ირანი – აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობა – ივლისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის აჰვაზი არაბები, აზერბაიჯანელი თურქები, ბალუჩები, ქურთები და თურქმენები განიცდიან დისკრიმინაციას დასაქმების, ადეკვატური განსახლებისა და თავიანთი კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებისას. უსაფრთხოების ძალები ავიწროვებენ ეთნიკური უმცირესობების საპროტესტო აქციებს. 2016 წლის ივლისსა და აგვისტოში უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს აზერბაიჯანელ თურქთა უმცირესობის რამდენიმე წევრი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ. ხელისუფლება კვლავ უკრძალავს ეთნიკურ უმცირესობას სწავლის საწყის საფეხურზე მშობლიური ენის გამოყენებას. 2016 წლის ივნისში ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ორ პროვინციაში – ქურთისტანსა და დასავლეთ აზერბაიჯანში სკოლებში შეიტანდა ქურთულ და თურქულენოვან კურსებს. ინიციატივის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში უცნობი იყო.[1]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მთავრობა ზღუდავს ქვეყნის აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალუჩ უმცირესობათა კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობებს. მიუხედავად ამისა, 2016 წლის აგვისტოში ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე ბაკალავრიატის დონეზე დაშვებული იყო ქურთული და თურქული ენების ძირითად ენებად არჩევა.2016 წელს ქურთისტანის უნივერსიტეტმა მიიღო 40 სტუდენტი ბაკალავრიატის დონეზე ქურთულ ენაზე სასწავლებლად.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ეთნიკური აზერები, რომლებიც დაახლოებით 13 მილიონი არიან და მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენენ, უფრო მეტად ინტეგრირებულები იყვნენ მთავრობასა და საზოგადოებაში.2016 წლის აგვისტოში პირველად შეიტანეს უნივერისტეტებში აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა. აზერი უმცირესობის განცხადებით, მთავრობა მათ დისკრიმინაციას ეწეოდა იმით, რომ არ აძლევდა უფლებას აზერბაიჯანული ენა სკოლებში შეეტანათ, ავიწროვებდნენ აზერ აქტივისტებს და ცვლიდნენ აზერბაიჯანულ გეოგრაფიულ სახელებს. მედიის ინფორმაციით 25 ადამიანზე მეტი დააკავეს 2016 წლის ივნისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის; ისინი აპროტესტებდნენ ცენტრალურ მედია საშუალებებში აზერების შეურაცხყოფას.2016 წლის 18 აგვისტოს აზერი წყვილი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ონლაინ აქტივობების გამო დააპატიმრეს.[3]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 18 July 2017]

[2] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 18 July 2017]

[3] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 18 July 201

პაკისტანი – თალიბანის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე- ივლისი 2017

თალიბანი ჩრდილოეთ პაკისტანში 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა შეიარაღებული ძალები გაიყვანა ავღანეთიდან. ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, თალიბანის – რომელიც განლაგებული იყო პუშტუნებით დასახლებულ პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიებზე – მიზანს წარმოადგენდა, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენა და შარიათის, იგივე ისლამური სამართლის, საკუთარი მკაცრი ვერსიის აღსრულება.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბების თავდასხმების საპასუხოდ, პაკისტანმა შეიმუშავა მკაცრი მიდგომა (2013 წელს აშშ-ს ავია იერიშების შედეგად, პაკისტანის თალიბანის სამი მნიშვნელოვანი ლიდერი იქნა მოკლული), ქალაქ კარაჩიში მათი გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, თალიბანის ბევრი უფროსი ლიდერი თავშესაფარს იღებს პაკისტანის ქ. ქუეტტაში, საიდანაც ხელმძღვანელობენ თალიბებს.[1]

პაკისტანის თალიბანი, რომელიც ცნობილია ‘Tehreek-i-Taliban“ (TTP)-ის სახელით, სამშვიდობო მოქალაქეებისა და სამხედროების წინააღმდეგ ახორციელებს ყველაზე ძალადობრივ და სასიკვდილო თავდასხმებს, ძირთადად პაკისტანის ყველაზე დაუცველ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთის საზღვართან. TTP-მ, საერთაშორისო დონეზე, ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია, 2012 წელს, 14 წლის მალალა იუსაფაზზე განხორციელებული თავდასხმით და 2014 წლის დეკემბერში, პეშავარის სკოლაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვით, რომლის შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 132 ბავშვი.

მათი მიზანია, პაკისტანის მთავრობის გადაყენება და შარიათის კანონის დანერგვა. ისინი უარყოფენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან პაკისტანის თანამშრომლობის გამო, პაკისტანის თალიბანი ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ინტერესებს, როგორც პაკისტანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან აშშ-ს შეიარაღებული ძალების არსებობას რეგიონში.

აზიის წყნარი ოკეანის ანალიტიკური ფონდის დირექტორის, საჯჯან გოჰელის განცხადებით, მათი ინტერესები გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ტომობრივი ტერიტორიების საქმეებში ჩაურევლობის მოთხოვნა. მათ სურთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანერგონ კონსერვატიული ისლამი, ეწინააღმდეგებიან ბავშვებისთვის დასავლური ტიპის განათლების მიცემას და ქალების დასაქმებას.

პაკისტანის თალიბანი არ არის იგივე თალიბანი, რომელსაც აშშ ებრძვის ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებენ ავღანეთის თალიბების რელიგიურ ექსტრემისტულ შეხედულებებს და მხარსაც უჭერენ მათ, პაკისტანის თალიბანი ცალკე გამოყოფილი ჯგუფია. პაკისტანის თალიბანი სხვადასხვა ფრაქციებისგან შედგება და ბოლო წლებში, შეინიშნება მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები და შიდა დაპირისპირება.[2]

2016 წლის 12 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პაკისტანის თალიბანი კვლავ აქტიური რჩება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი, სამხრეთით, ბალუჩისტანის პროვინციაში, სადაც თალიბანის ფრაქციის და ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ დაბომბვებს და შეიარაღებულ თავდასხმებს 180 პირზე მეტი შეეწირა.

ძლიერი ტომობრივი ლიდერები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობდნენ თალიბანის საწინააღმდეგო სამშვიდობო კომიტეტებში, აცხადებენ, რომ საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა. 2 000-ზე მეტი თალიბი მებრძოლი იქნა გაძევებული სვატიდან (ხაიბერ-პახტუნხვას პროვინცია) ავღანეთის მიერ კონტროლირებად მხარეს, მთიან რეგიონში. სვატის პოლიციის უფროსის, ახთარ ჰაიათ ხანის განცხადებით, დაზვერვის სამსახურმა განახორციელა ადგილობრივ ფრაქციებზე თავდასხმები და დაშალა თალიბანის მხარდამჭერთა ქსელი, რამაც შეზღუდა საფრთხის არსებობა. ივლისში, ხეობაში, პოლიციამ დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ თავდასხმების მხარდაჭერაში.[3]

პაკისტანს და ავღანეთს დაახლოებით 2,500 კმ-იანი საზღვარი ჰყოფთ, რომელიც მთიან რეგიონზე გადის და ძირითადად უკონტროლოა.

ბოლო დროს, პაკისტანის მიერ განხორციელებულმა მცდელობამ, რომელიც მიზნად ისახავდა თალიბი მებრძოლების შედინების შეზღუდვის მიზნით, დამცავი კედლის აშენებას, წინააღმდეგობა გამოიწვია ავღანეთის მხრიდან, რომლისთვისაც აღნიშნული სასაზღვრო ტერიტორია სადავოა.

თებერვალში, პაკისტანმა ერთი თვით ჩაკეტა საზღვარი ავღანეთთან, თუმცა, 20 მარტს, პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, ბრძანა მისი ხელახალი გახსნა.

მარტში განხორციელებული აღწერისას, სამთავრობო ჯგუფები, რომლებიც აწარმოებდნენ აღწერას, გახდნენ თალიბების მხრიდან თავდასხმის ობიექტები. 5 აპრილს, ქ. ლაჰორში მათ მიმართ, მიზანმიმართულად, განხორცილებული აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა სულ მცირე 6 ადამიანი. კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა 25 აპრილს, ჩრდილო-დასავლეთით, კურრამას რაიონში, ორივე ინციდენტზე პასუხისმგებლობა „Tehreek-e-Taliban“-მა აიღო.[4]

2017 წლის 17 აპრილს, საინფორმაციო საშუალება „ალ-ჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანის „Jamaat-ur-Ahrar“ (JuA)-ის ფრაქციის ცნობილი ლიდერი, ეჰსანულლაჰ ეჰსანი,  პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა.

პაკისტანის სამხედრო სპიკერის, ასიფ ღაფურის განცხადებით, „პაკისტანის ხალხმა, სახელმწიფომ და ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელეს, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.[5]

ამერიკული საინფორმაციო საშუალება „VOA News“- ის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი, ვაზირი და აშშ-ს საზღვაო კაპიტანი, ბილ სალვანი, აკრიტიკებენ რუსეთს, ირანსა და პაკისტანს თალიბებთან ურთიერთობაში და მათთვის ფარული მხარდაჭერის მიცემაში, თუმცა პაკისტანი, თავის მხრივ, უარყოფს თალიბების თავშესაფრების არსებობას საკუთარ ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ თალიბები უკვე დიდი ხანია, რაც ავღანეთში, საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ საცხოვრებლად. აღნიშნულს უარყოფს ოფიციალური ქაბული და ვაშინგტონი.[6]

გერმანული საინფორმაციო სააგენტო „Deutsche Welle“-ს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშულია, რომ TTP-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განახორციელა ასობით თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო რელიგიურ უმცირესობებზე, ზოგადად საზოგადოებაზე და უსაფრთხოების ძალებზე, მაგრამ იმის გამო, რომ პაკისტანს ჰყავს ძლიერი ეროვნული არმია, და როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამხედრო გენერლები ინარჩუნებენ გარკვეული ხარისხის გავლენას  TTP-ს მეთაურებზე, დაჯგუფებამ ვერ შეძლო უსაფრთხოების ძალების დამხობა.[7]

 

საინფორმაციო საშულება BBC-ის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის მიუწვდომელი და მთიანი, ტომობრივი ტერიტორია წარმოადგენდა მოძალადე ჯიჰადისტების თავშესაფარს. პაკისტანის და ავღანეთის თალიბები, ალ-ქაიდა და ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება ჰაკკანის ქსელი აღნიშნულ ადგილს იყენებდნენ მძევლების დასამალად, მებრძოლების გასაწვრთნელად, იარაღის შესანახად და თვითმკვლელი ტერორისტების განსათავსებლად, რათა შემდგომში განეხორციელებინათ თავდასხმები, როგორც ავღანეთში, ისე პაკისტანში.

დღესდღეობით, შეიარაღებული დაჯგუფებები იქ აღარ არიან. პრაქტიკულად, მთელი ჩრდილოეთ ვაზირისტანი პაკისტანის არმიის ხელშია. არმიას მიაჩნია, რომ ბოევიკების დამარცხება ანტი ჯიჰადისტური კამპანიის ყველაზე წარმატებული მაგალითია, რაც დღემდე უნახავს მსოფლიოს. ორწლიანი ბრძოლის შედეგად, არმიამ დაკარგა 872 ჯარისკაცი, ხოლო მათი თქმით, მოკლეს 2,000 ბოევიკი.

გენერალ ჰასსან აზჰარ ჰაიათის თქმით, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში  30,000 კაციან დანაყოფს ხელმძღვანელობს, 2014 წლამდე ჩრდილოეთ ვაზირისტანი წარმოადგენდა ტერორისტული აქტივობების მთავარ ცენტრს, არმიის შესვლის შემდეგ კი, ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა.

ბევრმა ბოევიკმა მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და გადავიდნენ აღმოსავლეთ ავღანეთში, რათა შემდგომში იქიდან დაეწყოთ ბრძოლა. ბევრი მათგანი დაუსჯელად აგრძელებს აქტივობას, ზოგიერთი ეხმარება ავღანელ თალიბებს ქაბულში ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნაწილი კი, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს პაკისტანში.

2016 წელს, პაკისტანში, ჯიჰადისტების მხრიდან დაფიქსირდა 441 ძალდობრივი თავდასხმა. შედარებისთვის, 2009 წელს ფიქსირდებოდა 2,586 თავდასხმა.

ავღანეთში დაფუძნებული ბოევიკები ახორციელებენ თავდასხმებს პაკისტანში, არმია კი ცდილობს გააკონტროლოს საზღვარი. არმიის განცხადებით, 1,000-ზე მეტი დამცავი სიმაგრე აშენდა და დამონტაჟდა დახვეწილი ამერიკული სარადარო მოწყობილობა, რათა მოხდეს საზღვრისპირა გადაადგილებების მონიტორინგი. იმისთვის, რომ ხალხი საცხოვრებლად დაბრუნდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, არმია ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მშენებლობას. გაყვანილია ახალი გზები და აშენებულია ახალი, კეთილმოწყობილი სკოლები, რომელიც კონკურენციას უწევს პაკისტანში არსებულ სხვა სკოლებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პაკისტანში ჯიჰადისტების ძალადობა არ დამთავრებულა. ავღანეთში დაფუძნებული პაკისტანის თალიბები და სხვა დაჯგუფებები ძლიერ ძალად რჩებიან. 2017 წლის თებერვალში, სინდჰის პროვინციაში, სუფიურ სალოცავზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა. კარაჩის პოლიციის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი ორგანიზებული იყო ავღანეთში დაფუძნებული დაჯგუფებების მიერ.

შემორჩენილი მცირე ძალაუფლების მიუხედავად, შეიარაღებული დაჯგუფებების დასაყრდენ ადგილებს ჩრდილოეთ ვაზირისტანში ბოლო მოეღო და ტომის წევრები, თანდათანობით, უბრუნდებიან ძველ საცხოვრებლებს.[8]

ევროპის თავისუფალი რადიოს მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანმა გაათავისუფლა ექვსი პაკისტანელი თანამშრომელი, რომლებიც პოლონურ ნავთობკომპანიაში მუშაობდნენ. მათი გატაცება 2016 წლის ნოემბერში განხორციელდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ დერა ისმაილ ხანიდან. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ ვაზირისტანში, განაცხადა, რომ ადგილობრივი ტომების ლიდერების მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის 4 ივნისს, მოხდა აღნიშნული პირების გათავისუფლება.[9]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-ის მიერ 2017 წელს, პაკისტანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თალიბანის, ალ-ქაიდასა და მათთან დაკავშირებული სხვა დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისა და მკვლელობების სამიზნეს წარმოადგენდა პაკისტანის საზოგადოების თითქმის ყველა სექტორი, მათ შორის რელიგიური უმცირესობები, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ჯანდაცვის მუშაკები, ადვოკატები და ჟურნალისტები, ინციდენტებს ასობით ადამიანი შეეწირა. სამხედრო სასამართლოებმა, თავდასხმებში მონაწილე, სულ მცირე 100 ადამიანს მიუსაჯა სიკვდილი.

თალიბანი და სხვა დაჯგუფებები ემუქრებოდნენ მედია საშუალებებს და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის გამო. შეიარაღებული დაჯგუფებების სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდნენ ადვოკატები, სასამართლოები და მასწავლებლები. მათ მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) და პაკისტანის თალიბანის განშტოება – „Jamat-ul-Ahrar“-მა აიღო.

2016 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბავშვი თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენება თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების მიერ. აგვისტოში, აშშ-მ პაკისტანს, სამხედრო კომპენსაციის სახით, 300 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეუჩერა, რის მიზეზადაც დაასახელა ის ფაქტი, რომ პაკისტანი არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს თალიბანთან აფილირებული დაჯგუფების ჰაკკანის ქსელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე და ავღანეთში NATO-ს შეიარაღებულ ძალებზე.[10]

არასამთავრობო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პაკისტანში 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში პაკისტანში შედარებით სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა. ტერორისტული ძალადობა მკვეთრად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ტომობრივ ფედერალურ ადმინისტრირებად ტერიტორიებზე (FATA) შეიარაღებული მეამბოხე ძალების დეესკალაციით.

სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა  1,803 ტერორიზმთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევა, რაც 2015 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. ვაზირისტანში, არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული დასაყრდენების წმენდის კუმულაციური ეფექტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზვერვის სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციები, წარმოადგენდა მთავარ მიზეზს, რის გამოც რადიკალური ისლამისტური ძალადობა პირდაპირ აღარ ემუქრებოდა ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არმია, უსაფრთხოების დამყარების მიზნით, აწარმოებდა ოპერაციებს კარაჩიში, რამაც საგრძნობლად შეამცირა იქ ძალადობის მაჩვენებელი. ძალადობის ძირითად კერას ბალუჩისტანი წარმოადგენდა, რის აღმოსაფხვრელადაც, ჯარი რანჯაპურში განლაგდა. წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ, დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმების  განხორციელება საკუთარ თავზე აიღეს Tehreek-i-Taliban Pakistan (TTP)-მა და მისმა განშტოებებმა, რეგიონში არსებულმა ისლამურმა სახელმწიფომ  და მისმა მოკავშირე Lashkar-e-Jhangvi-მ.[11]

 

[1] BBC: Who are the Taliban? 26 May 2016, available at: http://www.bbc.com/news/world-south-asia-11451718 (accessed 17 July 2017)

[2] CNN: Who are the Pakistan Taliban? 30 March 2016, available at: http://edition.cnn.com/2016/01/20/asia/pakistan-taliban-profile-2016/index.html (accessed 17 July 2017)

[3] Reuters: Taliban demands for cash stir fears of comeback in Pakistan’s Swat Valley, 12 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-pakistan-militants-swat-idUSKBN140156 (accessed 18 July 2017)

[4] Al-Jazeera: Pakistan-Afghanistan crossing closed after border clash, 6 May 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/05/firing-afghanistan-pakistan-border-census-team-kills-civilian-170505070934446.html (accessed 18 July 2017)

[5] Al-Jazeera: Pakistani Taliban leader Ehsanullah Ehsan ‘surrenders’,  17 April 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/04/pakistani-taliban-leader-ehsanullah-ehsan-surrenders-170417131146226.html (accessed 17 July 2017)

[6] VOA – Voice Of America News: US, Afghan Forces Promise to Finish IS and Contain Taliban in 2017, 6 April 2017, available at: https://www.voanews.com/a/us-afgan-forces-promise-finish-islamic-state-contain-taliban-this-year/3799097.html (accessed 18 July 2017)

[7] DW – Deutsche Welle: What is Pakistan’s militancy issue all about? 31 October 2016, available at: http://www.dw.com/en/what-is-pakistans-militancy-issue-all-about/a-36212654 (accessed 18 July 2017)

[8] BBC: North Waziristan: What happened after militants lost the battle, 8 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-39191868 (accessed 18 July 2017)

[9] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Pakistani Taliban Release Six Workers From Polish Company, 05 June 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/342093/472780_en.html (accessed 17 July 2017)

[10] HRW – Human Rights Watch: World Report 2017 – Pakistan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/pakistan (accessed 17 July 2017)

[11] Freedom House: Freedom in the World 2017 – Pakistan, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2017/pakistan (accessed 17 July 2017)

სირია – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა – ივლისი,2017

გაერთიანებული ერების ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, სირიის კრიზისი უკვე მეშვიდე წელს ითვლის, კონფლიქტის სიმძიმე ძირითადად კვლავ მშვიდობიან მოქალაქეებზე აისახება. 13,5 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, მათ შორის 4,6 მილიონი ადამიანი  იმყოფება ალყაშემორტყმულ ან რთულად მისაღწევ ადგილებში, სადაც მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა, ბევრ ადამიანს მრავალჯერ მოუწია იძულებით გადაადგილება. იძულებით გადაადგილებულთა ნახევარზე მეტს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენენ. ნახევარზე მეტს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაუსჯელად მოქმედებენ და მკაცრად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის ნორმებს და ადამიანის უფლებებს.

კონფლიქტის არეში მოქცეული თემებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებები უფრო და უფრო იმატებს. მეზობელმა ქვეყნებმა  სირიიდან გაქცეული ადამიანების მიღების შესაძლებლობა შეზღუდეს, რის შედეგადაც მათ საზღვრებთან ათასობით ადამიანი  ძალიან რთულ პირობებში იმყოფება. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსახლეობასთან წვდომას ვერ ახერხებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

13 ალყაშემორტყმულ ადგილას მცხოვრები 643,780 პირი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, ირღვევა მათი ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, საკვებ პროდუქტებზე, წყალზე და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლება. 3.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რთულად მისაღწევ ტერიტორიებზე, სადაც ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეღწევას ვერ ახერხებენ.[1]

“Amnesty International-ის” 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სირიის შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაუსჯელად ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, არღვევდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და ადამიანის უფლებებს. მთავრობამ და მასთან შეკრულმა რუსეთის ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე საარტილერიო  თავდასხმები აწარმოეს, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო ძალები  ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ. სამთავრობო ძალების მიერ მოსახლეობის ალყაში ხანგრძლივად მოქცევის გამო, მათ არ ჰქონდათ წვდომა საარსებო წყაროებზე. ხელისუფლება განაგრძობდა ათასობით ადამიანის თვითნებურად დაკავებას, ადამიანთა იძულებით გაუჩინარებას, უსამართლოდ გასამართლებას, დაკავებულთა სისტემატიურ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რამაც ბევრი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია. ისინი კვლავ განაგრძობდნენ თვითნებურ მკვლელობებს, მათ შორის სასამართლოს გარეშე ადამიანთა სიკვდილით დასჯას. შეიარაღებული დაჯგუფება, ისლამური სახელმწიფო ალყაში აქცევდა  მშვიდობიან მოსახლეობას, პირდაპირ თავს ესხმოდა მათ. ზოგჯერ თავდასხმისთვის  ქიმიურ ნივთიერებებსაც იყენებდა, მიმართავდა თვითნებურ მკვლელობებს, ათასობით ქალს და გოგონას სექსუალურ მონებად აქცევდა. სხვა არასახელმწიფო აქტორები, შეიარაღებული დაჯგუფებები, უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს განურჩევლად ესხმოდნენ თავს.  ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და სხვა სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდნენ, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წლის დასასრულისთვის, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300,000 აჭარბებდა, 6.6 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილდა, ხოლო, 4.8 მილიონმა ადამიანმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოითხოვა თავშესაფარი.

შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში წლების განმავლობაში გრძელდება საერთაშორისო ძალების ჩართულობით. სირიის მთავრობა და მოკავშირე ძალები, მათ შორის ჰეზბოლა და სხვა არა სირიული შეიარაღებული დაჯგუფებები, აკონტროლებდნენ სირიის დასავლეთ ნაწილს და მიიწევდნენ სხვა სადაო ტერიტორიებამდეც. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მათ მხარს უჭერდა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც მთელი სირიის მასშტაბით საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდა, კლავდა და ჭრიდა ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ზოგიერთი თავდასხმა პირდაპირ მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს.

არასამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებები, ძირითადად სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მათ მიერ კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთ და სხვა ტერიტორიებზე, ხოლო ავტონომიური ადმინისტრაციის ძალები  ჩრდილოეთით ქურთულ საზღვრისპირა რეგიონებს აკონტროლებენ. ისლამური სახელმწიფო სირიის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ტერიტორიებს ფლობდა, რაც წლის განმავლობაში დაკარგა.

შეიარაღებული კონფლიქტი – სირიის სამთავრობო ძალების და მისი მოკავშირეების, მათ შორის რუსეთის ძალების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები

მთავრობა და მისი მოკავშირე ძალები, კვლავ განაგრძობდნენ ომის დანაშაულების ჩადენას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, რაც მოიცავს განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. სამთავრობო ძალები ხშირად ესხმოდნენ თავს იმ ტერიტორიებს რომლებიც სადაო იყო, ან რომელსაც ოპოზიციური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. ისინი განურჩევლად კლავდნენ და ჭრიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებდნენ მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებს. ისინი მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს ფართო მასშტაბებზე გათვლილი ასაფეთქებელი მოწყობილობებით ბომბავდნენ, აწარმოებდნენ საარტილერიო თავდასხმებს. რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

მთავრობამ და მისმა მოკავშირე რუსეთმა, რამდენიმეჯერ განახორციელეს საჰაერო თავდასხმები  საავადმყოფოებზე, სამედიცინო ცენტრებზე, კლინიკებზე და სასწრაფო დახმარების მანქანებზე, რასაც როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა,  ასევე, სამედიცინო პერსონალი ემსხვერპლა. წლის განმავლობაში, რუსეთის მხარდაჭერით  სამთავრობო ძალებმა, აღმოსავლეთ ალეპოზე თავდასხმები გაახშირეს, ანადგურებდნენ საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს, მაღაზიებს და მეჩეთებს, კლავდნენ ასობით სამოქალაქო პირს. აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული კასეტური ბომბები იქნა მიმოფანტული. ხოლო აუფეთქებელი ბომბები მოსახლეობისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

სამთავრობო ძალებს, ალყაში ყავდათ მოქცეული უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები, რომელთაც შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებდნენ, მათ შორის იყო აღმოსავლეთ ღუტა, მუადამია ალ-შამი, მადაია, დარაია და აღმოსავლეთ ალეპო. ხანგრძლივი დროით ალყაში მოქცევამ მოსახლეობისთვის სამედიცინო და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომა შეუძლებელი გახადა, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა.

 შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები

შეიარაღებული დაჯგუფებებიც ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, არღვევდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და ადამიანის უფლებებს.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განურჩევლად ესხმოდნენ თავს სამოქალაქო პირებს. დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო, დამასკოს სამხრეთით, საიდია ზაინაბის რაიონში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ მრავალ თავდასხმაზე, მათ შორის იყო 21 თებერვლის თავდასხმა, რომლის დროსაც 81 სამოქალაქო პირი დაიღუპა. სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, აგვისტოსა და სექტემბერში, ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული თავდასხმების დროს,  ქიმიური იარაღი გამოიყენა. თებერვალიდან დაწყებული აპრილის ბოლომდე, ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების კოალიცია „ფატა ჰალაბმა“ (ალეპოს დაპყრობა) საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ალეპოში, შეიხ მაქსუდის რაიონში, რომელსაც ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფი – YPG აკონტროლებდა. აღნიშნულ თავდასხმას 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 700-ზე მეტი დაიჭრა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაისში, სულ მცირე ოთხ ადამიანს დასჭირდა მკურნალობა, რომელთა სიმპტომები ცხადყოფდა, რომ მათ წინააღმდეგ თავდასხმისას ქლორი იყო გამოყენებული.

„ისლამურმა სახელმწიფომ“  ომის დანაშაულები ჩაიდინა. იგი არა მარტო სამოქალაქო პირებს, არამედ შეიარაღებული დაჯგუფებების და სამთავრობო ძალების წევრებსაც უსწორდებოდა. „ისლამური სახელმწიფო“ ალ-რაქას, დეირ ალ-ზურის და აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიებზე, რომელთაც თვითონ აკონტროლებდა,  ჯაშუშობაში, კონტრაბანდისტობაში, მრუშობაში და ღვთის გმობაში ეჭვმიტანილ პირებს სიკვდილით სჯიდა.

„ისლამური სახელმწიფო“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები, სამოქალაქო პირებს იტაცებდნენ და ატყვევებდნენ. იანვარში, ქალაქ იდლიბში, ჯაბათ ალ-ნუსრამ საკუთარი სახლებიდან  გაიტაცა 11 სამოქალაქო პირი. მათი ბედი და ადგილსამყოფელი წლის ბოლოსთვისაც გაურკვეველი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმები

2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია კვლავ განაგრძობდა საჰაერო თავდასხმებს, მათი ძირითადი სამიზნე სირიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა დაჯგუფებები იყო. მათ შორის იგულისხმება ჯაბათ ალ-ნუსრა. ზოგიერთი საჰაერო თავდასხმა განურჩეველი ხასიათის იყო, ხოლო ზოგჯერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ თავდასხმებს ასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. 19 ივლისს, მანჯიბთან ახლოს, ალ-თუხარის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმას 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 28 ივლისს  ალღანდურას ტერიტორიაზე 28 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული.

თურქული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები

სირიის ჩრდილოეთით, თურქული ძალებიც ახორციელებდნენ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს. მათი ძირითადი სამიზნე „ისლამური სახელმწიფო“ და ქურთული შეიარაღებული ძალები იყვნენ. 28 ივლისს, თურქების მიერ სოფელ სარაისათში განხორციელებულ თავდასხმებს 24 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დემოკრატიული კავშირის პარტიის მეთაურობით ავტონომიური ადმინისტრაციის ძალების მიერ  განხორციელებული თავდასხმები

ავტონომიური ადმინისტრაციის ძალები, რომელთაც დემოკრატიული კავშირის პარტია ხელმძღვანელობს,  ჩრდილოეთით მდებარე ქურთულ საზღვრისპირა რეგიონებს აკონტროლებენ.  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, თებერვალში, ალ-ჰასაკას პროვინციაში, თალ თამერში ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფის (YPG) ძალებმა  ათობით არაბი სამოქალაქო პირის სახლი გაანადგურეს. მათ ისლამურ სახელმწიფოს მხარდაჭერაში ედებოდათ ბრალი. უმაღლესი კომისრის ინფორმაციის მიხედვით, ქურთულმა უსაფრთხოების ძალებმა აზაიაშმა და ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფმა, 12 ბავშვი იძულებით გაიწვიეს.

ადამიანის უფლებათა სირიის ქსელის ინფორმაციით, თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში, ქურთული სახალხო დაცვის დანაყოფის ძალებმა თავდასხმები განახორციელეს ქალაქ ალეპოში  ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რასაც 23 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

იძულებით გაუჩინარება

სამთავრობო ძალებს, სასამართლოს გარეშე ათასობით პირი ყავდათ დაკავებული, რაც წინ უძღოდა იძულებით გაუჩინარებას. ამას ისიც ემატება, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ათობით ათასი ადამიანის ბედი და ადგილსამყოფელი კვლავ გაურკვეველია. ამ ადამიანებს შორის იგულისხმება მთავრობის ოპონენტები და მათი ოჯახის წევრები.

იძულებით გაუჩინარებულთა შორის იგულისხმებიან უფლებადამცველი ხალილ მათუქი და მისი მეგობარი მოჰამედ თათა, რომლებიც 2012 წელს გაუჩინარდნენ. გათავისუფლებული პატიმრების თქმით, ხალილ მათუქი სახელმწიფო ციხეში იმყოფება, თუმცა, მთავრობა უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. 1970-1980 წლებიდან მოყოლებული, ათასობით ადამიანი, უმეტესად ისლამისტები, სირიის სამთავრობო ძალების მიერ იძულებით დაკარგულებად ითვლებიან.

წამება და სხვა სახის სასტიკი მოპყრობა

უსაფრთხოების ძალების და დაზვერვის სამსახურის მიერ,  სახელმწიფო საპატიმროებში პატიმართა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას კვლავ სისტემატიური ხასიათი აქვს. 2011 წლიდან მოყოლებული საპატიმროებში წამების და სხვა სახის სასტიკი მოპყრობის შედეგად  ათასობით პატიმარია გარდაცვლილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ინფორმაციით, 2011 წლის მარტიდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო საპატიმროებში 17,723 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგია.

არასამართლიანი სასამართლო

საანგარიშო პერიოდში, ხელისუფლებამ ზოგიერთი ოპონენტი ანტი-ტერორიზმის სასამართლოს და სამხედრო სასამართლოს წარუდგინა, ორივე სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. მოსამართლეებმა უარი განაცხადეს მსჯავრდებულთა ჩვენებების მისაღებად მათი წამების შესახებ არსებული  ბრალდებების გამოძიებაზე.

ქალთა უფლებები:

2016 წლის 15 ივნისს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გამოიკვლია, რომ სინჯარიდან (ერაყი) სირიის მიმართულებით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ათასობით იეზიდი ქალი და გოგონა იძულებით იქნა გადაყვანილი, მათ სექსუალურ მონებად ჰყიდდნენ. ბევრი ქალი და გოგონა სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და წამების მსხვერპლი გახდა. ქალები და გოგონები, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მკაცრად ისჯებოდნენ.

სიკვდილით დასჯა

სირიაში, ბევრი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა კვლავ ძალაშია. ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას სასიკვდილო განაჩენის გამოტანასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით.[2]

ვარდისფერი                  – რეჟიმის ძალების მიერ კონტროლირებადი;

ყვითელი                        – ამბოხებული ძალები;

ყავისფერი                      -Hay’at Tahror a-Sham-ის მიერ კონტროლირებადი;

მუქი ნაცრისფერი            – ისლამური სახელმწიფოს ტერიტორია;

ყვითელი და ნაცრისფერი   – შერეული ძალების კონტროლირებადი;

იასამნისფერი               – YPG ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.[3]

[1] United Nations Office for the Coordination of Humanitarian Affairs: Syrian Arab Republic » Syria Crisis: Regional Overview » About the Crisis http://www.unocha.org/syrian-arab-republic/syria-country-profile/about-crisis  [accessed 18 July, 2017]

[2] Amnesty International Annual Report: Syria 2016/2017https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/syria/report-syria/ [accessed 17 July, 2017]

[3] Institute for the Study of War: Syria Situation Report: June 1 – 8, 2017 http://iswresearch.blogspot.com/2017/06/syria-situation-report-june-1-8-2017.html [accessed 18 July, 2017]

მაროკო – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – ივლისი, 2017

მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და დასავლეთ საჰარას შორის, ესაზღვრება ჩრდილო ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა; მოსახლეობა: 33,655,786 (2016 წლის ივლისი) ეთნიკური ჯგუფები: არაბი-ბერბერები 99%, სხვები 1%; ენები: არაბული (ოფიციალური), ბერბერული ენები (Tamazight (ოფიციალური), Tachelhit, Tarifit), ფრანგული (მთავრობის და დიპლომატიის სფეროში);

რელიგიები: მუსლიმები 99% (ოფიციალური; უმეტესობა სუნიტი<0.1% შიიტი), სხვები 1% (მათ შორის ქრისტიანები, ებრაელები და ბაჰაის მიმდევრები);

მმართველობის ტიპი: საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია;

დედაქალაქი: რაბათი;

ადმინისტრაციული დაყოფა: 11 რეგიონი (აღიარებული); ბენი მელალ-ხენიფა, კასაბლანკა-სეტატი, დრაა-ტაფილალეთი, ფესმეკნესი, გუელმიმ-ოუედ ნოუნი, ლააიოუნე-საკია ალ ჰამრა, ორიენტალი, მარრაკეჩ-საფი, რაბათ-სალე-კენიტრა, სოუსს-მასსა, ტანგერ-ტეტოუან-ალ ჰოკეიმა;

სასამართლო სისტემა: შერეული სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ და ისლამურ სამართალს, საკანონმდებლო აქტების გადახედვა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

აღმასრულებელი ხელისუფლება:

ქვეყნის მეთაური: მეფე მოჰამედ VI (1999 წლის 30 ივლისიდან)

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი საად ედინე ალ-ოთმანი (2017 წლის 17 მარტიდან);

კაბინეტი: მინისტრთა საბჭოს ირჩევს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად და ინიშნება მონარქის მიერ;

არჩევნები/დანიშვნები: მონარქია მემკვიდრეობითია; საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით არჩეული უმრავლესობიდან  ინიშნება პრემიერ-მინისტრი  მონარქის მიერ;

სასამართლო სისტემა: 

 უზენაესი სასამართლო: უზენაესი სასამართლო ან სააპელაციო სასამართლო (შედგება 5 სასამართლო პანელისგან რაც მოიცავს სამოქალაქო, საოჯახო საკითხების, კომერციული, ადმინისტრაციული, სოციალური და სისხლის სამართლის სექციებს); საკონსტიტუციო სასამართლო (შედგება 12 წევრისგან);

სამხედრო დანაყოფები:

შეიარაღებული სამეფო ძალები: მაროკოს სამეფო არმია (მოიცავს საჰაერო თავდაცვას), მაროკოს სამეფო საზღვაო ფლოტი (მოიცავს სანაპიროს დაცვას და საზღვაო ქვეითებს), მოროკოს სამეფო საჰაერო ძალები;

სამხედრო სამსახურის ასაკი და ვალდებულება: 20 წლიდან ნებაყოფლობითია; არ ხდება გაწვევა. სამხედრო სამსახურის ვადა: 18 თვე.[1]

აროკოს სამეფოს დროშა

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში მაროკოს შესახებ, ქვეყანას აფასებს როგორც ნაწილობრივ თავისუფალს. თავისუფლების ხარისხი შეფასებულია 4.5 ქულით (7 ქულა წარმოადგენს ყველაზე უარეს მაჩვენებელს), სამოქალაქო თავისუფლებები შეფასებულია 4 ქულით, ხოლო პოლიტიკური უფლებების ხარისხი – 5 ქულით.

მაროკო რეგულარულად ატარებს მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებს. 2011 წელს გატარებულმა რეფორმებმა ფორმალურად გადაანაწილა ძალაუფლება მონარქიასა და არჩეულ საკანონმდებლო ორგანოზე. მოჰამედ VI კვლავ ინარჩუნებს როგორც ფორმალურ ისე არაფორმალურ გავლენას სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, მათ შორის უსაფრთხოების ძალებსა და რელიგიურ ლიდერებზე.

 მმართველმა პარტიამ სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (Justice and Development Party-PJD) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კვლავ შეინარჩუნა ძალაუფლება.

მთავრობა კვლავ განაგრძობდა პირადი თავისუფლების და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას. არაერთი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა სხვადასხვა მიზეზით, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლება აქციის  დასაშლელად ძალადობას მიმართავდა.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება:

ანგარიშის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის არ არის დაცული. ხელისუფლება   მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად და მთავრობის საწინააღმდეგო აქციის  ორგანიზებაში ჩართული პირების შესავიწროებლად ზოგჯერ გადაჭარბებულ  ძალას იყენებს. ამგვარი პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა 2016 წელს. თუმცა, არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ, მაგრამ ზოგჯერ სამართლებრივ შევიწროებას, სამგზავრო შეზღუდვებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა სახის დაბრკოლებებს აწყდებიან. ხელისუფლება გამუდმებით ხელს უშლის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას, რომელთაც  კავშირები აქვთ სამართლებრივ ან საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ან მარგინალიზებულ საზოგადოებებთან. ხელისუფლება ასევე ხელს უშლის ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გარკვეული ღონისძიებების გამართვის პროცესში. ასევე ხშირად ეწინააღმდეგებიან  ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას გარკვეულ ღონისძიებებში.

კანონის უზენაესობა

სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი მონარქიის გავლენისგან და ხშირად სასამართლოებს იყენებენ მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასასჯელად. თვითნებური დაკავებები და ადამიანთა წამება კვლავ ხდება. უფლებადამცველების ინფორმაციით, წამება კვლავ ფართოდაა გავრცელებული მაროკოს უსაფრთხოების ძალების და დაკავების ცენტრებში, განსაკუთრებით კი იმ პირების მიმართ, რომლებიც დასავლეთ საჰარას დამოუკიდებლობას, მემარცხენეებს, ისლამისტებს და მთავრობის სხვა მოწინააღმდეგებს იცავენ.

ხალხის უკმაყოფილება პოლიციის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის გახშირების გამო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2016 წლის ოქტომბერში მეთევზე მოუჩინე ფიკრი იქნა მოკლული. პოლიციის მხრიდან ფიკრის 1000 ფუნტი თევზი ჩამოერთვა,  იმის გამო რომ სათევზაო სეზონზე არ დაუჭერია თევზე. როდესაც იგი ცდილობდა სანაგვიდან თევზის ამოღებას, ნაგვის გადამამუშავებელი კომბაინი ჩაირთო – სავარაუდოდ პოლიციის ოფიცრის ბრძანებით – და მეთევზე ადგილზევე გარდაიცვალა. ფიკრის გარდაცვალების გამო, ნოემბერში თერთმეტი ადამიანი იქნა დაკავებული. მათ შორის იყო ორი პოლიციის ოფიცერი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ნელ-ნელა მიწყნარდა.

მაროკოს LGBT საზოგადოება აწყდება მკაცრ დისკრიმინაციას და ზოგ შემთხვევაში ძალადობასაც. ერთსქესიანთა ურთიერთობა შეიძლება დაისაჯოს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. LGBT-ის თემის უცხოელი წარმომადგენლები დაიშვებიან ტურისტულ ზონებში.

ამაზიღები (ბერბერები) და სხვა თემები, რომლებიც არაბულ კულტურასთან არ იდენტიფიცირდებიან  გარკვეულ უთანასწორობას განიცდიან საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საკითხებში. მთავრობამ გარკვეული ძალისხმევა მიმართა არაბიზაციის პოლიტიკის გამოსწორებისთვის. 2011 წლის საკონსტიტუციო რეფორმებიდან მოყოლებული,  თამაზიღურ (ბერბერულ) ენებს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და სკოლებში ამაზიღური კულტურა დაწინაურდა. თუმცა, დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცდილობენ წინ წამოწიონ ამაზიღთა უფლებები და კულტურა, მთავრობის მხრიდან დაბრკოლებებს აწყდებიან.

მთავრობამ დროებითი ბინადრობის უფლება  ასობით ლტოლვილს  და ათასობით აფრიკელ მიგრანტს მიანიჭა.  ხელისუფლების მიმართ კვლავ გაისმოდა ბრალდებები გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ უკანონო მიგრანტების დაბლოკვისას, რომლებიც ცდილობდნენ შეეღწიათ ესპანური ანკლავის სეუტას და მელილას ტერიტორიაზე.

ადამიანის ინდივიდუალური უფლებები

გადაადგილების თავისუფლება, დასაქმება და განათლებაზე წვდომის უფლება გარანტირებულია მაროკოს კანონით, მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული უფლებები პრაქტიკაში იზღუდება. ფართოდაა გავრცელებული ქრთამის აღება, ნეპოტიზმი და უთანასწორობა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საგანმანათლებლო სფეროში რაც დამსახურების მიხედვით წინსვლისთვის ხელის შემშლელია.

მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, „ბიზნესის კეთების“ კუთხით მაროკო 190 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. მაროკოს მიწების 50% ტომების ხელშია მოქცეული, ხოლო რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ჯგუფი აკონტროლებს თითქმის ერთ მესამედს. სასოფლო სამეურნეო მიწები ადმინისტრირებულია რელიგიის და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, რაც ძირითადად ცნობს მფლობელობას და მაცხოვრებლების და მუშების ძირითად უფლებებს.

რეგიონული სტანდარტების გათვალისწინებით მაროკოს კანონები ქალთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით შედარებით პროგრესულია. გენდერული თანასწორობა აღიარებული 2011 წლის კონსტიტუციით. 2004 წელს საოჯახო კოდექსი იქნა მიღებული, რომელმაც ქორწინების, განქორწინების და ბავშვებზე მეურვეობის საკითხებში ქალთა უფლებები კიდევ უფრო გაზარდა. არსებობს სხვადასხვა კანონები, რომლებიც ქალთა ინტერესებს იცავს. თუმცა, მემკვიდრეობის საკითხი კვლავ დისკრიმინაციულ ელემენტს შეიცავს, ქორწინებაში მომხდარი გაუპატიურების ფაქტი დანაშაულად არ ითვლება და ქალთა წინააღმდეგ ოჯახური ძალადობა  არსებული სოციალური სტიგმის გამო იშვიათად ხმაურდება და ისჯება. სოციალურ დონეზე ქალები კვლავ აწყდებიან გაურკვეულ დისკრიმინაციას. ქორწინების გარეთ სექსუალური ურთიერთობა არაკანონიერია.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მაროკოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა იმ ჯგუფების განადგურებას, რომლებიც ცდილობდნენ ამერიკელებზე ან დასავლეთთან ასოცირებულ პირებზე და მაროკოს მთავრობის  წარმომადგენლებზე თავდასხმას, აკავებდა უამრავ ადამიანს, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან ასოცირდებოდნენ. მაროკოში ხშირად ტარდება დემონსტრაციები, რომელთაც ძირითადად პოლიტიკური და სოციალური ხასიათი აქვს.[3]

სიკვდილით დასჯა

სასამართლოები განაგრძობდნენ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას; თუმცა 1993 წლიდან მოყოლებული არცერთი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულებულა. ივლისში ხელისუფლების გადაწყვეტილებით 23 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი შეეცვალა სამუდამო პატიმრობით.[4]

დასავლეთ საჰარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

დასავლეთ საჰარას შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურებმა თავი უნდა შეიკავონ  დასავლეთ საჰარას ტერიტორიებზე 30 კმ. სიგრძეზე, ბერმის დასავლეთით და აღმოსავლეთით მოგზაურობისგან.  დასავლეთ საჰარა წარმოადგენს სადავო ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა მოხდეს ტერორისტული თავდასხმის ფაქტები.[5]

დასავლეთ საჰარას ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მაროკოს დე-ფაქტო ადმინისტრაციას ექვემდებარება, სწორედ ის აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას. სამხედრო საზღვარი ყოფს მაროკოს მიერ კონტროლირებად დასავლეთ საჰარას ტერიტორიის ნაწილს  დანარჩენი ტერიტორიისგან, მავრიტანიასა და ალჟირისგან. დასავლეთ საჰარას ტერიტორიის სტატუსი სადავოა მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს (ნაციონალისტურ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც შედგება საჰრავის ეთნიკური ჯგუფის წევრებისგან) შორის.[6]

[1] Central Intelligence Agency: The World Factbook: MOROCCO; Page last updated on June 26, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/mo.html [accessed July 10, 2017 ]

[2] Freedom House: Freedom in the World 2017 : Morocco Profile; https://freedomhouse.org/report/freedom-world/2017/morocco [accessed July 10, 2017 ]

[3] US State Department: Morocco -Safety and Security https://travel.state.gov/content/passports/en/country/morocco.html [accessed July 13, 2017 ]

[4] Amnesty International :Annual Report-Morocco/Western Sahara 2016/2017 https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/morocco/report-morocco/#endnote-4 [accessed July 13, 2017 ]

[5] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office: Foreign travel advice – Western Sahara; Updated:

25 April 2017  https://www.gov.uk/foreign-travel-advice/western-sahara [accessed July 13, 2017 ]

[6] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office: Foreign travel advice- Western Sahara; Updated:

25 April 2017  https://www.gov.uk/foreign-travel-advice/western-sahara/safety-and-security [accessed July 13, 2017 ]

ერაყი – ქრისტიანების მდგომარება – ივლისი, 2017

2017 წლის 9 იანვარს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მისიას ერაყში, აღნიშნულია, რომ უძველესი დროიდან, ერაყი არის ეთნიკურად, ლინგვისტურად, რელიგიურად და კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანა. ისტორიულად, ზოგიერთი ჯგუფი მთელი ერაყის მასშტაბით ცხოვრობდა მაშინ, როცა გარკვეული უმცირესობები, მათ შორის ქრისტიანები, შაბაკები, იეზიდები და თურქმენები, თავიდანვე ცხოვრობდნენ ერაყის ჩრდილოეთით და ქურთისტანის რეგიონის სამხრეთის ტეროტორიაზე, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ისტორიულად, დიდი ქრისტიანული თემები, ასევე, ცხოვრობდნენ  ბაღდადსა და ბასრაში.

ერაყის ქრისტიანულ თემში შედიან: სომეხი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წევრები, ასირიული მართლმადიდებელი ქრისტიანები, ქალდეველი კათოლიკეები, ევანგელისტები, სხვა პროტესტანტები, სირიელი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, და სხვა გამორჩეული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც მიეკუთვნებიან „ქრისტიანულ“ კატეგორიას. ისტორიულად, ქრისტიანები წარმოადგენდნენ სამიზნე ობიექტებს საკუთარი სარწმუნოების და დასავლეთთან მოაზრებული კავშირების გამო. 2003 წლის მოვლენების შემდეგ, ქრისტიანულ თემზე თავდასხმებმა აიძულა მოსახლეობა, დაეტოვებინა ქვეყანა. ქრისტიანი წარმომადგენლების განცხადებით, მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 2003 წლამდე ისინი 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენდნენ, ხოლო 2014 წლისთვის მხოლოდ 350,000 პირს.

2014 წლის მეორე ნახევრიდან, მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ქრისტიანებით დასახლებულ ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს (ISIL) შეჭრით, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ISIL-ის მიერ მოსულის დაკავების შემდეგ, ათასობით ქრისტიანმა დატოვა ტერიტორია. ისინი, ვინც დარჩნენ ან ვერ მოახერხეს გაქცევა, მოუწიათ უსაფრთხოების სანაცვლოდ ხარკის გადახდა, ნაწილი კი აიძულეს შეეცვალათ სარწმუნოება, ხოლო ვინც არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს, სიკვდილით სჯიდნენ. ქრისტიანების ქონება მონიშნეს არაბული ასო „ნ“-ით („ნასრაანი“ ყურანში გამოყენებულია ქრისტიანების აღსანიშნავად), რომელიც შემდგომში ჩამოართვეს, ქრისტიანებს კი წაუყენეს პირობა, რომ 2014 წლის 19 ივლისისთვის დაეტოვებინათ ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავარობა ხაზს უსვამს სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფებთან კარგ ურთიერთობას, ზოგიერთი ქრისტიანი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გამხდარან ანტი-ქრისტიანული განწყობის და ინციდენტის მომსწრენი. ქრისტიანმა მღვდელმა მოსულიდან განაცხადა, რომ 2005 წლის შემდეგ, მას ხალხისგან სმენია მსგავსი გამონათქვამები: „არ შეიძინოთ უმცირესობების ქონება, რადგან, მოგვიანებით, ისინი თავისუფლები გახდებიან“. მისივე თქმით, ხალხს უხარია, რაც ქრისტიანებს დაემართათ ნინევასა და მოსულში.

პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა

მცირე ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს აქვთ შეზღუდული საშუალება საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოსახატავად. თემების წარმომადგენლების განცხადებით, მათ აკლიათ პოლიტიკური ჩართულობა საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, დაწყებული ადგილობრივიდან დამთავრებული ეროვნულით. მიმდინარე საარჩევნო კანონმა კი, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენილი რაოდენობის პროპორციულად, უფრო გაართულა მათი  ჩართულობა პოლიტიკაში. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საკუთარი საჭიროებების წინ წამოსაწევად, აუცილებელი იყო პოლიტიკაში მათი მონაწილეობა, როგორც გრძელვადიანი სოციალური ინტეგრაციის პროექტის ნაწილი. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, დღესდღეობით, უმცირესობები არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვა წარმომადგენლის განმარტებით კი, ნინევაში გადაწყვეტილების მიმღები პირების თანამდებობებზე ქრისტიანების და სხვა უმცირესობების წარმომადგენლების დანიშვნის კუთხით, ხდება მათი დაბლოკვა.

ეროვნული პარლამენტი არსებული 328 ადგილიდან მხოლოდ 8 ადგილს გამოყოფს უმცირესობებისთვის, საიდანაც 5 ადგილი მოდის ქრისტიანებზე, ხოლო თითო-თითო ადგილი საბიელ-მანდეველებზე, შაბაქებზე და იეზიდებზე.

უმცირესობები ქურთისტანის რეგიონში

ქურთისტანის რეგიონის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ვიზიტის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პრემიერ მინისტრმა ბარზანიმ გაეროს  სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ უმცირესობების უფლებებს სპეციალური კონსტიტუციური დაცვა მიენიჭება და ყველა ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  მათთვის ხელსაყრელი იყო უმცირესობების დიდი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები და იეზიდები, შეზღუდული ავტონომიური ტერიტორიების გამოყოფის გათვალისწინება.[1]

 დიდი ბრიტანეთის მთავარი ოფისის 2016 წლის აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანიის ფაქტების დამდგენი მისიის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სურთ ერბილის ან დაჰუკის პროვინციებში შესვლა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე უნდა წარადგინონ ერბილში გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვები, არაბი დევნილები, რომელთაც არ აქვთ აღნიშნული ნებართვები, ეკრძალებათ პროვინციაში შესვლა. რაც შეეხება ქურთებს, იეზიდებს და ქრისტიანებს, მათ მსგავსი ბინადრობის ნებართვების გარეშე შეუძლიათ,  როგორც ერბილის, ისე დაჰუკის პროვინციაში შესვლა, თუმცა გაძლიერებული კონტროლის პერიოდში, აღნიშნულ  ჯგუფებზეც შესაძლოა  გავრცელდეს უსაფრთხოების კუთხით არსებული შეზღუდვები.

შვედეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Qandil“-ის ინფორმაციით, დოკუმენტების არმქონე პირებს, ქრთამის გადახდის შემთხვევაში, შეუძლიათ საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლა. მისივე თქმით, ქრისტიანებს, ქურთებს და იეზიდებს, საგუშაგოების გავლისას, არ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფის“ (MRG) მიერ, 2017 წლის 7 ივნისს, გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ისლამური სახელმწიფოს შემდეგ ერაყში მცხოვრებ უმცირესობების მდგომარეობას, აღნიშნულია შემდეგი:

მომსახურების და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა

ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა მძიმედ არის დაზიანებული. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, წყალმომარაგება და ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. იმ ადგილებში, სადაც მატერიალური ზიანი შედარებით ნაკლები იყო, მაგალითად, ქრისტიანულ ქალაქში – თალ უსკუფი (ნინევას პროვინცია), კვლავ რჩებოდა არსებითი პრობლემები. ქალაქში დაბრუნებულ რამდენიმე ოჯახთან ინტერვიუსას გამოიკვეთა, რომ ღამით მიწოდებული ელექტროენერგიის მიუხედავად, საბაზისო სერვისები ჯერ კიდევ არ იყო ფუნქციური. 2017 წლის თებერვალში, თალ უსკუფში დაბრუნებული ერთ-ერთი ქრისტიანი აღნიშნავს: „ქალაქში არ არის წყლის რეზერვუარები, ხოლო ჭების ასამუშავებლად ელექტროენერგიაა საჭირო. ჭის წყლით, წყლის რეზერვუარების შესავსებლად გენერატორებია საჭირო. უფრო მეტიც, მილები გატეხილია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერატორი მუშაობს, წყალი თანმიმდევრობით არ მიედინება“.

უსაფრთხოება და შეიარაღებული დაჯგუფებების მანიპულაცია

ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებას იცავს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება. ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და პეშმერგას გარდა, მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან  ადგილობრივებთან, პატრულირებენ შესაბამის ტერიტორიებზე. ვიზიტის დროს, ალ-ჰამდანიას (ნინევას პროვინცია) აკონტროლებდა „ნინევას დაცვის ერთეული“ (NPU), რომელიც 2014 წელს შეიქმნა, ძირითადად, ასირიელი ქრისტიანების მიერ. უმცირესობებზე დაფუძნებული დაჯგუფებების შეზღუდული ძალაუფლება მიანიშნებს იმას, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა ერაყის მთავრობისგან/ერაყის უსაფრთხოების ძალებისგან ან ქურთისტანის რეგიონისგან/პეშმერგასგან. აღნიშნული ასახავს პოლიტიკურ მანიპულაციას, კერძოდ, ერაყის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ქრისტიანული დაჯგუფება NPU  და იეზიდების დაჯგუფების ეზიდხანის (Êzîdxan) დაფინანსება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხედრო სტრატეგიების დანერგვისას უმცირესობების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ხიდი ხელისუფლებასა და დაბრუნებულ უმცირესობებს შორის.

არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ნინევას დაბლობების დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ქურთული ძალები. მართალია, ალქუში, ბათნაია, თალ უსკუფი და შემოგარენი ადგილები ქრისტიანული ქალაქებია, ქურთისტანის მხრიდან აღნიშნულ ქალაქებში შესასვლელები პეშმერგას კონტროლის ქვეშაა.

სანამ კონტროლის კუთხით არსებული დავა გადაუჭრელი რჩება, უმცირესობები შეშფოთებულები არიან თავიანთი მიწების მომავალი ბედით. ინტერვიუსას, ერბილში მყოფი ერთ-ერთი ქრისტიანი იძულებით გადაადგილებული პირი შიშობს, რომ სამხედრო საზღვრები გახდება პოლიტიკური საზღვრები.

უმცირესობების წარომადგენლები ნინევას პროვინციიდან, აღნიშნავენ, რომ მეზობელმა თემებმა მათ უღალატეს, კერძოდ, ქურთულმა ძალებმა მიატოვეს, ხოლო ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისინი უგულებელყო.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ერაყი ჩვენი სამშობლოა და მას ვემსახურებით. ქრისტიანები არიან ისინი, რომლებიც ერაყის ყველა პროვინციაში ცხოვრობენ, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ერაყი ჩვენი სახლია, მაგრამ 2003 წლიდან ერაყი, როგორც პირველხარისხოვან მოქალაქეებს, ისე არ გვექცევა“. – ქრისტიანი სამხედრო მეთაური, დაჰუკი, 2017 წლის მარტი

თითოეული დღე, რომელიც გადაწყვეტილებისა და იმედის გარეშე ჩაივლის, გამოიწვევს იმას, რომ უმცირესობები გააგრძელებენ ქვეყნიდან გაქცევას“. – ქრისტიანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი  დაჰუკი, 2017 წლის მარტი[3]

საინფორმაციო სააგენტო „Inter Press Service“-ის მიერ 2017 წლის 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ მოსულში, ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებული მიწები ცარიელია. ერაყის ცენტრალური მთავრობა ბაღდადში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა ერბილში შეთანხმებულები არიან, რომ იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან კუთვნილ ტერიტორიებზე, როდესაც აღდგება სერვისები და უსაფრთხოება. იძულებით გადაადგილებული პირები კი ფიქრობენ, რომ დაბრუნების პროცესი სხვა მიზეზის გამო იწელება. ისინი შიშობენ, რომ მიწის გადანაწილების პროცესი დაწყებულია.[4]

ალ-მონიტორის მიერ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში შობის დღესასწაული, წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბურად იზეიმეს. სოლიდარობის ნიშნად ერაყელმა მუსლიმებმა ქრისტიანებთან ერთად აღნიშნეს შობა, თუმცა ამის მიუხედავად, ერაყელი ქრისტიანების მიგრაციის მაჩვენებელი მაინც იზრდება. ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირები მონაწილეობას იღებენ ერთმანეთის რელიგიურ  დღესასწაულებში. ასევე, რამდენიმე მუსლიმი პოლიტიკოსი დაესწრო ეკლესიაში გამართულ ღონისძიებებს. აღნიშნული ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ერაყის ერთ-ერთი უძველესი რელიგიის ბედი.

ბევრი ქრისტიანი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ქრისტიანები სხვა უმცირესობებთან ერთად, ტოვებენ ქვეყანას. ჰუმმარაბის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის კოორდინატორმა ვალიმ ვარდამ ალ-მონიტორს განუცხადა, რომ „თუ მოვლენები ასე გაგრძელდება და ხელისუფლება ასირიელებს და ქალდეველებს ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი საბოლოოდ დატოვებენ ქვეყანას“. მისივე თქმით, მოსულიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნახევარს ქრისტიანები შეადგენენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ერაყი, მათი რიცხვი კი სულ უფრო იზრდება.[5]

საინფორმაციო საშუალება „Reuters“-ის მიერ 2016 წლის 25 დეკემებრს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში, რომელიც ერაყის მთავრობის და ძირითადად შიიტებით დაკომპლექტებული უსაფრთოხების ძალების კონტროლის ქვეშაა, ქრისტიანებმა საშობაოდ მორთეს ეკლესიები, რათა აღენიშნათ შობის დღესასწაული. მიუხედავად ამისა, ბევრი ქრისტიანი შიშში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვერ ახდენს მათ ადეკვატურ დაცვას.[6]

 

 

[1] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on minority issues on her mission to Iraq, 9 January 2017, A/HRC/34/53/Add.1, available at:

 [accessed 6 July 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iraq: Return/Internal relocation , 18 August 2016, Version 3.0, available at:

 [accessed 6 July 2017]

[3] MRG – Minority Rights Group International: Crossroads: The future of Iraq’s minorities after ISIS, 7 June 2017 (available at ecoi.net)

  (accessed 6 July 2017)

[4] IPS – Inter Press Service – News Agency: Civilian Casualties Mount in Battle to Re-take Mosul, 7 June 2017
http://www.ipsnews.net/2017/06/civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul (accessed 6 July 2017)

[5] Al-Monitor – Iraq’s Muslims celebrate Christmas in solidarity with Christians, 23 December 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/12/christmas-iraq-christians-minorities.html (accessed 7 July 2017)

[6] Reuters – Fearful Christmas in Baghdad after attacks on Christians, 25 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-minorities-idUSKBN14E0GG (accessed 7 July 2017)

ერაყი – კაკაების მდგომარება – ივლისი, 2017

კაკაები წარმოადგენენ ერაყის ერთ-ერთ რელიგიურ უმცირესობას, რომლებიც გაფანტულნი არიან ერაყის ჩრდილოეთით, სულეიმანიას და ჰალაბჯას პროვინციებში, ასევე, ნინევას პროვინციის ნინევას დაბლობებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ კირკუკის სოფლებში. ისტორიკოსები და მკვლევრები არ ეთანხმებიან  კაკაების, როგორც იდუმალებით მოცული სექტის კლასიფიკაციას. კაკაები საკუთარ რწმენას ფარულად ინახავდნენ, რამაც ხელი შეუშალა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ფორმირებას და ცენტრალური ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონის პარლამენტებში მათი წარმომადგენლობის არსებობას.

ეთნიკურად კაკაები თავებს ქურთებს მიაკუთვნებენ, მაგრამ მათი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი განსხვავებულ საზოგადოებას წარმოადგენენ  და მოითხოვენ პოლიტიკურ წარმომადგენლობას.  მოსახლეობამ, ჰალაბჯას პროვინციის საბჭოში, კვოტირებული გზით მოიპოვა ადგილი, რომელიც დღეს აქუ შავაისის უკავია. შავაისი ერაყის ქურთისტანის, ჰალაბჯას პროვინციის განათლების დირექტორატში მუშაობს ხელმძღვანელად. იგი აირჩა, რათა ყოფილიყო კაკაების წარმომადგენელი პროვინციაში. აღნიშნული თანამდებობა წარმოადგენს თანამედროვე ერაყისა და ქურთისტანის ისტორიაში პირველ შემთხვევას.

ალ-მონიტორთან ინტერვიუში შავაისი განმარტავს იმ გარემოებებს, რის ფონზეც იგი აირჩიეს კაკაების პირველ წარმომადგენლად ჰალაბჯაში და საუბრობს კაკაების ოფიციალურ აღიარებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, ასევე, თავად კაკაების ჯგუფის შიგნით არსებულ დავაზე. ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ კაკაიზმი დამოუკიდებელი რელიგიური იდენტობაა, ხოლო მეორე ისლამის ნაწილად მიიჩნევს თავს. შავაისს მოჰყავს, კაკაებსა და მუსლიმებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები, რომლებიც უკავშირდება რწმენასა და რიტუალებს.

კაკაების ოფიციალური აღიარება ძალიან შეზღუდულია. 2005 წლის ერაყის კონსტიტუცია და ქურთისტანის კონსტიტუცია კაკაებს არ მოიხსენიებს, როგორც რელიგიურ საზოგადოებას. წარმომადგენლის სახელით მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით, კაკაები არ არიან წარმოდგენილნი ქურთისტანის შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული, ძირითადად გამოწვეულია კაკაების შიგნით არსებული დავის გამო.

სახელმწიფო ინსტიტუტებში ფორმალური წარმომადგენლობის თვალსაზრისით, კაკაებს არ ჰყავთ წარმომადგენლები ერაყის ფედერალურ ან ქურთისტანის რეგიონის პარლამენტებში, მთავრობებში ან პროვინციულ საბჭოებში, ვინაიდან არ არსებობს კვოტა კაკაებისთვის. თუმცა, 2015 წლის კანონი #5, რომელიც იცავს ქურთისტანში არსებული ჯგუფების უფლებებს, თანამედროვე ისტორიაში, პირველად მოიხსენიებს კაკაებს, როგორც რელიგიურ ჯგუფს ერაყის ქურთისტანში.

შავაისის განცხადებით, კაკაების ორ ჯგუფად დაყოფა გამოიწვია კაკაების შიშმა, არ გამხდარიყვნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ან ისლამური პურიტანული მებრძოლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები. ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ კაკაები არიან მუსლიმები, ცხოვრობენ მუსლიმი მებრძოლებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე – კირკუკში, მოსულში, ან სულეიმანიაში, კალარში.

კაკაების იმ ნაწილთან კამათისას, რომლებიც თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ცხოვრობენ სახიფათო ტერიტორიაზე და ეშინიათ, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან აღქმულები არ იყვნენ, როგორც ურწმუნოები.

შავაისის თქმით, აღნიშნული შეესაბამება სიმართლეს, ისლამურმა სახელმწიფომ და რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოკლეს დაახლოებით 200 კაკაი. ჯგუფში არსებულმა შიდა დაყოფამ კი, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია კაკაების პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე და გადადო მათი მოთხოვნა კვოტირებული ადგილების გამოყოფაზე.

შავაისის განმარტებით, კაკაიზმი არის მონოთეისტური რელიგია, მაგრამ იგი დაკავშირებული არ არის ისლამთან. პატარა განსხვავებები შესამჩნევია ჰალაბჯაშიც. კაკაების დაკრძალვის რიტუალები განსხვავდება მუსლიმებისგან. თუმცა, ის კაკაები, რომლებიც მუსლიმებს შორის ცხოვრობენ, ცდილობენ ყველაფერი მათებურად გააკეთონ. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სხვა რელიგიურ სწავლებებთან, განსაკუთრებით ისლამთან, მიმართებაში არის ის, რომ კაკაებს სჯერათ სულის გადასვლის. მათ სწამთ, რომ  კარგი სული სხვადასხვა დროს განიცდის რეინკარნაციას და სწორედ ამიტომ, მათი რწმენით, ისლამის და სხვა რელიგიის წმინდანები არიან ერთი და იმავე კარგი სულის განსახიერება.

ალ-მონიტორის შეკითხვაზე თუ რატომ აქვთ კაკაებს კვოტა კონკრეტულად ჰალაბჯას პროვინციულ საბჭოში, როცა ისინი სხვა პროვინციებშიც ცხოვრობენ, როგორიცაა კირკუკი, სულეიმანია და ნინევა, შავაისი პასუხობს, რომ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჰალაბჯაში კაკაები თავს ისლამისგან დამოუკიდებლად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა არის განათლებული ელიტური წრიდან, აქვთ უნივერსიტეტის დიპლომები და აცნობიერებენ თავიანთი რელიგიური საზოგადოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობის მნიშვნელობას. მათი სოციალური გარემო ნაკლებად რადიკალურია და არ ჰყავთ მუსლიმებით დასახლებული სამეზობლო, რომელთა შიშიც ექნებოდათ.

კაკაების მიმართ დისკრიმინაცია ეფუძნება რელიგიურ მიზეზებს, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი მუსლიმებთან ერთად ცხოვრობენ. ბევრ მუსლიმს სტერეოტიპული შეხედულება აქვს კაკაებზე და შესაბამისად, არ იღებენ მათ. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს იმ კაკაების მიმართაც, რომლებიც თავს მუსლიმებად აცხადებენ და ყველა ისლამურ რიტუალს მუსლიმების მსგავსად ასრულებენ. კაკაებს ძირითადად ბრალს სდებენ შარიათის წესების უარყოფაში, ლოცვის, მარხვის, პილიგრიმობის და მოწყალების გაცემის წესების დარღვევაში.

არის სოციალური და ეკონომიკური დისკრიმინაციის სხვა მაგალითებიც, როგორიცაა კაკაის მიმდევრების მაღაზიებზე ოფიციალურად გამოუცხადებელი ბოიკოტი, რაც გავლენას ახდენს მათ საარსებო საშუალებებზე. ჰალაბჯაშიც კი მუსლიმ სასულიერო პირებს აქვთ მკაცრი პოზიცია კაკაების მიმართ, კერძოდ, 2010 წელს, როდესაც ჰალაბჯას გამგებლად დანიშნეს კაკაი ადვოკატი გორან ადამი, მუსლიმური სასულიერო პირების ჯგუფმა გამოსცა და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც აპროტესტებდა მის დანიშვნას. შეიხ მუჰამმად ალ-მუფთიმ პარასკევის ერთ-ერთ ლოცვაზე ჰალაბჯაში, ადამთან მიმართებაში განაცხადა, რომ არა მუსლიმი ვერ იქნება მუსლიმების მეურვე.

ალ-მონიტორის კითხვაზე თუ როგორ მოხდა კვოტირებული გზით შავაისის არჩევა კაკაიების წარმომადგენლად, შავაისიმ უპასუხა, რომ 2015 წლის 5 თებერვალს ქურთისტანის პარლამენტმა, სპეციალურ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქურთისტანის რამდენიმე მინისტრი,  მთავრობისა და პარტიის წევრები, ერთხმად დაამტკიცეს პროექტი, რომ ჰალაბჯა გამხდარიყო პროვინცია. რამდენადაც, ჰალაბჯა გახდა ახალი პროვინცია ქურთისტანის რეგიონში, კაკაის წარმომადგენლებმა ერბილიდან, კირკუკიდან და სულეიმანიადან, პარლამენტის წევრებს წარუდგინეს თხოვნა, რომ პროვინციულ საბჭოში, რომელიც 25 ადგილისგან შედგება, კაკაებისთვის გამოეყოთ ადგილი. ერაყის ისტორიაში პირველად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ეს იყო კარგი ამბავი ირანისა და ერაყის კაკაებისთვის. შავაისის განცხადებით, რამდენადაც ჰალაბჯაში 430 კაკაი ოჯახი ცხოვრობს, მათ მიიღეს პროვინციულ არჩევნებში მონაწილეობა. 2015 წლის 20 თებერვლის დემოკრატიულ არჩევნებში, 11 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, სადაც, საბოლოოდ,  შავაისიმ გაიმარჯვა. მისივე თქმით, კაკაების რელიგიური და პოლიტიკური მოთხოვნები არის შემდეგი: მათ სურთ, რომ მოხდეს მათი რელიგიის აღიარება. ქურთისტანის რეგიონის კონსტიტუციის მე-6 მუხლში, რომელიც ეხება რეგიონში არსებულ სხვადასხვა რელიგიას, კაკაიზმი მოხსენიებული არ არის. სწორედ ამიტომ, 2015 წლის 2 აპრილს, მათ გამართეს შეხვედრები ქურთისტანის პარლამენტში, სადაც მოითხოვეს ქურთისტანის რეგიონის კონსტიტუციის მე-6, მე-19 და 30-ე მუხლებში შეეტანათ კაკაიზმი. მათ მოითხოვეს, რომ წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში და  ასევე მოითხოვეს, რომ კაკაიზმი შეეყვანათ 2015 წლის #5 კანონში, რომელიც იცავს უმცირესობების უფლებებს ერაყის ქურთისტანში. მართალია, აღნიშნულ კანონში კაკაები მოხსენიებულნი არიან, როგორც აღიარებული რელიგიური კომპონენტები, თუმცა ჯერ კიდევ მისაღები აქვთ კვოტირებული ადგილი ერაყის ფედერალურ პარლამენტში ან ქურთისტანის რეგიონის პარლამენტში. შავაისის განცხადებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მათ მიზანს.[1]

2017 წლის 9 იანვარს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მისიას ერაყში, აღნიშნულია, რომ თემის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსულში და სხვა ტერიტორიებზე,  ისლამური სახელმწიფოს მიერ, რელიგიურ ნიადაგზე, მოკლულ იქნა დაახლოებით 300 კაკაი, მათი თქმით, კაკაების მიერ დაკავებული ვრცელი ტერიტორიები ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კაკაი, რომელიც ცხოვრობდა მოსულში და ნინევას დაბლობებში გახდენენ იძულებით გადაადგილებული პირები ქურთისტანში. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, 2016 წლის მარტში, ისლამურმა სახელმწიფომ დევნისა და მოკვლის მუქარით ახალი საფრთხე შეუქმნა ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრებ კაკაებს. ექვსი ლიდერის განცხადებით, მათი 65 სოფელი განადგურდა და იძულებით გადაადგილებული კაკაები სხვადასხვა ადგილებში გაიფანტნენ. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ერაყში, კაკაები დადგენენ საკუთარი იდენტობის საფრთხის წინაშე, რამდენადაც ცდილობდნენ კაკაების  „შიიტებად გადაქცევას“.

„OHCHR“-ის და „UNAMI“-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ეხება შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას, დაფიქსირებულია  ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანებს და საბიელ-მანდეველებს მისცა საშუალება, აერჩიათ, მოქცეულიყვნენ ისლამზე, გადაეხადათ ჯიზია (ხარკი უსაფრთხოების სანაცვლოდ), დაეტოვებინათ საცხოვრებელი, ან მომკვდარიყვნენ. იეზიდებისათვის, კაკაებისთვის და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის იყო ორი არჩევანი, ან ისლამის მიღება, ან სიკვდილი.

ქურთისტანის რეგიონის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ვიზიტის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პრემიერ მინისტრმა ბარზანიმ გაეროს  სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ უმცირესობების უფლებებს სპეციალური კონსტიტუციური დაცვა მიენიჭება და ყველა ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  მათთვის ხელსაყრელი იყო უმცირესობების დიდი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები და იეზიდები, შეზღუდული ავტონომიური ტერიტორიების გამოყოფის გათვალისწინება.  კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი იყო, ქურთისტანის რეგიონის შემოწირულობებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროში, მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ებრაელების, ზოროასტრელების, კაკაების და ბაჰაების,  წარმომადგენლობის ყოლის შესაძლებლობა.[2]

დანიის ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტ შალავ მოჰამმადის განცხადებით, თუ იძულებით გადაადგილებული პირები მოისურვებდნენ კირკუკში წასვლას, მათ უნდა გაევლოთ კირკუკის სამხრეთით, 47 კმ-ში, მდებარე ქალაქი დაქუქი, სადაც, კირკუკში შესასვლელად, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, დასჭირდებოდათ ID ბარათი. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის (IOM) იყო ცნობილი, კირკუკის პროვინციის ქურთების მიერ კონტროლირებადი მხარე დახურული იყო იმ პირებისთვის, ვინც არ იყვნენ დარეგისტრირებულნი კირკუკში, თუმცა ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ მაინც მოახერხა ქალაქში შესვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შვედური საქველმოქმედო ორგანიზაცია „Qandil“-ის ინფორმაციით, კირკუკში ცხოვრებისთვის, არაბებს სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები, რაც შეეხება ეთნიკურად ქურთებს, მათ აღნიშნული ნებართვები არ ესაჭიროებათ. ასევე, ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც თავისთავად არ არიან ქურთები, მაგრამ კირკუკში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ, მოიაზრებიან ქურთებთან თანასწორუფლებიანებად და შესაბამისად, არც მათ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები. „Qandil“-ის მიხედვით, აღნიშნული ვრცელდება შაბაკებზე, კაკაებზე (იარსანები), იეზიდებზე და ქრისტიანებზე.[3]

 

 

[1] Al-Monitor – Who are Iraq’s Kakai? 10 February 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/02/iraq-kakai-religious-minority-kurdistan-quota.html [accessed 3 July 2017]

[2] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on minority issues on her mission to Iraq, 9 January 2017, A/HRC/34/53/Add.1, available at:

 [accessed 3 July 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iraq: Return/Internal relocation , 18 August 2016, Version 3.0, available at:

 [accessed 3 July 2017]

 

ირანი – ხელოვანი ხალხის მდგომარეობა და გამოხატვის თავისუფლება – ივნისი, 2017

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ხელოვნების სხვადასხვა ფორმა აკრძალვებს აწყდება. ბეჭდვის ლიცენზიის მისაღებად, ყველა წიგნი უნდა დამტკიცდეს ირანის კულტურის სამინისტროს მიერ. უამრავი წიგნი დაიბლოკა და ავტორებს დაბრალდათ დივერსია. ფილმის შემქმნელები ასევე აწყდებიან ცენზურას და ზეწოლას. 2016 წლის ივნისში ფილმის შემქმნელი ჰოსეინ რაჯაბიანი, მისი ძმა, მუსიკოსი მეჰდი რაჯაბიანი და ასევე მუსიკოსი იუსეფ ემადი 2015 წელს დააპატიმრეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მიწისქვეშა (undergroud) მუსიკის გავრცელებისთვის. ოქტომბერში მწერალი და აქტივისტი გოლროხ ებრაჰიმი ირაე 6 წლით ჩასვეს ციხეში ირანში ჩაქოლვის შესახებ დაწერილი და გამოუქვეყნებელი მოთხრობის გამო.[1]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება კვლავ ზღუდავდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ბრალდებებით დაკავებებისა და მშვიდობიანი კრიტიკოსების დაპატიმრებების გზით. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, ბლოგერები, სტუდენტები, სავაჭრო კავშირების აქტივისტები, ფილმის შემქმნელები, მუსიკოსები, პოეტები, ქალთა უფლებების აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა აქტივისტები და გარემოსდაცვითი და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კამპანიების მონაწილეები. ხელისუფლება ასევე ზღუდავდა მუსიკალურ ექსპრესიას წარმოდგენების ძალით ჩაშლის გზით, მათ შორის კულტურისა და ისლამური სწავლების მიერ ლიცენზირებული კონცერტების ჩაშლითაც. ადგილი ჰქონდა ისეთი აქტივობების ჩახშობას, როგორიცაა შერეული სქესის წვეულებები; ასობით ადამიანი დააპატიმრეს და მიუსაჯეს გაშოლტვა.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თავისუფალი სიტყვა მკაცრად შეზღუდულია და ხელისუფლება აგრძელებს ჟურნალისტების, ბლოგერების და ონლაინ მედია აქტივისტების დაპატიმრებებს მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის. 2016 წელს, სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ და სასამართლომ ათობით მუსიკალური კონცერტი დაბლოკა, კერძოდ ისეთი კონცერტები, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალ შემსრულებლებს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მთავრობა ინარჩუნებს კონტროლს კინოზე, მუსიკაზე, თეატრზე, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებზე და აწესებს ცენზურას ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება ისლამურ ღირებულებებს. ხელისუფლება მძიმე მეტალს და უცხოენოვან მუსიკას რელიგიურად ძალადობრივს უწოდებს. კულტურის სამინისტრომ უნდა დაამოწმოს, რომ სიმღერის ტექსტი და ალბომის გარეკანი შეესაბამება ისლამურ ღირებულებებს. მიუხედავად ამისა, ბევრი მიწისქვეშა მუსიკოსი უშვებს ალბომებს ასეთი ნებართვის გარეშე.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ მეჰდი რაჯაბიანი, ჰოსეინ რაჯაბიანი და იუსეფ ემადი არალიცენზირებული მუსიკის გავრცელებისთვის დამნაშავედ ცნეს ისლამური სწავლების შეურაცხყოფის, სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისა და უკანონო აუდიო-ვიდეო აქტივობების ბრალდებებში და მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დააკისრეს ჯარიმა 6,178 აშშ დოლარი. ხელისუფლებამ დახურა მათი ვებ-გვერდი და „Amnesty International“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ცემეს დაკავებისას და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ელექტრო-შოკი. ირანის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის ინფორმაციით, რაჯაბიანებმა დაიწყეს შიმშილობა საპატიმროში მათი დაცალკევებისა და მეჰდი რაჯაბიანისთვის სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ რეპერი ამირ „ტატალუ“ ჰოსეინ მაგჰსუდლუ 2016 წლის 23 აგვისტოს პოლიციამ დააკავა თეირანში „ახალგაზრდებში გარყვნილების გავრცელების“ გამო. 2016 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სხვადასხვა პროვინციაში ჩაშალა კონცერტები, რადგან ისინი მიიჩნია „შეუსაბამოდ“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაშალა მომღერალ სალარ აგჰილის, მუსიკოს შაჰრამ ნაზერის და კაივან კალჰორის კონცერტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ ჰქონდა აღებული ნებართვა კულტურის სამინისტროში. ხორასან რაზავის პროვინციის პროკურორმა გოლამალი სადეგიმ განაცხადა 2016 წლის აგვისტოში, რომ პროვინციაში მუსიკალური კონცერტების ჩატარება ამიერიდან აღარ დაიშვებოდა.[4]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის დოკუმენტში „ქვეყნის პოლიტიკა და საინფორმაციო ანგარიში: ირანი – ჟურნალისტები და ინტერნეტ მედია“ წერია, რომ მთავრობის კრიტიკოსები და ისინი, ვინც ზიანს აყენებენ საჯარო მორალს, მათ შორის ჟურნალისტები, სოციალური მედიის მომხმარებლები და ბლოგერები, შეიძლება ირანის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, თვითნებური დაკავების, გამათრახების, არასამართლიანი სასამართლოსა და წამების ობიექტები გახდნენ. ასეთი მოპყრობის მსხვერპლთ არ მიუწვდებათ ხელი ეფექტურ სახელმწიფო დაცვასა და შიგა გადაადგილებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში არასათადანადო მოპყრობის რისკის ქვეშ დგებიან ოჯახის წევრებიც.[5]

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iran, 15 April 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 10 June 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Journalists and internet based media, 24 October 2016, Version 2.0, available at:

[accessed 10 June 2017]

ეგვიპტე – ლგბტ პირების უფლებები და მდგომარეობა – ივნისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 1961 წლის მე-10 კანონის მიხედვით, გარყვნილების ბრალდებით, აპატიმრებენ, აკავებენ და ასამართლებენ პირებს მათი რეალური თუ მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის საფუძველზე.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ლგბტ პირები აწყდებიან მძიმე დევნას და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება პრეზიდენტ სისის რეჟიმის ქვეშ. ეგვიპტეში ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა მკაფიოდ არაა აკრძალული და ამიტომ, ლგბტ პირების დასჯა ხდება პროსტიტუციისა და გარყვნილების ბრალდებებით. 2016 წლის აპრილში სასამართლომ გარყვნილების ბრალდებით 11 კაცს მიუსაჯა 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე ანგარიშში წერია, რომ რეიდები და დაპატიმრებები გრძელდებოდა 2016 წლის განმავლობაში.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა დასჯადია. 2013 წლიდან ხელისუფლება ატარებს კამპანიას, რათა დააშინოს და დაიჭიროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები; მათ შორის ხდება სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით მახის დაგებით დაჭერა.

საკონსულტაციო ჯგუფის „Solidarity With Egypt LGBTQ+“ ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოდან 2016 წლის ნოემბრამდე 114 სისხლის სამართლის გამოძიება დადასტურდა, რომელიც მიმართული იყო 274 ლგბტ პირის მიმართ; მათგან 66 მოიცავდა ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა სექსუალური კავშირს კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს დანაშაულად, მაგრამ აძლევს პოლიციას უფლებას, დააპატიმროს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ინტერსექსები ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიის სწავლებების შებღალვა“ და აწესებს სასჯელს 10 წლამდე პატიმრობის სახით. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით 2013 წლიდან მოყოლებული მინიმუმ 250 დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი. ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. ლგბტ საზოგადოება განიცდის სერიოზულ სოციალურ სტიგმას და დისკრიმინაციას. ანგარიშში წერია, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერის ნიადაგზე დასაქმებისას, სამსახურში, განსახლებისას, განათლებაზე ან ჯანდაცვაზე წვდომისას დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული. აქვე აღნიშნულია, რომ პოტენციური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან რაიმე ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს ლგბტი პირების წინააღმდეგ ძალადობის მცირე რაოდენობის ინციდენტი დაფიქსირდა; აქვე აღნიშნულია, რომ დაპატიმრების რისკმა და შიშმა შეამცირა დანაშაულის გაცხადების ფაქტები და გაზარდა თვითცენზურა. მთავრობას აქვს უფლებამოსილება, რომ გააძევოს ქვეყნიდან ან არ შეუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალი უცხოელი. ხელისუფლება იყენებს სოციალურ მედიას, გაცნობა-პაემნის ვებ-გვერდებს და სატელეფონო აპლიკაციებს, რომ მახეში გააბან პირები, ვიზეც აქვთ ეჭვი, რომ ჰომოსექსუალები არიან.

2016 წლის 24 აპრილს აგოუზას ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 11 პირი დამნაშავედ ცნო გარყვნილებაში და სამ მათგანს 11-12 წლით, სამს 9 წლით, ერთს 6 წლით და ოთხს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული წარმოადგენდა პოლიციის ორკესტრირებულ კამპანიას ლგბტი პირების წინააღმდეგ. 29 მაისს სააპელაციო სასამართლომ ერთერთი ბრალდებული გაამართლა და დანარჩენების სასჯელის ვადა ერთ წლამდე შეამცირა.

2016 წლის იანვარში გაამართლეს სატელევიზიო წამყვანი მონა ირაქი, რომელსაც ბრალად ედებოდა „გარყვნილებისა“ და „უხამსი საჯარო ქმედების“ ბრალდებით დაკავებული 26 პირის მიმართ ცილისწამება. 2014 წელს პოლიციამ რეიდი განახორციელა ქაიროში მდებარე ტრადიციულ აბანოში, რომელიც ცნობილია როგორც „ჰამამი“ (hammam) და დააპატიმრა აღნიშნული პირები; თუმცა, მოგვიანებით, 2015 წლის იანვარში, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 26-ვე მათგანი გაამართლა. მონა ირაქმა სოციალურ ქსელში „Facebook“ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახული იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ჰამამის მიმდებარედ და 2015 წლის ნოემბერში დადანაშაულებულ იქნა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. მოგვიანებით იგი ქაიროს სასამართლომ გაამართლა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გარყვნილების ბრალდებით დაპატიმრებულებს აიძულებს ანალურ კავშირს.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 30 June 2017]

ეგვიპტე – ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული არაბების მდგომარეობა – ივნისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტის კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აღწერს, თუმცა თავიანთი რელიგიის თავისუფლად მსახურებას და სალოცავების აშენების უფლებას აძლევს მხოლოდ ისლამის, ქრისტიანობის და იუდაიზმის მიმდევრებს. ქვეყნის მთავრობა არ აღიარებს მუსლიმად დაბადებულთა კონვერტაციას ისლამიდან ნებისმიერ სხვა რელიგიაზე და აწესებს სამართლებრივ სასჯელებს მუსლიმად დაბადებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონვერტირდებიან სხვა რელიგიაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთმა მუსლიმურმა ოჯახმა კონვერტაციის ბრალდებით ოჯახის ერთერთი წევრი მოკლა. 2008 წლის სასამართლოს დადგენილებით, ისლამიდან კონვერტაცია განდგომაა (Apostasy) და აკრძალულია შარიათის კანონით. 2008 წელს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან სდევდა მეორე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ისლამიდან კონვერტაცია ნებადართულად გამოცხადდა მათთვის, ვინც დაბადებით არ იყო მუსლიმი და შემდეგ კონვერტირდა ისლამზე. იმ შემთხვევაში, როდესაც არა მუსლიმად დაბადებული მუსლიმი კონვერტირდება ისლამიდან, მისი არასრულწლოვანი და ხანდახან სრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად რჩებიან მუსლიმებად.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობას ბრალის წაყენების გარეშე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული ბიშოი არმია ბულუსი (Bishoy Armia Boulous) კანონით დადგენილ 6 თვეზე მეტ ხანს. მთავრობა კრძალავს მუსლიმად დაბადებული პირის ისლამიდან კონვერტაციას. სექტური დაპირისპირების ნიადაგზე ეგვიპტეში ადგილი ჰქონდა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მკვლელობებს ოჯახის წევრების მხრიდან. 2015 წლის 18 ნოემბერს მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა 26 წლის გოგო მოკლეს იმის გამო, რომ ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცს ცოლად გაყვა. პროკურატურამ და პოლიციამ ძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, უსაფრთხოების თანამშრომლები, მსხვერპლის ოჯახი და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახი შეიკრიბა, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი სექტური დაპირისპირება სოფელში.[1]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაციული კანონმდებლობა და პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება და ნეგატიურ გავლენას ახდენს ქრისტიანებზე; მათ შორისაა ღვთისგმობის კანონი და ისლამიდან კონვერტაციაზე დაწესებული შეზღუდვები. მუსლიმად დაბადებულ პირს, რომელიც კონვერტირდება ქრისტიანობაზე, კვლავ შეზღუდული აქვს რელიგიური კუთვნილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანის საშუალება; ხშირ შემთხვევაში, ისინი აწყდებიან საზოგადოებისგან მტრულ დამოკიდებულებას.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არ არის ნორმატიული აქტი, რომელიც ისლამიდან კონვერტაციას კრძალავს, მაგრამ ოფიციალური პირები, მათ შორის მოსამართლეები ხშირად ახდენენ შარიათის კანონების ინტერპრეტაციას და მუსლიმების სხვა რელიგიაზე კონვერტაციას კრძალავენ და ასეთ კონვერტაციას კანონიერად არ აღიარებენ. საპირისპირო შემთხვევაში პირიქითაა და ისლამზე კონვერტირებულები როგორც წესი, იღებენ კონვერტაციის ფაქტის აღიარებას და არც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე რელიგიური კუთვნილების ასახვის პრობლემა ექმნებათ.[3]

[1] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians , 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 26 June 2017]

ეგვიპტე – ათეისტების მდგომარეობა და სახელმწიფო დაცვის შესაძლებლობა – ივნისი, 2017

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ღვთისგმობის მუხლით აღძრულმა საქმეების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო. აღნიშნული ბრალდება უმეტესად მიმართულია სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ, თუმცა დაპატიმრებულთა შორის ასევე არიან ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ათეისტები. სასჯელის სახით კანონში გათვალისწინებულია პატიმრობა 5 წლამდე ვადით და ჯარიმა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში ეგვიპტელი ათეისტების წინააღმდეგ ღვთისგმობის ბრალდებებმა იმატა, ისევე როგორც იმატა საზოგადოების მხრიდან ძალადობამ და ათეიზმთან ბრძოლისკენ მიმართულმა ეგვიპტის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა ინიციატივამ. 2016 წლის თებერვალში ონლაინ აქტივისტს მუსტაფა აბდელ-ნაბის სოციალურ ქსელში „Facebook“ ათეიზმის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო დაუსწრებლად შეუფარდეს 3 წლით პატიმრობა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რელიგიის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროებმა ერთობლივად დააფინანსეს ეროვნული კამპანია ეგვიპტელ ახალგაზრდებში ათეიზმის გავრცელების წინააღმდეგ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება იყენებდა ანტი-შიიტურ, ანტი-ბაჰაისტურ და ანტი-ათეისტურ რიტორიკას. ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ათეისტების რაოდენობა 4 მილიონია, ზოგიერთის ინფორმაციით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ზოგიერთმა სამთავრობო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ალ-აზარში, თავიანთ პუბლიკაციებსა და გამოსვლებში შეურაცხმყოფელი წესით ისაუბრეს შიიტებსა და ათეისტებზე.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ელ-ბანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არის ათეისტი, დააპატიმრეს 2014 წლის ნოემბერში, მაშინ როდესაც ცდილობდა საჩივარი შეეტანა პოლიციაში თავისი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც მის წინააღმდეგ ძალადობდნენ მისი რწმენის გამო. პოლიციამ იგი დააკავა, როგორც განიმარტა პოლიციის მიერ, იმ ბრალდებით, რომელიც მისთვის საჩივრის შეტანის მცდელობამდე იყო წაყენებული პოსტების გამო. ელ-ბანას მამამ ოჯახისა და მეგობრების ზეწოლით ჩვენება მისცა შვილის წინააღმდეგ. „Human Rights Watch“-ის ინფორმაციით, ელ-ბანას ადვოკატებმა გაასაჩივრეს ვერდიქტი და სასამართლომ იგი გაათავისუფლა და დააკისრა 1000 ეგვიპტური გირვანქის (145$) გადახდა. ელ-ბანას აპელაციის პროცესი 2015 წლის ბოლოსთვის მიმდინარეობდა. ელ-ბანა საინფორმაციო სააგენტომ „Al Bawaba“ მოიხსენია, როგორც ერთერთი მათ შორის, ვინც საჯაროდ გამოხატა თავისი რწმენა სოციალურ ქსელში „Facebook“ იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს ათეისტებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი რწმენა.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წლის 15 მარტს რელიგიის მინისტრმა ათეიზმი ტერორიზმთან გააიგივა და თქვა, რომ ორივე მათგანი მოიტანა „უხილავმა ძალამ“, რომლის მიზანია არაბული საზოგადოების ინტელექტუალური სტრუქტურის, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების განადგურება.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. ქრისტიანი კოპტები ქმნიან არსებით უმცირესობას და გარდა ამისა, ქვეყანაში არის მცირე ჯგუფები ებრაელების, შიიტი მუსლიმების, ათეისტებისა და ბაჰაისტების.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღბეჭდეს უკანონო ძალადობის ფაქტები რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე გამოძახებებს.[4]

„უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი“ 2016 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2015 წლის იანვარში სტუდენტს მიუსაჯეს 3-წლიანი პატიმრობა ღვთის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელში „Facebook“ პოსტების გამოქვეყნების (ეგვიპტის ხელისუფლების აზრით, მზარდი ხასიათის საშიში აქტივობის) გამო.[5]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[5] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2016 – Egypt, 12 July 2016, available at:

[accessed 26 June 2017]