კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა სომალიში გაბოოიეს (Gabooye) ტომის შესახებ (აღნიშნული ტომი ასევე ცნობილია სახელწოდებით მიდგანი (Midgan). ზემოხსენებული ეთნიკური უმცირესობის ჯგუფი წარმოადგენს ერთგვარ „კასტას“, რომლის იდენტობაც განსაზღვრულია კონკრეტული ტრადიციული პროფესიებით. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პროფესიული კასტებს გააჩნიათ საერთო კრებითი სახელი – „საბ“. აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები, ძირითადად მომთაბარე-მეცხოველეობის მიმდევარი სომალელებისგან განსხვავებით, ისეთ კონკრეტულ პროფესიებს მისდევენ, რომლებიც ტრადიციულ სომალურ საზოგადოებაში წყრომას იმსახურებს. ამის მაჩვენებელი ისიცაა, რომ ტომის წევრები საკუთარ თავს გაბოოიეს უწოდებენ, ხოლო დანარჩენები მათ მიმართ შედარებით „დამამცირებელ“ ტერმინს – „მიდგანი“ იყენებენ.
გაბოოიეთა ტრადიციულ პროფესიებს მიეკუთვნება: ნადირობა; ტყავის და ფეხსაცმლის ნაკეთობები; საწამლავის მომზადება; თმის შეჭრა; როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა წინდაცვეთის ჩატარება; დანების დამზადება; მჭედლობა და ა.შ. ამას გარდა, ანგარიშში საუბარია, რომ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში ტრადიციულმა პროფესიულმა ტომებმა დაკარგეს „მონოპოლია“ კონკრეტულ პროფესიებზე და, ზოგჯერ, აღნიშნული პროფესიით სამუშაო ადგილის პოვნაც უჭირთ.
რაც შეეხება მათ სასაუბრო ენას, წყაროთა ინფორმაციით, პროფესიულ ჯგუფთა უმრავლესობა საუბრობს სომალური ენის ადგილობრივ დიალექტზე, ხოლო ზოგიერთს გააჩნია საკუთარი ენაც. მათი განსახლების ძირითადი არეალია ჩრდილოეთი სომალი (სომალილენდი) და, ასევე, მოგადიშუ. რამდენიმე წყაროს მიხედვით, გაბოოიეს ტომის წევრები ასევე „გაფანტულნი“ არიან სამხრეთი სომალის ტერიტორიაზეც.
გაბოოიეს უმცირესობათა ორგანიზაციის მდივანთან 2012 წლის ნოემბრის სატელეფონო ინტერვიუს ჩანაწერში, აღნიშნულია, რომ: „გაბოოიეს წევრები „სინამდვილეში არ არიან კავშირში“ რომელიმე მთავარ კლანთან სომალიში, მაგრამ როგორც იუწყებიან, სხვა უმცირესობების ჯგუფებთან კარგ დამოკიდებულებაში არიან. გაბოოიეს წინააღმდეგ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არსებობს სამხრეთ სომალიში, მაგრამ ზოგადად, მათ უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი ვითარება უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს, ვიდრე მიზნობრივი დევნა. ამავე დროს, სომალილენდის მთავრობა აცხადებს, რომ რეგიონში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა გაბოოიეს ხალხთა მიმართ დისკრიმინაცია კვლავ გრძელდება და მათ მიმართ ძალადობის ფაქტები კვლავ ხდება.
წყაროთა უმრავლესობის მიხედვით, შერეული ქორწინება უმრავლესობის წარმომადგენელი კლანების წევრსა და უმცირესობების კლანების წევრებს შორის (როგორიცაა გაბოოიე) აკრძალულია. იყო შემთხვევები, როდესაც წყვილი იძულებით დააშორეს, ცემეს, ესროლეს და ა.შ.
რაც შეეხება განათლებაზე წვდომას, წყაროთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ გაბოოიეს კლანის წარმომადგენლებს ან საერთოდ უფლება არ აქვთ, ან არ გააჩნიათ შესაბამისი მატერიალური სახსრები, სკოლაში ისწავლონ სხვა სომალელ ბავშვებთან ერთად. ასევე, არსებობს სხვა ბავშვების მხრიდან მათი ბულინგისა და დამცირების საფრთხეც.[1]
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2013 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა გაბოოიეს ხალხის განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. საბჭოს განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მწირი იყო. ანგარიშის მიხედვით, გაბოოიეს ხალხის წარმომადგენელი, „ფიზიკური თვალსაზრისით, უმრავლეს შემთხვევაში ჩამოგავს „სამაალ“-ის ანუ სომალიში დომინანტური კლანის წარმომადგენელს“.
ანგარიშში ასევე საუბარია საკითხზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პირმა საკუთარი კლანის (ამ შემთხვევაში – გაბოოიე) იდენტობა დამალოს. ადგილობრივი წყაროს მიხედვით, აღნიშნული შესაძლებელია, თუ პირი ბინადრობს საკუთარი სახლიდან შორს. სომალიში გავრცელებულია ისტორიები „გაქცეულ“ მიდგან/გაბოოიე ქალებზე, რომლებიც სახლდებიან ისეთ ადგილებში, სადაც მათ არავინ იცნობს, ხოლო შემდგომ, აცხადებენ, რომ ეკუთვნიან უმრავლესობის ჯგუფს და ქორწინდებიან აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენელ მამაკაცზე. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ქალის ახალ საცხოვრებელ ადგილას მყოფი ხალხი არ დაინტერესდება მისი წარმომავლობით და მას არ მოსთხოვენ ნათესავების წარდგენას. წყაროს მიხედვით, იმისთვის, რომ პოზიცია უფრო დამაჯერებელი იყოს „ქალს შეუძლია განაცხადოს, რომ მცირე ასაკში დაობლდა ან რომ მისი ახლო ნათესავები გარდაიცვალნენ ან რომ საზღვარგარეთ ცხოვრობენ“. როგორც წესი, სომალელები საკმაოდ სწრაფად და ზუსტად არკვევენ პირის წარმომავლობას, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, რომელიც აღნიშნულ პირთან რაიმე ნათესაურ კავშირშია. პირის იდენტობის შეცვლა გაცილებით ადვილია დიასპორაში, რადგან გაბოოიე/მიდგანებს არ აქვთ განმასხვავებელი ფიზიკური მახასიათებლები, ხოლო მათი დიალექტი მარტივად შეიძლება დაიმალოს.[2]
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) სომალიში მადიბანის ტომის შესახებ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ პროფესიულ ჯგუფებს სომალიში კრებითი სახელით „საბ“ მოიხსენიებენ. აღნიშნულ ჯგუფებში ასევე შედის მადიბანის (იგივე მიდგანი, გაბოოიე) ჯგუფი, რომლებიც სომალის სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან და მისდევენ ისეთ საქმიანობას/პროფესიას, რაც ძირითადი კლანების მიერ ტრადიციულად შეურაცხმყოფლად ითვლება. ტერმინი „მიდგანი“, რომელსაც ძირითადი კლანები აღნიშნულ ჯგუფებთან მიმართებით იყენებენ, დამამცირებლად ითვლება (ითარგმნება როგორც „გარიყული“), ხოლო თავად მიდგანები საკუთარ თავს „მადიბანებად“ მოიხსენიებენ, რაც „უწყინარს“ ნიშნავს. მიდგანები ტრადიციაულად მისდევენ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა: ნადირობა, ტყავისა და ფეხსაცმლის ნაკეთობები; ტყავის დამუშავება და ა.შ.
გეოგრაფიული განსახლების კუთხით, მიდგანები მიმოფანტულნი არიან თითქმის მთელი სომალის ტერიტორიაზე, თუმცა, უფრო ხშირად გვხვდებიან ჩრდილოეთ და ცენტრალურ სომალიში. მათ ტრადიციული სომალური კლანებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ საკუთარი გენეალოგია, ანუ არ ჰყავთ კლანის საერთო წინაპარი.
მიდგანები ძირითადად საუბრობენ სტანდარტულ სომალურ ენაზე, ზოგჯერ მცირე ადგილობრივი მოდიფიკაციებით, ხოლო ზოგიერთი მათაგანი ასევე საუბრობს ასევე საკუთარ ენაზე, რომელიც ACCORD-ის ერთერთი ანგარიშის მიხედვით, თანდათან ქრება. ერთერთი წყაროს, კერძოდ, „Minority Rights Group International“ ცნობით, მიდგანებს აქვთ საკუთარი ენა, რომელიც არ ესმით ძირითადი კლანების წევრებს.[3]
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის 29 იანვარს მომზადებულ ინფორმაციაში სომალიში მადჰიბანის ტომის შესახებ წერს, რომ პროფესიული ჯგუფები ისტორიულად ცნობილნი არიან მიდგანის (ასევე გამოიყენება სახელები გაბოიე, მადჰიბანი და მუსე დერიო), ტუმალისა და იიბროს სახელით. აღსანიშნავია, რომ დენომინაცია მიდგანი ხანდახან ყველა პროფესიული ჯგუფის აღმნიშვნელად გამოიყენება, თუმცა ფაქტობრივად, მიეკუთვნება მხოლოდ ერთ ჯგუფს ვააბლეში. მიუხედავად ამისა, რთულია ტერმინის ზუსტი განსაზღვრების დადგენა. მიდგანი ცნობილია ასევე მადჰიბანის, გაბუიეს, გაბოიეს და გაბოიოს სახელით. მიდგანს სომალის ჩრდილო-დასავლეთში გაბუიეს ეძახიან, ეს ტერმინი ბარეს დროს დამკვიდრდა. ეს არ არის კლანის/ჯგუფის სახელი და არც წინაპრების სახელი. ყველაზე გავრცელებული ზოგადი სახელი აღნიშნული ჯგუფისთვის სომალის სხვა ტერიტორიაზე არის საბი ან ბონი. სხვადასხვა წყარო მიიჩნევს, რომ ტერმინი მიდგანი უხეში მიმართვაა, რომელსაც უფრო დიდი კლანები იყენებენ. გამომდინარე იქიდა, რომ ტერმინი ხშირად ითარგმნება როგორც „ხელშეუხებელი“ ან „გაუჩინარებული“, ზოგიერთი მიდგანი ამჯობინებს მადჰიბანად მოხსენიებას, რომელიც „უვნებელს“ ნიშნავს. ტერმინი გამუიე ასევე ერთერთი სასურველი და არა შეურაცხმყოფელი მიმართვაა, რომელიც მიდგანის ნაცვლად გამოიყენება პროფესიული ჯგუფებისთვის. მიდგანები ისტორიულად მონადირეები იყვნენ და ასევე ასოცირდებოდნენ ტყავის წარმოებასთან, ფეხსაცმელების დამზადებასთან და სხვა პროფესიებთან.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მადჰიბანები მთელი სომალის მასშტაბით გვხვდებიან. მათი ნახვა შესალებელია ჩრდილოეთ და ცენტრალურ სომალიში და ასევე ჰირანში, მოგადიშუსა და კისმაიოში. მადჰიბანები წარმოდგენილნი არიან ასევე სამხრეთ სომალიში. სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ დაბალი კასტის წარმომადგენლები,მათ შორის გაბოიეები ჩრდილო-დასავლეთ სომალისა და აღმოსავლეთ ეთიოპიაში ცხოვრობენ, თუმცა ისინი სამხრეთ სომალშიც გვხვდებიან. მადჰიბანები წარმოშობით მუდუგიდან და ნუგალიდან არიან, სადაც ტრადიციულად ასოცირებულნი იყვნენ ჰავიეს კლანებთან, მათ შორის გურგატესთან. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მადჰიბანები მოგადიშუშიც არიან.
სხვადასხვა წყარო თანხმდება, რომ პროფესიული ჯგუფები ზოგადად და მადჰიბანები მათ შორის აწყდებიან დისკრიმინაციას. ზოგადად, პროფესიული ჯგუფები აწყდებიან მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას. ისინი ხშირად განიცდიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაცვის ნაკლებობას. მადჰიბანები განიცდიან მძიმე დისკრიმინაციას კასტური გამორიცხვის საფუძველზე. სომალიში მადჰიბანი მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ისინი, როგორც სხვა უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციას მიწასა და სხვა სასიცოცხლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც დაკავშირებულია მათ ეთნიკურ იდენტობასთან დომინანტურ კლანურ სტრუქტურაში. 2016 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ უმცირესობები, მათ შორის მადჰიბანები, რომელთაც ხშირად არ ჰყავთ შეიარაღებული ჯგუფები, კვლავ არიან მკვლელობების, წამების, გაუპატიურების, გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცების და მიწისა და სხვა ქონების წართმევის ობიექტები უმრავლესობაში მყოფი კლანების წევრების მხრიდან. ბევრი უმცირესობაში მყოფი ჯგუფი კვლავ ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და განიცდის სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციასა და გარიყვას. პროფესიული ჯგუფები, მათ შორის მადჰიბანები, ჩრდილოეთ სომალიში ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას მათი პროფესიების გამო. ასეთი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება ცუდია, თუმცა მცირე გაუმჯობესებას ადგილი აქვს. ამასთან, ძალიან ცოტაა ცნობილი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელში კონკრეტული პროფესიული ჯგუფები სომალის სამხრეთ ნაწილში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ პროფესიული ჯგუფების ბევრი წარმომადგენელი საკუთარ თავს არ მიიჩნევს უფრო მეტად მოწყვლადად, სომალის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. ლენდინფოსთან საუბრისას ჰარგისაში მცხოვრები ორი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წევრმა აღნიშნა, რომ მაგალითად გაუპატიურების პრობლემას განიცდიან როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები და ხშირად დანაშაულს მათივე ჯგუფის წარმომადგენლები სჩადიან (როგორც სხვა სომალელების, ასევე თავიანთი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ). ადგილობრივი მკვლევარების ინფორმაციით, იშვიათია გაბოიეს წარმომადგენლების მხრიდან გაბოიეს წარმომადგნელებისვე მიმართ ძალადობის შემთხვევები. წყაროების ცნობით, სომალის სამხრეთ ნაწილში, გაბუიეების მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი, თუმცა უსაფრთხოების კუთხით ზოგადად არსებული ვითარება უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე მიზნობრივი დევნა. რაც შეეხება სომალილენდს, მიუხედავად იმისა, რომ არაღიარებული ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ ვითარება გაუმჯობესებულია, დისკრიმინაცია გაბუიეების მიმართ სომალილენდში მძიმეა და ძალადობა მათ მიმართ ხდება.[4]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომალიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ სომალი არის ფედერალური მოწყობის რესპუბლიკა, რომელსაც 2017 წელს არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ აბდულლაჰი მოჰამედ „ფარმააჯო“ ხელმძღვანელობს.
სომალის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნაში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანოა სომალის ეროვნული არმია, რომლის ყველაზე დიდი გამოწვევა, ამ ეტაპზე, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული სამხედრო ოპერაციები, ქვეყნის უმრავლეს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ანგარიშის მიხედვით, სომალის სამოქალაქო ინსტიტუტები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.[5]
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალიში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უჩვეულოდ მაღალი პოლიტიკური მღელვარების პერიოდშია. ამის გამომწვევი მიზეზი კი გადადებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული უთანხმოებაა. იმის მიუხედავად, რომ არჩევნები შეიძლება გახდეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი, ქვეყანაში დომინანტურ პრობლემად მაინც საფრთხის ენდემური [ადგილობრივი] ფორმები რჩება.
[1] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; სომალი: გაბოიიე [მიდგანი] ხალხი; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2020 წლის 11 თებერვალს][2] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; სომალი: გაბოიიეს ხალხის განმასხვავებელი ნიშნები; გამოქვეყნებულია 2013 წლის 7 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2020 წლის 11 თებერვალს][3] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; ინფორმაცია სომალის მადიბანის კასტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2019 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2020 წლის 11 თებერვალს][4] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; ინფორმაცია სომალის მადიბანის კასტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2019 წლის 29 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2019 წლის 9 დეკემბერს][5] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ – სომალი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: