სუდანი. განქორწინება და ბავშვზე მეურვეობის უფლება. თებერვალი, 2019

სუდანში ქალები აწყდებიან ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.[1]

სუდანის 1991 წლის ისლამური პირადი სტატუსის შესახებ კანონის თანახმად, განქორწინებულ ქალს უფლება აქვს მამრობითი სქესის შვილი მეურვეობაში დაიტოვოს, ვიდრე ვაჟს შეუსრულდება 7 წელი; ხოლო მდედრობითი სქესის შვილი, ვიდრე გოგონას შეუსრულდება 9 წელი. სასამართლომ შეიძლება აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს თუ ამის საჭიროება დადგენილი იქნება ბავშვების ინტერესების გამომდინარე. ამ შემთხვევაში დედის მეურვეობის უფლება შეიძლება გახანგრძლივდეს ვაჟების შემთხვევაში მათ სქესობრივ სიმწიფემდე და გოგონების შემთხვევაში – სრულყოფილ ქორწილამდე. მამა ან სხვა მამაკაცი მეურვე სრულ კონტროლს და ზედამხედველობას უწევს ბავშვის დედის მეურვეობის ქვეშ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

განქორწინების შემდეგ, ქალები კარგავენ მეურვეობის უფლებას თუ ხელახლა გათხოვდებიან. მოსამართლეს აქვს დისკრეციული უფლება, ხელახლა გათხოვილ ქალს, რომელიც გათხოვდა არა „მაჰრამზე“ (მაჰრამი – ვისთან ქორწინება ან სექსუალური კავშირი ისლამში აკრძალულია), შეუნარჩუნოს მეურვეობის უფლება თუ ამას ბავშვის ინტერესები მოითხოვს.

იმ შემთხვევაში, როდსაც დედის რელიგია მამის რელიგიისგან განსხვავებულია, დედის მეურვეობის უფლება სრულდება, როდესაც ბავშვი გახდება 5 წლის ან უფრო ადრე თუ არის შიში, რომ ბავშვის რწმენას ემუქრება საფრთხე. ბავშვების მხარდაჭერაზე მამის ვალდებულებაა იმ დრომდე, ვიდრე გოგონა გათხოვდება, ხოლო ვაჟი მიაღწევს იმ ასაკს, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია შემოსავლის მიღება.[2]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Sudan: Child custody proceeding in regards to divorce in a Muslim family; whether permission is required of father before children can travel with their mother, 3 May 2001, SDN37084.E, available at:

[accessed 4 February 2019]

სუდანი. შეიარაღებული კონფლიქტი; იძულებითი რეკრუტირება. თებერვალი, 2019

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება მძიმეა დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმების დარღვევებს.[1]

აღნიშნულ შტატებში 2011 წლიდან სამოქალაქო დაპირისპირებაა. სამხრეთ კორდოფანისა და ლურჯი ნილოსის შტატების კონფლიქტს, რომელიც დარფურსაც მოედო, სუდანის მესამე სამოქალაქო ომსაც უწოდებენ. მიმდინარე კონფლიქტში ერთმანეთს სუდანის არმია და სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობა-ჩრდილოეთი უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული მოძრაობა ასოცირებულია სამხრეთ სუდანის სახალხო გამათავისუფლებელ მოძრაობასთან.

2005 წლის შემდეგ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებით სუდანის მეორე სამოქალაქო ომი დასრულდა, სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება გამოსწორებული იყო. კონფლიქტის ახალი ტალღა 2011 წელს დაიწყო. 2011 წლის 9 ივლისს სუდანის ორ ქვეყნად – სუდანად და სამხრეთ სუდანად გაყოფის შემდეგ, სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობა-ჩრდილოეთმა დაიწყო შეიარაღებული წინააღმდეგობა – ისინი აპროტესტებდნენ სამხრეთ კორდოფანისა და ლურჯი ნილოსის შტატების სუდანისთვის მიკუთვნებას, რადგან მათი მტკიცებით, არანაირი კონსულტაცია მოსახლეობასთან არ გამართულა. კონფლიქტი გადაიზარდა „დარფურის ომში“ მას შემდეგ, რაც სახალხო მოძრაობამ ალიანსი შეკრა დარფურელ ამბოხებულებთან, რომლებიც თავს სუდანის რევოლუციურ ფრონტს უწოდებენ.

2003 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის შედეგად, 2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. სამოქალაქო დაპირისპირებას 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.[2]

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ACCORD) 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში დარფურის შესახებ წერს, რომ 2016 წლის ივლისში შეიარაღებულმა პირმა მოკლა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ფასის რეგიონში (Fasi Area), რომელიც ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ დარფურს შორის მდებარეობს, პირთა ჯგუფმა უარი განაცხადა იძულებითი რეკრუტირების მიზნით ბანაკში გაწევრიანებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა უარი თქვეს ერთერთი შეიარაღებული ჯგუფის მოწოდებაზე, შეერთებოდნენ მათ რიგებს, რის გამოც დაჯგუფების ზოგიერთი წევრი დაედევნა ახალგაზრდების ჯგუფს და გაუხსნა მათ ცეცხლი. ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა.

დამოუკიდებელი ექსპერტი 2016 წლის დეკემბერში გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ არა არაბი დარფურელების იძულებითი თუ ნებაყოფლობითი რეკრუტირება, რეგულარული ძალებისა თუ დაჯგუფებების მხრიდან, სავარაუდო იყო.

დამოუკიდებელი მკვლევარი ჯერომ ტუბიანა 2017 წლის ივლისში ამტკიცებდა, რომ იყო როგორც რეგულარული ძალების, ასევე დაჯგუფებების მხრიდან იძულებითი რეკრუტირების შემთხვევები. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ერიკ რივსი 2017 წლის აგვისტოში წერდა, რომ მისი აზრით, იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებს ადგილი ჰქონდა; თუმცა, მისი თქმით, ამბოხებულთა მოძრაობა უფრო მეტად განიცდიდა იარაღის, ვიდრე ადამიანური რესურსის ნაკლებობას.

„ACCORD“-ის წყარო ორგანიზაციიდან „პური მსოფლიოსთვის“ 2017 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ მისი ვარაუდით, იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებს აღარ ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ისინი, ვინც უერთდებოდნენ ამბოხებულთა მოძრაობას, აკეთებდნენ ამას საკუთარი სურვილით, რადგან უკმაყოფილოები იყვნენ უსამართლობითა და უთანასწორობით. წყაროს მტკიცებით, ის, ვინც უერთდებოდა სამთავრობო პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს, აკეთებდა ამას ან საკუთარი სურვილით ან გაწვევით. მათი, ვინც უერთდებოდა მთავრობასთან ასოცირებულ „Janjaweed“ ძალებს, მოტივაცია იყო ფული და ძალაუფლება. იძულების ფაქტორი იყო მხოლოდ გაწვევის შემთხვევებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში ადამიანთა ვაჭრობის შესახებ წერს, რომ სუდანის კანონმდებლობა კრძალავს ბავშვთა სამხედროებად რეკრუტირებას და აწესებს სისხლის სამართლებრივ სასჯელებს დამრღვევებისთვის. მიუხედავად ამისა, ბავშვები კვლავ რჩებოდნენ მოწყვლად ჯგუფად რეკრუტირების მიმართ და მათი გამოყენება კვლავ ხდებოდა სუდანის არა სამთავრობო შეიარაღებული ჯგუფებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ.

გაეროს გენერალური მდივანი 2017 წლის ივნისში აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ დარფურში, მიუხედავად მთავრობასთან დადებული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამბოხებულთა ჯგუფი მაინც ახდენდნენ დევნილი ახალგაზრდების იძულებით რეკრუტირებას. 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, დარფურში ბავშვთა რეკრუტირების დადასტურებული შეთხვევების რაოდენობა იყო 105; აქედან, 45 – 2011 წელს, 31 – 2012 წელს, 18 – 2013 წელს, 6 – 2014 წელს, 4 – 2015 წელს და 1 – 2016 წელს. აღნიშნული შემთხვევების ნახევარი ჩადენილი იყო მთავრობასთან ასოცირებული ძალების მიერ, საერთო ჯამში 63 შემთხვევა; აქედან, 21 – 2011 წელს, 17 – 2012 წელს, 18 – 2013 წელს, 3 – 2014 წელს, 4 – 2015 წელს. 2016 წელს მთავრობასთან ასოცირებული ძალების მიერ ბავშვთა რეკრუტირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში სუდანში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერს, რომ ბევრი ბავშვის ასაკის დადგენა შეუძლებელი იყო დოკუმენტების არ ქონის გამო, რის გამოყენებას და მათ რეკრუტირებასაც ცდილობდნენ ამბოხებულები. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კონფლიქტის ზონებში, ბავშვი ჯარისკაცების შესახებ ცნობები იყო შეზღუდული და ხშირად ძნელი იყო ამ ცნობების დადასტურება.

2017 წლის თებერვალში რადიო „დაბანგას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულთა დაჯგუფების „JEM“ ხელმძღვანელობამ გამოსცა განკარგულება ბავშვთა რეკრუტირების შეწყვეტის შესახებ. განკარგულება ავალებდა „JEM-ის წევრებს სრულად დაეცვათ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ბავშვთა უფლებები და არ დაეშვათ მათი ჩართვა სამხედრო მოქმედებებში.[3]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Uppsala Conflict Data Program; Department of Peace and Conflict Research; Uppsala University; Sudan; available at: http://ucdp.uu.se/#country/625 [accessed 18 January 2019]

Al Jazeera; Sudan rebels from alliance to oust president; 13 November, 2011; available at: https://www.aljazeera.com/news/africa/2011/11/2011111313442277256.html [accessed 18 January 2019]

[3] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Darfur – COI Compilation, September 2017, available at:

[accessed 4 February 2019]

აზერბაიჯანი. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ადგილი აქვს კორუფციას და აღნიშნული სახელისუფლებო განშტოება არის არაეფექტური და აღმსარულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებული. ამას გარდა, მიუხედავად ნომინალური დამოუკიდებლობისა, ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაცია ასრულებს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ბრძანებებს და თანამონაწილეა უფლებადამცველთა მიმართ გამოყენებული ზეწოლის და დევნისა.

კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი სასამართლო პროცესის პროცედურები არ არის დაცული. ხშირია თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევები, ხოლო დაკავებული პირები წინასწარ პატიმრობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან. უკანასკნელ წლებში დაპატიმრებული ან მსჯავრდებული ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიხედვით, პროცესის მიმდინარეობისას მათ არ ჰქონდათ ადვოკატზე წვდომა, ადგილი ჰქონდა სამხილების გაყალბებისა და შესაბამისი მტკიცებულებების არწარდგენის ფაქტებს, ასევე, ფიქსირდებოდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

2017 წელს მიიღეს ახალი კანონი, რომელიც უზღუდავს სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვას იმ ადვოკატებს, რომლებიც არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, პოლიტიკურ ინტერესებს მორგებულ ადვოკატთა ასოციაციას სრული კონტროლი გააჩნია იურიდიულ პროფესიაზე და ზღუდავს სასამართლოში წარმომადგენელზე წვდომის უფლებას.

კვლავ გრძელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად გამოიყენებოდა წამება. ციხეში არსებული ზოგადი პირობები მიღებულ სტანდარტს ქვემოთ იყო, ჯანდაცვა, ზოგადად, არაადექვატური, ხოლო გადავსებულობის პრობლემა – ხშირი იყო. 2017 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც დაადგინა, რომ 2006 წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი პატიმრის სიცოცხლის უფლება და, ასევე, არ ჩაატარა ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები.

ეთნიკური უმცირესობების წევრები ჩიოდნენ არსებული დისკრიმინაციის შესახებ განათლების, დასაქმებისა და საცხოვრებლის კუთხით. 2017 წლის სექტემბერში, ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული კოორდინირებული სადამსჯელო ღონისძიების ფარგლებში, პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს ან დააჯარიმეს ათობით პირი (პოლიციის მიხედვით – 83, ხოლო ადგილობრივი უფლებადამცველი აქტივისტების ინფორმაციით – 200-მდე). გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დაკავებული პოლიელებმა ცემეს. ყველა დაკავებული პირი გაათავისუფლებს ოქტომბრის თვის დასაწყისში. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა.[1]

Human Rights Watch-ის აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის კრიტიკოსთა მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები გასული წლის განმავლობაში, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სასამართლოებმა, პოლიტიკურად მოტივირებულ, უსამართლო პროცესებზე 25-მდე ჟურნალისტს, პოლიტიკურ თუ ახალაგაზრდა აქტივისტს მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ათობით სხვა პირი დაკავებულია, ან მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ზოგიერთი კი ქვეყნიდან გაიქცა.

ანგარიშში საუბარია 25 წლის ჟურნალისტისა და ბლოგერის – მეჰმან ჰუსეინოვის შესახებ, რომელსაც სამთავრობო წრეში კორუფციისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოაშკარავების გამო, სოციალურ მედიაში ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. მის მიმართ უსაფრთხოების წარმომადგენლების მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდებოდა დაშინება და ზეწოლა. 2014 წელს მას ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, იმ მოტივით, რომ ის გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჰუსეინოვს აღნიშნული დოკუმენტის არქონის გამო არ ჰქონდა წვდომა ადვოკატზე, ვერ იღებდა ჯანდაცვისა და საბანკო სერვისებს. მას, ასევე, აუკრძალეს ქვეყნის დატოვება.

ჰუსეინოვზე განხორციელებულმა ზეწოლამ პიკს 2017 წელს მიაღწია, როდესაც ქ. ბაქოს ცენტრში რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელმა ის გაიტაცა. მას თავზე ჩამოაცვეს ტომარა, ცემეს და, ასევე, მის მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკის იარაღი. შემდგომ, შესაბამისმა სამსახურებმა მას ბრალი წაუყენეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ჰუსეინოვმა საჯაროდ მოითხოვა სამართალი, თუმცა, საქმის გამოძიების მაგივრად, შესაბამისმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადების საჯაროდ გაკეთებით, ჰუსეინოვმა ცილი დასწამა პოლიციის სამმართველოს მთლიან მომსახურე პერსონალს. საბოლოოდ, მარტში, დეფამაციის ბრალდებით, ჰუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ დაუსჯელად მიმდინარეობდა. 17 დაკავებულმა პირმა გააჟღერა საფუძვლიანი ბრალდებები დაკავების იზოლატორებში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მათი განცხადებით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების სათავო ოფისში ოფიცრებმა მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ხელკეტების გამოყენებით ცემეს. ასევე, ზოგიერთის თქმით, მათ მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკი და ემუქრებოდნენ ცოლებისა და დების გაუპატიურებით. დაკავებული პირების განცხადებით, უშუალოდ დაკავებისას ისინი ასევე ცემეს პოლიციის მანქანაში. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.

აქტივისტმა გიას იბრაჰიმოვმა, ადვოკატის მეშვეობით სოციალურ ქსელში გაავრცელა საჯარო მიმართვა, სადაც უთითებდა, რომ ბადრაგმა მას ხელები ზურგსუკან შეუკრა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და, შემდგომ, თვითნებურად განამწესა სამარტოო საკანში 15 დღით. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ სამოქალაქო სამსახურები უსაფრთხოების ძალებზე ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებენ. ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს შორის, სხვებთან ერთად, იყო: უკანონო ან თვითნებური დაკავებები; მძიმე ციხის პირობები; ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები; ასევე, კონკრეტული აქტივისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება. მთავრობა არ ასამართლებოდა დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკთა უმრავლესობა. პრობლემად რჩებოდა დაუსჯელობა.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 20 December 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Azerbaijan, 18 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a61eea14.html [accessed 21 December 2018]

[3] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 21 December 2018]

სუდანი. სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანობა. დეკემბერი, 2018

სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და უსაფრთხოების სხვა ძალები ხშირად მიმართავდნენ თვითნებურ დაკავებებს, დაპატიმრებებს და სხვა ქმედებებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სტუდენტებისა და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ.[1]

სუდანში სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ადგენენ გარკვეულ პროცედურულ გარანტიებს, მაგრამ ზედა ინსტანციები პოლიტიკური კონტროლის ობიექტებს წარმოადგენენ. სპეციალური უსაფრთხოებისა და სამხედრო სასამართლოები არ მოქმედებენ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტი ნებას რთავს სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურს, მოახდინოს ქონების ჩამორთმევა, აწარმოოს თვალთვალი, ჩაატაროს ჩხრეკა და დააკავოს ეჭვმიტანილი ოთხ თვეზე მეტი ვადით ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე. უსაფრთხოების სამსახური რეგულარულად აკავებს და აწამებს მთავრობის ოპონენტებს, მათ შორის დარფურელ აქტივისტებს, სტუდენტებს და ჟურნალისტებს.

2008 წლის პოლიციის შესახებ აქტით, პოლიციის ოფიცრებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს. დაკავებულებისა და პატიმრების წამება და მათ მიმართ არა ადამიანური მოპყრობა ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით მძიმედ ექცევიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს დარფურიდან. სიკვდილით დასჯა დანაშაულთა ფართო სპექტრის მიმართაა დასაშვები და გამოყენებული ყოფილა პოლიტიკური და შეიარაღებული ოპოზიციის წევრების წინააღმდეგაც. სუდანის სისხლის სამართლის კოდექსი შარიათს ეფუძნება, ამიტომ ქვეყანაში დასაშვებია ისეთი სასჯელები, როგორიცაა გამათრახება და ჯვარედინი ამპუტაცია (პირს კვეთენ მარჯვენა ხელს და მარცხენა ფეხს).[2]

სუდანის 2005 წლის შუალედური ეროვნული კონსტიტუცია კრძალავს წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას, თუცა უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აწამებენ და ცემენ სავარუდო პოლიტიკურ ოპონენტებს, ამბოხებულების მხარდამჭერებს და სხვა პირებს. მთავრობის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის პოლიცია, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური და სამხედრო დაზვერვა, ცემს და ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებს დაკავებულებს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს; ასევე, ჟურნალისტებს. წამების ფორმები მოიცავს, მათ შორის, გრძელვადიან იზოლირებას, ტემპერატურის უკიდურეს ზომებამდე ცვლილებას, ელექტრო შოკს და სტრესის გამომწვევ სხვა მეთოდებს. ეროვნული უსაფრთხოების აქტის მიხედვით, დაკავებისთვის ორდერი არაა საჭირო. კანონის მიხედვით, შესაძლებელია, რომ პირი ბრალის წაყენების გარეშე 45 დღემდე ვადით იყოს საპატიმროში. პოლიციასა და უსაფრთხოების სხვა ძალებში არსებული კორუფცია კვლავ სერიოზული პრობლემაა.[3]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 11 December 2018)

სუდანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა. დეკემბერი, 2018

სუდანში ქალები აწყდებიან ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. აღნიშნული აკრძალვა მიმართულია ჟურნალისტებისა და ქალი აქტივისტების წინააღმდეგ. სუდანმა ვერ შეძლო შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ადამიანებით ვაჭრობისა და ქალთა და გოგონათა სექს-ტრეფიკინგის შემცირებისთვის. პოლიცია იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს „ამორალური ქმედებების“ შესახებ, რათა აუკრძალოს ქალებს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მათთვის მიუღებელია.[1] სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუცია ავალდებულებს ქალებს, ჩაიცვან ისლამური და კულტურული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ატარონ თავსაბურავი. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ხართუმში საჯარო წესრიგის პოლიცია დღეში დაახლოებით 40 ქალს აპატიმრებს ისლამური წესების დარღვევისთვის. ისლამური ჩაცმის სტანდარტების დაცვა, ზოგადად, არ მოეთხოვებათ არა-მუსლიმ სუდანელ ქალებს.[2]

ქალთა მიმართ ძალადობა უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში და მოძალადეთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია პასუხისგებაში მიცემული. 2014 წელს, როდსაც სამხედროები ჩრდილოეთ დარფურში, ტაბიტში შევიდნენ, 200-ზე მეტი ქალი და გოგო იქნა გაუპატიურებული; აღნიშნულის გამო დღემდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.[3] 2015 წლის თებერვალში ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლში და გაუპატიურების განმარტება შეიცვალა; ახლებური განმარტებით, გაუპატიურების მსხვერპლს აღარ ადანაშაულებენ მრუშობაში. ასევე დაემატა 151-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროვება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისინი რეგულარულად იღებენ ცნობებს ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროვების შესახებ. მთავრობა არ ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ბრალდებით აღძრული საქმეების შესახებ. სუდანში სექსუალური ძალადობის აღსაკვეთათ მთავრობის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან. სუდანში არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაზეც პასუხისმგებელია ქალთა მიმართ ძალადობის განყოფილება, რომლის ოფისებიც 18-დან 14 შტატში მოქმედებს.[4]

სუდანში საარჩევნო ხმის უფლება აქვთ როგორც კაცებს, ასევე ქალებს. ამასთან, სუდანში მოქმედებს ქვოტირების სისტემა და ქალებს 426-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების 28% ქვოტით აქვთ გამოყოფილი; ასევე, 35% შტატის საბჭოში და 9% მინისტრთა კაბინეტში. სუდანი არ არის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერი და მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ძალიან აქტიური როლი აქვთ საზოგადოებაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ისინი დგანან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალი რისკის წინაშე. კანონმდებლობა ქალების მიმართ დისკრიმინაციულია. ანგარიშში საუბარია ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობების შესახებ, რომელთაც ძირითადად პერიფერიულ ზონებში აქვს ადგილი.[5] აღსანიშნავია, რომ ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი „ACCORD“ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ვერ მოიძია ინფორმაცია ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობების შესახებ.[6] ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯების მავნებლური ტრადიცია კანონიერია და ქალთა 88% აღნიშნული ტრადიციის მსხვერპლია.[7] სუდანის ეროვნული შუალედური კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს, ებრძოლოს ისეთ საზიანო ტრადიციებს და წესებს, რომლებიც ქალთა ღირსებას ლახავს. მიუხედავად ამისა, არცერთი საკანონმდებლო ნორმით ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯების ტრადიცია აკრძალული არაა და აღნიშნული ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.[8] ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ზოგადად, ქალები სუდანში, განსაკუთრებით პერიფერიულ და კონფლიქტურ ზონებში, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალი რისკის წინაშე დგანან.[9]

ბევრი ტრადიციული და ისლამური სამართლის ნორმა, რომელიც განმარტებული და მიღებულია მთავრობის მიერ, დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ისლამური კანონებით, ქვრივ ქალს ქმრის ქონების 1/8 ეკუთვნის; დანარჩენი 7/8 შვილებზე ნაწილდება (2/3 ბიჭებზე და 1/3 გოგონებზე). გარკვეულ სასამართლო პროცესებზე ქალთა ჩვენებას არ აქვს იგივე ძალა, როგორიც მამაკაცის ჩვენებას; ამასთან, სავალდებულოა, რომ ერთსა იმავე ჩვენებას ორი ქალი იძლეოდეს. ზოგიერთ სამოქალაქო დავაში ქალებისა და კაცების ჩვენებას ერთი ძალა აქვს. მუსლიმ ქალს აკრძალული აქვს კანონიერად გაჰყვეს ცოლად არა-მუსლიმ კაცს.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[5] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[6] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Darfur – COI Compilation, September 2017, available at:

[accessed 19 December 2018]

[7] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[8] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

[9] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Report; Sudan; 27 April, 2016; available at:

[accessed 19 December 2018]

[10] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 26 December 2018)

სუდანი. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. დეკემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში სუდანის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებენ და აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიების წევრებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკურ აქტივისტებს. გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები ქვეყანაში თვითნებურად იზღუდება. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმეა დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმების დარღვევებს.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სუდანს არა თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხი 7-7 ქულითაა შეფასებული (შეფასების სისტემაში 1 ყველაზე უკეთესი, ხოლო 7 ყველაზე უარესი შეფასებაა). ანგარიშში ნათქვამია, რომ სუდანის პოლიტიკურ სისტემაში დომინირებს ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და მისი ეროვნული კონგრესის პარტია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს რეპრესიულ მეთოდებს. რეჟიმი ძალადობს, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე, იმ რეგიონული, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, ვინც არ იზიარებს მის ნაციონალისტურ ხედვას. სამოქალაქო საზოგადოება მკაცრი შეზღუდვების ქვეშაა. რელიგიური უფლებების პატივისცემა არ ხდება და მედია მკაცრად კონტროლდება.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სუდანის შესახებ წერს, რომ მთავრობა რეპრესიული მეთოდებით ზღუდავს ფუნდამენტურ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რელიგიის თავისუფლებას და უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით. დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში სუდანის სწრაფი მხარდაჭერის ძალები და მთავრობასთან ასოცირებული სხვა ძალები იერიშებს ახორციელებენ მშვიდობიან მოსახლეობაზე. პასუხისგებაში არ იქნენ მიცემულნი დამნაშავეები, რომელთაც ან კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული ან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ და მოახდინა გაზეთების კონფისკაცია.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სუდანში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ წერს, რომ სუდანი არის რესპუბლიკა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ავტორიტარული პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ-ბაშირის ხელში. მისი ეროვნული კონგრესის პარტია 28 წლის განმავლობაში თითქმის აბსოლუტურ პოლიტიკურ კონტროლს აწესებს. სუდანში ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა. ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის მიზეზი გახდა მტრული დამოკიდებულების შეცვლის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „ეროვნული დიალოგისა“ და რეფორმების და სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის დისკუსიის დაწყების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნების ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფა. ხელისუფლების კონტროლირებადი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით არჩევნებზე აქტივობამ 46% შეადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქტივობა გაცილებით დაბალი იყო. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალ-ბაშირმა ამომრჩეველთა ხმები 94% მიიღო.

სამოქალაქო ხელისუფლება დროდადრო ვერ ახერხებს ეფექტური კონტროლი დააწესოს უსაფრთხოების ძალებზე. რიგი შეიარაღებული ელემენტები ღიად არ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რის გამოც ძნელი დასადგენია თუ კონტროლის ქვეშ ოპერირებენ. ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები, წამება, ცემა, გაუპატიურება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა და სასჯელი პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ. ადგილი აქვს უსაფრთხოების ძალების მიერ თვითნებური დაკავებების ფაქტებს. საპატიმრო დაწესებულებებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში პირობებია. იზღუდება გამოხატვის პრესის, შეკრების, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება. ხშირად ხურავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის გაუპატიურებისა და სასქესო ორგანოების დასახიჩრების შემთხვევებისას იშვიათია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ფაქტები. ადგილი აქვს ადამიანებით ვაჭრობასა და ბავშვების სამხედრო მოქმედებებში ჩართვას. ერთსქესიანთა ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. მთავრობა არ იძიებს ეროვნული დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების, სამხედროების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს. დაუსჯელობა ხელისუფლების ყველა შტოში სერიოზულ პრობლემად რჩება.

შიდა კონფლიქტის ზონებში, როგორიცაა დარფური, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატები, უსაფრთხოების ძალები, შეიარაღებული დაჯგუფებები და ამბოხებულები კლავენ, აუპატიურებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Sudan, 18 January 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Sudan, 20 April 2018

 (accessed on 18 December 2018)

სუდანი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2018

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

სუდანის შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურებმა თავი უნდა შეიკავონ დარფურში, წითელი ზღვის და ეთიოპიის საზღვართან ასევე, აბეის რეგიონში, სამხრეთ კორდოფანში და ლურჯი ნილოსის შტატში, ჩრდილოეთ კორდოფანის და თეთრი ნილოსის შტატში, კოსტი-ელ ობეიდ-ენ ნაჰუდის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან.

მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ტურისტებს შეუძლიათ იმოგზაურონ ენ-ნაჰუდის დასავლეთ ქალაქებში დარფურის საზღვრამდე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, პურზე ფასების ზრდის გამო, საპროტესტო აქციები იმართებოდა, სუდანის გარკვეულ ტერიტორიებზე, კონკრეტულად კი დასავლეთ დარფურის, ვად მადანის, ომდურმანის და ბაჰრის რაიონებში; ხარტუმში, ასევე, ხარტუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე. საპროტესტო აქციის დასაშლელად, ზოგ შემთხვევაში ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული.

ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ძალებსა და მეამბოხე დაჯგუფებებს შორის შეტაკებების განახლების შესახებ ლიბიის საზღვრის მიმდებარედ და სამხრეთ დარფურში.[1]

“Amnesty International”-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება სუდანში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს, უსაფრთხოების ძალების სამიზნეს წარმოადგენდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები, ადამიანის უფლებათა დამცველები და პოლიტიკური აქტივისტები, რომელთაც თვითნებურად აკავებდა და აპატიმრებდა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება თვითნებურად იზღუდებოდა. უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა დარფურში, ლურჯ ნილოსსა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში კვლავ შემაშფოთებელი იყო, სადაც მუდმივად ირღვეოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართალი.[2]

“Human Rights Watch”-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სუდანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კვლავ ჰქონდა ადგილი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებს და ძალადობას ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევას და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას.

დარფურში, სამხრეთ კორდოფანში და ლურჯ ნილოსში, სუდანის სწრაფი მოქმედების ძალები და სხვა მთავრობის მოკავშირე ძალები თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს აქტივისტი სტუდენტები, ადამიანის უფლებების დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები და ჟურნალისტები.

შეკრების, აზრის გამოხატვის და ასოციაციის თავისუფლება

სამთავრობო უსაფრთხოების ძალები გადაჭარბებულ ძალას იყენებდნენ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად. სექტემბერში, სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ დარფურში, კალმას იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოცამდე ადამიანი დაიჭრა. ბანაკში მცხოვრები პირები, პრეზიდენტ ალ-ბაშირის ვიზიტს აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა უნივერსიტეტების ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციების დროს. მაისში, თეთრი ნილოსის შტატში, სადაო არჩევნებთან დაკავშირებით მომხდარი შეტაკებების შემდეგ, პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა რეიდები განახორციელეს საერთო საცხოვრებელში, სადაც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე დაიჭრა ხოლო ათობით სტუდენტი დააკავეს. აღნიშნული დაკავებების საპასუხოდ, 1000-ზე მეტი დარფურელი სტუდენტი წამოვიდა  უნივერსიტეტიდან. ისინი უნივერსიტეტს ადანაშაულებდნენ დარფურელი სტუდენტების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. წლის ბოლოსთვის 9 სტუდენტი კვლავ საპატიმროში რჩებოდა.

აგვისტოდან სექტემბრამდე პერიოდში, უსაფრთხოების ძალების ოფიციალურმა პირებმა  გაერთიანებული სახალხო ფრონტის, დარფურის მეამბოხეთა ჯგუფის სტუდენტური განშტოების ათობით წევრი დააკავეს, რომლებიც ხარტუმის და ომდურმანის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ატარებდნენ.

რელიგიის თავისუფლება

2017 წლის დასაწყისში, ხარტუმის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი გაანადგურებდნენ სულ მცირე 27 ტაძარს ხარტუმში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა საეკლესიო ორგანიზაციამ. მაისში, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის შემდეგ, პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გაანადგურეს ხარტუმში, სობას ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია.

ხელისუფლების წამომადგენლებმა აკრძალეს ახალი ეკლესიების მშენებლობა. 2013 წელს, ხელმძღვანელობის და შემოწირულობის საკითხების მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის ახალი ეკლესიების აგების აუცილებლობა, რადგან ჩრდილოეთ სუდანელი ქრისტიანები ჩრდილოეთ სუდანში დაბრუნდებიან 2011 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ.[3]

[4]

ავსტრიის თავშესაფრისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრმა (ACCORD) 2017 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა რუკა, სადაც  მოცემულია ინფორმაცია 2017 წლის მეორე ნახევარში, სუდანის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ინციდენტების  შესახებ:

ალ-ჯაზირას ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ვად მედანში დაფიქსირდა 2 ინციდენტი, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.

ალ ქადაფირის ტერიტორიაზე, ბუსანდას და გადარეფში დაფიქსირდა 2 ინციდენტი, ასევე უმსხვერპლოდ დასრულდა.

ლურჯი ნილოსის შტატში, ბაუს, ბაუთის და ედდამაზინის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 6 ინციდენტი, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცენტრალურ დარფურში, აჯას, ბარბარას, ბინდისის, ბოგას, ბუროს, დაბ ნაირას, აღმოსავლეთ ჯაბელ მარას, ფანგა სუკის, გოლოს, გულდოს, ჰებელ მარაჰის, კურიფალის, კვილას, მაგულას, მარას, მარრას, მურაიას, ნერტიტის, ნიამას, სალაიალეს, შავას, სურეს, უმ დუხუნის, ზალინგეის ტერიტორიებზე დაფიქსირდა 41 ინციდენტი, რასაც 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღმოსავლეთ დარფურში, ადილას, არტო ბარგოს, ედ დაეინის, კილა აბის, მუჰაჯირიას, საბანემას, შატაიას, შაერიას, ტუჰამას, უშაირაიას, ტერიტორიებზე 12 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კასალაში, ახალი ჰალფას ტერიტორიაზე ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელსაც მსხვერპლი არ მოყოლია.

ხარტუმის შტატში, ქ. ხარტუმის, ომდურმანის და აღმოსავლეთ სობას ტერიტორიაზე 20 ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 1 ადამიანი იქნა მოკლული.

ჩრდილოეთ დარფურში, ბანჯადიდის, ელ ფაშერის, ენსიროს, ფატა ბორნოს, გალაბის, ჯაბალ ტინაჰის, კაბკაბიას, კარკას, კარნოის, კატურის, ხიტირის, კორმას, კულის, კუმას, კუტუმის, მაიას, მუზბატის, სარაფ ომრას, სორტონის, ტაბიტის, ტავეიშას, ტავილას, ვადის, ჰავარის, ვადი ტარნის ტერიტორიებზე 54 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ კურდუფანში, ელ ობეიდის და სოდარის ტერიტორიებზე 3 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სუდანის ჩრდილოეთით, დონგოლას, ედ დებას, ვადი ჰალფას ტერიტორიაზე მომხარ 6 ინციდენტს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წითელი ზღვის შტატში, პორტ სუდანის ტერიტორიაზე ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.

მდინარე ნილოსის სთატში, ელ მატამას ტერიტორიაზე ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.

სენარის შტატში, ალ-მაზმუმის, ასალაიას და ელ სუკის ტერიტორიებზე 3 ინციდენტი დაფიქსირდა, რომლიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

სამხრეთ დარფურში, ბირკატულის, ბურამის, დერიბატის, დუმას, ედ ალ ფურსანის, ჰაშაბას, კასის, კეილას, მარშინგის, ნადჰიფის, ნიტეაგას, ნიალას, და სესაბანის ტერიტორიებზე მომხდარ 25 ინციდენტს, 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამხრეთ კურდუფანში, დელინგის, ჯაბალ ჰაჯარ აჯავადის, კალკადას და ლირის ტერიტორიებზე მომხდარ 9 ინციდენტს, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დასავლეთ დარფურში, ელ გენეინას, კრინდიგის, მურნეის, სერაფ ჯიდადის, სირბას, უმ დუხას ტერიტორიებზე მომხდარ 7 ინციდენტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დასავლეთ კურდუფანში, ან ნაჰუდის, დაბატ უბაიდის, ელ ფულას და მეირამის ტერიტორიებზე 9 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თეთრი ნილოსის შტატში, ბახტ არ რუდას, კაბამბურა ალიფის და უმ სუნქურის ტერიტორიებზე მომხდარ 5 ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[5]

[1] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice: Sudan; Updated: 30 April 2018;  https://www.gov.uk/foreign-travel-advice/sudan [accessed May 1, 2018]

[2] Amnesty International Report: Sudan 2017/2018 https://www.amnesty.org/en/countries/africa/sudan/report-sudan/ [accessed May 1, 2018]

[3] Human Rights watch: World Report 2018/Sudan/Events of 2017 https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/sudan [accessed on 1 May 2018]

[4] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Sudan, 2. Quartal 2017: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 14 September 2017

[accessed on 1 May 2018]

[5] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Sudan, 2. Quartal 2017: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 14 September 2017

[accessed on 1 May 2018]

სუდანი. ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა. იანვარი, 2018

უგანდაში დაფუძნებული ერითრეის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „Africa Monitors“-ის მიერ, 2016 წლის აგვისტოს, გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სუდანში მცხოვრები ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა და მოყვანილია ინტერვიუ ერთ-ერთ ერითრიელ ლტოლვილთან თესფაისთან, რომელიც 2014 წელს სხვა 1,000 (UNHCR-ის სტატისტიკით, ყოველთვიურად 1,000 ერითრიელი ჩადის სუდანში) ერითრიელთან ერთად ჩავიდა სუდანში. სუდანი ერითრიელ ლტოვილებს მას შემდეგ იღებს, რაც 1968 წელს ეთიოპია-ერითრეას შორის დაიწყო კონფლიქტი. ყველაზე დიდი ლტოლვილთა ბანაკი აღმოსავლეთ სუდანში არის შაგარაბის ბანაკი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ლტოლვილთა ბანაკია აფრიკაში. ერითრეიდან გაქცეული ლტოლვილების უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები და კაცები შეადგენენ, რომლებიც გაურბიან სამხედრო სამსახურს, ვინაიდან მისი ხანგრძლივობა წლობით და ზოგჯერ ათწლეულების მანძილზე გრძელდება.

ათწლეულების განმავლობაში, ერითრიელები თანაარსებობდნენ სუდანის თემში, სინამდვილეში აღმოსავლეთ სუდანის ორი ძირითადი ტომი ცხოვრობს საზღვრის ორივე მხარეს, რის გამოც აღმოსავლეთ სუდანელებისთვის ერითრიელი ოჯახის წევრის ყოლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, 2013 წლიდან, ერითრიელებისთვის სიტუაცია უფრო გართულდა, რაც გამოწვეული იყო სუდანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, რის შედეგადაც გაიზარდა ანტი-მიგრაციული განწყობა. თესფაის თქმით, სუდანი მათთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა, ახლა კი საზოგადოების ყოველი წევრი ეუბნება, რომ სუდანი მათთვის უსაფრთხო აღარაა.

ადამიანებით ვაჭრობის საკითხში სპეციალიზებული სუდანელი ჟურნალისტის, სალიჰ ამმარის, განცხადებით, ბოლო წლებში გაიზარდა ერითრიელი ლტოლვილების დეპორტაცია, ვინაიდან სუდანი სულ უფრო მეტად იყენებს „პასპორტის და იმიგრაციის კანონს“. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლით, ქვეყანაში არალეგალური შესვლა ისჯება დეპორტაციით,  მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილები კონტრაბანდული გზით შედიან ქვეყანაში, კანონი არ არის სენსიტიური იმ პირების მიმართ, რომელთაც აქვთ ლტოლვილის სტატუსი, რაც, რიგითი მიგრანტებისაგან განსხავებით, მათ დაცვას ითვალისწინებს.

სუდანი, როგორც ლტოლვილების მიმღები და ტრანზიტული ქვეყანა, ევროპისთვის გახდა მთავარი პარტნიორი, ვინაიდან სწორედ სუდანიდან ჩადის ევროპაში ლტოლვილთა ძირითადი ნაკადი. შედეგად, 2016 წლის აპრილში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ევროკომისარი, ნევენ მიმიკა, ჩავიდა სუდანში და მიგრაციის მართვის მოსაგვარებლად, ქვეყანას 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი შესთავაზა.

თესფაის განცხადებით, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ევროკავშირმა სუდანს ფული შესთავაზა, ხელისუფლების მხრიდან მათდამი დამოკიდებულება უფრო მკაცრი გახდა. გაიზარდა პოლიციის მიერ „გაწმენდითი“ სამუშაოები, დაიწყეს რეიდები ლტოლვილების სახლებში და  ეკლესიებში, ლტოლვილებს კი ქუჩიდან იყვანდნენ.

ერითრიელ ლტოლვილთა უფლებადამცველი ერითრიელ-შვედი აქტივისტის, ესტეფანოსის, თქმით, ხართუმში, ქასსალაში, ჰალფაში და სხვა ქალაქებში ხელისუფლება ატარებს რეიდებს და კარდაკარ აპატიმრებს ლტოლვილებს. მათ ვერც სახელმწიფო და ვერც UNHCR ვერ იცავს. მისივე თქმით, ერითრიელები სუდანში გადაადგილებისას, ჯიბით ყოველთვის ატარებენ გარკვეული ოდენობის თანხას, რაც მათ პოლიციის მოქრთამვისთვის გამოადგებათ, როდესაც ისინი დასაპატიმრებლად აიყვანენ. ამჟამად კი, ფულის გამოძალვამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

თესფაის განცახებით, ერითრიელები დაახლოებით 4,000 სუდანურ ფუნტს უხდიან პოლიციის ოფიცრებს, რომ თავისუფლება იყიდონ. სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სუდანს ფულს გადაუხდის, რათა ერითრიელ ლტოლვილებს აღარ მისცეს ზღვის გავლით ევროპაში გადაადგილების საშუალება, სუდანის პოლიცია აღარ აიღებს ქრთამს ერითრიელი ლტოლვილებისგან. ესტეფანოვას შეფასებით, მესიჯი რომელიც ევროკავშირმა სუდანს გაუგზავნა არის, ევროპისკენ მიგრაციის შეჩერება ნებისმიერ ფასად.

ამმარის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება სუდანის მთავრობას, სუდანის მთავრობა კი პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები მიუთითებენ უსაფრთხოების ძალების და პოლიციის ოფიცრების ჩართულობას ადამიანებით ვაჭრობაში.

აღმოსავლეთ სუდანში, რომელიც, საზღვრის კვეთის შემდეგ, პირველი დანიშნულების ადგილია ერითრიელებისთვის, ლტოლვილთა ბანაკების პირობები მძიმეა და არ არის საკმარისი საკვები. ამმარის განცხადებით, როდესაც მან მოინახულა ბანაკები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მათ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა ლტოლვილთა გამოკვება, არამედ მისცეს უსაფრთხო ტერიტორია და იცავენ მათ. მისივე თქმით, ბანაკში არსებული საცხოვრებელი პირობები იყო საშინელი.

ერითრიელ ლტოლვილთა მხოლოდ მცირე რაოდენობა სარგებლობს ლტოლვილთა ბანაკებით, დანარჩენები უფრო დიდ ქალაქებში მიდიან საცხოვრებლად, სადაც სხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. ისინი არა მხოლოდ, იძულებულნი არიან გადაიხადონ რეგულარული ქრთამი, არამედ ხელისუფლებისა და ლტოლვილთა სამთავრობო ორგანოს – ლტოლვილთა კომისიის (COR) – მხრიდან ექვემდებარებიან ძალადობას.

ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სუდანელი ადვოკატის განცხადებით, „COR“ ხელს უშლის ლტოლვილთა დაცვას, ისინი უარყოფენ მათ ლტოლვილის სტატუს და ართმევენ ლტოლვილის დამადასტურებელ მოწმობებს, რის გამოც ხდებიან მოწყვლადები და პოლიციის მხრიდან ხდება მათი დაპატიმრება. პოლიციის მხრიდან ხდება მათი ექსპლოატაცია და დაშანტაჟება, ხოლო არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალები წარმოადგენენ სამიზნე ობიექტებს, მაგალითად, ქალი ჩაის გამყიდველებს საკუთარი აღჭურვილობა აქვთ ჩამორთმეული.[1]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სუდანის ხელისუფლებამ მოახდინა 442 ერითრიელის დეპორტაცია, რომელთაგან ექვსი რეგისტრირებული ლტოლვილი იყო. ლტოლვილთა საკითხებში „Human Rights Watch“-ის მკვლევარის და ადვოკატის, ჯერრი სიმფსონის, განცხადებით, სუდანი აპატიმრებს და ერითრეის რეპრესირებულ მთავრობას იძულებით გადასცემს ერითრიელებს ისე, რომ არ აძლევს მათ საშუალებას მოითხოვონ თავშესაფარი.

საერთაშორისო სააგენტოებს არ აქვთ საშუალება მონიტორინგი გაუწიონ ერითრეაში დეპორტირებული ერითრიელების მიმართ მოპყრობას.[2]

საინფორმაციო პორტალის „Reliefweb“-ის მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქასსალაში, აღმოსავლეთ სუდანის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, პოლიციამ დააპატიმრა თხუთმეტი ერითრიელი ლტოლვილი. აღნიშნული პირები ქასსალას ციხეში იმყოფებიან და ელოდებიან სასამართლო პროცესს.

რადიო „დაბანგას“ ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში, სუდანის სასამართლომ 104 ერითრიელი ლტოლვილის დეპორტაცია მოახდინა ერითრეაში.[3]

მედია საშუალება „News 24“-ის მიერ 2018 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით,  ქასსალას შტატის გამგებლის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებით, სუდანმა, აღმოსავლეთით, ჩაკეტა საზღვრი ერითრეასთან.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზები არ იქნა განმარტებული, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა 30 დეკემბერს ქასსალაში და ჩრდილოეთ კორდოფანში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სამთავრობო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ზემოაღნიშნულ ორ შტატში უკანონო იარაღის ამოღება.

ქასსალასა და ჩრდილოეთ კორდოფანის გარდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სუდანის საომარი მოქმედებების ზონებში: დარფურში, ცისფერ ნილოსზე და სამხრეთ კორდოფანში.[4]

 

[1] Africa Monitors – Eritrean Refugees in Sudan Coming Under Attack, 20 August 2016, available at: https://africamonitors.org/2016/08/20/eritrean-refugees-in-sudan-coming-under-attack/ (accessed on 9 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch, Sudan: Hundreds Deported to Likely Abuse, 30 May 2016, available at: https://www.hrw.org/news/2016/05/30/sudan-hundreds-deported-likely-abuse (accessed on 9 January 2018)

[3] Reliefweb – Eastern Sudan police arrest Eritrean refugees, 8 September 2017, available at: https://reliefweb.int/report/sudan/eastern-sudan-police-arrest-eritrean-refugees (accessed on 9 January 2018)

[4] News24 – Sudan shuts border with Eritrea: state media, 7 January 2018, available at: https://www.news24.com/Africa/News/sudan-shuts-border-with-eritrea-state-media-20180106-2 (accessed on 9 January 2018)

სუდანი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. იანვარი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის მიერ 2017 წელს სუდანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, 2016 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. სამთავრობო ძალების მხრიდან, დარფურის, სამხრეთ კორდოფანის და ცისფერი ნილოსის შტატებში,  მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით ხორციელდებოდა თავდასხმები. ადგილი ჰქონდა ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ფართოდ იყო გავრცელებული აქტივისტების, სტუდენტების და მომიტინგეების თვითნებური დაკავებები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის მიუხედავად, ეროვნული კონგრესის მმართველმა პარტიამ ახალი კონსტიტუციისა და მთავრობის შესაქმნელად (2011 წელს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ), დაიწყო ეროვნული დიალოგის პროცესი.

კონფლიქტი დარფურში

2016 წლის იანვარში, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა, მათ შორის სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა და მოკავშირე მილიციამ, განახორციელეს კოორდინირებული სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები ჯებელ მარრაში მდებარე დასახლებულ სოფლებზე, რომელიც წარმოადგენს მეამბოხეთა დასაყრდენ ადგილს ცენტრალურ დარფურში. აღნიშნული თავდასხმები წლების მანძილზე გრძელდება, რომელიც, 2014-2015 წლებში, დარფურის „ზაფხულის გადამწყვეტი ოპერაციის“ კამპანიის დროს დაიწყო.

სამთავრობო ძალებმა მოკლეს სამოქალაქო პირები, გააუპატიურეს ქალები და ბავშვები და გაანადგურეს ასობით სოფელი. გაეროს შეფასებით, სექტემბერში ძალადობის შედეგად 190,000 იძულებით გადაადგილებული პირი იყო ქვეყანაში, რომელთა დახმარებაზეც ჰუმანიტარულ სააგენტოებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დარფურის სხვა ადგილებში, სამთავრობო ძალების მხრიდან სამოქალაქო პირებზე თავდასხმებმა და თემის შიგნით მიწებზე და რესურსებზე არსებულმა ბრძოლებმა გამოიწვია სიკვდილიანობა, განადგურება და იძულებითი გადაადგილება.

„Amnesty International“-ის ცნობით, მთავრობამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა სუდანმა, რომელიც 1999 წლიდან ქიმიური იარაღის კონვენციის წევრია, უარყო ბრალდება და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) შეუზღუდა გამოძიების ფარგლები.

ხელისუფლების ორგანოებმა დაბლოკეს აფრიკის კავშირის/გაეროს სამშვიდობო მისია, UNAMID, ჯებელ მარრას რეგიონიდან, რითაც მისიას ხელი შეუშალეს, განეხორციელებინათ სამოქალაქო პირების დაცვა.

კონფლიქტი და ძალადობა ცისფერ ნილოსსა და სამხრეთ კორდოფანში

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ამბოხებულებს შორის, უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში და ცისფერ ნილოსზე. ნუბას მთებში, სამთავრობო ძალებმა, მოკავშირე მილიციასთან ერთად, სოფლებში და სხვა დასახლებულ ადგილებში მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე, განახორციელეს სახმელეთო თავდასხმები და განურჩეველი დაბომბვები. თავდასხმები ძირთადად მარტიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მხოლოდ მაისში, თავდასხმებმა ექვსი ბავშვი იმსხვერპლა, მათი გასვენებისას კი, რამდენიმე დაიჭრა, ასევე განადგურდა ქაუდაში მდებარე სკოლა და დაიჭრა ერთი მასწავლებელი. სამთავრობო ძალებმა გადაწვეს მარცვლეული კულტურები, მოიპარეს საკვები და სამეურნეო ადგილებში მცხოვრები ხალხი გადაასახლეს. თავდასხმებმა გამოიწვია სამოქალაქო პირების გაუმართლებელი სიკვდილი, მათ შორის ბავშვების, დაიჭრა ბევრი და განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის ქონება.

მთავრობამ ჰუმანიტარულ სააგენტოებს აუკრძალა ცისფერი ნილოსის და სამხრეთ კორდოფანის ამბოხებულ ტერიტორიებზე საქმიანობა, ასევე არ დათანხმდა მეამბოხე ჯგუფებთან ჰუმანიტარული დახმარების პირობებს.

თვითნებური დაკავებები, წამება და არასათანადო მოპყრობა

სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (NISS) – რომელიც ცნობილია შეურაცხმყოფელი ტაქტიკით, მათ შორის, რეალური და მოაზრებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წამებით – დააკავა აქტივისტები, სტუდენტები, ადვოკატები, ექიმები და თემის/საზოგადოების ლიდერები, რომლებიც მიიჩნეოდნენ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებად.

დაკავებულთა უმრავლესობა სცემეს და დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმებს. ზოგიერთი ქალი აქტივისტის განცხადებით, დაკავების დროს, ეროვნული უსაფრთხოების ძალების მხრიდან სექსუალური ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ. „Human Rights Watch“-ის მიხედვით, ხელისუფლება თვითნებურ დაკავებებს, სექსუალურ ძალადობას და საზოგადოებრივი წესრიგის კოდექსს იყენებს ქალი ადამიანის უფლებათა დამცველების გასაჩუმებლად.

მშვიდობიანი შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლება

იანვარში, დასავლეთ დარფურში, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს საბრძოლო იარაღი საპროტესტო აქციის დასაშლელად, რომლებიც იქ მდებარე ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას აპროტესტებდნენ. სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იქნა მოკლული აღნიშნული ინციდენტის დროს.

აპრილში, უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად ჩაახშეს ხართუმის უნივერსიტეტთან გამართული სტუდენტების საპროტესტო აქცია, სადაც გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი, ხოლო ჩრდილოეთ კორდოფანში და ომდურმანში პროტესტის შესაჩერებლად გამოიყენეს საბრძოლო იარაღი, რომელსაც ემსხვერპლა ორი სტუდენტი და დაშავდა ათობით პირი.

2013 წლის სექტემბრის საპროტესტო აქციისას მოკლული 170 პირის საქმეზე დღემდე არავინაა მიცემული პასუხისგებაში, მსხვერპლთა უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.

უსაფრთხოების ძალები ზღუდავდნენ მედიის თავისუფლებას, ემუქრებოდნენ ჟურნალისტებს და წლის განმავლობაში, რეგულარულად ახდენდნენ გაზეთების კონფისკაციას. მაისში,  გაზეთ „ალ-ჯარიდას“ ხუთჯერ ჩამოერთვა გამოცემები, ვინაიდან მათ გააშუქეს სტუდენტთა დემონსტრაციები. ოქტომბერში, განხორციელდა გაზეთ „ალ-ვატანის“ კონფისკაცია, ვინაიდან გააშუქეს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი სამედიცინო მუშაკთა გაფიცვები.

სუდანი ასევე ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და ადგილი აქვს სასულიერო პირების დაკავებას. 2015 წლის დეკემბრიდან, შპიონაჟის და სხვა ბრალდებებით, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, დაკავებულია სამი პასტორი და ერთი დარფურელი აქტივისტი.[1]

2017 წლის ოქტომბერში, აშშ-მ სუდანს ათწლეულების მანძილზე არსებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა, რაც იანვარში გაკეთებული აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ განხორციელდა, რომელიც მიუთითებდა გაუმჯობესებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმები ცალსახად არ იყო მოხსენიებული.  „Human Rights Watch“ აშშ-ს მოუწოდებს, რომ სუდანთან თანამშრომლობისას, ადამიანის უფლებები მთავარ საკითხად განიხილოს.

„Human Rights Watch“-ის აფრიკის საკითხებში უფროსი მკვლევრის, ჯეჰანნე ჰენრის თქმით, წამება და ხანგრძლივი თვითნებური დაპატიმრება, როგორც განსხვავებული აზრისა და დიალოგის დამხშობი საშუალება, რუტინული პრაქტიკაა სუდანში.[2]

[1] HWR – Human Rights Watch, World Report 2017 – Sudan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/sudan (accessed on 09 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch: Sudan: Charge or Release Rights Activists, 19 December 2017

 (accessed on 9 January 2018)