ტუნისი. კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება. თებერვალი, 2022.

დემოგრაფია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] რელიგიის თავისუფლების შესახებ ტუნისში წერია, რომ 2020 წლის მდგომარეობით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 11.7 მილიონ ადამიანის, რომელთა 99 პროცენტი არიან სუნიტი მუსლიმები. ქრისტიანები, ებრაელები, შიიტი მუსლიმები, ბაჰაის რელიგიის მიმდევრები კი მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენენ.

ქრისტიანული თემის ცნობების მიხედვით ქვეყანაში დაახლოებით 7 000 ტუნისის ქრისტიანი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა  ანგლიკანი ან პროტესტანტია. ტუნისის რელიგიის საკითხთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 30 000 ქრისტიანი ცხოვრობს, უმეტესობა უცხოელი, რომელთა 80 პროცენტი წარმოადგენს კათოლიკეს.

დანარჩენი ქრისტიანული მოსახლეობა შედგება პროტესტანტებისგან, რუსი მართლმადიდებლებისგან, ფრანგი რეფორმისტებისგან, ანგლიკანებისგან, ბერძენი მართლმადიდებლებისგან, იეჰოვას მოწმეებისა და სხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებისგან.

კანონმდებლობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ კონსტიტუცია ქვეყნის რელიგიად ისლამს განსაზღვრავს, თუმცა ქვეყანას „სამოქალაქო სახელმწიფოდ“ აცხადებს.

კონსტიტუცია ქვეყანას „რელიგიის მცველად“ განსაზღვრავს და მოითხოვს, რომ პრეზიდენტი იყოს მუსლიმი. გარდა ამისა ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის, სინდისისა და რელიგიური პრაქტიკის თავისუფლებას.

დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში რელიგიური პროზელიტიზმის კანონით არ იკრძალება, მაგრამ კანონით ისჯება იძულებითი კონვერტაცია.

პრაქტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ქრისტიანი მოქალაქეების განცხადებით გრძელდება მათ მიმართ სამთავრობო და საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ არ განიხილონ ეკლესიის აქტივობები ან თეოლოგია საჯაროდ.

წყაროები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა აკრძალეს 2020 წლის თებერვალში დაგეგმილი რელიგიური კონფერენცია იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ იყო დაკავშირებული COVID-19-თან.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ტუნისის მთავრობა კვლავ უარს აცხადებს ქრისტიანი თემის მიერ იურიდიული პირის ან ასოციაციის შექმნის უფლებაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა შეექმნათ არაბულენოვანი ეკლესია და სასაფლაო. თუმცა, ქრისტიანულ თემს წლის განმავლობაში ხელახლა აღარ წარუდგენია ოფიციალური მოთხოვნა ასოციაციის ან იურიდიული სტატუსის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული სასაფლაოები ქვეყანაში განკუთვნილია უცხოელებისთვის, ხოლო ტუნისის ქრისტიან მოქალაქეებს ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვისთვის უწევთ ნებართვის მთავრობისგან აღება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერს, რომ ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები განიცდიან ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ძლიერ უარყოფას. ზოგიერთმა კონვერტირებულმა ქრისტიანმა განაცხადა, რომ ცემეს და რწმენის გამო სახლი იძულებით დაატოვებინეს.

2020 წლის 3 მაისს, ქალი, რომელსაც ჯვარი ეკეთა გახდა მეზობლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. დაზარალებულმა თავდამსხმელის წინააღმდეგ წარადგინა ბრალდებები, თუმცა წლის ბოლოს აღნიშნული საქმე განუხილველი დარჩა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 18 თებერვალს ტუნისის პოლიციამ დააპატიმრა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე ქრისტიანობაზე კონვერტირების წამახალისებელი ბროშურების დარიგებისთვის.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით რამდენიმე ისტორიულმა ფაქტორმა იქონია გავლენა იმაზე, რომ ტუნისში რელიგიურ უმცირესობებს (ქრისტიანებს უფრო, ვიდრე ებრაელებს) აღიქვამენ, როგორც უცხოელებს ან სულ მცირე, როგორც არასრულ ტუნისელებს.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“-ის მიერ 2021 წლის ნოემბერში განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ტუნისში რამდენიმე სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მათ შორის „ტუნისის ასოციაცია უმცირესობათა მხარდაჭერისთვის“ [The Tunisian Association for the Support of Minorities], განცხადებით იზრდება ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულთა რიცხვი.

მიუხედავად იმისა, რომ კონვერტაცია ტუნისის კანონმდებლობით არ ისჯება, სოციალური ტაბუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ კონვერტირებულ ჯგუფებს ზოგადად დამალვა ურჩევნიათ.  ბევრი მათგანი ოჯახის მხრიდან განდევნასა და ძალადობასაც კი ექვემდებარება კონვერტაციასთან დაკავშირებული სტიგმის გამო.

ინფორმაციის მიხედვით, კონვერტირებულები ასევე შესაძლებელია დაექვემდებარონ უსაფრთხოების ძალების მხრიდან შევიწროებას.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ტუნისში წერია, რომ კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად განიცდიან შევიწროებასა და დისკრიმინაციას.[3]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ტუნისი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[2] Minority Rights Group International – Tunisia – Christians;  განახლებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://minorityrights.org/minorities/christians-7/ [ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[3] Freedom House – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ – ტუნისი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

ტუნისი. ინფორმაცია ზოგადი მდგომარეობის შესახებ. თებერვალი, 2022.

შეიარაღებული კონფლიქტი – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts) პორტალის მიხედვით, ტუნისში არ ფიქსირდება არა-საერთაშორისო ან საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი.[1]

ზოგადი მდგომარეობა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ადამიანის უფლებების შესახებ ტუნისში წერია, რომ ტუნისი არის კონსტიტუციური რესპუბლიკა ორპალატიანი საპარლამენტო სისტემით და პრეზიდენტით, რომლის უფლებამოსილებები კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ანგარიშის თანახმად 2019 წელს ქვეყანაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგაც ქვეყნის სათავეში კაის საადე მოვიდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში უთითებს, რომ 2020 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა: უკანონო და თვითნებურ მკვლელობებს (ძირითადად ტერორისტული ჯგუფების მიერ), სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ განხორციელებული წამების შესახებ ბრალდებებს, ანტიტერორისტული კანონმდებლობით ბრალდებულთა თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვას, კორუფციას და სხვა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch”-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ტუნისში წერია, რომ 2021 წელს ტუნისის უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ ძალადობას ქვეყნის რამდენიმე ნაწილში სოციალურ-ეკონომიკური პროტესტების შესაჩერებლად.

2021 წლის 25 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა კაის საადემ გამოაცხადა, რომ ის ხელში იღებდა  ძალაუფლებას, ქვეყანაში თვეების განმავლობაში პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რომელიც Covid-19-ის პანდემიამაც გაამწვავა.

პრეზიდენტის მიერ გატარებული ზომები მოიცავდა პარლამენტის მუშაობის შეჩერებას, პარლამენტართა იმუნიტეტის მოხსნას, პრემიერ მინისტრისა და  მაღალი თანამდებობის პირების დათხოვნას და პროკურატურის ზედამხედველობის ხელში აღებას.

24 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის მუშაობა განუსაზღვრელი დროით არის შეჩერებული.

29 სექტემბერს კი მან მის მიერ მოწონებული პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დანიშნა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnestry International“-ის მიერ 2021 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ტუნისში სამხედრო სასამართლოები სულ უფრო და უფრო ხშირად იღებენ სამოქალაქო პირებს მიზანში, ზოგ შემთხვევაში პრეზიდენტ კაის საადეს საჯაროდ გაკრიტიკებისთვის. სტატიის მიხედვით მარტო ბოლო 3 თვეში, სამხედრო მართლმსაჯულების სისტემამ გამოიძია ან გაასამართლა მინიმუმ 10 სამოქალაქო პირი მთელი რიგი დანაშაულებისთვის. აღნიშნული შემთხვევებიდან 4 საქმე ეხებოდა სამოქალაქო პირების მიერ პრეზიდენტის კრიტიკას.[4]

საერთაშორისო ინგლისურენოვანი საინფორმაციო არხის „Al Jazeera“-ს მიერ 2022 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 2022 წლის 14 იანვარს ტუნისის დედაქალაქში პრეზიდენტ კაის საადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დასაშლელად ტუნისის პოლიციამ წყლის ჭავლი, ჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.[5]

“Reuters”-ის მიერ 2022 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ტუნისის პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლო საბჭო [Supreme Judicial Council] დაითხოვა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებელი ზედამხედველი იყო და რომელსაც ევალებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.[6]

[1] ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts); ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ – ტუნისი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[3] Human Rights Watch – ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ტუნისში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[4] Amnestry International – Tunisia: Alarming increase in number of civilians facing military courts; გამოქვეყნებულია 2021 წლის 10 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2021/11/tunisia-alarming-increase-in-number-of-civilians-facing-military-courts/#:~:text=9%3A33%20am-,Tunisia%3A%20Alarming%20increase%20in%20number%20of%20civilians%20facing%20military%20courts,July%2C%20Amnesty%20International%20said%20today.[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[5] Al Jazeera – Tunisia police use water cannon to disperse protesters; გამოქვეყნებულია 2022 წლის 15 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2022/1/14/tunisia-police-use-water-cannon-on-hundreds-of-protesters [ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]

[6] Reuters – Tunisian judges accuse president of seeking control, setting up new struggle; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/africa/tunisian-judiciary-head-says-presidents-move-illegal-judges-wont-be-silent-2022-02-06/  [ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]