შრი-ლანკა. მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულება – ოქტომბერი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი შრი-ლანკაში რელიგიურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ შრი-ლანკა ბუდისტურ ქვეყანას წარმოადგენს. რელიგიური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს შეადგენენ (6.8 მილიონი პირი). რაც შეეხება უშუალოდ მუსლიმებს, ისინი მოსახლეობის 9.7 %-ს შეადგენენ და ძირითადად ბინადრობენ შემდეგ რეგიონებში: ამპარა, ბატტიცალოა და ტინცომალეე აღმოსავლეთში და მანნარისა და პუტტალამის რეგიონები დასავლეთში.

ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია რელიგიის თავისუფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, ხოლო კანონით აღიარებულია 4 ძირითადი რელიგია: ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა და ჰინდუიზმი. თუმცაღა, კონსტიტუციის მე-9 მუხლით ბუდიზმი ქვეყნის „უპირველეს რელიგიად“ არის აღიარებული და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბუდას სწავლებები.

2019 წლის ნოემბერში, ქვეყნის პრეზიდენტა გოტაბაია რაჯაპაკსა აირჩიეს, რომელმაც პრემიერ მინისტრად საკუთარი ძმა დანიშნა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოირეს, რამაც, ზოგიერთის აზრით, შესაძლოა გაზარდოს ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ შემოღებულ იქნა არაერთი ინიციატივა, რათა გაეუმჯობესებინათ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა. მაგალითად, 2018 წელს შეიქმნა საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც შეისწავლის და იმუსავებს შრი-ლანკაში რელიგიური ჰარმონიის გაზრდის კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არც ერთი კანონი არ უშლის ხელს პირებს, მიმართონ სახელმწიფოს დაცვისთვის, როდესაც მათ მიმართ ადგილი აქვს უფლებადარღვევას ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს როგორც პოლიციასა და სასამართლოს, ასევე – შრი-ლანკას ადამიანის უფლებათა კომისიას. თუმცა, ზოგადად, პოლიციის ოფიცრებს ხშირად არ გააჩნიათ სათანადო რესურსი ან არ არიან შესაბამისად გადამზადებულები, ხოლო სასამართლო სისტემა გადატვირთულია, რის შედეგადაც სახეზეა ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურები. ამას გარდა, ფართოდ გავრცელებული კორუფცია უარყოფითად მოქმედებს პოლიციის ეფექტურობაზე.

რაც შეეხება კონკრეტულად მუსლიმთა მდგომარეობას შრი-ლანკაში, ანგარიშის და ბრიტანელ ექსპერტთა მიხედვით, მათ ზოგადად თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი რწმენის რეალიზება: უპრობლემოდ დადიან მეჩეთებში, აქვთ წვდომა დასაქმებაზე და სათანადოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სფეროში ორი პოლიტიკური პარტიით. კერძოდ,  „შრი-ლანკას მუსლიმთა კონგრესს“ (SLMC) პარლამენტში 7 დეპუტატი ყავს, ხოლო „სრულიად ცეილონის მაკკალის კონგრესი“ (ACMC) 5 მანდატითაა წარმოდგენილი.

თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, აღდგომისას მომხდარი ტერაქტების („ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული ტერორისტული დაჯგუფება National Thowheeth Jama’ath’ (NTJ) მიერ კოორდინირებული თავდასხმები ქრისტიანულ თემზე, რის შედეგადაც 253 პირი დაიღუპა, ხოლო 500 დაშავდა) შემდგომ, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის კანონების საფუძველზე, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 2300-მდე პირი (უმრავლესობა მუსლიმი) დააკავა. 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, 1655 პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, 423 პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 211 წინასწარ დაკავებაში დარჩა. ტერაქტებთან კავშირში ბრალდებულ პირებს პრობლემები ჰქონდათ ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მოპოვების კუთხით, რადგან ადვოკატები ერიდებოდნენ მუსლიმთა ინტერესების დაცვას, საზოგადოებისგან ძალადობის შიშით. თავდაპირველი დაპატიმრებების მაღალი ტალღის შემდგომ, გავრცელებული ცნობებით, ახლა მხოლოდ 42 ეჭვმიტანილის საქმეთა გამოძიება მიმდინარეობს.

2019 წლის აღდგომის ტერაქტების შედეგად, მუსლიმთა მიმართ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. აღნიშნული ძალადობისას პოლიციის ქმედებები ზოგადად არაადეკვატური იყო და მხოლოდ რამდენიმე დაკავება განხორციელდა. არ ყოფილა დამნაშავეთა დასჯის შემთხვევები და ხელისუფლებასაც სრულად არ მოუხდენია ძალადობის შედეგად დაზარალებულთა კომპენსირება.

COVID-19 პანდემიის დროს, შრი-ლანკის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ახალი რეგულაციის გამო, რომლის მიხედვითაც, ვირუსით გარდაცვლილი ყველა პირი სავალდებულო კრემაციას უნდა დაქვემდებარებოდა. აღნიშნული მეთოდი ეწინააღმდეგება გარდაცვლილის დამარხვის ისლამურ ტრადიციას და აღქმული იყო, როგორც მუსლიმებისადმი დისკრიმინაციულად. 1 წლის შემდგომ, 2021 წლის თებერვალში, ხელისუფლებამ გააუქმა აღნიშნული ვალდებულება.

2021 წლის ივნისში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ COVID-19 ლოქდაუნის წესების დარღვევისთვის არმიის ოფიცრებმა, სასჯელის სახით, აიძულეს მუსლიმების ჯგუფი, გზებზე დაეჩოქათ. სამხედრო ძალების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.

ამას გარდა, 2021 წლის მარტში, ხელისუფლებამ, „ეროვნული უსაფრთხოების“ მიზნებით, სცადა შემოეღო კანონი, რომელიც კრძალავდა საჯარო სივრცეში ბურქას და სხვა სახის საფრების გამოყენებას და ასევე, დახურავდა 1 000-მდე „მადრასსას“ (ისლამური სასწავლებელი). აღნიშნული კანონი, ანგარიშის მომზადების დროისთვის, პარლამენტს არ დაუმტკიცებია, თუმცა, არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული გაეროს მიერ, როგორც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა.

ოფისის ექსპერტთა შეფასებით, მართალია, 2019 წლის აღდგომის მოვლენების შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმთა დისკრიმინაციის შემთხვევებმა იმატა, თუმცა, ზოგადად, აღნიშნული საკუთარი ბუნებით ან/და განმეორებითი ხასიათით არ არის არის იმდენად სერიოზული, რომ უტოლდებოდეს დევნას ან სერიოზულ ზიანს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი შრი-ლანკაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობა 22. 7 მილიონი ადამიანია. 2012 წლის მონაცემებით, პოპულაციის 70.2 % ბუდისტია, 12.6 % – ჰინდუ; 9.7 % – მუსლიმი და 7.4 % ქრისტიანი. მუსლიმთა უმრავლესობა საკუთარ თავს ეთნიკურად  არც თამილად და არც სინჰალესად არ მიიჩნევს, თუმცა, ისინი თამილურ ენაზე საუბრობენ. მათი უმრავლესობა სუნიტია, თუმცა, გვხვდებიან სუფიტური, აჰმადია და შიიტური დენომინაციების წარმომადგენლებიც.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ით გარდაცვლილი პირების კრემაცია სავალდებულო გახადა, რის გამოც მუსლიმებს არ მიეცათ საშუალება, ისლამური ტრადიციის თანახმად, საკუთარი გარდაცვლილები დაემარხათ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც აკვირდებოდა ონლაინ-სივრცეში „სიძულვილის ენას“, ყველა ეროვნულ ენაზე (სინჰალურ, თამილური და ინგლისური) მარტი-ივნისი პერიოდში გამოხატული „სიძულვილის ენის“ შემთხვევათა 58 % თავს ესხმოდა მუსლიმებს ან ისლამს. კონკრეტულად სინჰალურ ენაზე აღნიშნული მაჩვენებელი 79 %-მდეც ადიოდა.

მუსლიმური სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა ანტი-მუსლიმური რეტორიკისა და სიძულვილის ენის მასობრივი გამოვლინება სოციალურ ქსელებსა და მედიაში, რაც უკავშირდებოდა COVID-19 პანდემიას. Human Rights Watch-ის მიხედვით, აპრილსა და მაისში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მოწოდებები მუსლიმური მაღაზიების ბოიკოტირების შესახებ იმ მოტივით, რომ მუსლიმები ვირუსს მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.

წლის განმავლობაში, არ ფიქსირდებოდა 2019 წლის მაისში ანტი-მუსლიმური მასობრივი ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ერთი მუსლიმისა და მეჩეთებზე თავდასხმების ინციდენტებში დამნაშავე პირების გასამართლების შემთხვევები. წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, ხელისუფლებამ არ გასცა სათანადო კომპენსაციები აღნიშნული ძალადობის დროს დაზიანებული ქონებების მეპატრონეებს.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International შრი-ლანკას შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ პანდემიის დროს გაიზარდა ანტი-მუსლიმური რეტორიკა როგორც სოციალური ქსელებში, ასევე – მედიაში, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო მაღალჩინოსნების მხრიდან. შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ ვირუსით გარდაცვლილ მუსლიმთა იძულებით კრემაციას (რაც ისლამით აკრძალულია). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებით, პანდემიის პირობებში ნებადართული იყო როგორც კრემაცია, ისევე – მიცვალებულის დამარხვა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House შრი-ლანკას შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ბუდიზმს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები პერიოდულად ექვემდებარებიან დისკრიმინაციას და ზოგჯერ – ძალადობასაც. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს არ დაფიქსირდა ინტერ-რელიგიური ძალადობის სერიოზული შემთხვევები, მანამდე მომხდარმა ანტი-მუსლიმურმა გამოსვლებმა ბევრი მუსლიმი დააშინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინსაარჩევნო პერიოდში, ზოგიერთი ბუდისტი პოლიტიკოსი დებდა პირობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბუდისტებს აეკრძალებოდათ მუსლიმთა მაღაზიებში ვაჭრობა, აიკრძალებოდა ბურქას ტარება, დაიხურებოდა მადრასსები (მუსლიმური სასწავლებლები) და მოახდენდნენ მუსლიმთა განათლებისა და ქორწინების კუთხით კანონმდებლობის იძულებით ცვლილებას.

როდესაც COVID-19 გავრცელებმა სერიოზულ ზღვარს მიაღწია, ზოგიერთმა სამთავრობო თანამდებობის პირმა ამაში მუსლიმური თემი დაადანაშაულა. ამას გარდა, ხელისუფლება იაძულებდა მუსლიმებს ვირუსით გარდაცვლილი ნათესავების კრემაციას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მეთოდი ეწინააღმდეგება ისლამს და რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, დასაშვები იყო ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა როგორც კრემაცია, ასევე – დასაფლავება.[4]

 

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Sri Lanka – Religious Minorities; published in August 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Sri Lanka; published in May 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[3] Amnesty International – Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Sri Lanka 2020; published in April 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Sri Lanka; published in March 2021; available at

[accessed 5 October 2021]

შრი ლანკა. ეთნიკურად თამილი მოსახლეობის მდგომარეობა. მაისი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში შრი ლანკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა 2015 წელს მათრიპალა სირისენას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მიუხედავად ამისა, რომ მთავრობის ქმედებები იყო ნელი გარდამავალი პერიოდის სამართლის საჭირო მექანიზმების კუთხით, რომელიც მიმართული უნდა იყოს 26-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგებისკენ; ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მთავრობას და თამილელ ამბოხებულებს შორის 2009 წელს დასრულდა. სირისენას, როგორც დემოკრატი რეფორმატორის რეპუტაცია შეილახა 2018 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს, როდესაც მან სცადა ერთპიროვნულად ჩაენაცვლებინა პრემიერი, დაეთხოვა პარლამენტი და ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები. მისი მცდელობები დაბლოკეს საპარლამენტო უმრავლესობამ და სასამართლომ.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „ეროვნული ფრონტი კარგი მმართველობისთვის“ გამარჯვება მოიპოვა და 225 მანდატიდან 106 მიიღო. „ერთიანი სახალხო თავისუფლების ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა და 95 მანდატი მიიღო. თამილთა ეროვნული ალიანსი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უმსხვილესი პარტიაა, 16 მანდატის მფლობელი გახდა. დარჩენილი ადგილები სამ მცირე ჯგუფს შორის გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის მკვლელობა ახლდა, თავად არჩევნები და ხმის მიცემა სანდოდ შეფასდა.

რიგი პოლიტიკური პარტიებისა წარმოადგენენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესებს, მათ შორის არიან თამილური პარტიები და შრი ლანკის მუსლიმთა კონგრესი, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი მუსლიმური პარტიაა. 2015 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში თამილური პარტიები და თამილი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ შევიწროვებასა და ძალადობას აწყდებოდა, ვიდრე 2010 წლის არჩევნებში. თუმცა, სისტემური დისკრიმინაცია, მათ შორის კანონმდებლობა ენის შესახებ და ნატურალიზაციის პროცედურები, ნეგატიურად მოქმედებს თამილთა პოლიტიკურ ჩართულობაზე. ქალები არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში და ისინი საერთო მანდატების მხოლოდ 6%-ს ფლობენ.

ჩაის პლანტაციებში ძირითადად თამილი მოსახლეობაა დასაქმებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი 70 პროცენტზე მეტი გაერთიანებულია, მაინც აწყდებიან უფლებების დარღვევებს. შრომითი აქტივისტების შევიწროვებისა და ოფიციალურ დონეზე გაერთიანებათა აქტივობების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის ზონებში, რეგულარულად ვრცელდება ცნობები.

პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, ცნობილია, რომ ჩართულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში, როგორიცაა უსამართლოდ სიკვდილით დასჯა, იძულებითი გაუჩინარება, საპატიმროში გაუპატიურება და წამება; ყოველივე ეს არაპროპორციულად ეხება თამილებს. რესურსების ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი კომისია საკმაოდ ნელია პოლიციისა და სამხედროების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესში. თამილები აცხადებენ სისტემატური დისკრიმინაციის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მათ შორის, სამთავრობო სექტორში დასაქმება, საუნივერსიტეტო განათლება და სამართლიან სასამართლოზე წვდომა.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) შრი ლანკის შესახებ წერს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ინდური წარმოშობის თამილები განიცდიან ხანგრძლივ და სისტემატურ დისკრიმინაციას საუნივერსიტეტო განათლების, სამთავრობო სექტორში დასაქმების, განსახლების, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის, ენის კანონების და ნატურალიზაციის პროცედურების კუთხით. მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, თამილთა მტკიცებით, უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აკონტროლებენ და ავიწროვებენ მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით აქტივისტებს და ყოფილ LTTE (თამილელი ვეფხვები) წევრებს ან ასეთად მიჩნეულებს.

მთავრობაში მოქმედებს რამდენიმე სამინისტრო და პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირები, რომელთა მიზანი თამილი უმცირესობის სოციალური და სხვა კუთხით განვითარების საჭიროებების გადაწყვეტაა. ხელისუფლებამ განახორციელა ნდობის აღდგენისკენ მიმართული რიგი პროექტებისა, რომელიც ასევე მიმართული იყო თამილი მოსახლეობისკენ. მთავრობამ, ასევე, სამხედრო გუბერნატორები ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში ჩაანაცვლა სამოქალაქო პირებით. პრეზიდენტის მიერ, 2016 წელს შეიქმნა ეროვნული ერთობისა და შერიგების ოფისი, რომელიც განაგრძობს სამოქალაქო შერიგების კუთხით სამთავრობო ძალისხმევის კოორდინირებას. ოფისი ფოკუსირებულია სოციალური ინტეგრაციის წახალისებაზე, რათა შეიქმნას ინკლუზიური საზოგადოება, დაცული იყოს ენობრივი უფლებები ყველა მოქალაქისთვის და აღარ განმეორდეს ძალადობა. თამილთა ეროვნული ალიანსი და თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს სამხედროების მიერ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში დაკავებული მიწების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. 2018 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სირისენამ გამოსცა განკარგულება და სამხედროებს დაავალა, წლის ბოლომდე გაეთავისუფლებინათ ყველა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. დამკვირვებელთა მტკიცებით, ასეთი ბრძანების აღსრულება ასეთ ვადებში ლოგისტიკურად შეუძლებელი იყო.

ზოგიერთი თამილი პოლიტიკოსი და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ ზოგიერთ მებრძოლს, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით არიან გასამართლებული „პოლიტიკურ პატიმრებად“ მიიჩნევს. ასეთი 130-მე მეტი პირია ამჟამად საპატიმროებში. ხელისუფლება არც მათ და არც სხვა ვინმეს არ აღიარებს პოლიტიკურ პატიმრად და აცხადებს, რომ პირები მათი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის არიან საპატიმროებში. ხელისუფლება რეგულარულად რთავს ნებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯგუფებს და დამკვირვებლებს მოინახულონ საპატიმროები და იქ არსებული პირობები.

2018 წლის ოქტომბერში ათობით თამილმა პატიმარმა ქვეყნის მასშტაბით შიმშილობა წამოიწყო, მათ შორის ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ მებრძოლებმა; ისინი მოითხოვდნენ გახანგრძლივებული დაკავების გადაწყვეტას. ბევრი მათგანი, საპატიმროში ტერორიზმის პრევენციის აქტით და ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება. დაკავებულები ითხოვდნენ ან ბრალის წაყენებას და გასამართლებას ან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

დამოუკიდებელი მედია აქტიურია და აშუქებს სხვადასხვა ხედვებს და მიმართულებებს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში, სადაც თამილები უმრავლესობაში არიან, ჟურნალისტები საუბრობენ გარკვეული ხასიათის შევიწროვებასა და ჩარევაზე უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან, როდესაც ხდება სამოქალაქო ომთან ან სხვა მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქება.

ქვეყნის სამოქალაქო ომმა, რომელიც 2009 წელს დასრულდა, იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, ძირითადად თამილი მოსახლეობის. განსახლების, რეაბილიტაციის, ჩრდილოეთის განვითარებისა და ინდუისტური რელიგიის საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 30 ივნისისთვის ქვეყანაში 37 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი რჩებოდა. ყველა დევნილს აქვს გადაადგილების სრული თავისუფლება, თუმცა უმეტესობა ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორისაა დანაღმული ტერიტორიები, სამუშაოს ნაკლებობა, ძირითად სერვისებზე წვდომის ნაკლებობა და ა.შ. ხელისუფლება მხარს უჭერს დევნილების დაბრუნებას და ამის ჟესტად, სახელმწიფომ დააბრუნა სამხედროების მიერ დაკავებული მიწა (840 აკრის ოდენობით) და სახელმწიფო მიწა ხელმისაწვდომი გახადა მიწის გარეშე დარჩენილი დევნილებისთვის. სამხედროები და სხვა სამთავრობო უწყებები ეხმარებიან დევნილებს დაბრუნების პროცესში – გამოთავისუფლებულ მიწებზე ისინი აშენებენ სახლებსა და სკოლებს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას.[2]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Sri Lanka, 4 February 2019

 (accessed on 13 May 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Sri Lanka, 13 March 2019

 (accessed on 13 May 2019)

შრი ლანკა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში შრი ლანკას შესახებ წერს, რომ ქვეყანა წარმოადგენს კონსტიტუციურ, მრავალპარტიულ რესპუბლიკას თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული მთავრობით. 2015 წლის იანვარში, ამომრჩეველმა 5 წლის ვადით პრეზიდენტად აირჩია მაისრიპალა სირისენა. ძალაუფლება ნაწილდება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. 2015 წლის აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა დაკომპლექტდა. ორივე არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. სამოქალაქო ხელისუფლება, ძირითადად, ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე, თუმცა ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, ზოგჯერ, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანეს პრობლემებს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების და „Liberation Tigers of Tamil Eelam“ (LTTE) – ის მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული თვითნებური დაკავებები, ხანგრძლივი პატიმრობა, კონტროლის და შეურაცხყოფის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა ფაქტები მოიცავდა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და წამების შემთხვევებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპატიმროების გადატვირთულობა და გამოძიების ნაკლებობა რჩებოდა პრობლემად. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა შეკრების და გაერთიანების თავისუფლება, კორუფცია, ქალებსა და ბავშვებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობა და ადამიანებით ვაჭრობა.

მთავრობამ მზარდ პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებების დარღვევათა დაუსჯელობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით. მთავრობამ დააპატიმრა მცირე რაოდენობის სამხედრო, პოლიციის და ის ოფიციალური პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ როგორც ძველ, ისე ახალ დანაშაულებში, მათ შორის პარლამენტარების მკვლელობაში, ჟურნალისტების და კერძო მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებებში.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში შრი-ლანკის შესახებ წერს, რომ ზოგადი ღიაობა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის, რომელიც გაჩნდა 2015 წელს მაჰინდა რაჯაპაკსას მთავრობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კვლავ შენარჩუნდა 2017 წელს  პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას ადმინისტრაციის მიერ. თუმცა მოქმედებები შეჩერდა, 26-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, თამილი სეპარატისტების შემორიგების შესახებ 2015 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე დადებული პირობის აღსრულების მიმართულებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გამოქვეყნდებოდა მთავრობის საპატიმროში მყოფი პირების, განსაკუთრებით ომის ბოლო თვეებში (2009 წელი) იძულებით გაუჩინარებული ხალხის ვინაობა, სია მაინც არ გამოქვეყნებულა. მთავრობამ აამოქმედა კანონი იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობისთვის, თუმცა თავიდანვე მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონი არ იქნებოდა რეტროაქტიური და არ ექნებოდა უკუქცევითი ძალა.

რელიგიური უმცირესობები კვლავ რჩებოდნენ რისკის ქვეშ. 2017 წლის ივნისში, იმ დროს იუსტიციის მინისტრი უიიედასა რაჯაპაკშე საჯაროდ დაემუქრა ადვოკატს, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა უმცირესობების დაცვის მიმართულებით წარუმატებლობისთვის. 2017 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ 31 ეთნიკურად როჰინჯა მუსლიმი მოათავსა დამცავ საპატიმროში, მას შემდეგ, რაც მათ ბუდისტი ექსტრემისტები დაემუქრნენ. 2017 წლის ნოემბერში ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი გალესა და ვავანიიაში მუსლიმებსა და სხვა თემებს შორის; გავრცელებული ბრალდებების მიხედვით, ბრბო თავს დაესხა მუსლიმთა სახლებს და ბიზნესებს.[2]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში შრი-ლანკის შესახებ წერს, რომ სიმართლის, სამართლიანობის და კომპენსაციის მექანიზმების შემუშავების მიზნით, შრი-ლანკამ დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი. ასევე, იურიდიული და პროცედურული რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების პრევენციის უზრუნველსაყოფად. ხსენებულ მექანიზმებთან დაკავშირებით, განახორციელა საჯარო კონსულტაციები, თუმცა აღნიშნული პროცესების დასანერგად,  ვერ უზრუნველყო სათანადო მხარდაჭერა.

ივნისში, პრეზიდენტმა სირისენამ დაავალა პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს, დაეცვათ შრი-ლანკას ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ გაცემული დირექტივები, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორიზმის პრევენციის აქტის (PTA) გამოყენებით დაპატიმრებული პირების დაცვას და სხვა საგანგებო ზომებს, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების დასრულებას. დარღვევები მოიცავდა ჩინოვნიკების დაუსჯელობას, ეჭვმიტანილების უნომრო ავტომობილებით ტრანსპორტირებას და დაკავებისთვის არაოფიციალური ადგილების გამოყენებას. დირექტივები, ასევე, უზრუნველყოფდნენ დაკავებულების მხრიდან ადვოკატზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის დაკითხვის დროს, თუმცა აღნიშნული დირექტივები სრულად არ განხორციელდა.

მაისში, წამების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მოინახულა შრი-ლანკა, სადაც აღმოაჩინა პოლიციის მიერ ჩადენილი სასტიკი წამების ფაქტები. მან აღნიშნა, რომ პროცედურული ნორმები, როგორიცაა PTA-ის გამოყენებით ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა, წამებას და არასათანადო მოპყრობას აქცევს სამუშაოს შესრულების რუტინულ მეთოდად. აგვისტოში, შრი-ლანკამ წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფარგლებში განაცხადა, რომ სცნობს წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტის კომპეტენციას – მიიღოს იმ პირებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომელთა უფლებებიც დაირღვა კონვენციის მიხედვით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მოქმედებს სიკვდილით დასჯის კანონი, თუმცა მსგავსი სასჯელი პრაქტიკაში არ განხორციელებულა.[3]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Sri Lanka, 3 March 2017, available at:

 [accessed 16 February 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Sri Lanka, 18 January 2018, available at:

[accessed 16 February 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Sri Lanka, 22 February 2017, available at:

[accessed 16 February 2018]