მაროკო – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – ივლისი, 2017

მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და დასავლეთ საჰარას შორის, ესაზღვრება ჩრდილო ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა; მოსახლეობა: 33,655,786 (2016 წლის ივლისი) ეთნიკური ჯგუფები: არაბი-ბერბერები 99%, სხვები 1%; ენები: არაბული (ოფიციალური), ბერბერული ენები (Tamazight (ოფიციალური), Tachelhit, Tarifit), ფრანგული (მთავრობის და დიპლომატიის სფეროში);

რელიგიები: მუსლიმები 99% (ოფიციალური; უმეტესობა სუნიტი<0.1% შიიტი), სხვები 1% (მათ შორის ქრისტიანები, ებრაელები და ბაჰაის მიმდევრები);

მმართველობის ტიპი: საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია;

დედაქალაქი: რაბათი;

ადმინისტრაციული დაყოფა: 11 რეგიონი (აღიარებული); ბენი მელალ-ხენიფა, კასაბლანკა-სეტატი, დრაა-ტაფილალეთი, ფესმეკნესი, გუელმიმ-ოუედ ნოუნი, ლააიოუნე-საკია ალ ჰამრა, ორიენტალი, მარრაკეჩ-საფი, რაბათ-სალე-კენიტრა, სოუსს-მასსა, ტანგერ-ტეტოუან-ალ ჰოკეიმა;

სასამართლო სისტემა: შერეული სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ და ისლამურ სამართალს, საკანონმდებლო აქტების გადახედვა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

აღმასრულებელი ხელისუფლება:

ქვეყნის მეთაური: მეფე მოჰამედ VI (1999 წლის 30 ივლისიდან)

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი საად ედინე ალ-ოთმანი (2017 წლის 17 მარტიდან);

კაბინეტი: მინისტრთა საბჭოს ირჩევს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად და ინიშნება მონარქის მიერ;

არჩევნები/დანიშვნები: მონარქია მემკვიდრეობითია; საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით არჩეული უმრავლესობიდან  ინიშნება პრემიერ-მინისტრი  მონარქის მიერ;

სასამართლო სისტემა: 

 უზენაესი სასამართლო: უზენაესი სასამართლო ან სააპელაციო სასამართლო (შედგება 5 სასამართლო პანელისგან რაც მოიცავს სამოქალაქო, საოჯახო საკითხების, კომერციული, ადმინისტრაციული, სოციალური და სისხლის სამართლის სექციებს); საკონსტიტუციო სასამართლო (შედგება 12 წევრისგან);

სამხედრო დანაყოფები:

შეიარაღებული სამეფო ძალები: მაროკოს სამეფო არმია (მოიცავს საჰაერო თავდაცვას), მაროკოს სამეფო საზღვაო ფლოტი (მოიცავს სანაპიროს დაცვას და საზღვაო ქვეითებს), მოროკოს სამეფო საჰაერო ძალები;

სამხედრო სამსახურის ასაკი და ვალდებულება: 20 წლიდან ნებაყოფლობითია; არ ხდება გაწვევა. სამხედრო სამსახურის ვადა: 18 თვე.[1]

აროკოს სამეფოს დროშა

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში მაროკოს შესახებ, ქვეყანას აფასებს როგორც ნაწილობრივ თავისუფალს. თავისუფლების ხარისხი შეფასებულია 4.5 ქულით (7 ქულა წარმოადგენს ყველაზე უარეს მაჩვენებელს), სამოქალაქო თავისუფლებები შეფასებულია 4 ქულით, ხოლო პოლიტიკური უფლებების ხარისხი – 5 ქულით.

მაროკო რეგულარულად ატარებს მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებს. 2011 წელს გატარებულმა რეფორმებმა ფორმალურად გადაანაწილა ძალაუფლება მონარქიასა და არჩეულ საკანონმდებლო ორგანოზე. მოჰამედ VI კვლავ ინარჩუნებს როგორც ფორმალურ ისე არაფორმალურ გავლენას სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, მათ შორის უსაფრთხოების ძალებსა და რელიგიურ ლიდერებზე.

 მმართველმა პარტიამ სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (Justice and Development Party-PJD) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კვლავ შეინარჩუნა ძალაუფლება.

მთავრობა კვლავ განაგრძობდა პირადი თავისუფლების და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას. არაერთი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა სხვადასხვა მიზეზით, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლება აქციის  დასაშლელად ძალადობას მიმართავდა.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება:

ანგარიშის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის არ არის დაცული. ხელისუფლება   მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად და მთავრობის საწინააღმდეგო აქციის  ორგანიზებაში ჩართული პირების შესავიწროებლად ზოგჯერ გადაჭარბებულ  ძალას იყენებს. ამგვარი პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა 2016 წელს. თუმცა, არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ, მაგრამ ზოგჯერ სამართლებრივ შევიწროებას, სამგზავრო შეზღუდვებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა სახის დაბრკოლებებს აწყდებიან. ხელისუფლება გამუდმებით ხელს უშლის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას, რომელთაც  კავშირები აქვთ სამართლებრივ ან საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ან მარგინალიზებულ საზოგადოებებთან. ხელისუფლება ასევე ხელს უშლის ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გარკვეული ღონისძიებების გამართვის პროცესში. ასევე ხშირად ეწინააღმდეგებიან  ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას გარკვეულ ღონისძიებებში.

კანონის უზენაესობა

სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი მონარქიის გავლენისგან და ხშირად სასამართლოებს იყენებენ მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასასჯელად. თვითნებური დაკავებები და ადამიანთა წამება კვლავ ხდება. უფლებადამცველების ინფორმაციით, წამება კვლავ ფართოდაა გავრცელებული მაროკოს უსაფრთხოების ძალების და დაკავების ცენტრებში, განსაკუთრებით კი იმ პირების მიმართ, რომლებიც დასავლეთ საჰარას დამოუკიდებლობას, მემარცხენეებს, ისლამისტებს და მთავრობის სხვა მოწინააღმდეგებს იცავენ.

ხალხის უკმაყოფილება პოლიციის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის გახშირების გამო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2016 წლის ოქტომბერში მეთევზე მოუჩინე ფიკრი იქნა მოკლული. პოლიციის მხრიდან ფიკრის 1000 ფუნტი თევზი ჩამოერთვა,  იმის გამო რომ სათევზაო სეზონზე არ დაუჭერია თევზე. როდესაც იგი ცდილობდა სანაგვიდან თევზის ამოღებას, ნაგვის გადამამუშავებელი კომბაინი ჩაირთო – სავარაუდოდ პოლიციის ოფიცრის ბრძანებით – და მეთევზე ადგილზევე გარდაიცვალა. ფიკრის გარდაცვალების გამო, ნოემბერში თერთმეტი ადამიანი იქნა დაკავებული. მათ შორის იყო ორი პოლიციის ოფიცერი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ნელ-ნელა მიწყნარდა.

მაროკოს LGBT საზოგადოება აწყდება მკაცრ დისკრიმინაციას და ზოგ შემთხვევაში ძალადობასაც. ერთსქესიანთა ურთიერთობა შეიძლება დაისაჯოს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. LGBT-ის თემის უცხოელი წარმომადგენლები დაიშვებიან ტურისტულ ზონებში.

ამაზიღები (ბერბერები) და სხვა თემები, რომლებიც არაბულ კულტურასთან არ იდენტიფიცირდებიან  გარკვეულ უთანასწორობას განიცდიან საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საკითხებში. მთავრობამ გარკვეული ძალისხმევა მიმართა არაბიზაციის პოლიტიკის გამოსწორებისთვის. 2011 წლის საკონსტიტუციო რეფორმებიდან მოყოლებული,  თამაზიღურ (ბერბერულ) ენებს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და სკოლებში ამაზიღური კულტურა დაწინაურდა. თუმცა, დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცდილობენ წინ წამოწიონ ამაზიღთა უფლებები და კულტურა, მთავრობის მხრიდან დაბრკოლებებს აწყდებიან.

მთავრობამ დროებითი ბინადრობის უფლება  ასობით ლტოლვილს  და ათასობით აფრიკელ მიგრანტს მიანიჭა.  ხელისუფლების მიმართ კვლავ გაისმოდა ბრალდებები გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ უკანონო მიგრანტების დაბლოკვისას, რომლებიც ცდილობდნენ შეეღწიათ ესპანური ანკლავის სეუტას და მელილას ტერიტორიაზე.

ადამიანის ინდივიდუალური უფლებები

გადაადგილების თავისუფლება, დასაქმება და განათლებაზე წვდომის უფლება გარანტირებულია მაროკოს კანონით, მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული უფლებები პრაქტიკაში იზღუდება. ფართოდაა გავრცელებული ქრთამის აღება, ნეპოტიზმი და უთანასწორობა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საგანმანათლებლო სფეროში რაც დამსახურების მიხედვით წინსვლისთვის ხელის შემშლელია.

მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, „ბიზნესის კეთების“ კუთხით მაროკო 190 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. მაროკოს მიწების 50% ტომების ხელშია მოქცეული, ხოლო რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ჯგუფი აკონტროლებს თითქმის ერთ მესამედს. სასოფლო სამეურნეო მიწები ადმინისტრირებულია რელიგიის და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, რაც ძირითადად ცნობს მფლობელობას და მაცხოვრებლების და მუშების ძირითად უფლებებს.

რეგიონული სტანდარტების გათვალისწინებით მაროკოს კანონები ქალთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით შედარებით პროგრესულია. გენდერული თანასწორობა აღიარებული 2011 წლის კონსტიტუციით. 2004 წელს საოჯახო კოდექსი იქნა მიღებული, რომელმაც ქორწინების, განქორწინების და ბავშვებზე მეურვეობის საკითხებში ქალთა უფლებები კიდევ უფრო გაზარდა. არსებობს სხვადასხვა კანონები, რომლებიც ქალთა ინტერესებს იცავს. თუმცა, მემკვიდრეობის საკითხი კვლავ დისკრიმინაციულ ელემენტს შეიცავს, ქორწინებაში მომხდარი გაუპატიურების ფაქტი დანაშაულად არ ითვლება და ქალთა წინააღმდეგ ოჯახური ძალადობა  არსებული სოციალური სტიგმის გამო იშვიათად ხმაურდება და ისჯება. სოციალურ დონეზე ქალები კვლავ აწყდებიან გაურკვეულ დისკრიმინაციას. ქორწინების გარეთ სექსუალური ურთიერთობა არაკანონიერია.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მაროკოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა იმ ჯგუფების განადგურებას, რომლებიც ცდილობდნენ ამერიკელებზე ან დასავლეთთან ასოცირებულ პირებზე და მაროკოს მთავრობის  წარმომადგენლებზე თავდასხმას, აკავებდა უამრავ ადამიანს, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან ასოცირდებოდნენ. მაროკოში ხშირად ტარდება დემონსტრაციები, რომელთაც ძირითადად პოლიტიკური და სოციალური ხასიათი აქვს.[3]

სიკვდილით დასჯა

სასამართლოები განაგრძობდნენ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას; თუმცა 1993 წლიდან მოყოლებული არცერთი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულებულა. ივლისში ხელისუფლების გადაწყვეტილებით 23 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი შეეცვალა სამუდამო პატიმრობით.[4]

დასავლეთ საჰარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

დასავლეთ საჰარას შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურებმა თავი უნდა შეიკავონ  დასავლეთ საჰარას ტერიტორიებზე 30 კმ. სიგრძეზე, ბერმის დასავლეთით და აღმოსავლეთით მოგზაურობისგან.  დასავლეთ საჰარა წარმოადგენს სადავო ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა მოხდეს ტერორისტული თავდასხმის ფაქტები.[5]

დასავლეთ საჰარას ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მაროკოს დე-ფაქტო ადმინისტრაციას ექვემდებარება, სწორედ ის აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას. სამხედრო საზღვარი ყოფს მაროკოს მიერ კონტროლირებად დასავლეთ საჰარას ტერიტორიის ნაწილს  დანარჩენი ტერიტორიისგან, მავრიტანიასა და ალჟირისგან. დასავლეთ საჰარას ტერიტორიის სტატუსი სადავოა მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს (ნაციონალისტურ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც შედგება საჰრავის ეთნიკური ჯგუფის წევრებისგან) შორის.[6]

[1] Central Intelligence Agency: The World Factbook: MOROCCO; Page last updated on June 26, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/mo.html [accessed July 10, 2017 ]

[2] Freedom House: Freedom in the World 2017 : Morocco Profile; https://freedomhouse.org/report/freedom-world/2017/morocco [accessed July 10, 2017 ]

[3] US State Department: Morocco -Safety and Security https://travel.state.gov/content/passports/en/country/morocco.html [accessed July 13, 2017 ]

[4] Amnesty International :Annual Report-Morocco/Western Sahara 2016/2017 https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/morocco/report-morocco/#endnote-4 [accessed July 13, 2017 ]

[5] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office: Foreign travel advice – Western Sahara; Updated:

25 April 2017  https://www.gov.uk/foreign-travel-advice/western-sahara [accessed July 13, 2017 ]

[6] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office: Foreign travel advice- Western Sahara; Updated:

25 April 2017  https://www.gov.uk/foreign-travel-advice/western-sahara/safety-and-security [accessed July 13, 2017 ]

ერაყი – ქრისტიანების მდგომარება – ივლისი, 2017

2017 წლის 9 იანვარს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მისიას ერაყში, აღნიშნულია, რომ უძველესი დროიდან, ერაყი არის ეთნიკურად, ლინგვისტურად, რელიგიურად და კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანა. ისტორიულად, ზოგიერთი ჯგუფი მთელი ერაყის მასშტაბით ცხოვრობდა მაშინ, როცა გარკვეული უმცირესობები, მათ შორის ქრისტიანები, შაბაკები, იეზიდები და თურქმენები, თავიდანვე ცხოვრობდნენ ერაყის ჩრდილოეთით და ქურთისტანის რეგიონის სამხრეთის ტეროტორიაზე, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ისტორიულად, დიდი ქრისტიანული თემები, ასევე, ცხოვრობდნენ  ბაღდადსა და ბასრაში.

ერაყის ქრისტიანულ თემში შედიან: სომეხი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წევრები, ასირიული მართლმადიდებელი ქრისტიანები, ქალდეველი კათოლიკეები, ევანგელისტები, სხვა პროტესტანტები, სირიელი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, და სხვა გამორჩეული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც მიეკუთვნებიან „ქრისტიანულ“ კატეგორიას. ისტორიულად, ქრისტიანები წარმოადგენდნენ სამიზნე ობიექტებს საკუთარი სარწმუნოების და დასავლეთთან მოაზრებული კავშირების გამო. 2003 წლის მოვლენების შემდეგ, ქრისტიანულ თემზე თავდასხმებმა აიძულა მოსახლეობა, დაეტოვებინა ქვეყანა. ქრისტიანი წარმომადგენლების განცხადებით, მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 2003 წლამდე ისინი 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენდნენ, ხოლო 2014 წლისთვის მხოლოდ 350,000 პირს.

2014 წლის მეორე ნახევრიდან, მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ქრისტიანებით დასახლებულ ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს (ISIL) შეჭრით, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ISIL-ის მიერ მოსულის დაკავების შემდეგ, ათასობით ქრისტიანმა დატოვა ტერიტორია. ისინი, ვინც დარჩნენ ან ვერ მოახერხეს გაქცევა, მოუწიათ უსაფრთხოების სანაცვლოდ ხარკის გადახდა, ნაწილი კი აიძულეს შეეცვალათ სარწმუნოება, ხოლო ვინც არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს, სიკვდილით სჯიდნენ. ქრისტიანების ქონება მონიშნეს არაბული ასო „ნ“-ით („ნასრაანი“ ყურანში გამოყენებულია ქრისტიანების აღსანიშნავად), რომელიც შემდგომში ჩამოართვეს, ქრისტიანებს კი წაუყენეს პირობა, რომ 2014 წლის 19 ივლისისთვის დაეტოვებინათ ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავარობა ხაზს უსვამს სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფებთან კარგ ურთიერთობას, ზოგიერთი ქრისტიანი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გამხდარან ანტი-ქრისტიანული განწყობის და ინციდენტის მომსწრენი. ქრისტიანმა მღვდელმა მოსულიდან განაცხადა, რომ 2005 წლის შემდეგ, მას ხალხისგან სმენია მსგავსი გამონათქვამები: „არ შეიძინოთ უმცირესობების ქონება, რადგან, მოგვიანებით, ისინი თავისუფლები გახდებიან“. მისივე თქმით, ხალხს უხარია, რაც ქრისტიანებს დაემართათ ნინევასა და მოსულში.

პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა

მცირე ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს აქვთ შეზღუდული საშუალება საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოსახატავად. თემების წარმომადგენლების განცხადებით, მათ აკლიათ პოლიტიკური ჩართულობა საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, დაწყებული ადგილობრივიდან დამთავრებული ეროვნულით. მიმდინარე საარჩევნო კანონმა კი, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენილი რაოდენობის პროპორციულად, უფრო გაართულა მათი  ჩართულობა პოლიტიკაში. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საკუთარი საჭიროებების წინ წამოსაწევად, აუცილებელი იყო პოლიტიკაში მათი მონაწილეობა, როგორც გრძელვადიანი სოციალური ინტეგრაციის პროექტის ნაწილი. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, დღესდღეობით, უმცირესობები არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვა წარმომადგენლის განმარტებით კი, ნინევაში გადაწყვეტილების მიმღები პირების თანამდებობებზე ქრისტიანების და სხვა უმცირესობების წარმომადგენლების დანიშვნის კუთხით, ხდება მათი დაბლოკვა.

ეროვნული პარლამენტი არსებული 328 ადგილიდან მხოლოდ 8 ადგილს გამოყოფს უმცირესობებისთვის, საიდანაც 5 ადგილი მოდის ქრისტიანებზე, ხოლო თითო-თითო ადგილი საბიელ-მანდეველებზე, შაბაქებზე და იეზიდებზე.

უმცირესობები ქურთისტანის რეგიონში

ქურთისტანის რეგიონის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ვიზიტის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პრემიერ მინისტრმა ბარზანიმ გაეროს  სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ უმცირესობების უფლებებს სპეციალური კონსტიტუციური დაცვა მიენიჭება და ყველა ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  მათთვის ხელსაყრელი იყო უმცირესობების დიდი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები და იეზიდები, შეზღუდული ავტონომიური ტერიტორიების გამოყოფის გათვალისწინება.[1]

 დიდი ბრიტანეთის მთავარი ოფისის 2016 წლის აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანიის ფაქტების დამდგენი მისიის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სურთ ერბილის ან დაჰუკის პროვინციებში შესვლა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე უნდა წარადგინონ ერბილში გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვები, არაბი დევნილები, რომელთაც არ აქვთ აღნიშნული ნებართვები, ეკრძალებათ პროვინციაში შესვლა. რაც შეეხება ქურთებს, იეზიდებს და ქრისტიანებს, მათ მსგავსი ბინადრობის ნებართვების გარეშე შეუძლიათ,  როგორც ერბილის, ისე დაჰუკის პროვინციაში შესვლა, თუმცა გაძლიერებული კონტროლის პერიოდში, აღნიშნულ  ჯგუფებზეც შესაძლოა  გავრცელდეს უსაფრთხოების კუთხით არსებული შეზღუდვები.

შვედეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Qandil“-ის ინფორმაციით, დოკუმენტების არმქონე პირებს, ქრთამის გადახდის შემთხვევაში, შეუძლიათ საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლა. მისივე თქმით, ქრისტიანებს, ქურთებს და იეზიდებს, საგუშაგოების გავლისას, არ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფის“ (MRG) მიერ, 2017 წლის 7 ივნისს, გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ისლამური სახელმწიფოს შემდეგ ერაყში მცხოვრებ უმცირესობების მდგომარეობას, აღნიშნულია შემდეგი:

მომსახურების და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა

ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა მძიმედ არის დაზიანებული. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, წყალმომარაგება და ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. იმ ადგილებში, სადაც მატერიალური ზიანი შედარებით ნაკლები იყო, მაგალითად, ქრისტიანულ ქალაქში – თალ უსკუფი (ნინევას პროვინცია), კვლავ რჩებოდა არსებითი პრობლემები. ქალაქში დაბრუნებულ რამდენიმე ოჯახთან ინტერვიუსას გამოიკვეთა, რომ ღამით მიწოდებული ელექტროენერგიის მიუხედავად, საბაზისო სერვისები ჯერ კიდევ არ იყო ფუნქციური. 2017 წლის თებერვალში, თალ უსკუფში დაბრუნებული ერთ-ერთი ქრისტიანი აღნიშნავს: „ქალაქში არ არის წყლის რეზერვუარები, ხოლო ჭების ასამუშავებლად ელექტროენერგიაა საჭირო. ჭის წყლით, წყლის რეზერვუარების შესავსებლად გენერატორებია საჭირო. უფრო მეტიც, მილები გატეხილია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერატორი მუშაობს, წყალი თანმიმდევრობით არ მიედინება“.

უსაფრთხოება და შეიარაღებული დაჯგუფებების მანიპულაცია

ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებას იცავს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება. ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და პეშმერგას გარდა, მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან  ადგილობრივებთან, პატრულირებენ შესაბამის ტერიტორიებზე. ვიზიტის დროს, ალ-ჰამდანიას (ნინევას პროვინცია) აკონტროლებდა „ნინევას დაცვის ერთეული“ (NPU), რომელიც 2014 წელს შეიქმნა, ძირითადად, ასირიელი ქრისტიანების მიერ. უმცირესობებზე დაფუძნებული დაჯგუფებების შეზღუდული ძალაუფლება მიანიშნებს იმას, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა ერაყის მთავრობისგან/ერაყის უსაფრთხოების ძალებისგან ან ქურთისტანის რეგიონისგან/პეშმერგასგან. აღნიშნული ასახავს პოლიტიკურ მანიპულაციას, კერძოდ, ერაყის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ქრისტიანული დაჯგუფება NPU  და იეზიდების დაჯგუფების ეზიდხანის (Êzîdxan) დაფინანსება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხედრო სტრატეგიების დანერგვისას უმცირესობების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ხიდი ხელისუფლებასა და დაბრუნებულ უმცირესობებს შორის.

არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ნინევას დაბლობების დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ქურთული ძალები. მართალია, ალქუში, ბათნაია, თალ უსკუფი და შემოგარენი ადგილები ქრისტიანული ქალაქებია, ქურთისტანის მხრიდან აღნიშნულ ქალაქებში შესასვლელები პეშმერგას კონტროლის ქვეშაა.

სანამ კონტროლის კუთხით არსებული დავა გადაუჭრელი რჩება, უმცირესობები შეშფოთებულები არიან თავიანთი მიწების მომავალი ბედით. ინტერვიუსას, ერბილში მყოფი ერთ-ერთი ქრისტიანი იძულებით გადაადგილებული პირი შიშობს, რომ სამხედრო საზღვრები გახდება პოლიტიკური საზღვრები.

უმცირესობების წარომადგენლები ნინევას პროვინციიდან, აღნიშნავენ, რომ მეზობელმა თემებმა მათ უღალატეს, კერძოდ, ქურთულმა ძალებმა მიატოვეს, ხოლო ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისინი უგულებელყო.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ერაყი ჩვენი სამშობლოა და მას ვემსახურებით. ქრისტიანები არიან ისინი, რომლებიც ერაყის ყველა პროვინციაში ცხოვრობენ, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ერაყი ჩვენი სახლია, მაგრამ 2003 წლიდან ერაყი, როგორც პირველხარისხოვან მოქალაქეებს, ისე არ გვექცევა“. – ქრისტიანი სამხედრო მეთაური, დაჰუკი, 2017 წლის მარტი

თითოეული დღე, რომელიც გადაწყვეტილებისა და იმედის გარეშე ჩაივლის, გამოიწვევს იმას, რომ უმცირესობები გააგრძელებენ ქვეყნიდან გაქცევას“. – ქრისტიანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი  დაჰუკი, 2017 წლის მარტი[3]

საინფორმაციო სააგენტო „Inter Press Service“-ის მიერ 2017 წლის 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ მოსულში, ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებული მიწები ცარიელია. ერაყის ცენტრალური მთავრობა ბაღდადში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა ერბილში შეთანხმებულები არიან, რომ იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან კუთვნილ ტერიტორიებზე, როდესაც აღდგება სერვისები და უსაფრთხოება. იძულებით გადაადგილებული პირები კი ფიქრობენ, რომ დაბრუნების პროცესი სხვა მიზეზის გამო იწელება. ისინი შიშობენ, რომ მიწის გადანაწილების პროცესი დაწყებულია.[4]

ალ-მონიტორის მიერ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში შობის დღესასწაული, წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბურად იზეიმეს. სოლიდარობის ნიშნად ერაყელმა მუსლიმებმა ქრისტიანებთან ერთად აღნიშნეს შობა, თუმცა ამის მიუხედავად, ერაყელი ქრისტიანების მიგრაციის მაჩვენებელი მაინც იზრდება. ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირები მონაწილეობას იღებენ ერთმანეთის რელიგიურ  დღესასწაულებში. ასევე, რამდენიმე მუსლიმი პოლიტიკოსი დაესწრო ეკლესიაში გამართულ ღონისძიებებს. აღნიშნული ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ერაყის ერთ-ერთი უძველესი რელიგიის ბედი.

ბევრი ქრისტიანი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ქრისტიანები სხვა უმცირესობებთან ერთად, ტოვებენ ქვეყანას. ჰუმმარაბის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის კოორდინატორმა ვალიმ ვარდამ ალ-მონიტორს განუცხადა, რომ „თუ მოვლენები ასე გაგრძელდება და ხელისუფლება ასირიელებს და ქალდეველებს ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი საბოლოოდ დატოვებენ ქვეყანას“. მისივე თქმით, მოსულიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნახევარს ქრისტიანები შეადგენენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ერაყი, მათი რიცხვი კი სულ უფრო იზრდება.[5]

საინფორმაციო საშუალება „Reuters“-ის მიერ 2016 წლის 25 დეკემებრს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში, რომელიც ერაყის მთავრობის და ძირითადად შიიტებით დაკომპლექტებული უსაფრთოხების ძალების კონტროლის ქვეშაა, ქრისტიანებმა საშობაოდ მორთეს ეკლესიები, რათა აღენიშნათ შობის დღესასწაული. მიუხედავად ამისა, ბევრი ქრისტიანი შიშში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვერ ახდენს მათ ადეკვატურ დაცვას.[6]

 

 

[1] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on minority issues on her mission to Iraq, 9 January 2017, A/HRC/34/53/Add.1, available at:

 [accessed 6 July 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iraq: Return/Internal relocation , 18 August 2016, Version 3.0, available at:

 [accessed 6 July 2017]

[3] MRG – Minority Rights Group International: Crossroads: The future of Iraq’s minorities after ISIS, 7 June 2017 (available at ecoi.net)

  (accessed 6 July 2017)

[4] IPS – Inter Press Service – News Agency: Civilian Casualties Mount in Battle to Re-take Mosul, 7 June 2017
http://www.ipsnews.net/2017/06/civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul (accessed 6 July 2017)

[5] Al-Monitor – Iraq’s Muslims celebrate Christmas in solidarity with Christians, 23 December 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/12/christmas-iraq-christians-minorities.html (accessed 7 July 2017)

[6] Reuters – Fearful Christmas in Baghdad after attacks on Christians, 25 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-minorities-idUSKBN14E0GG (accessed 7 July 2017)

ერაყი – კაკაების მდგომარება – ივლისი, 2017

კაკაები წარმოადგენენ ერაყის ერთ-ერთ რელიგიურ უმცირესობას, რომლებიც გაფანტულნი არიან ერაყის ჩრდილოეთით, სულეიმანიას და ჰალაბჯას პროვინციებში, ასევე, ნინევას პროვინციის ნინევას დაბლობებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ კირკუკის სოფლებში. ისტორიკოსები და მკვლევრები არ ეთანხმებიან  კაკაების, როგორც იდუმალებით მოცული სექტის კლასიფიკაციას. კაკაები საკუთარ რწმენას ფარულად ინახავდნენ, რამაც ხელი შეუშალა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ფორმირებას და ცენტრალური ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონის პარლამენტებში მათი წარმომადგენლობის არსებობას.

ეთნიკურად კაკაები თავებს ქურთებს მიაკუთვნებენ, მაგრამ მათი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი განსხვავებულ საზოგადოებას წარმოადგენენ  და მოითხოვენ პოლიტიკურ წარმომადგენლობას.  მოსახლეობამ, ჰალაბჯას პროვინციის საბჭოში, კვოტირებული გზით მოიპოვა ადგილი, რომელიც დღეს აქუ შავაისის უკავია. შავაისი ერაყის ქურთისტანის, ჰალაბჯას პროვინციის განათლების დირექტორატში მუშაობს ხელმძღვანელად. იგი აირჩა, რათა ყოფილიყო კაკაების წარმომადგენელი პროვინციაში. აღნიშნული თანამდებობა წარმოადგენს თანამედროვე ერაყისა და ქურთისტანის ისტორიაში პირველ შემთხვევას.

ალ-მონიტორთან ინტერვიუში შავაისი განმარტავს იმ გარემოებებს, რის ფონზეც იგი აირჩიეს კაკაების პირველ წარმომადგენლად ჰალაბჯაში და საუბრობს კაკაების ოფიციალურ აღიარებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, ასევე, თავად კაკაების ჯგუფის შიგნით არსებულ დავაზე. ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ კაკაიზმი დამოუკიდებელი რელიგიური იდენტობაა, ხოლო მეორე ისლამის ნაწილად მიიჩნევს თავს. შავაისს მოჰყავს, კაკაებსა და მუსლიმებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები, რომლებიც უკავშირდება რწმენასა და რიტუალებს.

კაკაების ოფიციალური აღიარება ძალიან შეზღუდულია. 2005 წლის ერაყის კონსტიტუცია და ქურთისტანის კონსტიტუცია კაკაებს არ მოიხსენიებს, როგორც რელიგიურ საზოგადოებას. წარმომადგენლის სახელით მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით, კაკაები არ არიან წარმოდგენილნი ქურთისტანის შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული, ძირითადად გამოწვეულია კაკაების შიგნით არსებული დავის გამო.

სახელმწიფო ინსტიტუტებში ფორმალური წარმომადგენლობის თვალსაზრისით, კაკაებს არ ჰყავთ წარმომადგენლები ერაყის ფედერალურ ან ქურთისტანის რეგიონის პარლამენტებში, მთავრობებში ან პროვინციულ საბჭოებში, ვინაიდან არ არსებობს კვოტა კაკაებისთვის. თუმცა, 2015 წლის კანონი #5, რომელიც იცავს ქურთისტანში არსებული ჯგუფების უფლებებს, თანამედროვე ისტორიაში, პირველად მოიხსენიებს კაკაებს, როგორც რელიგიურ ჯგუფს ერაყის ქურთისტანში.

შავაისის განცხადებით, კაკაების ორ ჯგუფად დაყოფა გამოიწვია კაკაების შიშმა, არ გამხდარიყვნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ან ისლამური პურიტანული მებრძოლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები. ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ კაკაები არიან მუსლიმები, ცხოვრობენ მუსლიმი მებრძოლებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე – კირკუკში, მოსულში, ან სულეიმანიაში, კალარში.

კაკაების იმ ნაწილთან კამათისას, რომლებიც თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ცხოვრობენ სახიფათო ტერიტორიაზე და ეშინიათ, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან აღქმულები არ იყვნენ, როგორც ურწმუნოები.

შავაისის თქმით, აღნიშნული შეესაბამება სიმართლეს, ისლამურმა სახელმწიფომ და რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოკლეს დაახლოებით 200 კაკაი. ჯგუფში არსებულმა შიდა დაყოფამ კი, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია კაკაების პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე და გადადო მათი მოთხოვნა კვოტირებული ადგილების გამოყოფაზე.

შავაისის განმარტებით, კაკაიზმი არის მონოთეისტური რელიგია, მაგრამ იგი დაკავშირებული არ არის ისლამთან. პატარა განსხვავებები შესამჩნევია ჰალაბჯაშიც. კაკაების დაკრძალვის რიტუალები განსხვავდება მუსლიმებისგან. თუმცა, ის კაკაები, რომლებიც მუსლიმებს შორის ცხოვრობენ, ცდილობენ ყველაფერი მათებურად გააკეთონ. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სხვა რელიგიურ სწავლებებთან, განსაკუთრებით ისლამთან, მიმართებაში არის ის, რომ კაკაებს სჯერათ სულის გადასვლის. მათ სწამთ, რომ  კარგი სული სხვადასხვა დროს განიცდის რეინკარნაციას და სწორედ ამიტომ, მათი რწმენით, ისლამის და სხვა რელიგიის წმინდანები არიან ერთი და იმავე კარგი სულის განსახიერება.

ალ-მონიტორის შეკითხვაზე თუ რატომ აქვთ კაკაებს კვოტა კონკრეტულად ჰალაბჯას პროვინციულ საბჭოში, როცა ისინი სხვა პროვინციებშიც ცხოვრობენ, როგორიცაა კირკუკი, სულეიმანია და ნინევა, შავაისი პასუხობს, რომ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჰალაბჯაში კაკაები თავს ისლამისგან დამოუკიდებლად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა არის განათლებული ელიტური წრიდან, აქვთ უნივერსიტეტის დიპლომები და აცნობიერებენ თავიანთი რელიგიური საზოგადოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობის მნიშვნელობას. მათი სოციალური გარემო ნაკლებად რადიკალურია და არ ჰყავთ მუსლიმებით დასახლებული სამეზობლო, რომელთა შიშიც ექნებოდათ.

კაკაების მიმართ დისკრიმინაცია ეფუძნება რელიგიურ მიზეზებს, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი მუსლიმებთან ერთად ცხოვრობენ. ბევრ მუსლიმს სტერეოტიპული შეხედულება აქვს კაკაებზე და შესაბამისად, არ იღებენ მათ. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს იმ კაკაების მიმართაც, რომლებიც თავს მუსლიმებად აცხადებენ და ყველა ისლამურ რიტუალს მუსლიმების მსგავსად ასრულებენ. კაკაებს ძირითადად ბრალს სდებენ შარიათის წესების უარყოფაში, ლოცვის, მარხვის, პილიგრიმობის და მოწყალების გაცემის წესების დარღვევაში.

არის სოციალური და ეკონომიკური დისკრიმინაციის სხვა მაგალითებიც, როგორიცაა კაკაის მიმდევრების მაღაზიებზე ოფიციალურად გამოუცხადებელი ბოიკოტი, რაც გავლენას ახდენს მათ საარსებო საშუალებებზე. ჰალაბჯაშიც კი მუსლიმ სასულიერო პირებს აქვთ მკაცრი პოზიცია კაკაების მიმართ, კერძოდ, 2010 წელს, როდესაც ჰალაბჯას გამგებლად დანიშნეს კაკაი ადვოკატი გორან ადამი, მუსლიმური სასულიერო პირების ჯგუფმა გამოსცა და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც აპროტესტებდა მის დანიშვნას. შეიხ მუჰამმად ალ-მუფთიმ პარასკევის ერთ-ერთ ლოცვაზე ჰალაბჯაში, ადამთან მიმართებაში განაცხადა, რომ არა მუსლიმი ვერ იქნება მუსლიმების მეურვე.

ალ-მონიტორის კითხვაზე თუ როგორ მოხდა კვოტირებული გზით შავაისის არჩევა კაკაიების წარმომადგენლად, შავაისიმ უპასუხა, რომ 2015 წლის 5 თებერვალს ქურთისტანის პარლამენტმა, სპეციალურ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქურთისტანის რამდენიმე მინისტრი,  მთავრობისა და პარტიის წევრები, ერთხმად დაამტკიცეს პროექტი, რომ ჰალაბჯა გამხდარიყო პროვინცია. რამდენადაც, ჰალაბჯა გახდა ახალი პროვინცია ქურთისტანის რეგიონში, კაკაის წარმომადგენლებმა ერბილიდან, კირკუკიდან და სულეიმანიადან, პარლამენტის წევრებს წარუდგინეს თხოვნა, რომ პროვინციულ საბჭოში, რომელიც 25 ადგილისგან შედგება, კაკაებისთვის გამოეყოთ ადგილი. ერაყის ისტორიაში პირველად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ეს იყო კარგი ამბავი ირანისა და ერაყის კაკაებისთვის. შავაისის განცხადებით, რამდენადაც ჰალაბჯაში 430 კაკაი ოჯახი ცხოვრობს, მათ მიიღეს პროვინციულ არჩევნებში მონაწილეობა. 2015 წლის 20 თებერვლის დემოკრატიულ არჩევნებში, 11 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, სადაც, საბოლოოდ,  შავაისიმ გაიმარჯვა. მისივე თქმით, კაკაების რელიგიური და პოლიტიკური მოთხოვნები არის შემდეგი: მათ სურთ, რომ მოხდეს მათი რელიგიის აღიარება. ქურთისტანის რეგიონის კონსტიტუციის მე-6 მუხლში, რომელიც ეხება რეგიონში არსებულ სხვადასხვა რელიგიას, კაკაიზმი მოხსენიებული არ არის. სწორედ ამიტომ, 2015 წლის 2 აპრილს, მათ გამართეს შეხვედრები ქურთისტანის პარლამენტში, სადაც მოითხოვეს ქურთისტანის რეგიონის კონსტიტუციის მე-6, მე-19 და 30-ე მუხლებში შეეტანათ კაკაიზმი. მათ მოითხოვეს, რომ წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში და  ასევე მოითხოვეს, რომ კაკაიზმი შეეყვანათ 2015 წლის #5 კანონში, რომელიც იცავს უმცირესობების უფლებებს ერაყის ქურთისტანში. მართალია, აღნიშნულ კანონში კაკაები მოხსენიებულნი არიან, როგორც აღიარებული რელიგიური კომპონენტები, თუმცა ჯერ კიდევ მისაღები აქვთ კვოტირებული ადგილი ერაყის ფედერალურ პარლამენტში ან ქურთისტანის რეგიონის პარლამენტში. შავაისის განცხადებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მათ მიზანს.[1]

2017 წლის 9 იანვარს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მისიას ერაყში, აღნიშნულია, რომ თემის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსულში და სხვა ტერიტორიებზე,  ისლამური სახელმწიფოს მიერ, რელიგიურ ნიადაგზე, მოკლულ იქნა დაახლოებით 300 კაკაი, მათი თქმით, კაკაების მიერ დაკავებული ვრცელი ტერიტორიები ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კაკაი, რომელიც ცხოვრობდა მოსულში და ნინევას დაბლობებში გახდენენ იძულებით გადაადგილებული პირები ქურთისტანში. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, 2016 წლის მარტში, ისლამურმა სახელმწიფომ დევნისა და მოკვლის მუქარით ახალი საფრთხე შეუქმნა ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრებ კაკაებს. ექვსი ლიდერის განცხადებით, მათი 65 სოფელი განადგურდა და იძულებით გადაადგილებული კაკაები სხვადასხვა ადგილებში გაიფანტნენ. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ერაყში, კაკაები დადგენენ საკუთარი იდენტობის საფრთხის წინაშე, რამდენადაც ცდილობდნენ კაკაების  „შიიტებად გადაქცევას“.

„OHCHR“-ის და „UNAMI“-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ეხება შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას, დაფიქსირებულია  ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანებს და საბიელ-მანდეველებს მისცა საშუალება, აერჩიათ, მოქცეულიყვნენ ისლამზე, გადაეხადათ ჯიზია (ხარკი უსაფრთხოების სანაცვლოდ), დაეტოვებინათ საცხოვრებელი, ან მომკვდარიყვნენ. იეზიდებისათვის, კაკაებისთვის და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის იყო ორი არჩევანი, ან ისლამის მიღება, ან სიკვდილი.

ქურთისტანის რეგიონის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ვიზიტის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პრემიერ მინისტრმა ბარზანიმ გაეროს  სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ უმცირესობების უფლებებს სპეციალური კონსტიტუციური დაცვა მიენიჭება და ყველა ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  მათთვის ხელსაყრელი იყო უმცირესობების დიდი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები და იეზიდები, შეზღუდული ავტონომიური ტერიტორიების გამოყოფის გათვალისწინება.  კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი იყო, ქურთისტანის რეგიონის შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში, მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ებრაელების, ზოროასტრელების, კაკაების და ბაჰაების,  წარმომადგენლობის ყოლის შესაძლებლობა.[2]

დანიის ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტ შალავ მოჰამმადის განცხადებით, თუ იძულებით გადაადგილებული პირები მოისურვებდნენ კირკუკში წასვლას, მათ უნდა გაევლოთ კირკუკის სამხრეთით, 47 კმ-ში, მდებარე ქალაქი დაქუქი, სადაც, კირკუკში შესასვლელად, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, დასჭირდებოდათ ID ბარათი. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის (IOM) იყო ცნობილი, კირკუკის პროვინციის ქურთების მიერ კონტროლირებადი მხარე დახურული იყო იმ პირებისთვის, ვინც არ იყვნენ დარეგისტრირებულნი კირკუკში, თუმცა ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ მაინც მოახერხა ქალაქში შესვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შვედური საქველმოქმედო ორგანიზაცია „Qandil“-ის ინფორმაციით, კირკუკში ცხოვრებისთვის, არაბებს სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები, რაც შეეხება ეთნიკურად ქურთებს, მათ აღნიშნული ნებართვები არ ესაჭიროებათ. ასევე, ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც თავისთავად არ არიან ქურთები, მაგრამ კირკუკში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ, მოიაზრებიან ქურთებთან თანასწორუფლებიანებად და შესაბამისად, არც მათ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები. „Qandil“-ის მიხედვით, აღნიშნული ვრცელდება შაბაკებზე, კაკაებზე (იარსანები), იეზიდებზე და ქრისტიანებზე.[3]

 

 

[1] Al-Monitor – Who are Iraq’s Kakai? 10 February 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/02/iraq-kakai-religious-minority-kurdistan-quota.html [accessed 3 July 2017]

[2] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on minority issues on her mission to Iraq, 9 January 2017, A/HRC/34/53/Add.1, available at:

 [accessed 3 July 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iraq: Return/Internal relocation , 18 August 2016, Version 3.0, available at:

 [accessed 3 July 2017]

 

ირანი – ხელოვანი ხალხის მდგომარეობა და გამოხატვის თავისუფლება – ივნისი, 2017

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ხელოვნების სხვადასხვა ფორმა აკრძალვებს აწყდება. ბეჭდვის ლიცენზიის მისაღებად, ყველა წიგნი უნდა დამტკიცდეს ირანის კულტურის სამინისტროს მიერ. უამრავი წიგნი დაიბლოკა და ავტორებს დაბრალდათ დივერსია. ფილმის შემქმნელები ასევე აწყდებიან ცენზურას და ზეწოლას. 2016 წლის ივნისში ფილმის შემქმნელი ჰოსეინ რაჯაბიანი, მისი ძმა, მუსიკოსი მეჰდი რაჯაბიანი და ასევე მუსიკოსი იუსეფ ემადი 2015 წელს დააპატიმრეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მიწისქვეშა (undergroud) მუსიკის გავრცელებისთვის. ოქტომბერში მწერალი და აქტივისტი გოლროხ ებრაჰიმი ირაე 6 წლით ჩასვეს ციხეში ირანში ჩაქოლვის შესახებ დაწერილი და გამოუქვეყნებელი მოთხრობის გამო.[1]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება კვლავ ზღუდავდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ბრალდებებით დაკავებებისა და მშვიდობიანი კრიტიკოსების დაპატიმრებების გზით. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, ბლოგერები, სტუდენტები, სავაჭრო კავშირების აქტივისტები, ფილმის შემქმნელები, მუსიკოსები, პოეტები, ქალთა უფლებების აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა აქტივისტები და გარემოსდაცვითი და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კამპანიების მონაწილეები. ხელისუფლება ასევე ზღუდავდა მუსიკალურ ექსპრესიას წარმოდგენების ძალით ჩაშლის გზით, მათ შორის კულტურისა და ისლამური სწავლების მიერ ლიცენზირებული კონცერტების ჩაშლითაც. ადგილი ჰქონდა ისეთი აქტივობების ჩახშობას, როგორიცაა შერეული სქესის წვეულებები; ასობით ადამიანი დააპატიმრეს და მიუსაჯეს გაშოლტვა.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თავისუფალი სიტყვა მკაცრად შეზღუდულია და ხელისუფლება აგრძელებს ჟურნალისტების, ბლოგერების და ონლაინ მედია აქტივისტების დაპატიმრებებს მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის. 2016 წელს, სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ და სასამართლომ ათობით მუსიკალური კონცერტი დაბლოკა, კერძოდ ისეთი კონცერტები, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალ შემსრულებლებს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მთავრობა ინარჩუნებს კონტროლს კინოზე, მუსიკაზე, თეატრზე, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებზე და აწესებს ცენზურას ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება ისლამურ ღირებულებებს. ხელისუფლება მძიმე მეტალს და უცხოენოვან მუსიკას რელიგიურად ძალადობრივს უწოდებს. კულტურის სამინისტრომ უნდა დაამოწმოს, რომ სიმღერის ტექსტი და ალბომის გარეკანი შეესაბამება ისლამურ ღირებულებებს. მიუხედავად ამისა, ბევრი მიწისქვეშა მუსიკოსი უშვებს ალბომებს ასეთი ნებართვის გარეშე.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ მეჰდი რაჯაბიანი, ჰოსეინ რაჯაბიანი და იუსეფ ემადი არალიცენზირებული მუსიკის გავრცელებისთვის დამნაშავედ ცნეს ისლამური სწავლების შეურაცხყოფის, სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისა და უკანონო აუდიო-ვიდეო აქტივობების ბრალდებებში და მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დააკისრეს ჯარიმა 6,178 აშშ დოლარი. ხელისუფლებამ დახურა მათი ვებ-გვერდი და „Amnesty International“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ცემეს დაკავებისას და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ელექტრო-შოკი. ირანის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის ინფორმაციით, რაჯაბიანებმა დაიწყეს შიმშილობა საპატიმროში მათი დაცალკევებისა და მეჰდი რაჯაბიანისთვის სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ რეპერი ამირ „ტატალუ“ ჰოსეინ მაგჰსუდლუ 2016 წლის 23 აგვისტოს პოლიციამ დააკავა თეირანში „ახალგაზრდებში გარყვნილების გავრცელების“ გამო. 2016 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სხვადასხვა პროვინციაში ჩაშალა კონცერტები, რადგან ისინი მიიჩნია „შეუსაბამოდ“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაშალა მომღერალ სალარ აგჰილის, მუსიკოს შაჰრამ ნაზერის და კაივან კალჰორის კონცერტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ ჰქონდა აღებული ნებართვა კულტურის სამინისტროში. ხორასან რაზავის პროვინციის პროკურორმა გოლამალი სადეგიმ განაცხადა 2016 წლის აგვისტოში, რომ პროვინციაში მუსიკალური კონცერტების ჩატარება ამიერიდან აღარ დაიშვებოდა.[4]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის დოკუმენტში „ქვეყნის პოლიტიკა და საინფორმაციო ანგარიში: ირანი – ჟურნალისტები და ინტერნეტ მედია“ წერია, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ისინი, ვინც ზიანს აყენებენ საჯარო მორალს, მათ შორის ჟურნალისტები, სოციალური მედიის მომხმარებლები და ბლოგერები, შეიძლება ირანის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, თვითნებური დაკავების, გამათრახების, არასამართლიანი სასამართლოსა და წამების ობიექტები გახდნენ. ასეთი მოპყრობის მსხვერპლთ არ მიუწვდებათ ხელი ეფექტურ სახელმწიფო დაცვასა და შიგა გადაადგილებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში არასათადანადო მოპყრობის რისკის ქვეშ დგებიან ოჯახის წევრებიც.[5]

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iran, 15 April 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Journalists and internet based media, 24 October 2016, Version 2.0, available at:

[accessed 10 June 2017]

ეგვიპტე – ლგბტ პირების უფლებები და მდგომარეობა – ივნისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 1961 წლის მე-10 კანონის მიხედვით, გარყვნილების ბრალდებით, აპატიმრებენ, აკავებენ და ასამართლებენ პირებს მათი რეალური თუ მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის საფუძველზე.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ლგბტ პირები აწყდებიან მძიმე დევნას და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება პრეზიდენტ სისის რეჟიმის ქვეშ. ეგვიპტეში ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა მკაფიოდ არაა აკრძალული და ამიტომ, ლგბტ პირების დასჯა ხდება პროსტიტუციისა და გარყვნილების ბრალდებებით. 2016 წლის აპრილში სასამართლომ გარყვნილების ბრალდებით 11 კაცს მიუსაჯა 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე ანგარიშში წერია, რომ რეიდები და დაპატიმრებები გრძელდებოდა 2016 წლის განმავლობაში.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა დასჯადია. 2013 წლიდან ხელისუფლება ატარებს კამპანიას, რათა დააშინოს და დაიჭიროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები; მათ შორის ხდება სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით მახის დაგებით დაჭერა.

საკონსულტაციო ჯგუფის „Solidarity With Egypt LGBTQ+“ ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოდან 2016 წლის ნოემბრამდე 114 სისხლის სამართლის გამოძიება დადასტურდა, რომელიც მიმართული იყო 274 ლგბტ პირის მიმართ; მათგან 66 მოიცავდა ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა სექსუალური კავშირს კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს დანაშაულად, მაგრამ აძლევს პოლიციას უფლებას, დააპატიმროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ინტერსექსები ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიის სწავლებების შებღალვა“ და აწესებს სასჯელს 10 წლამდე პატიმრობის სახით. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით 2013 წლიდან მოყოლებული მინიმუმ 250 დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი. ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. ლგბტ საზოგადოება განიცდის სერიოზულ სოციალურ სტიგმას და დისკრიმინაციას. ანგარიშში წერია, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერის ნიადაგზე დასაქმებისას, სამსახურში, განსახლებისას, განათლებაზე ან ჯანდაცვაზე წვდომისას დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული. აქვე აღნიშნულია, რომ პოტენციური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან რაიმე ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს ლგბტი პირების წინააღმდეგ ძალადობის მცირე რაოდენობის ინციდენტი დაფიქსირდა; აქვე აღნიშნულია, რომ დაპატიმრების რისკმა და შიშმა შეამცირა დანაშაულის გაცხადების ფაქტები და გაზარდა თვითცენზურა. მთავრობას აქვს უფლებამოსილება, რომ გააძევოს ქვეყნიდან ან არ შეუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალი უცხოელი. ხელისუფლება იყენებს სოციალურ მედიას, გაცნობა-პაემნის ვებ-გვერდებს და სატელეფონო აპლიკაციებს, რომ მახეში გააბან პირები, ვიზეც აქვთ ეჭვი, რომ ჰომოსექსუალები არიან.

2016 წლის 24 აპრილს აგოუზას ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 11 პირი დამნაშავედ ცნო გარყვნილებაში და სამ მათგანს 11-12 წლით, სამს 9 წლით, ერთს 6 წლით და ოთხს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული წარმოადგენდა პოლიციის ორკესტრირებულ კამპანიას ლგბტი პირების წინააღმდეგ. 29 მაისს სააპელაციო სასამართლომ ერთერთი ბრალდებული გაამართლა და დანარჩენების სასჯელის ვადა ერთ წლამდე შეამცირა.

2016 წლის იანვარში გაამართლეს სატელევიზიო წამყვანი მონა ირაქი, რომელსაც ბრალად ედებოდა „გარყვნილებისა“ და „უხამსი საჯარო ქმედების“ ბრალდებით დაკავებული 26 პირის მიმართ ცილისწამება. 2014 წელს პოლიციამ რეიდი განახორციელა ქაიროში მდებარე ტრადიციულ აბანოში, რომელიც ცნობილია როგორც „ჰამამი“ (hammam) და დააპატიმრა აღნიშნული პირები; თუმცა, მოგვიანებით, 2015 წლის იანვარში, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 26-ვე მათგანი გაამართლა. მონა ირაქმა სოციალურ ქსელში „Facebook“ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახული იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ჰამამის მიმდებარედ და 2015 წლის ნოემბერში დადანაშაულებულ იქნა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. მოგვიანებით იგი ქაიროს სასამართლომ გაამართლა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გარყვნილების ბრალდებით დაპატიმრებულებს აიძულებს ანალურ კავშირს.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

ეგვიპტე – ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული არაბების მდგომარეობა – ივნისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტის კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აღწერს, თუმცა თავიანთი რელიგიის თავისუფლად მსახურებას და სალოცავების აშენების უფლებას აძლევს მხოლოდ ისლამის, ქრისტიანობის და იუდაიზმის მიმდევრებს. ქვეყნის მთავრობა არ აღიარებს მუსლიმად დაბადებულთა კონვერტაციას ისლამიდან ნებისმიერ სხვა რელიგიაზე და აწესებს სამართლებრივ სასჯელებს მუსლიმად დაბადებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონვერტირდებიან სხვა რელიგიაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთმა მუსლიმურმა ოჯახმა კონვერტაციის ბრალდებით ოჯახის ერთერთი წევრი მოკლა. 2008 წლის სასამართლოს დადგენილებით, ისლამიდან კონვერტაცია განდგომაა (Apostasy) და აკრძალულია შარიათის კანონით. 2008 წელს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან სდევდა მეორე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ისლამიდან კონვერტაცია ნებადართულად გამოცხადდა მათთვის, ვინც დაბადებით არ იყო მუსლიმი და შემდეგ კონვერტირდა ისლამზე. იმ შემთხვევაში, როდესაც არა მუსლიმად დაბადებული მუსლიმი კონვერტირდება ისლამიდან, მისი არასრულწლოვანი და ხანდახან სრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად რჩებიან მუსლიმებად.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობას ბრალის წაყენების გარეშე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული ბიშოი არმია ბულუსი (Bishoy Armia Boulous) კანონით დადგენილ 6 თვეზე მეტ ხანს. მთავრობა კრძალავს მუსლიმად დაბადებული პირის ისლამიდან კონვერტაციას. სექტური დაპირისპირების ნიადაგზე ეგვიპტეში ადგილი ჰქონდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მკვლელობებს ოჯახის წევრების მხრიდან. 2015 წლის 18 ნოემბერს მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა 26 წლის გოგო მოკლეს იმის გამო, რომ ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცს ცოლად გაყვა. პროკურატურამ და პოლიციამ ძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, უსაფრთხოების თანამშრომლები, მსხვერპლის ოჯახი და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახი შეიკრიბა, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი სექტური დაპირისპირება სოფელში.[1]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაციული კანონმდებლობა და პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება და ნეგატიურ გავლენას ახდენს ქრისტიანებზე; მათ შორისაა ღვთისგმობის კანონი და ისლამიდან კონვერტაციაზე დაწესებული შეზღუდვები. მუსლიმად დაბადებულ პირს, რომელიც კონვერტირდება ქრისტიანობაზე, კვლავ შეზღუდული აქვს რელიგიური კუთვნილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანის საშუალება; ხშირ შემთხვევაში, ისინი აწყდებიან საზოგადოებისგან მტრულ დამოკიდებულებას.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არ არის ნორმატიული აქტი, რომელიც ისლამიდან კონვერტაციას კრძალავს, მაგრამ ოფიციალური პირები, მათ შორის მოსამართლეები ხშირად ახდენენ შარიათის კანონების ინტერპრეტაციას და მუსლიმების სხვა რელიგიაზე კონვერტაციას კრძალავენ და ასეთ კონვერტაციას კანონიერად არ აღიარებენ. საპირისპირო შემთხვევაში პირიქითაა და ისლამზე კონვერტირებულები როგორც წესი, იღებენ კონვერტაციის ფაქტის აღიარებას და არც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე რელიგიური კუთვნილების ასახვის პრობლემა ექმნებათ.[3]

[1] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians , 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 26 June 2017]

ეგვიპტე – ათეისტების მდგომარეობა და სახელმწიფო დაცვის შესაძლებლობა – ივნისი, 2017

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ღვთისგმობის მუხლით აღძრულმა საქმეების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო. აღნიშნული ბრალდება უმეტესად მიმართულია სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ, თუმცა დაპატიმრებულთა შორის ასევე არიან ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ათეისტები. სასჯელის სახით კანონში გათვალისწინებულია პატიმრობა 5 წლამდე ვადით და ჯარიმა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში ეგვიპტელი ათეისტების წინააღმდეგ ღვთისგმობის ბრალდებებმა იმატა, ისევე როგორც იმატა საზოგადოების მხრიდან ძალადობამ და ათეიზმთან ბრძოლისკენ მიმართულმა ეგვიპტის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა ინიციატივამ. 2016 წლის თებერვალში ონლაინ აქტივისტს მუსტაფა აბდელ-ნაბის სოციალურ ქსელში „Facebook“ ათეიზმის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო დაუსწრებლად შეუფარდეს 3 წლით პატიმრობა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რელიგიის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროებმა ერთობლივად დააფინანსეს ეროვნული კამპანია ეგვიპტელ ახალგაზრდებში ათეიზმის გავრცელების წინააღმდეგ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება იყენებდა ანტი-შიიტურ, ანტი-ბაჰაისტურ და ანტი-ათეისტურ რიტორიკას. ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ათეისტების რაოდენობა 4 მილიონია, ზოგიერთის ინფორმაციით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ზოგიერთმა სამთავრობო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ალ-აზარში, თავიანთ პუბლიკაციებსა და გამოსვლებში შეურაცხმყოფელი წესით ისაუბრეს შიიტებსა და ათეისტებზე.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ელ-ბანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არის ათეისტი, დააპატიმრეს 2014 წლის ნოემბერში, მაშინ როდესაც ცდილობდა საჩივარი შეეტანა პოლიციაში თავისი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც მის წინააღმდეგ ძალადობდნენ მისი რწმენის გამო. პოლიციამ იგი დააკავა, როგორც განიმარტა პოლიციის მიერ, იმ ბრალდებით, რომელიც მისთვის საჩივრის შეტანის მცდელობამდე იყო წაყენებული პოსტების გამო. ელ-ბანას მამამ ოჯახისა და მეგობრების ზეწოლით ჩვენება მისცა შვილის წინააღმდეგ. „Human Rights Watch“-ის ინფორმაციით, ელ-ბანას ადვოკატებმა გაასაჩივრეს ვერდიქტი და სასამართლომ იგი გაათავისუფლა და დააკისრა 1000 ეგვიპტური გირვანქის (145$) გადახდა. ელ-ბანას აპელაციის პროცესი 2015 წლის ბოლოსთვის მიმდინარეობდა. ელ-ბანა საინფორმაციო სააგენტომ „Al Bawaba“ მოიხსენია, როგორც ერთერთი მათ შორის, ვინც საჯაროდ გამოხატა თავისი რწმენა სოციალურ ქსელში „Facebook“ იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს ათეისტებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი რწმენა.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წლის 15 მარტს რელიგიის მინისტრმა ათეიზმი ტერორიზმთან გააიგივა და თქვა, რომ ორივე მათგანი მოიტანა „უხილავმა ძალამ“, რომლის მიზანია არაბული საზოგადოების ინტელექტუალური სტრუქტურის, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების განადგურება.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. ქრისტიანი კოპტები ქმნიან არსებით უმცირესობას და გარდა ამისა, ქვეყანაში არის მცირე ჯგუფები ებრაელების, შიიტი მუსლიმების, ათეისტებისა და ბაჰაისტების.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღბეჭდეს უკანონო ძალადობის ფაქტები რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე გამოძახებებს.[4]

„უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი“ 2016 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2015 წლის იანვარში სტუდენტს მიუსაჯეს 3-წლიანი პატიმრობა ღვთის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელში „Facebook“ პოსტების გამოქვეყნების (ეგვიპტის ხელისუფლების აზრით, მზარდი ხასიათის საშიში აქტივობის) გამო.[5]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[5] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2016 – Egypt, 12 July 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

ეგვიპტე – 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა – ივნისი, 2017

„6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ არის ეგვიპტელი აქტივისტების ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის გაზაფხულზე. ჯგუფი შეიქმნა პატარა ინდუსტრიული ქალაქის ელ-მაჰალა ელ-კუბრას მუშების მხარდასაჭერად, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას 6 აპრილს. მოძრაობა დააარსეს მოჰამედ ადელმა (Mohammed Adel), ასმა მაჰფუზმა (Asma Mahfouz) და აჰმედ მაჰერმა (Ahmed Maher). აქტივისტებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ჩაეცვათ შავი მაისური და გაფიცვის დღეს დარჩენილიყვნენ სახლში – მათ გაფიცვის გაშუქებისთვის გამოიყენეს სოციალური მედია (Facebook, Twitter, Flickr). „The New York Times“-მა მოძრაობას ეგვიპტის პოლიტიკური „Facebook“ ჯგუფი უწოდა ყველაზე დინამიური დებატებით. 2009 წლის იანვრისთვის ჯგუფი აერთიანებდა 70 ათასზე მეტ წევრს, ძირითადად ახალგაზრდებს.[1] მოძრაობამ თავის სიმბოლოდ გამოიყენა მაღლა შემართული მუშტის გამოსახულება შავ ფონზე თეთრად, როგორც ეს ჰქონდა სერბულ მოძრაობას „ოტპორი“, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დამხობას. მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა ეგვიპტეში 2011 წლის ნოემბრის რევოლუციაში ავტოკრატი ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ.[2] ეგვიპტის სასამართლომ 2014 წლის 28 აპრილს მოძრაობა კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა. „Human Rights Watch“-მა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისუფალი და მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.[3]

„6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ მოძრაობა არის სხვადასხვა ასაკის, სოციალური კლასის, გეოგრაფიული მდებარეობის და ინტელექტუალური და პოლიტიკური  შეხედულებების ეგვიპტელი ახალგაზრდების ჯგუფი; ისინი გააერთიანა საერთო იდეამ – სამშობლოს სიყვარული და მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა. „ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების არ არსებობის პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა კორუმპირებულ რეჟიმს და წვლილს შეიტანდა მის დამხობაში.“ – წერია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფის მუშაობა დაფუძნებულია ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ სურვილზე. პირველი დევიზი იყო შემდეგი: „ჩვენი თაობის უფლებაა სცადოს… ან გავიმარჯვებთ, ან ჩვენი გამოცდილებით ისარგებლებენ მომავალი თაობები.“ ამ მიზნით, მოძრაობამ დაიწყო თანამედროვე საშულებების გამოყენება, როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, ასევე ხდებოდა ტრადიციული მეთოდების გამოყენება – დემონსტრაციები, გაფიცვები და მჯდომარე აქციები. „ყოფილი რეჟიმის მხრიდან ვაწყდებოდით ძალადობის და რეპრესიების ყველა სახის მეთოდს მანამ, სანამ ხელი არ შევუწყვეთ მის დამხობას.“ – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაარსების დღიდან დღემდე, დაფინანსების კუთხით მოძრაობა ეყრდნობა მხოლოდ მოძრაობის წევრების მხრიდან გაღებულ ფინანსურ შემოწირულობებს და უარს ამბობს ყველა სახის გარე დაფინანსების წყაროზე. შესაბამისად, მოძრაობა არ არის რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის და ინტერესების გამტარებელი და არც რომელიმე პარტიის კუთვნილება, მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ეს არის ქვეყნის საზოგადო სიკეთე, რომელიც დაცლილია ფარული მიზნებისა და პირადი ინტერესებისგან. მოძრაობის ხედვაა – უზრუნველყოს დემოკრატია და ქვეყნის მმართველობის გადასვლა არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლების მოდელზე.

ჯგუფის მიზანია, ნებისმიერი სახის დიქტატორული რეჟიმის ან სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგობა და რაიმე სახის ახალი დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ჯგუფის მიზანია, ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის, აგრესიის ან ოკუპაციის ხელშეშლა და ერის იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.[4]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 1-ელ მაისს პოლიციამ უპრეცედენტო რეიდი მოაწყო პრეს სინდიკატის სათაო ოფისზე, რა დროსაც 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის წევრობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრა.[5]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ოპონენტები აწყდებოდნენ თვითნებურ დაკავებებს და დაპატიმრებებს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ტერორიზმი“ და აკრძალული ჯგუფების წევრობა, როგორებიცაა მაგალითად მუსლიმთა საძმო და 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 29 თებერვალს ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის კოორდინატორს ამრ ალის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროტესტის პროვოცირებისა და მთავრობის ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. 30 ივლისს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ერთი წლით შეამცირა.[7]

„Amnesty International“ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ პოლიტიკური აქტივისტი და 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი აჰმედ მაჰერი პოლიციის პრობაციონერთა სიაში გადავიდა. 2013 წლის 22 დეკემბერს სასამართლომ მაჰერს პოლიტიკურ აქტივისტებთან მოჰამედ ადელთან და აჰმედ დოუასთან ერთად 3-წლიანი პატიმრობა, 3-წლიანი პრობაცია და 50 ათასი ეგვიპტური გირვანქის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პატიმრობის შემდეგ, 2017 წლის 5 იანვრიდან მაჰერმა პრობაციის მოხდა დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ყოველ ღამე, 12 საათს ატარებს პოლიციის განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ, დამატებით წელიწადნახევარს საპოლიციო პატიმრობაში გაატარებს.[8]

[1] The New York Times Magazine; Revolution, Facebook-Style; Samantha M. Shapiro; Jan 22 2009; available at: http://www.nytimes.com/2009/01/25/magazine/25bloggers-t.html [accessed 23 June 2017]

[2] Ahram Online; We will not be silenced: April 6, after court order banning group; 28 Apr 2014; available at: http://english.ahram.org.eg/NewsContent/1/64/100015/Egypt/Politics-/We-will-not-be-silenced-April-,-after-court-order-.aspx [accessed 23 June 2017]

[3] Daily News; Banning 6 April movement is a clear violation of citizens’ rights: HRW; April 30, 2014; available at: https://dailynewsegypt.com/2014/04/30/banning-6-april-movement-clear-violation-citizens-rights-hrw/  [accessed 23 June 2017]

[4] April 6 Youth Movement Official Web-Page; About Us; available at: https://6april.org/english/about-us/ [accessed 23 June 2017]

[5] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[6] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[7] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

[8] Amnesty International, Egypt: Punitive probation measures latest tactic used to harass activists, 6 March 2017, available at:

[accessed 23 June 2017]

ერაყი – უსაფრთხოება და ეკონომიკური მდგომარეობა ქურთისტანში – ივნისი, 2017

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა – „Iraq Body Count“ წარმოადგენს ლონდონში დაფუძნებულ, კონფლიქტების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთა მონიტორინგის ბაზას, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით იძლევა ერაყის სხვადასხვა პროვინციაში კონფლიქტების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთა რაოდენობას. 2016 წლიდან 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდში, ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის სამ პროვინციაში: დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში,  მომხდარი ინციდენტების და მსხვერპლთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

2016 წლის განმავლობაში დაჰუკის პროვინციაში დაფიქსირდა 5 გარდაცვლილი, ხოლო 2017 წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი. ინციდენტების კუთხით, დაჰუკში, 2016 წელს, ადგილი ჰქონდა ოთხ ინციდენტს, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის დაღუპვა. 2017 წლისთვის არ ფიქსირდებოდა უსაფრთხოების კუთხით არსებული რაიმე სახის ინციდენტი.

2016 წლის განმავლობაში, ერბილის პროვინციაში დაფიქსირდა 95 დაღუპული მოქალაქე, ხოლო 2017 წელს არც ერთი. „Iraq Body Count“-ის მიხედვით, 2016 წელს, ერბილის პროვინციაში ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ თორმეტ ინციდენტს, რამაც სულ მცირე ერთი ადამიანი იმსხვერპლა, მსგავსი სახის ინციდენტები 2017 წელს არ დაფიქსირებულა.

2016 წელს, სულეიმანიას პროვინციაში დაფიქსირდა 5 დაღუპული ადამიანი, ხოლო 2017 წელს – ერთი. რაც შეეხება, უსაფრთხოების კუთხით არსებულ ინციდენტების რაოდენობას, რამაც სულ მცირე ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, „Iraq Body Count“-ის მიხედვით, 2016 წელს სულეიმანიაში ადგილი ჰქონდა სამ ასეთ ინციდენტს, მსგავსი სახის ერთი ინციდენტი დაფიქსირდა 2017 წელს.[1]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2017 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში „ერაყი: კირკუკის უსაფრთხოების ძალები აძევებენ თურქმენ დევნილებს“ აღნიშნულია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მხრიდან კირკუკზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქურთისტანის ხელისუფლებამ აიძულა ასობით სუნიტი არაბი ოჯახი, დაეტოვებინათ ქალაქი. „Human Rights Watch“-ს არ გამოუვლენია ქურთების ან შიიტი მოქალაქეების კირკუკიდან გაძევების არც ერთი შემთხვევა.[2]

„Amnesty International“-ის მიერ, 2017 წელს, ერაყის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყის ხელისუფლებამ და ქურთისტანის ნახევრად ავტონომიურმა რეგიონულმა მთავრობამ (KRG) სუნიტ არაბ დევნილებს აუკრძალა გადაადგილების თავისუფლება. ათი ათასობით სუნიტი დარჩა ბანაკებში ისე, რომ  არ ჰქონდათ დასაქმებაზე წვდომა, ვინაიდან მათ არ ჰყავდათ ადგილობრივი სპონსორები. შესაბამისად, ქალაქში შესასვლელად არ შეეძლოთ მოეპოვებინათ ოფიციალური ნებართვები.

ასაიშმა და სხვა ქურთულმა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათასობით პირი, ძირითადად არაბი სუნიტი ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც არ მისცეს საშუალება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოენახულებინათ ოჯახის წევრები.  ოქტომბერში, KRG-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასაიშ ღიშთიმ (გენერალური უსაფრთხოების სააგენტო) და ასაიშის ფილიალებმა ერბილში დააკავეს 2,801 ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.[3]

2001 წელს დაარსებული და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული არაკომერციული ფედერაცია „openDemocracy.net“, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ გლობალურ მედია პლატფორმას, 2017 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეკუთვნის სულეიმანიას უნივერსიტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების თეორიის ასისტენტ პროფესორს, ჰავრე ჰასან ჰამას, აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ქურთისტანი და მისი მოსახლეობა დაცულია ISIS-გან მომავალი საფრთხისგან, ვინაიდან პეშმერგას ძალები წარმატებით ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს, მაგრამ ქურთი ხალხისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მარცხი.

მწვავედ დგას კორუფცია და ეკონომიკური უთანასწორობა, KRG საჯარო მოხელეებს  ვერ უზრუნველყოფს ხელფასებით. ბოლო დროს გამოცხადებული გეგმის „დაზოგვის პროცესის“ ფარგლებში, ხარჯების შემცირების მიზნით, KRG-მ შეამცირა ხელფასები. სახელმწიფო მოხელეების ხელფასები, მათ მიერ დაკავებული პოზიციების მიხედვით, შემცირდა 15%-დან 75%-მდე.

გარდა ამისა, KRG-ს ჯანდაცვის სისტემა ცუდ მდგომარეობაშია. თეორიულად, საავადმყოფოები სთავაზობენ უფასო მომსახურებას, მაგრამ რეალურად მათ ცუდი აღჭურვილობა და მომსახურება აქვთ. არ არის რეგულირებული წამლების ბიზნესი და არ ხდება ხარისხის შემოწმება. ბევრ ქურთ იმპორტიორს, მეზობელი ქვეყნებიდან, შეაქვს ვადაგასული წამლები.[4]

სოციალურ-ეკონომიკური კუთხით არსებული ვითარება

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ცენტრის (ACCORD) მიერ მომზადებულ ინფორმაციაში, რომელიც ეხება ქურთისტანში დაბრუნებულების ეკონომიკურ სიტუაციას და დასაქმების კუთხით არსებულ რაიმე შეზღუდვებს, აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ მოიძებნა. ACCORD დაუკავშირდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისებს დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში, მაგრამ ინფორმაციის მომზადების დროისთვის, აღნიშნულ საკითხზე, პასუხები არ მიუღია.

ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მოქმედი ქურთული მედია საშუალება „Rudaw“-ის მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიუხედავად 2010 წლიდან დაწყებული უმუშევრობის ზრდის საპასუხოდ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა, ქურთისტანში, ათიდან ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანიდან 680,000 პირი თვეში 105,000 ერაყულ დინარზე (დაახლოებით $87) ნაკლები შემოსავალით ცხოვრობს, რაც მსოფლიო ბანკის სტანდარტების მიხედვით, სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელია ერაყსა და ქურთისტანში. უკიდურესი სიღარიბე განსაკუთრებით გავრცელებულია მრავალშვილიან ოჯახებში.

2010 წლიდან უმუშევრობის მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა – 4.8 %-დან 13.5%-მდე. შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით უმუშევრობის დასაძლევად იწყებს რეფორმებს.

ერბილის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სიღარიბის და უმუშევრობის ასეთი საგრძნობი ზრდა გამოიწვია, ქურთისტანის რეგიონში 1.8 მილიონი ლტოლვილის შედინებამ. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ქალებში და ახალგაზრდებში.

მსოფლიო ბანკთან ერთად 2017 წლის მაისში დაწყებული 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს კერძო სექტორის გაძლიერებას, რამდენადაც ქურთისტანის მოსახლეობის 53%-ის შემოსავლის წყარო საჯარო სექტორზე მოდის. KRG-ს სურს შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დააარსოს ფონდი, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულ მუშა ხელს გადაუხდის სოციალური დაცვის თანხას და პენსიებს. სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებს შორის 29.4%-ს შეადგენს, ხოლო კაცებს შორის – 9.7%-ს.

„Rudaw“-ს მიერ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში, დაგეგმარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქურთისტანის მოსახლეობის თითქმის 2% ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს დღეში სამჯერად კვებას. აღნიშნული გამოწვეულია ბოლო წლებში განხორციელებული ხელფასების შემცირებით.

ჟენევაში დაფუძნებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კონსორციუმის „შესაძლებლობების შეფასების პროექტის“ (ACAPS) თემატურ ანგარიშში, რომელიც ეხება KRG-ს მასპინძელ თემსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არსებულ ურთიერთობას აღნიშულია, რომ დევნილების დიდმა ნაკადმა გამოიწვია ფასების ზრდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბინის ქირის საშუალო მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა. ბინის ქირის გადახდის კუთხით, დევნილების დაახლოებით 80%, ხოლო მასპინძელი თემის 50% აწყდება სიძნელეებს.

ACCORD-ის მიხედვით, ერაყის ქურთისტანში დაბრუნებულებისთვის სოციალური ან სხვა სახის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მოიძებნა. ACCORD დაუკავშირდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისებს დაჰუკში, ერბილში და სულეიმანიაში, მაგრამ ინფორმაციის მომზადების დროისთვის, აღნიშნულ საკითხზე, პასუხები არ მიუღია.

სხვადასხვა დახმარებისა და განვითარების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის „Oxfam International“- ის მიერ 2016 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ერაყის მასშტაბით არსებულ „საზოგადოებრივი განაწილების სისტემაზე“ (PDS). PDS წარმოადგენს მთავრობის სუბსიდიების სქემას, რომელიც 1991 წელს შეიქმნა ადგილობრივად წარმოებული საკვების გასანაწილებლად. მას ხელმძღვანელობს ვაჭრობის სამინისტრო და რაციონის ბარათების გამოყენებით, უზრუნველყოფს ერაყის მოსახლეობის უმრავლესობას სუბსიდირებული საკვები პროდუქტებით.

PDS-ის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ მხოლოდ ღარიბები, არამედ ერაყში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე. თეორიულად, რაციონის ბარათები შემდეგი სახის პროდუქტებს უზრუნველყოფს (რაოდენობა შეესაბამება თვეში ერთ კაცზე გასაცემ პროდუქტს): ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფქვილი (9კგ), ბრინჯი (3კგ), შაქარი (2კგ), მცენარეული ზეთი (1 ლ.) და რძის ფხვნილი (450 გრამიანი სამი პაკეტი).

„Oxfam“-ის მიხედვით, PDS რამდენიმე წელია აწყდება სირთულეებს, რამდენადაც ის ძალიან ძვირი ჯდება და გარდა ამისა, არ არის გამჭვირვალე მისი განაწილების მეთოდები. საკვების დარიგება დაგვიანებულ ვადებში ხორციელდება. 2016 წლის იანვარში ბრინჯი სამი თვის, ხოლო ზეთი შვიდი თვის დაგვიანებით დარიგდა, რაც შეეხება შაქარს და რძის ფხვნილს, სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე არ დარიგებულა. თეორიულად, თუ PDS-ის რაციონის დარიგება სამი თვით დაგვიანდა, დაზარალებულებს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა აუნაზღაურდეთ  ზიანი.

ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები მიზნად ისახავენ მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად PDS-ის ხარვეზების ამოვსებას. PDS-ის კვების კალათების დარიგება რეგულარულად არ ხორციელდება და ყოველთვის სრულად არ არის წარმოდგენილი. დაგვიანების მიუხედავად, დაჰუკსა და ზახოში PDS შედარებით ფუნქციურია, თუმცა აღნიშნული არ ეხება ჩრდილოეთ ნინევას (თილკაიფ და თელაფარ).[5]

 

 

[1] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zum Irak: Sicherheitslage in der autonomen Region Kurdistan-Irak: Kampfhandlungen, Anschläge und Zielgruppen [a-10126-1], 10 May 2017 (available at ecoi.net)  http://www.ecoi.net/local_link/340483/470890_en.html  (accessed 21 June 2017)

[2] Human Rights Watch, Iraq: Kirkuk Security Forces Expel Displaced Turkmen, 7 May 2017, available at:

 [accessed 19 June 2017]

[3] Amnesty International – Annual Report Iraq 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/iraq/report-iraq/ (accessed 20 June 2017)

[4] Open Democracy  – Do the people of Kurdistan live in security?, 30 January 2017, available at : https://www.opendemocracy.net/north-africa-west-asia/hawre-hasan-hama/do-people-of-kurdistan-live-in-security (accessed 21 June 2017)

[5] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zum Irak: wirtschaftliche Lage in der autonomen Region Kurdistan-Irak für RückkehrerInnen [a-10126-3 (10128)], 10 May 2017 (available at ecoi.net)

http://www.ecoi.net/local_link/340485/470892_en.html  (accessed 21 June 2017)

ეგვიპტე – ქალთა უფლებები და სახელმწიფო დაცვა ძალადობისგან – ივნისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ არაადეკვატურია ქალების დაცვა სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისგან; ასევე, დისკრიმინაციისგან კანონმდებლობასა და პრაქტიკაში – კერძოდ პირადი სტატუსის შესახებ კანონები, რომლებიც არეგულირებენ განქორწინებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის 29 მაისს 17 წლის გოგონა დაიღუპა ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების (FGM) პროცედურის შემდეგ, რომელიც სუეცის პროვინციაში, კერძო ჰოსპიტალში ჩატარდა. 4 ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე სასიკვდილო დაზიანების გამოწვევის ბრალდებით, მათ შორის გოგონას დედა და სამედიცინო პერსონალი. 2016 წლის 25 სექტემბერს პრეზიდენტმა ალ-სისიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების განხორციელებისთვის გაიზარდა პატიმრობის ვადა. აღნიშნულ ცვლილებამდე მსგავსი ქმედება ისჯებოდა 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით. ახალი კანონით მსგავსი ქმედება ითვალისწინებს 5-დან 15 წლამდე პატიმრობას. ასევე, ისჯება ის პირიც, ვინც გოგონას აიძულებს სასქესო ორგანოს დასახიჩრების პროცედურის ჩატარებას.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2014 წლის კონსტიტუცია ადგენს სქესთა შორის თანასწორობას, მაგრამ აღნიშნული არ იწვევს პრაქტიკაში სიტუაციის გაუმჯობესებას ქალებისთვის. 2015 წლის არჩევნებში, უმეტესწილად კვოტირების დამსახურებით, ქალებმა მოიგეს 75 მანდატი 596-ადგილიან პარლამენტში. დამატებით 14 ქალი დანიშნა პრეზიდენტმა. ზოგიერთი კანონი და ტრადიციული პრაქტიკა არის დისკრიმინაციული ქალების წინააღმდეგ – დისკრიმინაცია დასაქმების კუთხით დამკვიდრებულია და მუსლიმი ქალი დაუცველია პირადი სტატუსის შესახებ კანონებით. ოჯახში ძალადობა ფართოდაა გავრცელებული და ქმრის მიერ გაუპატიურება არ არის უკანონო. სხვა პრობლემები მოიცავს იძულებით ქორწინებას და ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების (FGM) ტრადიციას. 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელი მსგავსი ქმედებისთვის, მაგრამ აკრძალვა დიდი ხანია ძნელად მკვიდრდება.

იგივე ანგარიშში წერია, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობამ იმატა 2011 წლის შემდეგ, კერძოდ მას შემდეგ, რაც ქალებმა მონაწილეობა მიიღეს დემონსტრაციებში, რის შედეგადაც მოხდა საჯარო სექსუალური ძალადობის ზრდის წინაშე. 2014 წლის დადგენილებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, სექსუალური ძალადობა დასჯადი გახდა და სასჯელის ზომად განისაზღვრა 5 წლამდე პატიმრობა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კანონი იყო არაადეკვატური და რომ სტრატეგია ჩავარდა; მაგალითად კი მოჰყავდათ დაცვის ნაკლებობა, ჯგუფური საჯარო სექსუალური ძალადობის შემთხვევები და პოლიციის მხრიდან ძალადობა, რომლებიც აიძულებდნენ ქალებს, უარი ეთქვათ დანაშაულის გაცხადებაზე.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების აკრძალვის კანონში და გაზარდა აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა. სასჯელის ზომად განისაზღვრა პატიმრობა 5-დან 7 წლამდე ვადით და 15 წლამდე ვადით თუ პროცედურამ გამოიწვია უნარების მუდმივი შეზღუდვა ან სიკვდილი. ნებისმიერი, რომელიც თან ახლავს გოგოს აღნიშნული პროცესის დროს, დაისჯება 3 წლით თავისუფლების აღკვეთით. მიუხედავად ამისა, ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული და 2008 წლის შემდეგ, პროკურატურამ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მსჯავრის დაკისრება.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის სექტემბერში ქალთა უფლებების დამცველმა 8 ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობას და მოიწონა 2015 წელს „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიის“ მიღება; ამასთან ორგანიზაციებმა მთავრობას მოუწოდეს, შეიქმნას შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს სამინისტროების მიერ სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. სექსუალური ძალადობა და ძალადობა ქალების მიმართ კვლავ ენდემურია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიგადის გენერალი ქალი ნაჰედ სალაჰი ახალ პოზიციაზე დანიშნა – ის ხელმძღვანელობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სალაჰმა საჯაროდ მოუწოდა ქალებს თავი შეიკავონ საჯაროდ ხმამაღლა საუბრისგან და სიცილისგან და იყვნენ ფრთხილად თავიანთ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა ქუჩაში. ქალები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განქორწინების, ბავშვზე მეურვეობის უფლებისა და მემკვიდრეობის საკითხებში.[3]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის მიერ სახელმძღვანელო პოლიტიკისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ალ-სისის მთავრობამ გადაწყვიტა ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერება და გაამკაცრა არსებული კანონები დისკრიმინაციისა და ძალადობის, განსაკუთრებით ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების შეცვლისა, ხშირად მთავრობა არაა ეფექტური კანონის პრაქტიკაში გატარების კუთხით. ქალებს ხშირად არ სურთ დანაშაულის პოლიციაში გაცხადება სოციალური სტიგმის და ხანდახან პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო. პოლიციას, გავრცელებული ინფორმაციით, არ სურს ქალთა მიმართ ძალადობის გამოძიება თუ საუბარია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს გარდა ქვეყანაში მოქმედებს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ქალებს სთავაზობენ თავშესაფარს და პრაქტიკულ დახმარებას. საერთო ჯამში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა უზრუნველყოს ეფექტური დაცვა არასახელმწიფო აქტორებისგან. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქალების პასუხისმგებლობაა, მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Women, 8 March 2017, v 1.0, available at:

[accessed 14 June 2017]