გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2022 წლის მარტში გამოქვეყნა საკუთარი პოზიცია უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვართან. 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თვითგამოცხადებული რესპუბლიკების [დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა] დამოუკიდებლობა აღიარა. 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია და 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.[1]
მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში – „ზელენსკის თქმით, უკრაინამ განიცადა „სერიოზული დანაკარგები“ რუსეთის შეჭრის გამო“ – წერს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმა უკრაინაზე 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. სარაკეტო იერიშები განხორციელდა აეროპორტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მინიმუმ 25 ქალაქში. აფეთქებებისა და საგანგაშო საყვირების ხმა ისმოდა დედაქალაქსა და იქ მდებარე ბორისპოლის აეროპორტში; ასევე ხარკივში, კრამატორსკში, დნიპროში, მარიუპოლში, ოდესაში, ზაპორიჟიასა და 20 სხვა ქალაქში.[2]
საბრძოლო მოქმედებების გამძაფრების პარალელურად, იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით პერიოდში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობამ 1663 შეადგინა [მათ შორის 596 პირი იქნა მოკლული]. წყაროს განმარტებით, რეალური ციფრები გაცილებით მაღალია, რადგან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ცნობები მიმდინარე რეჟიმში მუშავდება. უკრაინის ძირითადი ქალაქები, როგორებიცაა ხარკივი (აღმოსავლეთით), მარიუპოლი (სამხრეთ-აღმოსავლეთით), მიკოლაივი (სამხრეთით), სუმი (ჩრდილოეთით) და კიევის შემოგარენი კვლავ სერიოზული დარტყმების ქვეშ იმყოფება. 12 მარტს, იერიშის შედეგად, კიევიდან 32 კილომეტრში მდებარე ვასილკივის აეროპორტი განადგურდა.
13 მარტიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო იერიშები დასავლეთის მიმართულებით გაფართოვდა და საჰაერო იერიშების ობიექტები ისეთი ქალაქები გახდა, რომლებიც იქამდე სამიზნეს არ წარმოადგენდა. 13 მარტს საჰაერო იერიშები განხორციელდა იავორივზე, ლვივის ოლქში (დასავლეთ უკრაინა), დაახლოებით 40 კილომეტრში ქალაქ ლვივიდან. იმავე დილით, საჰაერო იერიში განხორციელდა ივანო-ფრანკივსკის (დასავლეთ უკრაინა) აეროპორტზე, რის შედეგადაც თითქმის სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა. ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებშია, სადაც 12 მარტის მდგომარეობით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობამ 695 შეადგინა. 12 მარტს საჰაერო იერიში განხორციელდა დონეცკის ოლქში, სვიატოჰირსკში მდებარე სამონასტრო თავშესაფარზე, სადაც 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის 200-მდე ბავშვი იმყოფებოდა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 12 მარტის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა 250 ათასზე მეტ აბონენტს დონეცკის (აღმოსავლეთი), კიევის (ჩრდილოეთი) და ზაპორიზკის (აღმოსავლეთის) ოლქებში. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მილიონამდე მომხმარებელი; მეტწილად ჩერნიჰივსკის (ჩრდილოეთი), დონეცკის (აღმოსავლეთი) და კიევის (ჩრდილოეთი) ოლქებში. ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში, სადაც კონფლიქტი ყველაზე მწვავე ფაზაშია. უკვე ვრცელდება ინფორმაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების ნაკლებობის გამო ხალხის გარდაცვალების ფაქტების შესახებ.[3]
ადგილობრივი [უკრაინული] და საერთაშორისო მედია საშუალებების მიერ რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. მედია საშუალებების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეგულარულად ხორციელდება სამხედრო იერიშები როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ისეთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სადაც თავს აფარებს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. რუსეთის საჰაერო იერიშებს და სხვა სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში ყოველდღიურად ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. მედია საშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, 150-მდე ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის მოქმედებებს.[4] [5]
საომარო მოქმედებები ძირითადად მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ამჟამად ადგილი არ აქვს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 2022 წლის 13 მარტის მდგომარეობით, უკრაინა 2.7 მილიონმა დატოვა. უკრაინელი ლტოლვილების ძირითადი ნაკადი [1.7 მილიონი] ლვივის ოლქიდან პოლონეთში გადავიდა. ზაკარპატიის ოლქის გავლით, უკრაინელი ლტოლვილები გადავიდნენ სლოვაკეთში [196 ათასი], უნგრეთსა [246 ათასი] და რუმინეთში [85 ათასი]. ჩერნივცის ოლქის გავლით, უკრაინელი ლტოლვილების ნაწილმა ქვეყანა დატოვა მოლდოვის [105 ათასი] მიმართულებით. ხარკივის ოლქის გავლით, უკრაინელი ლტოლვილები, ასევე, გადავიდნენ რუსეთის ფედერაციაში [106 ათასი] და რივნის ოლქის გავლით – ბელორუსში [ათასზე მეტი].
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 13 მარტის მდგომარეობით, 2 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა, ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო. უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად დასავლეთ ოლქების მიმართულებით გადაადგილდნენ. ყველაზე დიდი ნაკადები კონცენტრირებულია ზაკარპატიის ოლქში [501 ათასი] და ლვივის ოლქში [387 ათასი]. იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე კონცენტრირებულნი არიან ჩერნივცის ოლქში [220 ათასი], ვოლინის ოლქში [170 ათასი], ოდესის ოლქში [152 ათასი] და ვინიციის ოლქში [158 ათასი]. იძულებით გადაადგილებული პირები, მცირე რაოდენობით, სხვადასხვა ოლქში, ასევე, იმყოფებიან უკრაინის ცენტრალურ ნაწილში [ყველაზე დიდი რაოდენობით დნიპროპეტროვკის ოლქში – 12.7 ათასი] და ასევე მცირე რაოდენობით აღმოსავლეთ უკრაინაში.[1]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის შეფასებით, უკრაინა, ქვეყანაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე აღარ წარმოადგენს „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანას“ და სახელმწიფოებმა, ვისაც დარეგულირებული აქვს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ცნება, უკრაინა აღნიშნული სიიდან უნდა ამოიღონ. ხოლო სხვა სახელმწიფოებმა აღნიშნული გარემოება მიიღონ მხედველობაში და გაითვალისწინონ. UNHCR თავის პოზიციაში უკრაინაში დაბრუნების შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ძალადობრივია და გაურკვეველია, რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს უკრაინაში ასეთი მდგომარეობა. UNHCR მოუწოდებს სახელმწიფოებს, იძულებით არ დააბრუნონ პირები უკრაინაში; მათ შორის ისინიც, ვისაც საერთაშორისო დაცვაზე ადრე ეთქვა უარი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის შეფასებით, იძულებითი დაბრუნების აკრძალვა, დღეს არსებულ სიტუაციაში და ვიდრე უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მნიშვნელოვნად არ გამოსწორდება, წარმოადგენს მინიმალურ სტანდარტს.[2]
[1] გაეროს ჰუმანიტარული მხარდაჭერის კოორდინაციის ოფისი OCHA; უკრაინა: ჰუმანიტარული შედეგები, სიტუაციის ანალიზი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 22 მარტს][2] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი UNHCR; გლუკის [UNHCR] პოზიცია უკრაინაში დაბრუნების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის მარტში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 21 მარტს][1] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი UNHCR; გლუკის [UNHCR] პოზიცია უკრაინაში დაბრუნების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის მარტში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 21 მარტს][2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ზელენსკის თქმით, უკრაინამ განიცადა „სერიოზული დანაკარგები“ რუსეთის შეჭრის გამო; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 21 მარტს][3] გაეროს ჰუმანიტარული მხარდაჭერის კოორდინაციის ოფისი OCHA; უკრაინა: ჰუმანიტარული შედეგები, სიტუაციის ანალიზი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 22 მარტს][4] მედია საშუალება BBC; ომი უკრაინაში – ახალი ამბები მიმდინარე რეჟიმში; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/live/world-europe-60830013 [ნანახია 2022 წლის 22 მარტს]
[5] მედია საშუალება The Guardian; რუსეთ-უკრაინის ომი: რა ვიცით შეჭრიდან 27-ე დღეს; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/world/2022/mar/22/russia-ukraine-war-what-we-know-on-day-27-of-the-invasion [ნანახია 2022 წლის 22 მარტს]