ გამონაკლისის რეგულაცია ყოველთვის არ მოქმედებდეს იმ რეგიონებში, რომელთაც ადრე ოპოზიცია აკონტროლებდა.

სირიის კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურიდან გამონაკლისის წესით გათავისუფლება შესაძლებელია სამედიცინო მიზეზებით. წყაროების სარწმუნო ინფორმაციით, ძალიან რთულია იმ დოკუმენტაციის მიღება, რომლის საფუძელზეც მოხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გამონაკლისის წესით გათვაისუფლება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი და ჭარბი წონის პრობლემების მქონე მამაკაცებიც კი, ვინც ადრე შედარებით ადვილად სარგებლობდა გამონაკლისის წესით, ხელისუფლების მოთხოვნის საფუძელზე მაინც გაუწვევიათ სამხედრო სამსახურში. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამონაკლისის წესი არ ამოქმედებულა, ვიდრე სამედიცინო მდგომარეობა მკაფიოდ ხილული არ გამხდარა. ერთი წყარო იმასაც ამტკიცებდა, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება ქრთამის გადახდით იყო შესაძლებელი. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, სერიოზული მენტალური ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სამხედრო სამსახურისას მიღებული ტრავმის [რამაც გამოიწვია პირის შესაძლებლობების შეზღუდვა] მქონე პირები ან გამოირიცხებოდნენ სამხედრო სამსახურიდან ან გადადიოდნენ ადმინისტრაციულ პოზიციებზე. მიუხედავად ამისა, რიგი წყაროების მტკიცებით, ჯარისკაცები მენტალური აშლილობით მაინც განაგრძობდნენ სამხედრო სამსახურს. 2020 წლის ნოემბრის განკარგულებით, სირიელი მამაკაცი, ვინც დაინიშნა ან მომავალში დაინიშნება ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უნდა გადაიხადოს გამონაკლისის გადასახადი 3 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, არ აქვთ უფლება ისარგებლონ სახელმწიფო განსახლებით და 5 წლის ვადით ეზღუდებათ სირიის საჯარო ბანკებიდან სესხის აღება.

სირიის კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურიდან გამონაკლისის წესით გათავისუფლება შეიძლება შეეხოთ სტუნდენტებსაც, თუმცა გარკვეული პირობებით. 2017 წლის ცვლილებების შემდეგ, სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადება გართულდა. 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით კი განისაზღვრა ასაკობრივი ზღვარი სტუდენტობის გამო სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის. პირს, რომელმაც 27 წლის ასაკობრივ ზღვარს მიაღწია, როგორც წესი, სწავლის გამო სამხედრო სამსახურის გადავადებაზე უარს ეუბნებიან. ამასთან, სტუდენტები უფრო მკაცრ შემოწმებას გადიან ახლა, ვიდრე ადრე; და მოუწესრიფებელი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სტუნდებს ავტომატურად იწვევენ სამხედრო სამსახურში. 2020 წლის თებერვალში წყაროები წერდნენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავ სარგებლობენ გამონაკლისის წესით; თუმცა, სირიელი მამაკაცი იმ რეგიონებიდან, რომელთაც ადრე ოპოზიცია აკონტროლებდა, უნივერსიტეტში სწავლის გამო გამონაკლისის წესით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ.

გამონაკლისის წესით სარგებლობა შესაძლებელია შესაბამისი გადასახადის გადახდით. საზღვარგარეთ მცხოვრები სირიელები, ასევე რეგისტრირებული პალესტინელები სარგებლობენ უფლებით, გადაიხადონ გამონაკლისის გადასახადი და გამონაკლისის წესით არ იმსახურონ. 2020 წლის ნოემბერში კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრები სირიელებისთვის გამონაკლისის გადასახადი განიზაღვრება სირიის ფარგლებს გარეთ ყოფნის ხალნგრძლივობის შესაბამისად – სირიელი მამაკაცი, რომელის საზღვარგარეთ რჩება 1, 2, 3 ან 4 წლით, უნდა გადაიხადოს, შესაბამისად, 10, 9, 8 ან 7 ათასი აშშ დოლარი. ქვეყნის გარეთ ცხოვრების წლები ითვლება გაწვევის ასაკს მიღწევის მომენტიდან. მათთვის, ვინც 5 წელზე მეტია სირიის გარეთ ცხოვრობს, გათალისწინებულია 200 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დამატებით ყოველ წელზე. მათთვის, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა და საზღვარგარეთ ცხოვრობდა 18 წლის ასაკის შესრულებამდე, გამონაკლისის გადასახადის სახით, ვალდებულია, გადაიხადოს 3 ათასი აშშ დოლარი. ისინი, ვინც 10 წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, უნდა გადაიხადონ 6 500 აშშ დოლარი. სირიის ფარგლებს გარეთ 25 წელზე მეტი ხნით ცხოვრების შემთხვევაში, გამონაკლისის გადასახადი 8 ათასი აშშ დოლარია. აღნიშნული წესი ეხებათ მათაც, ვინც კანონიერად დატოვა სირია და მათაც, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ გავიდა. გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამ თვეში. წყაროების ინფორმაციით, გამონაკლისის გადასახადი პრაქტიკაში ტარდება, მაგრამ ეს არაა იძლებითი გაწვევისგან დაცვის გარანტია. გამონაკლისის გადასახადი ხშირად ქრთამთან და კორუფციასთანაა დაკავშირებული.

2011 წლის მარტიდან მოყოლებული, სირიაში რამდენჯერმე მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელმაც სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებლები და დეზერტირები სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა; ამნისტიის კანონი, მათ შორის, მიიღეს 2018, 2019 და 2020 წელსაც. მიუხედავად ამნისტიისა, „შეწყალებულთათვის“ სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება მაინც ძალაში დარჩა; ამასთან, ამნისტია არ შეხებია მათ, ვინც მთავრობის მოწინააღმდეგეთა შორის ან შეიარაღებული ოპოზიციის წევრები იყვნენ. 2020 წლის 22 მარტის განკარგულებით, სამხედრო სამსახურისგან გაქცეულ პირებს გამოცხადებისთვის 3-თვიანი ვადა დაუწესდათ; ხოლო მათ, ვინც სამხედრო სამსახურს ქვეყნის ფარგელბს გარეთ გაექცა – 6 თვე. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ძალიან მცირეა ან საერთოდ არაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამნისტიის ზოგადი პრინციპებისა და რეალობაში განხორციელების შესახებ. წყაროების შეფასებით, ამნისტიით სარგებლობის მოსურნე, რეალურად, ძალიან ცოტა თუ იქნება, რადგან აღნიშნული ამნისტიები არ ათავისუფლებს მათ სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან. ასევე, წყაროების შეფასებით, საზოაგდოებაში არ არსებობს დიდი ნდობა ამნისტიების მიმართ, რადგან ხელისუფლება არ იცავდა წინა ამნისტიებს და შერიგების შეთანხმებებს – მაგალითად, აკავებდა და აპატიმრებდა სირიელებს და პირდაპირ გზავნიდა სამხედრო ნაწილებში სამსახურის გასავლელად.

სირიის კანონმდებლობით, სავალდებულო სამსახური 18-დან 21 თვემდე გრძელდება; თუმცა, ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბევრი წვევამდელი სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგაც არ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. წვევამდელებისა და რეზერვისტების დათხოვნისა და დემობილიზაციის რამდენიმე ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის შემდეგ. 2020 წლის მარტში და აპრილში გამოიცა ორი ადმინისტრაციული ბრძანება გარკვეული კატეგორიის წვევამდელებისა და გამოძახებული რეზერვისტების სამსახურის დასრულების შესახებ. ორი ადმინისტრაციული ბრძანება დამატებით გამოიცა 2020 წლის ნოემბერში, რომელმაც გარკვეული კატეგორიის რეზერვისტების სამსახური დაასრულა. 2021 წლის იანვარში, სირიის ადმინისტრაციული განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 ათასზე მეტმა დემობილიზებულმა ჯარისკაცმა საჯარო სამსახურის დაწყებისთვის აუცილებელი გამოცდა ჩააბარა.

დაბრუნებულ ტერიტორიებზე, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ასაკის მამაკაცები ასევე ვალდებულნი არიან გაიარონ სამხედრო სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ შერიგების შეთანხმებით მათ ჰქონდათ 6-თვიანი ვადა, ვრცელდებოდა ინფორმაციები აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაკავების, დაპატიმრებისა და იძულებითი გაწვევის შესახებ. შერიგების შეთანხმების მონაწილე ბევრი მამაკაცი სხვადასხვა საშუალებებით აიძულეს, შეერთებოდა სამთავრობო ან მთავრობის მომხრე სამხედრო ძალებს; აღნიშნულ „საშუალებებს“ შორის იყო, მათ შორის, უკეთესი ხელფასი, წარმოშბის რეგიონში დატოვება და მთავრობის მოწინააღმდეგედ მიჩნეულის სტატუსისგან გათავისუფლება. სვეიდის პროვინციაში [Sweida Governorate] სამხედრო ასაკის დრუზი მამაკაცებს, რომელთაც გაწვევისგან სირიის ხელისუფლებასთან არსებული შეთანხმება იცავდა, 2018 წლიდან აქტიურად აიძულებენ, იმსახურონ არმიაში. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, დაახლოებით, 50 ათასი პირი იძებნება გაწვევისთვის. რაც შეეხება SDF-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გავრცელებული ინფორმაციით, რეკრუტირების პრაქტიკას ადგილი აქვს, თუმცა, ძირითადად, მოხალისეობრივი საფუძვლებით.

წყაროების შეფასებით, ყველა წვევამდელი ბრძოლის ხაზზე გაგზავნის პოტენციური რისკის წინაშეა. წვევამდელების განაწილება [Deployment] დამოკიდებულია იმაზე თუ სად, რომელ ნაწილს რა საჭიროება აქვს; მნიშვნელოვანია პირის ინდივიდუალური შესაძლებლობები, წარსული და ბრძოლის გამოცდილება. წყაროების ინფორმაციით, წვევამდელები დაბრუნებული ტერიტორიებიდან არაპროპორციულად ხშირად ნაწილდებიან ბრძოლის წინა ხაზზე, რაც მათი რეჟიმის მიმართ არასაკმარისი ერთგულების გამო დასჯის ფორმაა. მართალია, გაცილებით მცირე რაოდენობით, თუმცა ბრძლის წინა ხაზზე ხანდახან რეზერვისტებსაც აგზავნიან.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის შეფასებით, სირიაში მიმიდნარე შეიარაღებული კონფლიქტის და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წვევამდელებს და რეზერვისტებს, ზოგადად, არ შეუძლიათ გავლენა იქონიონ შეიარაღებულ ძალებში მათთვის დაკისრებულ როლზე, გაცემულ დავალებებსა თუ გამწესების რეგიონზე, დევნის საფუძვლიანი შიში, ზოგადად, დასაბუთებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტიანი და მუსლიმი რელიგიური ლიდერების გარდა, არავისთვისაა დასაშვები შეგნებული უარით სამხედრო სამსახურის არიდება და არ არსებობს ალტერნატიული სამხედრო სამსახური, დევნის საფუძვლიანი შიში, ზოგადად, ასევე დასაბუთებულია შეგნებული უარის საფუძლებით სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებისთვის და ამავე მიზეზით სამხედრო სამსახურიდან დეზერტირებულთათვის. ინდივიდუალური შეფასების საგანია კონკრეტული განმცახდებლის შეგნებული უარის საფუძვლები.

სხვა ქმედებები, რომელთაც შესაძლოა, დაექვემდებარონ სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებლები [მაგალითად, თვითნებური დაკავება, ფიზიკური ძალადობა, მოპყრობა დაკავების დაწესებულებებში, მათ შორის წამება], დეზერტირები ან მოწინააღმდეგე მხარეს გადასული სამხედროები [მაგალითად, იძულებითი გაუჩინარება, წამება, სიკვდილით დასჯა] არის ისეთი მძიმე ხასიათის, რომ შესაძლოა, უთანაბრდებოდეს დევნას. სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებლებისთვის, დეზერტირებისა და მოწინააღმდეგის მხარეს გადასულთათვის დევნის საფუძლიანი შიში, ზოგადად, დასაბუთებულია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურიგან გამონაკლისის წესით გათავისუფლებას კანონი ითვალისწინებს, ასეთი დებულებები პრაქტიკაში არაპროგნოზირებადია აღსრულებისას. იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტიები შეზღუდულია დროში და არ ათავისუფლებს პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისგან, ისინი ვერ მოახდენს გავლენას რისკებზე, რომელთა წინაშეც სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებლები და დეზერტირები დგანან.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი სირიაში სამხედრო სამსახურის შესახებ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებელთა ოჯახის წევრების მიმართ დამოკიდებულების შეფასებისას, წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. თუ ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრებს არაფერი ემუქრებათ, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს წეზოლას, შევიწროვებას სამხედრო პოლიციის ან დაზვერვის სამსახურის მხრიდან და სახლების ჩხრეკას. ზოგჯერ ოჯახის წევრებს აპატიმრებენ ან დაზვერვის სამსახურში დაკითხვაზეც იბარებენ. EASO, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის ამრიდებელთა ოჯახის წევრებისადმი მოპყრობა განსხვავებულია ასევე იმის მიხედვით თუ რომელი რეგიონიდანაა ოჯახი; მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი რეგიონებიდან ოჯახები არ აწყდებიან იგივე მოპყრობას, რასაც ის ოჯახები, რომლმებიც არიან იმ რეგიონებიდან, რომელთაც ადრე ოპოზიცია აკონტროლებდა.

წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, ასევე, დეზერტირებისა და მოწინააღმდეგის მხარეს გადასული სამხედროების ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობის შეფასებისას. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრებს მთავრობისგან პრობლემები არ ექმნებათ, ზოგი კი პირიქით – რომ ოჯახის წევრები აწყდებიან მუქარებს, დაპატიმრებებს, დაკითხვებს, სახლებში ვიზიტებს, ქონების კონფისკაციას და წამებასაც კი. ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობა, ასევე, დამოკიდებულია დეზერტირისა თუ მოწინააღმდეგის მხარეს გადასული სამხედროს რანგსა და ჩინზე, განსახლების რეგიონზე, რელიგიურ კუთვნილებასა და რეგიონის საიდუმლო სამსახურის უფროსზე. მაგალითად, მაღალი რანგის დეზერტირის ოჯახის წევრები ადრე ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. დეზერტირის მიერ ჩადენილი ქმედებები, მაგალითად, სირიის არმიის ჯარისკაცისა თუ ოფიცრის მკვლელობა ან ოპოზიციურ ჯგუფში გაწევრიანება, დამატებითი ფაქტორია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობაზე.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ სუნიტი არაბისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ის სუნიტი არაბია, როგორც წესი, დევნის საფუძვლიანი შიში დასაბუთებული არ არის. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც სუნიტი არაბისთვის დევნის საფუძვლიანი შიში დასაბუთებულია, ეს დაკავშირებულია ისეთ გარემოებებთან, რომლებიც სხვა პროფილს მოიცავს, როგორიცაა მაგალითად მთავრობის მოწინააღმდეგ მიჩნეული პირები და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულად მიჩნეული პირები. რისკების შეფასებისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური გარემოებების შეფასება, როგორიცაა რეგიონული სპეციფიკაცია – საცხოვრებელი ადგილი არის თუ არა იმ რეგიონში, რომელსაც აკონტროლებენ ექსტრემისტული ჯგუფები.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია სუნიტი მუსლიმების მიმართ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულებისა და რელიგიური ნიშნით მასობრივად დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების შესახებ.

[1] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სირია: ზოგადი ანალიზი და სახელმღვანელო პრინციპები; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 იანვარს]

[2] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სამხედრო სამსახური სირიაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის აპრილში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 იანვარს]

[3] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სირია: ზოგადი ანალიზი და სახელმღვანელო პრინციპები; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 იანვარს]

სირია. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. თებერვალი, 2022

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და სახელმძღვანელო პრინციპები. ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. განურჩეველი ძალადობის შეფასება რეგიონების მიხედვით. სხვადასხვა აქტორის მხრიდან დევნის რისკის წინაშე მყოფი ჯგუფები. სავალდებულო სამხედრო სამსახური. დამასკოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

სირია. სირიის თავისუფალი არმია; სირიის ეროვნული არმია. დეკემბერი, 2021

თურქული მედია საშუალება „Anadolu Agency“ 2019 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია [Free Syrian Army – al-Jays as-Suri al-Hurr], სირიის სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა. ჯგუფი აქტიური იყო ქვეყნის ყველა ფრონტზე და ძალაუფლება დაკარგა მას შემდეგ, რაც სირიაში მიმდინარე პროცესებში გარე ძალები ჩაერივნენ, რომელთაც მხარი დაუჭირეს სირიის პრეზიდენტის რეჟიმს. ამჟამად, დაჯგუფება ძალებს იკრებს ახალი სახელწოდებით – სირიის ეროვნული არმია.[1]

2016 წლის 26 ნოემბერს, ბრუკინგის პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში „სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი“, ჩარლზ ლისტერი წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია 2011 წლის ივლისში შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ლიდერი, პოლკოვნიკი რიად ალ-ასადი აცხადებდა, რომ შეიარაღებული ძალების ფორმირებას ორი მიზანი ჰქონდა – პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა და რეჟიმის უსაფრთოხების ძალების წინააღმდეგ გამათავისუფლებელი ოპერაციების ინიცირება.[2]

სირიის თავისუფალმა არმიამ შექმნა ოპოზიციის ლეგიტიმური სამხედრო ხერხემალი, გაერთიანდა სირიის დროშის ქვეშ და დაიკავა 2013 წლის მარტში შექმნილი სირიის რეგიონული მთავრობის სამხედრო ფრთის პოზიცია. სირიის თავისუფალი არმია, 2015 წლამდე, აქტიური იყო ქვეყნის უმეტეს ნაწილში და იბრძოდა ალეპო-იდლიბის, რაქა-დეირიზორ-ჰასეკეს, ჰამა-ლატაკიას, ჰომსის და დამასკო-დერა-კუნეიტრა-სევეიდას ფრონტებზე. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შედეგად, სირიის თავისუფალმა არმიამ, 2016 წელს, ყველა ფრონტზე დაკარგა სიძლიერე; და 2016 წლის აგვისტოში, თურქეთის მიერ ოპერაცია ევფრატის ფარის დაწყების შემდეგ დაიწყო ხელახლა გაძლიერება.

2017 წლის 30 დეკემბერს, ოპერაცია ზეთისხილის რტოს დაწყებამდე, სირიის თავისუფალ არმიასთან ასოცირებული 30 ჯგუფი, ჩრდილოეთ ალეპოში სირიის ეროვნული არმიის სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. 2018 წლის 28 მაისს კი იდლიბის 11 ჯგუფის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი. 2018 წლის 4 ოქტომბერს, სირიის ოპოზიციური ჯგუფები, სირიის ეროვნული არმია და ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ გაერთიანდნენ. სირიის ეროვნულმა არმიამ, ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის ფარგლებში თურქეთის მხარდასაჭერად, სამხედრო წვრთნები გამართა.[3]

გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“ 2021 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთი ძალების მომავალი“ წერს, რომ სირიის ეროვნული არმია თურქეთის ყველაზე ამბიციურ პროექტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში. მისი საბრძოლო შესაძლებლობები წლების განმავლობაში განვითარდა და არსებით დონეს მიაღწია ამ დროისთვის. თურქეთმა ნაწილი ძალები ლიბიის ფრონტზეც კი გადაისროლა. სირიის თავისუფალი არმიიის პირადი შემადგენლობა, შეიძლება სირიის არაბთა არმიასაც შეედაროს, თუმცა ისინი განიცდიან ისეთის ორგანული სტრატეგიული შესაძლებლობების ნაკლებობას, რითიც სირიის არაბთა არმია სარგებლობს; მათ შორის, უპირველესად საჰაერო ძალები, სარაკეტო ძალები, ქიმიური საბრძოლო შესაძლებლობები და მძიმე ჯავშან-ტექნიკა. ამჟამად, თურქეთის ძალისხმევამ, გააერთიანოს, აქციოს დისციპლინირებულ შენაერთად და გაწვრთნას შეიარაღებული ოპოზიცია, შესაძლოა შედეგები მოიტანოს თუ უსაფრთხოების სექტორის ომის შემდგომი რეფორმის პროცესი გონივრულად იქნება მართული.[4]

სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“ 2021 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმიის წასული, აწმყო და მომვალი“ წერს, რომ სამხედრო რესტრუქტურიზაცია და რეინტეგრაცია უსაფრთხოებისა და პოლიტიკური შეთანხმების ბოლო ეტაპი იქნება. მსგავსი მოლაპარაკებები, ითვალისწინებს შეიარაღებული ჯგუფების ან განიარაღებას ან ინტეგრირებას სხვა სამხედრო ინსტიტუტებში; ასევე, მებრძოლთა რეინტეგრაციას საზოგადოებაში. ასეთ დროს წარმატების მთავარი ფაქტორი ეკონომიკური განვითარება, კანონის უზენაესობა და გარდამავალი პერიოდის სასამართლოა. ამ ეტაპზე, სირიის ეროვნული არმიის ინტეგრირება რეჟიმის არმიაში არ განიხილება. ასეთი ვარიანტის დღის წესრიგში შემოტანა დამოკიდებულია საერთაშორისო ფაქტორებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული.[5]

[1] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[2] ბროკინგის პროექტის პუბლიკაცია; სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი; პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის ავტორი: ჩარლზ ლისტერი; გამოქვეყნებულია 2016 წლის 26 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[3] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[4] გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“; სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთო ძალების მომავალი; ავტორი: ჩან კასაპოღლუ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jamestown.org/program/the-syrian-national-army-and-the-future-of-turkeys-frontier-land-force/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[5] სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“; სირიის ეროვნული არმიის წარსული, აწმყო და მომავალი; ავტორი: ნავარ საბაჰი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://research.sharqforum.org/2021/08/31/the-past-present-and-future-of-the-syrian-national-army/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

სირია. მოსახლეობის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ივლისი, 2020

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) სირიის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ სირიაში 18-დან 42 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეები სავალდებულო ხასიათის სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 18-დან 21 თვემდე განისაზღვრება და მასში მონაწილეობის მიღება, სურვილის შემთხვევაში – ქალებსაც შეუძლიათ. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით, გაწვევისას პირის მაქსიმალური ასაკი 42 წელს არ უნდა აღემატებოდეს, პრაქტიკაში აღნიშნული შეზღუდვა ნაკლებად მოქმედებს და, როგორ წესი, 45-55 წლამდე პირებსაც ზოგჯერ, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში. წყაროთა ინფორმაციით, სამხედრო სამსახურზე ასაკის ლიმიტი ნაკლებად დამოკიდებულია კანონით დადგენილი ზოგად წესზე და უფრო მეტად განპირობებულია იმით, თუ რამდენად საჭიროებს მთავრობა კონკრეტულ მომენტში ძალების მობილიზაციას. ზოგადად, სამთავრობო ძალები გასაწვევად მაინც უფრო 18-დან 27 წლამდე პირებს ეძებენ, შესაბამისად, შედარებით უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შედარებით იოლია. ამას გარდა, სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბევრი მაშინდელი ახალწვეული არ გაუთავისუფლებიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ და მხოლოდ 2018 წელს მოხდა მათი გათავისუფლება, თუმცა, ზოგიერთი მათგანი დღესაც მსახურობს.

ანგარიშში მოყვანილია ექსპერტის – კრისტოფერ კოზაკის (Christopher Kozak) შეფასება სირიაში პირთა სავალდებულო სამხედრო გაწვევის თემაზე, რომლის მიხედვითაც,  ქვეყანაში პირთა რეკრუტირების მასშტაბი იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია, უკანასკნელ ხანებში, შედარებით სტაბილური გახდა. კოზაკი ხაზს უსვამს, რომ სირიის მთავრობა ცდილობს, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიწვიოს ნებისმიერი სამხედრო ასაკის პირი, რომელზეც მას ხელი მიუწვდება. სირიელი სუნიტებიც კი, რომლებიც სამთავრობო ძალების შეფასებით არ არიან სანდო, დაექვემდებარებიან გაწვევას და მათ გაანაწილებენ ისეთ რეგიონებში (მაგ. სამხრეთ სირიაში, სადაც შედარებით ნაკლები რისკებია მოსალოდნელი.

რაც შეეხება უშუალოდ წვევამდელების საკითხს, ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება დასჯადია სირიის სამხედრო სისხლისსამართლებრივი კოდექსით, თუმცა, პრაქტიკაში მისი გამოყენება თვითნებურია. აღნიშნული კოდექსის 98 და 99 მუხლებით, გაწვევისგან თავის ამრიდებლები, მშვიდობიანი პერიოდის დროს, დაისჯებიან 1-დან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო შემდეგ მოიხდიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სრულად. ომიანობის დროს, გაწვევისგან თავის არიდება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებადაა და ისჯება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. წყაროთა მიხედვით, შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ კანონის დადგენილ ნორმებს, პრაქტიკაში, არ მისდევდნენ და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც თავის ამრიდებელი პირი პირდაპირ სამხედრო სამსახურში იგზავნებოდა.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ათიათასობით მოქმედი ოფიცერი თუ ახალწვეული გახდა დეზერტირი. ბევრმა მათგანმა სირია დატოვა, ხოლო ისინი კი, ვინც დარჩნენ, ძირითადად შეუერთდნენ სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებს. სირიის სამხედრო სისხლისსამართლებრივი კოდექსის 100 და 101 მუხლების მიხედვით, დეზერტირობა ისჯება 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მშვიდობიანი პერიოდის დროს, ხოლო აღნიშნული სასჯელი ომიანობის პერიოდში, შესაძლებელია გაორმაგდეს. ის პირები, რომლებიც დეზერტირობის შემდგომ ქვეყანა დატოვეს, შესაძლებელია დაექვემდებარონ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ომის დროს. დეზერტირობა, რომელიც მტრის მხარეს გადასვლით სრულდება, დასჯადია სიკვდილით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. წყაროთა მიხედვით, უშუალო დეზერტირები გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელებს ექვემდებარებოდნენ, ვიდრე გაწვევისგან თავის ამრიდებლები.[1]

დანიის იმიგრაციის სამსახურმა 2020 წლის მაისში გამოაქვეყნა ანგარიში სირიაში სამხედრო სამსახურის შესახებ, რომელიც თებერვალში განხორციელებულ ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში მოპოვებულ მასალას ეფუძნებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სირიის არმიაში გაწვევის მასშტაბი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სამთავრობო ძალებს ჰქონდათ უფრო მეტ ადამიანებზე წვდომა მას შემდეგ, რაც დაიბრუნეს კონკრეტული ტერიტორიები. ამას გარდა, არმია საჭიროებს დამატებით ჯარისკაცებს იდლიბის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის. როგორც წესი, გაწვევა უშუალოდ ხდება სამხედრო გამშვებ პუნქტებზე, საჯარო ინსტიტუციებში, უშუალოდ საზღვრის კვეთის დროს და იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში. ამას გარდა, უკანასკნელ ხანებში სირიის არმიის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე, გაწვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რეიდები სახლებში.

ანგარიშის მიხედვით, სირიის არმიაში მყოფი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი გამოცდილებისა, კვალიფიკაციისა, რელიგიური თუ გეოგრაფიული კუთვნილებისა, თანაბრად არის წინა ხაზზე დისლოკაციის ან/და უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის რისკის წინაშე.

ანგარიშში საუბარია უშუალოდ იმ პირების სამხედრო გაწვევაზეც, რომლებმაც სამხედრო ასაკის ლიმიტს (42 წელი) მიაღწიეს. კერძოდ, წყაროთა უმრავლესობა ამბობდა, რომ მათ არ გააჩნდათ ინფორმაცია იმის შესახებ, იწვევდა თუ არა სირიის მთავრობა 42 წელს გადაცილებულ პირებს სამხედრო სამსახურში. ერთი წყარო უთითებდა, რომ მსგავსი ფაქტი 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ხოლო მეორეს ინფორმაციით, ბოლოს ეს 2018 წელს მოხდა.

გრეგორი უოთერსი – დელეგაციის მიერ გამოკითხული ექსპერტი, ამბობდა, რომ  ისიც არ ფლობდა ინფორმაციის 42 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე. თუმცა, ის ასევე აღნიშნავდა, რომ იცოდა რამდენიმე შემთხვევის  შესახებ, როდესაც 42 წელს გადაცილებული პირები, სირიაში ლიბანიდან და იორდანიიდან დაბრუნების შემდეგ, გაიწვიეს სარეზერვო სამსახურში.

დელეგაციის მიერ გამოკითხული კიდევ ერთი წყარო – SNHR  კი უთითებდა, რომ მათი ინფორმაციით, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა 42 წელს გადაცილებული პირების გაწვევის შემთხვევებსაც. კერძოდ, მათ მოიყვანეს მაგალითი – ჰაითჰამ ჰასსან ალ-ქანის ქეისი, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა ჰომსის პროვინციის ქალაქ თალბისაში. ის 2019 წელს სირიის სამთავრობო ძალებმა დააკავეს და გაიწვიეს, როგორც რეზერვისტი. მოგვიანებით, 2020 წლის 13 იანვარს, ის დაიღუპა ჰამას პროვინციაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებისას.

ანგარიშის მიხედვით, სირიის მთავრობა ზოგადად, ასრულებს კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმებს და არ იწვევს იმ პირებს, რომლებიც: არიან ოჯახში ერთადერთი ვაჟები; პირები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გამორიცხვის მოტივით, იხდიან კანონით დადგენილ გადასახადს; სამედიცინო ჩვენებით გამორიცხული პირები, თუმცა, აღნიშნული ჩვენება ზოგჯერ ბუნდოვანი და არაზუსტია.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, გამოკითხულ წყაროთა უმრავლესობის მიხედვით,   სირიის მთავრობა მათ, ხელში ჩაგდების შემთხვევაში,  პირდაპირ სამხედრო სამსახურში გააგზავნის. ზოგიერთის შემთხვევაში, მანამდე შესაძლებელია ადგილი აქვს მცირე პერიოდით დაკავებასაც. თუმცა, როგორც წესი, ამრიდებელთა უმრავლესობა, პატიმრობას მაგივრად, ფრონტზე გაგზავნას დაექვემდებარება. დეზერტირობა დასჯადია და დანაშაულის სიმძიმისა და ქმედების მოტივის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთიდან სიკვდილით დასჯამდე მერყეობს. ანგარიშში, ასევე, საუბარია უკანასკნელ ხანებში სირიის მთავრობის მიერ  დეზერტირებისა თუ სავალდებულო სამსახურისგან თავის ამრიდებლების მიმართ გამოცხადებულ ამნისტიებზეც, თუმცა, დელეგაციის შეფასებით, მათი მოქმედება შეზღუდულია და, ზოგადად, სირიის მთავრობა მათ პრაქტიკაში არ ასრულებს.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Atlantic Council 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ სირიაში იძულებით სამხედრო გაწვევას ეხება, წერდა, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ასადის რეჟიმი სავალდებულო სამსახურში მომსახურე ჯარისკაცებს იტოვებდა, როგორც “სათადარიგო ძალებს“ და არ აძლევდა მათ საშუალებას, დაესრულებინათ აღნიშნული სამხედრო სამსახური. ამის გამო, პირები გაურკვეველი ვადით იყვნენ გაწვეულნი და ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 8 წლის განმავლობაში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. შედეგად, ბუნებრივია, ბევრი სირიელი ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან ან სხვა გზებით ცდილობდა, აერიდებინა თავი გაწვევისთვის. აღნიშნული ქმედება სირიის კანონმდებლობით წარმოადგენს დეზერტირობას და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

2018 წლის ოქტომბერში, ბაშარ ალ ასადის მთავრობამ გამოაქვეყნა კანონი, რომელიც 800 000  დეზერტირი პირისთვის ამნისტიას აწესებდა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ორგანოებში გამოცხადდებოდნენ 4 (სირიაში მცხოვრები პირები) ან 6 (საზღვარგარეთ მობინადრე სირიელები)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ფაქტს, ბუნებრივია, უამრავი სირიელი ახალგაზრდა სიხარულით შეეგება. თუმცა, მთავრობამ, მალევე გამოაქვეყნა 400 000 კაციანი ახალი სია, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული პირების „გადაუდებელ სამხედრო სამსახურში“ გაწვევას. აღნიშნულ სიაში უმრავლესობას შეადგენდნენ ის სირიელი ახალგაზრდები, რომლებიც წინა სიამ ამნისტიაში შეიყვანა.

ანგარიშში მოცემულია ინტერვიუ 35 წლის რა’იდთან, რომელიც აცხადებდა, რომ 4 წლიანი მალვის შემდეგ, საშუალება მიეცა მშვიდად გასულიყო ქუჩაში და დაბრუნებოდა თავის ოჯახს. „სიხარული მხოლოდ 7 დღეს გაგრძელდა, რადგან მალევე მომივიდა გაწვევის ცნობა გადაუდებელ სამხედრო სამსახურში. არ მსურს რეჟიმის არმიაში სამსახური და იმ ომში ბრძოლა, რომლისაც არ მჯერა. მხოლოდ ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება მინდა“ – განაცხადა რა’იდმა.

ანგარიშში ასევე საუბარია იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2011 წლიდან მსახურობენ და რეჟიმი მათ არ ათავისუფლებს. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში აღნიშნული სამსახურის ვადა მაქსიმუმ ორი წლით განისაზღვრებოდა, რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი ახალწვეული 2011 წლიდან დღემდე მსახურობს.[3]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევების და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, როგორც სირიის მთავრობა, ასევე – არასამთავრობო აქტორები (ქურთული YPG; SDF;) აქტიურად დაეძებენ ახალ რეკრუტებს, რათა შეაჩერონ თურქეთის სამხედრო ძალებისა და მათი მხარდამჭერი სირიელი აჯანყებულების წინსვლა რეგიონში.

ამას გარდა, Euro-Mediterranean Human Rights Monitor-ის მიერ 2019 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გავრცელებული ცნობებით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) სირის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბანაკიდან გაიტაცეს ათობით ბავშვი და ასობით ახალგაზრდა, რათა დაუქვემდებარონ გაწვევას და სამხედრო მოქმედებებში ჩართვას. უკანასკნელ ხანებში, SDF-მა წამოიწყო მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებშიც საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე და სირიის სხვადასხვა რეგიონებში, აკავებენ ახალგაზრდა არაბ მამაკაცებს და სამხედრო სამსახურში იძულების წესით იწვევენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ალ-ჰოულის ბანაკიდან გაიტაცა 200-მდე ბავშვი და დაუქვემდებარა იძულებით რეკრუტირებას. ბავშვთა უმრავლესობა 13-დან 16 წლამდე ასაკისაა და მათ შორის არიან როგორც ობლები, ასევე – არა-არაბი ბავშვები.

აღნიშნულის გარდა, ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც, ქურთული YPG-ის და სირიის დემოკრატიული ძალების(SDF) მხრიდან, პირთა, მათ შორის – ბავშვების, იძულებითი გაწვევა რუტინაა და ხდება სირიის ბევრ რეგიონში.. ამას გარდა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ზოგჯერ, ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი გოგონების სამხედრო გაწვევასაც. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხდებოდა აღნიშნული ბავშვების ჩართვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში.[4]

Freedom House-ს 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში სირიის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები პირებს უქვემდებარებდნენ იძულებით რეკრუტირებას და ასევე, იყენებდნენ ბავშვ მებრძოლებს.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სირიის მთავრობა და მისი მოკავშირეები ფართოდ იყენებდნენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – პირთა იძულებითი რეკრუტირება. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებული იყო რეჟიმის არმიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. ანგარიშში ასევე საუბარი არის პირთა (მათ შორის, ბავშვთა) იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებზე კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ.[6]

[1] EASO – “Syria Targeting of Individuals”; published on March 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[2] Danish Immigration Service – „Syria Military Service” (Report based on a fact-finding mission to Istanbul and Beirut (17-25 February 2020)) published in May 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[3]Atlantic Council – “Forced conscription continues despite amnesty by Syrian Government”; published on 13 February 2020; available at https://www.atlanticcouncil.org/blogs/syriasource/forced-conscription-continues-despite-amnesty-by-syrian-government/ [accessed 15 July 2020]

[4]ACCORD – “Query response on Syria: Recruitment practice of Kurdish People’s Defense Units (YPG) and Women’s Defense Units (YPJ), particularly in Qamishli [a-11189]”; published 14 February 2020; available at

[accessed 10 March 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Syria; published in  March 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[6] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Syria; published in March 2020; available at

[accessed 15 July 2020]

სირია.უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 2 მაისს  გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის სირიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი სირიის ნებისმიერ ნაწილში მოგზაურობისგან. ქვეყანაში სიტუაცია, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, კვლავ რჩება განსაკუთრებით სახიფათო. სირიის მმართველი რეჟიმი ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც კონფლიქტმა განსაკუთრებით მაღალი სამოქალაქო დანაკარგები და პირთა იძლებით გადაადგილება გამოიწვია. ტერორისტული ორგანიზაცია „დაეში“ იგივე „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც აქტიურად ოპერირებს და ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, განსაკუთრებით –  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გარდა დაეში-სა, სირიაშია ასევე აქტიური არაერთი სხვა ტერორისტული დაჯგუფება.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა შეიარაღებული კონფლიქტი ფიქსირდება.  სირიის სამთავრობო რეჟიმი და მისი მოკავშირეები ებრძვიან აჯანყებულთა რამდენიმე დაჯგუფებას. ამას გარდა, მთავრობა პარალელურ კონფლიქტს ახორციელებს სხვადასხვა არა-სახელმწიფოებრივი აქტორის, მათ შორის – „ისლამური სახელმწიფოს“; Hay’at Tahrir al-Sham, Ahrar al-Sham და“ სირიის დემოკრატიული ძალები“. ამას გარდა, ქვეყანაში ასევე ოპერირებს საერთაშორისო სამხედრო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით, რომელიც ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. ბოლოს, სირიის საზღვრებს შიგნით, სამხედრო ოპერაციების ახორციელებს თურქული მხარეც, რომლის მოწინააღმდეგეები „ისლამური სახელმწიფო“ და ქურთული შეიარაღებული ჯგუფები არიან.[2]

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი“ (Syrian Human Rights Committee) ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რიგით მე-18 ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სირიაში უკვე მერვე წელია, რაც ფიქსირდება განურჩეველი ძალადობა და სერიოზული უფლებათა დარღვევები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით, მათი ინტენსივობა შემცირა. ეს, გარკვეულწილად, განპირობებული იყო ქვეყნის ბევრ რეგიონში შეიარაღებული შეტაკებების შეწყვეტით, რადგან კონფლიქტმა, ძირითადად, სირიის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, სირიაში დაფიქსირებულმა მიმდინარე კრიზისმა საშიში ფენომენი შექმნა – ქვეყანაში მომხდარი საშინელი დანაშაულები და დარღვევები ნორმალურად ითვლება და ყოველ წელს უფრო ნაკლებ ყურადღებას იზიდავს საერთაშორისო სპექტრიდან. კონკრეტულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაული აღარ გამოდის სააშკარაოზე, რადგან ასეთი შემთხვევები უკვე რუტინაა და მხარეები ამ ფაქტს მიეჩვივნენ.

ორგანიზაციამ მიმდინარე წლის განმავლობაში აღწერა 3 522 გარდაცვლილი, რაც წინა წელს დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებლის ნახევარია. მსხვერპლთა 60 % მხოლოდ იდლიბისა და ალეპოს პროვინციებზე მოდის, 25 % კი – რაქქას, დეირ ე-ზორისა და ალ-ჰასაკეჰის რეგიონებზე.

ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელმა პიკს მაისსა და ივლისში მიაღწია, როდესაც დაფიქსირდა, შესაბამისად 471 და 456 გარდაცვლილი. მსხვერპლის აღნიშნული მატება, ძირითადად, განპირობებული იყო სირიის მმართველის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო კამპანიით, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაიწყო და წლის ბოლომდე, სხვადასხვა დოზით გრძელდებოდა.

ანგარიშში საუბარია სხვადასხვა სექტორის, მათ შორის – სამედიცინო, მედია, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორის  მუშაკების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებზე, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ტიპის ძალადობით, თავდასხმებით, მუქარით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ა.შ. ასევე, ფიქსირდებოდა არაერთი ძალადობრივი თავდასხმა რელიგიურ უმცირესობებსა და მათ სალოცავ ადგილებზე.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International სირიის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც აქტიურად გრძელდებოდა და მისი მონაწილე ყველა მხარე, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, ჩადიოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულ არაერთ დანაშაულს, მათ შორის – ომის დანაშაულს. როგორც სამთავრობო, ასევე მოკავშირეების ძალები ახორციელებდნენ განურჩეველ და პირდაპირ თავდასხმებს  სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე, რასაც იდლიბსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ბევრი – დაშავდა. სამთავრობო ძალების კვლავაც უზღუდავდნენ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომას. უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აპატიმრებდნენ მოქალაქეებსა და მთავრობასთან შერიგებულ ყოფილ მებრძოლებს და, ასევე, აგრძელებდნენ ათობით ათასი მშვიდობიანი აქტივისტის, ჰუმანიტარული მუშაკის, ადვოკატისა თუ ჟურნალისტის დაკავებას. ზოგიერთი მათგანი, ასევე, ექვემდებარებოდა იძულებით გაუჩინარებას, წამებასა თუ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას, რასაც ზოგჯერ დაკავებულთა სიკვდილი სდევდა თან. თურქეთთან ასოცირებულ სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები აფრინში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს უქვემდებარებდნენ მრავალი ტიპის უფლებათა დარღვევას, მათ შორის – კონფისკაციას და ქონების ძარცვას, თვითნებურ დაკავებას და ა.შ. იმავე რეგიონში, თვითნებურ დაკავებებს ასევე ახორციელებდა მოქმედი „ავტონომიური მთავრობა“. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ ვერ მოახერხა, გამოეძიებინა 2017 წელს რაქქაში დაბომბვების კამპანიის შედეგად გამოწვეული არაერთი სამოქალაქო პირის სიკვდილის შემთხვევები. სირიის ჩრდილო-დასავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა გამოიწვია ჯამში 900000-მდე ადამიანის იძულებითი გადაადგილება.[4]

Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2019 წელს სირიაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ მიმდინარე კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა სერიოზული მასობრივი დარღვევები არა გამონაკლისი, არამედ – რუტინული ხასიათის იყო. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა აპრილში განაახლა სამხედრო ოპერაციები იდლიბზე, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა აკრძალული იარაღი და განურჩეველი თავდასხმები. დაპყრობილ ტერიტორიებზე გრძელდებოდა ქონების კონფისკაციის, სახლების მასობრივი ნგრევისა და თვითნებური დაკავებების შემთხვევები. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (UNOCHA) ინფორმაციით, სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებასა და დაცვას საჭიროებდა 11.7 მილიონი ადამიანი.

მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფები ასევე სჩადიოდნენ სერიოზულ სამართალდარღვევებს, მათ შორის – თვითნებურ დაკავებებსა და განურჩეველ თავდასხმებს იმ დასახლებულ ობიექტებზე, რომლებიც სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი სამხედრო კოალიციისა და მისი ადგილობრივი მოკავშირის – „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქმედებებს შედეგად  მოჰყვა არაერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ქონების განადგურება.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ გატაცებული ათასობით ადამიანის ხვედრი კვლავ უცნობი იყო, რადგან არც ქურთული ორგანოები, ასევე,  აშშ-ის მეთაურობით მოქმედი სამხედრო კოალიცია ან სირიის მთავრობა, არანაირ ნაბიჯს არ დგამდა ამ კუთხით. [5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ  სირიის მმართველი რეჟიმისა და მისი მომხრე ძალებმა აპრილში წამოიწყეს მასობრივი საჰაერო და სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების ხელახლა დასაპყრობად, რასაც შედეგად ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით ათასი – იძულებით გადაადგილდა. ოპერაციის დროს გამოყენებული იქნა მძიმე და ქიმიური იარაღი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსეთისა და სირიის საჰაერო დარტყმებმა, გავრცელებული ცნობებით, მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სამოქალაქო სამიზნეები – საავადმყოფოები; სკოლები; მარკეტები და ფერმები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანახმად, დეკემბერში არსებული სიტუაციით, სირიაში იმყოფებოდა 6.2 მილიონი იძლებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 2.5 მილიონი ბავშვი იყო. ამას გარდა, ორგანიზაციის მიერ ასევე აღრიცხული იყო 5.6 მილიონი სირიელი ლტოლვილი.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ჩადენილი, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევები; თვითნებური დაკავებები; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების კუთხით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის – ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, პრესაზე და ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა; ცენზურა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვა; გადაადგილების თავისუფლების შეუსაბამო შეზღუდვები; ფართოდ გავრცელებული და ელიტური კორუფცია; რეჟიმისა და სხვა აქტორების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება და მათი საომარ მოქმედებებში ჩართვა; ტრეფიკინგი; ლგბტი თემის მიმართ ძალადობა და ა.შ.

რეჟიმი არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა გამოეძიებინა და დაესაჯა აღნიშნულ სამართალდარღვევებში დამნაშავე პირები. დაუსჯელობის სინდრომი ღრმად იყო გამჯდარი სამთავრობო ჩინოვნიკთა რიგებში, მათ შორისო – უსაფრთხოების ძალებში. რეჟიმთან ასოცირებული გასამხედროებული ჯგუფები ჩადიოდნენ მრავალ უფლებათა დარღვევებს, მათ შორის – მასობრივ და განურჩეველ მკვლელობებს; მოქალაქეთა გატაცებას; ფიზიკურ ძალადობას; სექსუალური ხასიათის ძალადობას. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვებს, რომლებიც მიჩნეულ იქნა, როგორც – განურჩეველი, შედეგად სამოქალაქო პირების სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ამას გარდა, აღნიშნულმა ავია-დარტყმებმა გაანადგურა საავადმყოფოები; თავშესაფრები; სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების კუთხით არასტაბილური სიტუაციის გამო, სერიოზული უფლებათა დაღვევები, კერძოდ – მკვლელობები და ექსტრემალური ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ფიქსირდებოდა. შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის – „ალ ქაედასთან“ ასოცირებული Hayat Tahrir al-Sham (HTS) ასევე ჩადიოდნენ არაერთ დანაშაულს, მათ შორის – მასობრივ ხოცვას; უკანონო მკვლელობებს; გატაცებებს; უკანონო დაკავებას; ექსტრემალური ფიზიკური ძალადობას და ა.შ. მიუხედავად იმისა, „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიული კუთხით დამარცხებული იყო, მისი წევრები კვლავაც აგრძელებდნენ გატაცებებს, მკვლელობებსა, რელიგიური უმცირესობის წევრებზე თავდასხმებსა და დაბომბვებს. ისინი ასევე უქვემდებარებდნენ ქალებს რუტინულ გაუპატიურებას, იძლებით ქორწინებასა და სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგს.

სირიის დემოკრატიული ძალების ზოგიერთი ელემენტი, ასევე – სირიელ ქურთთა, არაბთა თურქმენთა და სხვა უმცირესობათა კოალიციის წევრები, გავრცელებული ცნობებით, ზოგჯერ ჩადიოდნენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა – კორუფცია; პირთა გადაადგილების უკანონო შეზღუდვა; სამოქალაქო პირთა უკანონო დაკავება და ასევე თავდასხმები, რასაც თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო სექტორში.[6]

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Syria; published on 2 May 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/syria [accessed 5 May 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 5 May 2020]

 

[3] Syrian Human Rights Committee – The 18 th Annual Report on Human Rights situation in Syria (2019); published in January 2020; available at

[accessed 5 May 2020]

[4] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019 – Syria; published in February 2020; available at

[accessed 6 May 2020]

[5] Human Rights Watch – World Report 2020 – Syria; published in January 2020; available at

[accessed 6 May 2020]

[6] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Syria; published in March 2020; available at

[accessed 6 May 2020]

სირია. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესის თავისუფლებას; მიუხედავად ამისა, მთავრობა მკაცრად ზღუდავს აღნიშნულ უფლებას და ხშირად ატერორებს, ძალადობს ან კლავს მათ, ვინც ცდილობს აღნიშნული უფლება პრაქტიკაში გამოიყენოს.

კანონი შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, რაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მაგალითად, ისეთი გამოხატვა, რომელიც „ასუსტებს ეროვნულ სენტიმენტებს“ ან ცილს სწამებს პრეზიდენტს, სასამართლოს, ჯარს ან საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელს. მთავრობა გამუდმებით ახასიათებს გამოხატვას უკანონოდ და ხალხს არ შეუძლია, რეპრესიების შიშის გარეშე, გააკრიტიკონ მთავრობა საჯაროდ ან პირად საუბრებში. ხელისუფლება ყოველთვის აკვირდება და ამოწმებს პოლიტიკურ შეხვედრებს და იყენებს ინფორმატორების სამსახურს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილია საჯარო საკითხებზე ინფორმაციის მიღების უფლება და აკრძალულია ჟურნალისტების დაპატიმრება, დაკითხვა და ძებნა, პრესისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა ფართოდაა გავრცელებული. მთავრობას კვლავ მძლავრი კონტროლი აქვს დაწესებული ადგილობრივ ბეჭდვით და სამაუწყებლო მედიაზე და კანონი აწესებს მკაცრ სასჯელებს იმ რეპორტიორებისთვის, ვინც არ გაამჟღავნებს წყაროს მთავრობის მოთხოვნის საპასუხოდ. მთავრობა ფლობს რამდენიმე რადიო სადგურს და ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანიების უმეტესობას; ამასთან, ინფორმაციის სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ახალი ამბების ყველა რადიო და სატელევიზიო მაუწყებელს და გასართობ პროგრამებს, რათა ისინი შეესაბამებოდნენ მთავრობის პოლიტიკას.

სამთავრობო ძალები აკავებენ, აპატიმრებენ და ძალადობენ ჟურნალისტებსა და სხვა მწერლებზე, რომელთა საქმიანობა მიჩნეულია სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად. ძალადობა მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა დაშინება, ჟურნალისტების გათავისუფლება და აკრედიტაციის გაგრძელების თხოვნის უგულებელყოფა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ისინი თვით-ცენზურას იყენებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, უსაფრთხოების სამსახურებისა თუ ალავიტი რელიგიური ჯგუფების კრიტიკა. მთავრობა აკონტროლებს და ზღუდავს წვდომას ინტერნეტზე და ახდენს ელექტრონული ფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშების მონიტორინგს.

სირიის მთავრობა ზღუდავს სამეცნიერო თავისუფლებას და კულტურულ ღონისძიებებს. ხელისუფლება, ზოგადად, არ აძლევს აკადემიურ პერსონალს მთავრობის პოლიტიკის საპირისპირო იდეების გამოხატვის უფლებას. განსხვავებული აზრის გამოხატვის ან რეჟიმის ოპონენტების მხარდამჭერი განცხადებების გამო, ხელისუფლება ათავისუფლებს, აპატიმრებს და კლავს კიდეც უნივერსიტეტის პროფესორებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრადაა შეზღუდული ერთერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მიერ. სირიის ხელისუფლება კრძალავს რეალურ პოლიტიკურ ოპოზიციას და მძიმედ ზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.

სირიის კონსტიტუცია მხოლოდ ნომინალურად ადგენს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და პრაქტიკაში განსხვავებული სიტუაციაა – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც აკრიტიკებენ სახელმწიფოს, აწყდებიან ცენზურას, დაპატიმრებას, წამებას და შესაძლოა საპატიმროში სიკვდილსაც კი.

სამეცნიერო თავისუფლება მკაცრადაა შეზღუდული. მთავრობა აქტიურად იყენებს თვალთვალის მექანიზმს და მუდმივად თვალს ადევნებს პირად და ონლაინ დისკუსიას და მკაცრად სჯის განსხვავებულ აზრს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არსებული გარემო შედარებით უკეთესია იმ ტერიტორიაზე, სადაც დომინანტური ძალაუფლება არც ხელისუფლებას და არც ამბოხებულებს არ აქვთ; თუმცა, ქურთული ძალები და სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც, გავრცელებული ცნობებით, ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Syria, 13 March 2019

 (accessed on 2 February 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Syria, 4 February 2019

 (accessed on 2 February 2020)

სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, სირიის მთავრობა მეტწილად აკონტროლებდა ქვეყნის დიდ ტერიტორიას და ინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამბოხებულები დამარცხდნენ უმეტეს ნაწილში, თუმცა მაინც ინარჩუნებდნენ კონტროლს იდლიბის პროვინციაზე და მოსაზღვრე ზონებზე ალეპოსა და ჰამაში. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან, აფრინიდან ჯარაბულსამდე, თურქეთის მოკავშირე ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ქურთული ძალები აკონტროლებდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ხოლო აშშ-ის და ადგილობრივი ამბოხებულების ძალები აკონტროლებდნენ ტერიტორიას ტანფის გარშემო და უდაბნოს ერაყის, იორდანიის და სირიის საზღვარზე. დანარჩენი ტერიტორია სირიის მთავრობის და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ იყო.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიის დატოვება დაიწყეს და გზა გაუხსნეს თურქეთის სამხედრო ძალების მიერ გამოცხადებულ სამხედრო ოპერაციას. 2019 წლის 9 ოქტომბერს თურქულმა ძალებმა, მოკავშირე მეამბოხეებთან ერთად შეტევა დაიწყეს და დაიკავეს ტელ აბაიდი რაქაში და რას ალ-აინი ჰასაკაში; ასევე, მ4 საერთაშორისო მაგისტრალი, რომელიც ქურთულ ძალებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ქურთები სირიის მთავრობას შეუთანხმდნენ და სირიის სამთავრობო ძალები რეგიონში შევიდნენ თურქული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. 17 ოქტომბერს მხარეები 5-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში ქურთებს თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრით უნდა დაეხიათ, რათა თურქეთს ამ ტერიტორიაზე „უსაფრთხო ზონა“ შეექმნა.

2019 წლის 21 ოქტომბერს ქურთულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ყველა ქურთი მებრძოლი ევაკუირებული იყო ქალაქ რას ალ-აინიდან.

2019 წლის 23 ოქტომბერს თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივი პატრულირების ხელშეკრულებას, ქურთების მიერ დატოვებულ, ე.წ. „უსაფრთხო ზონაში“. თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად 20 ოქტომბრისთვის 170 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 74 ათასი ბავშვი იძულებით გადაადგილდა ალეპოდამ, ჰასაკადან და რაქადან. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 18 500 პირი დაბრუნდა, ძირითადად, ტელ აბიადში (რაქა) და ქამიშლიში (ჰასაკა).

2019 წლის სექტემბრის ბოლოს სირიის არმიამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კონტროლი დაამყარეს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, ქალაქ დიერ ეზ ზორთან ახლოს მდებარე ქალაქებზე სალიჰია, ჰატლაჰი, ჰუსეინია და ტაბიია. 14 ოქტომბრისთვის სირიის არმია შესული იყო ქალაქ აინ ისაში, რაქას პროვინცია. 15 ოქტომბრისთვის სირიის არმია უკვე შევიდა აქამდე ქურთების მიერ კონტროლირებად მანბიჯში, ალეპოს პროვინცია. 16 ოქტომბერს სირიის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ალეპოს პროვინციის ქალაქ კობანეში, რომელიც ქურთების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის არმიას ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პროცესში თან ახლდა რუსული არმია.

სრული მონაცემები და სტატისტიკა ძალადობრივი ინციდენტებისა და კონფლიქტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტი ცდილობს, აღწეროს სირიაში მომხდარი კონფლიქტთან დაკავშირებული ინციდენტები. არსებული ინფორმაცია ორ ძირითად ტენდენციაზე მეტყველებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალადობის მაჩვენებელი კლებულობს – 2018 წელს ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა და კონფლიქტთან დაკავშირებული  სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე კონფლიქტის საწყის წლებში. იგივე ტენდენცია ნარჩუნდება 2019 წლის განმავლობაში. მეორე ტენდენცია, რომელზეც მონაცემები მეტყველებს არის გეოგრაფიული განსხვავება. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ შორის დამასკოში, სამხრეთის პროვინციებში და ლიბანთან სასაზღვრო მონაკვეთში 2019 წლის პირველ ნახევარში, წინა წლებთან შედარებით, ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ტერიტორიებზე. ფრონტის ხაზის სიახლოვეს – იდლიბის პროვინციაში ვითარება განსხვავებულია და ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა მაღალია, ისევე როგორც თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქურთების მიერ კონტროლირებად ზონებში.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობა 2018 წელს 31 ათასს აჭარბებდა. წლის დასაწყისში საშუალო მაჩვენებელი თვეში 4 ათასი იყო; აგვისტოდან მოყოლებული კი 1500-მდე იკლო. ACLED-ის მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ, ინციდენტის რაოდენობის მატება მოხდა 2019 წლის ზაფხულში. ძალადობრივი ინციდენტები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: საბრძოლო მოქმედებები, ძალადობა სამოქალაქო პირების მიმართ; აფეთქებები; არეულობები და პროტესტი; სტრატეგიული განვითარებები.

კონფლიქტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალადობრივი ინციდენტების დინამიკის შესაბამისია. საერთო ჯამში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა მონაცემს ავრცელებს, თუმცა ყველა მათგანის მონაცემი აჩვენებს შემცირებას – 2012 წლიდან მოყოლებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდებოდა და 2018 წელს 7500 შეადგინა (ზოგიერთი წყარო აღნიშნულ მაჩვენებელს 20 ათასამდე ვარაუდობს). 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებელია 1300. სხვა წყაროებიც 2019 წლის პირველ 5 თვეში დაახლოებით იგივე მონაცემებს ავრცელებენ.[1]

[1] EASO – European Asylum Support Office: Syria Security situation, 1 November 2019

 (accessed on 5 December 2019)

სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. აპრილი, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს დამასკოს მიმდებარე აღმოსავლეთ გოუტასა და დარაა-ს რეგიონებზე. თუმცა, მთავრობა იმისთვის, რომ ეიძულებინა აჯანყებული ანტი-სამთავრობო ჯგუფები, რომ დანებებულიყვნენ, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: უკანონო ტაქტიკა, აკრძალული იარაღის გამოყენება, განურჩეველი თავდასხმები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, აღმოსავლეთ გჰოუტას სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას 1600-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა დაბომბა 25 სამედიცინო დაწესებულება, 11 სკოლა და უამრავი სხვა სამოქალაქო საცხოვრებელი.

იმ რეგიონებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლისგან გაათავისუფლეს, მაღალი სამოქალაქო დანაკარგები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. გაქცეული ტერორისტების მიერ დამონტაჟებული მიწისქვეშა ნაღმების აფეთქებებს მრავალი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგი კი დასახიჩრდა. ISIS და ალ-ქაიდასთან აფილირებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებდნენ ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ჩადენას, როგორიცაა: სიკვდილით დასჯა, გატაცებები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვები. მაგალითად, 25 ივლისს ISIS-მა მოაწყო რამდენიმე ერთდროული თავდასხმა ალ-სუვეიდას რეგიონში, რასაც შედეგად 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 პირი გაიტაცეს. სახელმწიფო მედია საშუალების ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით ყველა ტყვე გათავისუფლებული იყო.

რახან აქტიური შეიარაღებული მოქმედებები ნაწილობრივ შემცირდა, რუსეთმა და სირიამ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამას გარდა, სირიის მთავრობა მიიღო კონკრეტული კანონები, რითაც ხელს შეუწყობს რეკონსტრუქციას. თუმცა, მიუხედავად ამისა,  სამთავრობო ძალები კვლავ აგრძელებდნენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: თვითნებური დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა, მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია – Syrian Network for Human Rights (SNHR) ცნობით, 30 აგვისტოს მდგომარეობით იძულებით გაუჩინარებულ პირთა რაოდენობა 90 000 აჭარბებდა, რომელთა უმრავლესობის შემთხვევაში დამნაშვე სირიის მთავრობა იყო.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებას, გაეროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა კიდევ 920 000-ზე მეტი ახალი იძულებითი გადაადგილების შემთხვევა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ან თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; პირთა იძულებითი გაუჩინარებები, წამება; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის – ინტერნეტსა და პრესაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები და ა.შ.

მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯებს ზემოხსენებულ უფლებადარღვევების გამოძიების და დამნაშავე პირების დასჯის კუთხით. ამას გარდა, მთავრობასთან აფილირებული გასამხედროებული ჯგუფები  ჩადიოდნენ ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა მასობრივი ხოცვა; განურჩეველი მკვლელობები; სამოქალაქო პირთა გატაცებები და ა.შ. ანალოგიურად, გარკვეული სამართალდარღვევები ფიქსირდებოდა აჯანყებული ჯგუფების და ქურთული შეიარაღებული ძალების მხრიდან.[2]

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი (SHRC) ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად მსხვერპლის სტატისტიკას. მაგალითად, 2019 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე დღეს დაღუპულთა რიცხვი იყო 5 პირი, რომელთაგან 4 იდლიბში მიმდინარე დაბობმვამ იმსხვერპლა.[3] 12 მარტს გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ადამიანს შედგენდა, რომელთა რიგებშიც იყვნენ ქალი  და ბავშვი. ზემოხსენებული გარდაცვლილებიდან 5 პირი ალეპოსა და იდლიბში დაბომბვებს ემსხვერპლა, ხოლო 4 – საპატიმრო დაწესებულებაში სამთავრობო ძალების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა.[4]  16 მარტს დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, რომელთაგან 5 ბავშვი, ხოლო 18 კი – ქალი იყო.[5]

[1] Human Rights Watch – World Report 2019 – Syria, available at https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/syria [accessed 2 April 2019]

[2] United States Department of State – Annual report on human rights in 2018 – available at

[accessed 2 April 2019]

[3] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 11-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32159 [accessed 2 April 2019

[4] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 12-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32163 [accessed 2 April 2019]

[5] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 16-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32181 [accessed 2 April 2019

სირია. სუნიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ  სირიაში არ არსებობს სახელმწიფო რელიგია, ხოლო თავად სახელმწიფო პატივს სცემს რელიგიის თავისუფლებას და  ყველას აძლევს საშუალებას, შეასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის საჯარო წესრიგს.  „ისლამური საძმოს“ და სხვა „სალაფისტური“ (სუნიზმის ფუნდამენტალური ინტერპრეტაცია) ჯგუფების წევრობა კანონით აკრძალულია და სხვადასხვა სახის სასჯელს  ითვალისწინებს (მათ შორის, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა). რელიგიური დემოგრაფიის კუთხით მდგომარეობა შემდეგია: ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის დაახლოებით 74 % არის სუნიტი მუსლიმი,  სხვა მუსლიმური ჯგუფები – ალავიტები, ისმაილიტები და შიიტები შეადგენენ მოსახლეობის 13 პროცენტს, ხოლო დრუზეები – 3 პროცენტს. ამას გარდა, ქვეყნის გარეთ იძულებით გადაადგილებულია 5.48 მილიონი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა არის სუნიტი მუსლიმი. ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, სირიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ ქრისტიანები, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე, მათმა დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა.

მრავალი მედია წყაროს ცნობით, სირიაში მთავრობისა და მასზე დაქვემდებარებული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, ძირითადად სუნიტური ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხორციელდებოდა მკვლელობის, დაპატიმრებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ სირიის მთავრობის მიერ ფუნდამენტალურ ისლამთან ასოცირებული ტერორიზმი გაიგივებულია სუნიტ მოსახლეობასთან, მთავრობა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქებისა და ტერიტორიების წინააღმდეგ ბრძოლისას, იყენებდა ალყის, დაბომბვებისა და, მათ შორის, ქიმიური იარაღით თავდასხმის მეთოდებს, რასაც მძიმე დანაკარგები მოჰყვა ძირითადად სუნიტ მოსახლეობაში.

სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ტერორისტული ჯგუფების (ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდასთან ასოცირებული ადგილობრივი ორგანიზაცია „hayat tahrir al-sham“ (HTS) ) სამიზნეებს წარმოადგენდნენ როგორც ალავიტები, შიიტები და ქრისტიანები, ასევე – გარკვეული შემთხვევების დროს – სხვა სუნიტი მუსლიმები. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა მკვლელობების, გატაცებების, დაპატიმრებებისა და ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს.

ქალაქებში, სოფლებსა და სხვადასხვა დასახლებებში, მოსახლეობა სეგრეგირებულია რელიგიური ნიშნით. თუ ადრე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად სახლობდნენ, ახლა უბნები დაყოფილია ერთის მხრივ, სუნიტური უმრავლესობის უბნებად, ხოლო მეორეს მხრივ – სხვა რელიგიური უმცირესეობების (ალავიტები, შიიტები,…) დასახლებებად.

გავრცელებული ცნობებით, ალავიტებით დაკომპლექტებული მთავრობის მიერ ოპოციზიური თუ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ომს ყველაზე მძიმე დანაკარგები სუნიტ მოსახლეობაში მოჰყვა. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტისა და თუ ჟურნალისტის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებდა კანონგარეშე მკვლელობებსა და დაკავებებს. ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობები სამთავრობო ძალების მიერ სუნიტი პირების იძულებით გაუჩინარებების, ასევე, სამთავრობო ციხეებში მათი მასობრივი და სისტემიზებური მკვლელობების შესახებ. ასევე, მთავრობასთან ასოცირებეული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები იძულებით ასახლებდნენ სუნიტ მოსახლეობას და შემდგომ, იკავებდნენ მათ საცხოვრებელს. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმი ამ გზით ცდილობდა, შეეცვალა დემოგრაფიული მდგომარება და სუნიტურ დასახლებებში ჩაესახლებინა არა-სუნიტი მოსახლეობა, რომელიც მათ მიერ აღქმული იყო, როგორც რეჟიმის მხარდამჭერი.

დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის მიხედვით, სამოქალაქო დანაკარგებისა და დაკავებულთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი სუნიტ მოსახლეობაზე მოდის. გაეროს და პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობამ განაახლა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ამ კუთხით, აღსანიშნავია აპრილში, ძირითადად სუნიტებით დასახლებული იდლიბის დაბომბვა, რასაც სულ მცირე 83 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

ასევე, მძიმეა სიტუაცია ციხეებში. გავრცელებული ცნობებით, წამებას დაქვემდებარებული და სიკვდილით დასჯილი პატიმრების უმრავლესობა იყო სუნიტი მუსლიმი. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მთავრობას სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციური ჯგუფების წევრები ან მხარდამჭერები.

ზოგიერთი ოპოზიციური და ტერორისტული ჯგუფი ღიად აცხადებდა, რომ იყო სუნიტური და ამ გზით ცდილობდა სუნიტურ მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებას, რითაც მთავრობის მიერ ოპოზიციის წინაღმდეგ ბრძოლას რელიგიური ნიშნის ელემენტს უმატებდა. ამის საპასუხოდ, მთავრობამ საკუთარი თავი „მოინათლა“, როგორც სუნიტი ტერორისტებისგან რელიგიური უმცირესობების დამცველი და ამ გზით ცდილობდა მათი მხარდამჭერის მოპოვება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებების სულ მცირე 6500 ფაქტს. უმრავლეს შემთვევაში, დაკავებულ პირებს სუნიტი არაბები წარმოადგენდნენ.

მთავრობა აგძელებდა სუნიტების მიმართ საჯაროდ დამუქრებას, აფრთხილებდა რა მათ, რომ თავი შეეკავებინათ უცხოელ თანამორწმუნეებთან კომუნიკაციისგან და ამგვარ ქმედებას აიგივებდა, როგორც ოპოზიციის პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებად.[1]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია სირიის შესახებ 2018 წლის 25 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ მთავრობა აგრძელებდა სუნიტური დასახლებების დეპოპულიზაციას (მოსახლეობისგან დაცლა). მიმდინარე წელს, ასევე, მკვეთრად გაიზარდა სუნიტების მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო „სირიის ადგილობრივი თავდაცვის ძალების“ მიერ ჩადენილი ქმედებებით. აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფი ფინანსდება ირანის მიერ და ინტეგრირებულია სირიის შეიარაღებულ ძალებში.

ანგარიშის მიხედვით, ალავიტებით დაკომპლექტებული მთავრობა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აგრძელებდა სუნიტურ მოსახლეობაზე თავდასხმებს. გაეროს მიერ შექმნილი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამსახურის (COI) მიხედვით, სირიაში მთლიანი სამოქალაქო დანაკარგების უმრავლესობა სუნიტებზე მოდიოდა. ასევე, სამთავრობო ძალების ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქალაქებისთვის ბრძოლისას იყენებდნენ ალყას, როგორც ომის მეთოდს. ამას გარდა, სუნიტ მოსახლეობას უკრძალავდნენ  იგივე რელიგიის წარმომადგენელ უცხოელებთან კომუნიკაციას.[2]

[1] United States Department of State – “SYRIA 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT”, available at

[accessed 19 November 2018]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Syria, 25 April 2018, available at:

[accessed 19 November 2018]

სირია. სავალდებულო სამხედრო სამსახური 2003-2011 წლებში. ნომებერი, 2018

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში სავალდებულო სამსახურის შესახებ 2007 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სირიის 1973 წლის კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად, „სამხედრო სამსახური სავალდებულოა და ეს საკითხი რეგულირდება კანონით“. კანონის მიხედვით, ყველა სირიელმა მამაკაცმა, ებრაელების გარდა, უნდა იმსახუროს სამხედრო სამსახურში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახში ერთადერთი ვაჟები, ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე პირები და სტუდენტები.

კონკრეტული სირიელი მამაკაცები შესაძლოა, გამორიცხული იყვნენ სამხედრო სამსახურისგან, იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიან გარკვეული რაოდენობის თანხას. ავსტრალიაში სირიის საელჩოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულ ჯგუფებს განეკუთვნება:

  1. სირიის საზღვრებს გარეთ დაბადებული სირიელები, 18 წლის ასაკამდე განგრძობადი ბინადრობის პირობით… გადაიხდიან 2.000 ა.შ.შ. დოლარს;
  2. სირიის მოქალაქეები, რომლებმაც 12 წლის ასაკამდე დატოვეს სირია, 18 წლის ასაკამდე განგრძობადი ბინადრობის პირობით… გადაიხდიან 5.000 ა.შ.შ. დოლარს;

და ა.შ.

რაც შეეხება სამსახურის ვადას, ა.შ.შ. სახელმწიფოს დეპარტამენტის ინფორმაციით, 2005 წელს ის შემცირდა 24 თვემდე (მანამდე  – 30 თვე). ყველა სირიელი მამაკაცი ვალდებულია დადგეს სამხედრო აღრიცხვაზე, როცა მისი ასაკი მიაღწევს 18 წელს. გაწვევა სავალდებულოა 40 წლამდე მამაკაცებისთვის. სხვადასხვა ინფორმაციიით, სარეზერვო სამსახურისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი არის 45-დან 50 წლამდე.

ანგარიშის მიხედვით, სირიის საზღვრებს გარეთ მცხოვრები პირები სირიაში დაბრუნებისას ხშირად ექვემდებარებიან დაკითხვას და, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით, გამოძიება დაიწყოს. კანადის საელჩომ კვლევით დირექტორატს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

„სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი კომისია წვევამდელის საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში აგზავნის გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელიც წვევამდელს ბარდება გაწვევამდე 2-3 კვირით ადრე. თუ გაწვევის დღეს წვევამდელი არ გამოცხადდება, მისი სახელი და გვარი გადაეცემა ყველა სასაზღვრო პუნქტს და ადგილობრივი პოლიცია მასზე გამოაცხადებს ძებნას.

სამხედრო სამსასახურისგან თავის ამრიდებელი პირი ვერ აიღებს პასპორტს და ვერ გაემგზავრება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ის ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში და თუ კი მას იპოვნიან, დაუყოვნებლივ გააგზავნიან წვრთნებზე.“

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2005 წლის ანგარიშში წერდა, რომ  ზოგიერთი სირიელი ემიგრანტი, რომლებიც სტუმრობდნენ სამშობლოს, დააპატიმრეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონდათ გადახდილი სამხედრო სამსახურიდან გამორიცხვის შესაბამისი გადასახადი.[1]

უფრო დეტალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესახებ, კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში სავალდებულო სამსახურის შესახებ 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც თავს არიდებენ გაწვევას, ექვემდებარებიან პატიმრობას ან იძულებით გაწვევას. ერთ-ერთი აქტივისტის ინფორმაციით, დეზერტირს შესაძლოა დაემუქროს პატიმრობა 260 დღის ვადით და ჯარიმა, თუმცა, როგორც წესი, ჯარიმის სასჯელს აუქმებენ და ხანდახან, პირს უბრალოდ აბრუნებენ ქვედანაყოფში. თუმცა, იმ შემთვევაში, თუ დეზერტირი არის ოფიცერი ან „მაღალი რანგის“ ჯარისკაცი, მისი ქმედება აღქმულია, როგორც „მოღალატეობრივი და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული“, შესაბამისად, ის შეიძლება დაექვემდებაროს პატიმრობასა და წამებას.[2]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო სირიაში მცხოვრები პალესტინელების უფლება-მოვალეობების შესახებ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მოქალაქეობის შესახებ 1969 წლის კანონის მიხედვით, პალესტინელები, მიუხედავად იმისა აკმაყოფილებენ თუ არა ნატურალიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვერ გახდებიან სირიის მოქალაქეები, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ შეინარჩუნონ საკუტარი იდენტობა. წყაროები ადასტურებენ, რომ სირიაში პალესტინელი ლტოლვილები არ არიან სირიის მოქალაქეები და არ ფლობენ სირიულ პასპორტებს.

რაც შეეხება სამხედრო სამსახურის მოხდის კუთხით ვალდებულებებს, 1956 წლის N 260 კანონის მიხედვით, „ამ კანონის გამოქვეყნების დღისთვის სირიაში მცხოვრები ყველა პალესტინელი, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნულ სამსახურთან დაკავშირებული ყველა ტიპის უფლებისა და მოვალეობის კონტექსტში, მიიჩნევა სირიელად“. შესაბამისად, პალესტინელები ვალდებულნი არიან, მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ისინი, ასევე, ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურისგან გამომრიცხავ იმავე წესებსა და გადასახადებს, როგორც ყველა სირიელი და საზღვარგარეთ მცხოვრები რეზიდენტი.

UNRWA-ს ინფორმაციით, ყველა პალესტინელი, რომელიც სირიაში შევიდა 1948 წელს და, ასევე, მათი მამრობითი სქესის შთამომავლები, ექვემდებარებიან სამხედრო გაწვევას ისე, როგორც ნებისმიერი სხვა სირიის მოქალაქე.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 1956 წელს შემოსული პალესტინელები არ არიან ვალდებულნი, მოიხადონ სამხედრო სამსახური. [3]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: Compulsory military service, including age limit for performing service; penalties for evasion; occasions where proof of military service status is required; whether the government can recall individuals who have already completed their compulsory military service, 8 March 2007, SYR102395.E, available at:

[accessed 13 November 2018]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: Compulsory military service, including age of recruitment, length of service; occasions where proof of military service status is required; whether the government can recall individuals who have already completed their compulsory military service; penalties for evasion (2008-July 2014), 13 August 2014, SYR104921.E , available at:

[accessed 13 November 2018]

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Syria: The legal rights and obligations of a Palestinian who has been issued a Syrian travel document, including whether they must report for military service; whether the rights and obligations apply to Palestinians that have resided outside of the country for the majority of their life and only visited it briefly (2009-November 2013), 22 November 2013, SYR104658.E , available at:

[accessed 13 November 2018]