სირია. საომარ მოქმედებებში იძულებით ჩართვა / რეკრუტირება. ნოემბერი, 2018

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია. დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება, ხელისუფლების მიერ  პოლიტიკურ და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევა . პირი, რომელიც ეცდება თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციებით დაისჯება, რაც მოიცავს სასტიკ მოპყრობას დაკავების, დაკითხვის, დაპატიმრების ან სამხედრო სამსახურში იძულებით დაბრუნებას. პრაქტიკაში, პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის (პატიმრობის) ნაცვლად, დაკავებიდან რამდენიმე დღეში იგზავნება მოწინავე პოზიციებზე საბრძოლველად. ხშირ შემთხვევაში ასეთ პირებს, მხოლოდ მინიმალური წვრთნა აქვთ გავლილი.

სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდების მსურველთა რაოდენობის, დეზერტირობის და მსხვერპლის რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო, არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა და უფრო ინტენსიური გახადეს თავიანთი მცდელობები სირიელი მამაკაცების გაწვევისა და რეზერვისტების მობილიზებისთვის. გარდა ამისა, როგორც იუწყებიან, გააქტიურდა და გაძლიერდა ძალისხმევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მსურველთა გამოვლენის კუთხით, რაც გულისხმობს მობილურ და ფიქსირებულ საგუშაგოებზე კონტროლის დაწესებას, რეიდების მოწყობას სახლებსა და საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში. არმიაში გაწვევის მიზნით, სამთავრობო ძალების მიერ მთავრობის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებისთვის წართმეულ ტერიტორიებზე მცხოვრები სავალდებულო სამხედრო სამსახურის და სარეზერვო ასაკის მქონე მამაკაცების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული.

სირიაში, პირები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო ვალდებულებას, დაკავების შემთხვევაში წამების და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთანავე, სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება აღიქმება პოლიტიკურ ქმედებად, რამაც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შექმნას ამა თუ იმ პირზე და ის შეიძლება მიჩნეული იყოს ხელისუფლების მოწინააღმდეგედ და ოპოზიციურად განწყობილი ძალების მომხრედ, რაც სასტიკი მოპყრობის რისკის ქვეშ აყენებს პირს და იგი სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის შეიძლება დაექვემდებაროს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სირიაში სამხედრო სამსახურის წესებთან და რეგულაციებთან, კერძოდ კი გამონაკლის პროცედურებთან მიმართებით განუკითხაობა, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ხელისუფლების მხრიდან გახშირდა იმ პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც ადრე ე.წ. „დაცულ მოსახლეობას“ შეადგენენ, აქ იგულისხმებიან უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო მოსამსახურეები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურების კანონით გათვალისწინებული ვადა (18 თვე) ეწურებოდათ, სამხედრო სამსახურს კვლავ უხანგრძლივებდნენ. ანგარიშების მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც სავალდებულო მსახურების ვადას ასრულებდნენ, ავტომატურად ირიცხებოდნენ არმიის რეზერვში. სამხედრო სამსახურში გაწვევის და რეზერვის ასაკის მქონე ბევრ მამაკაცს, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ხშირად უწევს თავი შეიკავოს  თავისუფლად გადაადგილებისგან, დაიმალოს ან სხვა რაიონში გადავიდეს, კერძოდ კი ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბევრი მათგანი, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაჭერის, არაადამიანური მოპყრობის და ჯარში გაწვევის შიშით ტოვებს ქვეყანას. სირიაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მამაკაცებს ხშირად ამოწმებენ საზღვარზე და ადგენენ სამხედრო სავალდებულო სამსახური აქვთ თუ არა გავლილი.

სირიაში კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, შეიარაღებული ძალებიდან დეზერტირობა ფართოდ იყო გავრცელებული. დეზერტირობა ისჯება 1950 წლის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსით, რაც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მოიცავს პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.

კანონით დადგენილი წესების მიუხედავად, ანგარიშების მიხედვით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სროლის ბრძანების შესრულებაზე, ჯარიდან გაიქცნენ ან არსებობდა ეჭვი, რომ გაქცევას გეგმავდნენ, ფორმალურად არ აღძრულა საქმე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად. მათ დაჭერისთანავე სჯიდნენ, თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ ან კლავდნენ, ან მათსავე სამხედრო განყოფილებაში აბრუნებდნენ.

2011 წლიდან მოყოლებული, სირიის პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გამოსცა ამნისტიის ბრძანება მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების, სავალდებულო სამსახურზე უარის მთქმელების და დეზერტირებისთვის. ამ ბრძანების მიხედვით,  ისინი სასჯელისგან გათავისუფლდებოდნენ, თუ გარკვეული დროის მანძილზე დაბრუნდებოდნენ.[1]

მთავრობის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე არსებული ვითარება

სამხედრო სამსახური

დანიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში მთელი კონფლიქტის მანძილზე მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევა კვლავ გრძელდება. გასულ წელს არ მომხდარა გენერალური მობილიზება, თუმცა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო სტატუსის კონტროლი. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ 2016 წლის მანძილზე, ახალწვეულთა და რეზერვისტთა გაწვევისთვის საჯარო ადგილებში რეიდები ტარდებოდა. აღნიშნული რეიდების გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი გამოცხადდა სამხედრო გაწვევის დროს.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მამაკაცთა სირიის არმიაში გაწვევა. აღნიშნულ ტერიტორიებზე კვლავ არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც არასოდეს უმსახურიათ ჯარში და სწორედ ახლა უწევთ სამხედრო ვალდებულების მოხდა. მთავრობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეების შეიარაღებულ არმიაში გაწვევას.

იმ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც ადრე შეეძლოთ თავი აერიდებინათ სამხედრო ვალდებულებისგან, ამჟამად წნეხის ქვეშ იმყოფებიან და თავს ვეღარ არიდებენ სამხედრო სამსახურს. დიპლომატიური წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც სამხედრო ვალდებულების შესრულება სწავლის დამთავრების შემდეგ შეეძლოთ, დაუყოვნებლივ იწვევენ როგორც კი ფინალურ გამოცდას აბარებენ, ხოლო აკადემიური წლის დამთავრებას არ ელოდებიან, როგორც ხდებოდა კონფლიქტის დაწყებამდე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, დაწყებულია საჯარო მოხელეების და ასევე, იმ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების გაწვევა, რომლებიც აქამდე ე.წ. „დაცულთა“ სიაში იყვნენ და არ უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.

ჯანმრთელობის და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომელთაც ადრე არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მოიხსნა შეზღუდვა და  დამატებითი სამედიცინო შეფასების შედეგად, იმ პირთა გაწვევა დაიწყეს, რომელთაც უმნიშვნელო სამედიცინო პრობლემები აქვთ. როგორც წესი, მათ ძირითადად ლოგისტიკურ ან საბრძოლო მოქმედებებში რთავენ.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალებმა დაიწყეს ყველას გაწვევა, მათ შორის ოჯახში არსებული ერთადერთი მამაკაცისაც, რომლებიც ადრე, კანონით გათავისუფლებული იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

რამდენიმე წყარო იუწყება, რომ რეზერვისტები გაწვევის განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს დამოკიდებულია თუ რა კვალიფიკაციის მქონე პირები დასჭირდება სირიის არმიას. როგორც იკვეთება სამხედრო კვალიფიკაციის მქონე რეზერვისტებზე დიდი მოთხოვნაა სირიის არმიაში. იყო შემთხვევები, როდესაც არმიას ექიმები ესაჭიროებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხშირად ხდება 42 წელს გადაცილებული რეზერვისტების გაწვევაც. როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით იკვეთება, სამხედრო სამსახურის ასაკი 42 წლიდან 50 წლამდე გახანგრძლივდა. სირიაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 42 წლამდეა ლიმიტირებული. თუმცა მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, გაწვეული მამაკაცების ასაკი 45 წლამდე აღწევს. ალეპოში ბევრი მამაკაცი გაიწვიეს, მათ შორის  52 წლის მამაკაციც იყო.

ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება

დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ბევრი ოპოზიციური დაჯგუფება მოქმედებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ მებრძოლთა გაწვევის მეთოდები სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაგვარია. როგოც პროფესორი ბასელ ალ-ჰასანი აღნიშნავს, მხარეები მებრძოლთა გაწვევას, ამა თუ იმ ეთნიკური, ან რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილების მიხედვით ახდენენ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ შეიარაღებულ დაჯგუფებებში გაწვევა ნებაყოფლობით ხდება. ეკონომიკური საჭიროება მნიშვნელოვნად უბიძგებს მამაკაცებს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეუერთდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებები, მაგალითად, „ჯაბჰატ ალ ნუსრა“, ძალის გამოყენებით ახდენს მებრძოლთა გაწვევას. სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მხოლოდ იმ მებრძოლებს ენდობა და იწვევს, რომელთა ოჯახებიც დაჯგუფებისთვის კარგად არის ცნობილი. სხვა წყაროს ცნობით, დაჯგუფება „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მებრძოლთა გაწვევას რელიგიური და იდეოლოგიური პროპაგანდით ახორციელებს.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ გენერალური ასანბლეისადმი 10-28 სექტემბრის მოხსენებაში წერს, რომ ჩრდილოეთ ჰომსის პროვინციაში, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ამა წლის 15 მაისს დაიბრუნეს აღნიშნული ტერიტორია, მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სახლები და იძულებით გადაადგილდა. ამის მიზეზად მათ, უპირველეს ყოვლისა, დაასახელეს შიში, რომ 18-დან 42 წლამდე ყველა მამაკაცს იძულებით გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში. ამას გარდა, ალეპოს პროვინციაში გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ მამაკაცთა ნაწილმა გამოთქვა შიში, რომ ისინი დაექვემდებარებოდნენ სამთავრობო ძალების მხრიდან იძულებით გაწვევას.

ასევე, დარას პროვინციაში, სადაც დაახლოებით 270 000 პირი იძულებით გადაადგილდა,  თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ათასობით მოქალაქემ შეგნებულად აარიდა თავი სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავშესაფრის მოთხოვნას, ეშინოდათ რა იძულებითი გაწვევის.[3]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ გენერალური ასანბლეისადმი 18 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდის მოხსენებაში წერს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე აგრძელებდა  საომარ მოქმედებებში ბავშვების იძულებით ჩართვას. 2017 წლის მონაცემებით, 15 წლამდე გაწვეულ ბავშვთა რაოდენობა, მთლიანად გაწვეული გოგონების და ვაჟების რაოდენობის 25 პროცენტი იყო. ყოველი 10 გაწვეული ბავშვიდან, 9 ატარებდა უნიფორმას, ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და მონაწილეობდა სამხედრო წვრთნებში.[4]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის  შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადაღვევათა შორის, სხვებთან ერთად, იყო ბავშვების იძულებითი სამხედრო გაწვევა და შემდგომ, სამხედრო მოქმედებებში ჩართვა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მხარდამჭერი გასამხედროებული ჯგუფები იძულებით იწვევდნენ ბავშვებს 13 წლის ასაკიდან. ასევე, ისინი, სავარაუდოდ, 6-დან 13 წლამდე ბავშვებს უხდიდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რათა მათ ემუშავათ, როგორც ინფორმატორებს. მთავრობა, გარდა იმისა, რომ ვერ ახერხებდა ბავშვების იძულებითი რეკრუტირების პრევენციას,  თვითონვე აგრძელებდა მათ იძულებით გაწვევას და სამხედრო მოქმედებებში ჩართვას.

ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობები „ქურთი ხალხის დამცველი დანაყოფების“ (YPG) მიერ პირთა, იშვიათ შემთხვევაში კი – ბავშვების, იძულებითი სამხედრო გაწვევის შესახებ. ვრცელდებოდა ცნობები სამთავრობო ძალების მიერ სამხედრო ასაკს მიღწეული მამაკაცების იძულებითი რეკრუტირების შესახებაც.

გაეროს ცნობით,  სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხრიდანაც, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რაქას პროვინციაში სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას, ფიქსირდებოდა მამაკაცთა იძულებითი გაწვევისა და სამხედრო მოქმედებებში ჩართვის ფაქტები.[5]

[1] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), International Protection Considerations with regard to people fleeing the Syrian Arab Republic, Update V, 3 November 2017, available at:

 [accessed 12 November 2018]

[2] Danish Immigration Service, Syria: Recruitment Practices in Government-controlled Areas and in Areas under Opposition Control, Involvement of Public Servants and Civilians in the Armed Conflict and Issues Related to Exiting Syria, August 2017, 5/2017, available at:

[accessed 12 November 2018]

[3] UN Human Rights Council, “Report of the Independent International Commission of Inquiry on the Syrian Arab Republic* September 10-28 2018, available at

  [accessed 12 November 2018]

[4] UN Human Rights Council, “Summary report on the high-level panel discussion on violations of the human rights of children in the Syrian Arab Republic” June18 – July 6, available at

[accessed 12 November 2018]

[5] United States Department of State, “Country Report on Human Rights Practices 2017” – Syria 20 April 2018, available at

[accessed 12 November 2018]

სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სირიის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით არსებული ვითარება ძალიან მძიმეა, რისი განმაპირობებელი ფაქტორებია მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირებები და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მმართველობა. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირია კორუფციის, იძულებითი გაუჩინარებების, წამებისა და სამხედრო ტრიბუნალების მეშვეობით პირთა გასამართლების ფაქტები. რაც შეეხება იმ რეგიონების მცხოვრებებს, რომლებზე კონტროლსაც არა-სახელმწიფო აქტორები ინარჩუნებენ, ისინი ექვემდებარებიან ისეთ  სერიოზულ დარღვევებს, როგორიცაა: განურჩეველი სისხლისღვრა, ალყა, ჰუმანიტარული დახმარებების ჩამორთმევა და მასობრივი იძულებითი გადაადგილება.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Humans Rights Watch სირიის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ  2017 წლის განმვალობაში, სირიაში საომარ მოქმედებებში ჩართული სხვადასხვა მხარეთათვის ძირითადი პრიორიტეტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა აღმოჩნდა.

სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ რუსეთი, ირანი და ჰეზბოლა, ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლა და დაიბრუნა ცენტრალური და აღმოსავლეთ სირიის დიდი ნაწილი; ამავდროულად, აშშ-ის მხარდაჭერით, სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებდნენ ქალაქ რაქას. ტერიტორიებზე კონტროლის დაწესების და რესურსების კონსოლიდაციას მცდელობებს თან ახლდა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები,

2011 წელს სირიაში კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, დაიღუპა 400 ათასზე მეტი ადამიანი; მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტი სირიელი თავშესაფარს ეძებს  საზღვარგარეთ და გაეროს სააგენტოების ცნობით, 6 მილიონზე მეტი პირი ქვეყნის შიგნითაა იძულებით გადაადგილებული; გაეროს ინფორმაციით, 2017 წლის ივნისისთვის, დაახლოებით 540 ათასი ადამიანი  ცხოვრობდა ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე.

სირიის სამთავრობო ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით, სირიის მთავრობამ აწარმოა მიზანმიმართული და განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე; გარდა ამისა, სირიის მთავრობა აკავებდა ჰუმანიტარულ ტვირთს, შიმშილს იყენებდა ომის ტაქტიკად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საწინააღმდეგოდ, აიძულებდა სირიელებს გადაადგილებას. სირიის მთავრობის მიერ გრძელდებოდა დაკავებისას, არასათანადო მოპყრობისა და წამების და ასევე, იძულებითი გაუჩინარებების პრაქტიკა.

არა-სახელმწიფო აქტორები, ასევე, სჩადიოდნენ კონკრეტულ დარღვევებს. ჯგუფებმა წამოიწყეს მიზანმიმართული და განურჩეველი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე; გარდა ამისა, ისინი იტაცებდნენ და თვითნებურად აკავებდნენ აქტივისტებს, იყენებდნენ გადამეტებულ ძალას ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მოთხოვნით პროტესტის ჩასახშობად. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო მშვიდობიან მოსახლეობას იყენებდა როგორც ცოცხალ ფარს და იყენებდნენ მიწაში ჩამონტაჟებულ ნაღმებს და სხვადასხვა ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რაც იწვევდა მნიშვნელოვან ზიანს მშვიდობიან მოსახლეობაში და აზიანებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, რომელიც ადგილობრივმა ჯგუფმა – სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი – გაავრცელა, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ ისლამურ სახელმწიფოზე მიტანილი საჰაერო იერიშების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა; ორგანიზაციის ინფორმაციით იერიშებს 2286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეთი იერიშების რაოდენობის ზრდამ გააჩინა ვარაუდი, რომ კოალიციამ არ გაატარა საკმარისი სიფრთხილის ზომები, რათა აეცილებინა ან მინიმუმამდე დაეყვანა ზიანი მშვიდობიან მოქალაქეებში.[2]

 

ახალი ამბების ქრონიკა (2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი)

თურქეთის არმიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა – თურქეთის არმიას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების გასამხედროებული ფორმირების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. კერძოდ, თურქულმა ძალებმა იერიში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქალაქ აინ-ელ-არაბის რაიონში მიიტანეს. ქურთების ეს ფორმირება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლასში აშშ-ის მოკავშირეა, თუმცა ანკარა მათ ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ფორმირებად მიიჩნევს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. სტამბოლში 27 ოქტომბერს სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტი გაიმართა.[4]

სამ დღეში ISIS-ის მებრძოლებმა 40-მდე სირიელი სამხედრო მოკლეს – 26-28 ოქტომბერს ISIS-ის წევრებმა 41 სირიელი მოწინააღმდეგე მოკლეს. ამის შესახებ CBS News-ი ომის მონიტორინგის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით წერს. ISIS-თან დაკავშირებული ახალი ამბების სააგენტო Aamaq-ი კი იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფება სირიელ მებრძოლთა და სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრების პოზიციებს დაესხა თავს და ბრძოლა სამომავლოდაც გაგრძელდება. დაჯგუფება „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შეერთებული შტატები უჭერს მხარს. მისი წევრები ჯიჰადისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS) ებრძვიან. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და გლობალური ძალები ჩაერთო.[5]

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს  – სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავად განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ის ნოემბრის ბოლოს გადადგება და ამის მიზეზად პირად პრობლემებს ასახელებს. იტალიელი დიპლომატი ამ პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა. მან ალჟირელი ლაჰდარ ბრაჰიმი შეცვალა. მანამდე მისტურა ევროპის მსოფლიო ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო, 2010-11 წლებში კი ის გაეროს სპეცწარმომადგენელი იყო ავღანეთში, მანამდე კი გაეროს მისიას ერაყში ხელმძღვანელობდა.[6]

სირიაში ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ – სირიაში კოალიციის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია 15 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA წერს. გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ერაყის საზღვართან ახლოს, სირიის ქალაქ ხაჯინთან განხორციელდა. უცხოური მედია წერს, რომ დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მანამდე „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეწყვიტეს. მიზეზად კი თურქეთის მიერ ქურთულ პოზიციებზე თავდასხმები დაასახელეს.[7]

სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოსგან“ 19 მძევალი გაათავისუფლა – სახელმწიფო მედია საშუალებების ცნობით, სირიის არმიამ 19 ტყვე ქალი და ბავშვი გაათავისუფლა, რომლებიც ივლისიდან მოყოლებული „ისლამური სახელმწიფოს“  მძევლებად ჰყავდა აყვანილი, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ჯგუფი თავს დაესხა სამხრეთში მდებარე სუვეიდას რეგიონს. აღნიშნულ თავდასხმას 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტყვეები გათავისუფლებულ იქნენ ქალაქ პალმირას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.[8]

ჩრდილოეთ სირიაში ექსტრემისტები ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდაცია ცეცხლის შეწყვეტის დაპატიმრების ტალღას გზით – ორგანიზაცია ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამ-მა, რომლის რიგებშიც ალ-ქაედას ყოფილი წევრები იმყოფებიან, იდლიბის პროვინციაში ათობით მოქალაქე დააპატიმრა მას შემდეგ, რაც რუსეთ-თურქეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული. ამის შესახებ მედია საშუალება Independent წერს.

ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი წარმოადგენს ექტრემისტულ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს იდლიბის პროვინციის დაახლოებით ორ მესამედს და მისი ზოგიერთი წევრი ალ ქაედას ყოფილი მებრძოლია. War Monitor-ის ცნობით, სექტემბრიდან მოყოლებული, ჯგუფმა ჯამში 184 პირი დააპატიმრა.[9]

გაერო: დამასკო ეწინააღმდეგება სამოქალაქო ომის დასრულების მცდელობებს – თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ხვდებიან სტამბულში, რათა იმსჯელონ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე. გაეროს განცხადებით კი, დამასკო უარს ამბობს ახალი კონსტიტუციის მიღებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მედია საშუალება Aljazeera წერს.

გაეროს ელჩი სირიაში – სტეფან დე მისტურა იმედოვნებს, რომ სტამბულში შეხვედრებს  შედეგი ექნება და გამოსავალს იპოვიან, თუმცა, ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ არაერთხელ გააპროტესტა ის პირები, ვინც მისტურამ სიაში შეიყვანა და ახლა აცხადებს, რომ მას საერთოდ არ აქვს უფლებამოსილება, რომ სია შეადგინოს.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Syria, 28 May 2018, available at:

[accessed 8 November 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Syria, 18 January 2018, available at:

[accessed 8 November 2018]

[3] Institute for the Study of War; Syria Situation Report: September 23 – October 10, 2018, available at http://iswresearch.blogspot.com/2018/10/syria-situation-report-september-23.html [accessed 8 November 2018]

[4] იმედის ახალი ამბები; „თურქეთის არმიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა“; 28 ოქტომბერი 2018. ხელმისწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/83094/turqetis-armiam-siriashi-qurtebis-pozitsiebs-tsetskhli-gaukhsna [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[5] იმედის ახალი ამბები;“ სამ დღეში ISIS-ის მებრძოლებმა 40-მდე სირიელი სამხედრო მოკლეს“; 28 ოქტომბერი 2018. ხელმისწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/83057/sam-dgeshi-isisis-mebrdzolebma-40mde-sirieli-samkhedro-mokles [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[6] იმედის ახალი ამბები. „სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს“; 17 ოქტომბერი 2018, ხელმისაწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/81663/siriashi-gaeros-spetsialuri-tsarmomadgeneli-tanamdebobas-tovebs [ბოლოს ნანახი – 8 ნოემბერი 2018]

[7] იმედის ახალი ამბები „სირიაში ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ“; 4 ნოემბერი 2018; ხელმისაწვდომია https://imedinews.ge/ge/msoflio/84001/siriashi-aviaierishebs-mshvidobiani-moqalaqeebi-emskhverplnen [ბოლოს ნანახი – 9 ნოემბერი 2018]

[8] BBC News, “Syria war: Army frees 19 IS hostages – state media”, 8 November 2018, available at https://www.bbc.com/news/world-middle-east-46143750 [accessed 9 November 2018]

[9] Independent, “Extremists attempt to consolidate power in northern Syria with wave of arrests during ceasefire” 22 October 2018. Available at https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/syria-civil-war-extremist-tahrir-al-sham-turkey-russia-a8596241.html [accessed 9 November 2018]

[10] Al Jazeera, “UN says Damascus is blocking efforts to end civil war”; 27 October 2018, available at https://www.aljazeera.com/news/2018/10/damascus-blocking-efforts-civil-war-181027181045460.html [accessed 9 November 2018]

სირია. ქურთისტანის სახალხო თავდაცვითი რაზმები YPG. ივლისი. 2018

„Global Security“ თავის ვებ-გვერდზე წერს, რომ სამხედრო შენაერთი ქურთული „სახალხო თავდაცვითი რაზმები“ (People’s Protection Units YPG) სირიის ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიის (Syrian Kurdish Democratic Union Party PYD) სამხედრო ფრთას წარმოადგენს. სახალხო თავდაცვითი რაზმების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2014 წლის ზაფხულისთვის მათ რიგებში 50 ათასი მებრძოლი იყო გაერთიანებული. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყარო აღნიშნავდა, რომ რეალურად მათი მებრძოლების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასი იყო. 2016 წლისთვის კი სახალხო თავდაცვითი ძალების სამხედრო სიძლიერე დაახლოებით 65 ათასი მებრძოლით განისაზღვრებოდა. YPG-ის განცხადებით, ისინი იქნებოდნენ ნეიტრალური პარტნიორები იმ კოალიციის შემადგენლობაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აყალიბებდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ქურთული სამხედრო შენაერთი აქტიურია სირიის იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქურთები შეადგენენ, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახალხო თავდაცვითი ძალების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. დანაყოფის ფორმირება მოხდა 2004 წელს ქამიშლის მოვლენების შემდეგ, როდესაც ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიის PYD ათასობით წევრი და მხარდამჭერი დააპატიმრა და სასტიკად აწამა სირიის დაზვერვის სამსახურმა.

2004 წლის მარტში, სირიის ქალაქ ქამიშლიში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბსა და არაბულ საფეხბურთო კლუბს შორის მიმდინარე მატჩისას, გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქურთების პროვოცირებისთვის, არაბი გულშემატკივრები სადამ ჰუსეინის პლაკატებს უჩვენებდნენ; საპასუხოდ ქურთები ქურთისტანის დროშებს აფრიალებდნენ. საბოლოოდ ორივე მხარემ ერთმანეთს ქვები დაუშინა. დაპირისპირება მალევე პოლიტიკურ კონფლიქტში გადაიზარდა – ქურთებმა ბაასის პარტიის ადგილობრივი ოფისი დაწვეს და ჰაფეზ ალ-ასადის ძეგლი დაანგრიეს. სირიის არმიამ მალევე გადადგა საპასუხო ნაბიჯები და ქალაქში ტანკებითა და ვერტმფრენებით ზურგგამაგრებული ჯარი შევიდა. ქალაქზე კონტროლის დამყარების ოპერაციისას 30-ზე მეტი ქურთი იქნა მოკლული. ათასობით სირიელი ქურთი ერაყის ქურთისტანში გაიქცა.[1]

„The Kurdish Project“ თავის ვებ-გვერდზე წერს, რომ YPG სირიის ქურთული ტერიტორიის, ცნობილი როგორც „როიავა“ (Rojava), თავდაცვითი ძალაა. სამხედრო შენაერთის ძირითად საბრძოლო ძალას ქმნიან ადგილობრივი ქურთული საზოგადოების წევრი კაცები და ქალები. YPG-ის შემადგენლობაში ასევე იბრძვიან სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი არა-ქურთი მეომრებიც, მათ შორის სირიელი, ასირიელი და სომეხი ქრისტიანები. YPG-ის შემადგენლობაში მცირე ჯგუფს წარმოადგენენ ამერიკელი და ევროპელი მოხალისეები, რომლებიც დანაყოფს შეუერთდნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახალხო თავდაცვითი რაზმები დემოკრატიული, სოციალისტური ორგანიზაციაა, სადაც ოფიცრებს ჯარისკაცები ირჩევენ და თანასწორობა გარანტირებულია გენდერის, რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. YPG ოპერირებს როგორც პარტიზანული ძალა და იყენებს დაარტყი-გაიქეცი ტაქტიკას, რაც მათი მხრიდან გამოცდილი და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კონვენციური ძალა, რომელიც შედის და იკავებს ტერიტორიას. ისინი ავტონომიურობის მაღალი ხარისხით მოქმედებენ, ამიტომაც არიან ძალიან მობილურები და სწრაფად ადაპტირდებიან ბრძოლის ველისა და მოწინააღმდეგის მდგომარეობის შესაბამისად. ორგანიზაციის მოქმედების არეალია აფრინის, კობანესა და ჯაზირას კანტონები.[2]

„Global Security“-ის ინფორმაციით, თურქეთი და სირიის თავისუფალი ძალების ზოგიერთი წევრი სირიის ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიას და სახალხო თავდაცვით რაზმებს ქურთისტანის მუშათა პარტიის PKK წინა ხაზს უწოდებს. თავად YPG, რომელიც ადრე მჭიდროდ იყო დაკავშირებული PYD-სთან, 2014 წლიდან უკვე ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს პან-ეთნიკურ ორგანიზაციად, რომლის ვალიცაა რეგიონის მოსახლეობის დაცვა როგორც ასადის რეჟიმისგან, ასევე სალაფიტურ-ჯიჰადისტური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხისგან. YPG-ის ლიდერების მტკიცებით, ორგანიზაცია აპოლიტიკურია და თავის თავს მიაკუთვნებს უზენაეს ქურთულ კომიტეტს, რომელიც მოიცავს PYD-ს და ქოლგა ორგანიზაციას ქურთულ ეროვნულ საბჭოს (KNC). YPG თავის თავს ახასიათებს, როგორც ეროვნული ლეგიტიმაციის მქონე, მრავალეთნიკურ და მრავალეროვნულ სამხედრო ინსტიტუციას, რომელშიც საკუთარი მიწის დასაცავად ერთიანდებიან რეგიონის შვილები – ქურთები, არაბები, სირიელები, ასირიელები, თურქმენები და სომხები. YPG სასტიკად კრძალავს ბავშვთა რეკრუტირებას და აწესებს უმკაცრეს სასჯელს ასეთი ქმედებისთვის. ორგანიზაცია უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, არასრულწლოვნებს ეკრძალებათ არა მარტო სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, არამედ სამხედრო მოქმედებების არეალთან ახლოს ყოფნაც კი.

თურქეთი YPG-ის ტერორისტული ორგანიზაციის PKK ქურთულ ფრთად მიიჩნევს, ამიტომ, როდესაც 2017 წლის 14 იანვარს აშშ-მა განაცხადა, რომ შექმნიდა ახალ სასაზღვრო პოლიციას 30 ათასი მებრძოლის შემადგენლობით. აღნიშნული სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობის ფორმირება მოხდებოდა, ძირითადად, YPG-ისა და სირიის დემოკრატიულ ძალების (SDF) ბაზაზე. ოფიციალურმა ანკარამ ახალი სამხედრო დანაყოფის ფორმირება ნეგატიურად შეაფასა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკა აყალიბებდა ტერორისტულ არმიას მათ საზღვართან და ქვეყანას მოუწოდა მყისიერად გადაედგა თავდაცვითი ნაბიჯები და ჩანასახშივე გაანადგურებინა ნებისმიერი ტერორისტული წარმონაქმნი მათ საზღვართან. სწორედ ამიტომ დაიწყო თურქეთმა ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე.[3]

[1] Global Security; Kurdish People’s Protection Unit YPG; available at: https://www.globalsecurity.org/military/world/para/ypg.htm [accessed 19 July 2018]

[2] The Kurdish Project; YPG: People’s Protection Units; available at: https://thekurdishproject.org/history-and-culture/kurdish-nationalism/peoples-protection-units-ypg/ [accessed 19 July 2018]

[3] Global Security; Kurdish People’s Protection Unit YPG; available at: https://www.globalsecurity.org/military/world/para/ypg.htm [accessed 19 July 2018]

სირია. მამაკაცთა იძულებითი გაწვევა სამხედრო სამსახურში. თებერვალი 2018

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია. დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება, ხელისუფლების მიერ  პოლიტიკურ და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევა. პირი, რომელიც ეცდება თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციებით დაისჯება, რაც მოიცავს სასტიკ მოპყრობას დაკავების, დაკითხვის, დაპატიმრების დროს ან სამხედრო სამსახურში იძულებით დაბრუნებას. პრაქტიკაში, პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის (პატიმრობის) ნაცვლად, დაკავებიდან რამდენიმე დღეში იგზავნება მოწინავე პოზიციებზე საბრძოლველად. ხშირ შემთხვევაში ასეთ პირებს, მხოლოდ მინიმალური წვრთნა აქვთ გავლილი.

სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდების მსურველთა რაოდენობის, დეზერტირობის და მსხვერპლის რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო, არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა და უფრო ინტენსიური გახადეს თავიანთი მცდელობები სირიელი მამაკაცების გაწვევისა და რეზერვისტების მობილიზებისთვის. გარდა ამისა, როგორც იუწყებიან, გააქტიურდა და გაძლიერდა ძალისხმევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მსურველთა გამოვლენის კუთხით, რაც გულისხმობს მობილურ და ფიქსირებულ საგუშაგოებზე კონტროლის დაწესებას, რეიდების მოწყობას სახლებსა და საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში. არმიაში გაწვევის მიზნით, სამთავრობო ძალების მიერ, მთავრობის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებისთვის წართმეულ ტერიტორიებზე მცხოვრები სავალდებულო სამხედრო სამსახურის და სარეზერვო ასაკის მქონე მამაკაცების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული.

სირიაში, პირები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო ვალდებულებას, დაკავების შემთხვევაში წამების და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთანავე, სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება აღიქმება პოლიტიკურ ქმედებად, რამაც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შექმნას ამა თუ იმ პირზე და ის შეიძლება მიჩნეული იყოს ხელისუფლების მოწინააღმდეგედ და ოპოზიციურად განწყობილი ძალების მომხრედ, რაც სასტიკი მოპყრობის რისკის ქვეშ აყენებს პირს და იგი სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის შეიძლება დაექვემდებაროს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სირიაში სამხედრო სამსახურის წესებთან და რეგულაციებთან, კერძოდ კი გამონაკლის პროცედურებთან მიმართებით განუკითხაობა, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ხელისუფლების მხრიდან გახშირდა იმ პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც ადრე ე.წ. „დაცულ მოსახლეობას“ შეადგენენ, აქ იგულისხმებიან უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო მოსამსახურეები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურების კანონით გათვალისწინებული ვადა (18 თვე) ეწურებოდათ, სამხედრო სამსახურს კვლავ უხანგრძლივებდნენ. ანგარიშების მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც სავალდებულო მსახურების ვადას ასრულებდნენ, ავტომატურად ირიცხებოდნენ არმიის რეზერვში. სამხედრო სამსახურში გაწვევის და რეზერვის ასაკის მქონე ბევრ მამაკაცს, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ხშირად უწევს თავი შეიკავოს  თავისუფლად გადაადგილებისგან, დაიმალოს ან სხვა რაიონში გადავიდეს, კერძოდ კი ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბევრი მათგანი, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაჭერის, არაადამიანური მოპყრობის და ჯარში გაწვევის შიშით ტოვებს ქვეყანას. სირიაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მამაკაცებს ხშირად ამოწმებენ საზღვარზე და ადგენენ სამხედრო სავალდებულო სამსახური აქვთ თუ არა გავლილი.

სირიაში კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, შეიარაღებული ძალებიდან დეზერტირობა ფართოდ იყო გავრცელებული. დეზერტირობა ისჯება 1950 წლის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსით, რაც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მოიცავს პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.

კანონით დადგენილი წესების მიუხედავად, ანგარიშების მიხედვით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სროლის ბრძანების შესრულებაზე, ჯარიდან გაიქცნენ ან არსებობდა ეჭვი, რომ გაქცევას გეგმავდნენ, ფორმალურად არ აღძრულა საქმე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად. მათ დაჭერისთანავე სჯიდნენ, თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ ან კლავდნენ, ან მათსავე სამხედრო განყოფილებაში აბრუნებდნენ.

2011 წლიდან მოყოლებული, სირიის პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გამოსცა ამნისტიის ბრძანება მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების, სავალდებულო სამსახურზე უარის მთქმელების და დეზერტირებისთვის. ამ ბრძანების მიხედვით,  ისინი სასჯელისგან გათავისუფლდებოდნენ, თუ გარკვეული დროის მანძილზე დაბრუნდებოდნენ.[1]

 მთავრობის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე არსებული ვითარება

დანიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სირიაში მთელი კონფლიქტის მანძილზე მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევა კვლავ გრძელდება. გასულ წელს არ მომხდარა გენერალური მობილიზება, თუმცა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო სტატუსის კონტროლი. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ 2016 წლის მანძილზე, ახალწვეულთა და რეზერვისტთა გაწვევისთვის საჯარო ადგილებში რეიდები ტარდებოდა. აღნიშნული რეიდების გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი გამოცხადდა სამხედრო გაწვევის დროს.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მამაკაცთა სირიის არმიაში გაწვევა. აღნიშნულ ტერიტორიებზე კვლავ არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც არასოდეს უმსახურიათ ჯარში და სწორედ ახლა უწევთ სამხედრო ვალდებულების მოხდა. მთავრობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეების შეიარაღებულ არმიაში გაწვევას.

იმ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც ადრე შეეძლოთ თავი აერიდებინათ სამხედრო ვალდებულებისგან, ამჟამად წნეხის ქვეშ იმყოფებიან და თავს ვეღარ არიდებენ სამხედრო სამსახურს. დიპლომატიური წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც სამხედრო ვალდებულების შესრულება სწავლის დამთავრების შემდეგ შეეძლოთ, დაუყოვნებლივ იწვევენ როგორც კი ფინალურ გამოცდას აბარებენ, ხოლო აკადემიური წლის დამთავრებას არ ელოდებიან, როგორც ხდებოდა კონფლიქტის დაწყებამდე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, დაწყებულია საჯარო მოხელეების და ასევე, იმ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების გაწვევა, რომლებიც აქამდე ე.წ. „დაცულთა“ სიაში იყვნენ და არ უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.

ჯანმრთელობის და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომელთაც ადრე არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მოიხსნა შეზღუდვა და  დამატებითი სამედიცინო შეფასების შედეგად, იმ პირთა გაწვევა დაიწყეს, რომელთაც უმნიშვნელო სამედიცინო პრობლემები აქვთ. როგორც წესი, მათ ძირითადად ლოგისტიკურ ან საბრძოლო მოქმედებებში რთავენ.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ სამთავრობო ძალებმა დაიწყეს ყველას გაწვევა, მათ შორის ოჯახში არსებული ერთადერთი მამაკაცისაც, რომლებიც ადრე, კანონით გათავისუფლებული იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

რამდენიმე წყარო იუწყება, რომ რეზერვისტები გაწვევის განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს დამოკიდებულია თუ რა კვალიფიკაციის მქონე პირები დასჭირდება სირიის არმიას. როგორც იკვეთება, სამხედრო კვალიფიკაციის მქონე რეზერვისტებზე დიდი მოთხოვნაა სირიის არმიაში. იყო შემთხვევები, როდესაც არმიას ექიმები ესაჭიროებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხშირად ხდება 42 წელს გადაცილებული რეზერვისტების გაწვევაც. როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით იკვეთება, სამხედრო სამსახურის ასაკი 42 წლიდან 50 წლამდე გახანგრძლივდა. სირიაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 42 წლამდეა ლიმიტირებული. თუმცა, მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, გაწვეული მამაკაცების ასაკი 45 წლამდე აღწევს. ალეპოში ბევრი მამაკაცი გაიწვიეს, მათ შორის  52 წლის მამაკაციც იყო.

ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება

დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ბევრი ოპოზიციური დაჯგუფება მოქმედებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ მებრძოლთა გაწვევის მეთოდები სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაგვარია. როგორც პროფესორი ბასელ ალ-ჰასანი აღნიშნავს, მხარეები მებრძოლთა გაწვევას, ამა თუ იმ ეთნიკური, ან რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილების მიხედვით ახდენენ. ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ შეიარაღებულ დაჯგუფებებში გაწვევა ნებაყოფლობით ხდება. ეკონომიკური საჭიროება მნიშვნელოვნად უბიძგებს მამაკაცებს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეუერთდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებები, მაგალითად, „ჯაბჰატ ალ ნუსრა“, ძალის გამოყენებით ახდენს მებრძოლთა გაწვევას. სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მხოლოდ იმ მებრძოლებს ენდობა და იწვევს, რომელთა ოჯახებიც დაჯგუფებისთვის კარგად არის ცნობილი. სხვა წყაროს ცნობით, დაჯგუფება „ჯაბჰატ ალ-ნუსრა“ მებრძოლთა გაწვევას რელიგიური და იდეოლოგიური პროპაგანდით ახორციელებს.[2]

საინფორმაციო სააგენტო „Fars News“-ის მიერ 2018 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) რაქას პროვინციის სხვადასხვა რაიონში შეაგროვა ხალხი და მათ სირიის დემოკრატიულ ძალებში გაერთიანება აიძულა. ადგილობრივმა წყარომ დაამატა, რომ ქურთულმა ძალებმა თავიანთი გავლენა კიდევ უფრო გააძლიერეს მშვიდობიან მოქალაქეებზე. სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაქას ჩრდილოეთით, ქალაქ სოლუკში უამრავი ახალგაზრდა დააკავეს და სირიის დემოკრატიულ ძალებში გაწევრიანება აიძულეს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თურქული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მიზნით, ქურთულმა ძალებმა რაქას პროვინციის სხვადასხვა სოფელში 1,500-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს.[3] [4]

ავსტრიის თავშესაფრისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის (ACCORD) მიერ, 2017 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სირიაში, მებრძოლთა, განსაკუთებით ბავშვთა გაწვევის 362 შემთხვევა დაფიქსირდა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს, სირიის თავისუფალი არმიასთან ასოცირებული დაჯგუფებების, ლივა ალ-თავიდის, სახალხო კომიტეტების, ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფის, აჰრარ ალ-შამის, ნუსრას ფრონტის და ისლამის არმიის დაჯგუფების მიერ. გაწვევისას მნიშვნელოვან როლს ფინანსური და იდეოლოგიური ფაქტორი ასრულებდა. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო კვლავ განაგრძობდა ბავშვების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას.[5]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ყოველთვიური დაიჯესტის მიხედვით, სირიის დემოკრატიული ძალებისა და ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფის მიერ, მებრძოლთა იძულებით გაწვევის კამპანია მიმდინარეობს არ-რაქას და ალ-ჰასაკას პროვინციებში.[6]

[1] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), International Protection Considerations with regard to people fleeing the Syrian Arab Republic, Update V, 3 November 2017, available at:

 [accessed 23 February 2018]

[2] Danish Immigration Service: Recruitment Practices in Government-controlled Areas and in Areas under Opposition Control, Involvement of Public Servants and Civilians in the Armed Conflict and Issues Related to Exiting Syria; Copenhagen, August 2017

[accessed 23 February 2018]

[3] Fars News Agency: Forced Recruitment by Kurds Reported again in Northeastern Syria;  published: Feb 10, 2018 available at: http://en.farsnews.com/newstext.aspx?nn=13961121001523 [accessed 23 February, 2018]

[4] Fars News Agency: SDF Continues Forced Recruitment in Raqqa; published: Feb 08, 2018; available at: http://en.farsnews.com/newstext.aspx?nn=13961119000761 [accessed 23 February, 2018]

[5] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Forced recruitment of underage persons by the Islamic State (IS) group; Published:18 August 2017;  available at:

[6] UN Office of the High Commissioner for Human Rights (OHCHR), Syria: Monthly Human Rights Digest – June 2017, 30 June 2017, available at:

  [accessed 23 February 2018]