ტანზანია. ლგბტ პირების მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2018

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს ტანზანიაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობა უკანონოა და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. კანონის მიხედვით, უშუალოდ მატერიკზე და ზანზიბარშიც, „გარყვნილი ქმედება“ დასჯადია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით, ხოლო „თუ კაცს აქვს ბუნების საწინააღმდეგო სქესობრივი კავშირი სხვა პირთან ან ნებას აძლევს სხვა პირს, ჰქონდეს აღნიშნული კავშირი მასთან“, სჩადის დანაშაულს, რომელიც დასჯადია მატერიკზე 30 წლით, ხოლო ზანზიბარზე – 14 წლით თავისუფლების აღკვეთით. ზანზიბარში, ასევე, დასჯადია „ლესბოსელობა“ – 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევებში, მტკიცების ტვირთი საკმაოდ მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, საქმე იშვითად მიდის ოფიციალური სამართლებრივი დევნის დაწყებამდე. თუმცა, როგორც წესი, ესაა საფუძველი და საშუალება იმისთვის, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღონ ქრთამი ან აიძულონ კონკრეტული მოწყვლადი პირი იძულებით სექსუალურ ურთიერთობაზე.

მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან ლგბტი ადამიანების უფლებების კუთხით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას, რადგან ეს, მათი აზრით, წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და საზოგადოების მორალურ ნორმებთან. მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები ღიად აკეთებენ ანტი-ლგბტი განცხადებებს;  2016 წლის აგვისტოში, ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო იძიებდა საქმეს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც სავარაუდოდ მხარს უჭერდა ჰომოსექსუალიზმს და ერთსქესიანთა ქორწინებას; ლგბტი პირები ხშირად წარმოადგნენ მთავრობის მიერ ავტორიზებული სამოქალაქო პატრულის სამიზნეებს; ტანზანიის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ დაავალა ერთერთ სატელევიზიო არხს საჯარო ბოდიშის მოხდა იმ მოტივით, რომ მათ გადაცემაში აჩვენეს ინტერვიუ ტრანსგენდერ ქალბატონთან და, რომ ეს ფაქტი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ტანზანიურ ღირებულებებს. ლგბტი თემი, ასევე, ხშირად აწყდება დისკრიმინაციას სოციალური ნიშნით ჯანდაცვის, დასაქმების, საცხოვრებლისა თუ აივ ინფექციის შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით. მთავრობა არ იღებს ზომებს, რათა აღმოფხვრას აღნიშნული დისკრიმინაცია.[1]

„Amnesty International“ 2018 წლის ანგარიშში ტანზანიის შესახებ წერს, რომ მთავრობა აგრძელებს ბრძოლას ლგბტი თემის წინააღმდეგ. მათ დახურეს ჯანდაცვის ცენტრები და გაუქმებით ემუქრებიან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან და კონკრეტულ სერვისებს სთავაზობენ აღნიშნულ პირებს. 2017 წლის 17 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა გააუქმა 40 კერძო ჯანმრთელობის ცენტრი, დაადანაშაულა რა ისინი ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაში. 25 ივნისს, საგარეო საქმეთა უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააძევებს ნებისმიერ უცხოელს ან დააკავებს ნებისმიერს, რომელიც მუშაობს ლგბტი თემის უფლებების დაცვაზე.

2017 წლის 18 სექტემბერს, ზანზიბარში დააკავეს 12 ქალი და 8 მამაკაცი მაშინ, როდესაც ისინი ესწრებოდნენ ტრენინგს აივ ინფექციის თემაზე. მთავრობამ ისინი დაადანაშაულა ლგბტი უფლებების პოპულარიზაციაში. 17 ოქტომბერს დაკავებულ იქნა ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა 13 აქტივისტი (მათ შორის, 3 უცხოელი), რომლებიც შეხვედრაზე მსჯელობდნენ მთავრობის მიერ ლგბტი თემისთვის კონკრეტულ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, 27 ოქტომბერს ყველა მათგანი გაათავისუფლეს.[2]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ტანზანიის შესახებ წერს, რომ 2016 წლიდან ტანზანიის მთავრობამ დაიწყო უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების კამპანია ლგბტი თემის და მათი უფლებადამცველების წინააღმდეგ, დახურეს კერძო კლინიკები, რომლებიც სერვისებს სთავაზობდნენ ჰომოსექსუალებს, სექს-მუშაკებს, ნარკოტიკების მომხმარებლებს; მარტში, პოლიციამ, სოციალურ ქსელში „Instagram“ გავრცელებული პოსტის გამო, ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულა 19 წლის მამაკაცი და დაუქვემდებარა სწორი ნაწლავის იძულებით შემოწმებას, რომელიც წამების ფორმადაა მიჩნეული. კამპანიის შედეგად, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, შიდსით დაავადებულები იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ მკურნალობა, ხოლო ჰომოსექსუალებს შეუწყდათ ტესტირებისა და პრევენციის ცენტრებზე წვდომა.[3]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ტანზანიაში საზოგადოების მხრიდან ლგბტი თემის მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ 2014 წლის ანგარიშში წერს, რომ „სექსუალური უმცირესობა ხშირად აწყდება დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან. ტანზანიელი საზოგადოება გეებს აღიქვამს, როგორც „დაწყევლილებს“ და „კრიმინალებს“, ხოლო ჰომოსექსუალიზმს, როგორც დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ და ტანზანიური კულტურის საწინააღმდეგო ცოდვას. წყაროები უთითებენ, რომ ლგბტი პირების უმრავლესობა ერიდება საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ დაფიქსირებას, რადგან ეშინია საზოგადოებრივი წნეხის. ლგბტი თემის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან სირთულეებს დასაქმების კუთხით. მრავალმა მათგანმა დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც გამოააშკარავეს თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. ასევე, Human Rights Watch-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს ტრანსგენდერი მამაკაცი სასტიკად იქნა ნაცემი დერ ეს სალაამის პოლიციის მიერ, რომელიც მხოლოდ 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

ანგარიშის მიხედვით, ლგბტი თემი ასევე აწყდება სოციალურ დისკრიმინაციას საცხოვრებლის და განათლების მიღების კუთხით; დაფიქსირდა სკოლებიდან ლგბტი პირების გარიცხვის 10 ფაქტი, ხშირია სტუდენტების მიერ სწავლისთვის თავის ნებაყოფლობითი დანებების ფაქტები, რაც გამოწვეულია მათდამი სტუდენტების, მასწავლებლების და ლექტორების ჰომოფობიური დამოკიდებულებით. ადგილი აქვს დისკრიმინაციას ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის, ზოგჯერ, მკურნალობაზე უარის თქმას პაციენტის სექსუალური ორიენტაციის გამო. ადგილობრივი ლგბტი აქტივისტის განმარტებით, დისკრიმინაციის ფაქტები უფრო ხშირია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მათ სურთ მკურნალობა აივ ან სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან. ღიად გეი და ტრანსგენდერი პირები აწყდებიან წინააღმდეგობას აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებზე წვდომის კუთხით;[4]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Tanzania, 3 March 2017, available at:

[accessed 1 June 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Tanzania, 22 February 2018, available at:

[accessed 1 June 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Tanzania, 18 January 2018, available at:

[accessed 1 June 2018]

[4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Tanzania: Treatment of sexual minorities by society and government authorities; recourse and protection available to those who have been subject to ill treatment (2007 – July 2014), 8 August 2014, TZA104923.E, available at:

[accessed 1 June 2018]