ფილიპინები. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. ივლისი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით,ფილიპინების მთავრობა ჩართულია რამდენიმე არა-საერთაშორისო ხასიათის შეარაღებულ კონფლიქტში შემდეგი შეიარაღებული დაჯგუფებების: მანდანაოს რეგიონში „მოროს ეროვნული თავისუფლების ფრონტის“ და “მოროს ისლამური თავისუფლების ფრონტის“; ბანგსამოროს „ისლამური თავისუფლების მებრძოლების“; „Maute Group“ და „Abu Sayyaf Group“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ფილიპინების შეიარაღებული ძალები არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში არიან ჩართული „ხალხთა ახალი არმიის“ წინააღმდეგ.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) 2021 წლის 23 ივლისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ფილიპინებშიმოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, არ იმგზაურონ დასავლეთ და ცენტრალურ მინდანაოსა და სულუს ნახევარკუნძულებზე, აღნიშნულ რეგიონებში ტერორისტული აქტივობისა და ფილიპინების არმიასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის აქტიური შეიარაღებული შეტაკებების გამო. ოფისის რჩევით, მოქალაქეებმა უმჯობესია თავი შეიკავონ ფილიპინებში მოგზაურობისგან განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევების გარდა, გამომდინარე COVID-19-თან დაკავშირებული მიმდინარე რისკებიდან.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ფილიპინების შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ  2020 წელს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება გაუარესდა.  პრეზიდენტი როდრიგო დუტერტეს მიერ ჯერ კიდევ 2016 წელს წამოწყებული „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ ფარგლებში, ძირითად სამიზნეებს კვლავაც ქალაქად მცხოვრები ღატაკი ფილიპინელები წარმოადგენდნენ. პოლიცია და პოლიციასთან აფილირებული, დაუდგენელი ვინაობის შეიარაღებული პირები დაკავშირებულნი იყვნენ პირთა კანონგარეშე სიკვდილით დასჯის ათასობით შემთხვევასთან. აღნიშნული მკვლელობების რაოდენობა COVID-19 „ლოქდაუნის“ დროს მნიშვნელოვნად, კერძოდ -აპრილი-ივლისის პერიოდში, წინა 4 თვესთან შედარებით – 50 %-ით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, თითქმის არ დამდგარა. 2020 წლის ივნისში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა საკმაოდ კრიტიკული ანგარიში ფილიპინებში არსებული სიტუაციის შესახებ. ოქტომბერში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია ქვეყანაში არსებული სიტუაციის კიდევ 2 წლით დეტალური შესწავლის შესახებ, თუმცა, მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

გასულ წელს ასევე ფიქსირდებოდა მუქარებისა  და თავდასხმების, მათ შორის – მკვლელობების, შემთხვევების ზრდა, რომლებიც მიმართული იყო მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტების, გარემოს დამცველი აქტივისტების, თემთა და აბორიგენი ხალხის ლიდერების, ჟურნალისტების, ადვოკატების და სხვათა წინააღმდეგ. მთავრობა დევნიდა ჟურნალისტებსა და მედია კომპანიებს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლბრივი დევნის მეთოდით. ივნისში, სასამართლომ ჟურნალისტი მარია რესსა დამნაშავედ ცნო კიბერ-სივრცეში ჩადენილი დანაშაულისთვის, ხოლო შემდეგ თვეში, ხელისუფლებამ დახურა ქვეყანაში ყველაზე დიდი სატელევიზიო არხი.

2020 წლის მარტში, ფილიპინებში „ლოქდაუნი“ შემოიღეს, რომლის ფარგლებშიც პირებს შეეზღუდათ გადაადგილება. ამავე დროს, ათობით ათასი პირი დააპატიმრეს და შემდგომ განამწესეს გადავსებულ ციხეებსა და დაკავების ცენტრებზე, სადაც ისინი იყვნენ ვირუსით ინფიცირების გაზრდილი რისკის წინაშე. პოლიციისა და ადგილობრივი თანამდებობის პირების სამიზნეს წარმოადგენდნენ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის – ლგბტი ტემის წარმომადგენლები და ბავშვები, რომელთა მიმართაც, ზოგჯერ, იყენებდნენ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა საჯარო დამცირება და არასათანადო მოპყრობა.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ფილიპინებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ფილიპინები წარმოადგენს მრავალპარტიულ, კონსტიტუციურ რესპუბლიკას ორ-პალატიანი საკანონმდებლო ორგანოთი. ქვეყნის პრეზიდენტია როდრიგო დუტერტე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლიდან იმყოფება. ქვეყანაში შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ფილიპინების ეროვნული პოლიცია, ხოლო საგარეო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტი და ფილიპინების შეიარაღებული ძალები. ეს უკანასკნელი, ზოგჯერ, ახორციელებს უსაფრთხოებრივ ფუნქციებს ქვეყნის შედარებით უფრო ცხელ რეგიონებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები ფიქსირდება, განსაკუთრებით – მინდანაოს რეგიონში. გუბერნატორებს, მერებს და სხვა ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა ადგილობრივ საპოლიციო შენაერთებზე, განსაკუთრებით, მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და რესურსების მიწოდების კუთხით. მთავრობა აგრძელებდა სამოქალაქო შეიარაღებული მოხალისეების მხარდაჭერას და მათ იარაღსაც ურიგებდა. ზოგიერთ პოლიტიკურ ოჯახსა და კლანთა ლიდერებს, მათ შორის – მინდანაოს რეგიონში, გააჩნდათ საკუთარი კერძოდ არმია, სადაც, ზოგჯერ, ახდენდნენ სამოქალაქო მოხალისეების რეკრუტირებას. უსაფრთხოების ძალებზე სამოქალაქო ხელისუფლების კონტროლი არ იყო სრულიად ეფექტური. უსაფრთხოების ძალების წევრები ჩადიოდნენ არაერთ დანაშაულს.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების კუთხით დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, განხორციელებული როგორც სამთავრობო ძალების, ასევე – არა-სახელმწიფოებრივი აქტორების მიერ; წამება და უკანონო დაკავება, განხორციელებული როგორც სამთავრობო ძალების, ასევე – არა-სახელმწიფოებრივი აქტორების მიერ; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები; პირად ცხოვრებაში უკანონო და თვითნებური ჩარევა; ტერორისტული და ამბოხებული ჯგუფების მიერ ბავშვთა რეკრუტირება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა; გამოხატვის და პრესის თავისუფლების კუთხით არსებული სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის – ძალადობა, ძალადობის მუქარა და ჟურნალისტთა გაუმართლებელი დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა; ცენზურა და კორუფცია.

მთავრობა იძიებდა მხოლოდ ერთეულ სამართალდარღვევებს, ჩადენილს, მათ შორის – საკუთარი უსაფრთხოების ძალების, გასამხედროებული, შეიარაღებული თუ ტერორისტული დაჯგუფებების მიერ. 2016 წლიდან მოყოლებული, პოლიციის მიერ დამნაშავეთა მკვლელობის ზრდის ტენდენციის ფარგლებში, ფიქსირდებოდა მოქალაქეთა შეშფოთება პოლიციელთა დაუსჯელობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დამოკიდებულება ასევე გამოხატული იყო უსაფრთხოების ძალების სხვა დანაყოფების, სახელისუფლებო და ადგილობრივ თანამდებობის პირებისა და ძლიერი და გავლენიანი ბიზნეს-ფიგურების მიმართ.

მუსლიმი სეპარატისტები, კომუნისტური დაჯგუფებები და ტერორისტული ჯგუფები აგრძელებდნენ თავდასხმებს სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და სამოქალაქო პირებზე, რასაც შედეგად სდევდა ხალხის მასობრივი იძულებითი გადაადგილება და როგორც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა, ასევე – სამოქალაქო პირების სიკვდილი. ტერორისტული ორგანიზაციები მიმართავდნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: გამოსასყიდის მიღების მიზნით პირთა გატაცება; სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა; თავის მოკვეთა და ბავშვ ჯარისკაცთა სამხედრო მოქმედებებში ჩართვა.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ფილიპინების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა 1986 წელს ავტორიტარული მმართველობისგან გათავისუფლდა, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის კუთხით სიტუაცია არასახარბიელო და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტისთვის ხელსაყრელი იყო. შეიარაღებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ძალადობრივი ინციდენტები ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, თუმცა, მათი საფრთხე სახელმწიფოს მიმართ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. დაუსჯელობა ნორმას წარმოადგენს აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულებისთვის და პრეზიდენტი როდრიგო დუტერტეს მიერ 2016 წელს წამოწყებული „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომს“ შედეგად, ათასობით პირის კანონგარეშე მკვლელობა მოჰყვა.

ფილიპინების ხელისუფლებამ Covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ 2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო კონგრესმა მიიღო საგანგებო კანონი, რომელიც შეიცავდა ჯანდაცვით ზომებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად ზრდიდა პრეზიდენტის უფლებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამართალდამცავების მიერ სიტუაციის ბოროტად გამოყენება და გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვების შემოღება. 2020 წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, ფილიპინებში ფიქსირდებოდა COVID-19 ინფიცირების 475 000 შემთხვევა, რასაც 9 200 მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

პრეზიდენტი დუტერტეს ცნობილი „ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ“ ომი კვლავაც გრძელდებოდა და ლოქდაუნის პირობებში, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, 50 %-ით გაიზარდა. პრესა კვლავაც ექვემდებარებოდა რეპრესიებს ხელისუფლების მხრიდან. ABS-CBN – ქვეყნის ყველაზე ძველი და დიდი სამაუწყებლო კომპანია, მაისში დახურულ იქნა, რადგან კონგრესმა უარი განაცხადა მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გაგრძელებაზე. ივნისში, ჟურნალისტი მარია რესსა დამნაშავედ იქნა ცნობილი კიბერ-დანაშაულისთვის და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორგანიზაციის მიერ 56/100 ინდექსის შეფასებით, ფილიპინები კატეგორიზებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ სახელმწიფო. [5]

Amnesty International 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის ფარგლებში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე მკვლელობებსა და სხვა უფლებადარღვევებს. უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები ექვემდებარებოდნენ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა: დაკავება; უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა; არასათანადო მოპყრობა და მკვლელობები. მედია თავისუფლება არასათანადოდ იყო შეზღუდული და, ამავდროულად, მიღებული იქნა საშიში ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა. სხვადასხვა ჯგუფები გმობდნენ მთავრობის მიერ COVID-19 პანდემიის საწინააღმდეგოდ არჩეულ მეთოდებს. ასევე, პრეზიდენტმა დუტერტემ, კონგრესს სიკდილით დასჯის სასჯელის აღდგენის მოთხოვნით მიმართა.

მთავრობის მიერ COVID-19 გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა შედეგად არაერთი უფლების შელახვა გამოიწვია. პრეზიდენტმა დუტერტემ უსაფრთხოების ძალებს და ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირებს უბრძანა, „ადგილზე დაეცხრილათ“ ისინი, ვინც „პრობლემებს ქმნიდა“ კარანტინისას. ამას გარდა, კონკრეტული ჩინოვნიკები ბრალდებულ იყვნენ ადამიანების ძაღლის გალიებში გამომწყვდევის ფაქტებთან დაკავშირებით, მათ მიერ კარანტინის პირობების სავარაუდო დარღვევის გამო. [6]

[1]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Philippines, available at https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflicts-in-the-philippines [accessed 26 July 2021]

[2] UK Foreign, Commonwealth and Development Office – Foreign travel advice Philippines; published on 23 July 2021; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/philippines [accessed 26 July 2021]

[3]Human Rights Watch – World Report 2021 – Philippines; published in January 2021; available at

[accessed 26 July 2021]

[4] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Philippines; published in March 2021; available at

[accessed 26 July 2021]

[5] Freedom House – Freedom in the World 2021 – Philippines; published in March 2021; available at

[accessed 26 July 2021]

[6] Amnesty International – Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Philippines 2020; published in April 2021; available at

[accessed 26 July 2021]